ფერმილაბის ექსპერიმენტი არ ადასტურებს, რომ სამყარო ჰოლოგრამაა


ფერმილაბის ექსპერიმენტმა, რომელიც მიზნად ისახავდა, გამოეკვლია მინიშნებები იმის შესახებ, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში ჰოლოგრამაა, ვერ მიაკვლია რაიმე სახის მტკიცებულებას ამ მოსაზრების სასარგებლოდ.

საექსპერიმენტო მოწყობილობას ჰოლომეტრი („ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრი”) ეწოდება, იდეის ავტორია ფერმილაბის ფიზიკოსი კრეიგ ჰოგანი. ჰოლომეტრის იდეა მას 2009 წელს მოუვიდა, რათა ე.წ. ჰოლოგრაფიული პრინციპი გამოცდილიყო.

1970-იან წლებში ფიზიკოსმა იაკობ ბეკენშტეინმა აჩვენა, რომ შავი ხვრელის შიდა ნაწილის შესახებ არსებული ინფორმაცია დაშიფრულია მის ორგანზომილებიან ზედაპირზე („საზღვარზე”) და არა სამგანზომილებიან მოცულობაში. 20 წლის შემდეგ ლეონარდ სასკინდმა და გერარდ ჰუფტმა ეს აღმოჩენა მთელ სამყაროს მიუსადაგეს და ჰოლოგრამად წარმოადგინეს: ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო მთელი თავისი დიდებულებით სათავეს იღებს ორგანზომილებიანი „საწყისი კოდიდან”. ნიუ-იორკ თაიმსის რეპორტიორმა დენის ოვერბაიმ ჰოლოგრაფიული კონცეფცია შეადარა წვნიანის კონსერვს. სამყაროს მთელი „მასალა”, მათ შორის ადამიანები, წარმოადგენენ კონსერვში არსებულ სუპს, მაგრამ შიგთავსის აღმწერი ინფორმაცია ქილის გარე მხარესაა დატანილი.

სასკინდი თავიდან მხოლოდ მეტაფორულად ადარებდა სამყაროს ჰოლოგრამას, თუმცა შემდეგ მათემატიკური გამოთვლები ჩაატარა და დაასკვნა, რომ პირდაპირი გაგებითაც მართებული იყო: სამგანზომილებიანი სამყარო არის საზღვრზე არსებული ორგანზომილებიანი ინფორმაციის ჰოლოგრამა.

მას შემდეგ ჰოლოგრაფიული პრინციპი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იდეა გახდა თეორიულ ფიზიკაში, თუმცა ბევრი თვლის, რომ მისი მეცნიერულად გამოცდა ვერ მოხერხდება (ძირითადი მეთოდი გულისხმობს შავი ხვრელების ახლოდან გამოკვლევას, რაც საშიში პერსპექტივაა, თუნდაც საამისო ტექნოლოგია გაგვაჩნდეს). ჰოგანმა გადაწყვიტა, მაინც ეცადა. ჰოლომეტრი ეძებს განსაკუთრებული სახის ჰოლოგრაფიულ ხმაურს – დრო-სივრცეში არსებულ კვანტურ რხევებს – ნოტიო მიწისქვეშა გვირაბში მდებარე ლაზერებისა და სარკეების ჯგუფით.

ჰოლომეტრი იყენებს ერთმანეთთან ახლომდებარე ლაზერული ინტერფერომეტრების წყვილს, თითოეული მათგანი გზავნის 1 კილოვატიან სინათლის სხივს სხივის გამყოფისა და ორი 40 მეტრიანი პერპენდიკულარული მკლავის მეშვეობით. სინათლე შემდეგ უკან ირეკლება სხივის გამყოფზე, სადაც ორი სხივი ისევ ერთიანდება.

თუკი ადგილი არ ექნება გადახრას, გაერთიანებული სხივი თავდაპირველი სხივის ანალოგიური იქნება. ხოლო თუ სინათლეში შემჩნეული იქნება ფლუქტუაციები, მეცნიერები გამოიკვლევენ მას იმის დასადგენად, გამყოფი მოძრაობს თუ არა გარკვეული მიმართულებით, მიყვება თუ არა სივრცის რხევას.

მსგავსი აღმოჩენის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან ბევრი სხვა რამ შეიძლება აერიოთ ამ სიგნალში, მათ შორის ქარი და საგზაო მოძრაობის ხმაური. არც ისე იმედისმომცემი იყო პირველადი შედეგები, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა და დაახლოებით ერთსაათიან მონაცემებს ეყრდნობოდა. ასე რომ ალბათ გასაკვირი არაა, საბოლოო ანალიზიც წარუმატებელი რომ გამოდგა.

2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპერიმენტი თავიდანვე კამათის საგანი გახდა, ჰოლოგრაფიული პრინციპის გამომგონებლებიც კი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. საბინ ჰოსენფელდერმა, ნორდიტას (თეორიული ფიზიკის სკანდინავიური ინსტიტუტი) ფიზიკოსმა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა, ტვიტერზე დაპოსტა: „ჰოლომეტრის შედეგები გამოქვეყნდა: ისევ არაფერი. გასაკვირი არცაა, რადგან იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს, სისულელეა”.

თუმცა ჰოგანი მაინც ოპტიმისტად რჩება. ასეთი შედეგებიც ერთგვარი წინსვლაა და მისი მეშვეობით გამოირიცხა მხოლოდ სპეციფიკური თეორიული მოდელი. „ეს მხოლოდ ამბის დასაწყისია. შევიმუშავეთ დროისა და სივრცის გამოკვლევის ახალი მეთოდი, რომელიც მანამდე არ გვქონდა. ისიც კი არ გვეგონა, რომ ასეთ სენსიტიურ ექსპერიმენტს განვახორციელებდით”, განაცხადა მან.

Gizmodo

3 thoughts on “ფერმილაბის ექსპერიმენტი არ ადასტურებს, რომ სამყარო ჰოლოგრამაა

  1. ლაშა

    ჰოლოგრამა რომ იყოს სამყარო ესეიგი ვიღაცამ შექმნა და ეს ვიღაცა ღმერთია რადგან ჰოლოგრამა კომპიუტერში იქმნება ვიღაცის მიერ

    Like

    1. ეს ქრისტიანული ღმერთის არსებობის წინააღმდეგ სულაც არ მუშაობს, ეს პირდაპირ ურტყავს ინდუისტურ და ბუდისტურ წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ თითქოს მატერიალური სამყარო ილუზია არის. პირიქით ეს აღმოჩენა ქრისტიანობის სასარგებლოდ მუშაობს. ვინაიდან ქრისტიანული კონცეფციის მიხედვით სამყარო რეალობაა და არა უბრალოდ ჩვენი ილუზიები. ღმერთს კი ქრისტიანობა დროის, სივრცის და სამყაროს მიღმა ხედავს.

      ***

      ფაქტობრივად ნეტარი ავგუსტინე და ჰოუკინგი ერთი და იმავეზე საუბრობენ, მხოლოდ ჰოუკინგს რატომღაც ღმერთი არ აწყობს:

      “თვით ეს დრო სწორედ შენ შეჰქმენი და, რა თქმა უნდა, ვერავითარი დრო ვერ გავიდოდა, ვიდრე შენ არ შეჰქმნიდი მას, ხოლო თუ ცასა და მიწაზე უწინარეს საერთოდ არ იყო დრო, რაღას ვკითხულობთ, რა იყო “მაშინ”? როცა არ იყო დრო, არ იყო არც “მაშინ”.

      – ნეტარი ავგუსტინე (მეოთხე საუკუნე)

      როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.

      – სტივენ ჰოუკინგი (ოცდამეერთე საუკუნე)

      P.S.

      “რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.”

      – ძველი აღთქმა. ეკლესიასტე. თავი 1

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s