
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების წყალობით ასტრონომებმა შეადგინეს სამყაროს ყველაზე მრავალფეროვანი და საოცრად ფერადი ფოტო. სურათს, რომელსაც „ჰაბლის ულტრაღრმა ველი 2014″ უწოდეს, ჰაბლის მიერ 10 წლის განმავლობაში (2003-2013) გადაღებული ფოტოებით აიწყო.
ისეთი მძლავრი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა ჰაბლის ტელესკოპი, მეცნიერებმა წლების განმავლობაში ბევრი რამ გაიგეს ვარსკვლავების ფორმირებაზე, თუმცა რაღაც მაინც აკლდათ. ახლომდებარე გალაქტიკებიდან ინფორმაციას ისინი იღებდნენ ისეთი დაწესებულებებიდან, როგორიცაა ნასას გალაქტიკების ევოლუციის საკვლევი ობსერვატორია, ხოლო ყველაზე შორეულ გალაქტიკებს ჰაბლის ინფრაწითელი და ხილული სინათლის სპექტრებით აკვირდებოდნენ. გამომდინარე იმ უზარმაზარი დროიდან, რომელიც სინათლეს შორეული გალაქტიკებიდან ჩვენამდე არსებული მანძილის დასაფარად სჭირდება, ამ ობიექტებს რეალურად ვხედავთ ისეთებს, როგორებიც იყვნენ ადრეულ, პრიმიტიულ ეტაპზე.
მაგრამ რას ვიტყვით მათ შორის არსებულ პერიოდზე? ეს ინფორმაცია აუცილებელია ვარსკვლავების ფორმირების გასაგებად, მაგრამ მეცნიერებს მონაცემები აკლდათ. უფრო კონკრეტულად, დედამიწიდან 5-10 მილიარდი სინათლის წლებს შორის რეგიონში ერთგვარი ინფორმაციული შავი ყუთი იყო, არადა სწორედ ამ დროს (5-10 მილიარდი წლის წინ) წარმოიშვა ვარსკვლავების უმეტესობა.
კოსმოსის ქრონიკაში ეს ინფორმაციული ნაპრალი იმის გამო წარმოიქმნა, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ცხელი და მასიური ვარსკვლავები გამოყოფენ ულტრაიისფერ სინათლეს, ჰაბლი კი მონაცემებს მხოლოდ ინფრაწითელი და ხილული სინათლის ფარგლებში აგროვებდა. სიცარიელის ამოსავსებად ჰაბლის მესამე ფართოკუთხოვანი კამერიდან შეკრიბეს ულტრაიისფერ სპექტრში არსებული მონაცემები და ულტრაღრმა ველს დაუმატეს.
„ულტრაიისფერ სინათლეზე ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში ულტრაღრმა ველის გალაქტიკების შესწავლა იგივე იყო, ოჯახის ისტორიის გარკვევა გეცადათ სკოლის ასაკის ბავშვების გაცნობის გარეშე”, ამბობს ჰარი ტეპლიცი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი.
ამ ტალღების დამატებით მეცნიერებს საშუალება მიეცათ, დაედგინათ, რომელ გალაქტიკებში ყალიბდებოდნენ ვარსკვლავები და კონკრეტულად სად ხდებოდა ეს მოვლენები პრიმიტიულ გალაქტიკებში. მონაცემები შეიძლება განზოგადდეს სხვა გალაქტიკებზე, მათ შორის ირმის ნახტომზეც, რათა დადგინდეს, როგორ გარდაიქმნებოდნენ ვარსკვლავების პატარა დაჯგუფებები ასეთ მასიურ და კომპლექსურ სისტემებად, როგორებიც ახლა არიან.
შთამბეჭდავ ფოტოზე აღბეჭდილია დაახლოებით 10 000 გალაქტიკა და დიდი აფეთქების შემდგომ რამდენიმე ასეული მილიონი წლის პერიოდამდე ვრცელდება.