ბიბლიის გამოცანები: ნოეს ძიებაში


ცოდვილი მსოფლიო. განრისხებული ღმერთი. მართალი ადამიანი, სახელად ნოე, რომელმაც ააგო კიდობანი და გადაურჩა წარღვნას. მაგრამ მოხდა თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ამას ბიბლია აღწერს? იმ დროს, როცა მეცნიერთა ნაწილი პასუხების ძიებაშია, სხვები ბიბლიური ისტორიის მტკიცებულებების პოვნას ცდილობენ. შეძლებენ თუ არა ისინი ამას? რეალურია წარღვნის ამბავი თუ უბრალოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?

გემისა და წარღვნის ამბავი პირველად ახლო აღმოსავლეთში ჩნდება, მსოფლიოს იმავე ნაწილში, სადაც იშვა იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. როგორც ბიბლიაში, ისე ყურანში, მოთხრობილია კატასტროფულ მოვლენაზე, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპზე მოხდა, ადამიანის შექმნიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ. ბევრ ჩვენგანს მოუსმენია ეს ამბავი ბავშვობაში: ღმერთმა გადაწყვიტა, დიდი წარღვნა მოევლინა, რომელიც დედამიწაზე ყველაფერს დაფარავდა. მხოლოდ ერთი ოჯახი გადაურჩა დაღუპვას – ნოე და მისი ახლობლები, რადგან ჯერ კიდევ იცავდნენ ღმერთის მითითებებს. მაგრამ რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ბიბლიის ეს მონაკვეთი? ჰქონდა თუ არა მას მართლაც გლობალური ხასიათი?

ნოესა და წარღვნის ამბავი მოთხრობილია დაბადების წიგნში, რომელიც სამყაროსა და ადამიანის წარმოშობას აღწერს. ბიბლიის მიხედვით, ადამისა და ევას შთამომავლებმა დაივიწყეს, რატომ გააჩინა ისინი ღმერთმა დედამიწაზე და ცოდვის ჩადენას მიჰყვეს ხელი. ამიტომაც ღმერთმა გადაწყვიტა, ამასთან დაკავშირებით რამე ეღონა. „თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.” ყველასა და ყველაფერს განადგურება ელოდა, გარდა ნოეს ოჯახისა. მაგრამ უნდა აღვიქვათ თუ არა ბიბლია პირდაპირ? დავიწყოთ ამ ამბავში მონაწილე პიროვნებების ასაკიდან.

ნოე 500 წლის იყო, როცა გაფრთხილება მიიღო, რაც მრავალი თანამედროვე მკითხველისთვის დიდ პრობლემას ქმნის. ბიბლიურ ჩანაწერებში ნახსენები ადამიანების ასაკი, თუ რამდენ წელს ცოცხლობდნენ, დღევანდელი ეპოქისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა არც გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს. მაგალითად, შესაძლოა, როცა ადამიანი შეიქმნა, მისთვის ხანგრძლივი სიცოცხლე იყო განსაზღვრული, მაგრამ გარემო პირობების ცვლილებებმა სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა. თეოლოგების ნაწილი კი ბიბლიურ რიცხვებს მეტაფორად აღიქვამს.

– როცა ბიბლია საუბრობს წლებზე, ასაკზე, ის საუბრობს პატივისცემაზე, რადგან ესაა კულტურა, რომელშიც ასაკი პატივსაცემი იყო. შესაბამისად, როცა ადამიანს ასაკს უმატებ, ამით ხაზს უსვამ მის ღირსებას.
დოქტორი ფრენსის ვეიდი, წმინდა ალბანის ეპისკოპალური ეკლესია

მეორე მხრივ, არიან ფუნდამენტალისტები, რომლებიც ბიბლიურ დღეებსა და წლებს პირდაპირი გაგებით აღიქვამენ და ფაქტად მიიჩნევენ.

– ღმერთის სიტყვა შეიძლება ზედმიწევნით იქნას აღქმული, მაგალითად, როცა წერია, რომ სამყარო შეიქმნა 6 დღეში, იგულისხმება 24 საათიანი ხანგრძლივობის პერიოდები.
ტომ ვეილი, ორგანიზაცია „კანიონის სამღვდელოება”

დაბადებაში მოცემული ამბების ასეთ ინტერპრეტაციას მრავალი საინტერესო შედეგი ჰქონდა. მაგალითად, მისი საშუალებით შესაძლებელი იყო შესაქმის მომენტისა და დიდი წარღვნის თარიღის გამოთვლა. ადამიანი, რომელმაც ამ გამოთვლებს ხელი მოჰკიდა, იყო მე-17 საუკუნის ირლანდიელი არქიეპისკოპოსი ჯეიმს აშერი. მან დაიწყო ადამიდან და ევადან და შეკრიბა ძველი აღთქმის 21 თაობის ადამიანთა ასაკები. ცნობილი ისტორიული თარიღების გამოყენებისა და 100 გვერდიანი ანგარიშის შემდეგ მან დაადგინა, რომ სამყარო შეიქმნა ქრისტეს შობამდე 4000 წელს. კალენდარული შეცდომა რომ აღმოეფხვრა, აშერმა ეს თარიღი განსაზღვრა ქრისტეს შობამდე 4004 წლის 23 ოქტომბრით, რომელიც კვირადღე იყო. ამ თარიღს ზოგჯერ ბიბლიის შესავალშიც ურთავდნენ ხოლმე.

შესაქმის თარიღის გამოთვლის შემდეგ აშერი წარღვნის საკითხს მიადგა და იმავე მეთოდით დაადგინა, რომ ეს მოხდა ქრისტეს შობამდე 2348 წელს. ბიბლიის მიხედვით, ამ შემთხვევამდე 100 წლით ადრე ნოემ ღმერთისგან ინსტრუქციები მიიღო, თუ როგორ უნდა გადაერჩინა საკუთარი თავი და ოჯახი. ღმერთმა უბრძანა მას, აეგო ძალიან დიდი გემი, კიდობანი, მითითებები კი საკმაოდ სპეციფიკური იყო. „სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით – ოცდაათი წყრთა.” წყრთა წარმოადგენს ადამიანის იდაყვიდან თითის წვერამდე მანძილს, რაც დაახლოებით 45 სმ-ია. ასე რომ თუკი ბიბლიური მონაცემები სწორია, ნოეს კიდობანი იქნებოდა ყველაზე დიდი ხის ხომალდი, რაც კი ისტორიაში აგებულა, ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება, რომელიც ზოგის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს და აღმოჩენას ელის.

