მებრძოლი ქალები, რომლებმაც II მსოფლიო ომში თავი გამოიჩინეს

Women_Pilots
II მსოფლიო ომის მონაწილე ქალები შეუდრეკელი მეომრები იყვნენ.

თანამებრძოლი მამაკაცების მსგავსად მოკავშირე ქვეყნებში მცხოვრები ქალებიც ცდილობდნენ წვლილის შეტანას მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. უმეტესწილად ზემდგომი მამაკაცების დამოკიდებულება იყო „ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რა მოგიხერხოთ”. ქალების პასუხი კი „ძალიან ცუდი. სულერთია, მაინც გავაკეთებთ. კარგი, მადლობა, ნახვამდის!”

ქვემოთ წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე მათგანი – ზოგი სახელგანთქმული, ზოგიც უცნობი, თუმცა ყველა საოცრად მამაცი.


 
Virginia Hall
1. ვირჯინია ჰოლი: მოკავშირე ჯაშუში

„მოკავშირე ქვეყნების ჯაშუშებიდან ის ყველაზე საშიშია. უნდა ვიპოვოთ და გავანადგუროთ” – ეს ფრაზა რეალურად იქნა გამოყენებული გესტაპოს მიერ ვირჯინია ჰოლთან, ვიშის რეჟიმის საფრანგეთში მოქმედ ამერიკელ თანამშრომელთან მიმართებაში, რომელიც ომის ადრეულ წლებში ბრიტანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციებს აგროვებდა.

და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო – შეერთებული შტატები – ჯერ კიდევ არ ჩაბმულიყო ომში. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი მამაკაცების თვალსაზრისით, ქალები არ იყვნენ კარგი კანდიდატები საჯაშუშოდ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხის პროთეზის გამო კოჭლობდა, რაც მას ისევე ადვილად ამოცნობადს ხდიდა, როგორც ჯეიმს ბონდს მასზე გადაღებულ ნებისმიერ ფილმში (მართლაც, დარჩა ვინმე მსოფლიოში, ვისაც ჯეიმს ბონდზე არ გაუგია? როგორ შეიძლება, დავალებებს ჯერ კიდევ შენიღბულად ასრულებდეს?).

როცა ამერიკა საბოლოოდ ჩაება ომში, ჰოლს მოუწია მარტოდმარტო, ფეხით გაქცეულიყო პირინეის მთებში, ისევ და ისევ პროთეზიანი ფეხით. ესპანეთში მოხვედრისას დაუყოვნებლივ მოითხოვა, უკან დაებრუნებინათ – ამჯერად ოკუპირებულ საფრანგეთში, სადაც ის ეხმარებოდა აჯანყებულ ფრანგებს, ახშობდა ნაცისტების მომარაგების მარშრუტებს და ზოგადად მასიურ ქაოსს იწვევდა, რომ ნორმანდიაში მოკავშირე ქვეყნების ჩამოსვლისთვის სიტუაცია მოემზადებინა. ამ დროს კი მასზე მუდმივად ნადირობდნენ ნაცისტები.

ფოტოზე ვირჯინია დამსახურებების გამო მედალს იღებს, იმავდროულად კი ალბათ ფიქრობს, მისთვის ორდენის მიმცემი მამაკაცი გესტაპოს რამდენ აგენტს დაუსხლტა მაღალ ქუსლებზე დგომისას.

 
Jacqueline Cochran
2. ჟაკლინ კოკრანი: ავიატორი

სანამ აშშ II მსოფლიო ომის მონაწილე გახდებოდა, ავიატორმა ჟაკლინ კოკრანმა – რომელსაც უკვე დაემტკიცებინა, რომ ნებისმიერ ქალზე თუ მამაკაცზე სწრაფად შეეძლო თვითმფრინავით ფრენა – თავაზიანად სთხოვა გენერალ ჰენრი ჰარვი არნოლდს, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში ქალებიც დაეშვათ, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ეეეჰჰ, არა. არა. არა, გმადლობთ”.

შემდეგ ომი დაიწყო. არნოლდმა კი აზრი შეიცვალა: „ისა… რაც შეეხება იმას…”

შემდეგი სამი წლის განმავლობაში კოკრანი წვრთნიდა პილოტ ქალებს – რომლებსაც მოგვიანებით უწოდეს WASP-ები (იშიფრება, როგორც საჰაერო ძალებში მომსახურე პილოტი ქალები, თუმცა სიტყვა WASP კრაზანასაც ნიშნავს) – რათა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ემართათ. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ბომბდამშენით გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.

კოკრანი ზედამხედველობდა საწვრთნელ პროგრამას, რომელიც 120 ბაზაზე მიმდინარეობდა, სანამ 1944 წელს ამერიკულმა არმიამ მისი გაუქმება არ გადაწყვიტა.

თუმცა ამან კოკრანი ვერ შეაჩერა. ომის შემდეგ გახდა პირველი ქალი, რომელმაც ბგერის სიჩქარე დაარღვია. WASP-ის II მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმის მიხედვით, „დღემდე მას დამყარებული აქვს უფრო მეტი საერთაშორისო რეკორდი სიჩქარესთან, მანძილთან და სიმაღლესთან დაკავშირებით, ვიდრე ნებისმიერ სხვა პილოტს, ქალს თუ მამაკაცს”.

 
Sophie Scholl
3. სოფი შოლი: გერმანელი დისიდენტი

ბევრს სურს, სჯეროდეს, რომ ნაცისტურ გერმანიაში თუ იცხოვრებდა, ექნებოდა საკმარისი გამბედაობა საიმისოდ, რომ ჰიტლერის სათავო ოფისში შესულიყო და ფიურერისთვის სახეში გაერტყა. რეალურად კი ასეთი ადამიანები დიდი ალბათობით აღლუმის უკანა რიგებში იდგებოდნენ, მთელი მონდომებით ააფრიალებდნენ პატარა სვასტიკის დროშას და თავში მუდმივად ერთი აზრი ექნებოდათ: „გთხოვ, მე არ შემომხედო, მეარშემომხედო, მეარშემომხედო”.

სოფი შოლი ასეთი ადამიანი არ გახლდათ.

დასავლეთის ფრონტზე მომხდარი მასიური ხოცვა-ჟლეტითა და დახოცილი თანამემამულეების მუდმივად მზარდი რიცხვით შეძრწუნებულმა სოფიმ – რომელიც იმ დროს მხოლოდ 21 წლის იყო, მისმა ძმამ ჰანსმა და მათმა მეგობარმა ქრისტოფ პრობსტმა მიუნხენის უნივერსიტეტში დაიწყეს პროკლამაციების გავრცელება, სადაც კიცხავდნენ ნაცისტებს და გერმანელებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდნენ. პროკლამაციები მალე გავრცელდა მთელ გერმანიაში, ჰამბურგის უნივერსიტეტამდე და უფრო შორსაც, და საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ იშვიათ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ჰიტლერის წინააღმდეგ ომის პერიოდში.

სამწუხაროდ, როგორც გეცოდინებათ, ნაცისტებს არც ისე დადებითი შეხედულება ჰქონდათ განსხვავებულ აზრთან მიმართებაში.

სოფი, ჰანსი და პრობსტი გესტაპომ შეიპყრო, გაასამართლეს და სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. სოფის ბოლო სიტყვები იყო: „რა აზრი აქვს ჩემს სიკვდილს, თუკი ჩვენი მეშვეობით ათასობით ადამიანი გამოიღვიძებს და მოქმედებას გადაწყვეტს?”

 
Susan Travers
4. სიუზან ტრევერსი: საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ჯარისკაცი

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი და ერთადერთი ქალი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში, ტრევერსი გაანაწილეს ლიბიაში მდებარე ფრანგულ ციხე-სიმაგრეში ბირ-ჰაკეიმში, რომელსაც გერმანელმა ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს (სიუზანმა უარი თქვა წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა თანამშრომელი ქალების ევაკუაცია მოხდა). ტრევერსი და შიგნით მყოფი სხვა მეომრები მამაცურად იბრძოდნენ 15 დღის განმავლობაში, სანამ რესურსები არ ამოეწურათ და ისიც აშკარა იყო, რომ დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ.

სწორედ ამ დროს მოახტა ტრევერსი თავის სატვირთოს და არნოლდ შვარცენეგერის ხმით (თუმცა უცნობია, საიდან იცოდა, რადგან შვარცენეგერი 5 წლის შემდეგ დაიბადა – თუმცა ის კი იცოდა, წინ რა ელოდა) ჯარისკაცებს შესძახა: „მომყევით, თუ გინდათ, რომ იცოცხლოთ”.

რაზმმა უკან არ დაიხია და გაბედული გაქცევა მოაწყო ტრევერსთან ერთად. მის მანქანას 11 ტყვია მოხვდა, მაგრამ მაინც მიაღწია მოკავშირეთა ხაზებს და მისი მეშვეობით 2500 ფრანგი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს.

ამბობენ, რომ სუზან ტრევერსს შემდეგი 61 წლის განმავლობაში ოფლის ერთი წვეთიც კი არ გამოსვლია. ის უბრალოდ ასეთი მაგარი იყო.

 
Faye Schulman
5. ფაია შულმანი: პარტიზანი მებრძოლი

მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა მთელი ოჯახი დაუხოცეს პოლონეთში მდებარე ლენინის გეტოში, ფაია შულმანმა ახლომდებარე ტყეს შეაფარა თავი, სადაც აჯანყებულ მებრძოლებს შეუერთდა. დახელოვნებული ფოტოგრაფი მონაწილეობას იღებდა გულად თავდასხმებში და იღებდა გასაოცარ ფოტოებს, რომლებზეც ისახებოდა იშვიათი კადრები – ომის პერიოდის პარტიზანი მებრძოლების ყოველდღიური ცხოვრება.

შულმანი ჯგუფში ერთადერთი ებრაელი ქალი იყო და ომის პერიოდში ვინაობას მეტწილად საიდუმლოდ ინახავდა, მთელ დროს თავისი კოჰორტის მამაცობისა და თავგანწირვის დოკუმენტირებას უთმობდა. „მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ არსებობდა წინააღმდეგობა”, განაცხადა მან ომის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში. „ებრაელები სასაკლაოსკენ ცხვრებივით არ მიდიოდნენ. მე ფოტოგრაფი ვიყავი. მე ფოტოები მაქვს. მტკიცებულებები მაქვს”.

 
Frances Eliza Wills and Harriet Ida Pickens
6 და 7. ფრენსის ელიზა უილსი და ჰარიეტ აიდა პიკენსი: საზღვაო არმიის ოფიცრები

„მეზღვაურები?” შეიძლება გაგიკვირდეთ. „მერე რა მოხდა? უამრავი ამერიკელი ქალი მსახურობდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საზღვაო არმიის რეზერვში (WAVES)”. რაც სიმართლე გახლავთ.

თუმცა ფრენსის ელიზა უილსი და ჰარიეტ აიდა პიკენსი იყვნენ პირველი შავკანიანი ქალები, რომლებმაც ეს შეძლეს – და მუდმივად ებრძოდნენ იმ ამაზრზენ რასისტულ დამოკიდებულებას, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდათ.

იმ პერიოდში, როცა სამხედრო სფეროში ჯერ კიდევ იყო სეგრეგაცია, უილსმა და პიკენსმა დაძლიეს ინსტიტუციონალური რასიზმის ბარიერი, ცრურწმენების მთა და სოციალური მოლოდინი, როცა მოიპოვეს სამსახური, სადაც მათი თეთრკანიანი კონკურენტები მხოლოდ მისვლით ახერხებდნენ მოხვედრას. ისინი გახდნენ აშშ-ის საზღვაო არმიის პირველი შავკანიანი ქალი ოფიცრები და შემდგომში ბრონქსში, ჰანთერის საზღვაო საწვრთნელ ბაზაზე გადავიდნენ ინსტრუქტორებად.

მთლიანობაში ომის პერიოდში WAVES-ში 72 შავკანიანი ქალი მსახურობდა, რაშიც არც ისე პატარა წვლილი უილსსა და პიკენსს მიუძღვით.

 
Veronica Lake
8. ვერონიკა ლეიქი: მსახიობი

1940-იანების დასაწყისში კინოვარსკვლავ ვერონიკა ლეიქს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვარცხნილობა ჰქონდა. შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მისი შეცვლა გადაწყვიტა. პატრიოტიზმის სასარგებლოდ.

ვერონიკას ადარდებდა ათასობით ამერიკელი ქალის ბედი, რომლებიც მის საფირმო ვარცხნილობას იყენებდნენ და ამით თავს საფრთხეში იგდებდნენ მძიმე ინდუსტრიული მუშაობისას. ლეიკმა უარი თქვა გრძელ ტალღურ თმაზე – რაც მისი წარმატებული საფილმო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო – და დაწნულ, ზემოთ აწეულ სტილზე გადავიდა.

მრავალი წლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებამ უბედური შემთხვევები 22%-ით შეამცირა.

თუმცა მის მიმართ სამყარო არც ისე სამართლიანი აღმოჩნდა და შეთავაზებებმა ნელ-ნელა იკლო. ომის შემდეგ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარმატებული კარიერა აღარასდროს ჰქონია.

 
Gertrude Boyarski
9. გერტრუდა ბოიარსკი: პარტიზანი მებრძოლი

დერეჩინიდან, პოლონეთში მდებარე ებრაული გეტოდან, მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად გაქცევის შემდეგ ბოიარსკი – რომელიც ამ დროს მოზარდი იყო – შეძრწუნებული ადევნებდა თვალს, როგორ ხოცავდნენ სათითაოდ მისი ოჯახის წევრებს შუცშტაფელის (SS) ჯარისკაცები და მათი ადგილობრივი მოკავშირე ძალები. ბოიარსკიმ გაქცევა მოახერხა და საბოლოოდ რუსულ პარტიზანულ ჯგუფს შეუერთდა, მათ ლიდერს, ბულაკს კი ამცნო: „მსურს, ვიბრძოლო და შური ვიძიო მთელი ჩემი ოჯახისთვის”.

ჩათვალა რა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რუსული რამ, რაც კი ოდესმე ვინმეს უთქვამს, ბულაკმა ბოიარსკი მიიღო. თუმცა მანამდე გამოცდა მოუწყო: 2 კვირის განმავლობაში მარტო უნდა მდგარიყო გუშაგად პარტიზანების ბანაკიდან 1.5 კმ-ის მოშორებით. გერტრუდამ ეს გამოცდა წარმატებით გაიარა.

და შურისძიებაც მოახერხა.

ჯგუფში გაერთიანებიდან მალევე ბოიარსკი მეგობართან ერთად თავს დაესხა ადგილობრივ სოფელს, მოიპოვა დიდი ოდენობით ნავთი და დაწვა ხის ხიდი, რომელსაც გერმანელები ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. მაშინაც კი, როცა ნაცისტებმა ისინი შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, ბოიარსკი და მისი მეგობარი ხიდის დაზიანებას განაგრძობდნენ, ხელებითა და ფეხებით ამსხვევდნენ მას ნაწილებად, სანამ ბოლომდე არ გაანადგურეს.

 
Nancy Wake
10. ნენსი უეიკი: მოკავშირე ჯაშუში

ნიუ-იორკ თაიმსის 2011 წლის ნომერში გამოქვეყნებული ნეკროლოგის შესავალში ნათქვამია, რომ ნენსი უეიკს, ყოფილ ახალზელანდიელ ჯაშუშს „ადამიანების ხოცვა არ მოსწონდა”. თუმცა ხანდახან მაინც ხოცავდა. იშვიათად შიშველი ხელებითაც კი.

მტრებთან მიმართებაში ის ყინულივით ცივი იყო.

გერმანელ მდევრებს შორის „თეთრ თაგვად” იყო ცნობილი და ომის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა მოკავშირე ძალების თანამშრომლად, ეხმარებოდა გაქცეულ სამხედრო ტყვეებსა და გერმანელების მიერ ძებნილ სხვა ადამიანებს, გადასულიყვნენ ესპანეთში, მიჰქონდ-მოჰქონდა შეტყობინებები ბრიტანეთის სამხედრო ძალებსა და ფრანგ აჯანყებულებს შორის – და ცხადია, შიგადაშიგ ზოგიერთ ნაცისტს სიცოცხლეს უსწრაფებდა.

უეიკი 2011 წელს გარდაიცვალა 98 წლის ასაკში და სავარაუდოდ უხალისოდ, თუმცა მაინც ეფექტურად ებრძვის საიქიოში მყოფ ნაცისტებს.

 
Nadezhda Popova
11. ნადეჟდა პოპოვა: ბომბდამშენის პილოტი

სანამ სსრკ ქალებს ნებას დართავდა, საჰაერო ძალებში გაწევრიანებულიყვნენ, გერმანული არმია უკვე ღრმად შეჭრილიყო საბჭოთა ტერიტორიაზე და მოსკოვის აოხრებით იმუქრებოდა. როცა გადაწყვეტილების შესახებ გამოცხადდა, ნადეჟდა პოპოვას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ნადეჟდა შიშისმომგვრელი ავიარაზმის „ღამის ჯადოქრების” წევრი იყო, 852 მისიაში იფრინა ძველი ბიპლანით (ძირითადად ღამით), ბევრჯერ ჩამოაგდეს, თავად კი ბევრჯერ ააფეთქა უამრავი ძვირადღირებული გერმანული სამხედრო აღჭურვილობა.

 
Hedy Lamarr
12. ჰედი ლამარი: გამომგონებელი

გვიან 1930-იანებსა და 40-იანებში ჰედი ლამარი საშუალო დონის მსოფლიოში ცნობილი მსახიობი იყო, რომელიც მრავალ ფილმში გამოჩნდა ჩარლზ ბოიერთან, სპენსერ ტრეისისთან და კლარკ გეიბლთან ერთად – თავისუფალ დროს კი უმნიშვნელოვანეს სამხედრო ტექნოლოგიას იგონებდა.

ბევრმა, ვინც ეკრანზე ხედავდა მას, არ იცოდა, რომ ლამარი გატაცებული იყო გამომგონებლობით, ხოლო როგორც ავსტრიელ ემიგრანტს, ნაცისტები მთელი გულით ეზიზღებოდა. კომპოზიტორ ჯორჯ ანთეილთან ერთად მუშაობისას ლამარმა აღმოაჩინა გონებამახვილური მეთოდი, რომ მტრის გემებისთვის ხელი შეეშალა მათთვის რადიოგადაცემის ჩახშობაში, რასაც იმით მიაღწია, რომ რადიოსიგნალები სიხშირეებს მუდმივად იცვლიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ერთ არხზე ყოფილიყვნენ.

პერსპექტივაში რომ წარმოიდგინოთ, იმის მსგავსია, ევა გრინს რომ პირველი დრონი აეგო ან ჯესიკა ჩესტეინს აზრად მოსვლოდა ფრთოსანი რაკეტების შექმნა.

გამომდინარე იქიდან, რომ იყო უცხოელი, ქალი და არ ეკუთვნოდა რომელიმე სამხედრო დანაყოფს, ლამარის გამოგონება ინგორდებოდა 1960-იანებამდე, როცა ზოგიერთმა მეცნიერმა მიაგნო ამ აღმოჩენებს და კუბის სარაკეტო კრიზისის დროს გამოიყენა (და სავარაუდოდ აღმოჩენის ავტორად საკუთარ თავს ასახელებდნენ). გარდა ამისა, ამ მიზეზით გვაქვს დღეს GPS, ბლუთუზი, უკაბელო და მობილური ტელეფონები, Wi-Fi სისტემა და მოწინავე სარაკეტო ტექნოლოგია.

 
Violette Szabo
13. ვაიოლეტ ცაბო: მოკავშირე ჯაშუში

ჩრდილოეთ ამერიკის ფრონტზე მისი ქმრის სიკვდილის შემდეგ ვაიოლეტ ცაბო მოხალისედ გაწევრიანდა ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების მართვის ორგანიზაციაში, საიდანაც ოკუპირებულ საფრანგეთში გაგზავნეს ბრძანებით, რომ არეულობა გამოეწვია და ჯოჯოხეთი მოეწყო. ცაბომ დავალება მარჯვედ შეასრულა – ნაცისტების ინფრასტრუქტურას რამდენიმე თვის განმავლობაში ანადგურებდა, ვიდრე ერთხელ აჯანყებულ მებრძოლთან ერთად მისიის შესრულების დროს საგზაო დაბრკოლებას არ შეეჯახა.

ცაბო და მისი თანამებრძოლი მანქანიდან გადმოვიდნენ და გაიქცნენ, გზადაგზა კი ისროდნენ. როცა აშკარა გახდა, რომ თავს ვერ დააღწევდა, ცაბომ აქტიურად გაუხსნა ცეცხლი გერმანელ ჯარისკაცებს, რათა მისი კომპანიონი უსაფრთხოდ გაცლოდა საშიშროებას. რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიმავალ გზაზე სხვა დატყვევებულ ქალთან ერთად იყო ჯაჭვით დაბმული, თუმცა მაინც ახერხებდა, მასთან ერთად დატანჯული პატიმარი მამაკაცებისთვის წყალი მიეტანა ხოლმე.

ცაბომ ბევრჯერ სცადა ბანაკიდან გაქცევა, სამწუხაროდ უშედეგოდ. საბოლოოდ მოკავშირე ქვეყნების გამარჯვებამდე რამდენიმე კვირით ადრე სიკვდილით დასაჯეს, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მამაც მებრძოლად დარჩა.

 
Veronica Foster
14. ვერონიკა ფოსტერი: ქარხნის მუშა

სანამ ამერიკას ეყოლებოდა „მემოქლონე როუზი”, კანადას ჰყავდა „რონი, გოგონა ბრენის იარაღით” (კანადელები პირდაპირ საქმეზე გადადიოდნენ). როუზისგან განსხვავებით, რონი რეალურად არსებობდა, ეს იყო ქალი, სახელად ვერონიკა ფოსტერი, რომელიც პოსტერზე ეწევა და მის მიერ შექმნილ იარაღს სიამოვნებით აკვირდება.

რონის სერიოზული, მტკიცე და იარაღის მწარმოებლისთვის დამახასიათებელი გამოხედვა შთამაგონებელი აღმოჩნდა მილიონობით კანადელი ქალისთვის, რათა ომის პერიოდში მონდომებით ემუშავათ ქარხნებში. ომის შემდეგ ფოსტერი მომღერალი გახდა და მარტ კენის ბენდში გაწევრიანდა. სწორედ აქ გაიცნო ტრომბონისტი ჯორჯ გერეტი, რომელსაც შემდგომ ცოლად გაჰყვა.

 
Lyudmila Pavlichenko
15. ლუდმილა პავლიჩენკო: საბჭოთა სნაიპერი

ლუდმილა პავლიჩენკომ – სნაიპერმა, რომელიც სსრკ-ში ნაცისტებს ებრძოდა – 309 მკვლელობა აღრიცხა, რითიც ჯობნის ნებისმიერ სნაიპერ ქალს ისტორიაში.

„ჰიტლერის ჯარისკაცებს მწიფე ხორბლებივით ვთიბავდით”, ასე იხსენებდა თავის წვლილს სევასტოპოლის ბრძოლაში. თავისი ღვაწლის გამო პავლიჩენკო ეროვნული გმირი გახდა და 1942 წელს შეერთებულ შტატებშიც კი იმოგზაურა.

საბოლოოდ საბჭოელებმა აღმოსავლეთის ფრონტი დაიბრუნეს და ნელა, მაგრამ სტაბილურად გასწიეს გერმანიისკენ. მსოფლიო კი სამუდამოდ შეიცვალა.

ამაში არც ისე პატარა წვლილი ერთ ქალს მიუძღოდა.

რომელმაც მრავალი ნაცისტი დახოცა.

Upworthy

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: