ისტორიის მსვლელობა მილიარდობით პატარა მომენტზეა დამოკიდებული. იღბლის თუ ვიღაცის დაუფიქრებლობის გამო ჯონ უილკს ბუთის მსგავსი ადამიანი შედის თეატრში ლინკოლნის ლოჟაში და მსოფლიოს ცვლის. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მსგავსი მომენტები სხვა მიმართულებით ვითარდება? ყოველი ალექსანდრ ფლემინგის თუ ლი ჰარვი ოსვალდის საპირწონედ არსებობს ათობით სხვა, რომლებიც ისტორიის ზღრუბლზე იდგნენ, მაგრამ კარები ცხვირწინ მიუხურეს.
10. უცნობ მსახურს I მსოფლიო ომის აცილება შეეძლო
1914 წლის ივნისში სარაევოს ქუჩებში ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა I მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ჰიტლერის აღზევებას, II მსოფლიო ომსა და თანამედროვე სამყაროს ამ ფორმით ჩამოყალიბებას. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ერთ მოუხერხებელ მსახურს. 1913 წლის ნოემბერში ერცჰერცოგი ფერდინანდი დიპლომატიური ვიზიტით ესტუმრა პორტლენდის ჰერცოგს. სტუმართმოყვარეობის მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით ჰერცოგმა სახელგანთქმული სტუმარი თავის მამულში დაპატიჟა ხოხბებზე სანადიროდ. ვრცელ მინდვრებზე სეირნობისას ერთ-ერთი მსახური, რომელსაც იარაღი მიჰქონდა, წაბორძიკდა. შედეგად ხელში ჩაბღუჯული თოფი გაუვარდა და მიწაზე დაცემისას ორივე ლულიდან ერცჰერცოგის მიმართულებით მოხდა გასროლა. ამ წაბორძიკებას მსოფლიოს შეცვლა შეეძლო. ფერდინანდი რომ დაღუპულიყო ან მძიმედ დაჭრილიყო ჰერცოგის მამულში, მემკვიდრე სავარაუდოდ მისი ძმიშვილი ჩარლზი იქნებოდა, რომლის მკვლელობის მცდელობასაც სულ სხვა შედეგი ექნებოდა ან საერთოდ წარუმატებლად დასრულდებოდა. ამის სანაცვლოდ, ტყვია ფრანც ფერდინანდს რამდენიმე დუიმით აცდა. ერცჰერცოგი სამშობლოში ჯანმრთელი დაბრუნდა, 9 თვის შემდეგ კი მსოფლიო ომმა მოიცვა. უცნობი მსახური ყველას დაავიწყდა.
9. პიტერ გოდვინმა კინაღამ მოკლა იან სმიტი
1965 წელს თეთრკანიანების აღმატებულობის მქადაგებელმა იან სმიტმა უკანონოდ გამოაცხადა როდეზია (1980 წლიდან ზიმბაბვე) დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლად. მისმა ქმედებებმა გამოიწვია ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, ზიმბაბვეს წარმოშობა და რობერტ მუგაბეს აღზევება. თუმცა შეიძლებოდა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყო. ერთმა უკმაყოფილო მცველმა კინაღამ დროზე ადრე დაასრულა ომი, როცა სმიტის მოკვლა გადაწყვიტა. 1976 წელს პიტერ გოდვინი სამხედრო სამსახურს იხდიდა როდეზიას ბრიტანული სამხრეთ აფრიკის პოლიციაში და სმიტის მცველად გაანაწილეს. ომის გაჭიანურებითა და სამხედრო სამსახურში გაწვევით გაღიზიანებული გოდვინი მიხვდა, რომ ადვილად შეეძლო სმიტის მოკვლა. მას ვაზნებით სავსე იარაღი ჰქონდა და სამხედრო წვრთნაც უკვე გაევლო. სმიტი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა. მოგვიანებით ამ მომენტის აღწერისას გოდვინი წერდა, რომ ხელი რევოლვერის ბუდეში ჩაიყო და ამ დროს დაინახა, რომ სმიტი თვალებში უყურებდა. ის თითქოს თხოვდა გოდვინს, მიეცა საშუალება, რომ ამ გამანადგურებელი ომისგან უფრო ღირსეულად დაეღწია თავი. სმიტის პირადმა მცველმა გადაწყვიტა, ოთახში დაბრუნებულიყო. ომი კიდევ მომდევნო 4 წელი გაჭიანურდა და საბოლოოდ პარტიზანმა რობერტ მუგაბემ მოახერხა თავისი ძალის განმტკიცება უფრო მშვიდობიანი ზიმბაბველების ხარჯზე. გოდვინს რომ სასხლეტისთვის ხელი გამოეკრა, შესაძლოა დღეს არც არაფერი გვცოდნოდა აფრიკის უსასტიკესი დიქტატორის შესახებ.
8. თომას ვეჯვუდმა თითქმის გამოიგონა ფოტოგრაფია
1826 წელს ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსმა ბიტუმით დაფარული ფირფიტა კამერა-ობსკურაში მოათავსა და სინათლის ზემოქმედების ქვეშ მოაქცია. ამის შედეგი გახლდათ მსოფლიოში პირველი ფოტოსურათი. ეს იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდა, რომ მალევე განვითარდა კომერციული ფოტოგრაფია. იშვა სურათების ეპოქა. მაგრამ ნიეპსისთვის შეიძლებოდა სხვას ეჯობნა და მსოფლიოს შემცვლელი გამოგონების ავტორი არ ყოფილიყო. ბედის უკუღმართობა რომ არა, თომას ვეჯვუდი 20 წლით ადრე გააცნობდა სამყაროს ფოტოგრაფიას. მრეწველისა და ცნობილი აბოლიციონისტის ვაჟი მთელ დღეებს ახალ გამოგონებებზე მუშაობასა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაში ატარებდა, როგორებიც იყვნენ სემუელ კოლრიჯი და უილიამ ვორდსვორტი. მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის ის უკვე მიხვდა, რომ სინათლის ქიმიური თვისებები შეიძლება გამოვიყენოთ გამოსახულების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონირებადი კამერის შექმნის პირველი მცდელობები მარცხით დასრულდა, მისი შრომა პროგრესს განიცდიდა, რაც სამეფო ინსტიტუტიდანაც შენიშნეს. შეიძლებოდა ეს ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინებულიყო, რომ არა თომასის სუსტი ჯანმრთელობა. ცხოვრების დიდი ნაწილი ქრონიკული ავადმყოფი გახლდათ და 1805 წელს გარდაიცვალა 34 წლის ასაკში. კიდევ რამდენიმე წელი რომ ეცოცხლა, ფოტოგრაფიული რევოლუცია შეიძლება მთელი ერთი თაობით ადრე მომხდარიყო. გარდა კულტურული პეიზაჟების შეცვლისა, შესაძლოა ფოტოებზე აღბეჭდილიყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა სემუელ კოლრიჯი და ნაპოლეონის ომები.
7. სტივენ გოლდნერმა ლამის ბოლო მოუღო დაკონსერვებული საკვების ინდუსტრიას
როგორც გინდა ჩანდეს ერთი შეხედვით, საკვების დაკონსერვებამ მსოფლიო შეცვალა. ამის წყალობით მკვლევარებმა მიაღწიეს შორეულ ტერიტორიებს, როგორიცაა ანტარქტიდა, ლაშქრობაში წასული ჯარისკაცები საკვების ნაკლებობას არ განიცდიდნენ, გამორჩეულად ღარიბ ფენებში კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაკონსერვებული საკვების გარეშე მსოფლიო იქნებოდა უფრო პატარა, უფერული და მანკიერებისკენ მიდრეკილი. სწორედ ასეთ სამყაროში შეიძლებოდა გვეცხოვრა ძუნწი და გაიძვერა სტივენ გოლდნერის წყალობით, რომლის გამოც დაკონსერვებული საკვები ლამის კანონგარეშედ გამოცხადდა, როგორც ჯანმრთელობისთვის სარისკო რამ. 1845 წელს კონსერვებს ძირითადად ბრიტანეთის საზღვაო არმია იყენებდა მეზღვაურთა დასაპურებლად. მილიონობით კონსერვით მომარაგებისთვის კონტრაქტი გაუფორმეს სტივენ გოლდნერს, რომელმაც სარგებლის გაზრდა გადაწყვიტა. ის იყენებდა იაფფასიან ხორცს, ქარხანა თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე გახსნა და ყველაფერში ეკონომიას აკეთებდა. სამწუხაროდ ამაში შედიოდა საკვების მომზადების დროც. 1852 წლისთვის ქარხანაში ხარისხის კონტროლი იმდენად დაბალ დონეზე იყო, რომ კონსერვების უმეტესობა შეიცავდა დაუმუშავებელ, გახრწნილ ძაღლის ხორცს. საზღვაო არმია იძულებული გახდა, გადაეყარა 300 000 კგ პროდუქტი, რამაც ხალხის კონსერვებისადმი ნდობას დიდი ბზარი გაუჩინა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში ხალხი ერიდებოდა დაკონსერვებულ საჭმელს და ცოტა დააკლდა, რომ საერთოდ აკრძალულიყო.
6. მარკ როსინის 11 სექტემბრის ტერაქტის შეჩერება შეეძლო
მარკ როსინის გმირად უნდა ვიცნობდეთ. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (ფსბ/FBI) ყოფილმა აგენტმა 90-იანების მიწურული და 2000-იანების დასაწყისი ტერორისტების დევნაში გაატარა. თანაც საუბარი არ არის წვრილმან ჯიჰადისტებზე. ერთხელ, როსინის თქმით, ცოტა დააკლდა, რომ 9/11 აერიდებინა. 2001 წლის ივლისში აშშ-ის საზღვარი გადმოკვეთეს ხალიდ ალ-მიდჰარმა და ნავაფ ალ-ჰაზმიმ. ფსბ-ში იცოდნენ, რომ ორივე მათგანს კავშირი ჰქონდა რადიკალურ ისლამთან და მხარს უჭერდნენ ტერორიზმს. ამ დროს როსინი მიამაგრეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს/CIA) „ალეკის სადგურს” – რაც ბინ ლადენსა და მის მოკავშირეებზე მოთვალთვალე აგენტების კოდური სახელი იყო. როცა როსინიმ ალ-მიდჰარსა და ალ-ჰაზმზე შეიტყო, მან და ცსს-ში მომუშავე მისმა კოლეგამ დაგ მილერმა გადაწყვიტეს, ფსბ-სთვის შეეტყობინებინათ. მათ შეადგინეს მოხსენების ესკიზი თავიანთი ხელმძღვანელებისთვის, მაგრამ ცსს-მ გაგზავნაზე უარი განუცხადა. რამდენიმე თვის შემდეგ ალ-მიდჰარი გაუჩინარდა. მალევე მან მსოფლიო სავაჭრო ცენტრს თვითმფრინავი დააჯახა. როსინისა და მილერს მოხსენების გაგზავნა რომ მოესწროთ, შესაძლოა 3000 ადამიანი სიკვდილისგან ეხსნათ. ეჭვმიტანილებზე თვალყურის ნაცვლად სააგენტოს შესაძლოა, ისინი დაეკავებინა. სამწუხაროდ ამ დროს ცსს კონკურენტებთან ღია ომში იყო და ინფორმაციას ერთმანეთს არ უცვლიდნენ, კომუნიკაციაც შეწყვიტეს. ხელმძღვანელობის განაწყენების შიშით როსინიმ ინფორმაცია აღარ გაავრცელა და გმირად გახდომის შანსიც დაკარგა.
5. ალექსანდრ ბეინმა თითქმის შექმნა ფაქსის აპარატი (1843 წელს)
ფაქსის მანქანა ტექნოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, ვიდრე ელექტრონულმა ფოსტამ აზრი არ დაუკარგა მას. მისი კომერციული ისტორია იწყება 1863 წელს, როცა ჯოვანი კაზელიმ ლიონსა და პარიზს შორის კავშირი დაამყარა. თუმცა ისტორია ამით არ დაწყებულა. შოტლანდიელ მექანიკოსს ალექსანდრ ბეინს ფაქსის მანქანის მუშა პროტოტიპი ჰქონდა ჯერ კიდევ 1843 წელს. უკეთ აღსაქმელად გაითვალისწინეთ, რომ ეს წინ უსწრებს ტელეგრაფით პირველი შეტყობინების გაგზავნას. კიდევ უფრო ნათელი პერსპექტივისთვის გაიხსენეთ, რომ წინ უსწრებს ველოსიპედს, შიდაწვის ძრავასა და ირლანდიის დიდ შიმშილობას. ბეინს რომ მოესწრო გამოგონების პოპულარიზაცია, კომუნიკაცია ბევრად სწრაფი ტემპით წაიწევდა წინ. წარმოიდგინეთ, როგორ იღებდა ედგარ ალან პო (გარდაიცვალა 1849 წელს) პერიოდულად ფაქსს. თუმცა ბეინი პროტოტიპის ეტაპს ვერ გაცდა. მისი ფაქსის მანქანა მუშაობდა, მაგრამ ავტორი უარს აცხადებდა ვინმესთვის ჩვენებაზე. მხოლოდ 1851 წელს მოახდინა ფრედერიკ ბეიკველმა პირველი მუშა ფაქსის მანქანის დემონსტრაცია, შემდეგი 12 წლის განმავლობაში კი ჯოვანი კაზელი ცდილობდა ხალხის დარწმუნებას, რომ ეს აპარატი გამოეყენებინათ.
4. ვაიოლეტ გიბსონს მუსოლინის მოკვლის შანსი ჰქონდა
მუსოლინის ფაშისტური მთავრობა პასუხისმგებელი იყო დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სიკვდილზე, მისი გერმანიისადმი მხარდაჭერამ კი ხელი შეუწყო ჰიტლერის გენოციდური რასიზმის დაკანონებას. თუმცა ამ ხოცვა-ჟლეტისა და ტანჯვის აცილება შეიძლებოდა 1926 წელს, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ვაიოლეტ გიბსონმა ესროლა მუსოლინის და კინაღამ მოკლა კიდეც. 50 წლის მდიდარი საზოგადოების წევრი ირლანდიელი ქალი შეპყრობილი გახლდათ პარანოიდული რელიგიური დელუზიებით. ის I მსოფლიო ომის შემდეგ რომში ჩავიდა, რათა მონასტერში ეცხოვრა. დროის უმეტეს ნაწილს ხერხების დამზადებასა და აბრაამის მიერ ისააკის შეწირვის ამბის კითხვას უთმობდა, ზოგჯერ კი ხელში ჩაბღუჯული დანით დასეირნობდა. ვაიოლეტი ორჯერ მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა საზოგადოებისთვის საშიშად არ ჩათვალეს. ერთ დღეს კი იარაღი აიღო და რომის ქუჩებში ხეტიალი დაიწყო. მალე შეამჩნია მუსოლინი, რომელიც საავადმყოფოს გახსნას ესწრებოდა. ვაიოლეტმა თავში დაუმიზნა და გაისროლა. ერთი წამით ადრე მუსოლინი შემობრუნდა და მოკვლის სანაცვლოდ ტყვიამ მხოლოდ ცხვირი დაუზიანა. მეორედ სროლას რომ შეეცადა, იარაღი გაიჭედა, ხოლო მესამე შანსი აღარ მიეცა, რადგან ხალხი თავს დაესხა და კინაღამ ჩაქოლეს. ბედიის ირონიით, ქალი მუსოლინის ფაშისტურმა პოლიციამ იხსნა. მათ ამბოხებული დააკავეს და ინგლისში დააბრუნეს, სადაც შეშლილად გამოაცხადეს და საავადმყოფოში იძულებით მოათავსეს. მუსოლინის ამ ყველაფრის შედეგად მხოლოდ ცხვირი გაეკაწრა.
3. ჯეკ პაარმა თითქმის დაარწმუნა ედ სალივანი, უარი ეთქვა ბიტლზზე
მთვარეზე ადამიანის დაჯდომის შემდეგ ბიტლზი მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო მოვლენა გახლდათ. ედ სალივანის შოუში (CBS-ზე) მოხვედრის შემდეგ მათ უბრალოდ მუსიკა კი არ შეცვალეს, არამედ ამერიკული პოპ-კულტურის შემდგომი ათწლეულები განსაზღვრეს. მაგრამ ბიტლზის პროექტი კინაღამ არ განხორციელდა. ჯეკ პაარის წყალობით ამერიკამ ლამის გამოტოვა უდიდესი მუსიკალური მომენტი სატელევიზიო ისტორიაში. 1963 წლის მიწურულს ბიტლზის ჩანაწერები უკვე იყიდებოდა რამდენიმე შტატში. ედ სალივანი ავრცელებდა ხმას, რომ ხალხს თებერვალში გააცნობდა ბრიტანულ ჯგუფს და ინდუსტრიაში მღელვარება იყო მოსალოდნელი. სალივანის კონკურენტმა NBC-ზე, ჯეკ პაარმა გადაწყვიტა, მისთვის ხელი შეეშალა. BBC-ისთან დაკონტაქტების შემდეგ მან მოიპოვა უფლებები ბიტლზის ზოგიერთ საკონცერტო ჩანაწერზე, რომლებიც თავის შოუში აჩვენა 1964 წლის 3 იანვარს. მარცხისგან გამწარებული სალივანი დაუკავშირდა თავის კოორდინატორს, რომელიც ევროპელი ტალანტების აღმოჩენაში ეხმარებოდა და ბიტლზთან კავშირის გაუქმება მოთხოვა. თუმცა სულ რაღაც ორი დღის შემდეგ თავის შეცდომას მიხვდა და გამოასწორა, შემდეგ კი ყველაზე ცნობილი შოუსთვის დაიწყო მზადება. სიტუაცია რომ სხვაგვარად განვითარებულიყო, პოპ-კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა არასდროს განხორციელდებოდა.
2. ნორმან მორისონს ცოტა დააკლდა ვების შექმნამდე (1983 წელს)
წარმოიდგინეთ, რომ სახლში ხართ და ეკრანთან ზიხართ. ათვალიერებთ „ნიუ-იორკ თაიმსის” პირველ გვერდს, თან სამზარეულოსთვის ელექტრომოწყობილობებს ყიდულობთ და მეგობრებს გზავნილებზე პასუხობთ. მოგვიანებით საბანკო ანგარიშს ამოწმებთ და თვითმფრინავის ბილეთებს ჯავშნით. ეს ყველაფერი შეიძლებოდა ჯერ კიდევ 1983 წელს განხორციელებულიყო. ამ წლის 30 ოქტომბერს კომპანია „Knight Ridder”-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნორმან მორისონმა ხელშეკრულება გააფორმა „AT&T”-სთან, რათა მაიამიში გამოეშვათ ვიდეოტექსტის სერვისი სახელად „ვიუტრონი” (Viewtron). ღირებულება თვეში 12 დოლარს შეადგენდა, დამატებული 1 დოლარი ონლაინში გატარებული ყოველი საათისთვის. ვიუტრონის დანიშნულება სამომხმარებლო ბაზრის რევოლუცია იყო. მომხმარებლები ონლაინ-რეჟიმში გაეცნობოდნენ სიახლეებს მანამ, სანამ გაზეთებში დაიბეჭდებოდა, მეგობრებს შეტყობინებებს გაუგზავნიდნენ და რაღაცებს შეიძენდნენ კიდეც. ეს იყო ინტერნეტის მსოფლიო ქსელი „Geocities”-ის გაშვებამდე, თუმცა შეზღუდული მხოლოდ ფლორიდაში მცხოვრებთათვის. სამწუხაროდ, ფლორიდელები ინტერნეტისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები წინასწარმეტყველებდნენ სახლის საინფორმაციო ტექნოლოგიის წარმატებას და 1995 წლისთვის მულტიმილიარდიან მრეწველობად ქცევას, ვიუტრონმა ძლივს მოახერხა 2700 გამომწერის მოგროვება. უარესი ისაა, რომ მისი დახურვა 50 მილიონი დოლარი დაჯდა. „Knight Ridder”-მა 1986 წელს ვიუტრონი გააუქმა, ნორმან მორისონი კი მალე ყველას მიავიწყდა.
1. ვალენტინ სავიცკიმ კინაღამ ყველანი დაგვხოცა
1962 წლის 27 ოქტომბერს ვალენტინ სავიცკიმ გააკეთა ის, რასაც ისტორიაში ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნის: მან კინაღამ მთელი მსოფლიო გაანადგურა. ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ეს თარიღი კუბის სარაკეტო კრიზისითაა ცნობილი. ერთმა ამერიკულმა თვითმფრინავმა საბჭოთა საჰაერო სივრცე დაარღვია, ცოტა ხნით ადრე კი მეორე ჩამოაგდეს კუბაში. შუაგულ ოკეანეში ამერიკულმა გემმა „USS Beale”-მა სიღრმული ბომბები დაუშინა რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ნავს, რათა ზედაპირზე ამოეყვანა. პატარა საკონტროლო ოთახში კაპიტანი ვალენტინ სავიცკი გარემომცველი სამყაროსგან მოწყვეტილი გახლდათ. ის ხედავდა, როგორ ფეთქდებოდა სიღრმული ბომბები და თავს იყრიდნენ ავიამზიდები, შესაბამისად დაასკვნა, რომ III მსოფლიო ომი დაიწყო. მან გააკეთა ის, რასაც მის ადგილას ალბათ ნებისმიერი ხელმძღვანელი ოფიცერი იზამდა – ბირთვული ნაღმის გაშვება ბრძანა. აფეთქების შედეგად „USS Beale”-ზე ყველა დაიხოცებოდა, თანაც აუცილებლად მოყვებოდა საპასუხო დარტყმა. სავარაუდოდ ატომური ბომბების წვიმა წამოვიდოდა ბრიტანეთში, ევროპის რიგ ქვეყნებში, ჩინეთსა და რუსეთში. თვითმფრინავები ამერიკის დასაბომბად დაირაზმებოდნენ და ზოგიერთი მიაღწევდა კიდეც მიზანს. ქალაქები კვამლში გაეხვეოდა და მილიონობით ადამიანი დაიხოცებოდა. ბირთვული ზამთარი მთელი დედამიწის პარალიზებას მოახდენდა. კვამლისა და მტვრის გაფანტვის შემდეგ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებოდა. საბედნიეროდ, სავიცკის ჰყავდა სანდო თანამეთაური, ვასილ არხიპოვი, რომელმაც იერიში გადააფიქრებინა. სანაცვლოდ ზედაპირისკენ გაეშურნენ და ნახეს, რომ III მსოფლიო ომი არ დაწყებულა და გეზი რუსეთისკენ აიღეს. სხვაგვარად რომ მომხდარიყო, თქვენ არ იარსებებდით.