მეცნიერულ სამყაროში ამ კვირას მითქმა-მოთქმა ატყდა უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შესაძლო აღმოჩენის შესახებ. მოსაზრება უდავოდ დამაინტრიგებელია, თუმცა ჯეროვან სკეპტიციზმსაც საჭიროებს. წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ დროებით აუხსნელი ბუნებრივი მოვლენები ხშირად ეშლებათ უცხოპლანეტელებში. ქვემოთ იხილავთ რამდენიმე მაგალითს.
1500 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავმა მეცნიერები შეაცბუნა. ჟურნალისტი როს ანდერსენი „The Atlantic”-ში აღნიშნავს, რომ KIC 8462852-ს თითქოს გარს აკრავს „ობიექტების უცნაური დაჯგუფება”, რაც არამიწიერი ცივილიზაციის მაძიებელ მეცნიერებს აიძულებს, „უფრო ყურადღებით დააკვირდნენ მას”.
ანომალიის შესაძლო ახსნა არის ციური სხეულების შეჯახების შედეგად დარჩენილი ნამსხვრევების მასიური და არარეგულარული ღრუბელი. თუმცა ჯეისონ რაითი, ეგზოპლანეტებისა და ასტრობიოლოგიის შემსწავლელი მეცნიერი, ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა დაისონის სფერო იყოს – უცხოპლანეტელების მიერ აგებული მეგასტრუქტურა, რომელიც მზის პანელებისგან შედგება და ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს.
ფილ ფლეიტი Slate-ზე აღნიშნავს, რომ ვარსკვლავის ქცევა ნამდვილად რთული ასახსნელია და „იქ აშკარად რაღაც უცნაური ხდება”. რომ დავაზუსტოთ, ეს ალბათ არამიწიერი ცივლიზაცია არაა, თუმცა მოსაზრება, რომ უცხოპლანეტელების ხელი ურევია, გამორიცხვას არ ექვემდებარება. მითუმეტეს, რომ უცხოპლანეტური არტეფაქტების – უფრო კონკრეტულად კი დაისონის სფეროების – ძიება შესაძლოა საუკეთესო მეთოდი იყოს არამიწიერი ცივილიზაციის ნიშნების აღმოსაჩენად.
ეს აღმოჩენა გვახსენებს წარსულ შემთხვევებს მეცნიერების ისტორიიდან, როცა აუხსნელი ფენომენის განსამარტავად საქმეში უცხოპლანეტელებს რთავდნენ. ეს ერთგვარი ტენდენციაა ასტრონომების ნაწილში, როცა რაიმე მოულოდნელს ან თითქოს არსებული ცოდნის საზღვრებს მიღმა არსებულს დააკვირდებიან ხოლმე. მაგრამ თითქმის ყოველთვის თავდაპირველ ვარაუდებს გადასწონის უფრო გონივრული ახსნები, რაშიც ქვემოთ მოყვანილი მაგალითები დაგარწმუნებთ.
არხები მარსზე
მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტორიტეტულმა ამერიკელმა ასტრონომმა პერსივალ ლოუელმა პოსტულატად აიღო თეორია, რომ მარსის ზედაპირზე განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაცია ახდენდა მოსავლის მორწყვას წითელი პლანეტის პოლუსებიდან წამოსული წყლით, რაც საგულდაგულოდ დამუშავებული არხების ქსელით ხდებოდა.
„ის, რომ მარსი რაიმე სახის არსებებით არის დასახლებული, ეჭვმიუტანელი მგონია, გაურკეველი ისაა, რას წარმოადგენენ ეს არსებები”, წერდა ლოეული 1906 წელს.
ლოეულის შემდეგ დიდი დრო გავიდა, უფრო გულმოდგინე დაკვირვებამ კი აჩვენა, რომ მარსს ნამდვილად რთული და აქტიური ზედაპირი აქვს, მაგრამ არხები დროთა მსვლელობის შედეგად გაჩნდა და არა უცხო ცივილიზაციის მიერ.
პულსარები
კიდევ ერთი მაგალითი პულსარების აღმოჩენა გახლავთ, ელექტრომაგნიტური რადიაციის საოცრად ზუსტი გამოსხივებები, რისი სათავეც ძლიერი მიზიდულობის მქონე, ღერძის გარშემო მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია. რადგანაც სიგნალებს მკაცრად განსაზღვრული და სწრაფი ინტერვალებით უშვებენ, ასტრონომების ნაწილმა ივარაუდა, რომ პულსარები სინამდვილეში განვითარებული უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი სასიგნალო შუქურები იყო. პირველად ისინი 1967 წელს აღმოაჩინეს. აღმოჩენის თანაავტორმა ჯოსელინ ბელ ბერნელმა განაცხადა:
არ გვჯეროდა, რომ სხვა ცივილიზაციისგან წამოსული სიგნალი დავიჭირეთ, მაგრამ ცხადია, ამ იდეამ გონებაში გაგვირბინა და მაშინ არც იმის მტკიცებულება გვქონდა, რომ ეს სრულად ბუნებრივი რადიოგამოსხივება იყო. საინტერესო პრობლემაა – თუკი ვინმე ფიქრობს, რომ სამყაროში სადმე სიცოცხლე აღმოაჩინა, როგორ უნდა განაცხადოს შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობით?
თავდაპირველი სკეპტიციზმის მიუხედავად, მათ პულსარს უწოდეს LGM-1, რაც იშიფრება, როგორც „little green men” (პატარა მწვანე კაცუნები).
სიგნალი Wow!
რა თქმა უნდა, სიაშია საყოველთაოდ ცნობილი სიგნალი Wow! – 72 წამიანი რადიოსიგნალი, რომლის სინამდვილეც თავიდან ძნელი დასაჯერებელი იყო. თუმცა რეალური აღმოჩნდა.
National Geographic-ის ბლოგერი პატრიკ კიგერი მოვლენას ასე ხსნის:
[ჯერი] ეიმანმა, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად გაუქმებული „დიდი ყურის” რადიო-ობსერვატორიის მოხალისე მკვლევარმა, ყურადღებით განიხილა ტელესკოპის მიერ რამდენიმე დღით ადრე, 15 აგვისტოს ცის დათვალიერებისას მიღებული მონაცემები. იმ დროს ასეთი ინფორმაციები ინახებოდა IBM 1130-ის მეინფრეიმ კომპიუტერზე და იბეჭდებოდა პერფორირებულ ქაღალდზე, შემდეგ კი ლაბორატორიაში მოწმდებოდა ხელით. თუმცა ამ რუტინით გამოწვეული მოწყენილობა უცებ გაქრა, როცა ეიმანმა რაღაც უცნაური შენიშნა – ვერტიკალური სვეტი ალფანუმერული მიმდევრობით „6EQUJ5″, რომელიც დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით 20:16 სთ-ზე. მეცნიერმა წითელი კალამი მოიმარჯვა და მიმდევრობა შემოხაზა. ფურცლის მინდორზე კი მიაწერა: „Wow!”
ამ, ცოტა არ იყოს, იდუმალი ინფორმაციით ეიმანის აღტაცების მიზეზი იყო „დიდი ყურის” იმდროინდელი მისია, რომლის ფარგლებშიც კოსმოსს აკვირდებოდნენ იმ ტიპის რადიოსიგნალების აღმოსაჩენად, რომლებიც შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციას გამოესხივებინა, თუკი მათი მიზანი სამყაროს სხვა რეგიონში მცხოვრებ გონიერ არსებებთან კონტაქტი იყო. მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან მომავალი ეს სიგნალი ეიმანისთვის სწორედ ასეთ სიგნალად ჩანდა. ობსერვატორიის დირექტორი ჯონ კრაუსი და მისი ასისტენტი ბობ დიქსონი, რომლებმაც შემდგომ შეამოწმეს მონაცემები, ანალოგიურად განცვიფრებულნი იყვნენ.
სიგნალი, რომელიც 72 წამი გაგრძელდა, მეტჯერ აღარ დაუჭერიათ შემდგომში ჩატარებული კვლევების მიუხედავად. მისი ბოლომდე ახსნა ვერ მოხერხდა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ის ბუნებრივი, უწყვეტი სიგნალი იყო ან ადამიანის მიერ შექმნილი არტეფაქტი.
პერიტონები
ახლო წარსულში ავსტრალიაში მდებარე პარკსის ობსერვატორიის ასტრონომებმა შენიშნეს მისტიკური რადიოსიგნალები, ცნობილი, როგორც პერიტონები.
ეს ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური აფეთქებები, რომლებიც ერთი შეხედვით კოსმოსის სიღრმეებიდან იღებდნენ სათავეს, იმდენად უცნაური ჩანდა, რომ მეცნიერთა ნაწილმა ივარაუდა მათი უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ. თუმცა მომდევნო კვლევებმა ეს მოსაზრება გააქარწყლა, აჩვენა რა, რომ სიგნალებს – გაგიკვირდებათ და – ასხივებდნენ მიკროტალღური ღუმელები, რომლებსაც ობსერვატორიაში ყავის გასაცხელებლად იყენებდნენ. უპს!
ამოები
ცხადია, უცხოპლანეტელების არსებობის ნიშნებს მხოლოდ კოსმოსში არ ეძებენ.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, იგივე ამოები, ხშირად ასოცირდება უცხოპლანეტელთა დედამიწაზე სტუმრობასთან, თუმცა მსგავსი განცხადებების მხარდამჭერი ემპირიული მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. თითქმის ნებისმიერ ასეთ შემთხვევას გააჩნია სრულყოფილი გონივრული ახსნა ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ გამოწვეული მოვლენების მოშველიებით.
იყავით სკეპტიკურები
KIC 8462852-ის უცნაური ქცევა შეიძლება ვერასდროს აიხსნას. უფრო გონივრული ახსნის წამოყენება რომ ვერ მოხერხდა, შეიძლება ჩვენი შეზღუდული ტექნოლოგიის, არასრული მეცნიერული ცოდნის ან წარმოსახვის ნაკლებობის ბრალი იყოს.
თუმცა ოდესმე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რა ხდება სინამდვილეში და ეს მართლაც გასაოცარი ახსნა იყოს. მაგრამ მანამდე უნდა ვეძიოთ პრობლემის გადაჭრის უმარტივესი გზა, თან მზად ვიყოთ უფრო რადიკალური ვარიანტების მისაღებადაც. სხვაგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ცუდი სამსახური გაუწიოს მეცნიერებას.
გამოხმაურება: პირველი დაკვირვება „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის” მქონე ვარსკვლავზე | ჩრდილოეთის ციალი