კოსმოსის 50 საოცარი ფოტო

Westerlund 2 — Hubble’s 25th anniversary image

ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ადამიანები მუდმივად აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს. ათასობით წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ადგენდნენ ღამის ცის რუკებს და კოსმოსის საიდუმლოებებს მითოლოგიად აქცევდნენ ხოლმე.

ძველი ეგვიპტელებისთვის ვარსკვლავი სირიუსი დიდ როლს თამაშობდა კალენდრის შედგენის საკითხში. ასტროლოგები ვარსკვლავებში ცდილობდნენ ადამიანის ბედისწერის ამოცნობას სულ მცირე ძვ.წ.-ით მესამე ათასწლეულიდან. ალბერტ აინშტაინი კი თვლიდა, რომ სივრცე და დრო ურთიერთდაკავშირებულ უსასრულო სტრუქტურას წარმოადგენდა, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდებოდა.

კაცობრიობის ისტორიის გათვალისწინებით, დედამიწის ატმოსფეროს მიღმა სამყაროს კვლევა არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყო. ნასა 1958 წლის 29 ივლისს დაარსდა და 63 წლის შემდეგ ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებთ ჩვენი სამყაროს შესახებ.

კოსმოსური ხომალდების მცირე არმიისა და მსოფლიოში უძლიერესი ტელესკოპების წყალობით ნასამ გარე სამყაროს საოცრად ლამაზი რეგიონები აღბეჭდა.



1. Atlantis floating over the Bahamas

1981-2011 წლებში „სპეის შატლის“ პროგრამამ ბევრი მისია გაიყვანა დედამიწის ორბიტაზე და ორბიტის მიღმა. შატლების დახმარებით აიგო საერთაშორისო კოსმოსური სადგური, გაეშვა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი და დედამიწის ატმოსფეროს ფარგლებს გარეთ გაიტანეს საპლანეტათშორისო კოსმოსური ზონდები.

ამ ფოტოზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კოსმონავტებმა დააფიქსირეს კოსმოსური შატლი „ატლანტისი“, როცა ის ბაჰამის კუნძულების თავზე იმყოფებოდა. ეს მისია, რომელიც შატლის კოსმოსურ პროგრამებს შორის ბოლო იყო, 2011 წლის 8 ივლისს გაუშვეს.


2. Jupiter

ნასას კოსმოსურმა ხომალდმა „იუნონამ“ აირის გიგანტ პლანეტას, იუპიტერს, 2016 წელს მიაღწია და ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. უპილოტო ზონდმა იუპიტერის ბობოქარ ატმოსფეროს ეს ფოტო გადაუღო.

იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ატმოსფერო ძირითადად მოლეკულურ წყალბადსა და ჰელიუმს შეიცავს.

3. Horsehead Nebula

ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე ცხენის თავის ნისლეულის ეს თვალისმომჭრელი ფოტო არიზონაში მდებარე კიტ-პიკის ეროვნული ობსერვატორიის ტელესკოპით არის გადაღებული.

სქელი მტვრის ეს ღრუბლოვანი წარმონაქმნი დედამიწიდან დაახლოებით 1375 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.

4. Saturn_eclipses_Sun

ნასამ ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსა და იტალიურ კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით ააგო კოსმოსური ზონდი „კასინი“ სატურნისა და მისი სისტემის შესასწავლად.

ზონდმა სატურნის ორბიტას 2004 წლის ივლისში მიაღწია და 13 წლის განმავლობაში იკვლევდა რგოლებიან პლანეტას, ფოტოები გადაუღო სატურნის თანამგზავრებს, რგოლებსა და ამ შესანიშნავ პანორამულ ხედს.

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღბეჭდა გემის ხერხემლის AG, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.

ვარსკვლავს გარს არტყია მტვრისა და აირის რკალი. მეცნიერები თვლიან, რომ ეს უზარმაზარი ნისლეული გაჩნდა ერთი ან რამდენიმე მასშტაბური ამოფრქვევის შედეგად დაახლოებით 10 000 წლის წინ. ღრუბელი ზომაში 5 სინათლის წელიწადია, რაც დაახლოებით უტოლდება დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავურ სისტემამდე, ალფა კენტავრამდე მანძილს.

6. tycho

ნისლეული მასიური აფეთქებაა, რომელსაც ადგილი აქვს ვარსკვლავის სიცოცხლის მიწურულს. ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ, რომელიც დახვეწილი კოსმოსური ტელესკოპია, აფეთქების შედეგი დააფიქსირა კასიოპეას თანავარსკვლავედში.

ამ ფოტოზე ნაჩვენებია ტიხოს ზეახლის ნარჩენიდან წამოსული რენტგენული გამოსხივება. ეს ობიექტი 1572 წელს აღმოაჩინა ტიხო ბრაჰემ.

7. Perseus cluster

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ფართოკუთხიანმა კამერამ ეს ორი გალაქტიკა პერსევსის გროვაში დააფიქსირა.

გროვა ათასობით გალაქტიკისგან შედგება და ცნობილ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს ობიექტს წარმოადგენს.

8. core of the Milky Way

სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელმა კამერებმა აღბეჭდეს ირმის ნახტომის გადაჭედილი ცენტრალური რეგიონი.

მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი, სახელად მშვილდოსანი A.

9. Medusa merger

ჰაბლის ტელესკოპმა დააფიქსირა მედუზას შერწყმა – ურთიერთქმედი გალაქტიკების წყვილი დიდი დათვის თანავარსკვლავედში.

ცენტრი, რომელსაც მედუზას თვალი ეწოდება, აირებით მდიდარი, 500 სინათლის წლის სიგანის რეგიონია, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავების წარმოშობა.

10. Pillars of Creation

არწივის ნისლეულში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მესიე 16, მდებარეობს ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავებით მდიდარი კიდევ ერთი რეგიონი გონივრულად შერჩეული სახელით – შემოქმედების სვეტები.

ამ ფოტოში გაერთიანებულია ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის რენტგენული გამოსახულებები და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ოპტიკური მონაცემები.

Rediscovered, Renamed, Reclassified

ეს არის სფერული გროვა NGC 6380, რომელიც მორიელის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 35 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.

წინა პლანზე მდებარე კაშკაშა ვარსკვლავი არის HD 159073, მას ჩვენი პლანეტიდან 4000 სინათლის წელი აშორებს.

12. Aurora borealis

დედამიწის პოლარული ნათება ლამაზი სანახაობაა არამარტო დედამიწის ზედაპირიდან, არამედ კოსმოსიდან დაკვირვების დროსაც.

ასე გამოიყურება ჩრდილოეთის ციალი ორბიტიდან.

13. Jupiters

რამდენიმე გამოსახულება, რომლებიც იუნონამ იუპიტერთან მერვე ჩაფრენისას გადაიღო.

კოსმოსურმა ზონდმა გიგანტ პლანეტას 41-ედ ჩაუფრინა ახლოს 2022 წლის 9 აპრილს.

14. Jupiter

იუპიტერის კიდევ ერთი კადრი ნასას იუნონას ზონდის მიერ.

ამ ფოტოზე პლანეტის მბრუნავი სამხრეთ ნახევარსფერო ჩანს.

15. spacewalk

ღია კოსმოსში გასული კოსმონავტები.

ნასას შეინ კიმბრო (მარცხნივ) და ევროპული კოსმოსური სააგენტოს თომა პესკე ახალ მზის პანელებს აყენებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

16. blue space marble

ჩვენი პატარა ლურჯი ბურთულა შთამბეჭდავად გამოიყურება 400 კმ-ის სიმაღლიდან.

ინდოეთის ოკეანე მზის ოქროსფერ სხივებს ირეკლავს.

17. Cygnus space freighter

საჰაერო-კოსმოსური ტექნოლოგიის კომპანია „ნორთროპ გრუმანმა“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა სატვირთო კოსმოსური ხომალდი „Cygnus“ (გედი).

რობოტული გამონაზარდი კანადის წვლილია სადგურის განვითარებაში. მისი მეშვეობით სრულდება ტექნოლოგიის შეკეთება, აღჭურვილობის გადატანა და სადგურზე მოსული ხომალდების დაჭერა, შემდეგ კი მისადგომზე გადატანა. ფოტოზე სწორედ ეს მომენტია ასახული.

Westerlund 2 — Hubble’s 25th anniversary image

NGC 2313 ემისიური ნისლეულია — იონიზირებული აირის ღრუბელი, რომელიც საკუთარ სინათლეს გამოასხივებს — დედამიწიდან დაახლოებით 3756 სინათლის წლის მოშორებით მარტორქის თანავარსკვლავედში.

ჰაბლის ტელესკოპმა მბრწყინავი წარმონაქმნი კადრზე აღბეჭდა.

19. wide-open terrain

ნასას მარსმავალმა „ოპორტუნიტიმ“ წითელი პლანეტის ეს ვრცელი რელიეფი დააფიქსირა.

ოპორტუნიტი მარსის ზედაპირზე 2004 წელს დაეშვა. ნასამ ხომალდთან კავშირი 2018 წლის ივნისში დაკარგა, როცა მასშტაბურმა მტვრის ქარიშხალმა ის მიწით დაფარა.

20. InSight lander

დასაჯდომი მოდული „ინსაითი“ 2018 წლის 26 ნოემბერს დაეშვა მარსის ერთ-ერთ რეგიონზე, ელიზიუმის დაბლობზე. ეს სელფი-ფოტო დედამიწაზე გამოგზავნილი ერთ-ერთი პირველი მონაცემი გახლდათ.

მოდულის სახელი სინამდვილეში აკრონიმს წარმოადგენს – შიდა გამოკვლევა სეისმური კვლევების, გეოდეზიისა და სითბოს გადაცემის მეშვეობით. მისი მისიაა მარსის სიღრმეების შესწავლა.

21. Dune_Ripples

ნასას მარსის ორბიტულმა მზვერავმა პლანეტის ზედაპირზე წარმოქმნილი ტალღები აღბეჭდა.

ეს სითხე არ გახლავთ. ტალღური ფორმები ქარებმა გამოკვეთეს ქვიშაში.

22. Venus

უპილოტო კოსმოსური ხომალდი მარინერ-10 1973 წელს გაუშვეს მერკურისა და ვენერას ატმოსფეროს, ზედაპირისა და აგებულების თავისებურებების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად.

ამ ფოტოზე ხედავთ ვენერას, რომელსაც გარს არტყამს ღრუბლების სქელი ფენა.

23. Hercules A galaxy

ამ წარმონაქმნის წარმოშობის მიზეზია ჰერკულეს A-ს გალაქტიკის გულში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის გრავიტაციული ენერგია.

ამ გამოსახულებაზე გაერთიანებულია ოპტიკური (ხილული სინათლის) ინფორმაცია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან და რადიოგამოსხივების მონაცემები ნიუ-მექსიკოში მდებარე ანტენათა ძალიან დიდი მასივის რადიოასტრონომიული ობსერვატორიიდან.

24. Shane Kimbrough

ღია კოსმოსში გასული შეინ კიმბროს კიდევ ერთი კადრი, სადაც ჩანს, როგორ აყენებს ის მზის პანელებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

კიმბრო ხელმძღვანელობდა ნასას „SpaceX Crew-2“ მისიას, რომელიც 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდა და იმავე წლის 9 ნოემბერს დაბრუნდა დედამიწაზე.

25. Sunrise from above

ევროპული კოსმოსური სააგენტოს კოსმონავტმა თომა პესკემ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაიღო მზის ამოსვლა ინდოეთის ოკეანეზე.

სადგური დედამიწას გარს უვლის ყოველ 90 წუთში, შესაბამისად კოსმონავტები დღეში 15-ჯერ ხედავენ მზის ამოსვლას.

26. Sunset from ISS

„ექსპედიცია-7-ის“ ეკიპაჟმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან აღბეჭდა მზის ჩასვლის ეს შთამბეჭდავი კადრი 2003 წელს.

ღრუბლებს ქვემოთ მოჩანს წყნარი ოკეანე.

27. Stars from ISS

ღამის ცა, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

კოსმონავტმა სკოტ კელიმ ეს ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა 2015 წლის 9 აგვისტოს, როცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 1 წლიანი მისიით იმყოფებოდა.

28. Exterior of the International Space Station

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეგნული ვიზუალი.

440 კმ-ით ქვემოთ მოჩანს სამხრეთ ატლანტის ოკეანე.

29. Martian surface

ნასას მარსმავალი „კურიოზიტი“ მარსის ზედაპირზე დაეშვა 2012 წლის აგვისტოში. ამ მომენტში ის ჯერ კიდევ განაგრძობს მარსის კვლევას.

მისი დანიშნულებაა მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების ძიება და პლანეტაზე დასახლებადობის კვლევა ადამიანთა ექსპედიციისთვის მოსამზადებლად.

30. Kimberley formation

მარსმავალმა „კურიოზიტიმ“ ფოტო გადაუღო „კიმბერლის“ ფორმაციას, მოშორებით კი შარპის მთა მოჩანს.

მშრალი ქვიშიანი ლანდშაფტი დედამიწის ზოგიერთ ვრცელ უდაბნოს მოგვაგონებს.

31. Swirling clouds on Jupiter

იუნონამ იუპიტერის ზედაპირთან თავმოყრილი ღრუბლების მორევი აღბეჭდა 2018 წელს, როცა გიგანტ პლანეტას ახლოს ჩაუფრინა.

გამოსახულების ზედა მხარეს თეთრი ოვალი ქარიშხალია.

32. Triangulum Galaxy

მესიე 33, იგივე სამკუთხედის გალაქტიკა, დედამიწიდან 2.73 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს სამკუთხედის თანავარსკვლავედში.

გალაქტიკის ამ ნისლოვან რეგიონში ვარსკვლავები სწრაფად წარმოიქმნებიან. მეცნიერების აზრით, ამ რეგიონში დაახლოებით 200 ახალგაზრდა ვარსკვლავია.

Cosmic Silver Lining

ემისიური ნისლეულის კიდევ ერთი მაგალითი — მოკრძალებული სახელით NGC 2313 — რომელიც ცას ვერცხლისფრად ანათებს კაშკაშა ვარსკვლავის V565-ის წინ.

ფოტო გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ.

34. Neptune

კოსმოსური ხომალდის „ვოიაჯერ 2-ის“ წყალობით 1989 წელს კაცობრიობამ პირველად ნახა, როგორ გამოიყურებოდა ნეპტუნი.

ნეპტუნი დედამიწას 17-ჯერ აღემატება მასით და მზეს გარს უვლის ყოველ 164.8 წელში ერთხელ.

35. Titan

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწას და ტიტანს, სატურნის უდიდეს თანამგზავრს, მნიშვნელოვანი საერთო თვისებები აქვთ. ნასას თანახმად, მზის სისტემის სხვა არცერთ სხეულს არ აქვს ზედაპირზე დედამიწის მსგავსი სითხის აქტივობა.

თუმცა მათთვის, ვინც ამ შორეულ თანამგზავრზე აპირებს გადასახლებას, რამდენიმე პრობლემა არსებობს. პირველი, ტიტანის ზედაპირის ტემპერატურა -179°C-ია და დედამიწის ზედაპირთან შედარებით, მზის სინათლის მხოლოდ 1%-ს იღებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტიტანის ტბების, მდინარეებისა და ზღვების შემადგენელი სითხე მეთან-ეთანის ნარევია.

36. Titan

ინფრაწითელი კამერები, რომლითაც კასინი იყო აღჭურვილი, ტიტანთან ყოველი ჩაფრენისას 13 წლის განმავლობაში აგროვებდნენ ზედაპირის შესახებ მონაცემებს.

ამ თანამგზავრის ზედაპირზე დაკვირვება ადვილი არ არის, რადგან სქელი ატმოსფერო ფანტავს ხილული სინათლის დიდ ნაწილს, მაგრამ ეს ინფრაწითელი გამოსახულებები კომპლექსურ გეოლოგიურ და ოკეანურ შტრიხებს აჩვენებს.

37. Saturn's moons

2011 წელს კასინიმ სატურნის 5 თანამგზავრი მოაქცია ერთ კადრში.

მარცხნიდან მარჯვნივ ხედავთ იანუსს, პანდორას, ენცელადს, მიმასსა და რეას.

38. Saturn's largest moon Titan

ეს ფოტოც კასინის მისიიდანაა, მასზე ხედავთ სატურნის უდიდეს თანამგზავრს ტიტანს, რომლის წინაც უფრო პატარა თანამგზავრი, თეტისია.

მეცნიერები თვლიან, რომ თეტისი თითქმის მთლიანად ყინულოვანი წყლისგან შედგება და ძალიან მცირე ნაწილი უკავია მყარ კლდოვან ნივთიერებას.

39. Dione

სატურნს ჯამში 82 თანამგზავრი აქვს და მათგან 53-ს ოფიციალური სახელი გააჩნია.

ამ თანამგზავრს დიონე ჰქვია. ის პლანეტის რიგით მეოთხე უდიდესი თანამგზავრია და სატურნისგან 377 396 კმ აშორებს.  ეს დაახლოებით იგივე მანძილია, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის.

40. full moon

ექსპედიცია-10-ის ეკიპაჟმა ეს სავსე მთვარე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან აღბეჭდა.

მთვარე მზის სისტემის თანამგზავრებს შორის სიდიდით მეხუთეა, ხოლო შესაბამისი პლანეტის ზომასთან პროპორციით პირველ ადგილზე დგას.

41. Europe and Africa at night

ევროპული და აფრიკული ქალაქების განათებები ღია კოსმოსიდანაც ჩანს.

თუ კარგად დააკვირდებით, ქალაქის დაქსელილ ქუჩებსაც შეამჩნევთ.

42. Texas, from above

ექსპედიცია-36-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 2013 წელს გადაღებულ ფოტოზე ტეხასის მჭიდროდ დასახლებული ცენტრები მოჩანს.

ქალაქი ჰიუსტონი, სადაც ნასას ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრი მდებარეობს, ამ კადრზე ცენტრიდან ცოტა ქვემოთ ჩანს.

Hubble's View of Jupiter and Europa in August 2020

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერს ეს ფოტო 2020 წლის აგვისტოში გადაუღო.

საკმაოდ მკვეთრ გამოსახულებაზე ნათლად ჩანს აირის გიგანტის ახალი ქარიშხლები და ატმოსფერული ტურბულენტობა.

44. uv sun

2015 წელს გადაღებული მზის ეს ფოტო წარმოადგენს სამი სხვადასხვა კოსმოსური ხომალდიდან მიღებული მონაცემების გაერთიანებას, სადაც თითოეული ხომალდი განსხვავებული დიაპაზონის ენერგიაში აკვირდებოდა მზეს.

მაღალენერგიული რენტგენის სხივები,  რომლებიც ნასას „ნუსტარის“ ტელესკოპმა შეკრიბა, ლურჯად მოჩანს. იაპონური „ჰინოდეს“ კოსმოსური ხომალდისგან მიღებული დაბალენერგიული რენტგენის სხივები მწვანედაა. რაც შეეხება ულტრაიისფერ სინათლეს, რომელიც გაზომა ნასას მზის დინამიკურმა ობსერვატორიამ, წითელ და ყვითელ ფერებშია.

45. Cassini's Saturn

ასეთი იყო კასინის ხედი სატურნის ორბიტაზე 2010 წელს.

იუპიტერის მსგავსად, სატურნის ატმოსფეროც მდიდარია წყალბადითა და ჰელიუმით.

46. Pluto

პლუტონი დიდი ხნის განმავლობაში მზის სისტემის მეცხრე პლანეტად ითვლებოდა, 2006 წელს კი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა.

ამ ინფრაწითელ გამოსახულებაზე ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე არსებული მყინვარი ჩანს. პლუტონი მთვარესთან შედარებით დაახლოებით ორჯერ პატარაა.

47. charon

2015 წლის იანვარში ნასას ნიუ-ჰორაიზონსის კოსმოსური ზონდი მიუახლოვდა პლუტონსა და მის 5 თანამგზავრს.

ამ ფოტოზე პლუტონის უდიდესი თანამგზავრი, ქარონია. ჟანგისფერი ლაქა ორგანული ნაერთის, თოლინის გროვაა. მეცნიერები თვლიან, რომ თოლინები წარმოიქმნება პლუტონის ატმოსფეროდან მეთანის, აზოტისა და სხვა აირების გამოთავისუფლებით და თანამგზავრზე დალექვით.

48. Lagoon Nebula

ეს წარმონაქმნი დედამიწიდან 4000 სინათლის წლის მოშორებითაა და სხვადასხვა სახელებითაა ცნობილი: NGC 6523, ლაგუნის ნისლეული, მესიე 8, M8, RCW 146, შარპლეს 25 და გამ 72.

ვარსკვლავთშორისი მტვრის გიგანტური ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

49. Mickey Mouse Mercury

მერკურის კრატერის საინტერესო გამოსახულება, ერთი შეხედვით დისნეის თილისმას, მიკი მაუსს ჰგავს.

ეს ფოტო ნასას ზონდმა „მესენჯერმა“ გადაიღო 2012 წელს.

50. Centaurus A

კენტავრი A ღამის ცაზე მეხუთე ყველაზე კაშკაშა გალაქტიკაა და ჩვენგან 12 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.

გადაღებულია ნასას ჩანდრას სახელობის თანამგზავრული ობსერვატორიიდან.

წყარო: CBS News

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s