წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: 1676 წელია და თქვენ ინგლისის ერთ-ერთი მუზეუმის კურატორი ბრძანდებით. ერთ დღესაც დაგევალათ კირქვის კარიერში ნაპოვნი უზარმაზარი, უცნაური იერის მქონე „ქვის“ ამოცნობა. ერთი შეხედვით ძვალს ამსგავსებთ, კერძოდ კი ბარძაყის ძვლის ნახევარს, მაგრამ დიდი ზომის გამო თქვენთვის ცნობილი ცხოველებიდან ვერცერთს უსადაგებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეშმოლის მუზეუმის (ოქსფორდი, ინგლისი) პირველი ზედამხედველი, ნატურალისტი რობერტ პლოტი მიხვდა, რომ მის წინაშე გაქვავებული ძვალი იყო. თუმცა, რადგან ამ დროს დინოზავრებზე ჯერ კიდევ არავის სმენოდა, მან ივარაუდა, რომ ეს ბიბლიაში ნახსენები გიგანტური ადამიანთა რასის წარმომადგენლის ძვალი იყო. დაახლოებით 80 წლის შემდეგ ექიმმა რიჩარდ ბრუკსმა კიდევ უფრო გაბედული აზრი წამოაყენა — მან შენიშნა, რომ ძვლის ფრაგმენტი ვიზუალურად სათესლე ჯირკვლებს ჰგავდა, ამიტომ მეცნიერული სახელი Scrotum humanum (სიტყვასიტყვით „ადამიანის სათესლე პარკი“) უწოდა. კიდევ 61 წელი გავიდა, ვიდრე პალეონტოლოგი უილიამ ბაკლენდი შესაფერის სახელს (მეგალოზავრი) დაამკვიდრებდა.
პირველი დინოზავრისთვის სახელის დარქმევის შემდეგ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა. მაგალითად, ახლა ექსპერტებმა იციან, რომ „საშინელი ხვლიკები“, სახელად დინოზავრები, სინამდვილეში სულაც არ იყვნენ ხვლიკები. უფრო მეტიც, ისინი უფრო მეტად ენათესავებოდნენ ფრინველებს, რომლებიც დინოზავრების დღემდე შემორჩენილ შთამომავლებს წარმოადგენენ. ნამარხების ანალიზიდან ასევე ცნობილია, რომ ზოგიერთი სახეობა მართლაც საზარელი იყო. წარმოგიდგენთ ყველაზე საშიშ დინოზავრებს, რომლებსაც ოდესმე უბატონიათ დედამიწაზე.
შენიშვნა: ცხადია, სიაში შედის გადაშენებული დინოზავრები. თუკი ფრინველებსაც ჩავთვლით, კაზუარის მსგავს არსებებს აქ მოხვედრის კარგი შანსი ექნებოდათ. ამიტომ შემდგომში სიტყვა „დინოზავრი“ აღნიშნავს მხოლოდ ამ ტაქსონომიურ რიგში შემავალ, ფრინველებისგან განსხვავებულ სახეობებს.
ტირანოზავრი რექსი: ტირანი მეფე-ხვლიკი
ტირანოზავრი რექსი ალბათ ყველაზე ცნობილი პრეისტორიული მტაცებელია. სიტყვა „დინოზავრის“ გაგონებაზე, როგორც წესი, პირველად ეს სახეობა ახსენდებათ ხოლმე. მისი არსებობა დედამიწაზე დინოზავრების ბატონობის დასასრულს ემთხვევა. ტირანოზავრი რექსი ერთ-ერთი უკანასკნელი დინოზავრი გახლდათ, რომელიც ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებას შეეწირა.
კარგად შემონახულ ნამარხებზე – მათ შორის „სიუს“ და „სტენის“ სახელით ცნობილ ეგზემპლარებზე – დაყრდნობით პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ ტირანოზავრი რექსი თავის მრისხანე სახელს (ტირანოზავრი – „ტირანი ხვლიკი“, რექსი – „მეფე“) ამართლებდა. 2009 წლის კვლევაში გამოვლინდა, რომ ამ ცხოველს სავარაუდოდ თვალებისა და თავის სწრაფად და ადვილად მოძრაობა შეეძლო, ესმოდა დაბალი სიხშირის ბგერები და თანამედროვე სვავების მსგავსად, საკვების სუნს შორი მანძილებიდან გრძნობდა. მისი მხედველობა არ ჩამოუვარდებოდა და შეიძლება აღემატებოდა კიდეც თანამედროვე მტაცებელი ფრინველებისას. კბენის მაქსიმალური ძალა აღწევდა 57 000 ნიუტონს (ამჟამინდელი ჩემპიონის, ნილოსის ნიანგის მაჩვენებელია 16 000 ნიუტონი). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოდესმე არსებულ ხმელეთის ცხოველებს შორის. ყბების დახურვისას წარმოქმნილი 6 ტონიანი წნევა საკმარისი იქნებოდა მანქანის დასამსხვრევად. ძლიერი ყბებით ასევე შეძლებდა ერთდროულად რამდენიმე დიდი პიკაპის აწევას.
გასაკვირი არ არის, რომ პალეონტოლოგები ტირანოზავრ რექსს თავისი დროის უმაღლეს მტაცებელს (მტაცებელი, რომელიც კვებითი ჯაჭვის თავში იმყოფება) უწოდებენ. მისი (შესაძლოა ბუმბულით შემოსილი) სხეულის ყოველი ნაწილი ამ არსებას ეფექტურ მკვლელ მანქანად აქცევდა. 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მისი შედარებით პატარა მკლავებიც კი, რაც ხშირად დაცინვის საგანია, ნამგლის მსგავსი ბრჭყალებით იყო აღჭურვილი და სავარაუდოდ საკმაოდ ძლიერი გახლდათ საიმისოდ, რომ ახლო მანძილიდან მსხვერპლისთვის ღრმა ჭრილობები მიეყენებინა.
სპინოზავრი: დინგიანი, ზურგაფროსანი მოცურავე
ადამიანთა უმეტესობა სპინოზავრს იცნობს ფილმიდან „იურული პერიოდის პარკი III“, სადაც ეს დინოზავრი ტირანოზავრ რექსს ანადგურებს. თუმცა ზურგზე აფრისებრი ფარფლის მქონე არსების ასეთი ინტერპრეტაცია მეცნიერულად არაზუსტი აღმოჩნდა. სპინოზავრი ნამდვილად წარმოადგენდა საფრთხეს მეზოზოურ პერიოდში, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ეს ჰოლივუდმა წარმოაჩინა.
ერნსტ სტრომერმა 1915 წელს აღწერა სპინოზავრის პირველი (და იმ დროს ერთადერთი) ცნობილი ნამარხი. 29 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნამარხი ბომბმა გაანადგურა. დაუზიანებლად მხოლოდ სტრომერის ნახაზები გადარჩა. სპინოზავრი ათწლეულების განმავლობაში გამოცანად რჩებოდა, ვიდრე 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში აღმოჩენილი ახალი ნიმუშების აღწერამ მეცნიერებს საშუალება არ მისცა, უფრო კარგად შეესწავლათ ეს უცნაური დინოზავრი. ამჟამად მკვლევარებმა იციან, რომ სპინოზავრი ოდესმე არსებულ ხორცისმჭამელ დინოზავრთაგან ერთ-ერთი უდიდესი იყო (ბოლო შეფასებებით, სიგრძეში 15 მეტრზე მეტი) და სავარაუდოდ ნახევრად ან სრულად წყლის მობინადრე გახლდათ. მისი ფარფლისებრი კუდის ციფრულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სპინოზავრი მას ნიჩაბივით იყენებდა, განიერი თათებით დაცურავდა და მსხვერპლს ვიწრო, მახვილკბილებიანი დინგით იჭერდა. ამით ეს პრეისტორიული „მდინარის ურჩხული“ მეცნიერებაში ცნობილი ყველა დინოზავრისგან განსხვავდებოდა.
თუმცა მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან დაზუსტებით, რატომ ჰქონდა სპინოზავრს მასიური აფრისებრი ფარფლი ზურგზე. ადრე მიჩნეული იყო, რომ ეს გამონაზარდი მათ ეხმარებოდა სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში, ენერგიის შენახვაში, მტრების შეშინებასა და პარტნიორის მიზიდვაში. ახალი მოსაზრების თანახმად, ფარფლის მეშვეობით სპინოზავრი საკბილოებს აშინებდა, აიძულებდა ერთად თავმოყრილიყვნენ, რის შემდეგაც თავს ესხმოდა მათ. მსგავსი ტაქტიკა აქვთ იალქნოსან თევზებსა და კუზიან ვეშაპებს.
