გავრცელებული მეცნიერული მითები, რომლებისაც დღემდე სჯერათ

სხვადასხვა მეცნიერულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმცდარის დემონსტრირება წლების წინ მოხდა, ასეთი მითების ჯერ კიდევ ბევრს სჯერა.

 

 

ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ.

მართალია, ტვინზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით არის ცნობილი, რომ მთელ ტვინს ვიყენებთ. თუნდაც საკმარისი მონაცემები არ გვქონდეს ტვინის სკანირებებიდან იმის საჩვენებლად, რომ მოსაზრება ტვინის 10%-ის გამოყენებაზე სრულიად მცდარია (გვაქვს), ლოგიკური მსჯელობითაც ჩანს მისი უსაფუძვლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის მასა მხოლოდ 1200-1400 გრამია, მას საოცრად ბევრი ენერგია სჭირდება – სხეულში არსებული ჟანგბადისა და გლუკოზის დაახლოებით 20% ამ ერთ ორგანოს ხმარდება. არადამაჯერებელია ახსნა, რომ ევოლუციამ ტვინი ასეთ ხარჯიან და ამავდროულად მეტწილად უსარგებლო ორგანოდ ჩამოაყალიბა.

გარდა ამისა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ტვინის სიმსივნით დაავადებული პაციენტისთვის ეთქვათ: „გილოცავთ! სიმსივნე ტვინის იმ ნაწილშია, რომელსაც არ იყენებთ!“ ტვინის ტრავმებსაც იშვიათად ექნებოდა გამანადგურებელი შედეგები, თუკი მის დიდ ნაწილს ისედაც არ ვიყენებთ. ასევე ძალიან ცოტა ადამიანი გადარჩება ხოლმე იარაღით თავში მიყენებული ჭრილობისგან და ამ შემთხვევაშიც კი ადგილი აქვს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

შეიძლება ტვინის ყველა უბანს ყოველთვის ერთდროულად არ იყენებთ, მაგრამ არცერთი ნაწილი არ რჩება გამოუყენებელი დღის განმავლობაში. რამდენად იყენებს ესა თუ ის ადამიანი მის ხელთ არსებულ პოტენციალს, სხვა საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ტვინის დიდი ნაწილი მუდმივად უქმად არის.

 
 
 

მთვარეს ბნელი მხარე აქვს.

ასეა, პინკ ფლოიდმა ბევრს ჩაუბეჭდა არასწორი წარმოდგენა.

ჩვენთვის, დედამიწაზე მყოფთათვის, მთვარის ზედაპირის მხოლოდ 59%-ის დანახვაა შესაძლებელი (თუმცა არა ერთდროულად), დანარჩენი 41% კი მხედველობის არედან მუდმივად დაფარულია. ეს 41% ალბათ მოცული იქნება სუსხიანი სიბნელით, სადაც მზის სითბო ვერასდროს აღწევს, ხომ ასეა? არა.

მცდარი მოსაზრების გავრცელების მიზეზი სინქრონული ბრუნვაა, რის გამოც გვეჩვენება, თითქოს მთვარე არ ბრუნავს, რადგან მუდმივად ერთი მხარე აქვს ჩვენკენ მოქცეული. სინამდვილეში ის თავისი ღერძის გარშემო საკმაოდ ნელა ბრუნავს და სრულად შემოტრიალებას დაახლოებით იმდენივეს ანდომებს, რამდენსაც – დედამიწის გარშემო ორბიტის გავლას (27.3 დღე). იმას, რომ ერთი მხარე (ასე თუ ისე) მუდმივად დაფარულია დედამიწიდან, კავშირი არ აქვს მზის სინათლესთან, რომელსაც ის იღებს. ბოლოს და ბოლოს, ყველამ ვიცით, რომ მთვარეს სხვადასხვა ფაზები აქვს.

თუ არ ჩავთვლით მთვარის დაბნელებას, მზის სინათლე მუდმივად ეცემა მთვარის ნახევარზე (ზუსტად ისე, როგორც დედამიწის შემთხვევაში). როცა მზე სრულად ანათებს მთვარის იმ მხარეს, რომლის დანახვაც შეგვიძლია, მას შესაბამისად სავსე მთვარეს ვუწოდებთ. როცა მთვარის რომელიმე ნაწილი აღარ ჩანს, ამ დროს მზის სინათლე სრულად ან ნაწილობრივ ხვდება მთვარის იმ რეგიონზე, რომელსაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ. მთვარეს ნამდვილად გააჩნია რეგიონი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „მთვარის შორეული მხარე“ (იხ. ფოტო), თუმცა არც უფრო ბნელია და არც ნათელი იმ მხარესთან შედარებით, რომელსაც ვხედავთ.

 
 
 

სავსე მთვარე ადამიანთა ქცევაზე გავლენას ახდენს.

ეს მითი დიდი ხანია, არსებობს და განსაკუთრებით გავრცელებულია მათ შორის, ვინც მოხუცებთან ან ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებთან მუშაობს. მის მიხედვით, სავსე მთვარე ადამიანებს უცნაურად მოქცევისკენ უბიძგებს და მრავალი შესაძლო ახსნაც არსებობს. მაგალითად, „დამნაშავეა“ ტვინში არსებული წყალი, რომელზეც ზემოქმედებს მთვარე თავისი მოქცევა-მოქცევის ძალებით. ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ ძალადობრივი დანაშაულები იზრდება ასეთ დროს და ერთხელ დიდი ბრიტანეთის პოლიციის განყოფილებებშიც კი გაზარდეს თანამშრომელთა რიცხვი, რათა სავსე მთვარის პერიოდში დანაშაულთან უფრო ეფექტურად ებრძოლათ.

ეს საკითხი ბევრჯერ იქნა შესწავლილი და დადგინდა, რომ უმნიშვნელო კორელაცია არსებობს სავსე მთვარესა და არაბუნებრივი ქცევების ზრდას შორის. რამდენიმე კვლევისას მართლაც დააფიქსირეს სავსემთვარეობისას დანაშაულების რიცხვის ზრდა, თუმცა მიზეზი ის იყო, რომ ამ დროს ემთხვეოდა დღესასწაული ან უიკენდი. როგორც კი ეს ფაქტორი გაითვალისწინეს, მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. ასე რომ სავსე მთვარე საშიში არ არის, თუ რა თქმა უნდა, მაქცია არ ხართ.

 
 
 

შაქარი ბავშვებს ჰიპერაქტიურს ხდის.

ბავშვების დაბადების დღეზე ყოფნისას, სადაც უხვადაა ნამცხვრები, ნაყინები და ტკბილი სასმელები, ბევრი იფიქრებს, რომ შაქარი ხელს უწყობს ჰიპერაქტიურობას. არ არსებობს ძლიერი მხარდამჭერი მტკიცებულებები, რომ ბავშვებში ე.წ. „შაქრის ეიფორია“ რეალური მოვლენაა (გარდა მათთვის, ვისაც ინსულინთან დაკავშირებული დარღვევები და გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ერთდროულად აქვს). დაბადების დღეებზე ან სხვა დღესასწაულებზე მოჭარბებული ენერგიის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ბავშვებთან თამაშით ან ტკბილეულით დასაჩუქრებით გამოწვეული აღტაცება. ასევე შესაძლებელია, პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს რიგ ინგრედიენტებს, მაგალითად კოფეინს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ შაქრის მიღება ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება. საშუალო ამერიკელი წელიწადში 27 კგ შაქარს მოიხმარს (დასაშვებ დოზაზე 3-ჯერ მეტს), როცა 200 წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.5-2 კგ იყო. ბევრი შაქრის მიღება დაკავშირებულია წონაში მატებასთან, ინსულინორეზისტენტობასთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან და ზოგჯერ გარკვეული სახის კიბოს წარმოქმნის რისკთანაც კი.

 
 
 

მეხი ერთ ადგილს ორჯერ არ ეცემა.

„მეხი ერთ ადგილს ორჯერ არ ეცემა“ – ეს საკმაოდ გავრცელებული გამოთქმაა და იმის აღსანიშნავად გამოიყენება, რომ თუკი რაღაც ცუდი მოხდა, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. სამწუხაროდ, რეალური მეხის ჩამოვარდნასთან ამ ფრაზას არანაირი კავშირი არ აქვს.

ელვა არის უზარმაზარი ელექტროსტატიკური განმუხტვა, რომელიც ქვემოთკენ ეძებს გზას და ნაკლებად აინტერესებს, წარსულში იქ უკვე დაეცა მეხი თუ არა. მაღალი ობიექტები, როგორიცაა ხეები და ცათამბჯენები, როგორც წესი, უფრო ხშირად ხდებიან სამიზნეები, რადგან მათსა და ელვის წარმოქმნის ადგილს შორის უფრო მოკლე მანძილია. ტყის ყველაზე მაღალ ხეს გამოდარებამდე შეიძლება რამდენჯერმე დაეცეს მეხი. უფრო მეტიც, „ემფაირ სთეით ბილდინგს“ წელიწადში 100-ჯერ ეცემა მეხი.

ნასამ 2003 წელს გამოქვეყნა კვლევა, რომელიც აღწერდა ღრუბლიდან დედამიწაზე მეხის დაცემის 386 შემთხვევას და აღნიშნული იყო, რომ მათგან მესამედზე მეტი იტოტებოდა და ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ეცემოდა. ასე რომ მეხი არამარტო ორჯერ ეცემა ერთ ადგილს, არამედ შეიძლება ორ ადგილს ერთდროულად დაეცეს.

 
 
 

მაღალი შენობიდან გადმოგდებულმა ხურდამ შეიძლება ვინმე მოკლას.

თუკი „ემფაირ სთეით ბილდინგის“ სახურავზე ახვალთ (რომელსაც იმედია, ამ დროს მეხი არ დაეცემა) და იქიდან ხურდას გადმოაგდებთ, გზაზე მიმავალ ადამიანს არ მოკლავს. ხურდა, რომელიც დაახლოებით 1 გრამს იწონის და ბრტყელი წრიული ფორმა აქვს, აეროდინამიკის პირობებში არც ისე საშიშია. გზაში ის ბევრჯერ გადატრიალდება და შემობრუნდება, ამას დამატებული მცირე მასა და შედარებით დაბალი საბოლოო სიჩქარე (105 კმ/სთ) ტროტუარზე ფეხით მოსიარულისთვის არსებით საფრთხეს არ წარმოადგენს. მას ისეთი შეგრძნება ექნება, თითქოს თავში წკიპურტი კრეს. შემაწუხებელი ნამდვილად იქნება, მაგრამ სასიკვდილო – არა.

თუმცა ისეთი რამეების გადაგდებისას, რაც უფრო მასიურია და მეტად აეროდინამიკური, გაიზრდება ობიექტის საბოლოო სიჩქარე და ზიანიც მეტი იქნება. სწორედ ამიტომ მშენებლობის არეალში უსაფრთხოების ზომები მოითხოვს დამცავი ჩაფხუტით სიარულს, რათა დიდი სიმაღლიდან შემთხვევით გადმოცვენილი ქვებითა და სამშენებლო მასალებით არავინ დაშავდეს.

 
 
 

თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდებიან.

იმისთვის, რომ თმა და ფრჩხილები ადამიანის სიკვდილის შემდეგ გაიზარდოს, ამ ადამიანმა უნდა განაგრძოს საჭმლის მიღება და საკვები ნივთიერებების გადამუშავება, უჯრედული პროცესები კი არ უნდა შეჩერდეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პიროვნება მკვდარი აღარ იქნება. ამიტომ გამორიცხულია, მკვდარმა სხეულმა ისევ გამოიმუშაოს კერატინი, რათა თმა და ფრჩხილები გაზარდოს.

თუმცა ვიზუალურად ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ფრჩხილები და თმა მართლაც იზრდება. როცა მკვდარი კანი შრება, უკან იწევს და შორდება თმის ძირებსა და ფრჩხილის ბუდეებს. თმასა და ფრჩხილებზე არ მოქმედებს ნესტის ნაკლებობა და არ პატარავდებიან, რაც ისე აჩენს, თითქოს გაიზარდნენ. ამავე მიზეზით სუფთად გაპარსულ მამაკაცებს სახეზე თითქოს უკვე ცოტათი ამოსული აქვთ წვერი. ბევრ დამკრძალავ ბიუროს მომსახურებაში აქვს გარდაცვლილის სხეულის დატენიანება, რათა დაკრძალვამდე გამოშრობის პროცესი შენელდეს.

 
 
 

თითების ტკაცუნი ართრიტს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჭკვიანურად ჟღერდეს, თითებზე დაწოლა და გაწელვა მათი გატკაცუნების მიზნით ოსტეოართროზის გამომწვევიაო, რაც თავის მხრივ სახსრების დეგენერაციული დაავადებაა, კვლევები ამას არ ადასტურებს. 1998 წელს დონალდ უნგერმა (იხ. ფოტო) გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღნიშნა, რომ 60 წლის განმავლობაში ყოველდღე იტკაცუნებდა მარცხენა ხელის თითებს, მაგრამ არასდროს – მარჯვენას და სახსრების მდგომარეობებს შორის განსხვავება არ იყო. ამისთვის მან 2009 წელს იგნობელის პრემია (ტრადიციული ნობელის პრემიის პაროდია) მიიღო.

სინოვიური სითხე არის ნივთიერება, რომელიც ბალიშივით მოქმედებს და ხახუნს ამცირებს სინოვიურ სახსრებში – თითის სახსრებში, იდაყვებში, მუხლებსა და მენჯბარძაყის სახსარში. როცა სახსარი იწელება და სასახსრე კაფსულას შორდება, კაფსულაში წნევის შემცირების შედეგად გამოიყოფა აირი, რომელიც ქმნის ბუშტუკებს, რათა ცარიელი ადგილი შეავსოს. სახსარზე დაწოლამ კი შეიძლება წარმოქმნას მაღალი და მკაფიო ხმა, რადგან ბუშტუკი სკდება და სახსარი თავის ადგილს უბრუნდება. თუკი თითების ტკაცუნს თან ახლავს ტკივილი, შეიძლება საქმე გვქონდეს სახსრების დაზიანებასთან. ტკაცუნის ხმა შეიძლება მოდიოდეს მყესიდანაც, რომლის ძალა დროთა განმავლობაში მცირდება.

 
 
 

გადაყლაპული საღეჭი რეზინის მონელებას 7 წელი სჭირდება.

საღეჭი რეზინი ნამდვილად არ მოინელება ამდენი ხნის განმავლობაში. უფრო მეტიც, მას საერთოდ არ ვინელებთ. გარდა მცირეოდენი დამატკბობლებისა და არომატიზატორებისა, მასში დიდი არაფერია, რასაც ორგანიზმი გადაამუშავებს და გამოიყენებს. საღეჭი რეზინის მასა მზადდება რეზინის მსგავსი პოლიმერებისგან, რომლებსაც ელასტომერები ეწოდებათ, ასევე გლიცერინისა და მცენარეული ზეთისგან მიღებული ინგრედიენტებისგან, რაც საღეჭი რეზინის სირბილესა და სისველეს უზრუნველყოფს. როგორც კი სხეული გამოაცალკევებს იმ მცირე მონელებად ნაწილს, დანარჩენი გზას აგრძელებს, როგორც უსარგებლო მასა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საღეჭი რეზინის ყლაპვა კარგი აზრია. დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება განვითარდეს შეკრულობა ან ნაწლავების გაუვალობა, რაც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. საღეჭი რეზინი ასევე შეიძლება შეუერთდეს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ სხვა მოუნელებად რამეებს, როგორიცაა მონეტები, პატარა სათამაშოები და მზესუმზირის ბასრი ქერქები, რაც ნაწლავების გაუვალობას ან სხვა სახის ზიანს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ საღეჭი რეზინი შიგნეულობას 7 წლით არ მიეკვრება, მაინც აჯობებს, სანაგვე ყუთში მოისროლოთ, ბავშვებს კი მხოლოდ მაშინ მისცეთ, როცა ეცოდინებათ, რომ არ უნდა გადაყლაპონ.

 
 
 
ანტიბიოტიკები ვირუსებს ხოცავენ.

ეს მითი გრიპისა და გაციების ყოველ სეზონზე ძლიერდება. ანტიბიოტიკები, მათი განსაზღვრების თანახმად, ანადგურებენ ბაქტერიებს. გაციებასა და გრიპს კი იწვევენ ვირუსები (რომლებიც ბაქტერიებისგან ძლიერ განსხვავდებიან და ბიოლოგების დიდი ნაწილი მათ ცოცხალ ორგანიზმადაც კი არ თვლის) და ანტიბიოტიკებით მათ მოქმედებას ვერ შეაჩერებთ. ზოგის აზრით, ანტიბიოტიკის მიღება ვირუსული დაავადების დროსაც კი გარკვეულ დონეზე მაინც სასარგებლოა, მაგრამ ეს მავნე მითია, რადგან შეიძლება რეალურად დამატებითი პრობლემების გამომწვევი გახდეს. ანტიბიოტიკების არადანიშნულებისამებრ ან არასათანადო დოზით მიღებისას სხეულში არსებულმა ბაქტერიებმა შეიძლება მის მიმართ წინააღმდეგობა (რეზისტენტულობა) გამოიმუშავონ, რაც ბოლო პერიოდში სერიოზულ პრობლემად იქცა. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს „სუპერბაქტერიების“ წარმოქმნას, რომლებიც ჩვეულებრივ ბაქტერიებზე უფრო ძლიერ დავაადებებს იწვევენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, ექიმები ყოველწლიურად ათობით მილიონ რეცეპტს წერენ ანტიბიოტიკებზე ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ. ეს ნაწილობრივ ავადმყოფობის მიზეზის გაურკვევლობით ან პაციენტის (ან პატარა პაციენტის მშობლის) დაჟინებული თხოვნით ხდება. როცა დაავადება შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული ისე ვირუსული, ექიმების ნაწილი პაციენტს არ აიძულებს, რამდენიმე დღე ელოდოს ანალიზის შედეგს ლაბორატორიიდან და პირდაპირ ანტიბიოტიკებს უნიშნავს. თუმცა აუცილებელია, პაციენტებს ესმოდეთ, რომ ანტიბიოტიკი არ კლავს ვირუსს და შესაბამისად, არ მოითხოვონ ექიმისგან ისეთი წამალი, რომელმაც შეიძლება სარგებელზე უფრო მეტი ზიანი მოუტანონ.

დატოვე კომენტარი