20 ქალი, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ასტრონომია

astronomer

ასტრონომიის განვითარებაში ქალებმა დიდი როლი ითამაშეს, იქნება ეს კომეტების აღმოჩენა თუ გალაქტიკების კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ რთულია იმის განსაზღვრა, მათგან ვის აქვს შეტანილი ყველაზე დიდი წვლილი სამყაროს შეცნობაში, ამ 20 მეცნიერის ამბავი წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორ განავითარეს ქალებმა მეცნიერული ცოდნა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში.


caroline_herschel

კაროლინა ჰერშელი (1750-1848)
კაროლინა ჰერშელი გახლავთ პირველი ქალი, რომელმაც კომეტა აღმოაჩინა, ასევე იყო დიდი ბრიტანეთის პრესტიჟული სამეფო საზოგადოების წევრთა შორის პირველი ქალი. ჰერშელი ბავშვობაში მუსიკამ გაიტაცა და 1770-იან წლებში რამდენიმე სპექტაკლში სოპრანოს პარტიები შეასრულა. თუმცა მისი უფროსი ძმის, უილიამის მსგავსად, კაროლინაც ასტრონომიის სიყვარულით დაამახსოვრდა საზოგადოებას. თავდაპირველად კაროლინა სარკეებს აპრიალებდა და სხვა მსგავს სამუშაოებს ასრულებდა თავისი ძმის თანაშემწის როლში. ის ასევე დაეხმარა უილიამს ღამის ცის 20 წლიანი დაკვირვების საფუძველზე მიღებული მონაცემების დახარისხებაში. მონაცემებში შედიოდა 2500 ახალი ნისლეული და ვარსკვლავური გროვა, რომლებიც საბოლოოდ „ახალ ზოგად კატალოგში“ აღმოჩნდა სხვა ციურ სხეულებთან ერთად.

ჰერშელი დამოუკიდებლადაც დააკვირდა ცას პატარა ნიუტონის ტელესკოპით (რეფლექტორი). მის აღმოჩენებს შორისაა ვარსკვლავთა ღია გროვა NGC 2360, ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა NGC 205 და 8 კომეტა. ერთ-ერთ კომეტას მისი სახელი ეწოდა – 35P/ჰერშელ-რიგოლე. 1787 წელს მეფე ჯორჯ III-მ კაროლინა ჰერშელი ოფიციალურად დანიშნა უილიამის თანაშემწედ და მოკრძალებული ხელფასი დაუნიშნა. შედეგად კაროლინა გახდა პირველი ქალი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მეცნიერული მოღვაწეობის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა, ასევე პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის საარსებო წყარო ასტრონომია იყო. კაროლინა ჰერშელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ასევე იყო ჯონ ფლემსტიდის ვარსკვლავთა კატალოგში არსებული არაერთი უზუსტობის შესწორება და 550 ახალი ვარსკვლავის დამატება, რომლებიც თავდაპირველ გამოცემაში არ ყოფილა.

Maria-Mitchell

მარია მიტჩელი (1818-1889)
მარია მიტჩელი ფართოდ ცნობილია 1847 წელს ტელესკოპის მეშვეობით კომეტის აღმოჩენით, რისთვისაც დანიის მეფემ ოქროს მედლით დააჯილდოვა. მიტჩელს ხშირად განიხილავენ, როგორც პირველ პროფესიონალ ასტრონომ ქალს აშშ-ში.

მიტჩელი ასტრონომიით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. 12 წლის ასაკში ის მამას დაეხმარა თავიანთი სახლის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში – მარიამ წამების სიზუსტით გამოთვალა მზის დაბნელების მომენტი, რაზე დაყრდნობითაც მამამისმა უილიამმა დაადგინა, რომელ გრძედზე იყო მათი სახლი. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ მარია გემის ქრონომეტრებს ამოწმებდა მეზღვაურებისთვის. ქრონომეტრი იყო ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტ დროს აჩვენებდა ხომალდის მოძრაობის ან ამინდის ცვლილების მიუხედავად.

მიტჩელის ოჯახი ერთ-ერთი ბანკის სახურავზე აშენებულ პატარა ობსერვატორიაში ცხოვრობდა. უილიამი ამ ბანკში მუშაობდა მთავარ მოლარედ, მარიამ კი ობსერვატორიის ტელესკოპით 1847 წელს კომეტა აღმოაჩინა. ის ნანტაკეტის ათენეუმში მუშაობდა ბიბლიოთეკარად 1836-1856 წლებში, შემდეგ კი გადაწყვიტა, მოგზაურობისა და ასტრონომიული კვლევებისთვის დაეთმო მეტი დრო. 1865 წელს ის ვასარის კოლეჯში მიიწვია დამფუძნებელმა და მარია გახდა მსოფლიოში პირველი ქალი პროფესორი ასტრონომიის დარგში. 20 წელზე მეტხანს იყო ვასარის კოლეჯის ობსერვატორიის დირექტორი. ამ პერიოდშივე გახლდათ „Scientific American-ის“ ასტრონომიის სვეტის რედაქტორი. მისი წყალობით 1865-1888 წლებში ვასარის კოლეჯი უფრო მეტ სტუდენტს იღებდა მათემატიკისა და ასტრონომიის მიმართულებით, ვიდრე ჰარვარდის უნივერსიტეტი.

მარია მიტჩელის მიღწევებს შორისაა აგრეთვე ქალთა წინსვლის ხელშეწყობის ასოციაციის დაარსება; იყო პირველი ქალი, რომელმაც ასტრონომიაში ჯილდო მიიღო (ოქროს მედალი დანიის მეფისგან); ასევე გახლდათ ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისა და მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის პირველი ქალი წევრი.

Annie_Jump_Cannon_sitting_at_desk

ენი ჯამფ ქენონი (1863-1941)
ენი ჯამფ ქენონმა სახელი გაითქვა ვარსკვლავებზე დაკვირვებითა და მათი კლასიფიკაციით. რამდენიმე ათეული ქალის მსგავსად, კარიერა ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორის ედვარდ ჩარლზ პიკერინგის თანაშემწედ, „კომპიუტერად“ (გამომთვლელი მათემატიკოსი) დაიწყო. ქენონი და მისი კოლეგები მთელ დროს უთმობდნენ ვარსკვლავების ფოტოგრაფიული ფირფიტების შესწავლას, რის წყალობითაც ღამის ცის შესახებ უხვ ინფორმაციას იღებდნენ, თუმცა ეს სამუშაო კაცებისთვის ზედმეტად მოსაწყენად ითვლებოდა.

ქენონმა ფიზიკა და ასტრონომია უელსლის კოლეჯში შეისწავლა, შემდეგ კი ასტრონომიის გაღრმავებული კურსი გაიარა უელსლისა და რედკლიფის კოლეჯებში (ეს უკანასკნელი ჰარვარდის შვილობილი კოლეჯი იყო). პიკერინგის კომპიუტერების ჯგუფში მისი სამუშაო მოიცავდა ვარსკვლავების კლასიფიკაციას. მთელი კარიერის მანძილზე მან 350 000-ზე მეტი ვარსკვლავი აღწერა და განავრცო სხვა ქალების შრომა ვარსკვლავების სპექტრის შესახებ წარმოდგენის შექმნაში. საქმეში თანდათანობით ისე გაიწაფა, რომ წუთში 3 ვარსკვლავის კლასიფიცირებას ახერხებდა. რაც მთავარია, მისი ნამუშევარი ყოველთვის მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა.