ბოლო 100 წლის განმავლობაში კიდობანზე მონადირეები აქტიურად სტუმრობდნენ ახლო აღმოსავლეთს და სხვადასხვა მთებს ლაშქრავდნენ, რათა ის მწვერვალი ეპოვათ, სადაც კიდობანმა ბინა დაიდო. ადილმდებარეობასთან დაკავშირებით ბიბლია ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა. ის ამბობს, რომ კიდობანი მეშვიდე თვეს (როცა წყალი ჯერ კიდევ კლების პროცესში იყო) არარატის მთებს (მრავლობითში) მიადგა. არარატი რეგიონი იყო, რომელიც უძველეს სამეფოში, ურარტუში მდებარეობდა. არარატის მთა (მხოლობითში) კი აღმოსავლეთ თურქეთშია და სახელი სამეფოს დაშლიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ ეწოდა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ყოფილიყო კიდობნის მაძიებელთა საყვარელი ადგილი კვლევისთვის.

1917 წელს რუსმა პილოტმა ვლადიმერ როსკოვიცკიმ ჩათვალა, რომ მთაზე კიდობნის მსგავსი ობიექტი შენიშნა. იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ექსპედიცია გაუშვა გამოსაკვლევად. ამის შემდეგ ამბავი უკვე ბუნდოვანია. ექსპედიციის შესახებ ჩანაწერებს არასდროს უხილავს მზის სინათლე. როსკოვიცკი ირწმუნებოდა, რომ ფოტოები იმავე წელს, რევოლუციის დროს გაანადგურეს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ექსპედიცია ოდესმე ჩატარებულიყო, რადგან 1917 წელს ნიკოლოზ II-მ ძალაუფლება დაკარგა.


1950-იანებში მნიშვნელოვანი წინსვლა იყო. ფრანგმა მკვლევარმა ფერნანდ ნავარამ მთიდან ხის ნაწილი ჩამოიტანა, რომელიც ადრეული ბრინჯაოს ხანის პერიოდით დათარიღდა. ამან არარატის მთის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზარდა, სანამ ნავარას მეგზურმა არ აღიარა, რომ ეს ის ხის ნაჭერი იყო, რომელიც ნავარამ მანამდე რამდენიმე თვით ადრე აიტანა მთაზე.

1972 წელს არარატის ექსპედიციის შესახებ ერთ-ერთმა ძველმა სტატიამ კრეაციონისტურ წრეებში ინტერესი გააღვივა. ისინი მომდევნო ექსპედიციების დაგეგმვაში იყვნენ. ეს სტატია პირველად დაბეჭდილი იყო გამოცემაში „Sword of Gideon” 1933 წელს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რედაქტორს გამოყენებული ჰქონდა სხვა სტატია, რომელიც თავის მხრივ 1933 წლის 1-ლ აპრილს გამოშვებული სტატიის ასლს წარმოადგენდა. გაზეთის წარმომადგენლები მოგვიანებით გამოტყდნენ, რომ მთელი ისტორია საპირველაპრილო ხუმრობა იყო. გერმანული გაზეთის გამომცემლებმა იხუმრეს, მაგრამ კრეაციონისტებს არ ეცინებოდათ.

დროთა განმავლობაში ასეთი ამბების სიჭარბემ როგორც კიდობნის არსებობის, ისე მასზე ნადირობის საკითხს საეჭვო რეპუტაცია შეუქმნა. უკვე ნაკლებად მოსალოდნელად ითვლებოდა, რომ ვინმე ოდესმე მართლაც აღმოაჩენდა ნოეს აგებულ კიდობანს. მაგრამ 1959 წელს პრესა მოიცვა იმ აღმოჩენამ, რომელსაც ყველა ელოდა. თურქული არმიის კაპიტანი ილჰან დურუპინარი არარატის მთის სიახლოვეს ფრენისას ფოტოებს იღებდა, როცა გემის ფორმის პატარა მოხაზულობა შენიშნა 1900 კმ-ის სიმაღლეზე. არქეოლოგებმა აღნიშნულ ადგილს მიაშურეს და მართლაც იპოვეს რაღაც – ფართო, გემის ფორმის საგანი, რომელიც რამდენიმე ტონა ტალახისა და ყინულის ფენის ქვეშ იყო ჩაფლული.


ჰაჯი ჰასან ბეი აქ ცხოვრობს და იცავს ამ ადგილს ბოლო 20 წლის განმავლობაში. მისი ერთ-ერთი ხშირი და უცვლელი სტუმარი იყო ამერიკელი ფუნდამენტალისტი რონ უაიეტი. სწორედ მან განაცხადა პირველად, რომ ახლომახლო ნაპოვნი ამოკვეთილი ქვები კიდობნის ღუზად გამოიყენებოდა. თუმცა საყოველთაოდ მიღებული ახსნა ისაა, რომ ისინი საცერემონიო ქვები იყო, რომლებიც ქვის ხანის დროინდელმა ტომებმა დაამუშავეს.

1980-იან წლებში კიდობანზე მონადირეებს ახალი და მყარი იმედი ჩაესახათ ერთი შეხედვით უჩვეულო წყაროდან: კოსმონავტისგან. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ძლიერ იყო დაინტერესებული კიდობნის საკითხით, გახლდათ ჯეიმს ირვინი. ის იყო მერვე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა და სწორედ ამ დროს ეპიფანია გამოსცადა. მისი ცხოვრება შეცვალა იმის გააზრებამ, რომ ის მთვარეზე იმყოფებოდა, გარშემო ბნელი კოსმოსი იყო, ქვემოთ კი დედამიწაზე სიცოცხლე ჩქეფდა. ის თვლიდა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და ამ ყველაფერში შემოქმედის ხელი ერია. ირვინი ძალიან რელიგიური გახდა და ერთ-ერთი რამ, რისი განხორციელებაც სურდა, იყო არარატის მთაზე კიდობნის ადგილმდებარეობის გარკვევა. ამით მან კიდობნის ძიებას პრესტიჟი შემატა, რადგან საქმეში უკვე მისნაირი პატივსაცემი მეცნიერი იყო ჩართული. ირვინი რამდენჯერმე ეწვია თურქეთს, თუმცა მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე კიდობნის არსებობასთან დაკავშირებით რაიმე ხელმოსაჭიდს იპოვიდა.

ჯეიმს ირვინი ბევრი ადამიანისთვის იქცა შთაგონებად. პორჩერ ტეილორმა 1973 წელს აშშ-ის არმიაში ყოფნისას საინტერესო ამბავი მოისმინა: გადმოცემის მიხედვით, მათმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა კამერები შემთხვევით დროზე ადრე ჩართო და გადაიღო გემის კიჩო, რომელიც მყინვარიდან იყო ამოშვერილი. როგორც აღმოჩნდა, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) დაკავშირებული წარღვნის ამბები 1949 წლიდან მოყოლებული აქტიურად ვრცელდებოდა. სადაზვერვო მისიის დროს „რაღაც” დააფიქსირეს, CIA-მ მას „არარატის ანომალია” უწოდა. მართალია, წლები დასჭირდა, მაგრამ ტეილორმა მოახერხა ფოტოს დეკლასიფიცირება და გემის ფორმის მონახაზისთვის ახლოდან დაკვირვება გადაწყვიტა. 1999 წელს მისი ინიციატივით კომერციულმა ხელოვნურმა თანამგზავრმა „იკონოსმა” არარატის ანომალიას მაღალი რეზოლუციის ფოტოები გადაუღო.


„იკონოსის” სურათებზე აღბეჭდილი იყო უზარმაზარი სტრუქტურა, რომელსაც მყინვარული რეგიონიდან თავი ამოეყო. მაგრამ ტეილორს უფრო მკვეთრი გამოსახულების მიღება სურდა, რაც 2003 წლის თებერვალში მოახერა კიდეც DigitalGlobe-ის თანამგზავრის მეშვეობით, რომელსაც დედამიწაზე გრეიპფრუტის დაფიქსირებაც კი შეეძლო. აღნიშნული სტრუქტურის სიგრძე 310 მეტრს შეადგენდა, სიგანე – 48 მეტრს. ბიბლიური კიდობნის ანალოგიური მონაცემები იყო 137 და 23 მეტრი. ტეილორმა გადაწყვიტა, ფოტოები ექსპერტებისთვის ეჩვენებინა, მათ შორის ეგვიპტელ გეოლოგ ფარუკ ელ-ბაზისთვის – თანამგზავრული ფოტოების ინტერპრეტირების პიონერისთვის. თავიდან გამოსახულება მართლაც საინტერესო და უჩვეულო ჩანდა, თუმცა უფრო ახლო და კრიტიკულმა დათვალიერებამ სხვა რაღაც აჩვენა. ის, რაც კიდობნის ნაპირი ეგონათ, რეალურად კლდეზე ეროზიის ზემოქმედების რამდენიმეფენიანი კვალი იყო და არა ადამიანის მიერ შექმნილი ნაკეთობა.

ერთადერთი ვარიანტი ამ საკითხის ზუსტად შესწავლისთვის არის არარატზე აცოცება და იქიდან დათვალიერება, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, რადგან არარატი საკმაოდ ციცაბოა და ძნელად მისაწვდომი, ორიენტირებაც არც ისე ადვილია. ამიტომ ჯერჯერობით მაინც პორჩერ ტეილორს მოუწია, დაეჯერებინა ფარუკ ელ-ბაზისთვის. თუმცა ის გაჩერებას არ აპირებს და კიდობნის ძიებას კვლავაც აგრძელებს.

მაგრამ იქნებ კიდობანზე მონადირეები მთებს ლაშქრავენ იმ გემის საპოვნელად, რომელიც რეალურად არასდროს არსებობდა? შეეძლო ნოეს, აეშენებინა ამხელა რამ? გემთმშენებლობის თანამედროვე ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვთ.

– ნოეს პროექტი საკმაოდ არადამაჯერებელია თუნდაც ზომების გამო. მისი სიგრძე 137 მეტრი იყო, სიგანე კი – 23 მეტრი. გემთმშენებლისთვის ეს წარმოუდგენლად რთული დავალებაა.
პიტერ ჯონსონი, კომპანია „Boothbay Harbor Shipyard”

მეინის შტატში მდებარე „Boothbay Harbor Shipyard”-ში 12 კაცი და 1 წელია საჭირო, რომ აიგოს ხის გემი 18 მეტრიანი ხერხემლით. თითოეული კოჭი და ფიცარი ზუსტად უნდა იყოს მორგებული. ხერხემალი სწორია, კორპუსის შემადგენელი ნაწილები კი – მოხრილი. იარაღები, რომლითაც დეტალების დამუშავება ხდება, ნოეს დროს სავარაუდოდ ქვის იქნებოდა და უხეში. ასევე უნდა სცოდნოდა კვადრატ-კუბის კანონიც, რომლის მიხედვითაც მასშტაბების შესაბამისად ძალა პროპორციულად მცირდება – რაც უფრო იზრდება სტრუქტურის ზომა, მით მეტად მცირდება მისი ძალა. ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ სჭირდებათ სპილოებს მძიმე ჩონჩხი, ზაზუნას კი მსუბუქი ჰყოფნის.

აშკარაა, რომ ნოეს უამრავი პრობლემა გადაეღობებოდა წინ კიდობნის შენებისას. უცნობი მასალა გოფერი, რომელიც ბიბლიაშია ნახსენები, ზეგამძლე უნდა ყოფილიყო, რათა იმდენი ტვირთისთვის გაეძლო. თუმცა ფუნდამენტალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნოემ ეს პრობლემა გადაჭრა და კიდობანი არა ჩვეულებრივ გემს, არამედ ბარჟას დაამსგავსა. მაგრამ აქ ჩნდება მომდევნო კითხვა: შეეძლო ამ გიგანტურ ხომალდს, გადარჩენოდა ქარიშხლებსა და დატბორვებს? ვრცელ ზღვებში დიდი ზომის გემი იბრიცება და ირყევა, შეიძლება შუაზე გადატყდეს კიდეც. ნოეს კიდობანი მხოლოდ საშუალო სიმძლავრის შტორმს გაუმკლავდებოდა, კატასტროფული მასშტაბების შემთხვევაში კი ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

რას ვიტყვით ბიბლიაში აღწერილი წარღვნის მასშტაბებზე? არსებობს თუ არა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ბიბლიურ მონათხრობს დაადასტურებს? მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა ნოეს კიდობანი, არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსოფლიო წარღვნაზე გარკვეული მინიშნებები არსებობს. მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა კულტურაში არის მსგავსი მითი. შეიძლება ითქვას, ეს ერთადერთი უნივერსალური მითია ისტორიაში. განსაკუთრებით გავრცელებული კი ეს თქმულება ახლო აღმოსავლეთშია. ერთ-ერთი ამბავი დამაინტრიგებლად მიაგავს წარღვნის ისტორიას.

