1945 წლის 13 აგვისტოს შეიქმნა „დემონური ბირთვი“, რომლის გამოყენება იაპონიაში იგეგმებოდა. ეს ქვეყანა ისტორიის ყველაზე სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ ქაოსში იყო გახვეული.
ერთი კვირით ადრე ჰიროსიმაში ჩამოაგდეს „ბიჭუნა“, რასაც მალევე მოჰყვა ნაგასაკიში „მსუქანას“ აფეთქება.
ეს გახლდათ საომარი მოქმედების დროს ბირთვული იარაღის გამოყენების პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რამაც 200 000 სიცოცხლე შეიწირა. მოვლენები რომ ცოტა სხვაგვარად წარმართულიყო, ეს ჯოჯოხეთური თავდასხმები კიდევ ერთი, მესამე სასიკვდილო შეტევით დაგვირგვინდებოდა.
თუმცა ისტორიას სხვა გეგმები ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ნაგასაკიზე შეტევამ აჩვენა, რომ ჰიროსიმას შემთხვევა ერთჯერადი უიღბლობა არ ყოფილა, იაპონიამ დაუყოვნებლივ გამოაცხადა კაპიტულაცია 15 აგვისტოს. იაპონურმა რადიოარხებმა გაავრცელეს იმპერატორ ჰიროჰიტოს მიმართვის ჩანაწერი, რომელშიც მოკავშირე ძალების მოთხოვნების შესრულებაზე იყო საუბარი.

1945 წლის 27 სექტემბერი
როგორც აღმოაჩნდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იაპონიის ფართო საზოგადოებამ იმპერატორის ხმა მოისმინა, თუმცა ნიუ-მექსიკოში მდებარე ლოს-ალამოსის ლაბორატორიის – იგივე „პროექტი Y-ის“ – მეცნიერებისთვის ამ განცხადებას უფრო ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა.
ეს ნიშნავდა, რომ მესამე ატომური ბომბის ფუნქციონირებადი ბირთვი, რომელზეც აქამდე მუშაობდნენ – რაფინირებული პლუტონიუმისა და გალიუმის 6.2 კგ მასის სფერო – ომში აღარ იქნებოდა საჭირო.
კონფლიქტი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში რომ ყოფილიყო, ისე როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში, პლუტონიუმის ბირთვს „მსუქანას“ ბაზაზე შექმნილ კონსტრუქციაში მოათავსებდნენ და 4 დღის შემდეგ გაფრთხილების გარეშე მორიგი იაპონური ქალაქის თავზე ააფეთქებდნენ.
ბედისწერამ ამ სულებს სასიკვდილო განაჩენი აარიდა და ლოს-ალამოსის მოწყობილობა – რომლის კოდური სახელიც ამ დროს „რუფუსი“ გახლდათ – დამატებითი შემოწმებებისთვის გადაინახეს.
სწორედ ამ შემოწმებების დროს მომხდარი მოვლენების გამო ეწოდა ატომური ბომბის ნარჩენს სახელად „დემონური ბირთვი“.
პირველ შემთხვევას ადგილი ჰქონდა იაპონიის დანებებიდან თითქმის 1 კვირის შემდეგ და „რუფუსის“ ჩამოგდების გაუქმებული თარიღიდან 2 დღის შემდეგ.
ეს მისია არ განხორციელებულა, მაგრამ ლოს-ალამოსში შენახულმა დემონურმა ბირთვმა მაინც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე.
ლოს-ალამოსის მეცნიერებმა კარგად იცოდნენ ის საფრთხეები, რაც ექსპერიმენტების ჩატარებას ახლდა თან. მათ სურდათ, ეპოვათ ის ზღვარი, რომლის გადალახვისას პლუტონიუმი ზეკრიტიკულ ფაზაში გადადის, ანუ როდესაც ბირთვული ჯაჭვური რეაქცია მუდმივად აჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და სასიკვდილო გამოსხივების ნაკადს წარმოქმნის.
მანჰეტენის პროექტში – რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლოს-ალამოსი – მეცნიერები არკვევდნენ, რამდენად ღრმად შეიძლება შეტოპო, ვიდრე ეს სახიფათო რეაქცია ამოქმედდება.
ასეთი მაღალრისკიანი ექსპერიმენტებისთვის შესაბამისი მეტსახელიც კი ჰქონდათ მოფიქრებული – „დრაკონის კუდზე მოღიტინება“ – რაც აშკარა მინიშნებას გვაძლევს მოსალოდნელ საშიშროებაზე. მძვინვარე მხეცის გამოღვიძების შემთხვევაში ყველა დაიხრუკებოდა.
სწორედ ეს ბედი ეწია ლოს-ალამოსის ფიზიკოსს ჰარი დაგლიანს.
1945 წლის 21 აგვისტოს ღამეს დაგლიანი ვახშმობის შემდეგ ლაბორატორიაში დაბრუნდა, რათა დრაკონისთვის კუდზე მოეღიტინებინა. ამის გაკეთებას მარტო აპირებდა – ლაბორატორიაში ახლომახლო სხვა მეცნიერი არ იყო (მხოლოდ უსაფრთხოების თანამშრომელი), რაც უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევას წარმოადგენდა.

მუშაობის დროს დაგლიანმა პლუტონიუმის სფეროს გარს შემოულაგა ვოლფრამის კარბიდისგან დამზადებული აგურები, რომლებიც ბირთვისგან გამოტყორცნილ ნეიტრონებს ირეკლავდნენ და ისევ უკან აბრუნებდნენ, რის შედეგადაც ბირთვი კრიტიკულ ფაზამდე მიჰყავდათ.
აგურის აგურზე დადებით დაგლიანი ბირთვის გარშემო ამრეკლ კედლებს აგებდა მანამ, ვიდრე ნეიტრონებზე სადამკვირვებლო მოწყობილობამ არ აცნობა, რომ გაგრძელების შემთხვევაში პლუტონიუმი ზეკრიტიკულ ფაზაში გადავიდოდა.
მან გადაწყვიტა, ერთი აგური გადმოეღო, მაგრამ ეს აგური შემთხვევით გაუვარდა და ზედ ბირთვზე დაეცა, რამაც ზეკრიტიკულ მდგომარეობაში გადასვლა გამოიწვია. ამას მოჰყვა ლურჯი ნათებისა და სითბური ტალღების გამოსხივება.
დაგლიანმა მაშინვე გაიწოდა ხელი და აგური ბირთვს მოაშორა, რა დროსაც ხელში ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება დაეუფლა.
სამწუხაროდ უკვე ძალიან გვიანი იყო.

დროის ამ მცირე მონაკვეთში მეცნიერმა რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღო. მისი დამწვარი, დასხივებული ხელი ბებერებით დაიფარა. რამდენიმეკვირიანი გულისრევებისა და ტკივილის შემდეგ დაგლიანი კომაში ჩავარდა, მოვლენიდან 25 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. დასხივება უსაფრთხოების თანამშრომელმაც მიიღო, თუმცა არასასიკვდილო დოზით.
დემონური ბირთვის ისტორია ამით არ დასრულებულა.
დაგლიანის გარდაცვალების შემდეგ უსაფრთხოების პროცედურებში შეტანილი ცვლილებები საკმარისი არ აღმოჩნდა მომდევნო წელს მსგავსი ინციდენტის მოხდენის თავიდან ასარიდებლად.

(ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორია)
1946 წლის 21 მაისს დაგლიანის ერთ-ერთი კოლეგა, ფიზიკოსი ლუის ზლოტინი, კრიტიკულობის ექსპერიმენტის დემონსტრირებისას ბირთვს ბერილიუმის თაღს ახურავდა.
ვოლფრამის კარბიდის აგურების მსგავსად ბერილიუმის თაღიც ნეიტრონებს ირეკლავდა ბირთვის მიმართულებით და კრიტიკულ ფაზამდე მიჰყავდა. ზლოტინი სიფრთხილეს იცავდა, რათა თაღს ბოლომდე არ დაეფარა ბირთვი. სახრახნისის დახმარებით მცირე ინტერვალს ტოვებდა, რათა ნეიტრონების გარკვეული რაოდენობა გარეთ გაფანტულიყო.
ამ მეთოდმა მხოლოდ გარკვეული პერიოდი იმუშავა.

სახრახნისი გასრიალდა და თაღი ბირთვს დაეცა, სრულად მოიცვა რადიოაქტიური მასა და დასაშვებზე ბევრად მეტი რაოდენობის ნეიტრონებს აბრუნებდა უკან.
ოთახში მყოფი მეორე მეცნიერი, რემერ შრაიბერი, თაღის დაცემის ხმაზე მობრუნდა, რა დროსაც სიცხის ნაკადი იგრძნო და ლურჯი გაელვება დაინახა მას შემდეგ, რაც 1 წლის მანძილზე დემონური ბირთვი მეორედ გადავიდა ზეკრიტიკულ მდგომარეობაში.

„ლურჯი ნათება აშკარად ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთახი კარგად იყო განათებული ფანჯრებიდან და შესაძლოა, ჭერის ნათურებიდანაც“, წერდა მოგვიანებით შრაიბერი თავის მოხსენებაში.
„ნათების სრული ხანგრძლივობა წამის რამდენიმე მეათედზე მეტი არ იქნებოდა. ზლოტინმა სწრაფად იმოქმედა და თაღი მოაშორა.“
ზლოტინმა შეიძლება სწრაფად გამოასწორა თავისი სასიკვდილო შეცდომა, თუმცა მოსახდენი უკვე მომხდარიყო.
მან და ოთახში მყოფმა შვიდმა სხვა ადამიანმა – მათ შორის ფოტოგრაფმა და უსაფრთხოების თანამშრომელმა – რადიაციის გარკვეული დოზა მიიღეს, თუმცა სასიკვდილო დოზით მხოლოდ ზლოტინი დასხივდა, ამასთან, ეს დოზა უფრო მეტი იყო, ვიდრე დაგლიანის შემთხვევაში.