ქენონმა აღმოაჩინა 300 ცვალებადი ვარსკვლავი, 5 ახალი ვარსკვლავი და 1 სპექტროსკოპული ორმაგი ვარსკვლავი. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1922 წელს მიიღო დადგენილება, რომ ქენონის კლასიფიკაცია გამოეყენებინათ. ეს კლასიფიკაცია მცირეოდენი შესწორებებით დღესაც გამოიყენება.

ენი ჯამფ ქენონი იყო პირველი ქალი, რომელმაც საპატიო დოქტორის წოდება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტისგან და პირველი ქალი, რომელიც ჰენრი დრეიპერის მედლით დაჯილდოვდა. 1938 წელს ჰარვარდის აკადემიური თანამშრომელიც გახდა.

tpU5Jowkh42Do2bSRDrzJS

ჰენრიეტა სუონ ლივიტი (1868-1921)
ჰენრიეტა სუონ ლივიტი ცნობილია ცეფეიდების ბრუნვის პერიოდსა და სიკაშკაშეს შორის კავშირის აღმოჩენით. ცეფეიდები არიან ვარსკვლავები, რომელთა სიკაშკაშე გარკვეული კანონზომიერებით იცვლება (ფლუქტუაციას განიცდის). ცეფეიდებს ასტრონომიაში ხშირად იყენებენ მანძილის მოსანიშნად, რაც მეცნიერებს ეხმარება გალაქტიკებამდე და სხვა შორეულ ობიექტებამდე მანძილის განსაზღვრაში.

ლივიტმა განათლება მიიღო როგორც ობერლინის კოლეჯში, ისე ჰარვარდის შვილობილ რედკლიფის კოლეჯში. ასტრონომიაში კარიერა ჰარვარდის ობსერვატორიაში დაიწყო ედვარდ ჩარლზ პიკერინგის ხელმძღვანელობით, მსგავსად ენი ჯამფ ქენონისა. ლივიტის მოვალეობა ანალოგიურად ფოტოგრაფიული ფირფიტების ანალიზს წარმოადგენდა. ათასობით გამოსახულების შემოწმების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ ვარსკვლავს ფლუქტუაციების დროს მდგრადი სიკაშკაშე აქვს.

სამწუხაროდ, ლივიტი სიცოცხლის მანძილზე სათანადოდ არ დაფასდა თავისი აღმოჩენების გამო, აღიარება მეტწილად დირექტორმა ჰარლოუ შეპლიმ მიიღო, რომელმაც ლევიტის შრომა გამოიყენა ირმის ნახტომის გალაქტიკაში ობიექტებს შორის მანძილის დასადგენად. თუმცა გარდაცვალების შემდეგ ასტრონომებმა თანდათანობით დააფასეს ლივიტის ღვაწლი.

ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა ლივიტის ნაშრომზე დაყრდნობით გამოთვალა ირმის ნახტომის უახლოეს მსხვილ გალაქტიკამდე, ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი, ხოლო გალაქტიკების სპექტრული ძვრების მონაცემების დამატებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყარო ფართოვდება. ჰაბლი ხშირად აღნიშნავდა, რომ ლივიტი ნობელის პრემიას იმსახურებდა. ლივიტის დამსახურებით ვიცით დღეს, რომ ჩვენი გალაქტიკის (ირმის ნახტომის) დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია.

Cecilia Payne Gaposchkin

სესილია პეინ-გაპოშკინი (1900-1979)
სესილია პეინ-გაპოშკინმა დიდი წვლილი შეიტანა ასტრონომიის განვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში მისი ღვაწლი არ აღიარეს. ის იყო პირველი ქალი, რომელსაც რედკლიფის კოლეჯში ასტრონომიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს (ამ პერიოდში ჰარვარდი ქალებს არ ანიჭებდა სამეცნიერო ხარისხს). მის დისერტაციაში ახსნილი იყო, ვარსკვლავების სპექტრულ გამოსახულებებში არსებული ხაზოვანი სტრუქტურები როგორ უკავშირდებოდა ამავე ვარსკვლავების ფიზიკურ თვისებებს, რაც ვარსკვლავების შესახებ დღეს არსებული წარმოდგენების საფუძველია.

ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორი ჰარლოუ შეპლი და პრინსტონის უნივერსიტეტის ობსერვატორიის დირექტორი ჰენრი ნორის რასელი სესილიას დისერტაციას რევოლუციურად თვლიდნენ, თუმცა არ ეთანხმებოდნენ მის (მართებულ) ჰიპოთეზას, რომ ვარსკვლავთა უმეტესობაში მთავარი შემადგენელი ელემენტი წყალბადია. მეცნიერულ კონსენსუსთან დაპირისპირებული პეინ-გაპოშკინი იძულებული გახდა, თავისი დასკვნები ამ აღმოჩენის შესახებ შეერბილებინა, რათა ნამუშევრის გამოქვეყნება შესაძლებელი ყოფილიყო. საბოლოოდ დადასტურდა, რომ წყალბადი მართლაც ძირითადი ელემენტი იყო ვარსკვლავებში, ასევე გამართლა მისი მომდევნო მოსაზრება, რომ შემდგომი მთავარი ელემენტი ვარსკვლავის წარმოქმნაში ჰელიუმი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ეს დასკვნები პეინმა გააკეთა ენი ჯამფ ქენონის აღმოჩენებზე დაყრდნობით.

დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ სესილია ჰარვარდში მიიწვიეს, თუმცა რადგან ქალი იყო, პროფესორის სტატუსი ვერ მიიღო. ის იძულებული გახდა, უფრო დაბალ პოზიციებზე ემუშავა, პარალელურად კი უამრავი წიგნი გამოსცა ვარსკვლავების, ცვალებადი ვარსკვლავებისა და გალაქტიკის სტრუქტურის შესახებ. ამ ობიექტებზე თავის თანაშემწეებთან ერთად ჯამში 3 მილიონზე მეტი დაკვირვება განახორციელა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვარსკვლავების ევოლუციაზე სწორი წარმოდგენის შექმნას. 1956 წელს ის ჰარვარდის პირველი ქალი პროფესორი გახდა, მოგვიანებით კი – ასტრონომიის კათედრის ხელმძღვანელი (პირველი ქალი, რომელიც ჰარვარდის კათედრის სათავეში იყო).

Helen-Hogg

ჰელენ სოიერ ჰოგი (1905-1993)
ჰელენ სოიერ ჰოგი მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად მეცნიერების პოპულარიზაციასაც ეწეოდა. კანადელი ასტრონომი ყველაზე მეტად ცნობილია ხნიერი ვარსკვლავების სფერულ გროვებში მდებარე ცვალებადი ვარსკვლავების კვლევით, თუმცა ბევრ კანადელს ახსოვს მისი ხანგრძლივი სვეტი ასტრონომიის შესახებ გაზეთ „Toronto Star-ში“ 1951-1981 წლებში.

ჰოგმა დოქტორის ხარისხი რედკლიფის კოლეჯში მიიღო 1931 წელს, რის შემდეგაც გადაწყვიტა, საცხოვრებლად კანადაში გადასულიყო თავის ასტრონომ მეუღლესთან, ფრენკ ჰოგთან ერთად. წყვილი ერთად მუშაობდა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მდებარე დომინიონის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 1935 წლამდე, ამის შემდეგ დევიდ დანლეპის სახელობის ობსერვატორიაში გადაინაცვლეს, რომელიც ონტარიოს პროვინციაში მდებარეობს.

თავისი კარიერის განმავლობაში ჰოგი მაღალი დონის სპეციალისტად ჩამოყალიბდა სფერული გროვებისა და ცვალებადი ვარსკვლავების დარგში, რის გამოც მის ნაშრომებს ხშირად აციტირებდნენ. 1951 წელს ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი გახდა, 1955 წელს – ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1957 წელს – სრული პროფესორი. ჰელენმა შეისწავლა 2000-ზე მეტი ცვალებადი ვარსკვლავი, გამოაქვეყნა 200-ზე მეტი ნაშრომი, გამოიყენა ჰენრიეტა სუონ ლივიტის მიერ აღმოჩენილი კავშირი ცეფეიდების ბრუნვის პერიოდსა და სიკაშკაშეს შორის და ამის საფუძველზე გააკეთა ფუნდამენტური დასკვნები, რომლებიც გადამწყვეტი იყო ირმის ნახტომის გალაქტიკის ასაკის, ზომისა და სტრუქტურის დადგენაში. ის იყო კანადის ასტრონომიული საზოგადოების დამფუძნებელი პრეზიდენტი 1971 წელს, რის გამოც 1976 წელს მიიღო კანადის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, კანადის ორდენი.

Margaret Burbidge

მარგარეტ ბერბიჯი (1919-2020)
მარგარეტ ბერბიჯს ბავშვობიდანვე გაუღვივდა მეცნიერებისადმი სიყვარული, რაშიც თავისი წვლილი ჰქონდა მშობლების ნაჩუქარ ტელესკოპსა და ქიმიური ხელსაწყოების კომპლექტს. ბერბიჯის მოღვაწეობა მოიცავდა ვარსკვლავების ბუნების გარკვევას და ჰაბლის ცნობილი კოსმოსური ტელესკოპის სადამკვირვებლო ინსტრუმენტების განვითარებას. სახელი გაითქვა იმის ახსნით, როგორ წარმოქმნიან ვარსკვლავები მძიმე ელემენტებს დროთა განმავლობაში და როგორ ფანტავენ ამ ელემენტებს მთელ სამყაროში.

მარგარეტ ბერბიჯი 1950-იან წლებში ხელმძღვანელობდა 4 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს (უილიამ ფაულერი, ფრედ ჰოილი და მისი მეუღლე ჯეფრი ბერბიჯი), რომელიც იკვლევდა, როგორ მიმდინარეობს რეაქციები ვარსკვლავებში, დასკვნებს კი ამყარებდნენ ასტრონომიული დაკვირვებებითა და თეორიული გამოთვლებით. მათ მიერ ჩამოყალიბებული თეორია დღემდე წარმოადგენს ვარსკვლავური ნუკლეოსინთეზის ფუნდამენტურ საფუძველს. ამავე თეორიისთვის 1983 წელს უილიამ ფაულერმა ნობელის პრემია მიიღო, რაზეც თავადაც გამოხატა გაოცება, რომ ნობელის კომიტეტმა არ გაითვალისწინა მარგარეტ ბერბიჯის უზარმაზარი წვლილი და ის ფაქტი, რომ ნაშრომში მისი სახელი რიგით პირველი ეწერა.

მარგარეტი თავის ქმართან ერთად მუშაობდა ასტრონომიის სხვა ფუნდამენტურ დარგებშიც, როგორიცაა ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკების მასები და ბრუნვა, კვაზარების (ძალიან კაშკაშა კოსმოსური ობიექტები) წითელი ძვრები. აღმოაჩინა 3.5 წითელი ძვრის მქონე ობიექტი QSO B1442+101, რომელიც 1974-82 წლებში წარმოადგენდა ყველაზე შორეულ აღმოჩენილ ობიექტს (კვაზარი, რომლის ასაკი დაახლოებით 12 მილიარდი წელია). თავდაპირველად მარგარეტი სტაციონარული სამყაროს თეორიის მომხრე იყო, თუმცა მისმა საკუთარმა აღმოჩენებმა კვაზარების შესახებ უბიძგა მას, შეხედულება შეეცვალა და დიდი აფეთქების თეორიის მხარდამჭერი გამხდარიყო. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის შექმნილი მკრთალი ობიექტების სპექტროსკოპიდან მიღებული მონაცემების ანალიზისას თავის ჯგუფთან ერთად აღმოაჩინა, რომ სიგარის გალაქტიკა (მესიე 82) ცენტრში ზემასიურ შავ ხვრელს შეიცავდა. ბერბიჯი ჯამში 370 სამეცნიერო სტატიის ავტორი იყო.

მარგარეტ ბერბიჯი გახდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გალაქტიკების კომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის (ლონდონი) პირველი ქალი დირექტორი და ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პირველი ქალი პრეზიდენტი. ის აქტიურად იბრძოდა ასტრონომიაში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ და ასევე უპირისპირდებოდა პოზიტიურ დისკრიმინაციას. მაგალითად, 1972 წელს უარი თქვა ენი ჯამფ ქენონის სახელობის ჯილდოზე, რადგან მას მხოლოდ ქალებს გადასცემდნენ.

Nancy Grace Roman

ნენსი გრეის რომანი (1925-2018)
ნენსი გრეის რომანი ცნობილია, როგორც ნასას პირველი მთავარი ასტრონომი და პირველი ქალი, რომელსაც კოსმოსურ სააგენტოში აღმასრულებელი პოზიცია ეკავა. ის ხელმძღვანელობდა მრავალ პროექტს, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილ ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს, რის გამოც „ჰაბლის დედა“ უწოდეს.

ბავშვობაში ნენსი ხშირად აკვირდებოდა ღამის ცას, ცდილობდა, მეტი გაეგო თანავარსკვლავედებზე, ჩრდილოეთის ციალსა და ადგილობრივ ფლორა-ფაუნაზე. 11 წლის ასაკში ასტრონომიის კლუბი გახსნა, მაღალ კლასებში კი გადაწყვიტა, რომ პროფესიით ასტრონომი უნდა ყოფილიყო. ფიქრობდა, რომ თუკი მკვლევარად არ მიიღებდნენ, ამ საგნის მასწავლებელი იქნებოდა. ბაკალავრის ხარისხი სუორტმორის კოლეჯში მიიღო 1946 წელს, დოქტორანტურა კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში გაიარა, სადაც მისი ხელმძღვანელი უილიამ უილსონ მორგანი მისი მხარდაჭერით არ გამოირჩეოდა. ერთხელ მორგანი მას მთელი 6 თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა და მისალმებაზეც კი არ პასუხობდა. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფაკულტეტი აიძულებდა, ხარისხის დაცვამდე დაეტოვებინა სასწავლებელი, თუმცა ნენსიმ უკან არ დაიხია და 1949 წელს დაასრულა სწავლა.

ამის შემდეგ ის ჩიკაგოს უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იერკსის ობსერვატორიაში მუშაობდა, თუმცა წამოვიდა, როცა მიხვდა, რომ ტენუარს (მუდმივი აკადემიური სტატუსი) ვერ მიიღებდა. ამის შემდგომ რადიოასტრონომია შეისწავლა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, დასრულებისას კი ნასაში დასაქმდა. მის სახელს ატარებს 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ნენსი გრეის რომანის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი, რომლის გაშვება არაუგვიანეს 2027 წლის მაისშია დაგეგმილი. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ეგზოპლანეტების აღმოჩენა ყველაზე უკეთ კოსმოსში გაშვებული ტელესკოპებით მოხერხდებოდა. ის სავარაუდოდ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ეს მოსაზრება გაახმოვანა 1959 წელს.

რომანი დააკვირდა მზის მსგავს, შეუიარაღებელი თვალით დანახვად ვარსკვლავებს და მიხვდა, რომ ქიმიური შემადგენლობისა და გალაქტიკაში მოძრაობის მიხედვით მათი ორ კატეგორიად დაყოფა შეიძლებოდა. მან აღმოაჩინა, რომ თუკი ვარსკვლავი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, უფრო სწრაფად იმოძრავებს, ვიდრე მძიმე ელემენტებისგან შემდგარი ვარსკვლავი. ასევე დაასკვნა, რომ გავრცელებული ტიპის ვარსკვლავები ყველა ერთი ასაკის არ იყო. ეს დამტკიცდა ვარსკვლავების სპექტრის წყალბადის ხაზების შედარებით. რომანმა შენიშნა, რომ მსხვილი სპექტრული ხაზების მქონე ვარსკვლავებს ირმის ნახტომის ცენტრისკენ ჰქონდათ გეზი, ხოლო დანარჩენები ელიფსურ მოძრაობას ასრულებდნენ გალაქტიკის სიბრტყეზე. ირმის ნახტომის სტრუქტურის შესახებ გაკეთებული ეს ფუნდამენტური აღმოჩენები წარმოადგენდა პირველ ხელმოსაჭიდ ცნობებს იმის გასაგებად, როგორ წარმოიშვა ჩვენი გალაქტიკა და გზა გაუკვალა შემდგომ კვლევებს. რეცენზირებადმა სამეცნიერო გამოცემამ „The Astrophysical Journal“ მისი ნაშრომი შეიყვანა ბოლო 100 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი 100 სამეცნიერო სტატიის სიაში.

Filename: ASY-VR0616_05.jpg

ვერა კუპერ რუბინი (1928-2016)
ვერა რუბინის მთავარი წვლილი ასტრონომიაში იყო იმის ჩვენება, რომ გალაქტიკები ძირითადად შედგებიან ბნელი მატერიისგან, ანუ ნივთიერებისგან, რომელსაც თანამედროვე მეცნიერული მოწყობილობები ვერ აფიქსირებს. რუბინი ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, როცა ანდრომედას გალაქტიკის ვარსკვლავების სპექტრი გამოიკვლია მათი ინდივიდუალური სიჩქარეების დასადგენად.

ბნელი მატერიის იდეა მანამდეც არსებობდა, ის პირველად შვეიცარიელმა ასტრონომმა ფრიც ცვიკიმ გამოთქვა 1933 წელს ბერენიკეს თმების გროვის გალაქტიკების გამოკვლევის შემდეგ. ცვიკიმ დაასკვნა, რომ გალაქტიკები დიდი ხნის წინ უნდა დაშლილიყო, მაგრამ მათ აკავებდა ბნელი მატერია (რომლის არსი ჯერ კიდევ გაუგებარი იყო). ცვიკის იდეები თავდაპირველად უარყვეს, თუმცა რუბინის მოღვაწეობამ ნათელი გახადა, რომ ჩვენი სამყაროს 95% სწორედ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიისგან შედგება.

რუბინი ბავშვობიდანვე დაინტერესდა ასტრონომიით, მამამისი დაეხმარა მუყაოსგან ტელესკოპის აგებაში, რომლითაც მეტეორებს აკვირდებოდა. დედამისმა კი ადგილობრივი ბიბლიოთეკარი დაარწმუნა, ვერასთვის ეთხოვებინა მოზრდილთათვის განკუთვნილი სამეცნიერო წიგნები. ის ერთადერთი ქალი იყო ვასარის კოლეჯის ასტრონომიის კურსდამთავრებულთა შორის 1948 წელს. ამის შემდეგ პრინსტონის უნივერსიტეტში მოინდომა სწავლის გაგრძელება, თუმცა უარი მიიღო, რადგან პრინსტონი მხოლოდ მამაკაც სტუდენტებს იღებდა. საბოლოოდ რუბინმა არჩევანი შეაჩერა კორნელის უნივერსიტეტზე სამაგისტრო პროგრამისთვის, ხოლო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტზე – სადოქტოროსთვის.

რუბინი იყო პირველი ასტრონომი ქალი პალომარის ობსერვატორიაში. ის აქტიურად იკვლევდა ნაკლებად შესწავლილ დარგებს, როგორიცაა მაგალითად გალაქტიკების ბრუნვა. სპირალური გალაქტიკების შესწავლით აღმოაჩინა ე.წ. რუბინ-ფორდის ეფექტი, რომელიც აღწერს სამყაროს გაფართოებაში არსებულ ანიზოტროპიას, რაც 100 მილიონი სინათლის წლის მასშტაბზეა შესამჩნევი. სპირალურ გალაქტიკებზე დაკვირვებით ასევე აღმოაჩინა, რომ მათი უკიდურესი გარე რეგიონები ისევე სწრაფად ბრუნავდნენ, როგორც ცენტრთან ახლოს მყოფები. ეს იყო პირველი მინიშნება, რომ სპირალურ გალაქტიკებს გარს ერტყათ ბნელი მატერიის რკალი. რუბინის კვლევამ აჩვენა, რომ სპირალური გალაქტიკები ისე სწრაფად ბრუნავენ, ნაწილებად უნდა იშლებოდნენ. რადგან ასე არ ხდებოდა, გალაქტიკას ვარსკვლავების გრავიტაციის გარდა სხვა შემაკავებელი ფაქტორი უნდა ჰქონოდა უხილავი მატერიის სახით. გამოთვლებმა აჩვენა, რომ გალაქტიკებში ბნელი მატერიის წილი ჩვეულებრივ მატერიას 5-10-ჯერ აღემატებოდა. მომდევნო ათწლეულებში ეს დასკვნები დაკვირვებითი მტკიცებულებებით დადასტურდა, მათ შორის კოსმოსური მიკროტალღური ფონის აღმოჩენით.

ვერა რუბინს მუდმივი აკადემიური სტატუსი ჰქონდა პრესტიჟულ კარნეგის ინსტიტუტში. 1993 წელს მეცნიერების ეროვნული მედლით დაჯილდოვდა. ასტრონომიის განვითარებაში დიდი წვლილის მიუხედავად ნობელის პრემია არ აუღია, რაც არაერთმა ასტრონომმა უსამართლობად ჩათვალა. 2020 წლის იანვარში დიდ სინოპტიკურ სადამკვირვებლო ტელესკოპს სახელი გადაარქვეს და ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია უწოდეს.

Carolyn Shoemaker

ქეროლინ შუმეიქერი (1929-2021)
ქეროლინ შუმეიქერი ყველზე მეტად ცნობილია, როგორც კომეტა შუმეიქერ-ლევი 9-ის ერთ-ერთი აღმომჩენი 1993 წელს. ეს კომეტა მზის სისტემის პატარა ციური სხეული იყო, რომელიც საბოლოოდ იუპიტერს შეეჯახა. ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმის ჩვენებაში, რამდენად დიდია იუპიტერის როლი კომეტებისა და ასტეროიდების ტრაექტორიის განსაზღვრაში, რის გამოც ამ პლანეტას „მზის სისტემის მტვერსასრუტს“ უწოდებენ. შუმეიქერის სადამკვირვებლო გუნდი მოიცავდა მის ქმარს იუჯინ შუმეიქერს და ასტრონომ დევიდ ლევის. ქეროლინს ეკუთვნის რეკორდი ერთი ადამიანის მიერ აღმოჩენილი კომეტების რაოდენობაში – მან აღმოაჩინა 32 კომეტა, ასევე 800 ასტეროიდი.

თავდაპირველად შუმეიქერი ასტრონომიით არ ყოფილა დაინტერესებული, მან ჩიკოს სახელმწიფო კოლეჯში (ამჟამად კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩიკოში) შეისწავლა ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები. მომავალი ქმრის, იუჯინის, გაცნობის შემდეგ გეოლოგიით დაინტერესდა. იუჯინი აქტიურად იყო ჩართული მთვარის გეოლოგიის მისიებში და აპოლოს კოსმონავტების მომზადებაში 1960-იან წლებში.

შუმეიქერმა ასტრონომიული კარიერა 51 წლის ასაკში დაიწყო. მის მიერ კომეტების ძიება ძირითადად იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როცა კომეტების გამოსახულებებს ჯერ კიდევ ფოტოგრაფიული ფირფიტებიდან იღებდნენ. სტერეოსკოპის მეშვეობით ქეროლინი ფირფიტებს ადარებდა ერთმანეთს, რათა განსხვავებები აღმოეჩინა. კარიერის პიკში ის საშუალოდ 100 კვლევით საათში 1 კომეტის აღმოჩენას ახერხებდა. ქეროლინი ასევე იყო იუჯინის საველე თანაშემწე და ერთად მრავალი კომეტა და ასტეროიდი აღმოაჩინეს. ქეროლინმა კვლევა განაგრძო მას შემდეგაც, როცა იუჯინი ავარიაში დაიღუპა 1997 წელს. 2019 წელს 90 წლის შუმეიქერის კვლევები ჯერ კიდევ იყო არიზონას ახალი ამბების სააგენტოების ყურადღების ცენტრში.

Jocelyn Bell Burnell

ჯოსელინ ბელ ბერნელი (1943)
ჯოსელინ ბელ ბერნელმა პირველი რადიოპულსარი აღმოაჩინა 1967 წელს. ჯოსელინი, რომელიც ამ დროს კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო, რადიოტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში უცნაურ სიგნალს წააწყდა. ამ ტელესკოპის დაპროექტებასა და აგებაში ის 2 წლის განმავლობაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას თავის ხელმძღვანელთან, ენტონი ჰიუიშთან ერთად. სიგნალი აგვისტოში დაფიქსირდა, თუმცა რადგან ამ დროს მონაცემების შემოწმება ხელით ხდებოდა და ჯოსელინი ყოველდღე 30 მეტრი სიგრძის ამობეჭდილ ინფორმაციას აანალიზებდა, სიგნალი 3 თვის შემდეგ დააფიქსირა. 6 თვის განმავლობაში ჯამში 5 კმ სიგრძის მონაცემები დაამუშავა. აღსანიშნავია, რომ ეს სიგნალი ნორმიდან ნახევარი სანტიმეტრით გადაცდენას წარმოადგენდა და როგორც ამბობენ, მკვლევართა უმეტესობა მას ყურადღების ღირსადაც არ ჩათვლიდა ან უბრალოდ გამოეპარებოდათ. ჯოსელინის ხელმძღვანელი ენტონი ჰიუიში თვლიდა, რომ ეს სიგნალი ადამიანური წარმოშობის იყო და დედამიწაზე მდებარე რომელიმე მოწყობილობიდან მოდიოდა.

ბელ ბერნელი და მისი კოლეგები ხუმრობდნენ, რომ პულსირებადი სიგნალი, რომელიც მუდმივად 1.3 წამის შუალედით მოდიოდა დედამიწაზე, უცხოპლანეტური წარმოშობის იყო და „Little Green Man-1“ (პატარა მწვანე ადამიანი-1) უწოდეს. თუმცა ბერნელმა მოგვიანებით ასეთი გამოსხივების 3 სხვა წყარო აღმოაჩინა, რაც მათ ბუნებრივ წარმოშობაზე მიანიშნებდა და ჰიუიშის დასკვნების უსაფუძვლობასაც აჩვენებდა. საბოლოოდ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ სიგნალების წყარო იყო ძალიან სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც უზარმაზარი ვარსკვლავების აფეთქების შემდეგ დარჩენილ ძალიან მკვრივ ციურ სხეულებს წარმოადგენენ. ობიექტებს „პულსარები“ უწოდეს, რაც „პულსირებადისა“ და „კვაზარის“ (კაშკაშა გალაქტიკური ბირთვი) გაერთიანებას წარმოადგენს. მას შემდეგ პულსარებს ათწლეულების განმავლობაში მრავალ სხვადასხვა სახის კვლევაში იყენებდნენ, მათ შორის აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის გამოსაცდელად.

2020 წელს ჰარვარდში გამართულ ლექციაზე ბერნელმა ისაუბრა, როგორ აშუქებდა პრესა პულსარების აღმოჩენას და როგორი „ამაზრზენი“ ფორმატით ტარდებოდა ყველა ინტერვიუ: ჰიუიშს ასტროფიზიკასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამდნენ, ჯოსელინთან მიმართებაში კი მხოლოდ მისი სხეულის პარამეტრები, ბოიფრენდების რაოდენობა და თმის ფერი აინტერესებდათ, ფოტოების გადაღებისას კი რამდენიმე ღილის შეხსნას თხოვდნენ. 

ბერნელს ნობელი არ მიუღია, პულსარის აღმოჩენისთვის მხოლოდ ენტონი ჰიუიში დაჯილდოვდა, რაც მრავალმა მეცნიერმა უსამართლობად ჩათვალა. 2018 წელს ბერნელმა მიიღო სამეცნიერო გარღვევის ჯილდო ფუნდამენტურ ფიზიკაში და გადაეცა $3 მილიონი, რომლის გამოყენებაც გადაწყვიტა ქალების, უმცირესობებისა და ლტოლვილების ასტრონომიისა და ფიზიკის კვლევებში ჩასართავად. ეს ჯილდო მას გადაეცა პირველი პულსარების აღმოჩენისა და 50 წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.

Jill Tarter

ჯილ ტარტერი (1944)
ჯილ ტარტერი სახელგანთქმული რადიოასტრონომია, რომელიც SETI-ის (არამიწიერი ინტელექტის ძიება) კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1984 წ.) და ყოფილი დირექტორი გახლავთ. დირექტორის პოსტიდან 2012 წელს გადადგა, თუმცა დღემდე აგრძელებს ასტრონომიისა და SETI-ის პროექტების მხარდაჭერას. „კონტაქტის“ (წიგნი გამოიცა 1985 წელს, ფილმი გამოვიდა 1997 წელს) პერსონაჟი ელი ეროუეი მასზეა დაფუძნებული.

ტარტერმა ბაკალავრის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში აიღო 1965 წელს საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით, სადაც სტუდენტებს შორის ერთადერთი ქალი იყო. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები კი ასტრონომიის მიმართულებით დაიცვა კალიფორნიის უნივერსიტეტში 1971 და 1975 წლებში. სადოქტორო დისერტაციაში ერთ-ერთი ტიპის მცირე მასის კოსმოსურ ობიექტებს, რომლებსაც სტაბილური ბირთვული სინთეზის განხორციელება არ შეუძლიათ, უწოდა „ყავისფერი ჯუჯა“, რომელიც შემდეგ ოფიციალურ სახელწოდებად დამკვიდრდა.