გილგამეშის ეპოსი მესოპოტამიური წარმოშობისაა. ის დასაბამს იღებს ქრისტეს შობამდე 2700 წელს, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. ერთი მამაკაცი, ერთი გემი, ფრინველების წყვილი, ცხოველთა ჯგუფები და კაცობრიობის დარჩენილი ნაწილის განადგურება. მთავარი სხვაობა ამ ორ ვერსიას შორის ისაა, რომ ბიბლიური ამბავი მორალურ მხარეს უსვამს ხაზს – ადამიანები თავიანთი ცოდვების გამო ისჯებიან. შესაძლებელია თუ არა, რომ ორივე ნაამბობი ერთ მოვლენას ეფუძნებოდეს?

„აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.” ყველანი, გარდა ნოესა და რამდენიმე რჩეულისა. „შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.” ნოე და მისი ოჯახი კიდობანში მარტო არ იქნებოდა. „ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.” ნოე და მისი ნათესავები ცხოველებთან ერთად დაბინავდნენ კიდობანში და იცდიდნენ, როდის დაიწყებოდა დაპირებული ავდარი. „შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.” ბიბლია გვეუბნება, რომ „თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ.” 15 წყრთა დაახლოებით 7 მეტრს უდრის. წყლის დონე ისევ იმატებდა და ასე გრძელდებოდა, სანამ უმაღლესი მწვერვალებიც არ გადაფარა. 150 დღის განმავლობაში კიდობანი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. მაგრამ რას წარმოადგენდა ეს წყალი? საიდან მოვიდა ამ რაოდენობით ან რა ბედი ეწია წარღვნის შემდეგ?

წლების განმავლობაში კრეაციონისტების მიერ მრავალი ვერსია იქმნებოდა იმის ასახსნელად, როგორ მოხდა რეალურად ბიბლიური წარღვნა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, შესაქმის მესამე დღეს, როცა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა გამოყო წყლისგან, წყლის ნაწილი მიწის შრეებში აღმოჩნდა „გამომწყვდეული”. წნევით ზემოქმედებისას ზედაპირთან მდებარე წყლები ამოიფრქვა, მთელი დედამიწის მასშტაბით გეიზერებმა ერთდროულად ამოხეთქეს და დაიწყო დატბორვა. მაგრამ ეს არაა ის თეორია, რომელსაც გეოლოგთა უმეტესობა სერიოზულად ეკიდება.

მეორე პოპულარული თეორია 1960-იანებში წამოაყენეს ჰენრი მორისმა და ჯონ უაითქომბმა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ წარღვნამდე ატმოსფეროში არსებობდა დიდი რაოდენობით წყლის ორთქლი, რომელიც როგორღაც დედამიწაზე ჩამოიქცა უცნობი მექანიზმის მეშვეობით. კრეაციონისტების მოსაზრებით, ეს ორთქლი იძლეოდა მინიმუმ ნახევარს იმ მოცულობისა, რაც წარღვნის მოხდენისთვის იყო საჭირო. მაგრამ ამ თეორიას რამდენიმე პრობლემა გააჩნია. მათგან უმთავრესია ნესტიანი ატმოსფეროს უკიდურესად მაღალი წნევა – ის ნამდვილად არ შექმნიდა სტუმართმოყვარე გარემოს სიცოცხლის არსებობისთვის. ამ შემთხვევაში დედამიწა პირობებით ოკეანის ყველაზე ღრმა ორმოს დაემსგავსებოდა.


ერთ-ერთი პლანეტა, რომელსაც ატმოსფეროში ორთქლის ხშირი ფენა გააჩნია, არის ვენერა. კოსმოსური ზონდები აქ მხოლოდ რამდენიმე საათს ძლებენ, ვიდრე წნევისგან არ დაიჭმუჭნებიან.

მომდევნო თეორია წარღვნის წყლების წარმოშობაზე შემუშავებული იქნა არქეოლოგ ბრიუს მასის მიერ, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატში, ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში მუშაობდა. ის ფიქრობს, რომ წარღვნა გამოიწვია ისეთმა რაღაცამ, რაც ღია კოსმოსში არსებობდა და მიიჩნევს, რომ წარღვნის მითის სხვადასხვა ვერსიების შესწავლის შედეგად პასუხსაც მიაგნო.

აბორიგენ ამერიკელებს ასევე გააჩნიათ წარღვნის ისტორია და თითოეული ტომი თავისებურად ყვება მას, ზეპირად გადასცემენ თაობიდან თაობას. ამბის ელემენტები ასახულია მათ ხელოვნებაში – პეტროგლიფებში, ქვის ნაკეთობებში და ა.შ. ბრიუს მასი განსაკუთრებით დაინტერესდა იმ პეტროგლიფით, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოიპოვებოდა და ინდიელთა სხვადასხვა კულტურებში იყო გავრცელებული. გამოსახული ფიგურები ძირითადად წყლის გველებთან ასოცირდება. მასიმ მიაგნო საერთო თემას ამ გამოსახულებებში – მოგრძო ქმნილებას, რომელსაც თავზე ხშირად რქა აქვს. მკვლევარის აზრით, ქვაზე მკვეთავებმა გველის სახით აღწერეს ის, რაც წარღვნის მომენტში ცაში დაინახეს – რაღაც უჩვეულო, რაც მათთვის კატასტროფასთან ასოცირდებოდა – კომეტა. პეტროგლიფებში გამოსახული რქა შეიძლება კომეტის წაგრძელებული კუდის ანალოგია იყოს.

ბრიუს მასის ვერსიით, კომეტა ოკეანეში ჩავარდა და წარღვნა გამოიწვია. ჩამოვარდნის ადგილი, მისი გამოთვლით, არის 1500 კმ მადაგასკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 3 კმ სიგანის კომეტა ხვდება მზის სისტემაში და გეზს იღებს დედამიწისკენ, ატმოსფეროში შემოდის დაახლოებით 160 000 კმ/სთ სიჩქარით და ეჯახება წყალს. ეს იწვევს დიდი რაოდენობით წყლის ამოფრქვევას, შეიძლება კომეტის მასაზე ათჯერ მეტისაც. ასეთი შეჯახების სიმძლავრე 10 მილიონი მეგატონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იქნებოდა, რაც 500 მილიონჯერ მეტია ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბის მიერ გამოყოფილ ენერგიაზე. წყლის უზარმაზარი რაოდენობა ატმოსფეროში გადაინაცვლებდა და 6-7 დღის განმავლობაში კატასტროფული წვიმები იქნებოდა. ინდოეთის ოკეანეში ადგილი ექნებოდა მასიურ ცუნამს, რომელიც სიგანეში 2400 კმ-ს, სიმაღლეში კი 180 მეტრს გადააჭარბებდა. მთელი დედამიწის მასშტაბით ციკლონური ქარიშხლები დაიწყებოდა.

ასტრონომიული მონაცემების განხილვითა და იმ პერიოდების ანალიზით, როცა კომეტებმა ახლოს ჩაუარეს დედამიწას, ბრიუს მასიმ შეარჩია ყველაზე მეტად სავარაუდო მომენტი, როცა წარღვნა უნდა დაწყებულიყო. ქრისტეს შობამდე 2807 წლის 10 მაისს დედამიწას მართლაც შეეჯახა კომეტა. მასის თეორია რადიკალურია, მან იცის, რომ ასტრონომები ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ გეოლოგები ვერ გამორიცხავენ. ისინი ნათლად ხედავენ კომეტების ჩამოცვენის კვალს მთელი დედამიწის მასშტაბით. წარღვნის ვერსიებიდან ეს ყველაზე მეტად დამაჯერებელია, რადგან ფაქტია, რომ კომეტები ეცემიან დედამიწაზე და ამის შედეგად ზოგჯერ უზარმაზარი კრატერები რჩება.

დედამიწა შექმნიდან მალევე ასტეროიდებითა და მეტეორიტებით ინტენსიურად იბომბებოდა, ერთ-ერთმა ასეთმა შემთხვევამ კი სავარაუდოდ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია 65 მილიონი წლის წინ. თუკი მსგავსი რამის შედეგად წარღვნა მართლაც მოხდა, სხვადასხვა კულტურებში მას ზეპირი გადმოცემით შეინახავდნენ, წარმოიქმნებოდა სხვადასხვაგვარი მითები, რათა მისი მიზეზი აეხსნათ. მაგრამ რას აღწერენ რეალურად წარღვნის მითები?

წარღვნა, რომელმაც მთელი დედამიწა დაფარა – ასე გვიხსნის მოვლენას ბიბლია. მაგრამ გეოლოგებმა ვერ შეძლეს ამ ამბის დამადასტურებელი მტკიცებულებების პოვნა. დედამიწა ერთხელ მართლაც დაიფარა თითქმის მთლიანად, მაგრამ ეს მოხდა 500 მილიონი წის წინ, როცა კლიმატი გაცილებით თბილი იყო, ვიდრე ახლა. სწორედ ამ დროს დაილექა მთებში ზღვის ნამარხების უმეტესობა, რომლებსაც დღესდღეობით პოულობენ. ესაა ის, რასაც გეოლოგთა უმეტესობა აღიარებს, მაგრამ მათ გარდა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ბიბლია უფრო მაღალი ავტორიტეტია.


ბოლო 20 წლის განმავლობაში ფუნდამენტალისტი ქრისტიანი ტომ ვეილი ჯომარდობის ტურებს უძღვება დიდ კანიონში. ის ხალხს პატიჟებს და უყვება კანიონში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი აზრით, წმინდა წერილის ჭეშმარიტებას ადასტურებს. ვეილი იმ ორგანიზაციის წევრია, რომელიც უპირისპირდება თანამედროვე მეცნიერებას და დედამიწის ასაკის რამდენიმე მილიარდი წლით განსაზღვრას. თუმცა თავად მას წარსულში სწორედ ამ ვერსიის სჯეროდა, შემდეგ კი დაეჭვდა, რომელი ვერსია ამბობდა სიმართლეს: ახალგაზრდა დედამიწის თუ ხნიერი დედამიწის, მილიონობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა პლანეტა თუ ღმერთმა შექმნა 6 დღეში? ვეილისთვის კანიონი ის ლაბორატორიაა, სადაც მტკიცდება, რომ დედამიწა რამდენიმე ათასი წლის წინ გაჩნდა და მალევე მასშტაბურმა წარღვნამ მოიცვა, მტკიცებულება კი კლდეებშია.

– ჩემი აზრით, კანიონში ნალექების უფრო მეტი შრე ჩანს, ვიდრე დედამიწის სხვა ადგილებში. აქ ვხვდებით მრავალ მტკიცებულებას, რომლებიც მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ კანიონს კატასტროფის კვალი ამჩნევია.
ტომ ვეილი

მტკიცებულებების ძიებაში ვეილი ხშირად აკვირდება მდინარეების ნაპირებს. მისთვის ნალექის შრეებში არსებული ნაკეცები იმის დადასტურებაა, რომ ჩამოყალიბებისას სველი და რბილი იყო, რადგან მაშინ რომ მყარი ქვის ყოფილიყო, დასკდებოდა და დაიშლებოდა. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ვეილის კოლეგების უმეტესობა მას არ ეთანხმება ინტერპრეტაციებში. მათი თქმით, თუკი კანიონი რბილი მასისგან ყალიბდებოდა, მასში არ იქნებოდა ასეთი მრავალფეროვანი ნაკეცები, რომლებსაც დღეს ვხედავთ. კანიონი სწორი იქნებოდა, ხოლო U-ს ფორმა იმას ამტკიცებს, რომ რეგიონი ნელა გადიოდა ეროზიულ პროცესებს.

არის ერთი რამ, რაზეც ევოლუციის მომხრეები კრეაციონისტებს ეთანხმებიან – კანიონის შექმნაში დიდი როლი ითამაშა წყალმა. მაგრამ ის, რომ კანიონის კლდეების განლაგებაზე ზემოქმედება მოახდინა წყალმა, არ ნიშნავს, რომ პლანეტა, მისი ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, მთლიანად იყო დაფარული წყლით. თუმცა ვეილი სხვა აზრზეა. მისი პოზიციით, კანიონზე არსებული წყლის კვალი ნოეს ამბის მტკიცებულებაა.

ბიბლიაში წერია, რომ კიდობანში ყოფნისას ნოე წყლის გარდა ვერაფერს ხედავდა. „ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.” სხვადასხვა დროს ნოემ მტრედი სამჯერ გაუშვა, რათა დედამიწა დაეზვერა. მესამედ მტრედი აღარ დაბრუნებულა და ნოე მიხვდა, რომ დედამიწაზე გადასვლა შეიძლებოდა. თუკი ბიბლიური ისტორია რეალურია, ნოემ იქ დადგა ფეხი, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა, სადღაც მთიან რეგიონში. მაგრამ სად იყო ეს რეგიონი?

მოყვარული არქეოლოგი ბობ კორნიუკი ფიქრობს, რომ ადამიანები კიდობანს არასწორ ადგილას ეძებდნენ. მან ორჯერ ვერტმფრენით და ერთხელ თვითმფრინავით გადაუფრინა არარატის მთას, მაგრამ კიდობნის მსგავსი არაფერი შეუნიშნავს. მისი აზრით, რეალური ადგილი, სადაც ძებნა უნდა განხორციელდეს, არის ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მთები. კორნიუკმა ირანში 4 ექსპედიცია ჩაატარა და ყურადღებას არ აქცევდა იმ დამცინავ დამოკიდებულებას, რასაც კიდობნის მაძიებლები იღებენ ხოლმე. ის თვლიდა, რომ ისეთი რამ ჰქონდა, რაც მანამდე არავის გამოუყენებია – იმ ამერიკელი ინჟინრის მოხსენება, რომელმაც აქ 1943 წელს რაღაც უჩვეულო შენიშნა.

კორნიუკის ჯგუფი 3800 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და მთიდან გამოშვერილ მასიურ შავ სტრუქტურას წააწყდა. მას არ ჰქონდა ყუთის ფორმა, როგორადაც ბევრს წარმოუდგენია ნოეს კიდობანი, უფრო მეტად შენობას ჰგავდა, რომელიც დამწვარიყო და მისგან ნარჩენებიღა შემონახულიყო. მასალა ხეს ჰგავდა, მაგრამ იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პატარა ნაწილების წამოღება მოახერხეს ტესტების ჩასატარებლად. კორნიუკი შედეგებს უცდის, მაგრამ იცის, რომ შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ის, რაც თვითონ ჰგონია და ვერავინ დააჯეროს თავის ვერსიაში. თუმცა მან მთაზე ყოფნისას კიდევ ერთი რამ იპოვა, ის, რასაც საერთოდ არ ელოდა და რასაც დღემდე ვერ ხსნის.


4200 მეტრზე ყოფნისას კორნიუკმა მოლუსკები იპოვა, მოლუსკები კი, როგორც ყველამ იცის, წყალში ცხოვრობენ. კორნიუკმა მალე აღმოაჩინა, რომ განსხვავებით მრავალი ზღვის არსებებისგან, რომელთა ნაშთებსაც მთებში პოულობდნენ, ეს მოლუსკები სრულად განამარხებული არ იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნიჟარებში ისევ ჰქონდათ ორგანული მასალები, რომელთა ასაკის დადგენაც შესაძლებელი იქნებოდა. კორნიუკმა მოლუსკები ლაბორატორიაში გაგზავნა, რათა რადიონახშირბადული ანალიზი (Carbon-14) ჩატარებულიყო. შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, შემაცბუნებელი აღმოჩნდა. ტესტმა აჩვენა, რომ მოლუსკების ასაკი დაახლოებით 40 000 წელიწადს შეადგენდა. ეს არ ესადაგება ნოეს კიდობნის პერიოდს, რომელიც 5000-სა და 10 000 წელს შორის უნდა იყოს მოქცეული, მაგრამ ამავე დროს მოლუსკები ზედმეტად ახალგაზრდები არიან საიმისოდ, რომ მიესადაგონ მილიონობით წლების წინანდელ პერიოდს, როცა ჩრდილოეთ ირანის მთები მაღლდებოდა. ამიტომ გაურკვეველი იყო საკითხი – საიდან გაჩნდნენ მოლუსკები მთებში?

ბობის პასუხი ამ გამოცანაზე ისაა, რომ თუკი დედამიწა სრულად დაიფარა წყლით, შეიძლება გავლენა მოახდინა მოლუსკების მიერ ნახშიროჟანგის შეწოვის პროცესზე, ეს კი Carbon-14-ით დათარიღებისას არასწორ შედეგს აჩვენებდა. მაგრამ არსებობს უფრო მარტივი ახსნაც: ნებისმიერი სახის ნიჟარა შეიძლება ჩამოყალიბდეს მტკნარ წყალში, იმ მდინარეებსა და ნაკადულებში, რომლებიც მთებიდან მოედინება. ამიტომ გეოლოგისთვის მთაში ნიჟარის პოვნა უცნაური ნამდვილად არაა.

წყლის ორთქლის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც გაურკვეველი მიზეზით დედამიწაზე ჩამოიქცა, მიწის სიღრმეებში არსებული წყლები, რომლებიც როგორღაც ამოიფრქვნენ, მასიური კომეტა, რომელიც ოკეანეში ვარდება – ყველა ეს თეორია გვთავაზობს კატასტროფული წარღვნის ახსნას, რომელთაგან ზოგი სხვებზე მეტად არგუმენტირებულია. თუმცა გამოსაკვლევად რჩება კიდევ ერთი, საბოლოო თეორია, რომელიც შესაძლოა, ყველაზე დამაჯერებელი იყოს.

წლების განმავლობაში არქეოლოგები წარღვნის კვალს ეძებდნენ ახლო აღმოსავლეთში, რათა ნოეს ამბის რეალურობა დაედგინათ, მაგრამ ეს მცდელობა ყოველთვის წარუმატებელი იყო. 1920-იან წლებში არქეოლოგმა ლეონარდ ვულიმ ნალექის სქელი ფენა აღმოაჩინა, როცა გათხრებს აწარმოებდა უძველესი ქალაქის ურის ტერიტორიაზე, თანამედროვე ერაყში. თავიდან ეს წარღვნისა და შესაბამისად, ნოეს ამბის მტკიცებულებად მიიჩნია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ცრუ განგაში იყო. რაც მან აღმოაჩინა, იყო ადგილობრივი დატბორვის კვალი, რომელიც საკმაოდ ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან მიწაში ნანგრევები 1 მეტრის სისქეზე იყო განლაგებული. მომდევნო მცდელობები მტკიცებულებების აღმოსაჩენად ასევე უნაყოფო გამოდგა.


1966 წელს თურქეთის სანაპიროსთან ორი გეოლოგი მუშაობდა. ისინი იკვლევდნენ მლაშე წყლის უზარმაზარ საცავს, რომელიც 1175 კმ-ზეა გადაჭიმული – შავ ზღვას. ბილ რაიანი და უოლტერ პიტმენი შავი ზღვის წყალქვეშა ტოპოგრაფიულ რუკას ადგენდნენ, როცა რაღაც საინტერესო შეამჩნიეს – სანაპიროები, ზედაპირიდან ათობით მეტრის სიღრმეზე, ყველაზე შორეული კი 156 მეტრით ქვემოთ მდებარეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულში ზღვის დონე გაცილებით დაბალი იყო. ანალიზმა აჩვენა, რომ შავი ზღვა ოდესღაც მტკნარი წყლისგან შემდგარი ტბა ყოფილა. ასევე აშკარა იყო მოულოდნელი გადასვლა მტკნარი წყლის მოლუსკებიდან ზღვის არსებებზე, დამატებითი ინფორმაცია კი რადიონახშირბადულმა ანალიზმა გამოააშკარავა – ზღვის მოლუსკები მთელ შავ ზღვაში ერთდროულად გამოჩენილიყვნენ დაახლოებით 7600 წლის წინ, რაც განმაცვიფრებელი აღმოჩენა გახლდათ. ცხადი გახდა, რომ რაღაც მასშტაბური მომხდარიყო.

რასაც აქ ადგილი ჰქონდა, იყო ბიბლიური პროპორციების დატბორვა და მისი მიზეზი გლობალური დათბობა გახდა. გამყინვარების ბოლო პერიოდის მიწურულს პოლარული ყინულები მილიონობით ტონა წყალს შეიცავდა, მაგრამ მყინვარების შემცირებამ და ყინულის ლღობამ ზღვის დონის აწევა გამოიწვია. ეს მოიცავდა ხმელთაშუა ზღვასაც. აქ მომატებული წყალი გზას ეძებდა გასაღწევად და იპოვა კიდეც იქ, სადაც მტკნარი წყლის ტბა მდებარეობდა. ხმელთაშუა ზღვის წყალმა არხი გაჭრა ბოსფორის გავლით და რაც უფრო ღრმავდებოდა არხი, მით მეტად სწრაფად მოედინებოდა წყალი. ამ დროს ჩნდება კითხვა: იყო თუ არა ახლომახლო ვინმე, ვინც ამ ყველაფერს დააკვირდებოდა? არქეოლოგი ფრედ ჰიბერტი ფიქრობს, რომ პასუხი დადებითია.

10 000 წლის წინ აქ ბოსფორი არ არსებობდა, შავი ზღვა კი უმარილო ტბა იყო, რომლის დონეც დღევანდელზე ათობით მეტრით ნაკლები გახლდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მის გარშემო უზარმაზარ არეალზე მშრალი მიწები იყო და საცხოვრებლად არაჩვეულებრივი ადგილი იქნებოდა მონადირე-შემგროვებლებისთვის ან ადრეული მიწათმოქმედებისთვის. ეს მომთაბარე ხალხი მათთვის სრულიად გაუგებარ რამეს იხილავდა – ერთი ზღვა მეორეში გადადიოდა რამდენიმე კმ სიგანის არხის მეშვეობით. ისინი სავარაუდოდ გაიგებდნენ ხმაურს, ამ პროცესში კი მიწა შეირყეოდა, რადგან წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია გამოთავისუფლდებოდა. როცა წყალი ბოსფორთან აზვირთდა 100 კმ/სთ სიჩქარით, გამოათავისუფლა უზარმაზარი მოცულობის წყლები, რაც ნიაგარას ჩანჩქერებს 200-ჯერ აღემატებოდა. ბოსფორთან რამდენიმე კმ-ის რადიუსში მყოფი ყველა ცოცხალი არსება განადგურდებოდა, ხოლო მოშორებით მცხოვრები ადამიანები იხილავდნენ მათი პლანეტის ტრანსფორმაციას წყლის ნაკადის მიერ, რომელიც უსასრულო ჩანდა.

თუკი რაიანისა და პიტმენის ჰიპოთეზა სწორია, 5000 წელია სხვაობა დიდი წარღვნის მოხდენისა და მისი ჩაწერის პერიოდებს შორის. ასეთი კატასტროფული მოვლენა ისე გამოჩნდებოდა, თითქოს მას გლობალური ხასიათი ჰქონდა. მართალია, მთელ დედამიწაზე არ ხდებოდა, მაგრამ მაშინდელი ადამიანებისთვის ცნობილი ხმელეთის დიდ ნაწილს მოიცავდა. ხალხი მიგრაციას დაიწყებდა და ამბავსაც დაიმახსოვრებდნენ, შესაძლოა, სწორედ ასე წარმოიშვა მესოპოტამიური წარღვნის ლეგენდებიც, გილგამეშის ეპოსი და საბოლოოდ ნოეს ისტორია. უძველესი ებრაელების ხელში მას აუცილებლად მიენიჭებოდა მორალური მნიშვნელობა. ბიბლიაში წაღვნის ამბავი სრულდება ნოეს მხრიდან მადლიერების გამოვლენითა და ღმერთის დაპირებით: „აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.” იმისთვის, რომ ნოესა და მისი შვილებისთვის დანაპირები შეესრულებინა ხოლმე, ღმერთმა ნიშნად აირჩია ბუნების საოცრება – ცისარტყელა. ცისარტყელას გამოჩენა იმის ნიშანია, რომ წარღვნა აღარ მოხდება. ნოეს ამბავი კი ისევ გადაეცემა თაობიდან თაობას, ისე როგორც ბოლო ათასწლეულების განმავლობაში. მისი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ყველას თავისებური ინტერპრეტაცია აქვს, თუ ვინ იყო ნოე და რას გულისხმობს ეს ამბავი.

* მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

_____________________________________________

მსგავსი პოსტი: ნოეს კიდობნის რეალური ისტორია

Advertisements

24 responses to “ბიბლიის გამოცანები: ნოეს ძიებაში

  1. Psych 01/08/2012, 8:31 PM

    ooo charli tvalebi damawyda amis kitxvashi. shesanishnavi postia rogorc yoveltvis. egre gaagrdzele 🙂

    Like

  2. karlsoni 01/08/2012, 10:47 PM

    მართლა დიდი პოსტია :დ )) ბოლომდე წაკითხვა დამეზარა შეიძლება უაზრო კომეტარი გავკეთო :დ ნოეს თავისუფლად შეეძლო აეგო ნებისმიერი ზომის წონის და ასე შემდეგ კიდობანი თუ ღმერთის არსებობას ვაღიარებთ.

    Like

    • Charlius 01/08/2012, 4:49 PM

      თუ ღმერთს ჩავრევთ, ნოე რაღა საჭიროა მაშინ? ან კიდობნის აგება საერთოდ? თუკი ნოეს დაევალა, ესეიგი დამოუკიდებლად უნდა აეგო..

      Like

      • karlsoni 04/08/2012, 6:32 PM

        ღმერთი მაინც ჩარეულია თუ ნოემ მისგან მიიღო მითითებები გემის აგების და ზომების შესახებ. რას გაუგებ მაგას იქნებ სხვა რამეშიც დაეხმარა.

        Like

    • leonce7 06/08/2012, 4:54 PM

      gmerts sheedzlo kidobnis ageba magram noes ara, ubralod magxela xis masa Tavisive simdzimit daimtvreoda.

      Like

  3. MK 01/08/2012, 11:32 PM

    Cisartyelas momenti sayuradReboa. Tu manamde ar iyo cisartyela,eseigi ar iyo axlandeli garemo…

    Like

    • maromar 05/08/2012, 11:07 PM

      anu cvima da mze ar iyo? sxva ra schirdeba cisartyelas..

      Like

      • MK 06/08/2012, 9:50 AM

        Chemi azrit sheizleba mzis sxivebi ar iyo,anu ase pirdapir ver shomodioda rogorc axla.

        Like

        • maromar 06/08/2012, 12:37 PM

          მზის სხივები როგორ არ იყო, მნათობები ჯერ კიდევ მესამე დღეს შექმნა ღმერთმა, თუმცა სინათლე პირველ დღეს

          Like

          • ზურა 16/04/2013, 7:57 PM

            მზის სხივები და სინათლე თუ რომ არ ყოფილიყო ხომ დაიხოცებოდნენ? თუ კარმას ჩართავდნენ და დენსაც მიაბამდნენ

            Like

  4. faifuris angelozi 06/08/2012, 2:29 AM

    მე პირადად ბოლო ვერსიის მჯერა, მაგრამ გამიგია ქართველი ალპინისტებისგან რომლებმაც არარატზე იმოგზაურეს რომ იქ მართლაც არის რაღაც, თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ნოეს რატომღაც მაინცდამაინც კიდობანი უნდა აეგო, ბიბლია ხომ გადატანითი მნიშვნელობით არის დაწერილი და თან მასში რამდენი რამეა შეცვლილი უფალმა უწყის :დ

    Like

  5. MK 06/08/2012, 2:45 PM

    Me vigulisxme dedamicaze da ara saertod:) isev anu, sheizleba sinatle pirdapir ver aRcevda dedamicaze da cargvnis shemdeg sheicvala ragac da sinatlis sxivi pirdapir shemodis da wyaltan ertad kmnis cisartyelas. Tipa gava dro da sheileba tkvan: adre dedamicas ozonis shre konda da xalxi zaan didxanz,100 clamdec cocxlobdneno:)

    Like

  6. Pingback: ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები « ჩრდილოეთის ციალი

  7. Java 08/03/2013, 4:24 PM

    მაგარი პორსტია მაგრამ ბრიუ მასის თეორიას კომეტის შესახებ არ ვეთანხმები რადგან მასეთი ზომების კომეტა რომ ჩამოვარდნილიყო კიდობანიც განადგურდებოდა და ცუნამიც მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე გაგრდზელდებოდა აქ კი გაცილებით დიდი პერიოდია ნავარაუდები 🙂

    Like

  8. გიო 29/03/2013, 11:13 AM

    რა გავაკეთო რომ გლობარული დათბობა დედამიწაზე აღარ იყოს იცით ვინმემ რა უნდა ვქნა?

    Like

    • Charlius 29/03/2013, 11:38 AM

      მსოფლიოს პრეზიდენტი უნდა გახდე და ყველა ქვეყნის საწარმოები, ტრანსპორტი და ა.შ. მწვანე ენერგიაზე გადაიყვანო, კოსმოსური პროგრამები წელიწადში რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარით დააფინანსო, რომ საცხოვრებელი ბაზები დედამიწის მიღმაც შეიქმნას. დააკომპლექტო ინჟინერ-მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ვულკანის შეჩერებისა და გაუვნებელყოფის მეთოდს გამოიგონებს, აკრძალო პროექტები, რომლებიც ტყეების გაჩეხვასა და ბუნებისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას ითვალისწინებს, ამჟამინდელი ტყეების რაოდენობა მინიმუმ ათჯერ გაზარდო და საფრთხეში მყოფი ცხოველებისთვის გამრავლების პროგრამები დააფინანსო.

      მერე შეიძლება გვეშველოს.

      Like

      • : )) 29/03/2013, 2:10 PM

        mere kidev gamochndeba vigac ,visac globalizaciis idea ar moswons 😀
        ra eshvelebat netav ;\ ;d

        Like

      • toka 13/04/2013, 11:03 PM

        ისე ჩარლი მსოფლიოს პრეზიდენტს თუ ეკლესიური თვალით შევხედავთ ანტიქრისტე მოგვაგონდება და ანტიქრისტეს დამკვიდრებას ისევ გლობალური დათბობა მირჩევნია … 🙂 🙂

        Like

      • აკაკი 18/04/2013, 3:13 PM

        ეეეეჰ ჩარლიუს, ე.ი. შენი აზრით პრეცესიული ციკლის, სუპერვულკანების (ქართულად ზევულკანების 😉 ) და სხვა ამგვარი რაღაც-რაღაცეების დაძლევა შესაძლებლელია? საერთოდ არსებობენ მეცნიერები, რომლებიც არ იზიარებენ საყოველთაოდ აღიარებულ ვერსიას, იმის შესახებ, რომ გლობალური დათბობა ადამიანის გამოწვეულია; ისინი თვლიან, რომ ეს სწორედ პრეცესიული ციკლის გამო ხდება. მათი არგუმენტები იმდენად მყარია, რომ ძნელია რამე დაუპირისპირო.
        ასე რომ, ვერ უშველის მაგ ამბავს გიოს გამსოფლიოპრეზიდენტება 😉

        Like

        • Charlius 25/04/2013, 1:01 PM

          ეგ კომენტარი ნახევრად ხუმრობით დავწერე 😀 თუმცა ჩემი აზრით დროის ამბავია, რომ ტექნოლოგია მაგ დონემდე მივიდეს. ან რაიმე თავდაცვითი სისტემა შექმნას, რომ კატასტროფა მოხდეს, მაგრამ ადამიანებს არ ავნოს (მაგალითად მეხამრიდი როა). მეცნიერება-ტექნოლოგიის განვითარებას (განსაკუთრებით მწვანე ტექნოლოგიებს) რომ საგრძნობლად შეუძლია გლობალური დათბობის შენელება, ეს ხომ ცხადია? ამას წინათ წავიკითხე, მგონი ნილ ტაისონის ციტატა იყო – ნასას თავისი არსებობის განმავლობაში რა ბიუჯეტიც ჰქონდა, შტატები მაგას ერთ წელში ხარჯავს სამხედრო სფეროშიო :დ

          გლობალურ დათბობას ხელოვნური მიზეზებიც აქვს და ბუნებრივიც, არც მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ადამიანების კისერზეა, მაგრამ არც ისე პატარა წვლილი გვაქვს მისი შედეგების დაჩქარებაში.

          Like

  9. გიო 29/03/2013, 11:14 AM

    თუ იცით დამეხმარეთ

    Like

  10. datiko48 13/01/2014, 11:36 AM

    didi madlobeli lamazi statiebistvis!!

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: