10 ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი


ფსიქოლოგია შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მეოცე საუკუნეში მოიპოვა. ადამიანის ქცევისა და აზროვნების პროცესის შესასწავლად მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა, რასაც მოჰყვა ის, რომ ზოგიერთი ფსიქოლოგი ძალიან შორს წავიდა და დაკვირვებისას გადაუხვია ეთიკურ ნორმებსა და სტანდარტებს. თუმცა ამ ყველაფერს ერთი დადებითი თვისებაც ჰქონდა – ფსიქოლოგიის მეცნიერებას ახალი აღმოჩენები შემატა.


 

***


1939 წელს აიოვას შტატის ქალაქ დევენპორტში აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა ვენდელ ჯონსონმა ექსპერიმენტში დამხმარედ თავისი ერთ-ერთი სტუდენტი, მარია ტიუდორი აირჩია. მათ აიყვანეს 22 უსახლკარო ობოლი ბავშვი და გაყვეს ორ ნაწილად. ერთ ნახევარს მარია თბილი და საალერსო სიტყვებით მიმართავდა, მეორეს კი ნეგატიურად და აგრესიულად. უმეორებდა, რომ ისინი არავის სჭირდებოდა და მათ დანახვაზე ყველას ზიზღი ერეოდა. ამ ნახევარს მალე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და ბევრმა გამართულად ლაპარაკის უნარიც დაკარგა. პროფესორის სახელი რომ არ შებღალულიყო, ექსპერიმენტის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნით გასაიდუმლოებული იყო. აიოვას უნივერსიტეტმა 2001 წელს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში ამ ვანდალური ექსპერიმენტის ჩატარებისთვის.

 

***


დოქტორმა ლევინმა სამხრეთ აფრიკაში ექსპერიმენტისთვის შეკრიბა გეები და ლესბოსელები, მიზანს მათთვის ,,სქესის შეცვლა” წარმოადგენდა. მკურნალობის ძირითადი მეთოდები ელექტროშოკი და ქიმიური კასტრაცია იყო. მონაწილეთა ზუსტი რიცხვი უცნობია, აპართეიდის არმიის ქირურგების თქმით, დაახლოებით 900-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 1971-დან 1989 წლამდე, ამასთან უმეტესობა 16-დან 24 წლამდე იყო. პროექტის წამოწყების მიზეზს ჰომოსექსუალიზმის ამოძირკვის სურვილი წარმოადგენდა.

არმიის ფსიქიატრები, რომლებსაც კაპელანები (არმიის მღვდლები) ეხმარებოდნენ, არმიაში მყოფ ჰომოსექსუალებზე ნადირობდნენ და აღმოჩენისთანავე აგზავნიდნენ ფსიქიატრიულ განყოფილებაში, ვურტეკერჰუგტის საავადმყოფოს 22 პალატიდან ერთ-ერთში. საავადმყოფო მდებარეობდა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიასთან ახლოს. მათზე, ვისაც ვერ ,,კურნავდნენ” წამლებით, შოკური თერაპიით, ჰორმონალური მკურნალობითა და სხვა რადიკალური ,,ფსიქიატრიული” საშუალებებით, იყენებდნენ ქიმიურ თერაპიასა და სქესის შეცვლის ოპერაციას.

გეებს სვამდნენ სკამზე და ანახებდნენ შიშველი მამაკაცის სურათს. თუკი მასზე რეაქცია ექნებოდათ, იყენებდნენ ელექტროშოკს. და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიური შიში არ ჩაენერგებოდათ და რეაქცია არ განულდებოდა. შემდეგ შიშველ ქალს ანახებდნენ. ამ შემთხვევაში ელექტროშოკს პირიქით ხმარობდნენ – თუ რეაქცია არ ექნებოდათ. ექსპერიმენტის ავტორი დოქტორი ობრი ლევინი (იხ. სურ.) დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი მეთოდით ნარკომანების განკურნებაც შეიძლებოდა. ამჟამად ლევინი სასჯელს იხდის მამრობითი სქესის პაციენტების მიმართ ძალადობის გამო.

 

***


1971 წელს ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ გადაწყვიტა, გამოეცადა, როგორ შეიცვლებოდა ადამიანის ქცევა, თუკი ცოტა ხნით პატიმრის ან დაცვის ამპლუაში იქნებოდა. თავისი არსით ექსპერიმენტი არაეთიკური არ ყოფილა, მაგრამ შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა.

პატიმრები ისეთ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, რომელიც გამოიწვევდა დისორიენტაციას, დეგრადაციასა და დეპერსონალიზაციას. მონაწილეებისთვის რაიმე განსაკუთრებული რჩევა-დარიგება არ მიუციათ, შესაფერისი ტანისამოსი ჩააცვეს და სტენფორდის ციხეში შეუშვეს. პირველ დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეორე დღეს კი პატიმრებში ბუნტი დაიწყო, რამაც მცველების შესაბამისი რეაგირება გამოიწვია. ამის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მცველები ზედმეტად შეიჭრნენ როლში და პატიმრების დამცირებაზე გადავიდნენ, რამაც უკურეაქცია გამოიწვია და ეს უკანასკნელნიც ვალში არ რჩებოდნენ. პატიმრებს აღენიშნებოდათ დეპრესია, უსუსურობის განცდა, არასრულყოფილი თვითშეფასება. ხანდახან მათ კაპელანები სტუმრობდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ აპირებდნენ ციხიდან თავის დაღწევას, რაზეც პატიმრები ვერაფერს პასუხობდნენ დაბნეულობის გამო – მათ ბოლომდე გაითავისეს თავიანთი როლი.

დოქტორმა ზიმბარდომ ექსპერიმენტი 5 დღეში დაასრულა, რადგან ხედავდა, რომ სიტუაცია თანდათან უკონტროლებელი ხდებოდა. ამ ხანმოკლე ექსპერიმენტმა საკმაოდ ბევრი ნიუანსი გამოავლინა ადამიანის ადაპტირების უნარსა და ქცევის ნორმებზე.

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის შესახებ 2001 წელს გერმანელმა რეჟისორმა ოლივერ ჰირშბიგელმა გადაიღო ფილმი Das Experiment, 2010 წელს კი გამოვიდა პოლ შოირინგის რიმეიქი The Experiment.

 

***


ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ადამიანებს ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით ფარმაციის დარგს, თუმცა არაეთიკური მაგალითები აქაც გვაქვს. 1969 წელს მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში მაიმუნებსა და ვირთხებს სხვადასხვა წამლებსა და ნარკოტიკებს აძლევდნენ – მორფინს, ალკოჰოლს, კოკაინს, კოდეინსა და ამფეტამინს. როცა ცხოველებს ამ წამლების მიღებას ასწავლიდნენ, ტოვებდნენ მოწყობილობასთან, რომელშიც მოზრდილი პორციები იყო.

ექსპერიმენტის მიზანი იყო, გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ფსიქიკაზე. ცხოველებზე ისე იმოქმედა ნარკოტიკმა, რომ ზოგიერთმა მაიმუნმა გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ და კიდურები დაიზიანეს. მაიმუნებს, რომლებსაც კოკაინი მისცეს, კრუნჩხვები დაეწყოთ და ჰალუცინაციების გამო ბევრმა საკუთარი თითების მოგლეჯა დაიწყო. მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინი მიიღო, მკლავებიდან და მუცლიდან ბეწვი მოიგლიჯა. ის მაიმუნები კი, რომლებსაც კოკაინისა და მორფინის ნარევს აძლევდნენ, 2 კვირაში იხოცებოდნენ.

 

***

1924 წელს მინესოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ფსიქოლოგმა კერნი ლენდისმა გადაწყვიტა გამოეკვლია, ემოციები სახის კუნთებთან მიმართებაში რა კავშირში იყო, ანუ ყველა ადამიანი ერთნაირად თუ გამოხატავდა და აღიქვამდა ისეთ ემოციებს, როგორიცაა ზიზღი, შოკირება, სიხარული და ა.შ.