თავდაპირველი გულისრევების შემდეგ საავადმყოფოში მყოფი ზლოტინი თითქოს გამოკეთებას იწყებდა, მაგრამ რამდენიმე დღეში წონაში კლება დაიწყო, მუცლის ტკივილებმა შეაწუხა და გონების არევის ნიშნები გამოავლინა.
ლოს-ალამოსის მიერ იმ დროს პრესაში გავრცელებული განცხადების თანახმად, მისი მდგომარეობა აღიწერებოდა, როგორც „მზისგან სამგანზომილებიანი დამწვრობა“. ასე უწოდეს რადიაციისგან მიღებულ შინაგან დამწვრობებს.
სახრახნისის გასრიალებიდან 9 დღის შემდეგ ზლოტინი გარდაიცვალა.
ამ ორმა სასიკვდილო შემთხვევამ, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ 9 თვე აშორებდა, ლოს-ალამოსში რეალურ ცვლილებებს დაუდო დასაბამი.
ახალი პროტოკოლი კრძალავდა კრიტიკულობის შემოწმების ექსპერიმენტში უშუალო ჩართულობას. მეცნიერები ვალდებული გახდნენ, დისტანციურად მართვადი მექანიზმები გამოეყენებინათ რადიოაქტიურ ბირთვებზე ზემოქმედებისთვის, რა დროსაც თავად რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ.
პლუტონიუმის ბირთვს „რუფუსს“ აღარ უწოდებდნენ. ის უკვე ცნობილი გახდა, როგორც „დემონური ბირთვი“.
თუმცა ამ მოვლენების შემდეგ ბირთვული იარაღის ნარჩენის მოშორება გადაწყვიტეს.
ზლოტინის შემთხვევის შემდეგ – რასაც შედეგად მოყვა ბირთვის რადიაციის დონის ზრდა – გაუქმდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მის გამოყენებას აპირებდნენ ოპერაცია „კროსროუდსში“, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბირთვული აფეთქების პირველ დემონსტრაციაში, რომელსაც ადგილი ექნებოდა 1 თვის შემდეგ ბიკინის ატოლზე.

ამის ნაცვლად პლუტონიუმი გადაადნეს და აშშ-ის ბირთვულ რეზერვში გააერთიანეს, რათა საჭიროების შემთხვევაში სხვა ბირთვებში გამოეყენებინათ. მეორედ და ამჯერად საბოლოოდ, დემონური ბირთვის აფეთქებაზე უარი თქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ორი მეცნიერის სიკვდილი ვერც კი შეედრება იმ ენით აღუწერელ საშინელებებს, რაც დემონური ბირთვის გამოყენებას მოყვებოდა იაპონიის წინააღმდეგ მესამე ატომური ბომბის სახით, მაინც ადვილი გასაგებია, რატომ შეურჩიეს მას ასეთი ცრურწმენითი მეტსახელი.
უცნაური დეტალები ამ ისტორიას კიდევ უფრო უსიამოვნო ელფერს აძლევს.
მაგალითად, დაგლიანი და ზლოტინი არამარტო ერთი და იგივე ბირთვთან დაკავშირებულმა მსგავსმა მოვლენამ იმსხვერპლა, არამედ ორივე ინციდენტს ადგილი ჰქონდა სამშაბათს, თვის 21 რიცხვში და ორივე მათგანი საავადმყოფოს ერთსა და იმავე პალატაში გარდაიცვალა.
ცხადია, ეს მხოლოდ დამთხვევებია. დემონური ბირთვი სინამდვილეში ბოროტი ძალებისგან შეპყრობილი არ ყოფილა. ბოროტების სათავე არა პლუტონიუმის ბირთვში, არამედ იმ ფაქტშია, რომ ადამიანებს ასეთი იარაღის შექმნა მოუვიდათ აზრად.
მთავარი საშინელება – გარდა რადიაციული მოწამვლისგან გამოწვეული საზარელი ეფექტებისა – ის არის, რომ მე-20 საუკუნის შუახანებში მეცნიერები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენის კვლევისას თავის სათანადოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელ სასიკვდილო საფრთხეებზე კარგად უწყოდნენ.
შრაიბერის თანახმად, ზლოტინის პირველი ფრაზა სახრახნისის ინციდენტის შემდეგ მარტივი და ბედს შეგუებული იყო.
ის თავის მომაკვდავ მეგობარს, დაგლიანს, საავადმყოფოში ამხნევებდა, ამიტომ იცოდა, რა ბედი ელოდა.
„ესეც ასე, ჩემი ბედი გადაწყვეტილია“, თქვა მან.
წყარო: ScienceAlert