ჯილ ტარტერი SETI-ით 1970-იან წლებში დაინტერესდა „პროექტ ციკლოპის“ წაკითხვის შემდეგ. ეს იყო ნასას 1971 წლის მოხსენება, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ გამოიყენებდნენ დედამიწაზე მდგარ რადიოტელესკოპებს არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად დედამიწიდან 1000 სინათლის წლის მოშორებით. ტარტერი იყო არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია SETI-ის ინსტიტუტის თანადამაარსებელი თომას პირსონთან ერთად, რითიც ხელი შეუწყო არამიწიერი ცივილიზაციების ძიების პროცესის გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს კონგრესმა ნასას უარი უთხრა ამ მიმართულებით კვლევების დაფინანსებაზე.

2002 წელს ჯილ ტარტერმა ასტრობიოლოგ მარგარეტ თერნბულთან ერთად შექმნა „HabCat“ – ახლომდებარე დასახლებადი ვარსკვლავური სისტემების კატალოგი, რომელშიც შედის 17129 ვარსკვლავი.  ტარტერს გამოქვეყნებული აქვს ათობით სამეცნიერო ნაშრომი და ჩატარებული აქვს უამრავი ლექცია როგორც არამიწიერი ინტელექტის ძიების, ისე სათანადო სამეცნიერო განათლების საჭიროების შესახებ. დირექტორის პოსტიდან გადადგომამდე ამ სფეროში 35 ნაყოფიერი წელი გაატარა.

Margaret Joan Geller

მარგარეტ ჯოან გელერი (1947)
ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი მარგარეტ ჯოან გელერი ცნობილია მისი კვლევებით სამყაროში გალაქტიკების განაწილებაზე და მათ წარმოშობაზე.  აქტიურად არის ჩართული მეცნიერების პოპულარიზაციაშიც. მისმა 8 წუთიანმა ვიდეორგოლმა „სად არის გალაქტიკები“ (1989 წ.) და 40 წუთიანმა ფილმმა „რამდენი გალაქტიკაა… რა ცოტა დრო“ (1992 წ.) სხვადასხვა სახის ჯილდოები მოიპოვა.

გელერმა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში მოიპოვა 1970 წელს, ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხი კი – პრინსტონის უნივერსიტეტში 1975 წელს. სახელი გაითქვა დაკვირვებითი და თეორიული შრომებით კოსმოლოგიასა და გარეგალაქტიკურ ასტრონომიაში. 1980-იან წლებში შექმნა ახლომდებარე სამყაროს ყველაზე დახვეწილი რუკა. მისი პროექტი „SHELS სამყაროში ბნელი მატერიის განაწილების რუკას ქმნის. შექმნა ინოვაციური მეთოდები გალაქტიკათა გროვების მასისა და სტრუქტურის დასადგენად, ასევე გალაქტიკების გროვებსა და მათ გარემოს შორის ურთიერთქმედების გამოსაკვლევად. გელერი არის ჰიპერჩქარი ვარსკვლავების თანააღმომჩენი. ამ ობიექტებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ გალაქტიკაში მატერიის განაწილების დადგენაში.

გელერს მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორისაა მაკარტურის ფონდის სტიპენდია, ნიუკომბ-კლივლენდის პრიზი მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციისგან, ჯეიმს კრეიგ უოტსონის სახელობის მედალი აშშ-ის მეცნიერების ეროვნული აკადემიისგან, საპატიო დოქტორის წოდება კოლბის კოლეჯისგან, დართმუზის კოლეჯისგან და ტურინის უნივერსიტეტისგან და ა.შ.

Carolyn Porco

ქეროლინ პორკო (1953)
ქეროლინ პორკო პლანეტოლოგია, რომელიც კასინის მისიის (კოსმოსური ზონდი, რომელიც სატურნის ორბიტაზე მოძრაობდა 2004-2017 წლებში) ხელმძღვანელი იყო. მისი კვლევითი მიმართულებაა პლანეტარული რგოლები და ენცელადი, სატურნის ყინულოვანი ბუნებრივი თანამგზავრი. მანამდე ვოიაჯერის მისიებში იყო ჩართული 1980-იან წლებში და იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის გამოსახულებების მიღებაზე მუშაობდა. ასევე გახლავთ ნიუ-ჰორაიზონსის მისიის ასოცირებული წევრი. ნიუ-ჰორაიზონსის ზონდმა პლუტონს 2015 წელს ჩაუფრინა და ჯერ კიდევ აქტიურად იკვლევს კოიპერის სარტყელს.

პორკო 13 წლის ასაკში დააკვირდა სატურნს შენობის სახურავიდან მეგობრის ტელესკოპით. 2005 წლის ინტერვიუში აღნიშნა, რომ კოსმოსით განსაკუთრებით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც ჩაუღრმავდა აღმოსავლურ ფილოსოფიას, რელიგიასა და ეგზისტენციალიზმს. კოსმოსური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი 1974 წელს აიღო სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტში, ხოლო პლანეტარული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი – 1983 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.

სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას პორკო აქტიურად ჩაერთო კოსმოსის კვლევაში, თანამშრომლობდა ვოიაჯერის გამოსახულების მიმღებ გუნდთან, რადგან მათ თანამშრომელთა დეფიციტი ჰქონდათ. განსაკუთრებით კონცენტრირდებოდა გიგანტური პლანეტების რგოლებზე, ეს გამოცდილება კი მოგვიანებით კასინის მისიაში გაწევრიანებისთვის გამოიყენა.

პორკო 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი თეორიული დასკვნები, მაგალითად, რა გავლენას ახდენს სატურნის აკუსტიკური რხევები მის რგოლებზე, დადასტურდა კოსმოსური მისიებიდან მიღებული მონაცემებით. კასინი-ჰიუიგენსის მისიაში ჩართულმა პორკოს გუნდმა აღმოაჩინა სატურნის რამდენიმე ახალი რგოლი და 7 ბუნებრივი თანამგზავრი: მეფონა, პალენა, პოლიდევკე, დაფნისი, ანფა, ეგეონი და მთვარუკა.

ჟურნალმა „თაიმმა პორკო დაასახელა კოსმოსის კვლევაში ჩართულ 25 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის. ის აქტიურად ეწევა მეცნიერების პოპულარიზაციას და თავის მოვალეობად თვლის კოსმოსის კვლევაზე საზოგადოების  ინფორმირებას და მათ ჩართულობას საჯარო ლექციებით თუ სოციალური მედიის მეშვეობით.

Heidi Hammel

ჰაიდი ჰამელი (1960)
ჰაიდი ჰამელი პლანეტოლოგია, რომელსაც უამრავ მისიაზე უმუშავია. 2002 წელს აირჩიეს დარგთაშორის მეცნიერად ნასას ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის მისიაში, რომლის მიზანია კოსმოსის შესწავლა, დაწყებული ეგზოპლანეტებიდან დამთავრებული სამყაროს ადრეული პერიოდით. ჰამელი ასევე ჩართული იყო ჯემინის, ჰაბლის, სპიტცერისა და კეკის ტელესკოპებიდან განხორციელებულ დაკვირვებებში.

ჰამელმა ბაკალავრის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში აიღო 1982 წელს,  ხოლო დოქტორის ხარისხი ფიზიკასა და ასტრონომიაში – ჰავაის უნივერსიტეტში 1988 წელს. ხარისხის დაცვის შემდეგ მუშაობდა ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში, მოგვიანებით კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დასაქმდა მთავარ მკვლევარ-მეცნიერად დედამიწის, ატმოსფერული და პლანეტარული მეცნიერებების კათედრაზე. 1998 წელს ჰამელი კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა, სადაც დღემდე მთავარი  მკვლევარ-მეცნიერია.

ჰამელმა კარიერის დიდი ნაწილი ნეპტუნისა და ურანის შესწავლას დაუთმო, გააკეთა აღმოჩენები ბნელი ლაქების, პლანეტარული ქარიშხლებისა და ურანის რგოლების შესახებ. ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით აღბეჭდა კომეტა შუმეიქერ-ლევი 9-ის შეჯახება იუპიტერთან 1994 წელს. კეკის ობსერვატორიიდან ურანზე არსებული ყველაზე ჩქარი ქარიშხლები (110 მ/წმ) დააფიქსირა. აღმოაჩინა, რომ ურანის 9 მთავარი რგოლი ნაწილაკების ერთი შრისგან შედგებოდა, რაც სხვა რგოლებში არ ფიქსირდება. კეკის ობსერვატორიის მეტად მკაფიო ოპტიკური სისტემების გამოყენებით ასტრონომ იმკე დე პატერთან ერთად აღმოაჩინა ურანის მე-11 რგოლი, რომელიც ქვის ნატეხებისგან შემდგარი ვიწრო ზოლია და 3500 კმ სიგანისაა. 2006 წელს განაცხადეს კიდევ ერთ აღმოჩენაზე, რომ ურანს აქვს ძალიან იშვიათი ლურჯი რგოლი, ასევე წითელი რგოლი.

ჰამელის ურიცხვ ჯილდოებს შორისაა ჰაროლდ იურის სახელობის პრემია 1996 წელს ამერიკის ასტრონომიული საზოგადოებისგან მისი გამორჩეული მიღწევების აღსანიშნავად,  ასევე კარლ სეიგანის სახელობის მედალი ფართო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის სამეცნიერო საკითხების შესახებ. ჰამელი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ინფორმირება „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა“, რაც მკვლევარმა შეიძლება გააკეთოს.

Andrea Ghez

ანდრეა მია გეზი (1965)
ანდრეა გეზი რიგით მეოთხე ქალია, რომელიც ფიზიკის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა 2020 წელს. გეზი რეინჰარდ გენცელთან ერთად დაჯილდოვდა „ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური მკვრივი ობიექტის აღმოჩენისთვის“.

მისი ბიოგრაფიის თანახმად, გეზს 4 წლამდე ბალერინობა სურდა. მისწრაფებები მაშინ შეეცვალა, როცა 1969 წელს აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვებას უყურა, რის შემდეგაც პირველმა ორმა კოსმონავტმა მთვარეზე ფეხი დადგა. თავდაპირველად სურდა, პირველი ქალი კოსმონავტი გამხდარიყო, შემდეგ კი ასტროფიზიკოსობა გადაწყვიტა. გეზის თქმით, ამ ოცნებების ასრულებისკენ სწრაფვაში განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა დედამისისგან და სკოლის ქიმიის მასწავლებლისგან.

გეზი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა მათემატიკას, შემდეგ კი მიმართულება შეიცვალა და ფიზიკა აირჩია. დოქტორის ხარისხი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა 1992 წელს.

გეზის ინტერესის სფეროები მრავალფეროვანია, თუმცა ნობელის პრემია ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ის შესწავლისთვის გადაეცა. თავის გუნდთან ერთად გეზმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრის გამოსახულება შექმნა ინფრაწითელ სპექტრში და ამგვარად შეძლეს, დაენახათ, რა ხდება ჩვენი გალაქტიკის შუაგულში ისე, რომ კოსმოსური მტვრის სქელი ფენა დაბრკოლება აღარ ყოფილიყო. კეკის ტელესკოპის 10 მეტრიანი აპერტურისა და ადაპტიური ოპტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა ატმოსფეროს ტურბულენტური ეფექტების აღმოფხვრა, შედეგად გალაქტიკის ცენტრის გამოსახულებები იყო ძალიან მაღალი გაფართოების და გუნდი მშვილდოსანი A*-ის გარშემო მოძრავი ვარსკვლავების ორბიტებს დააკვირდა. კეპლერის კანონების გამოყენებით მათ დაადგინეს, რომ მშვილდოსანი A*-ს  4 მილიონი მზის მასა აქვს.

Beth_Brown

ბეთ ენ ბრაუნი (1969-2008)
ბეთ ბრაუნი ცნობილია ასტრონომიაში შეტანილი წვლილით, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ხელშეწყობით, რომ კარიერად ასტროფიზიკა აერჩიათ. მისი ბოლო თანამდებობა იყო ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის დირექტორის თანაშემწე სამეცნიერო კომუნიკაციასა და უმაღლეს განათლებაში. ბრაუნი ტრაგიკულად დაიღუპა 39 წლის ასაკში ფილტვის ემბოლიით.

ვირჯინიის შტატის ქალაქ როანოკში დაბადებულ ბრაუნს ბავშვობიდანვე აინტერესებდა ასტრონომია და სამეცნიერო ფანტასტიკა, განსაკუთრებით „ვარსკვლავური ომები“ და „ვარსკვლავური გზა“. სასკოლო დავალებისთვის ერთხელ ობსერვატორიას ესტუმრა, სადაც ტელესკოპით დააკვირდა ბეჭდის ნისლეულს. მისი თქმით, ეს იყო მომენტი, როცა ასტრონომია შეუყვარდა. ასტროფიზიკის ბაკალავრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა 1991 წელს, ამის შემდეგ სწავლა მიჩიგანის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ერთადერთი აფროამერიკელი ქალი იყო ასტრონომიის მიმართულებით. დოქტორის ხარისხი 1998 წელს აიღო. მისი დისერტაცია ეხებოდა ელიფსური გალაქტიკების რენტგენის სპექტრში დაკვირვებას „როსატით“ (გერმანული რენტგენური ტელესკოპი). ითვლება, რომ სპირალური გალაქტიკები წარმოიქმნება ორი პატარა გალაქტიკის გაერთიანებით და მათ ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია. ელიფსური გალაქტიკები რენტგენის სპექტრში მკაფიოდ ანათებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცხელ – 10 მილიონ კელვინზე გახურებულ – მატერიას შეიცავენ.

სწავლის დასრულების შემდეგ ბეთ ბრაუნი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, როგორიცაა გოდარდის პოსტდოქტორული სტიპენდიანტი და გოდარდის ასტროფიზიკოსი. „როსატისა“ და „ჩანდრას“ რენტგენური ტელესკოპების გამოყენებით სპირალური გალაქტიკების შესახებ აგროვებდა საჭირო მონაცემებს. კვლევების პარალელურად ატარებდა პლანეტარიუმის შოუებს, საუბრობდა პოპულარულ სამეცნიერო თემებზე და ჩართული იყო სხვადასხვა აქტივობებში, რათა მეცნიერებისადმი საზოგადოების ინტერესი გაეზარდა.

Sandra Faber

სანდრა ფაბერი (1944)
სანდრა ფაბერის მამა ინჟინერი იყო, დედა კი – დიასახლისი. ასტრონომიისადმი ინტერესის მიუხედავად, ამ დარგის სერიოზულად შესწავლაზე ყოყმანობდა, რადგან თვლიდა, რომ რიგითი ადამიანი მეცნიერი ვერ გახდებოდა და ამისთვის აინშტაინის ნიჭი იყო საჭირო. როგორც თავად იხსენებს, მის გადარწმუნებაში და მეცნიერული კარიერის არჩევაში დიდი როლი ითამაშეს მისი სკოლის მასწავლებლებმა.

ფაბერმა სუორტმორის კოლეჯში შეისწავლა ფიზიკა, დოქტორის ხარისხი კი ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა 1972 წელს ოპტიკური დაკვირვებითი ასტრონომიის მიმართულებით. ამის შემდეგ მთელი კარიერა კალიფორნიის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც ემერიტუს-პროფესორია და ამავე უნივერსიტეტის ობსერვატორიების ასტრონომი.

ფაბერის მრავალრიცხოვან აღმოჩენებს შორისაა გალაქტიკების სიკაშკაშესა და ამ გალაქტიკებში არსებული ვარსკვლავების სიჩქარეებს შორის კავშირის დადგენა, რაც დღეს „ფაბერ-ჯექსონის თანაფარდობის“ სახელითაა ცნობილი (თანაავტორი რობერტ ჯექსონი ამ დროს ფაბერის თანაშემწე იყო). 1983 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აჩვენა, რომ ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკები ვერ იქნებოდა სწრაფად მოძრავი ნეიტრინოები („ცხელი ბნელი მატერია“), როგორც მაშინ ეგონათ, არამედ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი დაბალი სიჩქარის ნაწილაკები  („ცივი ბნელი მატერია“). მომდევნო წელს 3 სხვა მეცნიერთან ერთად ჩამოაყალიბა თეორია, რომლითაც ახსნა, რა როლი ჰქონდა ბნელ მატერიას გალაქტიკების წარმოშობასა და ევოლუციაში დიდი აფეთქებიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეტალი მცდარი აღმოჩნდა, ეს ნაშრომი დღემდე არის სამყაროს სტრუქტურის ჩამოყალიბების მუშა მოდელი.

1980-იანი წლების მიწურულს პროექტ „შვიდი სამურაის“ ფარგლებში 6 სხვა მეცნიერთან ერთად შექმნა ნებისმიერ გალაქტიკამდე მანძილის გამოთვლის მეთოდი, რაც თავის მხრივ სამყაროს სრული სიმკვრივის გაზომვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო გზა გახდა.

ფაბერი მხარს უჭერდა ჰავაიში 10 მეტრიანი კეკის ტელესკოპის აშენებას და მისი ერთ-ერთი უდიდესი სპექტროგრაფის აგებასაც ხელმძღვანელობდა. მონაწილეობა მიიღო ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ფართოკუთხიანი კამერის გამოცდასა და გაშვებაში.

ფაბერს მიღებული აქვს ათობით ჯილდო, მათ შორისაა ალფრედ სლოუნის ფონდის სტიპენდია 1977 წელს, ბარტ ბოკის სახელობის პრიზი ჰარვარდისგან 1978 წელს და ჰარვარდის ასწლოვანი მედალი 2006 წელს. 1984 წელს ჟურნალმა „Science Digest-მა“ ფაბერი შეიყვანა 40 წლამდე ასაკის 100 საუკეთესო ამერიკელი მეცნიერის სიაში. 2013 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფაბერი მეცნიერების ეროვნული მედლით დააჯილდოვა.

williams_barbara_colorful

ბარბარა უილიამსი
ბარბარა უილიამსი გახლავთ პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც ასტრონომიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა 1981 წელს. განათლება თავდაპირველად ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები დაიცვა მერილენდის უნივერსიტეტში რადიოასტრონომიის მიმართულებით. დოქტორის ხარისხის აღების შემდეგ რადიოასტრონომიის ეროვნულ ობსერვატორიაში დასაქმდა, რათა გალაქტიკათა ჯგუფები რადიოსიხშირეებში გამოეკვლია. კვლევითი ურთიერთობა ჰქონია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრი.

უილიამსის ინოვაციური კვლევები მოიცავს ნეიტრალური ატომური წყალბადის გამოსხივების შესწავლას გალაქტიკების გამოსაკვლევად და გალაქტიკათა ჯგუფებში ატომური აირების ანალიზს. დღესდღეობით ის დელავერის უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების აქტიური წევრია.

Wanda Diaz-Merced

ვანდა დიას-მერსედი
ვანდა დიას-მერსედს მეცნიერება ბავშვობიდანვე აინტერესებდა. პატარაობაში თავის დასთან ერთად ხშირად წარმოიდგენდა, რომ კოსმოსში დაფრინავდა და გალაქტიკებს იკვლევდა. სკოლაში გამართულ სამეცნიერო გამოფენაზე მეორე ადგილი აიღო, რაც მისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა: მიხვდა, რომ სამეცნიერო კარიერა არც ისეთი მიუღწეველი რამ იყო, როგორც მანამდე ეგონა.

მოზარდობის პერიოდში ვანდას მხედველობის გაუარესება დაეწყო, საბაკალავრო ხარისხზე მუშაობის პერიოდში კი სრულად დაკარგა. ამ დროს პუერტო-რიკოს უნივერსიტეტში სწავლობდა და, მისი ბიოგრაფიის თანახმად, რთული არჩევანის წინაშე დადგა: თავის დანებება ან შეუპოვრად ბრძოლა. ვანდამ ცხადია, ბრძოლა გადაწყვიტა. როცა მისმა მეგობარმა (რომელიც ნასას პროექტში იყო ჩართული) მზეზე ამოფრქვევა აჩვენა ხმოვან ჩანაწერთან ერთად, ვანდამ ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის დაფინანსება მოიპოვა და შექმნა ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ასტრონომიული მონაცემები ხმოვან ბგერებად გარდაიქმნება. გარდა იმისა, რომ მზის გამოსხივების შესწავლა შესაძლებელი გახდა, ამ გზით ვანდა გარკვეული კანონზომიერებების აღმოჩენასაც ახერხებდა, რაც ვიზუალურ და გრაფიკულ მონაცემებში ზოგჯერ ბუნდოვანი იყო. დოქტორის ხარისხი 2013 წელს დაიცვა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც კოსმოსური მონაცემების ანალიზზე იყო კონცენტრირებული.

დიას-მერსედის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო გალაქტიკების სიახლოვეს შავი ხვრელების ძიების სიმულაცია. ის ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებს ხმოვან ჩანაწერებს ასმენინებდა იმის დასადგენად, შეძლებდნენ თუ არა შავი ხვრელის შემცველი სიმულაციების ამოცნობას. შედეგებზე დაყრდნობით მან დაასკვნა, რომ „მონაცემების სონიფიკაცია“ (ინფორმაციაში ხმის ჩართვა) მეცნიერებს ეხმარებოდა შავი ხვრელების აღმოჩენაში, რაც ზოგჯერ ფონური ინფორმაციის არსებობის გამო რთული ამოცანაა.

ვანდა დიას-მერსედს ეკავა პოზიციები ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკურ ცენტრში და სამხრეთ აფრიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. ატარებს საჯარო ლექციებს, მათ შორისაა გამოსვლა TED-ზე 2016 წელს. BBC-მა ვანდა 7 ყველაზე ნოვატორ მეცნიერ ქალს შორის დაასახელა.

წყარო: Space.com

3 thoughts on “20 ქალი, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ასტრონომია

    1. ფიზიკის შესწავლა გადავწყვიტე და დრო აღარ მქონდა. ამის წინა პოსტი სწავლის დაწყების წინ დავწერე 😀

      Like

დატოვე კომენტარი