ექსპერიმენტის ძირითადი მონაწილეები სტუდენტები იყვნენ. ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახეზე შავი ხაზები დაახატეს, რათა კუნთების მოძრაობა დაეფიქსირებინათ. შემდეგ კი ძლიერ სტიმულს აძლევდნენ ემოციის გამოსახატად. თითოეულ ემოციას ლენდისი ფოტოზე აფიქსირებდა. სტიმულები მოიცავდა ამიაკის შესუნთქვას, პორნოგრაფიის ყურებას, ბაყაყებით სავსე კალათში ხელის ჩაყოფას. თუმცა ,,ტკბილი ლუკმა” ექსპერიმენტის ბოლოსთვის იყო შემონახული.

ლენდისმა თაგვები მოიყვანა და ექსპერიმენტის თითოეულ მონაწილეს მათთვის თავის მოჭრა უბრძანა. ამის გაკეთებაზე ყველამ უარი თქვა, რადგან ცხოველი ეცოდებოდათ. თუმცა დანის მოტანის შემდეგ მესამედმა ბრძანება შეასრულა. სიტუაციას აუარესებდა ის ფაქტი, რომ სტუდენტთა უმეტესობამ არ იცოდა, როგორ ჩაეტარებინა ოპერაცია სწორად და ცხოველებს საშინელი წამების გადატანა უწევდათ. ვინც უარი თქვა, მათ თვალწინ ლენდისმა თავად შეასრულა ეს პროცედურა.

ექსპერიმენტის საბოლოო დასკვნა იყო ის, რომ ადამიანები ემოციებს სხვადასხვანაირად გამოხატავენ. თუმცა ექსპერიმენტში ამაზე მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა: ადამიანთა დიდი ნაწილი მათთვის მიუღებელ რამესაც ჩაიდენს, თუკი სიტუაცია ასე მოითხოვს.

 

***

ბიჰევიორიზმის მამა ჯონ უოტსონი იყო ერთ-ერთი ფსიქოლოგი, რომელიც ექსპერიმენტებში ობოლ ბავშვებს იყენებდა. 1920 წელს მან მოინდომა გაერკვია, შიში ადამიანს თანდაყოლილად აქვს თუ შემდეგ იძენს. უოტსონმა საავადმყოფოდან იშვილა 9 თვის ობოლი ბიჭი, რომელსაც ალბერტი დაარქვა. ორი თვის განმავლობაში ალბერტი იზრდებოდა თეთრ კურდღელთან, თეთრ ვირთხასთან და მაიმუნთან ერთად. ოთახებში ასევე მრავლად იყო თმიანი და უთმო ნიღბები, ბამბის ქსოვილები, დამწვარი გაზეთები და ა.შ. როცა ალბერტი ოთახის შუაგულში ლეიბზე დასვეს და ლაბორატორიის ვირთხა მიუშვეს, ბავშვმა ცხოველთან თამაში დაიწყო და არანაირ შიშს არ ამჟღავნებდა.

ამის შემდეგ უოტსონმა მისი შეშინება გადაწყვიტა და რამდენჯერაც ვირთხას შეეხებოდა, მის უკან რკინის ნაჭერზე უროს ურტყამდა და ხმაურს ტეხდა. ბავშვს შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ეს მეორდებოდა ყოველთვის, როცა ბავშვი ვირთხასთან თამაშს მოინდომებდა. ალბერტმა მალე გააიგივა ხმაური თეთრ ვირთხასთან და აღარ ეკარებოდა, დანახვისთანავე ტიროდა. მას შიში გაუჩნდა ყველაფრის მიმართ, რაც ფაფუკი ან თეთრი იყო. საბოლოოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ხანგრძლივი მკურნალობა გახდა საჭირო. თუმცა საავადმყოფო მანამ დატოვა, ვიდრე უოტსონი მის განკურნებას შეძლებდა.

 

***

1965 წელს ფსიქოლოგებმა მარკ სელიგმანმა და სტივ მაიერმა ძაღლები დაყვეს სამ ჯგუფად და დააბეს. პირველი ჯგუფის ძაღლებს გარკვეული დროის შემდეგ უვნებლად უშვებდნენ. მეორე ჯგუფში კი წყვილ-წყვილად დაყვეს და ყოველი მეორე ძაღლი ელექტროშოკს იღებდა, რომელიც ბერკეტის აწევის შემდეგ ჩერდებოდა. მესამე ჯგუფშიც იგივე იყო, ოღონდ ელექტროშოკი ბერკეტის აწევის შემდეგაც არ ჩერდებოდა. შეტევები ხდებოდა მოულოდნელად და მისი აცილება შეუძლებელი ჩანდა, რის გამოც მესამე ჯგუფის ძაღლებმა გაითავისეს, რომ მათი შველა გამორიცხული იყო და კლინიკური დეპრესიის ნიშნები დაეტყოთ. შემდეგ მესამე ჯგუფის ძაღლები ხელახლა ჩასვეს ყუთებში, ამჯერად ცალ-ცალკე და ისევ ელექტროშოკი გამოიყენეს, რომლისგან თავის დაღწევაც მარტივად, ყუთიდან ამოხტომით შეიძლებოდა, მაგრამ ძაღლები მხოლოდ უმწეოდ იყურებოდნენ. მათ ისევ უსუსურობის განცდა ჰქონდათ და უბრალოდ ნებდებოდნენ.

 

***

,,მილგრამის კვლევა” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია. იელის უნივერსიტეტის სოც-ფსიქოლოგმა სტენლი მილგრამმა ავტორიტეტებისადმი მორჩილების ფენომენის შესწავლა გადაწყვიტა. 1974 წელს მან მოხალისეები აიყვანა და პირობითად დაჰყო ,,მოსწავლეებად” და ,,მასწავლებლებად”. თუმცა რეალურად ,,მოსწავლეები” დაქირავებული მსახიობები იყვნენ. ორივე მხარეს უთხრეს, რომ კვლევა მეხსიერებასა და სწავლის უნარს ეხებოდა.

მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც აძლევდნენ ბარათებს, რომლებიც, როგორც ეუბნებოდნენ, შემთხვევითობის პრინციპით ირჩეოდა. სინამდვილეში კი მოსწავლეებსაც იგივე ბარათები ჰქონდათ, რასაც მასწავლებლები კითხულობდნენ. მსახიობი მოსწავლეები იტყუებოდნენ, რომ მოსწავლის ბარათები მიიღეს. ორივე მხარე სხვადასხვა ოთახებში იყო განაწილებული და მხოლოდ ერთმანეთის ხმა ესმოდათ. მასწავლებლები კითხულობდნენ ტესტს 4 სავარაუდო პასუხით. თუ მოსწავლეები არასწორად უპასუხებდნენ, ისინი ელექტროშოკს მიიღებდნენ. ძაბვა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა. სწორი პასუხის შემთხვევაში კი არანაირი სასჯელი არ იყო და მასწავლებელი შემდეგ კითხვაზე გადადიოდა.

რეალურად, მოსწავლეებს არაფერი მოსდიოდათ, მთავარი დაკვირვების ობიექტი ექსპერიმენტში მასწავლებლები იყვნენ. თითოეულ “დარტყმაზე” მასწავლებლების ოთახში ყვირილი ისმოდა, რომელიც წინასწარ იყო მაგნიტოფონში ჩაწერილი. როცა ძაბვა ძალიან მაღლა ადიოდა, მოსწავლე კედელს მიაწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ამას სასჯელის შეჩერება და ცოტა ხნით სიჩუმე მოჰყვებოდა ხოლმე.

ბევრ მასწავლებელს მწუხარების განცდა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის დასრულებას ითხოვდა. თუმცა მილგრამი მათ ამხნევებდა და მუდმივად იმეორებდა სტანდარტულ ფრაზებს: “თუ შეიძლება, გააგრძელეთ”, “ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ განაგრძოთ”, “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ”, “არჩევანი არ გაქვთ, უნდა განაგრძოთ”, “ყველა პრობლემას საკუთარ თავზე ვიღებ, განაგრძეთ”. 40 მასწავლებლიდან მხოლოდ 14-მა მოითხოვა შოკის შეწყვეტა , როცა ძაბვამ 450 ვოლტს ააღწია, ხოლო 300 ვოლტამდე არცერთს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

1981 წელს ტომ პიტერსმა და რობერტ უოთერმან უმცროსმა აღწერეს მილგრამისა და სტენფორდის ციხის ექსპერიმენტები და განსაზღვრეს, როგორც ადამიანის ბნელი მხარის ყველაზე კარგი მაჩვენებლები.

 

***


დოქტორი ჰარი ჰარლოუ თანაგრძნობის არმქონე ადამიანი იყო, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო სოციალურ იზოლაციასთან დაკავშირებით რეზუსის მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით. დოქტორი ჰარლოუ იყენებდა ჩვილ მაიმუნებს, რომლებიც დედის გარეშე ვერ ძლებდნენ და სრულიად მარტო ათავსებდა წმინდა ფოლადისგან დამზადებულ ვერტიკალურ პალატაში, რათა კონტაქტი არავისთან და არაფერთან ჰქონოდათ. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. მაიმუნთა აბსოლუტურ უმრავლესობას ფსიქოზი ემართებოდა და ბევრი მათგანის განკურნება შეუძლებელი იყო. ჰარლოუმ დაასკვნა, რომ ნორმალური და ბედნიერი ბავშვობაც კი არაა იმის გარანტია, რომ დეპრესია არასდროს დაგემართება. სამეცნიერო მწერალმა დებორა ბლუმმა კი ამას “ჩვეულებრივი გრძნობის შედეგი” უწოდა.

ქალაქ სიეტლში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა გენ საკეტმა, რომელიც ჰარლოუს ერთ-ერთი სტუდენტი იყო სადოქტორო ხარისხის დაცვისას, ერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ში ცხოველთა თავისუფლების მოძრაობის ჩამოყალიბების მიზეზი სწორედ ჰარლოუს ექსპერიმენტები გახლდათ. ჰარლოუს სხვა სტუდენტმა, უილიამ მეისონმა, კი განაცხადა, რომ ჰარლოუ ,,მიდიოდა იმ წერტილამდე, სადაც ბევრი ადამიანისთვის ცხადი ხდებოდა, რომ მისი საქმე არღვევდა ტრადიციული ეთიკის ნორმებს და ნებისმიერი, ვინც სიცოცხლესა და ადამიანებს აფასებს, ამას შეურაცხმყოფელად აღიქვამდა. ეს, მისი მხრიდან, ისეთი რამ იყო, რომ ეთქვა: «მე აქ კიდევ ათი წლით ვაპირებ დარჩენას. რისი გაკეთებაც მსურს, ისაა, რომ ჩემს უკან დიდი არეულობა დავტოვო». თუკი ეს იყო მისი მიზანი, შესანიშნავად გამოუვიდა.”

 

***


1965 წელს კანადაში დაიბადა ბიჭუნა, სახელად დევიდ რეიმერი. 8 თვის ასაკში ბავშვი ექიმთან მიიყვანეს წინადაცვეთის ოპერაციისთვის. ოპერაციისას ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ქირურგებმა დენზე მომუშავე იარაღი გამოიყენეს და ორგანოს ქსოვილების ნაწილი დაეწვათ. როდესაც აღშფოთებული მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მონის ეწვივნენ, მან გამოსავლად შესთავაზა მარტივი პროცედურა – სქესის შეცვლა, რამაც ისინი ჯერ დააბნია, შემდეგ კი დათანხმდნენ. მათ არ იცოდნენ ექიმის ჭეშმარიტი მიზანი: ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სქესობრივი თვისებების ჩამოყალიბებაში მთავარი აღზრდაა და არა ბუნება. მისი ეგოისტური მიზნების ბადეში დევიდი გაეხვია და ლაბორატორიის ვირთხის როლში აღმოჩნდა.

დევიდს, შემდგომში ბრენდას, ხელოვნური ვაგინა გადაუნერგეს და ქალური ჰორმონების გამომწვევ პრეპარატებს ასმევდნენ. დოქტორი მონი ექსპერიმენტს წარმატებულად თვლიდა და უარყოფით შედეგებზე არაფერს ამბობდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბრენდა ბიჭივით იქცეოდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კონფლიქტები ჰქონდა და ხშირად დაბნეული იყო გაურკვევლობის გამო. საქმეს ყველაზე მეტად აუარესებდა ის, რომ მან არ იცოდა საკუთარი ჩვილობის ისტორია და ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ბიჭის აზროვნება. ამან ოჯახში დიდი ბზარი გააჩინა. ბრენდას დედა თვითმკვლელობისკენ გახადა მიდრეკილი, მამა ალკოჰოლიკად იქცა, ძმა კი მუდმივად დეპრესიაში ვარდებოდა.

საბოლოოდ, როგორც იქნა, 14 წლის ბრენდას მშობლებმა სიმართლე უთხრეს. ბრენდამ მოინდომა, ისევ დევიდი გამხდარიყო. შეწყვიტა ესტროგენის მიღება, რომელიც ქალური ჰორმონების სიჭარბეს იწვევდა. მომავალში კი მამაკაცური სასქესო ორგანოც გადაინერგა. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ნაკლებადაა ცნობილი, რადგან დოქტორი მონი ისევ წარმატებულად თვლიდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ბრძოლასთან დაკავშირებით, თუ რისი გადატანა მოუხდა მას. საბოლოოდ, 38 წლის ასაკში დევიდმა თავი მოიკლა.

Advertisements

20 responses to “10 ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

  1. cet 27/01/2012, 8:56 PM

    ბოლო მომეწონა ^^

    Like

  2. Di@ 28/01/2012, 1:23 AM

    შემეცოდა დევიდი. :/ და სხვებიც. რა დაუნდობელია ადამიანი. 😦 კარგი პოსტია ძალიან.

    Like

  3. მაიკო დოხნაძე 28/01/2012, 1:50 AM

    ძალიან საინტერესო იყო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

    Like

  4. Nicole 29/01/2012, 9:14 PM

    ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაქვს მოძიებული, არ მიკვირს ტოპ პოსტებში რომ გავიდა დღეს :დ

    Like

  5. Agasfer 30/01/2012, 3:19 AM

    კაი პოსტია )

    Like

  6. Z E I T G E I S T 07/03/2012, 10:37 PM

    ამიტომ ვერ ვიტან ფსიქოლოგებს, ცოტა შიგნაკრავი ხალხია.

    Like

  7. tikogvadzabia 01/07/2012, 4:34 PM

    ყველაზე მეტად ბოლომ იმოქმედა 😦

    Like

  8. თამო 13/08/2012, 9:51 PM

    საიდან ამდენი. მხოლოდ ზიმბარდო ვიცოდი. 🙂 კარგი პოსტია, შენიდან უკმაყოფილო არასოდეს მივდივარ.

    Like

  9. sal4you 26/08/2012, 10:13 PM

    chemzec bolom imoqmeda yvelaze metad,, iseti postebi gaqvs rom martla erti amosuntqvit ikitxeba

    Like

  10. Thea 20/09/2012, 10:11 AM

    es yvelaperi adamianis bunebaze metyvelebs, titoeuli chvenganis nacilia, samedicino speroshic aris msgavsi “saamayo” faqtebi.

    Like

  11. Pingback: 2012 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  12. Maggie Karanadze 03/03/2013, 2:32 PM

    ძალიან საინტერესო პოსტია

    Like

  13. jijibu 08/04/2013, 12:42 AM

    ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იყო საბჭოთა კავშირში ექსპერიმენტები და მერე მივხვდი, რომ კარგად ასაიდუმლოვებდნენ…
    ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა მოგვიყვა, თუ როგორ „აჯვარებდნენ“ სოხუმის ლაბორატორიებში ქალებს მაიმუნებთან.
    არსებობს ძალიან ბევრი ექსპერიმენტი საბჭოთა კავშირის ფარგლებშიც, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა, მაგალითად სუნამოზე დაგეშილი მკვლელები და ასე შემდეგ…

    რაც შეეხება სტატიას, ავტორისგან ასეთ სასიამოვნო პოსტებს „შევეგუე“ დიდი ხანია 🙂

    Like

  14. აკაკი 08/04/2013, 12:17 PM

    დევიდ რეიმერის ისტორიას რაც შეეხება, ცნობილია მისი ცხოვრება როგორც წარიმართა. ის ტყუპისცალი იყო, მისი ძმა (რომელიც „მუდმივად დეპრესიაში ვარდებოდა“) დაავადდა შიზოფრენიით და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითონ დევიდი სასქესო ასოს აღდგენის შემდეგ დაოჯახდა კიდეც (შვილებიანი ქალი მოიყვანა ცოლად), მაგრამ მოგვიანებით ისიც შიზოფრენიით დაავადდა და მანაც თავი მოიკლა (ეს რამდენად არის კავშირში ბავშვობაში გადატანილ სტრესთან, ძნელი სათქმელია, საერთოდ გენეტიკური ფაქტორი შიზოფრენიით ავადობაში „ლომის წილს“ ასრულებს). რაც შეეხება დოქტორ მონის (თუ დოქტორ მანს), ის ექიმი არ ყოფილა, მანი ფსიქოლოგი იყო და ჰქონდა თეორია, როლის თანახმადაც ადამიანის სქესობრივი (და ზოგადად გენდერული) ქცევა გაპირობებულია მხოლოდ აღზრდით, ანუ კაცი იმიტომ არის კაცი, რომ მას ბავშვობიდან „კაცად“ ზრდიან და ქალი იმიტომაა ქალი, რომ… მანი მართლაც მიზნად ისახავდა საკუთარი თეორიის მართებულობის დამტკიცებას და დევიდის შემთხვევა ხშირად მოჰყავდა ამის დასამტკიცებლად, თუმცა როდესაც ცამეტი-თოთხმეტი წლის დევიდი კვლავ ბიჭად „გადააკეთეს“ (ის ისედაც ბიჭი იყო!), მანმა განაცხადა, რომ იმ ერთმა წელმა, რომლის მანძილზეც დევიდი დაბადებიდან ბიჭი იყო, ხელი შეუშალა მას გენდერის შეცვლაში. მანი დედხანს ჯიუტად ცდილობდა საკუთარი „სიმართლის“ დამტკიცებას.
    დღესდღეობით ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენილია რამდენიმე სტრუქტურა (მთავარი ალბათ არის ე.წ. დიმორფული ბირთვი), რომლებიც ბიოლოგიურ დონეზე ახდენენ გენდერული ქცევის დეტერმინირებას. ზუსტი მიზეზები, რომლებიც ამ სტრუქტურების არასწორ ჩამოყალიბებას იწვევენ, ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დამტკიცებულია, რომ მუცლად ყოფნის დროს (განსაკუთრებით გარკვეულ კრიტიკულ პერიოდებში) დედის მიერ გადატანილი ესა თუ ის დაავადება ან სტრესი გავლენას ახდენს ნაყოფის მიერ სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე, და შედეგად ტვინის ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე (მამაკაცის დიმორფული ბირთვი ქალისაზე გაცილებით დიდი და რთული სტრუქტურისაა, მისი სტრუქტურის ასეთი განვითარება ხდება ტესტოსტერონის ზემოქმედების შედეგად; ამდენად, გაცილებით მეტია იმის ალბათობა, რომ მამრობითი სქესის ნაყოფმა განიცადოს ტესტოსტერონის ნაკლებობა, და შედეგად დიმორფული ბირთვიც არ განვითარდეს „მამაკაცურად“, ვიდრე მდედრობითი სქესის ნაყოფში მოხდეს ტესტოსტერონის ჭარბი გამომუშავება. ალბათ ამის გამო უფრო მეტია ფემინური მამაკაცები, ვიდრე მასკულინური ქალები).

    Like

  15. miro 17/04/2013, 1:41 AM

    mag eqsperimentebs tavis shvilebze unda aketebdnen… degeneratebi… vigacis ubedurebas warmatebas vinc dauzaxebs yvelas dedac….

    Like

  16. Pingback: მეცნიერული კვლევები, რომლებიც ჩვენს უარყოფით მხარეს ააშკარავებს | ჩრდილოეთის ციალი

  17. frenky13 08/10/2013, 5:45 AM

    bolo martla sashineleba iyo

    Like

  18. Pingback: ადამიანებზე ჩატარებული შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები | ჩრდილოეთის ციალი

  19. trynotfuck 08/04/2017, 8:52 PM

    საინტერსო იყო შედეგები, განსაკუთრებით ძაღლებზე ჩატარებული და უსახლკაროებზე

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: