ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპები ფროიდისეულად

ზიგმუნდ ფროიდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამოიტანა დასკვნა, რომ გონებრივი დარღვევების მიზეზი იმალება ადამიანის წარსულში, სქესობრივად ჩამოყალიბებისას წამოჭრილ პრობლემებში და ფიზიკური მდგომარეობა ამასთან კავშირში არაა. საზოგადოება მას ძირითადად იცნობს, როგორც “ოიდიპოსის კომპლექსის” აღმწერს, თუმცა ფროიდს გაცილებით ვრცელი და რთული ნაშრომები აქვს შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ადამიანის განვითარების სტადიებია.

***

ფროიდი ჰყოფდა ადამიანს სამ შემადგენელ ნაწილად, რომელთაგან თითოეული თავის როლს თამაშობს ქცევებში. “იდი” — ეს არის ვნებების, ინსტინქტებისა და გატაცებების სამფლობელო, მოქმედებს სიამოვნების მიღებისა და ტკივილის არიდების პრინციპით. “სუპერ-ეგო” — მორალი და იდეალიზმი, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მშობლის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. “ეგო” — რეალისტია და შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, “იდი”-სა “სუპერეგო”-ს შორის.

ადამიანის ქცევებს წარმართავს იმპულსები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სექსუალური და აგრესიული იმპულსები.

ფროიდმა ადამიანის ცხოვრების პერიოდები დაბადებიდან ზრდასრულობამდე დაჰყო რამდენიმე საფეხურად და უწოდა “ფსიქოსექსუალური განვითარება”. თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს შემდგომ ცხოვრებაში. ყველა ეტაპს ახასიათებს კრიზისი, რომელიც უნდა დაიძლიოს. სხვაგვარად პიროვნება ამ ეტაპზე “გაიჭედება”.

***

ეტაპი პირველი: 0-1.5 წლები. მას ეწოდება ორალური ფაზა. ამ ასაკში ბავშვები სამყაროს შეცნობას ყველაზე უკეთ ნივთების პირში გაქანებით ახერხებენ. აღქმის ორგანოები მათთვის არის პირი, ენა და კბილები. რასაც კი დაინახავენ, იქნება ეს სათამაშო, პური, ფანქარი, იღებენ და მაშინვე პირში იდებენ. აგრესიულმა იმპულსებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბავშვმა დედას ძუძუზე უკბინოს კვების დროს. მნიშვნელოვანია დედის დამოკიდებულებაც: თუკი ის საკმარის ყურადღებას არ უთმობს შვილს, შედეგად მიიღებს ეჭვიან, პესიმისტ და სარკასტულ შვილს. როცა ადამიანი ამ ფაზაში “იჭედება”, მოზრდილობისას და შემდგომ ცხოვრებაში ეს ასახულ იქნება მის ჩვევებზე. მაგალითად, გახდება მწეველი, ექნება ჭამის დაუძლეველი სურვილი, მიდრეკილი იქნება ორალური სექსისკენ და ა.შ.

ეტაპი მეორე: 1.5-3 წლები. მას ეწოდება ანალური ფაზა. ბავშვი იწყებს ღამის ქოთნის გამოყენებას, შესაბამისად აცნობიერებს ანალური ორგანოს დანიშნულებას და სწავლობს საშარდე ბუშტის კონტროლს. იწყება ბრძოლა: ერთ მხარეს არის იდი, მეორე მხარეს ეგო და სუპერეგო. იდი უბიძგებს მას შეუკავებლობისკენ, ეგო და სუპერეგო კი ჰიგიენისა და თავშეკავებისკენ. თუ იმარჯვებს იდი, ბავშვი მოზრდილობაში იქნება უხეში, ფეთხუმი, უყურადღებო, დაუდევარი, არად ჩააგდებს სხვის გრძნობებს. თუ გაიმარჯვებს მეორე მხარე და ჰიგიენურ საკითხებს ყურადღებით მოექცევა, გაიზრდება აკურატული, პუნქტუალური, ორგანიზებული, მზრუნველი, შეიძლება მეწვრილმანეც, ზოგჯერ კი უკარება. თუკი მშობელი ხშირად უწყრება ბავშვს “ტუალეტური” საკითხების გამო, დიდი შანსია, პიროვნება ამ ეტაპში ჩარჩეს.

ეტაპი მესამე: 3-6 წლები. პირველი სქესობრივი პერიოდი. ბავშვი იწყებს მის გენიტალიებზე დაკვირვებას, ხელით მოსინჯვას, ზოგჯერ კი პრიმიტიული ფორმით მასტურბირებს. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს მშობელი ამ ქცევებზე იმ შემთხვევაში, თუკი წაასწრო. თუ მშობელი გაუწყრება და ეტყვის, რომ ეს ცუდი საქციელია, ბავშვისთვის მომავალში გენიტალიები ასოცირებული იქნება ბინძურ და სამარცხვინო რამესთან, ხოლო თუკი დააიგნორებენ, ცუდ შედეგებს არ გამოიღებს. ქვეცნობიერ სექსუალურ სურვილებს ბავშვი იკმაყოფილებს მშობელთან სიახლოვით, ამიტომაც უჩნდებათ მშობლებთან ერთად დაძინების მოთხოვნილება. როცა მშობლები ყურადღებას არ აქცევენ, ეჭვიანობას იწყებენ.

***

მეორე და მესამე ეტაპის დროს გვხვდება ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსები.

ოიდიპოსის კომპლექსი აღწერილია, როგორც ქცევა, როცა “ბიჭს სურს, მოკლას მამა და ცოლად შეირთოს დედა”. მას სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის, ოიდიპოსის მიხედვით. ფროიდის აზრით, პატარა ბიჭი აიდეალებს დედას და ამის გამო მისდამი მიზიდულობას გრძნობს. ბიჭი აშკარად ან გულის სიღრმეში ეჭვიანობს, როცა დედა ყურადღებას უთმობს მამას, ამ დროს ის მამას მეტოქედ მიიჩნევს. მეტოქეობასთან ერთად ბიჭს უჩნდება იმის შიშიც, რომ მამა შეამჩნევს ამას და დაასაჭურისებს მას. ეს იწვევს შემდგომში მისი მოკვლის სურვილის განეიტრალებას. ამას გარდა, ხვდება რა, რომ დედასთან შანსი არ აქვს, რადგან ის მამას ეკუთვნის, იწყებს მამის მიბაძვას, რათა ჩაანაცვლოს ის. შემდეგ მძლავრობს სუპერეგო და ამ ქვეცნობიერ სურვილებს ასუსტებს.

გოგოს შემთხვევაში ჩნდება ლტოლვა მამის მიმართ და ეჭვიანობა დედის მიმართ. ელექტრას კომპლექსის მიზეზი ისაა, რომ გოგოს გაცნობიერებული აქვს სქესობრივი სხვაობა. იწყებს ფიქრს, რომ ის, დედაც და ყველა ქალი უფრო დაბალ საფეხურზეა, ვიდრე მამაკაცები, რადგან ამ უკანასკნელებს “აბიათ”. მამის მიმართ ერთი მხრივ ეროტიული ლტოლვა აქვს, მეორე მხრივ შური, რადგან უნდა, რომ თვითონაც “ებას”. ამ შურის შედეგი არის ასევე ე.წ. ქალაბიჭობა, ხოლო მოზრდილობაში სურვილი, რომ გააჩინოს ბიჭი. როცა ეს კრიზისი იძლევა, გოგოს უქრება მამის მიმართ სექსუალური ლტოლვა. ეს ქვეცნობიერი ლტოლვები და ქიშპობები ეხმარება ორივე სქესს, გაიაზრონ სქესობრივ-სექსუალური როლი ცხოვრებაში.

ეს ორი კომპლექსი უფრო ხშირად მაშინ ვითარდება, როცა შვილი საპირისპირო სქესის მშობელს ნაკლებად ჩამოჰგავს. შეიძლება კამათი იმაზე, რომ ამ ქცევას უბრალოდ თავის დამკვიდრების სურვილი უდევს საფუძვლად, თუმცა ფროიდი მის მიზეზს სექსუალურ საწყისებში ხედავდა. ამ ეტაპზე გაჭედვით ყალიბდება პიროვნება, რომელსაც ფროიდის თქმით, აქვს “ფალოსური ხასიათი”. მისი მახასიათებლებია ზედმეტი თავდაჯერება, ნარცისიზმი, დაუდევრობა, უგუნურება, ქედმაღლობა. კრიზისის გადაულახაობის შემთხვევაში ასევე შეიძლება განვითარდეს ახლო ურთიერთობის შიში. ფროიდის აზრით, შეიძლება ესეც ყოფილიყო ჰომოსექსუალიზმის ერთ-ერთი მიზეზი.

***

ეტაპი მეოთხე: 6-12 წლები. ფროიდი მას მოლოდინის პერიოდს უწოდებდა. მისი აზრით, ამ პერიოდში ფსიქოსექსუალური კუთხით ადამიანის წინსვლა არ ხდებოდა. ამ დროს სექსუალური ფიქრები იხშობა და ითოკება. ამის მიზეზია ეგოსა და სუპერეგოს განვითარება. ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსის გადალახვის შემდეგ გაღვივებული შინაგანი გრძნობები – სირცხვილი, დაშაულის შეგრძნება და მორალი – ხელს უწყობს ამ პერიოდის გახანგრძლივებას. სექსუალური ენერგია (ლიბიდო) იხარჯება სკოლაში სიარულისას, სწავლისას, სპორტზე და იგივე სქესის მეგობრებთან ურთიერთობისას.

ეტაპი მეხუთე: 12-18 წლები. განვითარების ბოლო სტადია – მეორე სქესობრივი პერიოდი. ეს არის სქესობრივი მომწიფების ფაზა. იდის სექსუალური იმპულსები ისევ წამოყოფენ თავს. ამჯერად სექსუალური ლტოლვა მიმართულია სხვა ადამიანებზე და არა საკუთარ თავზე (მესამე ეტაპი) ან მშობლებზე (მეორე-მესამე ეტაპი). გოგონებს გამქრალი აქვთ ეჭვიანობა მამაკაცური სასქესო ორგანოს მიმართ. სექსუალური ჟინი პირიდან (პირველი ეტაპი) და ანუსიდან (მეორე ეტაპი) გადადის გენიტალიებზე. ბავშვები, რომლებიც ამ პერიოდში თავს აარიდებენ სექსუალური კუთხით გაზრდას, მომავალში იზოლირებულნი, ან პირიქით, თავნებები და აგრესიულები იქნებიან. ვინც ეზიარება ჯანმრთელ სექსს, ჩამოყალიბდება სრულყოფილ, ჯანსაღ ადამიანად.

ამ პერიოდში ჰეტეროსექსუალიზმი ითვლება სწორ გზად სექსუალური ენერგიის დასახარჯად. ხოლო ჰომოსექსუალიზმი, ფროიდის აზრით, მეორე ანუ ანალურ ეტაპში ჩარჩენის შედეგია. ამ ფაზაში არასწორმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ფეტიშიზმი, პედოფილია, ალკოჰოლიზმი, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა.

ფროიდი მიიჩნევდა, რომ ზრდასრულობის პერიოდში მთავრდება ადამიანის ფსიქოსექსუალური კუთხით ჩამოყალიბება და თუკი რაიმე გადახრა ან დარღვევა ექნებოდათ, ძაღლის თავი წარსულში იყო დამარხული. თანამედროვე ფსიქოლოგები ამ საკითხში არ ეთანხმებიან, მათი აზრით, სექსუალური განვითარება მთელი ცხოვრება გრძელდება.

Advertisements

One response to “ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპები ფროიდისეულად

  1. tikogvadzabia 01/07/2012, 5:11 PM

    ძალიან საინტერესოა 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: