როგორც წესი, დიქტატორები და მრისხანე ტირანები პარანოიდი და სიძულვილით შეპყრობილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ხოცავდნენ და აწამებდნენ მიზანთროპიის ან წარმოსახვით საფრთხეებთან ბრძოლის გამო. თუმცა როდესაც ჩავუღრმავდებით მათი პიროვნების თავისებურებებს და მტკივნეულ ადგილებს, სიტუაცია უცნაური ხდება.
10. ლინ ბიაო – წყალი და ქარი
მაო ძედუნის ცნობილი მხარდამჭერი, რომელიც საბოლოოდ მისი მარჯვენა ხელი გახდა და მოგვიანებით პოლიტიკური მემკვიდრეც უნდა გამხდარიყო, თუმცა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ლინ ბიაო გახლდათ გამორჩეული იპოქონდრიკი, რომელსაც წყლის, ქარისა და სიცივის ირაციონალური შიში ჰქონდა. ფობიების გამო გარშემომყოფების თვალში ნარკოტიკებზე მიჯაჭვულს ემსგავსებოდა, სიცოცხლის ბოლო წლებში კი ძალიან სუსტი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. სერიოზულად ავადდებოდა გაოფლიანების დროსაც კი და როგორც ამბობენ, თხევადი წყლის შიშიც დასჩემდა, ამიტომ სითხეს უმეტესწილად მომზადებული კერძებიდან იღებდა. წყლის ჩხრიალის ხმაზე დიარეა ემართებოდა, ხოლო ტრადიციულ ჩინურ ნახატებზე მდინარეებისა და ტბების ხედების ხილვა აფორიაქებდა. სახლი სანაპიროსთან ახლოს ჰქონდა, თუმცა ბორცვებით იყო გარშემორტყმული, რადგან ზღვის ხილვა არ სურდა, შესაბამისად მინიმალური კონტაქტი ჰქონდა საზღვაო ფლოტთანაც. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია ბიაოს პირად ცხოვრებაზე, რადგან წლების განმავლობაში არ ბანაობდა და მხოლოდ მშრალი პირსახოცით იწმენდდა სხეულს. მის სახლში განთავსებული იყო ქარისადმი მგრძნობიარე ხელსაწყოები და გადმოცემის მიხედვით, მის ცოლსაც სიფრთხილის დაცვა უწევდა მის სიახლოვეს ყოფნისას, რომ მოულოდნელად უსიამოვნო ნიავს არ დაებერა მისი ქმრისთვის. ლინ ბიაო საყოველთაოდ იყო ცნობილი თითქმის ყველა ადამიანის ზიზღითა და სიძულვილით, ამიტომ ზოგიერთი სწორედ ამას უკავშირებს მის ბუნდოვან სიკვდილს.
9. ნიკოლაე ჩაუშესკუ – დაავადება და ესკიზები
რუმინელი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ ცნობილი იპოქონდრიკი იყო, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ადრეულ წლებში ყელის პრობლემები გახლდათ. მას ეშინოდა საჰაერო კონდიცირებისაც, რის გამოც ბევრი შენობა ამ ატრიბუტის გარეშე დააპროექტეს. მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩიოდა კონდიცირების უქონლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტთან ერთად ცხელ აფრიკულ ქვეყნებში გამგზავრება კოშმარს უდრიდა. მოგვიანებით ჩაუშესკუს იპოქონდრია გადაიზარდა ესკიზების შიშში და შეპყრობილი გახდა იმ ყველაფრის დეზინფექციით, რასაც ეხებოდა. საკვების უსაფრთხოების სააგენტოს პერსონალი კარის სახელურებს ალკოჰოლით ამუშავებდა, სანამ მას პრეზიდენტი შეეხებოდა. მსახურებს მუდამ თან ჰქონდათ სადეზინფექციო საწმენდები იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩაუშესკუს რომელიმე უცხოელისთვის ხელი უნდა ჩამოერთმია. გადმოცემით, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მას პრეზიდენტმა კარტერმა მხურვალედ აკოცა, თეთრი სახლიდან მანქანით გამოსვლისას რუმინელმა ლიდერმა სახეზე მთელი ბოთლი ალკოჰოლი შეისხა. უარს ამბობდა ასევე, უცხოეთში მიწვეულ ოფიციალურ სადილზე რამე ეჭამა, რადგან მოწამვლის შიში ჰქონდა. დაქირავებული ჰყავდა ქიმიკოსი, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა პრეზიდენტის ექსკრემენტების განადგურება, რათა უცხოეთის ინტელიგენციას მის ჯანმრთელობაზე არაფერი სცოდნოდა. მოგვიანებით, კუბაში ყოფნისას, კასტრომ უამბო მას, როგორ გაშიფრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გეგმა, რომლის ფარგლებშიც მის ფეხსაცმელში მალავდნენ საწამლავს და შედეგი მისი წვერის გაცვენა იქნებოდა. რუმინელმა პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნებისას განაცხადა, რომ ერთსა და იმავე ტანსაცმელს მხოლოდ ერთხელ ჩაიცვამდა ხოლმე, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა გაენადგურებინათ. თუმცა ამ პრევენციულმა ზომებმა მაინც ვერ უშველა – ჩაუშესკუ გადააყენეს, ტუალეტთან იძულებით დააყენეს და დახვრიტეს.
8. ფრანსისკო მასიას ნგემა – განათლება
ეკვატორული გვინეის გონებაშეზღუდული დიქტატორი ფრანსისკო მასიას ნგემა სამჯერ ჩაიჭრა ესპანეთის სამოქალაქო სამსახურის გამოცდაში, მოგვიანებით კი მხოლოდ იმიტომ მოახერხა პოლიტიკური კარიერის აწყობა, რომ ესპანელებმა ჩათვალეს, მარტივი და გაუნათლებელი ადამიანი ადვილად სამართავი ფიგურა იქნებაო. ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა, რადგან შეურაცხყოფებმა ნგემას ინტელიგენტთა და ზოგადად განათლების მიმართ სიძულვილი ჩაუნერგა. მილიცია მეტწილად ფანგის ტომის (რომელსაც თვითონაც ეკუთვნოდა) წევრებით დააკომპლექტა, შემდეგ თეთრკანიან კოლონიზატორებს მიუბრუნდა და 7000 ესპანელი სამოქალაქო მოსამსახურე ქვეყნიდან გაუშვა. სრული ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, 1973 წელს, დაიწყო კამპანია თავისი სამფლობელოდან განათლების ამოსაძირკვად. ის იმდენად შორსაც წავიდა, რომ აკრძალა სიტყვა „ინტელექტუალის” ხმარება, დახურა ყველა ბიბლიოთეკა (ასევე გაზეთები და ბეჭდური პრესა) და კერძო განათლება უკანონოდ გამოაცხადა, სანაცვლოდ ახალგაზრდებს მხოლოდ პოლიტიკური სლოგანები უნდა ესწავლათ. საკუთარი თავი „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დიდ ოსტატად” გამოაცხადა, დევნიდა ინტელექტუალებს და ხოცავდა ან ასახლებდა განათლებულებს. ამბობენ, რომ ნგემას შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ ხუთამდე ტექნოლოგიური სასწავლებელიღა დარჩა. შიშის აღზევების შემდეგ, რასაც თან ახლდა ორგანიზებული რელიგიის მოშლა და ეკონომიკური კოლაფსი, ნგემა არასტაბილური გახდა, რადგან ჰაშიშსა და ჰალუცინოგენ იბოგას ეტანებოდა. ის იმდენად შეიპყრო დელუზიებმა, რომ თავის გარდაცვლილ ოპონენტებს დებატებში იწვევდა. გადაყენების შემდეგ ის დაქირავებულმა მაროკოელმა ჯარისკაცებმა დაცხრილეს, ყოფილი დიქტატორი კი ყველას ემუქრებოდა, რომ მკვდრეთით აღდგებოდა და მათზე ინადირებდა.
7. ვილჰელმ II – აზიელები
კაიზერ ვილჰელმ II-ს აკვიატებული ჰქონდა წარმოსახვითი საფრთხეები, რომლებიც ვითომ აზიიდან მოდიოდა და საფრთხეს უქმნიდა დასავლურ ცივილიზაციას. საამისოდ შემოიღო ტერმინი „ყვითელი საფრთხე”, რომელიც მისდა სასიხარულოდ მოგვიანებით პოპულარული გახდა ინგლისურენოვან ქვეყნებში. 1895 წელს იაპონელების მიერ ჩინეთის დამარცხების შემდეგ ვილჰემმა წერილი გაუგზავნა ბიძაშვილს, რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ II-ს თანდართული სურათით, რომელშიც მთავარანგელოზი გაბრიელი აფრთხილებს დასავლელ ერებს (მათ ასახიერებდა მითოლოგიური პერსონაჟი ქალი) აღმოსავლეთიდან მოახლოებულ ქარიშხალზე, ქარიშხლის შუაგულში კი მოელვარე ბუდა იყო გამოსახული. 1900 წელს მან უბრძანა გერმანელ ჯარისკაცებს, გეზი აეღოთ ჩინეთისკენ და „ჰუნებივით მოქცეულიყვნენ”, არ ეჩვენებინათ მოწყალება და ტყვედ არავინ აეყვანათ. დიდად არც რუსები მოსდიოდა თვალში, ისინი ხომ მისი სისხლით ნათესავები არ იყვნენ, და როდესაც 1905 წელს რუსეთს იაპონიამ სძლია, კაიზერმა არაქრისტიანი ერის მიერ ქრისტიანის დაჯაბნა იმით ახსნა, რომ რუსეთში ქრისტიანობა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, იაპონელ ჯარისკაცებს კი ახასიათებდათ „სათნო ქრისტიანული ღირებულებები”. 1907 წელს მან განაცხადა მოახლოებულ ომზე იაპონიასა და ამერიკას შორის, რომელიც, მისი აზრით, ხდებოდა მხოლოდ „რასის და არა პოლიტიკის გამო, ეს იყო ყვითლები თეთრების წინააღმდეგ”. მოგვიანებით იმპერატორს უმტკიცებდა, რომ გერმანელმა აგენტმა აცნობა მას 10 000 იაპონელი ჯარისკაცის შესახებ, რომლებიც სამხედრო ფორმაში ჩაცმულები იმალებოდნენ სამხრეთ მექსიკის პლანტაციებში. მათი მიზანი სავარაუდოდ პანამის არხის დაკავება უნდა ყოფილიყო. მან ერთ-ერთ ვარიანტად პრუსიის არმიის გაგზავნაც კი წამოაყენა, რათა კალიფორნიის სანაპირო იაპონელებისგან დაეცვათ, რაზეც ამერიკამ თავი შეიკავა.
6. კიმ ირ-სენი – სიკვდილი
1977 წელს ჩრდილოკორეული რეჟიმის ფუძემდებელს 65 წელი რომ შეუსრულდა, ექიმების ჯგუფი შეკრიბა, რათა მათგან მიეღო რჩევა-დარიგებები, თუ როგორ ეცოცხლა 100, 120 ან უფრო შორეულ ასაკამდე. კიმ სო-იეონის, კიმ ირ-სენის პირადი ექიმისა და „სიცოცხლის გახანგრძლივების ცენტრის” ხელმძღვანელის მიხედვით, ჯგუფმა გამოიკვლია 1750 სამკურნალო მცენარე, რომლებიც ნახსენები იყო აზიური მედიცინის სახელმძღვანელოებში და ჩაატარა ექსპერიმენტები იმის დასადგენად, როგორ გამოეყენებინათ დიქტატორისა და მისი ვაჟის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო გაახალგაზრდავება სიცილის მეშვეობით, რა დროსაც ცენტრი კომედიურ წარმოდგენებს მართავდა დიქტატორისა და დამსწრე ბავშვებისთვის, რათა ისინი გაეხალისებინათ. ერთ-ერთი არაეთიკური საშუალება, რომელსაც კიმი მოგვიანებით უპირატესობას ანიჭებდა, იყო 20-30 წლის ადამიანებისგან სისხლის გადასხმა, მანამდე კი დონორებს მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებდნენ. დიქტატორმა კიმმა 82 წლამდე იცოცხლა, რის მიზეზადაც მისმა ექიმმა მავნე ჩვევები და ვითომდა სასწაულებრივი განკურნების მეთოდებისადმი ნდობა ჩათვალა, როცა რეალურად საკუთარ თავს არ უფრთხილდებოდა. მან ისიც კი განაცხადა, რომ გადასხმების შედეგად სისხლის ჯგუფი შეეცვალა AB-დან B-ზე (IV-დან III-ზე), კორეული ცრურწმენის მიხედვით კი ამან გამოიწვია გულღია და მხიარული პიროვნების ჩუმ და ჩაკეტილ ადამიანად, იანის ინად გარდაქმნა. ასეა თუ ისე, დოქტორი კიმი ნანობდა, რომ თავისი კარიერა გაფლანგა დიქტატორისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაში და შეცდომის გამოსასწორებლად სამხრეთ კორეაში გადავიდა.
5. პაკ ჩონ ჰი – ახალგაზრდული კონტრკულტურა
1960-70-იან წლებში მარიხუანას მოხმარება ჩვეულებრივი ამბავი იყო და უმნიშვნელო რამედ ითვლებოდა სამხრეთ კორეაში, დღეს კი დიდი ტაბუ ადევს. სიტუაცია დიქტატორ პაკ ჩონ ჰის რეჟიმმა შეცვალა. პაკი ამერიკული კონტრკულტურის შემოსვლას ეწინააღმდეგებოდა, თვლიდა რა დეკადენტურად და მისი მმართველობისთვის საფრთხის მომტანად. 1976 წელს იუსტიციის სამინისტროში ყოფნისას მან მტკიცედ განაცხადა: „ამ რთული ვითარების დროს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება კომუნისტურ პარტიასთან ჩვენი დაპირისპირებისას, ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოწევა ჩვენს ქვეყანას დაღუპავს. მარიხუანას მოწევისა და მსგავსი ქმედებების პრობლემა ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს, რისთვისაც საჭიროა კანონის ფარგლებში მაქსიმალური სასჯელების განხორციელება”. პაკს სურდა, პირველ რიგში დაემორჩილებინა თავნება ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკელი ჰიპებისა და როკ-ენ-როლის გავლენის ქვეშ იყვნენ. სამიზნედ თავიდანვე ამერიკის ზეგავლენით შექმნილი მუსიკა აიღო. 1975 წელს ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიური შევიწროების შედეგად ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი ოპოზიციაში აღმოჩნდა და დააპატიმრეს, მათ შემოქმედებას კი სახალხოდ აღარ აჩვენებდნენ ან სერიოზულ ცენზურაში ატარებდნენ. ნარკოტიკებზე ნადირობის პერიოდში კორეული მუსიკა ნაკლებად მრავალფეროვანი და პოპზე ორიენტირებული გახდა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი ცნობილი მსხვერპლი გახლდათ როკერი შინ ჯუნგ-ჰიუნი, რომელმაც უარი განაცხადა დიქტატორის საქებარი სიმღერის დაწერაზე. ის აწამეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და საზოგადოებას ნარკოტიკებზე მიჯაჭვულ შეშლილად გააცნეს. პაკ ჩონ ჰი ასევე მონაწილეობდა კამპანიაში იმ კულტურული ტენდენციების ამოსაძირკვად, რომლებსაც დეკადენტურად თვლიდა და წვრილმანი ხულიგნობის კანონში შეჰყავდა, რის გამოც ქალებს აეკრძალათ დასაშვებზე მოკლე ქვედაკაბის ტარება, კაცებს კი – ზომაზე გრძელი თმების ქონა. ამას შედეგად მოყვა სეირის მოყვარული პოლიციელების მიერ სახაზავებით სიარული, რათა ახალგაზრდა ქალები ქვედაკაბის გაზომვით შეერცხვინათ, უიღბლო მამაკაცებისთვის კი თმის შეჭრა ეიძულებინათ.
4. ბენიტო მუსოლინი – კათოლიკური ეკლესია
იტალიელი ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი ახალგაზრდობაში მანგიაპრიტად („მღვდლების მჭამელი”) იყო ცნობილი კათოლიკური ეკლესიისადმი ძლიერი ანტიპათიის გამო. ფაშისტური რაზმები ცემდნენ მღვდლებს და ატერორებდნენ კათოლიკურ ახალგაზრდულ კლუბებსა და კათოლიკეების მფლობელობაში არსებულ ბანკებს. მუსოლინი არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მშობლების ნარცისი შვილი იყო და ცხოვრობდა ოჯახში, სადაც ბევრი დიასახლისი ირეოდა. ფაშისტობამდე ის სოციალისტი იყო და სტატიებს წერდა და არედაქტირებდა სოციალისტურ გაზეთში „ილ პოპოლი” („ხალხი”) და მის საკვირაო დანართში, „ლა ვიტა ტრენტინაში”. საკვირაო დანართში დაბეჭდილ მის ნოველებს შორის იყო „კარდინალის დიასახლისი”, რომელიც მიზნად ისახავდა კათოლიკური ეკლესიისთვის ჩირქის მოცხებას. ნაწარმოები ეხება ავადმყოფ კარდინალსა და მის ავხორც დიასახლისს, უხვად არის სექსის, მკვლელობისა და გახრწნილი კათოლიკური ინტრიგების სცენები. საბოლოოდ მუსოლინი კათოლიკურ ეკლესიას შეურიგდა, რათა პოლიტიკური ძალაუფლება განემტკიცებინა, რომის პაპ პიუს XI-სთან დამეგობრებას ცდილობდა მაშინაც კი, როცა ფაშისტური რაზმები თავს ესხმოდნენ ცენტრისტულ კათოლიკურ პარტიას. მუსოლინი დათმობებზე წავიდა, აკრძალა აზარტული თამაშები და განქორწინება, კათოლიკურ ეკლესიას გავლენა დაუბრუნა სკოლებში, სანაცვლოდ კი პაპი კათოლიკური პარტიის დაშლაზე დათანხმდა. პაპისთვის პრივილეგიების მინიჭებით მუსოლინიმ ძირი გამოუთხარა იტალიურ დემოკრატიას, მაგრამ ეს მხოლოდ იმის დასტური გახლდათ, რომ მისი ახალგაზრდობის დროინდელი სიძულვილი წინდახედულ და ცინიკურ ზიზღში გადაზრდილიყო.
3. ადოლფ ჰიტლერი – ცხენები
თუმცა ჰიტლერი ზოგადად ცხოველების მოყვარულად იყო ცნობილი, მას უცნაური ანტიპათია ჰქონდა ცხენების მიმართ, რომლებიც მისთვის არისტოკრატიული ჯარის ოფიცერთა ქედმაღლობასთან ასოცირდებოდა. თავის პოლემიკურ ნაწარმოებში „Mein Kampf” (ჩემი ბრძოლა) ჰიტლერი ცხენებს ებრაელებს ადარებს და ამბობს, რომ ამ უკანასკნელთა „თვითშეწირვის სურვილი არ ცდება ინდივიდის თავდაცვის შიშველ ღირებულებას [ . . . ] იგივე შეიძლება ითქვას ცხენებზეც, რომლებიც ცდილობენ, მოწინააღმდეგისგან თავი ერთობლივად დაიცვან, მაგრამ საფრთხის გავლისას ისევ იქსაქსებიან”. გუსტავ ადოლფ ფონ ჰალემის თქმით, „ჰიტლერს არ უყვარდა ცხენები, რადგან საკმარისად დისციპლინირებულად არ თვლიდა მათ. ცხენებს ყოველთვის არეულობა შეჰქონდათ საუკეთესო სამხედრო აღლუმებში, განსაკუთრებით როცა მუსიკაც ახლდა თან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავად ფიურერს ცხენი არასდროს უტარებია. მას ისინი სძულდა”. ამბობენ, რომ ჰიტლერს რისხვა მოიცავდა ხოლმე, როცა ბერლინის მოსახლეობა ნაცისტების სამხედრო აღლუმების თვალიერებისას ნაკლებად აღფრთოვანდებოდა ტანკებითა და ტრაქტორზე ჩაბმული საარტილერიო ნაწილებით, სამაგიეროდ მოსწონდათ ცხენოსანთა ლეგიონები, რაც პრუსიის მეფის ფრედერიკ II-ის მემკვიდრეობა იყო. ის ცდილობდა, ცხენოსანი კავალერია საერთოდ აეკრძალა, როგორც მოძველებული რამ, თუმცა ვერმახტისთვის ცხენები ფასდაუდებელი აღმოჩნდა აღმოსავლეთის ფრონტის ტალახიან მიწებზე გადაადგილებისას.
2. იოსებ სტალინი – ფრენა
ფოლადის ადამიანი არც ისეთი უგრძნობი გახლდათ, როცა საქმე ეხებოდა თვითმფრინავებს. შეიძლება ამ შიშის კატალიზატორი იყო 1935 წელს „მაქსიმ გორკის”, 8 ძრავიანი მდიდრული თვითმფრინავის მარცხი, რომელსაც ბორტზე კინოთეატრი და ბიბლიოთეკა ჰქონდა და წარმატებით გადაფრინდა წითელი მოედნის თავზე, სანამ საესკორტო ბიპლანი არ შეეჯახა მარჯვენა ფრთაზე. მოსკოვიდან აგარაკამდე გასამგზავრებლად სტალინი უპირატესობას ანიჭებდა ავტოკოლონას, უფრო გრძელი მარშრუტებისთვის კი იყენებდა მატარებელს, რომელშიც შეიარაღებულ ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა. სტალინი მხოლოდ ერთხელ დათანხმდა ფრენაზე – 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე დასასწრებად პრემიერ-მინისტრ ჩერჩილთან და პრეზიდენტ რუზველტთან ერთად. თავად სახმელეთო მგზავრობა ერჩია, მაგრამ მაშინ ამ მიმართულებით უსაფრთხო მარშრუტი არ არსებობდა. ფრენისთვის მზად ჰქონდათ სსრკ-ში აგებული ორი Douglas DC-3, მაგრამ სტალინმა დაიწუნა და ამერიკული Lend-Lease C-47 არჩია. პილოტად დაინიშნა ავიაციის მარშალი ალექსანდრ გოლოვანოვი, მე-18 საჰაერო არმიის მეთაური, თუმცა ბოლო მომენტში სტალინმა აირჩია მეორე თვითმფრინავი, რომლის პილოტიც იყო შედარებით ნაკლებად ცნობილი ვიცე-პოლკოვნიკი მ. გრაჩევი. ლოგიკა? „სჯობს, გრაჩევს გავყვე. მარშლები მაგიდასთან ჯდომაში უფრო დიდ დროს ატარებენ, ვიდრე თვითმფრინავის კაბინაში. ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები!” ფრენა წარმატებით დასრულდა, მაგრამ გადმოცემის მიხედვით, ტურბულენტობის დროს სტალინი დაძაბული და შეშფოთებული იყო. გრაჩევს ხელი ჩამოართვა, დააწინაურა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება უბოძა. ამის შემდეგ სტალინს აღარ უფრენია. ჩერჩილს თავად მოუწია მოსკოვში გადაფრენა 1944 წელს აუცილებელი შეხვედრის გამო, მოკავშირე რუზველტმა კი დიდი ხანი იმგზავრა საზღვაო მარშრუტით იალტამდე 1945 წელს, რადგან მოკავშირე ძალების ლიდერებმა იცოდნენ, რომ სტალინს ფრენაში ვეღარასდროს დაარწმუნებდნენ.
1. აიათოლა რუჰოლა ხომეინი – პეპსი
გვიან 1950-იანებში რუჰოლა ხომეინი ახლო ურთიერთობაში იყო შიიტ სასულიერო პირებთან, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ირანის უმცირესობას – ბაჰაისტებს, რადგან მათი რწმენა ერესად მიაჩნდათ და თანაც ბაჰაისტებს კავშირი ჰქონდათ ისრაელის სახელმწიფოსთან. სიტუაციამ უცნაური ელფერი მიიღო, როცა აღმოაჩინეს, რომ კონტრაქტი ირანის ბაზარზე პეპსის პროდუქციის შემოტანის შესახებ ეკუთვნოდა ბაჰაისტ ბიზნესმენს ჰაბიბ საბეტს. 1957 წელს ხომეინიმ განაცხადა, რომ ყველა, ვინც პეპსის სვამს, „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიხრუკება”. ბაზარზე ამ სასმელის გაყიდვები მკვეთრად დაეცა და მისი ადგილი დაიკავა კოკა-კოლამ, რომელმაც გაითვალისწინა ეს გაკვეთილი და ბაჰაისტებთან საქმე არ დაიჭირა. 1960-იანებში გაიზარდა დასავლეთის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და პეპსიზე თავდასხმებიც გახშირდა. 1963 წელს პეპსის ბოთლების ქარხანა გაძარცვეს და შემდეგ გადაწვეს. შაჰის საიდუმლო პოლიციამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ანტიპათიის გაზრდას, როცა მამაკაც პატიმრებს პეპსის ბოთლებით აუპატიურებდნენ. პეპსიმ შური იძია 2012 წელს, როცა ირანულ ინტერნეტში გავრცელდა ჭორები, რომ პეპსი გეგმავდა მძლავრი ლაზერების გამოყენებას, რათა მათი ლოგო მთვარეზე ანთებულიყო, რაც გვახსენებს 1979 წელს გავრცელებულ ხმებს, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ხომეინის სახე მთვარის ზედაპირზე გამოისახებოდა. ათასობით ირანელი სახურავებზე აცოცდა და მთვარეს მიაშტერდა. როცა არაფერი მოხდა, შურისძიების მიზნით ზოგმა მათგანმა კოკა-კოლა იყიდა. ინტერნეტში ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელებულ სახუმარო ფოტოებში გამოირჩეოდა ერთ-ერთი, სადაც მთვარეზე გამოსახული აიათოლა ხომეინი პეპსის სმისგან იღებს სიამოვნებას.