მარჯნის სასახლე

მარჯნის სასახლე ქალაქ ჰომსტედში მდებარე ქვის სტრუქტურებია, რომლებიც ლატვიელმა ამერიკელმა ექსცენტრიკოსმა ედვარდ ლიდსკალნინმა ააგო. ნაგებობა შედგება უამრავი მეგალითური ლოდისგან, რომელთა უმეტესობა ჩამოყალიბდა მარჯნის კირქვისგან. ამ ლოდების წონა რამდენიმე ტონას აღწევს. ამჟამად ის ტურისტების მიზიდვის ადგილია, ზოგადად კი უამრავი ადამიანის დაინტერესებას იწვევს, რადგან უცნობია, როგორ შეძლო ედვარდმა სრულიად მარტომ დამხმარე მექანიზმების გარეშე მისი აგება.

ნაგებობას ხშირად ადარებენ პირამიდებსა და სტოუნჰენჯს, ასევე უძველეს ბერძნულ ტაძრებს. უამრავი ადამიანისთვის ის საოცრებაა, ზოგისთვის სასწაულიც. ბევრ მამაკაცს აუშენებია თავისი ხელებით სახლი, მაგრამ ასეთი საოცარი – არავის. შენებისას გამოყენებული ლოდებიდან ზოგიერთი ორჯერ აღემატება წონით გიზის პირამიდის ბლოკებს.

 
 
ისტორია

26 წლის ედვარდს მასზე 10 წლით უმცროსი ლატვიელი გოგონა, აგნეს სკაფსი შეუყვარდა. მაგრამ ამ უკანასკნელმა ქორწილის წინა დღეს მიატოვა. ედვარდი დადარდიანებული გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც მალე ტუბერკულოზის ბოლო სტადია აღმოაჩნდა, თუმცა სპონტანურად, საოცრად მოკლე დროში განიკურნა. როგორც თავად ამბობდა, ეს მაგნიტების დახმარებით მოახერხა.

ედვარდმა მომდევნო 28 წელი სასახლის შენებაში გაატარა. მუშაობდა სრულიად მარტო, ყველას უკრძალავდა სამუშაო ტერიტორიაზე შესვლას. სამუშაო პროცესები ძირითადად მიმდინარეობდა ღამით, ფანრის შუქზე. რამდენიმე მოზარდის თქმით, მათ მოახერხეს შეპარვა და თვალის შევლება, როგორ მუშაობდა არქიტექტორი. მათი მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე ტონიანი ბლოკები საჰაერო ბურთებივით მოძრაობდა. ერთადერთი ხელსაწყო, რასაც ედვარდი იყენებდა, იყო ე.წ. მუდმივი მოძრაობის დამჭერი.

თავდაპირველად აგებულ სასახლეს ედვარდმა ქვის კარიბჭის პარკი უწოდა. ის მდებარეობდა ქალაქ ფლორიდაში. მიწა ნაყიდი ჰქონდა რუბენ მოსერისგან. 1936 წელს ედვარდმა სასახლის გადატანა გადაწყვიტა. ფლორიდაში მრავალსართულიანი სახლის შენება იწყებოდა, მას კი სურდა უფრო მშვიდ და მყუდრო ადგილას ეცხოვრა. ამასთან ერთხელ ქურდები დაესხნენ თავს და ცემეს, რამაც გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა. 3 წელი დასჭირდა ამ ნაგებობის 16 კმ-ით დაშორებულ ადგილზე გადატანას – ქალაქ ჰომსტედში, სადაც ამჟამად მდებარეობს. ედვარდს არ გამოუყენებია ძლიერი ამწე ან სატვირთო. მას მხოლოდ ძველი, ნახევრად მოშლილი სახელმწიფო წარმოების სატვირთო ჰქონდა. აწყობდა მასზე ნაწილებს და შემდეგ ჩვეულებრივი ტრაქტორის დახმარებით გადაჰქონდა.

ლიდსკალნინი სასახლეზე მუშაობას სიკვდილამდე – 1951 წლამდე აგრძელებდა. სასახლეს უამრავი მნახველი ჰყავდა, ედვარდი მათ 10 ცენტის სანაცვლოდ ათვალიერებინებდა ნაგებობას. როცა ედვარდს სთხოვდნენ, აეხსნა, როგორ ამოძრავებდა ამხელა ქვებს, ის პასუხობდა, რომ უბრალოდ კარგად ერკვეოდა მასისა და ბერკეტის მოქმედების კანონებში. ხოლო კითხვაზე, რა იყო სასახლის აგების მიზანი, ის გაურკვევლად ჩაილაპარაკებდა: “ტკბილი 16”. ფართო საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ეს აგნესის პატივსაცემად აიგო, მისდამი სიყვარულის დასადასტურებლად. გამოცემაში სახელად “წიგნი ყოველ სახლში” ედვარდი წერს აგნესზე, თუმცა ლატვიური წყაროებით, გოგონას ნამდვილი სახელი იყო ჰერმინა ლუსისი.

1951 წლის დეკემბერში ლიდსკალნინი ავად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას კუჭის კიბო ჰქონდა. სამ დღეში ის გარდაიცვალა. მის ნივთებში $3,500 აღმოაჩინეს, რომელიც ტურისტებისგან ჰქონდა აგროვებული. ანდერძი არ დაუწერია, ამიტომ სასახლე მემკვიდრეობით ერგო მის ძმისშვილს, ჰარის. თუმცა ჰარი ღარიბი იყო და იძულებული გახდა, ერთ-ერთი ოჯახისთვის მიეყიდა. ოჯახმა კი ის ტურისტების მიზიდვის საშუალებად აქცია. 1981 წლის იანვარში მათაც გაყიდეს სასახლე $175,000-ად. მაშინდელი მყიდველები დღემდე ამ საოცრების მფლობელები არიან.


 
 
სასახლე

სასახლის კედლების, ჩუქურთმების, ავეჯისა და კოშკის ლოდების მთლიანი წონა 1000 ტონამდე ადის. ქვები ერთმანეთთან ყოველგვარი დამხმარე საშუალების გარეშეა დაკავშირებული. ერთი ლოდი მეორეს ადევს და მათი უზარმაზარი წონა ნაგებობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. თუმცა ისინი უბრალოდ შელაგებული კიარაა, არამედ უზუსტესად აწყვია, ისე რომ შიგნით სინათლე საერთოდ ვერ შედის. 2.4 მ სიგრძის ლოდების წყობა სწორ კედლებს ქმნის. 1992 წლის 24 აგვისტოს ამ ადგილს 280 კმ/სთ სიჩქარის მქონე ქარიშხალი, სახელად ენდრიუ დაატყდა თავს, რომელმაც ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ნაგებობა კი ოდნავადაც არ შეტოკებულა.

სასახლის ბევრი ორნამენტი და ნაკვთი თვალშისაცემია. მათ შორისაა ორსართულიანი კოშკი, რომელშიც ლიდსკალნინი ცხოვრობდა. საკმაოდ ზუსტი მზის საათი. პოლარული ტელესკოპი. ობელისკი. 30 ტონიანი ნამგალა მთვარე, წვეროთი მიმართული პოლარული ვარსკვლავისკენ. ბარბეკიუ. ჭა. შადრევანი. ქვის ავეჯი. ავეჯის ნაკეთობებს შორის არის გულის ფორმის მაგიდა, ფლორიდის ფორმის მაგიდა, 25 სარწეველა სკამი, ნამგალა მთვარის ფორმის სკამები, აბაზანა, საწოლები და სამეფო ტახტი.

რაც ყველაზე გასაოცარია, არის მშენებლობისას გამოყენებული ლოდების მასშტაბური ზომები. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ჩანს, როგორ შეიძლებოდა, ერთ კაცს ამხელა რამეები ეზიდა. განსაკუთრებით საოცარია, თუკი დავუმატებთ იმას, რომ ედვარდს მხოლოდ პრიმიტიული იარაღები ჰქონდა, არაფერი განსაკუთრებული ან რთული მექანიზმი. ლოდების საშუალო წონა 14 ტონაა. მათგან ყველაზე დიდი 27 ტონას იწონის, ხოლო ყველაზე მაღლები 7.6 მეტრს აღწევენ.

სასახლის უნიკალურობები ამით არ მთავრდება. ჭიშკრის ფუნქციას ასრულებდა 8.2 ტონიანი მეგალითური ლოდი. ის ისე ზუსტად იყო მოჭრილი, რომ კედლის კიდეებს სრულყოფილად ერგებოდა. ჩნდება კითხვა: ამხელა მასის ჭიშკარი რითი უნდა გაღებულიყო? და კიდევ ერთი საოცრება: 8.2 ტონიანი ლოდი ისეთნაირად იყო დაბალანსებული, რომ პატარა ბავშვებიც კი ახერხებდნენ მის გაღებას თითის მიკვრით. ჭიშკრის სრულყოფილად გაწონასწორებული სიმძიმის ღერძი და მისი სიმსუბუქე დიდი ხნის განმავლობაში ყველას აოცებდა, მაგრამ 1986 წელს მოძრაობა შეწყვიტა. განსახილველად ინჟინრების ჯგუფი შეიკრიბა. გადაწყვიტეს, ჭიშკარი მოეხსნათ და ამისთვის მოიყვანეს 6 ჯანღონიანი მამაკაცი და 45 ტონიანი ამწე. როცა ჭიშკარი მოხსნეს, მისი გამოკვლევით გაირკვა, რა იყო მისი საიდუმლო: ლიდსკალნინს წვერიდან ძირამდე გახვრეტილი ჰქონდა ლოდი და შიგნით მეტალის ღერძი ჩაედგა. აღსანიშნავია, რომ გახვრეტა ელექტროხელსაწყოებით არ მომხდარა. ჭიშკარი ეყრდნობოდა ძველი სატვირთოს ნაწილს – საკისარს. დროთა განმავლობაში კი საკისარი დაჟანგდა და მოძრაობის გართულება გამოიწვია. 1986 წლის 23 ივლისს ახალი საკისარი ჩაუდგეს და განახლებული ჭიშკარი ისევ ნაგებობას მიუერთეს. 2005 წელს კიდევ ერთხელ შეცვალეს, თუმცა ძველებური სტილით ვეღარ აამუშავეს – ლიდსკალნინისგან განსხვავებით, ვეღარ შეძლეს ისეთივე მსუბუქი ჭიშკრის გაკეთება.

მშენებლობის სისტემა დღემდე გამოცანაა. ზოგი მიიჩნევს, რომ ედვარდი იყენებდა ანტიგრავიტაციულ მექანიზმებს, ზოგი მაგნეტიზმის მოქმედებით ხსნის, ასევე უამრავი სხვა ვერსიაც არის, სამყაროს კანონების მაღალ დონეზე ცოდნიდან დაწყებული, ზებუნებრივი და უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული ვარიანტებით დამთავრებული. თავად ლიდსკალნინი ამტკიცებდა, რომ ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო ამოხსნა და სასახლესაც იგივე სტილით აშენებდა. მისი ციტატაა: “მე აღმოვაჩინე პირამიდების საიდუმლო, ავხსენი, თუ როგორ შენდებოდა უძველესი ნაგებობები ჩილეში, პერუში, ეგვიპტეში, იუკატანში და აზიის ქვეყნებში. ეს ხდება პრიმიტიული იარაღებით, მათი დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე ტონიანი ბლოკების გადაადგილება.”

ედვარდ ლიდსკალნინის შედევრი მისი უკვდავი სიყვარულის საუკუნო მტკიცებულებაა. ერთადერთი ნაგეგობა, რაც შეიძლება შეედაროს, არის ტაჯ-მაჰალი – ასევე სიყვარულის ნიშნად აგებული სასახლე. მხოლოდ ამ უკანასკნელის ასაშენებელად რამდენიმე ათასი მონა მუშაობდა თავდაუზოგავად 20 წლის განმავლობაში. ედმა კი ეს მარტომ შეძლო და 28 წელი დასჭირდა.

Advertisements

2 responses to “მარჯნის სასახლე

  1. Pingback: მითები ძველი ეგვიპტის შესახებ « ჩრდილოეთის ციალი

  2. Bogveradze gocha 01/03/2018, 10:04 AM

    უნიკალურია, ერთადერთი რაც შეიძლება მოგაფიქრდეს ადამიანს , რატომ არ ასწავლა ვინმეს ეს ყოველივე…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: