რატომ არის ადამიანი უნიკალური არსება

„მე სიკვდილი ვარ, ქვეყნიერების დამანგრეველი“, განაცხადა ფიზიკოსმა რობერტ ოპენჰაიმერმა, რომელმაც ატომური ბომბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულმა ორმა ბომბმა დაახლოებით 200 000 იაპონელის სიცოცხლე შეიწირა. არასდროს არცერთ სხვა სახეობას არ ჰქონია ხელთ ამხელა ძალაუფლება, არც ამის მიღწევის შესაძლებლობა.

ატომური ბომბის ტექნოლოგია შეთანხმებულად მოქმედი კოლექტიური გონების წყალობით არსებობს: ასობით მეცნიერი და ინჟინერი საერთო ძალისხმევით მუშაობდა ამის მისაღწევად. ანალოგიური უნიკალური ინტელექტი და ურთიერთთანამშრომლობა უფრო დადებითი გამოგონებების საფუძველიც გახდა,  როგორიცაა მაგალითად თანამედროვე მედიცინა.

მაგრამ მხოლოდ ამაში გამოიხატება ჩვენი უნიკალურობა? ბოლო წლებში ბევრი ისეთი შტრიხი, რაც ადამიანის მახასიათებლად ითვლებოდა, დაწყებული მორალიდან დამთავრებული კულტურით, ცხოველთა სამყაროს სხვა მობინადრეებშიც დააფიქსირეს (იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი). მაშ რა გვაქცევს განსაკუთრებულად? სია შეიძლება უფრო მოკლეა, ვიდრე ერთ დროს იყო, მაგრამ მაინც გვაქვს ისეთი ნიშან-თვისებები, რაშიც ტოლს დედამიწის ვერცერთი მობინადრე ვერ დაგვიდებს.

ადამიანს განადგურებაში ვერცერთი სახეობა ვერ დაუდებს ტოლს

მას შემდეგ რაც ადამიანმა წერა ისწავლა, მუდმივად აღწერდა თავის გამორჩეულობას. ფილოსოფოსმა არისტოტელემ 2000 წლის წინ აღნიშნა ჩვენი განსხვავება ცხოველთა სამყაროს სხვა სახეობებისგან. მისი თქმით, ჩვენ ვართ „რაციონალური ცხოველი“, რომელმაც მიზნად ცოდნის მოპოვება დაისახა. ჩვენ ხელოვნებითა და აზროვნებით ვსულდგმულობთ, აღნიშნავდა ის.

არისტოტელეს ნათქვამი მეტწილად ისევ მართებულია. დიახ, ჩვენს უახლოეს ევოლუციურ ნათესავებში, შიმპანზეებსა და ბონობოებში, იმ ქცევების ფესვებს ვხედავთ, რომლებიც ადამიანის მახასიათებლად ითვლებოდა. მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვიკვლევთ მათ სამყაროს და ამის შესახებ წიგნებს ვწერთ.

„ცხადია, მსგავსებებიც გვაქვს. ბუნებაში რაც კი არსებობს, ყველაფერთან გვაქვს რაღაც საერთო. განსაცვიფრებელი იქნებოდა, ასე რომ არ იყოს. მაგრამ ყურადღება განსხვავებებზე უნდა გავამახვილოთ“, ამბობს იენ ტატერსალი, ნიუ-იორკში მდებარე ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეოანთროპოლოგი.

ამ განსხვავებების გასაგებად პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ, აქამდე როგორ მოვედით. რატომ ვართ დღესდღეობით ადამიანის ერთადერთი სახეობა, ხოლო ჩვენი ადრეული წინაპრები გადაშენდნენ?

ნეანდერტალელებს (მარცხნივ) ჩვენსავით არ გაუმართლათ

ადამიანებისა და შიმპანზეების ევოლუციური გზა მათი საერთო წინაპრიდან 6 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ გაიყო. ნამარხებში შემორჩენილი მტკიცებულებები  გვამცნობს, რომ თანდათანობით ვიცვლებოდით. ხიდან მიწაზე ჩამოვედით, ორ ფეხზე სიარული დავიწყეთ და დიდ ჯგუფებად ვერთიანდებოდით. შემდეგ ჩვენი ტვინის ზომაც გაიზარდა. ბიოლოგიურად პრიმატები ვართ, თუმცა ჩვენი დიდი ზომის ტვინი ნამდვილად უჩვეულოა.

ზუსტად არ ვიცით, რის გამო დაიწყო ტვინმა ზრდა და მიაღწია ამჟამინდელ ზომას, თუმცა მსჯელობის კომპლექსური უნარების არსებობას სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ.

სავარაუდოდ ჩვენი დიდი ტვინის წყალობითაა, რომ საერთოდ ვარსებობთ. როდესაც ჩვენ ჰომო საპიენსი – პირველად გავჩნდით დაახლოებით 200 000 წლის წინ, მარტო არ ვყოფილვართ. პლანეტას ვიყოფდით სულ მცირე ოთხ სხვა ევოლუციურ ბიძაშვილთან, რომლებიც ასევე ორ ფეხზე იდგნენ: ნეანდერტალელები, დენისოველები, „ჰობიტი“ ფლორესის ადამიანი და იდუმალი მეოთხე ჯგუფი.

ადამიანის ტვინი დიდი ზომისაა, რაც უპირატესობას გვაძლევს

ქვის იარაღების სახით შემორჩენილი მტკიცებულება მიგვანიშნებს, რომ დაახლოებით 100 000 წლის მანძილზე ჩვენი ტექნოლოგია ძალიან ჰგავდა ნეანდერტალელებისას, მაგრამ 80 000 წლის წინ რაღაც შეიცვალა.

„ნეანდერტალელების ნაშთების მატიანე შთამბეჭდავია, თუმცა ჰომინინების კვალობაზე – არსებითად რუტინული. როგორც კი ჰომო საპიენსის ქცევა უცნაური და უფრო დახვეწილი გახდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ცვლილება ნორმად იქცა“, ამბობს ტატერსალი.

ჩვენ უკეთესი კულტურული და ტექნოლოგიური არტეფაქტების დამზადება დავიწყეთ. ჩვენი ქვის იარაღები უფრო დახვეწილი გახდა. ერთი კვლევის თანახმად, ადამიანმა სწორედ ტექნოლოგიური ინოვაციის გამო დატოვა აფრიკა. სიმბოლურ ღირებულებებს ვანიჭებდით ისეთ საგნებს, როგორიცაა გეომეტრიული ფორმები ფირფიტებსა  და გამოქვაბულის ნახატებში.

ამის საპირისპიროდ, ძალიან მცირეა მტკიცებულება, რომ სხვა ჰომინინები რამე სახის ხელოვნებას ქმნიდნენ. ერთი ნიმუში, რომელიც სავარაუდოდ ნეანდერტალელების შემოქმედებაა, იმის მტკიცებულებად შეირაცხა, რომ მათ ჩვენი მსგავსი აბსტრაქტული აზროვნება ჰქონდათ. თუმცა რეალურად ეს ქვაზე ამოჭრილი ხაზებია და ზოგი იმასაც ეჭვქვეშ აყენებს, რომ ნამდვილად ნეანდერტალელებმა შექმნეს. ჰომო საპიენსის მიერ შექმნილი სიმბოლოები აშკარად უფრო დახვეწილია. თუმცა ჩვენი წინაპრები სიმბოლური საგნების გაჩენამდე 100 000 წელი ხეტიალობდნენ დედამიწაზე. რა მოხდა?

ადამიანს ხატვის უნარი ისტორიის ადრეულ ეტაპზევე ჰქონდა

ენის შესწავლასთან დაკავშირებული უნარები როგორღაც თანდათანობით „ამუშავდა“, ამბობს ტატერსალი. ისევე როგორც ადრეულ ფრინველებს ბუმბულები მანამდე განუვითარდათ, ვიდრე ფრენას დაიწყებდნენ, ჩვენც კომპლექსური ენის არსებობისთვის საჭირო გონებრივი შესაძლებლობები მანამ გვქონდა, ვიდრე სასაუბრო ენას შევქმნიდით.

ტატერსალი აღნიშნავს, რომ ენის მსგავსი სიმბოლოების გამოყენებით ჩვენი წინაპრები მათ გარშემო არსებულ სამყაროს აღწერდნენ. მაგალითად, ვიდრე სიტყვას წარმოთქვამთ, ჯერ თქვენს ტვინში ჩნდება მისი მნიშვნელობის შესაბამისი სიმბოლური წარმოდგენა. ამ გონებრივმა სიმბოლოებმა საფუძველი ჩაუყარა ენის განვითარებას მთელი თავისი კომპლექსურობითა და ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობით, რაც იმის მიზეზია, რომ ჩვენ დღესდღეობით ერთადერთი ჰომინინები ვართ.

უცნობია, ზუსტად როდის ან როგორ განვითარდა მეტყველება. თუმცა ლოგიკური ჩანს იმის დაშვება, რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო კიდევ ერთი უნიკალური ადამიანური თვისება: ჩვენი აღმატებული სოციალური უნარები.

ადამიანებისა და შიმპანზეების შედარებითი კვლევები აჩვენებს, რომ თუმცა ორივეს შეუძლია ურთიერთთანამშრომლობა, ადამიანები უფრო ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს. ბავშვებს ბუნებრივად აქვთ დახმარებისკენ მიდრეკილება. ისინი უანგაროდ მოქმედებენ, ვიდრე მათ გონებაში სოციალური ნორმები გაჯდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი სპონტანურად უღებენ უფროსებს კარებს და „შემთხვევით“ დავარდნილ ნივთებს იღებენ. ისინი თამაშსაც კი წყვეტენ, თუკი ვინმეს დახმარება ჭირდება. სამართლიანობის შეგრძნება პატარა ასაკიდანვე უყალიბდებათ. თუნდაც ექსპერიმენტი ისე იყოს მოწყობილი, რომ რომელიმე ბავშვი უფრო მეტ ჯილდოს იღებდეს, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ჯილდო ყველა წევრზე თანაბრად გადანაწილდეს.

ბავშვები ავლენენ „პროაქტიურ“ სიკეთეს, განსხვავებით ჩვენი უახლოესი ევოლუციური ნათესავებისგან

ჩვენ ვიცით, რომ შიმპანზეებიც შეთანხმებულად მოქმედებენ და საკვებს უანგაროდ ინაწილებენ. თუმცა მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის (ლაიფციგი, გერმანია) მეცნიერის მაიკლ ტომასელოს თქმით, ისინი მხოლოდ მაშინ თანამშრომლობენ, როცა რამე სარგებელს ელიან.

„ადამიანებიც ასე იქცევიან, თუმცა მათ ისიც ადარდებთ, მათ პარტნიორს რა ერგება. ზოგიერთ ექსპერიმენტში 14-18 თვის ბავშვები მონაწილეობენ და ავლენენ მოლოდინს, რომ მათი პარტნიორი გარკვეული გზით ითანამშრომლებს მათთან. ისინი ერთმანეთს ისე უზიარებენ, რომ მსგავს რამეს შიმპანზეებში არ ვხვდებით“.

ადამიანთა ბავშვები ნაკლებად დარდობენ იმაზე, ვისთან იყოფენ რამეს. რაც შეეხება შიმპანზეებს, აღმოჩნდა, რომ ისინი ხშირად მხოლოდ ახლო ნათესავებს უზიარებენ, უპირატესობას ანიჭებენ პარტნიორებსა და პოტენციურ მეწყვილეებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ფეიქს ვერნეკენი ამგვარად აღწერს ამ განსხვავებას: ბავშვები არიან „პროაქტიურები“, ანუ მაშინაც კი მზად არიან დახმარებისთვის, როცა უმნიშვნელო მინიშნებებს აძლევენ. შიმპანზეებს უფრო მეტი წახალისება ჭირდებათ. ისინი „რეაქტიულები“ არიან – საგნებს მცირე მუჯლუგუნის შემდეგ აბრუნებენ.

ევოლუციის პერიოდში რაღაც უნდა მომხდარიყო, რამაც ადამიანები ერთმანეთზე მეტად დამოკიდებული გახადა, ამბობს ტომასელო. ჩვენს ტვინებს საწვავი ჭირდებოდათ ზომაში გასაზრდელად, ამიტომ ჯგუფურ ნადირობას შეიძლება ამ საკითხში გადამწყვეტი როლი ეთამაშა. ჩვენი გუნდური მუშაობის დახვეწილი უნარები შეიძლება უბრალოდ საკვების მოსაპოვებლად ერთად მუშაობის ხანგრძლივი ისტორიის ანარეკლი იყოს.

 

აზრის წამკითხველები

ის ფაქტი, რომ ჩვენი უახლოესი ევოლუციური ნათესავებიც ერთმანეთს უზიარებენ, აჩვენებს, რომ ეს უძველესი შტრიხია. ის უკვე არსებობდა პირველი ადამიანების ჩახლართულ ევოლუციურ განშტოებებში, მაგრამ ამ სახეობებიდან არცერთი არ ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორც ჩვენ ვართ დღეს.

ადამიანებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სხვა პიროვნების აზრები აღიქვან

ეს თანამშრომლობითი უნარები მჭიდრო კავშირშია ჩვენს აზრების წაკითხვის უნართან. გარშემო სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის საფუძველზე შეგვიძლია მივხვდეთ, სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ ისიც გვესმის, რა ვერ ეცოდინებათ სხვებს. სალი-ენის ტესტი მარტივი გზაა ბავშვებში ამ უნარის შესამოწმებლად.

ბავშვი ხედავს თოჯინას, სახელად სალის, რომელიც სხვა თოჯინის, ენის თანდასწრებით კალათში დებს მინის ბურთულას. როდესაც სალი ოთახიდან გადის, ენის ბურთულა ყუთში გადააქვს. სალი ბრუნდება და ამ დროს ექსპერიმენტატორი ეკითხება ბავშვს, სად დაიწყებს ბურთულის ძებნას სალი.

რადგან სალის არ უნახავს, როგორ შეუცვალა ენიმ ადგილი ბურთულას, მას ექნება მცდარი წარმოდგენა, რომ ბურთულა ისევ კალათშია. ამას 4 წლის ბავშვების უმეტესობა ხვდება და ამბობენ, რომ სალი კალათში მოძებნის ბურთულას. მათ იციან, რომ ბურთულა იქ არ არის, მაგრამ ასევე ესმით, რომ სალის არასრული ინფორმაცია აქვს არსებულ სიტუაციაზე. 

შიმპანზეებს მიზანმიმართულად შეჰყავთ ერთმანეთი შეცდომაში, ასე რომ გარკვეულ დონეზე ესმით სხვების მსოფლმხედველობა. თუმცა სხვების მცდარი წარმოდგენების აღქმა არ შეუძლიათ. როცა სალი-ენის ტესტი შიმპანზეებისთვის გადააკეთეს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ხვდებიან, როცა მათმა კონკურენტმა არ იცის საკვების ადგილმდებარეობა, მაგრამ ვერ იაზრებენ იმას, რომ ეს არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ხდება. ტომასელო ამას ასე ხსნის: შიმპანზეებმა იციან, რა იციან სხვებმა და რისი დანახვა შეუძლიათ სხვებს, მაგრამ არ იციან, რისი სჯერათ მათ.

ეს ჩვენ შესახებ რაღაც მნიშვნელოვანს გვამცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც ესმის, რომ სხვებსაც აქვთ განზრახვა და მიზნები, „ჩვენი უნიკალურობა გამოიხატება აბსტრაქტულობის იმ დონეში, რომლითაც სხვების გონებრივ მდგომარეობაზე მსჯელობა შეგვიძლია“, ამბობს კატია კარგი, რომელიც ასევე მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერია.

სასაუბრო ენამ მოგვცა კომპლექსური აზრებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა

როცა გავაერთიანებთ სასაუბრო ენის უბადლო უნარებს, სხვების გონებრივი მდგომარეობის შეცნობის შესაძლებლობასა და თანამშრომლობის ინსტინქტს, ვიღებთ უპრეცედენტო რამეს: ჩვენ თავს.

მართალია, შიმპანზეებში ძირითად ლინგვისტურ უნარებს ვხვდებით, მაგრამ მხოლოდ ჩვენ სახეობას შეუძლია ინფორმაციის წერილობით აღრიცხვა. ჩვენ ვყვებით ისტორიებს, ვოცნებობთ, ჩვენს თავზე და სხვებზე რაღაცებს წარმოვიდგენთ და დიდ დროს ვატარებთ მომავალზე ფიქრსა და წარსულის ანალიზში.

საქმე ამით არ ამოიწურება, ამბობს ტომას სადენდორფი, ქვინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ევოლუციური ფსიქოლოგი. ჩვენ გვაქვს გონებათა დაკავშირებისკენ ფუნდამენტური მიდრეკილება. „ეს საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ სხვების გამოცდილება, მოსაზრებები და წარმოდგენები, რათა ჩვენი ქცევები დავგეგმოთ“.

„წარმოსახვითი სიტუაციების შემქმნელ ტვინებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ ცოდნის ფართო ქსელში“.  თავის მხრივ, ეს გვეხმარება თაობების მანძილზე ინფორმაციის დაგროვებაში.

ჩვენ ტვინებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი განმსაზღვრელი შტრიხია

სწრაფად განვითარებადმა ტექნოლოგიამ საშუალება მოგვცა, ჩვენი აზრები სხვებს გავუზიაროთ ღილაკზე თითის დაჭერით. ტექნოლოგია და აზრების ასეთი გადაცემა გვეხმარება, ჩვენ შესახებ მეტი გავიგოთ. კერძოდ, ვიყენებთ ენას, რათა სხვების მიერ წამოყენებული აზრები განვავრცოთ.

ცხადია, კარგთან ერთად ცუდსაც ვავრცელებთ. ჩვენს შექმნილ ტექნოლოგიას მსოფლიოს განადგურებაც შეუძლია.

მაგალითისთვის ავიღოთ მკვლელობა. ადამიანი არ წარმოადგენს ერთადერთ სახეობას, რომელიც თანამოძმეებს ხოცავს. ომების წარმოებაშიც კი არ ვართ ერთადერთი სახეობა. მაგრამ ჩვენი ინტელექტი და სოციალური გამბედაობა საშუალებას გვაძლებს, ეს ქმედებები უპრეცედენტო მასშტაბებამდე ავიყვანოთ.

ჩვენ ბრძოლისა და ხოცვის უპრეცედენტო შესაძლებლობები გვაქვს

წიგნში „ადამიანის წარმოშობა“ ჩარლზ დარვინი წერდა, რომ ადამიანები და ცხოველები განსხვავდებიან მხოლოდ ხარისხობრივად და არა თვისებრივად. ეს განცხადება ისევ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ სადენდორფის თქმით, სწორედ ეს თანდათანობითი ცვლილებები გვაქცევს განსაკუთრებულად და „ფიქრის რადიკალურად განსხვავებულ შესაძლებლობებამდე“ მიგვიყვანა.

სწორედ ფიქრის ასეთი უნარების წყალობით შეგვიძლია, ჩვენსა და შიმპანზეებს შორის არსებული განსხვავებები აღვწეროთ. შედარებისთვის მათ იმიტომ ვირჩევთ, რომ დღესდღეობით ისინი ჩვენს ყველაზე ახლო ევოლუციურ ნათესავს წარმოადგენენ. ამჟამად გადაშენებული ადრეული ადამიანები რომ ისევ არსებობდნენ, ჩვენს ქცევებს პირველ რიგში მათ შევადარებდით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი წარმოშობა შეიმეცნონ. სხვა ცხოველებთან შედარებით ჩვენ უფრო შორსაც ვიხედებით წარსულსა და მომავალში. სხვა რომელი სახეობა დაფიქრდებოდა სამყაროს ასაკზე ან მის აღსასრულზე?

ჩვენ სიკეთის კეთების უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს. ამავდროულად ჩვენს უახლოეს ევოლუციურ ნათესავებს გადაშენების რისკის წინაშე ვაყენებთ და ვანადგურებთ ერთადერთ პლანეტას, რომელსაც სახლს ვუწოდებთ.

წყარო: BBC

ნაწილი I: ადამიანები არც ისე განსაკუთრებულები არიან, როგორც გგონიათ

 

მსგავსი პოსტები:

დატოვე კომენტარი