7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც


ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე, თანამგზავრებზე ან კოსმოსურ სივრცეებშიც არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე დამაფიქრებელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ოდესმე უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა მზის სისტემაშიც კი. აქვე აღსანიშნავია, რომ სიტყვა «უცხოპლანეტელი» არ გულისხმობს აუცილებლად დიდთავიან მწვანე არსებებს, სიცოცხლის პრიმიტიული ფორმებიც კი, რომლებიც დედამიწის მიღმა გაჩნდა, უცხოპლანეტურად ითვლება.


 


● დედამიწის ექსტრემოფილები.
ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის განვითარება და გადარჩენა დედამიწისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებში. პასუხი დიდი ალბათობით დადებითია, რადგან დედამიწაზე არსებობენ ექსტრემოფილები, ანუ ორგანიზმები, რომლებიც უძლებენ ექსტრემალურ სიცხეს, სიცივეს, მომწამლავ ნივთიერებებსა და ვაკუუმსაც კი. აღმოჩენილია მიკრობები, რომლებიც არსებობენ ჟანგბადის გარეშე წყალქვეშა ვულკანების სიახლოვეს. სიცოცხლის ფორმებს წააწყდნენ ანდების მაღალ რეგიონებში მდებარე მლაშე გუბეებში, ასევე არქტიკის ყინულოვან ტბებში. არსებობს მიკროსკოპული ორგანიზმები, სახელად ნელამავალნი (Tardigrada), რომლებიც ვაკუუმშიც კი ძლებენ. შესაბამისად, გაგვაჩნია მყარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე შეიძლება აღმოცენდეს დედამიწის ყველაზე არახელსაყრელ ადგილებში, რომლებიც პირობებით სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებს ჰგავს.

 


● სიცოცხლის ქიმიური წინამორბედები სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებზე.
დედამიწაზე სიცოცხლე სავარაუდოდ გაჩნდა იმ ქიმიური რეაქციებით, რომლის საბოლოო შედეგიც იყო უჯრედული გარსი და პროტო-დნმ. ხოლო ამ თავდაპირველ ქიმიურ რეაქციებში შესაძლოა მონაწილეობას იღებდა კომპლექსური ორგანული ნაერთები, როგორიცაა ნუკლეინის მჟავები, ცილები, ნახშირწყლები და ლიპიდები, მოქმედების ადგილი კი ატმოსფერო და ოკეანეები იყო. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს «სიცოცხლის წინამორბედები» სხვაგანაც არსებობს, მაგალითად ტიტანის ატმოსფეროსა და ორიონის ნისლეულის გარემოში. მართალია, არ აღმოგვიჩენია უცხოპლანეტური სიცოცხლე, მაგრამ აღმოჩენილია ის ინგრედიენტები, რომლებიც მრავალი მეცნიერის აზრით, სიცოცხლის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებდნენ. თუკი ეს ინგრედიენტები სამყაროში ფართოდაა გავრცელებული, დიდი ალბათობით დედამიწის გარდა სხვაგანაც იქნება სიცოცხლე.

 


● დედამიწის მსგავსი პლანეტების მზარდი რიცხვი.
გასული ათწლეულის განმავლობაში პლანეტებზე მონადირეებმა აღმოაჩინეს ასობით ეგზოპლანეტა, რომელთა უმეტესობა იუპიტერის მსგავსი აირის პლანეტა იყო. თუმცა ახალი ტიპის ტექნოლოგიების მეშვეობით პატარა, დედამიწის მსგავს კლდოვან პლანეტებსაც მიაგნეს. ზოგიერთი მათგანი მისი ვარსკვლავის დასახლებად ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორბიტისა და დაშორების მიხედვით ამ პლანეტებზეც დედამიწის მსგავსად ზომიერი ტემპერატურაა. გამომდინარე იქიდან, რომ სამყაროს მასშტაბით უამრავი ასეთი პლანეტაა, სავარაუდოდ ზოგიერთი მათგანი ცოცხალი ორგანიზმების მასპინძელიც იქნება.

 


● სიცოცხლის მრავალფეროვნება და გამძლეობა დედამიწაზე.
გარდა იმისა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე უკიდურესად რთულ პირობებში გაჩნდა, მან გაუძლო ისეთ ექსტრემალურ მოვლენებსაც კი, როგორიცაა მეგავულკანები, მეტეორიტების წვიმები, გამყინვარებები, მასიური გვალვები, ოკეანის ჟანგვა და ატმოსფეროს რადიკალური ცვლილებები. გარდა ამისა, გათხრები აჩვენებს, რომ გეოლოგიური მასშტაბით ხანმოკლე დროში მიიღება საოცრად მრავალფეროვანი სიცოცხლის ფორმები. სიცოცხლე საკმაოდ შეუპოვარი რამაა, შესაბამისად, რატომ უნდა გამოვრიცხოთ მისი არსებობა სატურნის თანამგზავრებზე ან სხვა სისტემებში?

 


● სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებული ბურუსი.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სიცოცხლის წარმოშობის ამხსნელი მეცნიერული თეორიები, მაინც გამოცანად რჩება, როგორ შეიკრა ის ნივთიერებები, რომლებმაც შექმნეს მყიფე მემბრანები და საბოლოოდ ცოცხალი უჯრედი. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერიოდში დედამიწა უკიდურესად არასტუმართმოყვარე იყო – ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანი, პლანეტის ზედაპირზე კი მდუღარე ლავა. ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, უჯრედი სხვაგან გაჩნდა – შესაძლოა მარსზეც – და დედამიწაზე მეტეორიტების მეშვეობით მოხვდა. ამ თეორიას პანსპერმია ეწოდება და გვთავაზობს ვერსიას, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის მიზეზი სხვა პლანეტებზე მისი არსებობა იყო.

 


● მინიმუმ მზის სისტემაში ოკეანეები და ტბები ერთმანეთს ჰგავს.
მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, დედამიწაზე სიცოცხლე ოკეანეში გაჩნდა, ასე რომ შესაძლოა, ანალოგიური პროცესი სხვაგანაც გამეორებულიყო. დღესდღეობით არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ოდესღაც მარსზე წყალი თავისუფლად მიედინებოდა, ხოლო სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მეთანის ზღვები და მდინარეებია შემჩნეული. მიიჩნევა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ერთი დიდი ოკეანეა, რომელსაც შიდა მხარეს ათბობს ევროპას ბირთვი, ხოლო ზემოდან დაფარულია სქელი დამცავი ყინულით. ნებისმიერ ამ ადგილას შეიძლება ოდესღაც სიცოცხლე ყოფილიყო, თუმცა გამორიცხული არაა, ახლაც ბინადრობდნენ ცოცხალი ორგანიზმები.

 


● ევოლუციის თეორია.
ადამიანების ნაწილი ხშირად იყენებს ფერმის პარადოქსს იმის ასხსნელად, თუ რატომ ვერ ვიპოვით ვერასდროს ინტელექტუალურ სიცოცხლის ფორმებს სამყაროში. მისი ძირითადი ფორმულირება ასეთია:
* მზე ახალგაზრდა ვარსკვლავია. გალაქტიკაში მასზე გაცილებით ხნიერი მილიარდობით ვარსკვლავია.
* ზოგიერთ ამ ვარსკვლავს გარს უვლის დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია სიცოცხლის აღმოცენება.
* ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს მოაზროვნე არსებები განავითარებენ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის ტექნოლოგიას, როგორც ჩვენ, ადამიანები ვცდილობთ.
* გალაქტიკის კოლონიზებას რამდენიმე ათეული მილიონი წელი სჭირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის უცხოპლანეტელების მიერ კოლონიზაცია არ მომხდარა და არც მათი ვიზიტის დადასტურებული შემთხვევებია დაფიქსირებული, ასევე არამიწიერი ინტელექტის არსებობის მტკიცებულებაც არ გაგვაჩნია, ფერმის პარადოქსი სვამს კითხვას: «სად არიან ისინი?»
მეორე მხარეს არის ევოლუციის თეორია, რომელიც გვამცნობს, რომ სიცოცხლე ვითარდება გარემო პირობებთან ადაპტირებულად. მიუხედავად იმისა, რომ დარვინი და მისი თანამედროვეები ნაკლებად ფიქრობდნენ უცხოპლანეტელებზე, როცა ევოლუციის თეორიას ხვეწდნენ, ამ მოდელის მიხედვით, თუკი სადმე სიცოცხლე გაჩნდება, დიდი ალბათობით განვითარდება კიდეც. თუკი გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის მიღმა არამარტო პლანეტებია, არამედ მზის სიტემები და ვარსკვლავთშორისი სივრცეებიც, ევოლუციის თეორიის არატრადიციული ინტერპრეტაციის მიხედვით, სიცოცხლე ადაპტირებას კოსმოსის სხვა ადგილებშიც შეძლებს.
შესაძლოა, ოდესმე ისეთ ორგანიზმებს წავაწყდეთ, რომელთა არსებობა ვერც კი წარმოგვიდგენია, ან თავად ვიქცეთ ასეთებად. რაც შეეხება ინტელექტუალურ სიცოცხლის ფორმებს, შესაძლოა, ამ გალაქტიკაში არ იყვნენ, სამაგიეროდ არსებობდნენ ასეულობით მილიარდი სხვა გალაქტიკიდან ნებისმიერში. ან „ირმის ნახტომშიც” იყვნენ, უბრალოდ ისტორიული მასშტაბით ჩვენსავით ან ჩვენზე ახალგაზრდები იყვნენ.

13 thoughts on “7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც

  1. არ ვიცოდი მაგას თუ ფერმის პარადოქსი ერქვა. ისე კი უაზრობაა ჩემი აზრით.
    სამყარო იმდენად დიდია რომ შეუძლებელია ზეგანვითარებულმა ცივილიზაციამაც კი ყველა პლანეტა მოიცვას. თან ზეგანვითარებამდე მიღწევაც ალბათ ძალიან იშვიათი იქნება.

    Like

  2. Java

    kai porstia magram rac sheexeba ● სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებული ბურუსი. tu sicocxle tavidan qarmoishva marsze an sxva planetaze da shemdeg dedamiwaze moxvda mashin im planetazeve unda darcheniliyo 🙂

    Like

    1. კი მასეა, იქაც უნდა ყოფილიყო,თუმცა ორი რამ არის:
      1. მარსი კარგად არაა შესწავლილი, სხვა პლანეტები ხომ საერთოდ. თან აქ საუბარია იმაზე, რომ პრიმიტიული ორგანიზმი მოხვდა დედამიწაზე. მსგავსი ორგანიზმები დედამიწაზეც არაა კარგად გამოკვლეული.
      2. მარსზე სიტუაცია და პირობები შეიცვალა, მაგალითად, ადრე თხევადი წყალი საკმაო რაოდენობით იყო. შესაძლოა, ცვლილებებმა სიცოცხლის გადაშენება გამოიწვია

      Like

  3. გამოხმაურება: 10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ | ჩრდილოეთის ციალი

  4. გამოხმაურება: როგორები იქნებიან უცხოპლანეტელები? | ჩრდილოეთის ციალი

  5. სამყაროში მარტო მატერია არ არსებობს, სამყაროში არსებობს გონება რომელიც უხილავია ეს ყველა ჩვენგანს აქვს ცოტა თუ ბევრი… მაგრამ არსებობს ერთი ზე გონება რომელმაც ყველაფერი ეს მოიფიქრა და შექმნა და ეს არის ღმერთი…

    Like

  6. zaza

    მატერია, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, (რა თქმა უნდა ეს პრიმიტივიც ღმერთის შექმნილია ჩვენთვის) ეს არის ყველაზე პრიმიტიული სამყარო იმასთან შედარებით რაც ღმერთს აქვს შექმნილი, ვგულისხმობ იმ უხილავ სამყაროს სადაც მხოლოდ რწმენით და სულით გადადიან!
    პრიმიტიულით თუ არ დაიწყე სირთულეში ეგრევე გადასვლით მინიმუმ სულ მცირე, დაიტანჯები…
    საფეხურზე ასვლა პირველი საფეხურიდან უნდა დაიწყო რომ ყველაფერში დარწმუნებული იყო…
    7 კიარა უფრო მეტი მიზეზიც შეიძლება დაასახელო, მაგრამ ხომ ფაქტია, თუ გავიხედავთ საუკუნეების უკან დღემდე რომ არაფერი მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს იმისათვის რომ დავამტკიცოთ სხვა, უცხოპლანეტელების არსებობა…
    ყველაფერი არის თეორიები, ვიღაცეების ნააზრევები, ყველაფერი არის, ვარაუდის დონეზე ან გამოგონილი ფანტაზიები და ასე შემდეგ და შემდეგ…
    ადამიანს ძალიან ბევრი რაღაცის გამოგონება შეუძლია და შემდეგ დაჯერება როგორც რეალობის, რადგან აქვს იმის ნიჭიც და შესაძლებლობებიც, რაც თავის თავში ხდება შეიძლება რეალურად აღიქვას ან სხვაც დააზომბიროს, დააჯეროს…
    სამწუხაროდ დღეს ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ მატერიალური ცხოვრების აღქმით ცხოვრობს და რასაც ვერ ხედავს არც აინტერესებს, რადგან სირთულეებს გაურბიან…
    ვხედავ ვაღიარებ, ვერ ვხედავ არ ვაღიარებ, ამით ცხოვრობენ უმეტესობა…
    ჰაერსაც ვერ ვხედავთ, ელექტროობასაც ვერ ვხედავთ, ბუნებრივ აირსაც ვერ ვხედავთ და რა ვქნათ მაშინ, არ დავიჯეროთ რომ არსებობს? 🙂

    Like

  7. გამოხმაურება: არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე? – meambe.com

  8. Zaza

    მიზეზები შეიძლება 7-ზე მეტიც იპოვოთ თუ რატომ შეიძლება სხვა პლანეტაზე იყოს ზოგადად, სიცოცხლე… მაგრამ ფაქტი სხვა არის, ფაქტი ის არის რომ, ჩვენი ინტერესი არის ისეთი სიცოცხლის არსებობა როგორებიც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგალითად, მინიმუმ ჩვენი მსგავსი მაინც, რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვეძახით, მიკროსკოპით დანახული რაიმე სიცოცხლის ნაწილაკი რეალურად არ არის ისეთი საინტერესო, ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ არ გვაქვს ურთიერთკავშირი ისეთი რომ ვიურთიერთოდ, ვიკონტაქტოთ, წყალში მაგალითად იმდენი სიცოცხლეა, ვერც კი წარმოგვიდგენია მაგრამ ჩვენთვის მაინც და მაინც არ არის ისეთი საინტერესო როგორიც მინიმუმ ჩვენი მსგავსნი… მემგონი ეგრეა. (თუ ვინმე ფიქრობს რომ ეგრე არ არის მაშინ ის უხილავი სამყაროებითაც უნდა ინტერესდებოდეს, მაგალითად, სულების სამყარო, რომელსაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ მაგრამ ვიცით რომ არსებობს, როგორც წყალში, მიკრო სამყაროში, მაგრამ ვერ ვხედავთ, ამის უამრავი სხვადასხვა დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, მსოფლიო მასშტაბით)
    ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვისაც სჯერავს უცხო ცივილიზაციის არსებობის, (ჩვენ რომ წარმოგვიდგენია, როგორიც ზემოთ რომ ჩამოვაყალიბე) იმაზე ხომ არ დაფიქრდება, მაგალითად, დედამიწას სათბურის მსგავსი ეფექტი რომ აქვს, თვალით უხილავი შრეები რომ აკრავს დედამიწას გარშემო, ანუ დამცავი ფენები, რომლებიც კოსმოსურ რადიაციას აკავებს… ეს როგორ მოხდა, როგორ გაკეთდა თავისით მაინც და მაინც დედამიწაზე, სადაც ადამიანების ცივილიზაცია ცხოვრობს… მიუხედავად ბუნებრივი სირთულეებისა მაინც როგორ ეწყობა სიცოცხლისუნარიანობა დედამიწაზე ყველა ამ სისტემით რაც დედამიწას გააჩნია, დამცავი მექანიზმები სიცოცხლისათვის, ზუსტად ისეთი დაშორება დედამიწიდან მზეს, მთვარეს და სხვა დანარჩენ პლანეტებს…
    რომ გვაჩვენებენ რაღაც მწვანე კაცუნებს, დიდთავიანებს, ძალიან მაღლებს თუ ძალიან დაბლებს… მოკლედ რაღაც, მახინჯი არსებებს თუ ჭინკებს… და, წარმოგვიდგენენ როგორც უცხო ცივილიზაციას… ეს არსებები, თუ ასეთი განვითარებულები არიან, საინტერესოა, ჯერ მათი ღმერთი ვინ არის, ანუ მათი შემქმნელი… და თუ არ ჰყავთ შემქმნელნი, შემქმნელი და თავად არიან შემოქმედნი, საკუთარი თავის, ასეთი უნიჭო გემოვნება საიდან განუვითარდათ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის არანაირი არც ფანტაზია, არც შემოქმედება, არც საშუალება, არც შესაძლებლობა, ხედვა და ასე შემდ… საინტერესოა როგორ არიან ადამიანზე მეტად განვითარებულნი?.. (და თუ არიან განვითარებულნი რას გვანან?.. ხომ ხედავთ ადამიანს რამხელა ფანტაზიები და შემოქმედება გააჩნია, ვიზუალზე, ცხოვრებაზე, განვითარებაზე…)
    მოკლედ, თუ ყველაფერს კარგად დავაკვირდებით, ყველაფერს თანმიმდევრულად შევხედავთ დავინახავთ რომ სიცოცხლე, მხოლოდ დედამიწაზეა, ისეთი როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, მინიმუმ ჩვენი მსგავსნი რაღაცით…
    რა თქმა უნდა არსებობს უამრავი გალაქტიკები, პლანეტები მაგრამ სიცოცხლე, ცივილიზაცია ისეთი როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია და ჩვენი თვალი აღიქვამს, არსად არ არის გარდა დედამიწისა!
    სხვა დანარჩენი, ორი ვარიანტია, პირველი: თვითონ ადამიანების გამოგონილია ეს ყველაფერი…
    მეორე: არამიწიერი დამახინჯებული არსებები, ანუ დაცემული ანგელოზები, რომლებიც ერთ დროს ღმერთმა ზეციდან გადმოყარა და დაკარგეს სახე ბოროტებისგან დამახინჯდნენ… და ცდილობენ ადამიანების დაღუპვას სხვადასხვა ხერხებით სხვადასხვა გზებით მანიპულირებენ, რადგან ღმერთს განუდგნენ, სხვანაირად ღმერთს ვერ მოერევიან და ცდილობენ ამით მაინც გაამწარონ ღმერთი რადგან ღმერთს ადამიანები უყვარს. თითქოს დედამიწაზე უცხო ცივილიზაცია მოდის, ჩვენი კეთილისმსურველნი, დედამიწა იღუპება და მათ ჩვენი გადარჩენა სურთ, შემოვიდნენ ჩვენთან კონტაქტში, ჩვენი ნდობა მოიპოვონ, გაგვაოცონ სხვადასხვა ტექნოლოგიებით, ხელი შეგვიწყონ ტექნოლოგიების გამოგონებებით, მოგვაჩვენონ რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვიგონებთ, თავი გვაგრძნობინონ რომ ჩვენ ვქმნით ამ ყველაფერს მათი დახმარებით და მათი ზრუნვით, შემდეგ ჩვენზე კონტროლი მოიპოვონ და გვმართონ ისე როგორც თვითონ უნდათ, დაგვიმონონ! (რასაც ანტიქრისტე ქვია) ჩემი აზრით რა თქმა უნდა.
    (ვიცი, ვიღაც-ვიღაცეებს ეს ყველაფერი ზღაპრებად მოეჩვენებათ, სასაცილოდ არ ეყოფათ მაგრამ, მათ ვთხოვ თვალი კარგად გაახილონ და ყველაფერს შეხედონ რეალურად, რასაც აქამდე ზღაპრებად მიიჩნევდნე დღეს ის ხომ აღარ არის ზღაპარი და რეალობად იქცა, ეხლა მომავალი „ზღაპრები“ რეალობად იქცევა კიდე და ასე შემდ… ისე რომ ზღაპარი მხოლოდ მაშინ არის ზღაპარი როცა ვერ იჯერებ და არ იცი, რომ გაიგებ, რომ დაიჯერებ შემდეგ აღარ არის ის, ზღაპარი რომელსაც ზღაპრად თვლიდი)

    Like

  9. გამოხმაურება: 20 ქალი, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ასტრონომია – ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s