იუტარაპტორი: მტაცებელი იუტადან
კიდევ ერთი საკულტო, მაგრამ არასწორად განსახიერებული დინოზავრი „იურული პერიოდის პარკის“ მედია-ფრენჩაიზიდან — და ალბათ ყველაზე პოპულარულიც — არის ველოცირაპტორი, ადამიანის ზომის ზეგონიერი მონადირე ქერცლიანი კანითა და ნამგლისებრი ბრჭყალებით. რეალურად ველოცირაპტორი ინდაურის ზომის იყო. მწერალმა მაიკლ კრაიტონმა სხვა დინოზავრი, დეინონიქი აღწერა, მაგრამ მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად ველოცირაპტორის სახელი გამოიყენა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1991 წელს, წიგნის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ და მასზე დაფუძნებული ფილმის კინოთეატრებში გაშვებამდე 2 წლით ადრე, პალეონტოლოგები იუტას შტატის ქალაქ მოაბთან ჩატარებული გათხრებისას წააწყდნენ სწორედ იმ არსებას, რომელიც წიგნის ავტორსა და ფილმის შემქმნელებს წარმოედგინათ — ველოცირაპტორის მსგავსი მასიური დინოზავრი.
იუტარაპტორი გახლავთ ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი დრომეოზავრიდების ოჯახიდან (რომელშიც ასევე შედიან ველოცირაპტორები და დეინონიქები). ლათინური სახელი, Utahraptor ostrommaysi, ეწოდა ამ სახეობის აღმოჩენაში ორი მნიშვნელოვანი მეცნიერის, ჯონ ოსტრომისა და კრის მეისის, პატივსაცემად. აღმოჩენილთაგან ყველაზე დიდი ეგზემპლარი სიგრძეში 7 მეტრს აღწევდა, წონით კი 500 კგ-მდე იყო. ეს ვეებერთელა დრომეოზავრიდი სიჩქარეში ველოცირაპტორსა და დეინონიქს ჩამორჩებოდა, სირბილისას მას მაქსიმუმ 30 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. სავარაუდოდ ჩასაფრებით ნადირობდა და ძლიერი დარტყმის მიყენება შეეძლო, სამიზნედ უფრო დიდი ზომის ცხოველებს ირჩევდა და მსხვერპლის მოსაკლავად მასიურ ყბებს იყენებდა. ბევრი რამით ის ტირანოზავრიდებს ჰგავდა.
ნამარხების შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ დრომეოზავრიდების სხეულებს ბუმბული ფარავდა. იუტარაპტორების ეგზემპლარებში ბუმბულის კვალი არ აღმოუჩენიათ. მიუხედავად ამისა, მიკრორაპტორების გვარი, რომელიც უფრო ძველი და ფილოგენეტიკურად უფრო პრიმიტიულია, ბუმბულით იყო შემოსილი. ამის საფუძველზე ლოგიკურია, დავუშვათ, რომ ეს დრომეოზავრიდების, მათ შორის იუტარაპტორების, საერთო მახასიათებელი შტრიხი გახლდათ. თუკი ფიქრობთ, რომ ამის გამო იუტარაპტორი ნაკლებად საშიში ჩანს, ვიდრე „იურული პერიოდის პარკის“ რაპტორები, წარმოიდგინეთ უზარმაზარი, დაკუნთული მკვლელი არსება, რომელიც ნელა გიახლოვდებათ მრისხანე გამომეტყველებით და მზადაა, ნამგლისებრი ბრჭყალებით აღჭურვილი ფეხებით გამოგფატროთ. სიცილის დრო არ გექნებათ, რადგან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევით.
ალოზავრი: უცნაური ხვლიკი
თუკი ცარცულ პერიოდში ტირანოზავრი რექსი ბატონობდა, იურულ პერიოდში ალოზავრი ბინადრობდა. ეს არსება საკმაოდ ძლიერი იყო საიმისოდ, რომ ბრძოლაში მასზე სამჯერ დიდი დინოზავრები დაემარცხებინა.
2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია საოცარი ფაქტი: ალოზავრს ყბების გახსნა ტირანოზავრ რექსზე 16 გრადუსით უფრო ფართოდ შეეძლო. ალოზავრს ასევე ჰქონდა ხანჯლის მსგავსი ზიგზაგისებური კბილები, რომლებიც უკან იყო მიმართული, რათა უიღბლო მსხვერპლს თავის დაღწევის საშუალება არ ჰქონოდა. 2002 წელს ტვინის კოლოფზე ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გამოავლინა განმაცვიფრებელი მსგავსება ნიანგისებრთა რიგის სახეობების ტვინთან. კვლევისას გამოვლინდა მინიშნებები, რომ ალოზავრები კარგად აღიქვამდნენ დაბალი სიხშირის ბგერებს და მახვილი ყნოსვა ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ალოზავრი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მტაცებელი იყო, ნამარხების ანალიზი აჩვენებს, რომ გაჭირვებისას ეს არსება უარს არ ამბობდა თავის თანამოძმეებზე ნადირობასა და ლეშით დანაყრებაზე. თუმცა ექსპერტები ალოზავრს მაინც აქტიურ მონადირედ მიიჩნევენ. ამას ადასტურებს ალოზავრის დაზიანებული ძვლები, რაც სავარაუდოდ იმის გამოა, რომ სტეგოზავრი მისგან თავისი ეკლიანი კუდით იცავდა თავს.
მაიუნგაზავრი: (სავარაუდოდ კანიბალი) ხვლიკი მაჰაძანგადან
ცარცული პერიოდის მრისხანე ხორცისმჭამელი მაიუნგაზავრის უჩვეულო ფორმის თავის ქალა ხაზს უსვამს ამ დინოზავრის ყველაზე თვალსაჩინო შტრიხს – ბასრ, ხერხისებურ კბილებს. 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნული იყო, რომ მაიუნგაზავრის კბილები საშუალო ხორცისმჭამელ დინოზავრთან შედარებით 13-ჯერ სწრაფად იზრდებოდა. ზვიგენების მსგავსად, ისინი მუდმივად იცვლიდნენ კბილებს ცხოვრების მანძილზე. ექსპერტთა თქმით, ამით აიხსნება მათი მიდრეკილება ძვლების ღრღნისკენ. მაიუნგაზავრებს შეეძლოთ, ძვლებიდან მიეღოთ ის საკვები ნივთიერებები, რაც ხორცში ნაკლებად ხვდებოდათ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაიუნგაზავრი გახლავთ ერთ-ერთი დინოზავრი, რომლის ნამარხებიც აშკარად მიანიშნებს კანიბალისტურ ქცევაზე, რაც იშვიათობაა. 2007 წლის ნაშრომში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მაიუნგაზავრების ძვლებზე ხშირად იყო ისეთივე ნაკბილარები, როგორიც – სხვადასხვა ზავროპოდების (გრძელკისერა დინოზავრები) ნამარხებში. უფრო მეტიც, ნაკბილარების ზომა, ინტერვალი და კვალი საკმაოდ კარგად ემთხვეოდა მაიუნგაზავრის კბილებს.
სხვა ხორცისმჭამელი ნათესავების მსგავსად, მაიუნგაზავრსაც ჰქონდა ერთი გამორჩეული და ცოტა არ იყოს, სასაცილო მახასიათებელი — მოკლე, მსხვილი მკლავები ნიჩბის მსგავსი ხელებით, რომლებსაც მსხვერპლის დაჭერაში არ (ან ვერ) გამოიყენებდა. მიუხედავად ამისა, ეს არ წარმოადგენდა დაბრკოლებას იმისთვის, რომ მახვილკბილება, მოკლედინგიანი მაიუნგაზავრი მეზოზოური პერიოდის მადაგასკარის უმაღლესი მტაცებელი ყოფილიყო.
გიგანტოზავრი: სწრაფად მორბენალი, მსერავი ხორცისმჭამელი
1995 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გიგანტოზავრის პირველად აღწერისას პალეონტოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეს 13 მ სიგრძის არსება ოდესმე არსებულ ხორცისმჭამელ დინოზავრთაგან ყველაზე დიდი იყო. ამჟამად ცნობილია, რომ სპინოზავრი მასზე 1-2 მეტრით გრძელი იყო, თუმცა ამის მიუხედავად გიგანტოზავრი მაინც შთამბეჭდავ და სახიფათო სახეობად რჩება. უფრო მეტიც, მისი მონაცემები გვამცნობს, რომ ის თავის ეკოსისტემაში დომინირებდა.
გიგანტოზავრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი გახლდათ მისი თხელი, გრძელი, ეკლიანი კუდი. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს მტაცებელს გასაოცარ მოქნილობას მიანიჭებდა — კუდით შეინარჩუნებდა სტაბილურობას სირბილისას და მკვეთრი მოხვევებისას, როცა მსხვერპლს ედევნებოდა. თავისი ძლიერი ფეხებით სავარაუდოდ 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებდა (შედარებისთვის, ტირანოზავრი რექსის მაჩვენებელი იყო 40 კმ/სთ). ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გიგანტოზავრს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება შეეძლო გარემო პირობების მიუხედავად.
ტირანოზავრ რექსთან შედარებით უფრო სუსტი კბენის ძალის გამო გიგანტოზავრი მსხვერპლს ალბათ პირდაპირ აგლეჯდა ქსოვილებს, აყენებდა ჭრილობებს და იმ დონეზე ასუსტებდა, რომ ამის შემდეგ ადვილად ახერხებდა დაჯაბნას.
ანკილოზავრი: ტანკი დასანგრევი ბურთით
საშიში დინოზავრების სიაში მხოლოდ ხორცისმჭამელებს ელოდით? ანკილოზავრი, რომელიც ტანკისა და ამწეზე გამობმული დასანგრევი ბურთის შერწყმას წარმოადგენდა, არ დაგეთანხმებათ.
პალეონტოლოგთა მიერ აღწერილი ჯავშნოსანი დინოზავრებიდან ანკილოზავრი ზომით ერთ-ერთი უდიდესია. სიგრძეში 6-8 მეტრს, ხოლო წონით 5-8 ტონას შეადგენდნენ. ანკილოზავრის ზურგს ამშვენებდა დამახასიათებელი ძვლოვანი გამონაზარდები და ქერცლები (ოსტეოდერმები), რაც მას პოპულარულ კულტურაში ერთ-ერთ ყველაზე ადვილად ამოსაცნობ დინოზავრად აქცევს. ოვალური ფორმის ქერცლები კანში წარმოიქმნებოდა და სავარაუდოდ დაფარული იყო კერატინით, იმ ნივთიერებით, რომელსაც ჩვენი ფრჩხილები და მარტორქის რქა შეიცავს. ძვლოვანი ფირფიტები და ეკლები რიგებად მიუყვებოდნენ ანკილოზავრის ზურგსა და თეძოს და სავარაუდოდ ფეხებსა და კუდზეც ვრცელდებოდნენ. ამ ცხოველს ფირფიტებისა და რქებისგან შექმნილი ფსევდო-ჩაფხუტიც კი ამშვენებდა, რისი მეშვეობითაც თავსა და თვალებს იცავდა.
ბუნებრივი ჯავშანი რომ გვერდზე გადავდოთ, ანკილოზავრს თავზარდამცემ მოწინააღმდეგედ აქცევდა მისი კუდის ბოლოში არსებული კომბლის მსგავსი მასიური გამონაზარდი. თანამედროვე შეფასებით, ეს ძვლის კვერთხი საკმარისად ძლიერი იქნებოდა საიმისოდ, რომ თავდამსხმელისთვის ფეხები დაემტვრია. რედპატის მუზეუმში (მონრეალი, კანადა) დაცულია ხორცისმჭამელი დინოზავრის, გორგოზავრის, ნამარხი, რომელსაც ძვლებზე ეტყობა, რომ სიცოცხლეში მარჯვენა ფეხი მოიტეხა და მოგვიანებით შეუხორცდა. ითვლება, რომ ამის მიზეზი ანკილოზავრი იყო.
ზაუროფაგანაქსი: ხვლიკისმჭამელების ბატონი
დაუნდობელი ზაუროფაგანაქსი (სიტყვასიტყვით თარგმანში „ხვლიკისმჭამელების ბატონი“) საოცრად დიდი ზომის ალოზავრიდი დინოზავრი იყო, რომელიც გვიანდელ იურულ ეპოქაში ბინადრობდა. ეს ორფეხა მტაცებელი პირველად 1931 წელს აღმოაჩინა ჯონ უილის სტოვალმა. მეტწილად ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდა, სიმაღლეში 4 მეტრს აღწევდა, სიგრძეში კი – 14 მეტრამდე. საშუალო წონად 3.5-4.5 ტონა ითვლება. მათი ამოცნობა ადვილია წაგრძელებული თავის ქალებით, მსხვილი უკანა კიდურებით და დაკუნთული კუდით, რომელიც მოძრაობისა და ხტომისას ბალანსის დაცვაში ეხმარებოდათ.
ითვლება, რომ ზაუროფაგანაქსები ძირითადად ტყიან ადგილებში ბინადრობდნენ, სადაც მსხვერპლი უხვადაც იყო და მრავალფეროვანიც. ნაკლებადაა ცნობილი მათ მსხვერპლებსა და ნადირობის ტექნიკაზე, თუმცა მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ ზაუროფაგანაქსი ეტანებოდა მსხვილ ზავროპოდებს, როგორიცაა ამფიცელიები, აპატოზავრები, ასევე მასიური დიპლოდოკები. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ამ სახეობას, შესაძლოა, რაპტორის მსგავსი თვისებები ახასიათებდა, ანუ ლეშიჭამიაც ყოფილიყო. თუმცა ჯერჯერობით ეს მოსაზრება მხოლოდ ჰიპოთეზად რჩება.
ზაუროფაგანაქსი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სახეობა იყო, რომელსაც ოდესმე უარსებია. ალოზავრის მსგავსად, მასაც დაკუნთული კიდურები და ძლიერი ბრჭყალები ჰქონდა, რაც მსხვერპლის დასერვასა და დაგლეჯაში ეხმარებოდა. დიდი ზომისა და ძალის გამო მოწინააღმდეგეებს ადვილად ჯაბნიდა. ამას ემატებოდა მსხვილი ხერხისებური კბილები და 27 000 ნიუტონის კბენის ძალა. იშვიათია დინოზავრი, რომელიც ზაუროფაგანაქსს ტოლს დაუდებდა ძალაში, ზომასა და მძვინვარებაში.
არგენტინოზავრი: გრძელკისერა არგენტინული გიგანტი
მეორე ბალახისმჭამელი დინოზავრი, არგენტინოზავრი, ამ სიაში თავისი ზომის გამო მოხვდა. ის შესაძლოა, ჩვენი პლანეტის ისტორიაში ხმელეთის ყველაზე დიდი მობინადრე ყოფილიყო. პალეონტოლოგებს ჯერ არ აღმოუჩენიათ არგენტინოზავრის სრული ჩონჩხი, ამიტომ დასკვნებს ხელმისაწვდომი ნარჩენების საფუძველზე აკეთებდნენ. მალებსა და ფეხის ძვლებზე დაყრდნობით ექსპერტებმა იანგარიშეს, რომ გვიან ცარცის პერიოდში მობინადრე არგენტინოზავრი სიგრძეში 35 მეტრს, ხოლო წონაში 75 ტონას აღწევდა.
ასეთი გიგანტური ზომის ზავროპოდები სწორედ შთამბეჭდავი ზომების გამო იყვნენ ხელსაყრელ პირობებში. ბოლოს და ბოლოს, დიდი ზომის ხორცისმჭამელებსაც კი, როგორებიც იყვნენ ტირანოზავრები ან გიგანტოზავრები, დიდი დრო და ენერგია დაჭირდებოდათ თუნდაც ერთი ზავროპოდის მოსაკლავად. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს მტაცებლები უფრო პატარა და ადვილად მოსახელთებელ საკბილოებს ამოიღებდნენ მიზანში.
ცხადია, არსებობდა არგენტინოზავრის ფეხქვეშ მოყოლისა და გაჭყლეტის საფრთხეც. 2019 წელს მკვლევარებმა აღწერეს იშვიათი ნამარხი, რომელიც იურული პერიოდით თარიღდებოდა — პრეისტორიული კუ ზავროპოდს გაეჭყლიტა.
მაპუზავრი: ხორცისმჭამელი მიწის ხვლიკი
გიგანტური ზომა არ წარმოადგენდა იმის ავტომატურ გარანტიას, რომ არგენტინოზავრის მსგავს დინოზავრებს მტაცებლებისგან საფრთხე არ ემუქრებოდათ. გაიცანით მაპუზავრი, მასიური ხორცისმჭამელი, რომელიც ექსპერტთა მოსაზრებით, საკმარისად მამაცი იყო, რათა არგენტინოზავრსა და სხვა უზარმაზარ დინოზავრებზე ენადირა და ენადიმა.
როცა პალეონტოლოგებმა ამ 12 მ სიგრძის მტაცებლის ნამარხები აღმოაჩინეს არგენტინაში, მათ ნახეს, რომ ერთად იყო რამდენიმე ინდივიდი, მათ შორის უმცროსები. დასაშვებია, რომ ეს ნაშთები სეზონური დინების შედეგად აღმოჩნდა ერთ ადგილზე თავმოყრილი, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამას ხორცისმჭამელ დინოზავრებს შორის არსებული სოციალური ქცევის პირველ მტკიცებულებად მიიჩნევს.
არგენტინოზავრის მსგავსი ტიტანის დამარცხებას სავარაუდოდ გუნდური მუშაობა დაჭირდებოდა, ამიტომ მაპუზავრების მიერ ჯგუფურად ნადირობა არც ისე წარმოუდგენლად ჟღერს. პალეონტოლოგმა და თანააღმომჩენმა ფილიპ კარიმ აღნიშნა, რომ „როდესაც ხორცისმჭამელ ცხოველებს ასე ერთად თავმოყრილს პოულობ, სავარაუდოდ იმის ნიშანია, რომ კოორდინირებული გუნდური ნადირობა ახასიათებდათ“.
კარხაროდონტოზავრი: ზვიგენისკბილა ხვლიკი
ზვიგენზე ფიქრიც კი ბევრ ადამიანს აფორიაქებს და აშინებს. ეს მეტწილად იმის გამოა, როგორ წარმოაჩენდა პოპ-კულტურა ზღვის ამ მტაცებელს წლების მანძილზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დიდი თეთრი ზვიგენის მსგავსი კბილების მქონე დინოზავრს სახელი მის მიხედვით ეწოდა.
კარხაროდონტოზავრი თავისი ჯგუფის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და როგორც ირკვევა, მის ზვიგენისებრ კბილებს სათანადო დანიშნულებაც ჰქონდა. როგორც პალეონტოლოგი სოკი ჰატორი ხსნის, „კარხაროდონტოზავრიდების, მათ შორის კარხაროდონტოზავრის ხანჯლისებრ კბილებზე ჩანს ზედაპირული უსწორმასწორობები კიდის გასწვრივ“. ეს ნიშნავს, რომ ეს მტაცებლები მსხვერპლს სავარაუდოდ მინიმალური ძალისხმევით ახლეჩდნენ ქსოვილებს სხეულიდან.
ზომისა და თავზარდამცემი კბილების გარდა, ექსპერტები (მაგალითად, კანადაში მდებარე ტირელის სამეფო მუზეუმის პალეონტოლოგი დონალდ ჰენდერსონი) აღნიშნავენ, რომ კარხაროდონტოზავრებს ძლიერი ყბები და კისრის კუნთები ჰქონდათ. ჰენდერსონმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარხაროდონტოზავრების მინიმუმ ერთ სახეობას, Carcharodontosaurus saharicus-ს, შეეძლო 425 კგ-იანი ცხოველის პირით აწევა.
ტარბოზავრი: აზიური ტირანოზავრი
ადამიანები ტარბოზავრს ხშირად აღწერენ, როგორც ტირანოზავრი რექსის აზიურ ექვივალენტს და ეს სულაც არ არის მცდარი შეფასება.
ამ ორ ახლო მონათესავე დინოზავრს შორის რამდენიმე ძირითადი განსხვავება არსებობს. პირველ რიგში, ტარბოზავრი 10 მეტრამდე იყო სიგრძეში, რაც ტირანოზავრ რექსზე 2-3 მეტრით ნაკლებია. ტარბოზავრის წინა კიდურები მის ჩრდილოამერიკელ ნათესავთან შედარებით კიდევ უფრო მოკლე იყო. ავსტრალიური მუზეუმის თანახმად, „ამ არსებას ტირანოზავრის მონათესავე დიდ სახეობებს შორის ყველაზე პატარა წინა კიდურები ჰქონდა სხეულის ზომასთან შედარებით“. ამ ორი ხორცისმჭამელის თავის ქალები შედარებულია 2003 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში. აღმოჩნდა, რომ ტარბოზავრს უფრო ვიწრო თავის ქალა, მტკიცე ქვედა ყბა და მეტი კბილი ჰქონდა.
ექსპერტთა თქმით, მისი პოპულარული ბიძაშვილის მსგავსად, ტარბოზავრიც კვებითი ჯაჭვის სათავეში იყო გვიანი ცარცის პერიოდის მონღოლეთში. ნამარხების ანალიზმა გამოავლინა, რომ ტარბოზავრს სმენა და ყნოსვა მხედველობაზე უკეთ ჰქონდა განვითარებული და თვალებზე მეტად ამ ორგანოებს ენდობოდა (აღსანიშნავია, რომ ტირანოზავრ რექსისგან განსხვავებით, თვალები პირდაპირ არ იყო მიმართული და მეტწილად გვერდით იყურებოდა).
ტრიცერატოფსი: სამრქიანი ტანკი
ბალახისმჭამელი ტრიცერატოფსი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ადვილად ამოსაცნობი დინოზავრია. საკმარისია, თვალი შეავლოთ ამ სამრქიან ტანკს, რომ მიხვდეთ, როგორ მიაღწია ერთ-ერთმა პირველმა ცერატოპსმა ცარცული პერიოდის მიწურულამდე.
ტრიცერატოფსს ზომისა და პოზის გამო ხშირად ადარებენ თანამედროვე სპილოებსა და მარტორქებს. ეს 9 მ სიგრძისა და 6-7 ტონა წონის დინოზავრი ოთხ გამართულ ფეხზე იდგა და ხმელეთის ცხოველთაგან ერთ-ერთი უდიდესი ზომის (3 მეტრამდე სიგრძის) თავი ჰქონდა. თითოეული თვალის ზემოთ მდებარეობდა გრძელი და წვეტიანი ძვლოვანი რქა, რასაც სავარაუდოდ თავდამსხმელების სარქენად და განსაგმირად იყენებდა. მესამე, უფრო მცირე ზომის რქა ცხვირს ზემოთ იყო გამოზრდილი. ფაფრის მსგავსი უზარმაზარი ძვლოვანი გამონაზარდი ალბათ კისერს იცავდა ან შეწყვილების პერიოდში პარტნიორს იზიდავდა. ტრიცერატოფსის თავის ქალა დანარჩენ სხეულს სფერული სახსრით უკავშირდებოდა. ექსპერტთა განცხადებით, ასეთი უნიკალური ადაპტაცია ტრიცერატოფსს საშუალებას აძლევდა, თავი თითქმის 360 გრადუსით მოებრუნებინა და ნებისმიერი მიმართულებიდან მოახლოებული საფრთხე დაენახა.
ტრიცერატოფსის ძვლებზე 1996 წელს ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა ტირანოზავრ რექსის ნაკბილარები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მტაცებელი ცდილობდა, ეს რქიანი ბალახისმჭამელი თავის საკვებ დიეტაში შეეყვანა. სხვა პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ზოგჯერ ტრიცერატოფსი ტირანოზავრ რექსის თავდასხმებს გადაურჩებოდა ხოლმე, რასაც კბენის შემდეგ ნაწილობრივ შეხორცებული ძვლები მოწმობს. სამწუხაროდ, მოსაზრება, რომ ტრიცერატოფსი ბულდოზერივით ესხმოდა თავს მოწინააღმდეგეებს, არასწორია. მიუხედავად ამისა, უნიკალური მახასიათებლების გამო ტრიცერატოფსი თავისი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და სახიფათო ბალახისმჭამელ დინოზავრს წარმოადგენდა.
წყარო: grunge.com, owlcation.com