ჯეიმს უების ტელესკოპით მიღებული პირველი გამოსახულებები გამოქვეყნდა

ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სამეცნიერო ობსერვატორიაა. უების ტელესკოპი ამოხსნის მზის სისტემის საიდუმლოებებს, დააკვირდება შორეული ვარსკვლავების გარშემო მოძრავ პლანეტებს, გამოიკვლევს იდუმალ სტრუქტურებს და ჩვენი სამყაროს წარმოშობას და ჩვენს ადგილს მასში. ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი საერთაშორისო პროგრამაა, რომელსაც ხელმძღვანელობს ნასა თავის პარტნიორებთან, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსა (ESA) და კანადის კოსმოსურ სააგენტოსთან (CSA) ერთად. წარმოგიდგენთ ჯეიმს უების ტელესკოპით მიღებულ პირველ 5 გამოსახულებას.


  • 11 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში საზეიმოდ წარადგინა გალაქტიკათა გროვის SMACS 0723-ის ეს ფოტო, ცნობილი, როგორც „უების პირველი ღრმა ველი“.
  • ცის ის რეგიონი, რომელიც უების ამ გამოსახულებაზე ჩანს, დედამიწის ზედაპირზე მდგომი ადამიანისთვის ხელის გაწვდენაზე მყოფი ქვიშის მარცვლის ზომისაა. სამყაროს ამ უმცირეს ნაგლეჯზე ათასობით გალაქტიკა ჩანს. 
  • უების მკვეთრ ახლო ინფრაწითელ ხედში ჩანს მკრთალი სტრუქტურები და ადრეული სამყაროს ყველაზე დეტალურ გამოსახულებას გვთავაზობს. 
  • ნასამ და მისმა პარტნიორებმა დანარჩენი ფოტოები 12 ივლისს გამოაქვეყნეს პირდაპირ ეთერში. 

ნასას ჯეიმს უების ტელესკოპმა შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულება შექმნა. „უების პირველი ღრმა ველის“ სახელით ცნობილი ხედი, რომელზეც გალაქტიკათა გროვა SMACS 0723 ჩანს, საოცრად დეტალურია.

ათასობით გალაქტიკა – მათ შორის ყველაზე მკრთალი ობიექტები – უების ხედზე პირველად აღიბეჭდა. მისი გადაღება მოხდა უების ახლო ინფრაწითელი კამერით (NIRCam) და სხვადასხვა ტალღების დიაპაზონში 12.5 საათის განმავლობაში გადაღებული ფოტოების კომპოზიციას წარმოადგენს. სიღრმითა და დეტალურობით ეს გამოსახულება ბევრად აღემატება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ღრმა ველის ფოტოებს, რომელთა გადაღებასაც კვირები ჭირდებოდა.

ფოტოზე გალაქტიკათა გროვა SMACS 0723 ჩანს იმ ფორმით, როგორიც იყო 4.6 მილიარდი წლის წინ. უზარმაზარი მასის გამო ამ სტრუქტურას გრავიტაციული ლინზირების ეფექტი აქვს და მის უკან მდებარე შორეული გალაქტიკების გამოსახულებებს ადიდებს. უების NIRCam კამერამ ეს შორეული ობიექტები, მათ შორის ვარსკვლავთა გროვები, მკვეთრ ფოკუსში მოაქცია – მათ პატარა, მკრთალი სტრუქტურები აქვთ და აქამდე არ აღბეჭდილან. მკვლევარები მალე დაადგენენ გალაქტიკათა მასებს, ასაკებს, წარსულსა და შემადგენლობას, უები კი სამყაროს ყველაზე ადრეული გალაქტიკების ძებნას განაგრძობს.

გამოსახულება მაღალი გარჩევადობით: ლინკი

 

  • უების უზარმაზარი სარკე და ზუსტი ინსტრუმენტები ერთობლივად იყო ჩართული ეგზოპლანეტის დაკვირვებაში. შედეგად მივიღეთ მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტის ატმოსფეროში გავლილი ვარსკვლავური სინათლის აქამდე ყველაზე დეტალური ანალიზი. 
  • სინათლის სპექტრი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1150 სინათლის წლის მოშორებით მდებარე პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობაზე, წყლის აშკარა კვალს გვიჩვენებს.  
  • უების მიერ მიღებული სიგნალის სიძლიერე მიგვანიშნებს, რომ ეს ტელესკოპი მომდევნო წლებში დიდ როლს ითამაშებს პოტენციურად დასახლებადი პლანეტების აღმოჩენაში.
  • უების ახალ ძლიერ ხედზე ნისლისა და ღრუბლების არსებობის მტკიცებულებაც ჩანს, რაც პლანეტათა წინა კვლევებში ვერ ფიქსირდებოდა. 

ნასას ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი დააკვირდა აირის გიგანტ პლანეტას, რომელიც მზის მსგავს შორეულ ვარსკვლავს უვლის გარშემო. ანალიზმა ვარსკვლავის სინათლის სიკაშკაშის შემცირებაზე დაყრდნობით გამოავლინა სპეციფიკური აირის მოლეკულები. ეს უების მიერ ასობით სინათლის წლის მოშორებით მდებარე პლანეტების ატმოსფეროს ანალიზის უპრეცენდენტო შესაძლებლობას აჩვენებს.

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ბოლო 20 წელში უამრავი ეგზოპლანეტის ატმოსფერო გამოიკვლია და წყლის არსებობის ნიშნებს პირველად 2013 წელს მიაგნო. თუმცა უების დაუყოვნებელი და უფრო დეტალური დაკვირვება უზარმაზარი ნახტომია დედამიწის მიღმა მდებარე დასახლებადი პლანეტების ძიების საქმეში.

WASP-96 b ირმის ნახტომის გალაქტიკაში არსებული დადასტურებული 5000 ეგზოპლანეტიდან ერთ-ერთია. ის ჩვენგან დაახლოებით 1150 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს ფენიქსის თანავარსკვლავედში. ის იუპიტერის მსგავსად აირის გიგანტის ტიპის პლანეტაა, თუმცა მისი ანალოგი მზის სისტემაში არ გვაქვს. მასით იუპიტერის ნახევარია, ხოლო დიამეტრით 1.2-ჯერ დიდი, ტემპერატურა კი 540°C-ზე მაღალია. WASP-96 b მზის მსგავს ვარსკვლავს ძალიან ახლოს უვლის, ვარსკვლავისგან მისი დაშორება მერკურსა და მზეს შორის დისტანციაზე 9-ჯერ ნაკლებია, ერთ ორბიტას კი დედამიწის 3.5 დღეში ასრულებს.

დიდი ზომის, მოკლე ორბიტული პერიოდის, გამჭვირვალე ატმოსფეროსა და ახლომდებარე სინათლის წყაროების ნაკლებობის გამო WASP-96 b იდეალური სამიზნეა ატმოსფერული დაკვირვებებისთვის.

21 ივნისს უების ახლო ინფრაწითელში გამოსახულების მიმღები და ჭრილგარეშე სპექტროგრაფის (NIRISS) ინსტრუმენტის მიერ 6.4 საათის განმავლობაში იზომებოდა WASP-96 სისტემიდან წამოსული სინათლე, როცა პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობდა. სინათლის ანალიზით დადასტურდა მანამდე არსებული დაკვირვებებით განსაზღვრული პარამეტრები – პლანეტის არსებობა, ზომა და ორბიტა. თუმცა ასევე აღმოჩნდა ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების არსებობის მტკიცებულებები, რაც აქამდე უცნობი იყო.

განსაკუთრებული დეტალურობა და სიმკვეთრე უების შესანიშნავი ინსტრუმენტების წყალობით გახდა შესაძლებელი. 25 მ² ფართობის მოოქროვილი სარკე ეფექტურად აგროვებს ინფრაწითელ სინათლეს. მგრძნობიარე დეტექტორებს ფერების გარჩევა მიკრონის მეათასედის სიზუსტით შეუძლიათ. ცნობისთვის, ერთმანეთის მომიჯნავე მწვანე და ყვითელ ფერებს შორის სხვაობა 50 მიკრონია.

გარდა ამისა, უები L2 ლაგრანჟის წერტილში იმყოფება, დედამიწიდან 1.5 მილიონი კმ-ის მოშორებით, რის გამოც დედამიწის ატმოსფეროს დაბინძურება მასზე გავლენას ვერ ახდენს და სუფთა მონაცემებს აგზავნის, რომლის ანალიზიც შედარებით სწრაფად ხდება.

გამოსახულება მაღალი გარჩევადობით: ლინკი

 

  • ნასას ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა სამხრეთის რგოლის პლანეტარული ნისლეულის აქამდე უცნობი დეტალები გამოავლინა. პლანეტარული ნისლეულები აირისა და მტვრის გროვებია, რომლებსაც მომაკვდავი ვარსკვლავები გამოტყორცნიან. 
  • უების ძლიერი ინფრაწითელი ხედი გვაჩვენებს ნისლეულის მეორე ვარსკვლავს, ასევე გასაოცარ სტრუქტურებს, რომლებსაც ვარსკვლავები მათ გარშემო არსებული მტვრისა და აირისთვის ფორმის შეცვლით ქმნიან. 
  • ასეთი დეტალები, რომლებიც ვარსკვლავთა არსებობის ბოლო პერიოდს უკავშირდება, მეტ ინფორმაციას მოგვცემს ვარსკვლავების განვითარებასა და მათი გარემოს გარდაქმნაზე. 
  • გამოსახულებებზე ასევე ჩანს ფონზე არსებული შორეული გალაქტიკები. ფერადი წერტილების უმეტესობა გალაქტიკებია და არა ვარსკვლავები. 

ამ გამოსახულების ცენტრში არსებული მკრთალი ვარსკვლავი ათასობით წლის მანძილზე ყველა მიმართულებით აგზავნიდა მტვრისა და აირის რგოლებს. ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპმა გამოავლინა, რომ ეს ვარსკვლავი მტვრით არის გარემოცული.

ტელესკოპის ორმა კამერამ აღბეჭდა პლანეტარული ნისლეული, სახელად NGC 3132, არაფორმალურად ცნობილი, როგორც სამხრეთის რგოლის ნისლეული. ის დაახლოებით 2500 სინათლის წლის მოშორებითაა.

უები მეცნიერებს დაეხმარება, მეტი შეიტყონ ასეთ პლანეტარულ ნისლეულებზე, რომლებიც მომაკვდავი ვარსკვლავისგან გამოფრქვეული მატერიისგან ყალიბდებიან. იმის გაგება, თუ რომელი მოლეკულებია გავრცელებული და როგორ არიან ისინი განაწილებული მტვრისა და აირის ფენებში, მკვლევარებს საშუალებას მისცემს, ამ ობიექტების შესახებ არსებული წარმოდგენები დახვეწონ.

ორი ვარსკვლავი, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან ორბიტალურად დაკავშირებული, ადგილობრივ ლანდშაფტს ქმნის. უების ინფრაწითელი გამოსახულებები ამ კომპლექსურ სისტემებზე ახალ დეტალებს გვაწვდის. ვარსკვლავები და მათი სინათლის ფენები დომინირებენ მარცხენა გამოსახულებაზე, რომელიც NIRCam-ით არის გადაღებული, ხოლო მარჯვნივ, შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტით (MIRI) მიღებულ ხედზე პირველად ჩანს მეორე ვარსკვლავი, რომელსაც მტვერი არტყამს გარს. უფრო კაშკაშა ვარსკვლავი ევოლუციის ადრეულ ეტაპზეა და სავარაუდოდ მომავალში გამოაფრქვევს მატერიას, რომლისგანაც ახალი პლანეტარული ნისლეული წარმოიქმნება.

კაშკაშა ვარსკვლავი ნისლეულის იერსახეზე ახდენს გავლენას. ვარსკვლავთა წყვილი ერთმანეთს უვლის გარშემო და ამ პროცესის შედეგად მტვრისა და აირის გროვებისგან ასიმეტრიულ ფორმებს ქმნიან.

თითოეული ფენა შეესაბამება მოვლენას, როცა მკრთალმა ვარსკვლავმა თავისი მასის ნაწილი დაკარგა. გარე რეგიონებში მდებარე ყველაზე ფართო რგოლები ადრე გამოფრქვეული მატერიაა, ხოლო ახლომდებარე – ყველაზე ახალი. მათზე დაკვირვებით მეცნიერები ამ სისტემის ისტორიას გამოიკვლევენ.

პლანეტარული ნისლეულების არსებობა ათობით ათასი წელი გრძელდება, ამიტომ ამ ნისლეულზე დაკვირვება ჰგავს ფილმის ყურებას განსაკუთრებით შენელებული მოძრაობით.

ვარსკვლავის მიერ გამოფრქვეულ მატერიაში ახალი მოლეკულები ყალიბდება და გარშემო ლანდშაფტს ცვლის. ეს მოლეკულები მიმდებარე რეგიონებს ამდიდრებენ და საბოლოოდ ე.წ. ვარსკვლავთშორის ნივთიერებად ყალიბდებიან. მათი ნაწილი შეიძლება კოსმოსში აღმოჩნდეს და მილიარდობით წელი იმოგზაუროს, ვიდრე ახალ ვარსკვლავად ან პლანეტად არ ჩამოყალიბდება.

ათასობით წლის შემდეგ აირისა და მტვრის ეს თხელი ფენები სივრცეში გაიფანტება.

გამოსახულება მაღალი გარჩევადობით: ლინკი

 

  • ახალ უზარმაზარ გამოსახულებაზე ჩანს გალაქტიკათა ჯგუფის „სტეფანის კვინტეტის“ აქამდე არნახული დეტალები.
  • სტეფანის კვინტეტის სიახლოვე ასტრონომებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ გალაქტიკათა შერწყმასა და ურთიერთქმედებას. 
  • უების ახალ ხედში იშვიათი დეტალურობით ჩანს, როგორ იწვევს გალაქტიკათა ურთიერთქმედება თითოეულში ვარსკვლავების წარმოქმნას და როგორ ხდება ცხელი აირების შეშფოთება. 
  • ასევე აქამდე არნახული სიმკვეთრით ვხედავთ შავი ხვრელის ზემოქმედებით მატერიის დინებას. 
  • გალაქტიკათა ასეთი მჭიდრო ჯგუფები შესაძლოა უფრო გავრცელებული ყოფილიყო ადრეულ სამყაროში, როცა ზეგახურებული მატერიის დაცემა კვებავდა ძალიან ენერგიულ შავ ხვრელებს. 

სტეფანის კვინტეტი, რომელიც ხუთი გალაქტიკის ვიზუალურ ერთობლიობას წარმოადგენს, ცნობილი გახდა 1946 წლის კლასიკური ფილმით „ეს მშვენიერი ცხოვრება“. უების ამ უდიდეს გამოსახულებაზე ჩანს უზარმაზარი მოზაიკა, რომელიც ცაზე მთვარის დიამეტრის მეხუთედის ტოლ ადგილს იკავებს. სურათი 150 მილიონზე მეტ პიქსელს შეიცავს და დაახლოებით 1000 ცალკეული გამოსახულებისგან არის აწყობილი. უების მიერ შეგროვებული მონაცემები ახალ ინფორმაციას გვაწვდის იმაზე, თუ როგორ წარმართავდა გალაქტიკების ურთიერთქმედება მათ ევოლუციას ადრეულ სამყაროში.

გამოსახულებას ამშვენებს მილიონობით ახალგაზრდა ვარსკვლავის ელვარე გროვები და ვარსკვლავთა აფეთქებების რეგიონები, სადაც ახალი ვარსკვლავები ჩნდებიან. სხვადასხვა გალაქტიკებიდან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად თავს იყრიან ვარსკვლავების, მტვრისა და აირის ვრცელი კუდები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთ-ერთი გალაქტიკის, NGC 7318B-ის დარტყმითი ტალღები, რომლებიც ამ გალაქტიკის სტეფანის კვინტეტის ცენტრში ჩავარდნისგან წარმოიქმნება. NGC 7318B საათში რამდენიმე მილიონი კმ-ის სიჩქარით მოძრაობს.

სტეფანის კვინტეტის 5 გალაქტიკა ასევე ცნობილია, როგორც ჰიკსონის კომპაქტური ჯგუფი 92 (HCG 92). მიუხედავად იმისა, რომ სახელში „კვინტეტი“ ფიგურირებს, რეალურად მხოლოდ 4 გალაქტიკაა ერთმანეთთან ახლოს და ისინი კოსმოსურ ცეკვაში არიან ჩართული. მეხუთე და ყველაზე მარცხნივ მდებარე გალაქტიკა, NGC 7320, დანარჩენებთან შედარებით წინა პლანზეა. NGC 7320 მდებარეობს დედამიწიდან 40 მილიონი სინათლის წლის მოშორებით, ხოლო დანარჩენი 4 გალაქტიკა (NGC 7317, NGC 7318A, NGC 7318B და NGC 7319) – დაახლოებით 290 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზე. კოსმოსური მასშტაბებით ეს მაინც ახლოა, იმის გათვალისწინებით, რომ  უფრო შორეული გალაქტიკები მილიარდობით სინათლის წლის დაშორებით არიან. ასეთი შედარებით ახლომდებარე გალაქტიკების შესწავლა მეცნიერებს ეხმარება, უფრო შორეულ რეგიონებში მდებარე სტრუქტურებზე მეტი შეიტყონ. სტეფანის კვინტეტი ფანტასტიკური „ლაბორატორიაა“ გალაქტიკათა ურთიერთქმედებისა და ამის შედეგად ვარსკვლავების წარმოქმნის შესასწავლად.

გალაქტიკათა ასეთი მჭიდრო ჯგუფები შეიძლება უფრო გავრცელებული ყოფილიყო ადრეულ სამყაროში, როცა ზეგახურებული მატერიის დაცემა კვებავდა ძალიან ენერგიულ შავ ხვრელებს, ე.წ. კვაზარებს. დღესაც კი, ყველაზე ზემოთ მდებარე გალაქტიკა NGC 7319 შეიცავს აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს, რომელიც მზეზე 24 მილიონჯერ უფრო მძიმე ზემასიური შავი ხვრელია. ის აქტიურად იზიდავს თავისკენ მატერიას და 40 მილიარდი მზის ექვივალენტ ენერგიას წარმოქმნის.

უების დახვეწილი ინსტრუმენტების წყალობით ყველაზე მარცხნივ მდებარე NGC 7320 გალაქტიკაში ინდივიდუალურ ვარსკვლავებსა და გალაქტიკის მანათობელ ბირთვზე დაკვირვება მოხერხდა. ბონუსად უებმა ფონზე მდებარე შორეული გალაქტიკებიც აღბეჭდა ჰაბლის ღრმა ველების მსგავსად.

სტეფანის კვინტეტის გამოსახულების შესწავლით მეცნიერები მეტს გაიგებენ, რა ტემპით იკვებებიან და იზრდებიან ზემასიური შავი ხვრელები. უები ასევე პირდაპირ აკვირდება ვარსკვლავთა წარმოქმნის რეგიონს და მტვრისგან წამოსული სინათლის ანალიზი შეუძლია ისეთ დეტალებში, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

პეგასის თანავარსკვლავედში მდებარე სტეფანის კვინტეტი ფრანგმა ასტრონომმა ედუარ სტეფანმა აღმოაჩინა 1877 წელს.

გამოსახულება მაღალი გარჩევადობით: ლინკი

 

  • ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპმა გემის ხერხემლის ნისლეულში აღბეჭდა ვარსკვლავთა ინკუბატორები და ინდივიდუალური ვარსკვლავები, რომლებიც აქამდე ბუნდოვნად ჩანდა. 
  • „კოსმოსური კლდეების“ გამოსახულებები აჩვენებს უების ტელესკოპის შესაძლებლობას, გაიხედოს კოსმოსური მტვრის მიღმა და ნათელი მოფინოს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესს. 
  • ვარსკვლავების ფორმირების ყველაზე ადრეული და სწრაფი პროცესების დაფიქსირება რთულია, მაგრამ უების უკიდურესი მგრძნობიარობა, მაღალი სივრცული რეზოლუცია და აღბეჭდვის შესაძლებლობები ამ მოუხელთებელი პროცესების თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა. 

„მთებისა“ და „ხეობების“ ეს ლანდშაფტი, რომელიც მოკაშკაშე ვარსკვლავებითაა მოკირწყლული, წარმოადგენს გემის ხერხემლის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავების ფორმირების რეგიონის NGC 3324-ის კიდეს. ინფრაწითელში გადაღებული ფოტო ვარსკვლავთა წარმოქმნის აქამდე უხილავ რეგიონებს გვიჩვენებს.

კოსმოსურ კლდეებად წოდებულ ერთი შეხედვით სამგანზომილებიან გამოსახულებაზე თითქოს ციცაბო მთებია, რომლებსაც საღამოს ამოსული მთვარე დანათის თავზე. სინამდვილეში ეს NGC 3324-ში მდებარე გიგანტური აირის ღრმულია და ყველაზე მაღალი „მწვერვალი“ 7 სინათლის წლის სიმაღლისაა. ღრმულოვანი რეგიონი უკიდურესად მასიური, ცხელი, ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან წამოსულმა ინტენსიურმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ და ვარსკვლავურმა ქარებმა წარმოქმნა. ამ პროცესის შედეგად ნისლეულის კედელი თანდათანობით იშლება. „ორთქლი“, რომელიც თითქოს ციური „მთებიდან“ ამოდის, რეალურად ცხელი იონიზებული აირი და ცხელი მტვერია, რომლებიც ულმობელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად ნისლეულიდან გაედინებიან.

უების ინფრაწითელი გამოსახულება გვიჩვენებს ვარსკვლავთა ინკუბატორებს და ინდივიდუალურ ვარსკვლავებს, რომლებიც ხილულ ოპტიკურ დიაპაზონში გადაღებულ სურათებში არ ჩანს. ასეთი ახალგაზრდა ვარსკვლავებიდან პროტოვარსკვლავური ჭავლები გამოიფრქვევა. გამოსხივების ყველაზე ახალგაზრდა წყაროები წითელ წერტილებად ჩანს ღრუბლის ბნელ მტვრიან რეგიონებში. ვარსკვლავების ფორმირების ყველაზე ადრეული და სწრაფი პროცესების დაფიქსირება რთულია, მაგრამ უების უკიდურესი მგრძნობიარობა, მაღალი სივრცული რეზოლუცია და აღბეჭდვის შესაძლებლობები ამ მოუხელთებელი პროცესების თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა.

NGC 3324-ზე დაკვირვება ნათელს მოფენს ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესს. ღრმულოვანი რეგიონის დაშლისას კაშკაშა იონიზირებული გროვა ნისლეულში მოძრაობს და თუკი არასტაბილურ მატერიას წააწყდა, წნევის ზრდის შედეგად ადგილი ექნება მატერიის კოლაფსს და ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას. თუმცა ასეთი ტიპის შეშფოთებამ შეიძლება ვარსკვლავების წარმოქმნა შეაფერხოს კიდეც, რადგან სათანადო მატერიის დაშლაც ხდება. ადგილი აქვს ძალიან ფაქიზ ბალანსს ახალი ციური სხეულების წარმოქმნასა და მათ შეჩერებას შორის. უები პასუხს გასცემს თანამედროვე ასტროფიზიკის უმთავრეს კითხვებს: რა განსაზღვრავს კონკრეტულ რეგიონში წარმოქმნილ ვარსკვლავთა რაოდენობას? რატომ აქვთ ახალწარმოქმნილ ვარსკვლავებს კონკრეტულად ეს მასა?

უები ასევე გამოიკვლევს, ვარსკვლავების წარმოქმნა რა გავლენას ახდენს მტვრისა და აირის გიგანტური ღრუბლების ევოლუციაზე. მასიური ვარსკვლავების ინტენსიური ქარებისა და მაღალი ენერგიების ეფექტი ხშირად აშკარაა, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი უფრო მრავალრიცხოვანი დაბალი მასის ვარსკვლავებზე. ეს პატარა ვარსკვლავები ქმნიან ვიწრო, საპირისპირო მიმართულების ჭავლებს, რამაც შეიძლება ღრუბლებს დიდი რაოდენობის ენერგია და იმპულსი გადასცეს. ეს ამცირებს ნისლეულის იმ მატერიის წილს, სადაც ახალი ვარსკვლავები ჩნდება.

დაახლოებით 7600 სინათლის წლის მოშორებით მდებარე NGC 3324 უების ახლო ინფრაწითელმა კამერამ (NIRCam) და შუა ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა (MIRI) აღბეჭდა. NIRCam თავისი მკვეთრი გარჩევადობითა და შეუდარებელი მგრძნობიარობით აფიქსირებს აქამდე უჩინარ ვარსკვლავებს და ფონზე მყოფ გალაქტიკებსაც კი.

NGC 3324 პირველად კატალოგში შეიტანა ასტრონომმა ჯეიმს დანლოპმა 1826 წელს. სამხრეთ ნახევარსფეროდან ხილული ეს ღია გროვა გემის ხერხემლის თანავარსკვლავედში, გემის ხერხემლის ნისლეულის (NGC 3372) ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს.

გამოსახულება მაღალი გარჩევადობით: ლინკი

 

წყარო: Nasa 1Nasa 2Nasa 3Nasa 4Nasa 5

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s