2 წელში დიდ ბრიტანეთში შეიძლება 3 მშობლიანი ბავშვები დაიბადონ


მიტოქონდრია პასუხისმგებელია სხეულის ენერგიის 90%-ის წარმოქმნაზე და განკარგავს მრავალ სხვადასხვა უჯრედულ პროცესებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მიტოქონდრიულ დეფექტებს შეიძლება გამანადგურებელი შედეგები ჰქონდეს. ამ მომენტში მიტოქონდრიული დაავადებისგან განკურნება ვერ ხერხდება და ის ყოველ მე-6000 ადამიანს ემართება. მიტოქონდრიულ დნმ-ში არსებული დეფექტები შვილს მხოლოდ დედისგან გადაეცემა.

დეფექტური გენების გადაცემის შესაჩერებლად ახალი ტექნოლოგია იყენებს დედის ბირთვის დნმ-სა და დონორის მიტოქონდრიულ დნმ-ს, რის შედეგადაც იქმნება ერთი ჯანმრთელი კვერცხუჯრედი. წარმატების შემთხვევაში ამ გზით გაჩენილ ბავშვს ეყოლება სამი ბიოლოგიური მშობელი. გამომდინარე იქიდან, რომ სერიოზული იურიდიული სახის დაბრკოლებები ფაქტიურად არ არსებობს, ტექნოლოგია 2 წელში იქნება მზად, აღნიშნულია ადამიანის ფერტილიზაციისა და ემბრიოლოგიის მართვის ორგანოს (HFEA, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა მოხსენებაში. ამ ტექნოლოგიის განხილვა HFEA-ს მიერ უკვე მესამედ ხდება.

არსებობს ორი მეთოდი, რომლითაც ინ-ვიტრო განაყოფიერება სამი მშობლის მონაწილეობით ხდება:

ემბრიონის მეთოდი: პირველი ტექნოლოგია მოიცავს ორი კვერცხუჯრედის – ერთი დედის, მეორე მდედრი დონორის – განაყოფიერებას მამის სპერმით ინ-ვიტრო ფერტილიზაციის მეშვეობით. პრონუკლეუსი, რომელიც შეიცავს მამრისა და მდედრის ბირთვულ დნმ-ს, ორივე ემბრიონს შორდება. დონორის კვერცხუჯრედისგან ამოღებული პრონუკლეუსი ნადგურდება, ხოლო მომავალი დედისა და მამის პრონუკლეუსი თავსდება დონორის ემბრიონში.

კვერცხუჯრედის მეთოდი: მეორე ტექნოლოგია მოითხოვს დედისა და დონორის გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედებს, რომლებსაც ბირთვს აცლიან. დონორის ბირთვი ნადგურდება, დედის ბირთვს კი ათავსებენ დონორის კვერცხუჯრედში. სრული კვერცხუჯრედი უკვე მზადაა განაყოფიერდეს მამისგან ინ-ვიტრო მეთოდით.

HFEA-ს განცხადებით, შეუძლებელია ამ ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე საუბარი მანამ, სანამ ადამიანებზე არ გამოიცდება. სავარაუდოდ ორი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველა საჭირო ექსპერიმენტი ჩატარდეს, რის შემდეგაც დასკვნის გაკეთება გახდება შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია საფრთხეს შეიცავს, უბრალოდ საჭიროა სათანადოდ გამოკვლევა. თუმცა 2009 წელს უკვე გამოსცადეს მაკაკებზე და ოთხივე პირმშო (ყველა მათგანი მამრია) დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია, წესრიგში აქვთ მიტოქონდრიული ფუნქციები.

გარდა უსაფრთხოებისა, არსებობს ეთიკური საკითხებიც. ზოგის აზრით, თუკი ამ ტიპის ინ-ვიტრო განაყოფიერება დაიშვება, ეს იქნება გზის გაკვალვა მომავალი გენეტიკური მოდიფიკაციებისთვის, რაც შედეგად მოიტანს ადამიანების დისკრიმინაციას და აღმოვჩნდებით გატაკას (GATTACA) სტილის ევგენიკურ სამყაროში. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს სიახლე არ ეხება ბავშვების გონებრივ, ფიზიკურ თუ გარეგნობის გაუმჯობესებას. მისი დანიშნულება მხოლოდ იმ სპეციფიკური მემკვიდრეობის აცილებაა, რომელიც საშინელ დაავადებას იწვევს, ხოლო დანარჩენი გენები ბავშვს მშობლებისგან უცვლელად გადაეცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნობიან მოხსენებას და ახლო მომავალში გადაწყვეტენ, გააუქმონ თუ არა მიმდინარე აკრძალვითი რეგულირებები და ექსპერიმენტების დაწყების ნებართვა გასცენ. მთავრობის წევრები ტექნოლოგიის პოტენციალზე დადებითად საუბრობენ, მათი თქმით, მთავარია ყველაფერი უსაფრთხოდ გაკეთდეს.

განაყოფიერების ამ მეთოდს განიხილავს აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციაც (FDA). თებერვალში მათ საჯარო შეხვედრა გამართეს, რათა ექსპერტებისგან ფაქტები შეეგროვებინათ და მოსახლეობის მოსაზრებებს გაცნობოდნენ. მათ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ბევრი თვლის, რომ ისინიც იდეის სასარგებლოდ იმოქმედებენ.

iflscience.com

3 thoughts on “2 წელში დიდ ბრიტანეთში შეიძლება 3 მშობლიანი ბავშვები დაიბადონ

  1. მიტოქონდრიას და ქლოროპლასტსაც აქვს თავისი დნმ. მაგრამ. როგორ შეთანხმდებიან მერე ადამიანის ორგანიზმში? O.o ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელს უნდა დაველაპარაკო . მაინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს მიტოქონდრიის დნმს. რას აკონტროლებს და რა მემკვიდრული ღირებულება აქვს მომავალი თაობისთვის, ან რაღაც მაგდაგვარი.

    Like

    1. მიტოქონდრია არის უჯრედში ბირთვის გარეთ და საკვებს გარდაქმნის ენერგიად, რომელსაც მერე უჯრედები მოიხმარენ სხვადასხვა საჭიროებისთვის. თავისი დნმ აქვს (უჯრედის დნმ-ის 0.1%) მაგრამ მონაწილეობას არ იღებს გარეგნობის და პიროვნების ჩამოყალიბებაში. ანუ ბირთვის და მიტოქონდრიის დნმ-ებს სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. მე ასე გავიგე, რომ ორივე თავისთვისაა და კონფლიქტი არ ექნებათ :დ რაც ადამიანს უნიკალურს ხდის, ბირთვიდან ეძლევა და უჯრედის ფუნქციონირებისთვის რაცაა საჭირო, მიტოქონდრიიდან

      Like

      1. აჰა გასაგებია, ეგ მაინტერესებდა პიროვნების გენოფონდზე რა გავლენა იქნებოდა მიტოქონდრიული დნმის დონორს. ისე იცი, ამბობენ,რომ თავიდან ქლოროპლასტი და მიტოქონდრია უჯრედში შესახლდნენ და სიმბიოტურად გააგრძელეს თანაცხოვრება სხვა ორგანოიდებთან ერთად. ნუ, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ არც მთლად “ციურის” ჭორს გავს :დ

        Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s