ლევიათანი – ვეშაპებზე მონადირე მიოცენის ეპოქიდან

თანამედროვე ოკეანეებში ცელნამგალა ვეშაპები სხვა სახეობის ვეშაპებზე ნადირობენ – ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს ზომით მათზე დიდ საკბილოს. თუმცა ამჟამად ვეშაპები ნამდვილად არ არიან ისეთი უიღბლოები, როგორც 12 მილიონი წლის წინ, პერუს სანაპიროსთან მობინადრე მათი წინაპრები. მათზე ნადირობდა ბევრად დიდი მტაცებელი, რომელსაც მეცნიერებმა სათანადო სახელი შეურჩიეს: ლევიათანი.

მელვილის ლევიათანი (Livyatan melvillei), რომელიც ბიბლიური ზღვის ურჩხულისა და მობი დიკის ავტორის სახელთა გაერთიანებას წარმოადგენს, პრეისტორიული კაშალოტი გახლდათ. მისი ნამარხი 2008 წელს აღმოაჩინა ექსპედიციამ, რომელსაც ბელგიელი მეცნიერი ოლივიე ლამბერი ხელმძღვანელობდა. 13.5-18.5 მ სიგრძისა და 57 ტონამდე წონის ვეშაპი თანამედროვე კაშალოტების ზომის იყო, თუმცა მათზე ბევრად საშიში.

ლევიათანის თავის ქალა საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ ადამიანი მთლიანად გადაეყლაპა და ნებისმიერი ოთხფეხასგან სხეულის დიდი ნაწილი მოეგლიჯა. მოკლე განიერი დინგი ძლიერი კბენის საშუალებას იძლეოდა წინა კბილებით, რომლებიც წინ იყო მიმართული, რათა მსხვერპლის მოღუნულ სხეულს კარგად მოჭიდებოდა.

თანამედროვე კაშალოტებს ზედა ყბაზე ფუნქციური კბილები არ აქვთ, ქვედა ყბაზე კი მხოლოდ პატარა კბილებია განთავსებული (რომლებსაც უმეტესწილად შეტაკებისას იყენებენ). ისინი შესრუტვით იკვებებიან და დამოკიდებული არიან იმაზე, წყლის ნაკადთან ერთად რამდენი ცოცხალი ორგანიზმი მოხვდება მათ პირში. რაც შეეხება ლევიათანს, მისი პირი სავსე იყო უზარმაზარი კბილებით, რომელთაგან ყველაზე დიდები სიგრძეში 36 სმ-ს, ხოლო სიგანეში – 10 სმ-ს აღწევდა. ცხადია, მათი დანიშნულება წყლის შესრუტვა არ იყო! ლევიათანი თავის მსხვერპლს ძლიერი ყბებით იჭერდა, ღრმა ჭრილობებს აყენებდა და ქსოვილებს აგლეჯდა ცელნამგალა ვეშაპების მსგავსად, ოღონდ მათგან განსხვავებით სამჯერ დიდი (3 მ სიგრძის) თავის ქალა ჰქონდა.

ლევიათანის თავის ქალა აშკარად უფრო ძლიერი და მეტად დაკბილული იყო, ვიდრე თანამედროვე კაშალოტებისა, რომლებიც წყლის შესრუტვით იკვებებიან. თანამედროვე ცელნამგალა ვეშაპების მსგავსად, ლევიათანიც ძლიერი კბენით დაიჭერდა მსხვერპლს, ოღონდ კბენის ძალა მინიმუმ 3-ჯერ მეტი იქნებოდა. მისი საფეთქლის ფოსო – ზედაპირული ჩაღრმავება თავის ქალის გვერდითა მხარეს – უშველებელი იყო და ყბის უზარმაზარი კუნთების საყრდენს წარმოადგენდა.

ლევიათანი კვებითი ჯაჭვის სათავეში იყო და დიდი რაოდენობით საკვები დაჭირდებოდა. თანამედროვე კაშალოტები მეტწილად კალმარებით იკვებებიან, მაგრამ ლევიათანი, ლამბერის აზრით, თავის თავზარდამცემ კბილებს იყენებდა თავისი მონათესავე სახეობების – გიგანტური უკბილო ვეშაპების – დასახოცად. პრეისტორიის ამავე პერიოდში უკბილო ვეშაპებმა ბევრად მოიმატეს ზომაში და ლევიათანის საბინადრო არეალში ყველაზე გავრცელებული მსხვილი ცხოველები იყვნენ. ლამბერი მიიჩნევს, რომ გიგანტი მტაცებელი ენერგიის ასეთ მდიდარ წყაროზე სანადიროდ ადაპტირდა. მისი თქმით, „საშუალო ზომის უკბილო ვეშაპები, რომლებიც დიდი რაოდენობით ქონს შეიცავდნენ, ლევიათანისთვის ძალიან ხელსაყრელი საკბილოები იქნებოდნენ“.

ლევიათანის კბილები (A-C) სიგრძეში 36 სმ-ს, ხოლო სიგანეში – 10 სმ-ს აღწევდა. მსგავსი ზომის კბილები ჯერ კიდევ 1877 წელს აღმოაჩინეს, რაც წარმოადგენდა ამაღელვებელ მინიშნებას მტაცებელი კაშალოტის არსებობაზე. თუმცა ამ კბილების შესაბამის თავის ქალას მხოლოდ 21-ე საუკუნეში წააწყდნენ.

ალბათ დამთხვევა არ არის, რომ ისტორიაში უდიდესი ზვიგენი – ძლევამოსილი მეგალოდონი – დედამიწის ამავე რეგიონში და ისტორიის ამავე პერიოდში ბინადრობდა. მიიჩნევა, რომ მეგალოდონიც ვეშაპებზე ნადირობდა და მისი კბილებიც აღმოუჩენიათ სერო-კოლორადოში, სადაც ლევიათანის ნამარხი იყო. რთულია იმის თქმა, იყო თუ არა ეს ორი მტაცებელი ერთმანეთის პირდაპირი მეტოქე, რადგან შესაძლოა, პერუს ზღვების სხვადასხვა ნაწილებში დაცურავდნენ. ლამბერი ვარაუდობს, რომ ამ ორი სახეობის ზრდასრული წარმომადგენელები ერთმანეთის ახალგაზრდა ნაშიერებს მიირთმევდნენ, თუმცა ჯერჯერობით პირდაპირი მტკიცებულება არ გვაქვს. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ზვიგენი ამობრუნებისას დეზორიენტაციის გამო შეიძლება კომაში ჩავარდეს. თანამედროვე კაშალოტებმა ეს იციან და ზვიგენებზე ნადირობისას აქტიურად იყენებენ მათ ამ სისუსტეს. თუკი ლევიათანი მეგალოდონს დაუპირისპირდებოდა, შეიძლება უპირატესი ინტელექტის წყალობით გამარჯვებული გამოსულიყო.

ლევიათანი ნადირობისას

ბოლო პერიოდში პერუსა და იტალიაში სხვა, უფრო მცირე ზომის პრეისტორიული კაშალოტებიც აღმოაჩინეს. მათი ძლიერი კბილების შესწავლით გაირკვა, რომ ეს მტაცებლები მსხვერპლს ცელნამგალა ვეშაპებივით ესხმოდნენ თავს. კბილები, როგორც წესი, მცირე ზომის იყო, მაგრამ ჯერ კიდევ 1877 წელს ნამარხებზე მონადირეებმა დიდი ზომის კბილებსაც მიაგნეს, რომლებიც ძალიან ჰგავდა კაშალოტისას. ეს კბილები წარმოადგენდა ამაღელვებელ მინიშნებას ბევრად უფრო მასიური ცხოველის არსებობაზე, მაგრამ თავის ქალას ვერ პოულობდნენ. კბილების პატრონის ვინაობა გამოცანად რჩებოდა.

მეცნიერები პისკო-იკას უდაბნოში, პერუ

ლამბერმა ამ სახეობის ნამარხის აღმოჩენა 2006 წელს განიზრახა. მან პერუში მდებარე პისკო-იკას უდაბნოში რამდენიმე ექსპედიცია ჩაატარა. გათხრები ნაყოფიერი არ აღმოჩნდა, მაგრამ გუნდის შეუპოვრობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო. „2008 წლის ნოემბერში, საველე მივლინების ბოლო დღეს, ჩემმა ჰოლანდიელმა კოლეგამ, კლაას პოსტმა, ვეშაპისებრთა ოჯახის ძალიან დიდი ზომის წარმომადგენლის თავის ქალა აღმოაჩინა“, ამბობს ლამბერი. „მასიური თავის ქალები ჩვეულებრივ უკბილო ვეშაპებს ეკუთვნით, მაგრამ კლაასმა მყისიერად შენიშნა უზარმაზარი კბილები როგორც ზედა, ისე ქვედა ყბაზე“. მათ ლევიათანი აღმოეჩინათ.

ლევიათანის თავის ქალა პიზის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების მუზეუმში

თავის ქალა ჩინებულადაა ადაპტირებული მსხვილ, ძლიერ მსხვერპლზე სანადიროდ. დინგი მოკლე და განიერი იყო, რაც ლევიათანს ძლიერი კბენისა და მსხვერპლის მიერ წინააღმდეგობის გაწევისას მისი შეკავების საშუალებას აძლევდა. მისი საფეთქლის ფოსო – ზედაპირული ჩაღრმავება თავის ქალის გვერდითა მხარეს – უშველებელი იყო და ყბის უზარმაზარი კუნთების საყრდენს წარმოადგენდა. ოთხფეხებს (ცხოველთა ჯგუფი, რომელშიც შედიან ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები და ამფიბიები) შორის ლევიათანს ყველაზე ძლიერი კბენა ექნებოდა. კბილები ღრმად იყო ყბის ძვლებში ჩასმული და წინ მიმართული, რაც მსხვერპლის მოღუნულ სხეულზე კარგად მოჭიდების საშუალებას იძლეოდა.

ლევიათანის თავის ქალა გამოცანაა. კაშალოტებს თავში აქვთ უნიკალური ორგანო, სპერმაცეტი, რომელიც ლევიათანის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი ზომისაა. სპერმაცეტი სავსეა ცვილისებური ნივთიერებით, რომელიც თავდაპირველად ცხოველის სპერმა ეგონათ (სახელიც აქედან გამომდინარეობს). მისი დანიშნულება უცნობია, თუმცა არსებობს ბევრი თეორია, რომლებიც თავიდან უნდა გადაიხედოს ლევიათანის ძალიან განსხვავებული ცხოვრების სტილის გათვალისწინებით.

თანამედროვე კაშალოტი თავისი პრეისტორიული ბიძაშვილისგან ძლიერ განსხვავდება. ის დაახლოებით ლევიათანის ზომისაა, მაგრამ სხვა ვეშაპების ნაცვლად კალმარებზე ნადირობს. ზედა ყბაზე ფუნქციური კბილები არ აქვთ, ქვედა ყბაზე კი მხოლოდ პატარა კბილებია განთავსებული, რომლებსაც ალბათ შეტაკებისას იყენებენ.

კაშალოტს სპერმაცეტი ტივტივის უნარის კონტროლში ეხმარება. ჩაყვინთვისას ის ცივ წყალს შეისრუტავს, რაც ცვილს ამყარებს და ცხოველის თავის სიმკვრივეს ზრდის. სიღრმეში ჩასვლისას ნადირობისას დახარჯული ენერგიის შედეგად ცვილი ხურდება და ისევ დნობას იწყებს. მაგრამ ლევიათანი კალმარებზე სავარაუდოდ არ ნადირობდა და თანამედროვე კაშალოტებისგან განსხვავებით არც ღრმა წყლებში ჩადიოდა. ამის გათვალისწინებით, ალტერნატიული ახსნები უფრო საინტერესო ხდება. სპერმაცეტის შემცველი ბუდე შეიძლება კედლის სანგრევი იარაღის მსგავსად მოქმედებდა ბრძოლისას. სპერმაცეტი ასევე აძლიერებს კაშალოტის ექოლოკაციას, ეხმარება მას მსხვერპლის ხმოვანი ბგერებით გაბრუებაში და პარტნიორის პოვნაში (მამრის ორგანო განსაკუთრებით დიდი ზომისაა).

 

წყარო: National Geographic

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s