ადამიანები არც ისე განსაკუთრებულები არიან, როგორც გგონიათ

კანზის კარგი გემოვნება აქვს. მას ფორთოხალი, ალუბალი და ყურძენი უყვარს.

როცა კანზის რამე უნდა, ამას უთითებს ლექსიგრამაზე, სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობაზე, სადაც თითოეული სიმბოლო რომელიმე სიტყვას აღნიშნავს. კანზის 500 სიტყვის გამოყენება შეუძლია, ხოლო როცა ესაუბრებიან, რამდენიმე ათასი სიტყვა ესმის.

მას ასევე უყვარს მარშმელოუ. ცეცხლის ასანთებად ასანთს გაკრავს, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებულ ჯოხზე მარშმელოუებს შეათბობს.

კანზი ადამიანი არ არის. ის ადამიანის მსგავსი მაიმუნების ერთ-ერთი სახეობა, ჯუჯა შიმპანზეა (ბონობო), რომელიც შიმპანზეებთან ერთად ყველაზე ახლო ევოლუციური ნათესავია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირად საუბარი არ შეუძლია, კანზიმ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა პრიმატებზე – და შედეგად, ჩვენი წარმოდგენა ჩვენ თავზე.

იყო დრო, როცა ვთვლიდით, რომ მხოლოდ ადამიანებს ჰქონდათ ემოციები, მორალი და კულტურა. მაგრამ რაც უფრო მეტად ვიკვლევთ ცხოველთა სამყაროს, მით მეტ მტკიცებულებას ვაწყდებით, რომ ასე არ არის. ამჟამად ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ყველა ეს მახასიათებელი, რაც წარსულში კაცობრიობის განმასხვავებელ ნიშნად ითვლებოდა, ცხოველებშიც გვხვდება.

თუკი ეს მართლაც ასეა, ჩვენი სახეობა არც ისეთი უნიკალურია, როგორადაც მივიჩნევდით.

ცხადია, ამ მოსაზრებას ყველა არ დაეთანხმება. იხილეთ მეორე ნაწილი, სადაც ახსნილია, რატომ ვართ უნიკალურები.

იარაღების გამოყენება ერთ დროს ადამიანის უნიკალურ თვისებად ითვლებოდა.

სახეობა, განსაზღვრების თანახმად, უნიკალურია. ამ გაგებით ადამიანები უნიკალურები არიან, ისევე როგორც, მაგალითად, სახლის თაგვი. მაგრამ როცა ადამიანის უნიკალურობაზე ვსაუბრობთ, ამას მეტი დატვირთვა აქვს. ისტორიის მანძილზე ადამიანებმა ჩვენსა და სხვა ცხოველებს შორის გადაულახავი ბარიერი აღმართეს.

ფილოსოფოსი რენე დეკარტი მე-17 საუკუნეში წერდა, რომ ცხოველები უბრალოდ მანქანები არიან, ადამიანი კი  განსაკუთრებულია.

დარვინის წიგნებს გამოქვეყნების შემდეგ საყოველთაო აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ამას მოწმობს 1871 წელს გამოქვეყნებული სატირული კარიკატურა, სადაც დარვინი მაიმუნად არის წარმოჩენილი.

ჩარლზ დარვინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ იდეის წინააღმდეგ გაილაშქრა. წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ ის წერდა: „არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ადამიანსა და უმაღლეს ძუძუმწოვრებს შორის გონებრივი შესაძლებლობების მხრივ“ და რომ ყველა განსხვავება „არის ხარისხობრივი და არა თვისებრივი“.

მოგვიანებით მან დეტალურად აღწერა ადამიანისა და ცხოველების სახის გამომეტყველებების მსგავსებები.

„თუკი ახალგაზრდა შიმპანზეს მოვუღიტინებთ, ჩვენი ბავშვების მსგავსად საპასუხო რეაქცია იქნება ხითხითი ან სიცილი“, აღნიშნავდა ის. დარვინმა ასევე შენიშნა, რომ სიცილის დროს შიმპანზეებს თვალები უბრწყინავდათ და კანი უნაოჭდებოდათ.

ბონობოს და სხვა მაიმუნებს ჩვენს მსგავსად უყვართ ღიტინი

მისი აზრები დროის სვლასთან ერთად მიავიწყდათ ან დააიგნორეს. 1950-იან წლებში ცხოველები უკვე ინსტინქტებით მართულ უემოციო მანქანებად ითვლებოდნენ.

ბიჰევიორისტი (ქცევითი მეცნიერების შემსწავლელი) ბერეს ფრედერიკ სკინერი მიიჩნევდა, რომ ყველა ცხოველი არსებითად ერთნაირი იყო. „მტრედი, ვირთხა, მაიმუნი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რომელია.“ მისი თქმით, ყველა მათგანს შესწავლის ერთი და იგივე მეთოდი შეესაბამებოდა.

ამ დროს დომინირებდა აზრი, რომ ცხოველებს ინტელექტი არ ჰქონდათ. მათთვის ემოციების მიკუთვნებაზე ტაბუ არსებობდა, აღნიშნავს ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პროფესორი ფრანს დე ვაალი.

სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა, როცა პრიმატოლოგმა ჯეინ გუდოლმა 1960-იან წლებში ველური შიმპანზეების შესწავლა დაიწყო. მისი მიზანი იყო შიმპანზეების გამოკვლევა, რათა ადამიანთა უძველეს წინაპრებზე მეტი გაეგო.

ბონობო იყენებს სანადირო იარაღს, რათა მისთვის მიუწვდომელი სიღრმიდან საკვები მოიპოვოს

აფრიკაში ჩასვლისთანავე შენიშნა გუდოლმა ამ პრიმატებში ადამიანის მსგავსი ქცევები. ადრეულ კვლევებშივე შიმპანზეებს მდედრობითი და მამრობითი ნაცვალსახელებით (she, he) მოიხსენიებდა, ნეიტრალურის (it) ნაცვლად. მათ ასევე არქმევდა სახელებს, რაც იმ დროს აკადემიურ სივრცეში წარმოუდგენელი იყო და მათ უნიკალურ პიროვნულ შტრიხებს აღწერდა.

გუდოლმა აღმოაჩინა, რომ შიმპანზეები ხორცს მიირთმევდნენ და ვეგეტარიანელები არ იყვნენ, როგორც მანამდე ეგონათ. ხორცის მოსაპოვებლად კი სანადირო იარაღებს იყენებდნენ. მან დააფიქსირა შიმპანზეები, რომლებიც ტოტებით იჭერდნენ ტერმიტებს. ეს არსებითად რევოლუციური აღმოჩენა გახლდათ. მანამდე იარაღების გამოყენება ადამიანის უნიკალურ თვისებად მიიჩნეოდა.

პალეოანთროპოლოგმა ლუის ლიკიმ, რომელიც ამ დროს მისი პროექტის ხელმძღვანელი იყო, აღნიშნა: „ხელახლა უნდა განვსაზღვროთ ‘იარაღისა’ და ‘ადამიანის’ მნიშვნელობა ან შიმპანზეები ადამიანებად ვაღიაროთ“.

ფოტოგრაფი სიუ ფლადი შიმპანზესთან ერთად

ამავე პერიოდში დე ვაალი ჰოლანდიის ქალაქ არნემის ზოოპარკის შიმპანზეებს აკვირდებოდა. მან ბევრი რთული სოციალური ქცევა დააფიქსირა და იმედგაცრუებული იყო, რომ ამ მოვლენის აღმწერი კვლევები არ არსებობდა. „ჩემი ბიოლოგიის წიგნები უსარგებლო იყო“, ამბობს ის.

ის, რაც დარვინმა 100 წლით ადრე აღნიშნა, დე ვაალმაც შენიშნა: ახალგაზრდა შიმპანზეს მოღუტუნების დროს იგივე რეაქცია ჰქონდა, რაც ბავშვს. 2015 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ნაშრომში კი აღნიშნულია, რომ შიმპანზეები და ადამიანები ღიმილის დროს ერთსა და იმავე კუნთებს იყენებენ.

სახის გამომეტყველებათა საოცრად ფართო დიაპაზონი შეიძლება ჩვენი უნიკალური თვისება იყოს, მაგრამ თუკი შიმპანზეს საკმარისად დიდხანს დააკვირდებით სახეზე,  ღიმილისა და სიცილის ჩვენს მსგავს კომპლექსურ რეპერტუარს შენიშნავთ.

ასევე ვიცით, რომ შიმპანზეებს ძალიან კარგად გამოსდით ერთმანეთის ემოციების ამოკითხვა. ანალოგიურად არიან სხვა მაიმუნებიც.

შიმპანზეებს სახის გამომეტყველებების ფართო დიაპაზონი გააჩნიათ

შიმპანზეს სოციალური უნარები საფუძველს უყრის კიდევ ერთ ნიშან-თვისებას, რომელიც უნიკალურ ადამიანურ შტრიხად მიიჩნეოდა: მორალს.

ზოგადი განმარტებით მორალი მოიცავს სამართლიანობას, ალტრუიზმსა და ემპათიას. საუკუნეების მანძილზე მორალური კოდექსი განსაზღვრავდა ჩვენს წარმოდგენას ადამიანობაზე. დიდი ხნის განმავლობაში ვთვლიდით, რომ ჩვენი დახვეწილი მორალური მსჯელობა და ემპათია მხეცებისგან განგვასხვავებდა.

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აქვთ სამართლიანობის ძლიერი შეგრძნება. მაგალითად, თავიანთ საკუთრებას მეგობრებს უყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად დანაკლისი ექნებათ. ასევე ავლენენ ალტრუისტულ მიდრეკილებას: ძირს დავარდნილი ნივთების აღებაში ეხმარებიან სხვებს ჯერ კიდევ 14 თვის ასაკიდან.

მაგრამ სამართლიანობის შინაგანი გრძნობა სხვა ცხოველებშიც გვხვდება.

კაპუცინის მაიმუნებმა იციან, რა არის სამართლიანი და რა – უსამართლო

2003 წელს დე ვაალმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ რეაგირებდნენ კაპუცინი მაიმუნები უსამართლო მოპყრობაზე. მას შემდეგ, რაც ორი მაიმუნი დავალებას შეასრულებდა, ჯილდოდ კიტრს იღებდნენ. მაგრამ როდესაც ერთი მათგანი შემთხვევითობის პრინციპით ბევრად უფრო გემრიელ ყურძენს იღებდა, მეორეს განწყობა ეცვლებოდა და კიტრზე უარს ამბობდა.

შიმპანზეებიც ანალოგიურად იქცევიან. მაგრამ რა მოხდება, თუკი ექსპერიმენტის ჩამტარებელი ადამიანის ნაცვლად შიმპანზეები გადაწყვეტენ ჯილდოს საკითხს? ვიცით, რომ როდესაც საქმე საკვებს ეხება, ისინი უმეტესად ეგოისტურად იქცევიან. მეტოქეებს საჭმელს ართმევენ ან მალავენ.

თუმცა 2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში გაირკვა, რომ მათ თანამშრომლობის მნიშვნელობაც ესმით. საკვებს მაშინაც კი იყოფენ, როდესაც აქედან აშკარა სარგებელი არ ექნებათ. ჯილდოსაც ადამიანების მსგავსად თანაბრად ინაწილებენ. ერთ-ერთ დავალებაში შიმპანზეებმა ბანანები ისევე გაიყვეს, როგორც ადამიანები იყოფენ ფულს.

შიმპანზეები ზოგჯერ საკვებს იყოფენ, თუმცა არა ყოველთვის

შიმპანზეებს დახმარებისთვის მზადყოფნაც ახასიათებთ. ჩვილი ბავშვების მსგავსად, შიმპანზეებიც ეხმარებიან ადამიანებს მათთვის მიუწვდომელი საგნების აღებაში.

ისინი ერთმანეთსაც ეხმარებიან. შიმპანზეები საკვების ოთახის დაკეტილ კარს უხსნიდნენ მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამისგან სარგებელი არ ჰქონდათ. ველურ ბუნებაში მკვლევარებს შეუმჩნევიათ, როგორ ეხმარებიან შიმპანზეები ჯგუფის შრომისუუნარო წევრებს, შვილად იყვანენ არამონათესავე ობლებს და ბრაკონიერების მახისგან თავის დახსნაში ეხმარებიან მეგობრებს.

ალტრუიზმის ასეთი გამოვლინებები ღრმად უნდა იყოს ცხოველთა სამეფოში ფესვგადგმული, რადგან ვირთხებიც შველიან მეგობრებს წყალში ჩაძირვისას, თუნდაც თავადაც დასველდნენ ამ დროს.

ეს კვლევები მიგვანიშნებს, რომ თანამშრომლობა ბევრი სახეობაში გადარჩენისთვის სასარგებლო შტრიხია. თუკი ადამიანები, შიმპანზეები და ვირთხები ერთმანეთს ეხმარებიან, ამ სამი არსების საერთო ევოლუციური წინაპარიც იმავეს იზამდა.

„შიმპანზეები ცხოვრობენ მრავალფეროვან სოციალურ გარემოში და ერთმანეთზე არიან დამოკიდებული“, ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი ფელიქს ვარნეკენი. „სოციალური ნორმების მქონე დიდი საზოგადოების არსებობა აუცილებელი არ არის იმ ღრმად გამჯდარი გრძნობის გამოსავლენად, რომ სხვებზე ვზრუნავთ“.

შიმპანზეები ბევრ რამეს აკეთებენ ერთობლივად, მაგალითად ერთმანეთს ბეწვებს უსუფთავებენ

უკვე მოძველდა დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული შეხედულება, რომ შიმპანზეები ეგოისტი და საძაგელი არსებები არიან, აღნიშნავს დე ვაალი. „ადამიანები ამბობენ, რომ მორალი სათავეს ღმერთისგან, რელიგიისგან იღებს, მაგრამ მორალის ფესვებს სხვა სახეობებშიც ვხვდებით“.

ცხადია, კარგს ცუდიც ახლავს თან. არასწორი იქნებოდა, თუკი შიმპანზეებს მხოლოდ მეგობრულ და მორალურ არსებებად ჩავთვლიდით. ჩვენ მსგავსად მათაც აქვთ ბნელი მხარე. არსებობს ბრძოლების, მკვლელობებისა და ინფანტიციდის (ახალშობილთა ხოცვა) შემთხვევებიც კი.

მათი საზოგადოება ეფუძნება რთულ იერარქიულ სოციალურ წყობას, სადაც ახლო მეგობრული ურთიერთობები აუცილებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შიმპანზეები ზოგჯერ მანიპულაციებს მიმართავენ.

იხილეთ ვიდეო, რომელიც იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის პრიმატების კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. აქ თაღლითობის აშკარა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

დე ვაალი ამას „მაკიაველიანიზმს“ უწოდებს, ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის ნიკოლო მაკიაველის მიერ აღწერილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ცბიერი მეთოდების მიხედვით.

ერთხელ მან შენიშნა, რომ დომინანტი მამრი შიმპანზე, რომელმაც მეგობრების დახმარებით მოიპოვა ძალაუფლება, ეჭვიანობას იწყებდა, როცა მოკავშირეებს მის მეტოქეებთან ჰქონდათ კონტაქტი. საპასუხოდ ის მათ ერთმანეთისგან იზოლირებულად ამყოფებდა. „როგორც კი მისი საუკეთესო მეგობარი მისი მეტოქის ბეწვის გაწმენდას იწყებს, ეჭვიანი ხდება და მათ ერთმანეთისგან აცალკევებს“, ამბობს დე ვაალი. „ეს გათიშე და იბატონეს სტრატეგიაა“.

შიმპანზეებს იერარქიაში თავიანთი ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევთ

ასეთი ქცევები და მათი ანალიზი მიგვანიშნებს, რომ შიმპანზეებს აქვთ სოციალური ცნობიერება და ერთმანეთის ქცევა ესმით. მაგრამ რამდენად კარგად გამოსდით ეს?

ადამიანებს სხვების გონებრივი მდგომარეობის აღქმა შეუძლიათ, რასაც ფსიქოლოგები „ადამიანის ფსიქიკის თეორიას“ უწოდებენ. შეგვიძლია გავიგოთ, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები და რა არის მათი განზრახვა, დავასკვნათ, რა იციან ან არ იციან.

ბავშვები ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ და ამჟამად დიდი რაოდენობით მტკიცებულებაა, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნებიც ფლობენ მსგავს უნარებს.

ამ თვალების მიღმა ბევრი რამ იმალება

მაგალითად, ჯგუფში მეორეხარისხოვანი როლის მქონე შიმპანზე გემრიელ ბანანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუკი ამას დომინანტი შიმპანზე ვერ შენიშნავს. დაქვემდებარებულმა იცის, რომ დომინანტს მასზე პრეტენზია ექნება.

შიმპანზეებს რაღაც დონეზე ადამიანების ფსიქიკაც ესმით. ისინი ხვდებიან განსხვავებას, როცა პიროვნებას მათთვის საკვების მიცემა არ სურს და როცა საკვების მიცემა არ შეუძლია.

ამ დარგში უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ საკვების ჩამორთმევის შემდეგ შიმპანზეები საკვებს იპარავენ გაუმჭვირვალე ყუთიდან, რადგან ექსპერიმენტატორი ვერ ხედავს, მის შიგნით რა ხდება, ხოლო გამჭვირვალე ყუთს ხელუხლებელს ტოვებენ.

ცხადია, ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც სხვებს აღიქვამს მიზნების, განზრახვებისა და აღქმის მქონე ინდივიდებად, ამბობს მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის (ლაიფციგი, გერმანია) მეცნიერი კატია კარგი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელი იყო.

პატარა ბონობოები (Pan paniscus) ძალიან ჰგვანან ადამიანის ბავშვებს

შემდეგი ეტაპი იმის გარკვევაა, აქვთ თუ არა ორანგუტანებს ეს უნარი, აღნიშნავს კარგი. ჩვენი ევოლუციური გზა 14 მილიონი წლის წინ გაიყო, ამიტომ თუ ეს უნარი აღმოაჩნდებათ, მაშინ აზრების აღქმის ნიჭი უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

სხვისი გონებრივი მდგომარეობის შეცნობა საკუთარი მდგომარეობის ცნობიერ გააზრებას მოითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შიმპანზეებს რაღაც დონეზე ცნობიერი გაგება გააჩნიათ.

ისინი ამ საკითხში უნიკალურები არ არიან. ეს უნარი შემჩნეულია ბევრ სხვა მაიმუნში, დელფინებში, აზიურ სპილოებსა და ევროპულ კაჭკაჭში.

შიმპანზეებს ტოტების გამოყენებით გემრიელი ტერმიტები ბუდიდან გამოყავთ

შიმპანზეებს კულტურაც კი აქვთ. მართალია, სიმფონიებს არ ქმნიან, მაგრამ კულტურა განისაზღვრება, როგორც ცოდნისა და ჩვეულებების გადაცემა ერთი თაობიდან მეორეზე. დე ვაალის თქმით, შიმპანზეები კულტურულ და სოციალურ სწავლებაზე არიან დამოკიდებული.

ამჟამად ამის საკმარისი მტკიცებულება არსებობს. ველურ ბუნებაში შიმპანზეების საზოგადოებებმა დაიწყეს სხვადასხვა იარაღების გამოყენება, განავითარეს არშიყობისა და ერთმანეთის მოვლის ქცევები, რასაც შთამომავლობასაც ასწავლიან.

ლაბორატორიაში შიმპანზეები კულტურულ ნორმებს ემორჩილებიან, იარაღებს ისევე იყენებენ, როგორც სხვები. მკვლევართა თქმით, საზოგადოებრივი წესებისადმი ასეთი მოჩილება „ადამიანური კულტურის ნიშან-თვისებაა“. შიმპანზეები თავიანთი ჯგუფის სოციალურ ნორმებს ემორჩილებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ სხვა მეთოდები ანალოგიურად სასარგებლო იქნებოდა.

ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ საჭმლის კეთება ისწავლონ და პროცესში სასმელზეც არ იტყვიან უარს: 17-წლიანმა კვლევამ დაადგინა, რომ ველურ ბუნებაში შიმპანზეები პალმის ხის წვენისგან ბუნებრივად გამოხდილ ალკოჰოლურ სასმელს ეტანებიან და თრობის ნიშნებსაც კი ავლენენ.

