მზის სისტემის 10 უახლოესი ვარსკვლავი


ვარსკვლავების შესასწავლად სამყაროში საუკეთესო ადგილი დედამიწის მიმდებარე რეგიონია. ბოლოსდაბოლოს, უახლოესი ვარსკვლავი ჩვენი პლანეტიდან სულ რაღაც 150 მილიონი კმ-ით არის დაშორებული: მზე. მისი ყოველდღიური ნათება და ცაზე პროგნოზირებადი მოძრაობა შეიძლება მოსაწყენ, მონოტონურ ელფერს აძლევდეს; მაგრამ ახლოდან დაკვირვებისას ნათელი ხდება, რომ ის მძვინვარე პლაზმის ცეცხლოვანი ქარიშხალია, მასზე პერიოდულად ხდება ანთებები, ხოლო ზედაპირი მუქი ლაქებითაა დაწინწკლული, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მზე ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ვარსკვლავია, რომლის სისტემაშიც სიცოცხლე არსებობს.

სამყაროს ჩვენთვის ცნობილ რეგიონში დაახლოებით 200 სექსტილიონი (რიცხვი 21 ნულით, ანუ მილიარდჯერ ტრილიონი) ვარსკვლავია, მაგრამ ასტრონომების ყურადღებას ძირითადად ახლომდებარე ვარსკვლავები იპყრობს. „ჩვენ ბუნებრივი მიზიდულობა გვაქვს ჩვენს სიახლოვეს მდებარე ციური სხეულებისადმი, რათა გავიგოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. ეს ჩვენი კოსმოსური სამეზობლოა და თანდათან ვაფართოებთ ჩვენთვის ნაცნობი რეგიონის ზომას“, ამბობს არგენტინის სან-მარტინის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი როდრიგო დიასი, რომელმაც ახლომდებარე ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა.

ამის გათვალისწინებით სასარგებლო იქნება, 10 უახლოეს ვარსკვლავს გავეცნოთ. შევხვდებით როგორც თეთრ, ცხელ ვარსკვლავებს, ისე წითელ, ცივ სხეულებს; მზეზე ორჯერ მასიური ვარსკვლავებიდან 10-ჯერ მცირე სხეულებს. ზოგიერთ მათგანზე მძლავრი ანთებები ხდება, ხოლო ზოგს, როგორც ირკვევა, რამდენიმე ეგზოპლანეტა აქვს. წარმოგიდგენთ ჩვენს ვარსკვლავ მეზობლებს, უახლოესიდან უშორესამდე.

 

პროქსიმა კენტავრი
პროქსიმა კენტავრი, მზის სისტემის უახლოესი ვარსკვლავი, ჩვენგან მხოლოდ 4.25 სინათლის წლის მოშორებითაა. ირმის ნახტომის გალაქტიკა საქართველოს ზომამდე რომ შემცირდეს, მზე და პროქსიმა კენტავრი იქნებოდა ორი მანათობელი წერტილი, რომლებიც ერთმანეთისგან 24 მეტრით არიან დაშორებული. ღამის ცაზე ეს ვარსკვლავი კენტავრის უზარმაზარ თანავარსკვლავედში იმალება. დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავად, პროქსიმა კენტავრი ისეთი მკრთალია, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. ის მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანს, რის გამოც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებ ადამიანებს მისი ხილვის ბედნიერება არ აქვთ.

პატარა და მკრთალი პროქსიმა კენტავრი წითელი ჯუჯაა, რაც ირმის ნახტომის გალაქტიკაში ვარსკვლავების ყველაზე გავრცელებული ტიპია. დიამეტრში მზის დაახლოებით მეშვიდედს (15%) შეადგენს, მასით 8-ჯერ მცირეა და 600-ჯერ ნაკლებად კაშკაშა. ამასთან, ის ფეთქებადი ვარსკვლავია, ცვალებადი ვარსკვლავის ტიპი, რომელსაც დროის ხანმოკლე პერიოდებში, ზოგჯერ სულ რამდენიმე წუთის მანძილზე, არაპროგნოზირებადი და მძლავრი სახის ნათება ახასიათებს.

ეს კაშკაშა ანთებები გვანიშნებს, რომ მის სისტემაში სიცოცხლის არსებობა ნაკლებად არის მოსალოდნელი. მის ორბიტაზე ასტრონომებმა ჯერჯერობით მხოლოდ 1 პლანეტა აღმოაჩინეს. პროქსიმა b, რომელსაც პირველად 2016 წელს დააკვირდნენ და 2020-ში საბოლოოდ დადასტურდა მისი არსებობა, კლდოვანი (ქვის) პლანეტაა დედამიწაზე 7%-ით მეტი მასით. მისი ორბიტა დასახლებად ზონაშია, ანუ ვარსკვლავიდან ისეთ დისტანციაზეა, რომ პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია: 2018 წელს ვარსკვლავმა გამოაფრქვია მძლავრი ელექტრომაგნიტური ნაკადი. თუკი ასეთი აფეთქებები წარსულში ხშირი იყო, პლანეტის ნებისმიერ ცოცხალ არსებას (ასევე ატმოსფეროს) მოსპობდა.

პლანეტის კანდიდატი პროქსიმა c, რომელსაც 2020 წელს დააკვირდნენ, უფრო შორ ორბიტაზე მოძრაობს და დედამიწაზე დაახლოებით 6-ჯერ მასიურია. ის ვარსკვლავისგან ზედმეტად შორსაა საიმისოდ, რომ თხევადი წყალი გააჩნდეს. 2022 წლის თებერვალში ასტრონომებმა განაცხადეს, რომ არსებობდა მესამე შესაძლო პლანეტის ნიშნები. ამ ციურ სხეულს დედამიწის მასის მხოლოდ მეოთხედი ექნება და ვარსკვლავთან იმდენად ახლოსაა, რომ ორბიტის გარშემოვლისთვის მხოლოდ 5 დღე ჭირდება.

 

პროქსიმა კენტავრი (ზედა მარცხენა კუთხეში) და პლანეტა პროქსიმა b ძირითად ფონზე.
მათ შორის ჩანს ტყუპი ვარსკვლავები – ალფა კენტავრი A და B.

 

ალფა კენტავრის ვარსკვლავები
პროქსიმა კენტავრი მარტოხელა ვარსკვლავი არ გახლავთ – ის 3 ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემის ნაწილია. მისი წყვილი კომპანიონი, ალფა კენტავრი A და B, თავიანთ საერთო გრავიტაციულ ცენტრს უვლიან გარშემო ყოველ 80 წელიწადში. ისინი დედამიწიდან დაახლოებით 4.35 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობენ და ერთმანეთისგან სხვადასხვა დროს მზე-დედამიწის დისტანციაზე მინიმუმ 11-ჯერ (სატურნის დაშორება მზისგან) და მაქსიმუმ 35-ჯერ (პლუტონის დაშორება მზისგან) მეტი მანძილი ჰყოფთ.

ალფა კენტავრი სისტემის ოფიციალურ სახელს აღარ წარმოადგენს. 2016 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად შეცვალა ალფა კენტავრი A-ს სახელი რიგილ კენტავრად, რაც მისი უძველესი არაბული სახელია და „კენტავრის ტერფს“ ნიშნავს (პროქსიმას მსგავსად, ეს ვარსკვლავიც კენტავრის თანავარსკვლავედშია). ალფა კენტავრის ორი ვარსკვლავიდან ის უფრო დიდია და უფრო მეტად ჰგავს მზეს. მზეზე 10%-ით მეტი მასა აქვს და ღია ყვითელ ფერში ბრდღვიალებს. მზის მსგავსად ისიც G2 კლასში შედის და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5500°C-ია.

მის მეწყვილე ვარსკვლავს, რომელიც ცნობილია, როგორც ალფა კენტავრი B, 2016 წელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ ტოლიმანი დაერქვა. ტოლიმანი მზეზე 10%-ით ნაკლებად მასიურია და, როგორც K ტიპის ვარსკვლავი, უფრო მეტად ნარინჯისფერში ანათებს. რიგილ კენტავრი და ტოლიმანი ერთი ვარსკვლავივით ანათებენ და შეუიარაღებელი თვალისთვის ღამის ცის მესამე ყველაზე კაშკაშა ციურ სხეულს წარმოადგენენ. ტელესკოპის დახმარებით ამ ორი ვარსკვლავის ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელი ხდება.

ალფა კენტავრი B-ის გარშემო მოძრავი პლანეტა (მხატვრის წარმოსახვა).
ჩვენი მზე ზედა მარჯვენა კუთხეში ჩანს.

ალფა კენტავრის ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტები ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, თუმცა 2022 წლის მარტში ასტრონომებმა გამოაქვეყნეს მოდელი, თუ რა სახე ექნებოდა დედამიწის ზომის პლანეტას ამ სისტემის დასახლებად ზონაში. მათი გამოთვლებით, ეს პლანეტა წყლის მოცულობით დედამიწის მსგავსი იქნება, მაგრამ უფრო უხვად ექნება ნახშირბადის სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა გრაფიტი და ალმასი. რკინის ბირთვი უფრო დიდი ზომის იქნება, ხოლო ტექტონიკური აქტივობები – სავარაუდოდ ნაკლები.

 

გაქცეული ვარსკვლავი
შემდეგი უახლოესი ვარსკვლავი, რომელიც 6 სინათლის წლის მოშორებით გველისმჭერის თანავარსკვლავედში მდებარეობს, გახლავთ ბარნარდი. ეს ვარსკვლავი ნაკლებად გამოირჩევა თავისი შემადგენლობით — ჩვეულებრივი პატარა წითელი ჯუჯაა, ისევე როგორც ვარსკვლავების უმეტესობა — თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის მოძრაობაზე. ბარნარდი ცაზე ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავია, რაც პირველად მისმა აღმომჩენმა, ამერიკელმა ასტრონომმა ედვარდ ემერსონ ბარნარდმა შენიშნა. დამკვირვებლის პერსპექტივიდან — რასაც ასტრონომები „საკუთარ მოძრაობას“ უწოდებენ — ჩანს, რომ ეს სხეული მოძრაობს წელიწადში 10.4″-ით (″ არის არკსეკუნდი, ანუ გრადუსის 1/3600), რაც ნიშნავს, რომ მისი სიჩქარე კოსმოსში (მზის მიმართ) 500 000 კმ/სთ-ია.

პროქსიმა კენტავრის მსგავსად, ბარნარდის ვარსკვლავიც ფეთქებადი ვარსკვლავია. ის რამდენიმე მილიარდი წლისაა და მზეზე 5-ჯერ მცირე რადიუსი აქვს. აქვს თუ არა პლანეტები, ეს კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია და ასტრონომიული საზოგადოების ერთ-ერთი ხანგრძლივი დავის საგანს წარმოადგენს. 1960-ინ წლებში ჰოლანდიელმა ასტრონომმა პიტერ ვან დე კამპმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა 2 გიგანტური, იუპიტერის მსგავსი პლანეტის არსებობის მტკიცებულება: ტელესკოპით ვარსკვლავზე მრავალჯერადი დაკვირვებისას მიღებულ გამოსახულებებზე იყო ადგილიდან წანაცვლების ნიშნები, რაც მიანიშნებდა, რომ ახლომდებარე პლანეტა მასზე გრავიტაციით მოქმედებდა. მაგრამ ეს მოსაზრება უარყვეს 1970-იან წლებში, როცა ვან დე კამპის ფოტოგრაფიული ფირფიტები შეისწავლეს და მსგავსი რყევები იგივე დროს ყველა დანარჩენ ვარსკვლავზე შენიშნეს, რაც სადამკვირვებლო მოწყობილობის ხარვეზი უნდა ყოფილიყო. 2018 წელს ჩატარებული კვლევის ავტორები სუპერდედამიწის არსებობის ძლიერ ნიშნებზე საუბრობდნენ, მაგრამ 2021 წელს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ დამაჯერებელ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს.

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ბარნარდის ვარსკვლავის გარშემო მოძრავი სუპერდედამიწის ზედაპირი (მხატვრის წარმოსახვა)

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლებს ძლიერ სურთ, ეს სიმართლე იყოს. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული ბარნარდის ვარსკვლავი და მისი წარმოსახვითი პლანეტები გვხვდება ბევრ წიგნში, ფილმსა და ვიდეოთამაშში, მათ შორის ნაწარმოებში „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“.

 

მგელი ვარსკვლავის ტყავში
შემდეგი უახლოესი ვარსკვლავი გახლავთ წითელი ჯუჯა ვოლფ 359, რომელსაც ასევე ხშირად ვხვდებით სამეცნიერო ფანტასტიკაში. სერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ ერთ-ერთ ეპიზოდში ვოლფ 359-ის ბრძოლისას უცხოპლანეტელი ბორგები ანადგურებენ ფედერაციის ათობით კოსმოსურ ხომალდს.

ვოლფ 359 ლომის თანავარსკვლავედში, დაახლოებით 7.9 სინათლის წლის მოშორებით მდებარე წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. სიახლოვის მიუხედავად, ის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ვოლფ 359 ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვარსკვლავია — დიამეტრით (222 620 კმ) იუპიტერთან (140 000 კმ) უფრო ახლოს დგას, ვიდრე მზესთან (1.4 მლნ კმ). პროქსიმა კენტავრისა და ბარნარდის ვარსკვლავის მსგავსად, ისიც პერიოდულად აკაშკაშდება ხოლმე და ბარნარდის ვარსკვლავივით სწრაფად გადაადგილდება ღამის ცაზე. ამ ციური სხეულის ამოცნობა პირველად გერმანელმა ასტრონომმა მაქს ვოლფმა შეძლო და თავის კატალოგში 1000-ზე მეტ სწრაფად მოძრავ სხვა ვარსკვლავთან ერთად შეიტანა. ვარსკვლავს არ აქვს საკმარისი მასა იმისთვის, რომ ზომაში გაიზარდოს და წითელ გიგანტად იქცეს. ასტრონომიული მოდელების თანახმად, ის სრულად კონვექციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სითბური ენერგია ცენტრიდან ზედაპირზე ამოდის, რაც პლაზმის უზარმაზარი მასების გადაადგილებით ხდება.

ვოლფ 359 ცვალებადი წითელი ჯუჯა ვარსკვლავია და მის ზედაპირზე ძლიერი ანთებები ხდება

2019 წელს პლანეტებზე მონადირეებმა, რომლებიც ასობით ახლომდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს აკვირდებოდნენ, ვოლფ 359-ის გარშემო მოძრავი 2 შესაძლო პლანეტის ნიშნები აღმოაჩინეს. ერთი მათგანი ცივი სუპერნეპტუნია და 2938 დღიანი ორბიტა აქვს. მეორე კანდიდატი, რომელიც უფრო ახლოს იყო ვარსკვლავთან, ცხელ სუპერდედამიწად მიიჩნეოდა მხოლოდ 2.69 დღიანი ორბიტით, მაგრამ შემდგომი დაკვირვებებით ამ პლანეტის არსებობა ეჭვქვეშ დადგა.

 

დიდხანს ნანატრი პლანეტები
ლალანდ 21185 დედამიწასთან ახლომდებარე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წითელი ჯუჯაა, თუმცა ამ ტიპის სხვა ვარსკვლავების მსგავსად, მაინც ძალიან მკრთალია შეუიარაღებელი თვალისთვის. მისი პოვნა შესაძლებელია 8 სინათლის წლის მოშორებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის სამხრეთ ნაწილში. როგორც დიამეტრის, ისე მასის მხრივ ლალანდ 21185 მზის ნახევარსაც ვერ აღწევს. ვარსკვლავის აღმომჩენია მე-18 საუკუნის ფრანგი ასტრონომი ჟერომ ლალანდი, რომელიც მეტწილად პლანეტების მდებარეობების კატალოგების შედგენით იყო დაკავებული.

ვარსკვლავი ასევე ცნობილია, როგორც გლიზე 411, რაც მისი აღნიშვნაა გლიზეს ვარსკვლავურ კატალოგში. ასტრონომები სულ მცირე 1950-იანი წლებიდან ვარაუდობდნენ, რომ გლიზე 411-ს პლანეტარული სისტემა აქვს, რადგან პიტერ ვან დე კამპმა და მისმა სტუდენტმა სარა ლიპინკოტმა ვარსკვლავის მოძრაობისას ძვრები დააფიქსირეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბარნარდის ვარსკვლავის მსგავსად, აქაც სადამკვირვებლო მოწყობილობის ხარვეზი იყო დამნაშავე. 1990-იან წლებში ასტრონომმა ჯორჯ გეითვუდმა ივარაუდა იუპიტერის მასის 90%-ის მქონე პლანეტის არსებობა. ჯერჯერობით არც ეს მოსაზრება გამყარებულა მტკიცებულებით.

2019 წლის მაისში ასტრონომებმა, მათ შორის როდრიგო დიასმა, განაცხადეს ლალანდ 21185-ის გარშემო მოძრავი სუპერდედამიწის არსებობის ახალ ნიშნებზე. ამ პლანეტის ორბიტა 13 დღეს უნდა შეადგენდეს და სიცოცხლის არსებობისთვის ზედმეტად მაღალი ტემპერატურა ექნება. 2022 წლის აპრილში გამოცხადდა ნეპტუნის მსგავსი პლანეტის არსებობის მტკიცებულებაზე, რომელიც 8 წლიან ორბიტაზე მოძრაობს (ასტრონომებმა ასევე აღნიშნეს, რომ დაკვირვებით მიღებულ მონაცემებში იკვეთება მესამე პლანეტაც, რომელსაც 215 დღიანი ორბიტა უნდა ჰქონდეს).

როგორი შეიძლება იყოს ლალანდ 21185-ის გარშემო მოძრავი ერთ-ერთი პლანეტა

დიასის თქმით, ვარსკვლავის სიახლოვე მას აქცევს მიმზიდველ სამიზნედ მომავალი სადამკვირვებლო მისიებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს ახალი უზარმაზარი ტელესკოპების მშენებლობა, რომლებსაც 20 მეტრზე მეტი დიამეტრის სარკეები ექნებათ — მათ შორისაა უკიდურესად დიდი ტელესკოპი (ELT) და მაგელანის გიგანტური ტელესკოპი (GMT), ორივე ჩილეში — და ასეთ პლანეტებზე და მათ ატმოსფეროებზე პირდაპირ დაკვირვებას შეძლებენ.

 

ძალიან კაშკაშა
მზის სისტემის მიღმა მდებარე ვარსკვლავებიდან ალბათ არცერთი არაა ისეთი ცნობილი, როგორც სირიუს A, ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. მისი ნათება მზისას 25-ჯერ აღემატება და მოლურჯო-მოთეთრო ფერს იღებს. დიამეტრი დაახლოებით 70%-ით განიერია, ხოლო მასით მზეზე 2-ჯერ მეტია, ზედაპირის ტემპერატურა კი 9600°C-ია. მაგრამ ჩვენი 4.6 მილიარდი წლის მზისგან განსხვავებით სირიუს A ფაქტიურად ჩვილია, მისი ასაკი მხოლოდ 200-300 მილიონი წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოქმნის პერიოდი დედამიწაზე პირველი დინოზავრების გამოჩენას ემთხვევა.

მეორე სახელი „ქოფაკის ვარსკვლავი“ მდებარეობის გამო ეწოდა – სირიუს A დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედშია. ძველი ეგვიპტელები ამ ვარსკვლავს სოპდეტს უწოდებდნენ და ნილოსის ყოველწლიურ ადიდებასთან აკავშირებდნენ, რადგან ის შუა ივლისში, განთიადამდე ცოტა ხნით ადრე ჩნდებოდა ხოლმე.

ალფა კენტავრის მსგავსად, სირიუს A გრავიტაციულად დაკავშირებულია თავის მეწყვილესთან, სირიუს B-სთან. მათ ჩვენგან 8.6 სინათლის წელიწადი აშორებთ და ერთმანეთს გარს უვლიან ყოველ 50 წელში, ორ ვარსკვლავს შორის მანძილი კი 8.2-დან (სატურნის დაშორება მზიდან) 31.5 ასტრონომიულ ერთეულამდე (ნეპტუნის დაშორება მზიდან) მერყეობს. მე-19 საუკუნის შუახანებში გერმანელმა ასტრონომმა ფრიდრიხ ბესელმა სირიუს A-ს ძვრებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მას მომცრო კომპანიონი უნდა ჰყოლოდა, თუმცა ტელესკოპით ამის დადასტურება მხოლოდ ბესელის სიკვდილის შემდეგ მოხდა ამერიკელი ასტრონომისა და ტელესკოპების მწარმოებლის ელვინ კლარკის მიერ. სირიუს B მართლაც მცირე ზომისაა — დაახლოებით დედამიწისხელა — მაგრამ სირიუს A-ზე ზეგავლენის გამო ივარაუდება, რომ მზის მასა უნდა ჰქონდეს. გამოდის, რომ სირიუს B თეთრი ჯუჯაა, ანუ ვარსკვლავში წყალბადის ამოწურვის შემდეგ დარჩენილი კაშკაშა ბირთვი.

სირიუს A და სირიუს B მხატვრის წარმოსახვით

საინტერესოა, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით 140 წელს ფილოსოფოსი პტოლემე სირიუსს აღწერდა, როგორც კაშკაშა წითელ სხეულს, რაც ასტრონომებს აფიქრებინებს, რომ ამ დროს სირიუს B წითელი გიგანტის ფაზაში იყო და სირიუს A-ს აღემატებოდა ნათებით, მოგვიანებით კი ამჟამინდელ მინიატურულ ზომამდე შემცირდა. თუმცა ვარსკვლავური ევოლუციის დროის სკალის მიხედვით ეს ნაკლებად სარწმუნო ჩანს.

ჯერჯერობით სირიუს A-ს ან B-ს გარშემო პლანეტები არ აღმოუჩენიათ. ასტრონომები მე-19 საუკუნის მიწურულიდან განიხილავდნენ ამ სისტემაში მცირე მასის მქონე მესამე ვარსკვლავის არსებობას, რის საფუძველსაც ორბიტული არარეგულარობები იძლეოდა; მაგრამ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან გაკეთებულმა დაკვირვებებმა ეს დაშვება გამორიცხა.

 

გაიცანით ვეშაპის ვარსკვლავები
სიაში ბოლო ორი ვარსკვლავი გახლავთ ვეშაპის BL და ვეშაპის UV. ორივე მათგანი ვეშაპის თანავარსკვლავედში, 8.6 სინათლის წლის მოშორებითაა, ორივე მთავარი მიმდევრობის მკრთალი ვარსკვლავია და ორმაგ სისტემას ქმნიან. ვეშაპის ვარსკვლავები, ასევე ცნობილი, როგორც ლეიტენ 726-8A და ლეიტენ 728-8B (ხოლო ერთობლივად აღნიშნავენ, როგორც ლეიტენ 726-8-ს ან გლიზე 65-ს) 1940-იანი წლების მიწურულს აღმოაჩინა ჰოლანდიელ-ამერიკელმა ასტრონომმა ვილემ ლეიტენმა, როცა მაღალი საკუთარი სიჩქარის მქონე ვარსკვლავების სიას ადგენდა. ისინი მასის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ 26.5 წლის ხანგრძლივობის ორბიტაზე, ხოლო მათ შორის მანძილი მზე-დედამიწის დაშორებას 5.5-ჯერ აღემატება, თუმცა ორბიტის ექსცენტრულობის გამო ეს მანძილი გარკვეული პერიოდულობით მნიშვნელოვნად იზრდება და მცირდება (2.1-დან 8.8-მდე).

ვეშაპის BL და ვეშაპის UV ფიზიკურად თითქმის იდენტურია. თითოეულ მათგანს მზის მასის დაახლოებით მეათედი და რადიუსის 14% აქვს. ორივე ფეთქებადი ვარსკვლავია; ვეშაპის UV, რომელიც უფრო ბობოქარი ხასიათისაა, ამ კატეგორიის პირველი ცნობილი ვარსკვლავი იყო. ის 1948 წელს აღმოაჩინეს და ასტრონომებმა მალევე შენიშნეს, რომ მისმა სიკაშკაშემ 4 მაგნიტუდით მოიმატა, ხოლო ზედაპირის ტემპერატურა 10000°C-ს გადაცდა. ამის შემდეგ ვარსკვლავი მალე გამკრთალდა.

ლეიტენ 726-8-ის ვარსკვლავები

დღესდღეობით ფეთქებად ვარსკვლავებს ხშირად უწოდებენ ვეშაპის UV-ს ტიპის ცვალებად ვარსკვლავებს. ათწლეულების მანძილზე მეცნიერები ლეიტენ 726-8-ის სისტემის ორივე ვარსკვლავზე მომხდარ ანთებებს დააკვირდნენ სხვადასხვა სიგრძის ტალღებში, მათ შორის ხილულ, რენტგენისა და ინფრაწითელ დიაპაზონებში. ვარსკვლავის ცვალებადობას შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, თუმცა ვეშაპის UV-ს ტიპის ვარსკვლავები ჩვენი მზის ანთებების ყველაზე მსგავს ანალოგს წარმოადგენენ, რასაც ვარსკვლავის აქტიური მაგნიტური ველი იწვევს.

 

მიმზიდველი იერსახე
ახლო მომავალში უახლოეს ვარსკვლავთა სისტემებთანაც კი ვერ შევძლებთ სტუმრობას. საბედნიეროდ, ტელესკოპები საშუალებას გვაძლევენ, ვარსკვლავების შემადგენლობა და მათი აქტივობები გამოვიკვლიოთ.

ღირს იმაზე დაფიქრებაც, ამ სისტემებში რომ მოაზროვნე დამკვირვებლები იყვნენ, მათი პერსპექტივიდან ჩვენი მზე როგორ გამოჩნდებოდა. ანთებებისა და პლანეტების მრავალფეროვნების გამო ალბათ მიმზიდველი ციური სხეული იქნებოდა უცხოპლანეტელი ასტრონომებისთვის, განსაკუთრებით ვოლფ-359 სისტემის მობინადრეებისთვის, საიდანაც დედამიწის ტრანზიტი (პლანეტის ვარსკვლავის წინ გავლა) ჩანს. გალაქტიკის ამ რეგიონის მობინადრეებისთვის ჩვენი მშობლიური ვარსკვლავი შესაძლოა ყველაზე საინტერესო იყოს.

 
წყარო: Astronomy Magazine

დატოვე კომენტარი