ისინი ჩვენი სამყაროს „შუქურებად” არიან ცნობილი – მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც გამოყოფენ ელექტრომაგნიტური რადიაციის სხივებს და ეს სხივები მხოლოდ მაშინაა ხილული, თუკი თქვენი მიმართულებით მოძრაობენ. პულსარებად ცნობილ ვარსკვლავურ ნაშთებს ასე იმიტომ უწოდეს, რომ მათი გამოსხივებები თითქოს კოსმოსში „პულსირებენ”.
ეს უძველესი ობიექტები არამარტო გასაოცრები და შესანიშნავები არიან დაკვირვებისთვის, არამედ სარგებელიც მოაქვთ ასტრონომებისთვის…
აღწერა:
პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია. მასიური ვარსკვლავების მკვდარი ნარჩენები. პულსარებს რეგულარული ნეიტრონული ვარსკვლავებისგან ის განასხვავებთ, რომ ძლიერ მაგნიტიზირებული არიან და უჩვეულოდ სწრაფად ბრუნავენ. ასტრონომები მათ აღმოჩენას ახერხებენ რადიოპულსებით, რომელსაც რეგულარული ინტერვალებით გამოყოფენ.
ფორმირება:
პულსარის წარმოქმნა ძალიან ჰგავს ნეიტრონული ვარსკვლავისას. როცა ჩვენს მზეზე 4-8-ჯერ მასიური ვარსკვლავი კვდება, ზეახლად გარდაიქმნება. გარე შრეები კოსმოსში იფანტება, შიდა ბირთვი კი საკუთარი მიზიდულობის ძალის შედეგად იკუმშება. გრავიტაციული წნევა იმდენად ძლიერია, რომ აჭარბებს იმ ძალებს, რომლებიც ატომებში დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ.
ელექტრონები და პროტონები ერთმანეთზე ისრისება გრავიტაციის გავლენით და წარმოიქმნება ნეიტრონები. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე არსებული გრავიტაცია დედამიწისას აღემატება 2X10¹¹-ჯერ. ასე რომ ყველაზე მასიური ვარსკვლავები ზეახლად ფეთქდებიან, და შეიძლება შავ ხვრელადაც კოლაფსირდნენ. ნაკლებად მასიურები, როგორიც ჩვენი მზეა, გარე შრეებს კოსმოსში ფანტავენ და ნელ-ნელა გრილდებიან თეთრ ჯუჯებად.

კიბორჩხალას ნისლეულისა და პულსარის რენტგენული ფოტო
რაც შეეხება მზეზე 1.4-3.2-ჯერ მასიურ ვარსკვლავებს, შეიძლება ზეახლად აფეთქდნენ, მაგრამ საკმარისი მასა არ ექნებათ შავი ხვრელის წარმოქმნისთვის. ეს საშუალო მასის მქონე ობიექტები სიცოცხლეს ნეიტრონულ ვარსკვლავებად ასრულებენ და მათი ნაწილი პულსარი ან მაგნეტარი ხდება. როცა ეს ვარსკვლავები კოლაფსირდებიან, იმპულსის მომენტს ინარჩუნებენ.
მაგრამ უფრო მცირე ზომის შემთხვევაში მათი ბრუნვის სიჩქარე გაცილებით იზრდება და წამში მრავალ ბრუნვას აღწევს. ეს შედარებით პატარა, სუპერმკვრივი ობიექტი მძლავრად ასხივებს რადიაციას მისი მაგნიტური ველის ზოლების გასწვრივ, თუმცა რადიაციის ეს სხივები ყოველთვის არ ემთხვევა ბრუნვითი ღერძის მიმართულებას. ასე რომ პულსარები უბრალოდ ღერძის გარშემო მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები არიან.
ამგვარად, როდესაც დედამიწაზე მყოფი ასტრონომები აღმოაჩენენ რადიოგამოსხივების ინტენსიურ გამოყოფას წამში რამდენჯერმე, თითქოს მისი წყარო შუქურის მსგავსად ტრიალებდეს – ეს პულსარია.
ისტორია:
პირველი პულსარი 1967 წელს აღმოაჩინეს ჯოსელინ ბელ ბერნელმა და ენტონი ჰიუიშმა და მეცნიერული საზოგადოება განცვიფრდა მის მიერ გამოყოფილი რეგულარული რადიოგამოსხივებით. მათ შენიშნეს ცის ფიქსირებული წერტილიდან მომავალი მისტიკური რადიოსიგნალები, რომლებიც ყოველ 1.33 წამში აღწევდნენ პიკს. სიგნალები იმდენად რეგულარული იყო, რომ ასტრონომების ნაწილმა გონიერი ცივილიზაციისგან გამოგზავნილი საკომუნიკაციო საშუალების ალბათობა დაუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბერნელი და ჰიუიში დარწმუნებული იყვნენ სიგნალის ბუნებრივ წარმოშობაში, პულსარს უწოდეს LGM-1, რაც იშიფრება, როგორც „little green men” (პატარა მწვანე კაცუნები), მომდევნო აღმოჩენები კი ასტრონომებს დაეხმარა ამ უცნაური ობიექტების ჭეშმარიტი ბუნების განსაზღვრაში.
ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ისინი იყვნენ სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, რასაც მხარი დაუჭირა კიბორჩხალას ნისლეულში ძალიან მოკლე პერიოდის (33 მილიწამი) მქონე პულსარის აღმოჩენამ. ჯერჯერობით 1600 მათგანია აღმოჩენილი და მათგან ყველაზე სწრაფი წამში 716 პულსს გამოყოფს.
მოგვიანებით პულსარები ბინარულ სისტემებშიც აღმოაჩინეს, რამაც აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია დაადასტურა. 1982 წელს აღმოაჩინეს პულსარი, რომლის ბრუნვის პერიოდიც მხოლოდ 1.6 მიკროწამი იყო. გარდა ამისა, თავდაპირველად აღმოჩენილი ეგზოპლანეტები პულსარის გარშემო ბრუნავდნენ – თუმცა ცხადია, ისინი სიცოცხლისთვის არც ისე ხელსაყრელი ადგილი იქნება.
საინტერესო ფაქტები:
როცა პულსარი ყალიბდება, მისი ენერგია და ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარე ზენიტშია. ელექტრომაგნიტური ძალის სხივებად გამოყოფასთან ერთად ის თანდათან ნელდება. 10-100 მილიონ წელიწადში იმდენად ნელდება, რომ სხივებს აღარ გამოყოფს და პულსარი ჩუმდება.
აქტიურობისას ისეთი შესაშური სიზუსტით ბრუნავენ, რომ ასტრონომები მათ დროის საზომად იყენებენ. ამბობენ, რომ ზოგიერთი ტიპის პულსარი დროის სიზუსტის საკითხში არ ჩამორჩება ატომურ საათებს.

PSR B1257+12-ის გარშემო მოძრავი პლანეტები (მხატვრის წარმოსახვა)
პულსარები ასევე გვეხმარებიან გრავიტაციული ტალღების ძიებისას, ვარსკვლავთშორისი სივრცის კვლევისას და მზის სისტემის მიღმა არსებული, ორბიტაზე მოძრავი პლანეტების აღმოჩენაში. პირველი ასეთი პლანეტები პულსარის გარშემო აღმოაჩინეს 1992 წელს, როცა ასტრონომებმა ალექსანდრ ვოლშანმა და დეილ ფრეილმა განაცხადეს PSR B1257+12-ის გარშემო მულტიპლანეტარული სისტემის აღმოჩენის შესახებ. PSR B1257+12 მილიწამური პულსარია, რომელსაც ორი პლანეტა უვლის გარს.
წამოყენებულ იქნა აზრი, რომ კოსმოსურმა ხომალდმა შეიძლება პულსარები შუქურებად გამოიყენოს მზის სისტემის ირგვლივ ნავიგაციისთვის. ნასას ხომალდ „ვოიაჯერზე” (რომლითაც ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილი სურათები, მისალმებები და სიმღერები გაგზავნეს კოსმოსში) არის რუკები, რომლებიც ჩვენს რეგიონში არსებული 14 პულსარიდან მზისკენ მიმართულებას უჩვენებენ. თუკი უცხოპლანეტელებს ჩვენი მშობლიური პლანეტის პოვნა მოუნდებათ, უფრო ზუსტ რუკაზე ვერც იოცნებებენ.
გამოხმაურება: 20 ქალი, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ასტრონომია – ჩრდილოეთის ციალი