შიმპანზეებს კომუნიკაციის ბევრი ფორმა აქვთ, მაგალითად ხვნეშა-ყვირილი

მორალი, ცნობიერება და კულტურა ერთ დროს ადამიანის უნიკალურ თვისებად ითვლებოდა, მაგრამ სამივე მათგანს ვხვდებით შიმპანზეებში. რა გვრჩება?

ცხადია, სასაუბრო ენა. შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე წიგნები დავწეროთ, შიმპანზეები ამას ვერ აკეთებენ. თვალებში თუ ჩავხედავთ და ვკითხავთ, თავს როგორ გრძნობენ, სიტყვიერ პასუხს არ უნდა ველოდოთ.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ მათ კომუნიკაციის რთული სისტემა აქვთ. შიმპანზეებს არ გააჩნიათ სათანადო ვოკალური სტრუქტურები, რათა ჩვენი მსგავსი ხმები გამოსცენ. მაგრამ ენა სასაუბრო სიტყვებზე მეტია: ჟესტები და სახის გამომეტყველებები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამის გათვალისწინებით, შიმპანზეებს არც ისე დაუხვეწავი ენა აქვთ.

მოზარდი ბონობო (Pan paniscus)

შიმპანზეებს ჩვენსავით განვითარებული უნარები არ აქვთ, თუმცა ენის ბევრი კომპონენტი გააჩნიათ. ბონობო სახელად კანზი განსაკუთრებული შემთხვევაა და ის ადამიანებმა ავარჯიშეს. თუმცა შიმპანზეები ბევრ რამეს ახერხებენ დამოუკიდებლად.

მაგალითად, ერთ კვლევაში გაირკვა, რომ შიმპანზეების ჟესტების მესამედი ძალიან ჰგავს ადამიანებისას. მათ შორისაა ვინმეს მოხმობა თავის დაკვრით და მოშორება ხელის გაქნევით. სხვა კვლევის ფარგლებში 66 სხვადასხვა ჟესტი დააფიქსირეს და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა.

შიმპანზეების ენას კულტურული ვარიაციებიც აქვს – მათ მიერ ვაშლის საპასუხოდ გამოცემული ბგერები განსხვავდება კულტურის მიხედვით. ეს აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როცა ჰოლანდიური შიმპანზეების ჯგუფი შოტლანდიურ ზოოპარკში გადაიყვანეს.

აშკარაა, რომ ბევრი სხვა სახეობის მსგავსად შიმპანზეები ერთმანეთთან  კომპლექსური ფორმის კომუნიკაციას ამყარებენ. პრობლემა ჩვენშია: მათი საუბრის აზრს გვიან ჩავწვდით.

შიმპანზეები ერთმანეთს კოცნიან ხოლმე

რაც უფრო გულმოდგინედ ვეძებთ ადამიანებსა და ჩვენს ევოლუციურ მონათესავე სახეობებს შორის მსგავსებებს, მით მეტს ვპოულობთ. „ბიოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ მრავალი სახეობიდან ერთ-ერთი ვართ“, ამბობს დე ვაალი.

ის ხაზს უსვამს, თუ როგორ კოცნიან და ეხვევიან შიმპანზეები ერთმანეთს ჩხუბის შემდეგ შერიგების მიზნით, ადამიანების მსგავსად. „თუკი იტყვით, რომ ეს სრულიად განსხვავებული ქმედებაა, მაშინ გეკისრებათ იმის ახსნის ტვირთი, რაში მდგომარეობს განსხვავება შიმპანზეებისა და ადამიანების ქმედებებში“, აღნიშნავს დე ვაალი.

უდავოა, რომ ადამიანის შესაძლებლობები შიმპანზეებთან შედარებით ბევრად განვითარებულია, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება სასაუბრო ენას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ განსხვავებები არა აბსოლუტური და არსებითი, არამედ ხარისხობრივია – და ეს ხარისხობრივი სხვაობა სულ უფრო მცირდება, რაც უფრო გულმოდგინედ ვიკვლევთ.

ამ გაგებით, ადამიანები სხვა ცხოველებზე უნიკალურები არ არიან.

წყარო: BBC

ნაწილი II: რატომ არის ადამიანი უნიკალური არსება

 

მსგავსი პოსტები:

დატოვე კომენტარი