25 უმნიშვნელოვანესი მომენტი დედამიწის ისტორიაში


ჩვენი პლანეტის არსებობა 4.5 მილიარდ წელს ითვლის და ამ პერიოდში მრავალი საინტერესო რამ მოხდა. წარმოგიდგენთ დედამიწის ისტორიის 25 უმთავრეს გარდამტეხ მომენტს. დაწყებული ევოლუციური წინსვლიდან დამთავრებული გამანადგურებელი ასტეროიდების ცვენით, ეს ის მოვლენებია, რომლებმაც მსოფლიო ამ სახით ჩამოაყალიბეს.


 

earth
4.5 მილიარდი წლის წინ – დედამიწის დაბადება
დედამიწა წარმოიშვა მტვრისა და ქვების ღრუბლისგან, რომელიც ახალგაზრდა მზეს ერტყა გარს. ქვების შეჯახების შედეგად დედამიწის ფორმირება დაიწყო. საბოლოოდ ნამსხვრევების გაერთიანება საკმაოდ მასიური გახდა და გრავიტაციის ძალით სხვა ქვების მიზიდვა დაიწყო, შეისრუტა ახლომდებარე ხარახურა და პლანეტად იქცა. მთვარე მოგვიანებით წარმოიქმნა, როცა პლანეტის ზომის ობიექტი დედამიწას შეეჯახა და მისგან ნამსხვრევების უზარმაზარი ღრუბელი მოწყვიტა. ეს ღრუბელი მოგვიანებით შეიკრა და მთვარედ გარდაიქმნა.

 

cell_division
4-3.5 მილიარდი წლის წინ – სიცოცხლის წარმოშობა
ზუსტად არავინ იცის, სიცოცხლე როდის გაჩნდა. ყველაზე ძველი დადასტურებული ნამარხები, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები, 3.5 მილიარდი წლისაა. სიცოცხლე შესაძლოა უფრო ძველია, თუმცა არა იმ პერიოდზე ძველი, როდესაც დედამიწაზე უზარმაზარი ქვები და ნამსხვრევები ცვიოდა. სიცოცხლე შეიძლებოდა წარმოიშობილიყო ზღვის ფსკერზე მდებარე თბილ ტუტოვან წყაროებთან, ან ღია წყლებში, ან ხმელეთზე. ჯერჯერობით ეს არ ვიცით და არც ისაა ცნობილი, პირველი ორგანიზმები როგორები იყვნენ.

 

Photosynthesis
3.4 მილიარდი წლის წინ – ფოტოსინთეზი
სიცოცხლის ყველა ფორმას სჭირდება ენერგია გადასარჩენად, დედამიწის ორგანიზმებისთვის კი ენერგიის უდიდესი წყარო მზეა. ზოგიერთმა ადრეულმა მიკროორგანიზმმა გამოიმუშავა მეთოდი, რომლითაც მზის ენერგიას იყენებდა და მარტივი მოლეკულებიდან შაქარს ქმნიდა. ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება. თუმცა განსხვავებით დღევანდელი მწვანე მცენარეებისგან, პირველი ფოტოსინთეზირებადი ორგანიზმები არ გამოყოფდნენ ჟანგბადს, როგორც ნარჩენ პროდუქტს, ასე რომ იმ პერიოდში ჰაერი ჟანგბადს არ შეიცავდა.

 

Continents
3 მილიარდი წლის წინ – ტექტონიკური ფილების დასაწყისი
დღესდღეობით დედამიწის ზედაპირი დაყოფილია რამდენიმე ათეულ ქვის ფილად და ზოგჯერ რომელიმე მათგანი სხვის ქვემოთ აღმოჩნდება ხოლმე, რის შემდეგაც პლანეტის გამდნარ გულში ნადგურდება. ამ პროცესს, რომელსაც ფილების ტექტონიკა ეწოდება, სავარაუდოდ 3 მილიარდი წლის წინ დაიწყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტექტონიკური პროცესები ამოქმედდა, შესაძლებელი გახდა პირველი კონტინენტის, სახელად ურის გაჩენა.

 

OXIDATION
2.4 მილიარდი წლის წინ – დიდი ჟანგვის მოვლენა
დედამიწის ისტორიის პირველ ნახევარში ჰაერში ჟანგბადს ძნელად თუ წააწყდებოდით. მაგრამ შემდეგ ბაქტერიებმა დაიწყეს მზის სინათლის ათვისება და მისი მეშვეობით ნახშიროჟანგისა და წყლისგან შაქარს აწარმოებდნენ, ისევე როგორც ამჟამინდელი მწვანე მცენარეები. ეს მიკრობები გამოყოფდნენ ნარჩენ პროდუქტს – ჟანგბადს, რამაც ხელი შეუწყო ჟანგბადით მდიდარი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. თუმცა შესაძლოა ამ პროცესმა თავდაპირველად მთელი პლანეტა გაყინა თოვლის გუნდასავით, რადგან ჰაერს გამოაცალა სასათბურე აირი მეთანი.

 

ENDOSYMBIOSIS
2-1 მილიარდი წლის წინ – ენდოსიმბიოზი
პირველი ორგანიზმები თანამედროვე ბაქტერიებივით მარტივი უჯრედები იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შინაგანად ბევრად კომპლექსური გახდა. ამ ევკარიოტებმა უჯრედის შიგნით ბევრი სპეციფიკური აღჭურვილობა განავითარეს. მათ ასევე გააჩნდათ ენერგიის ახალი წყარო: სოსისის ფორმის ობიექტები, სახელად მიტოქონდრიები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალი ბაქტერიები იყვნენ, მაგრამ ენდოსიმბიოზის პროცესში მოხდა მათი შესრუტვა. ყოველი მცენარე და ცხოველი, რომლებიც ოდესმე გინახავთ, ევკარიოტები არიან.

 

mating
1.2 მილიარდი წლის წინ – პირველი სექსი
1.8 მილიარდი-800 მილიონი წლის წინანდელი ნამარხების მარაგი საკმაოდ მოსაწყენად გამოიყურება – იმდენად, რომ ამ პერიოდს „მოსაწყენ მილიარდს” უწოდებენ. მაგრამ რეალურად სცენის მიღმა ბევრი რამ მოხდა. მაგალითად, ამ პერიოდიდან იღებს სექსი დასაბამს. უცნობია რატომ, ან ზუსტად როდის, თუმცა დადგა მომენტი, როცა ორგანიზმების ნაწილმა შეწყვიტა დაყოფით გამრავლება და სექსი არჩია. ეს მომენტი დაახლოებით 1.2 მილიარდი წლის წინ იყო – არსებობს ამ პერიოდის ძოწეული წყალმცენარეების ნამარხები, რომლებსაც უვითარდებოდათ სასქესო უჯრედები, ანუ სპორები.

 

MULTICELLULAR LIFE
1 მილიარდი წლის წინ – მრავალუჯრედიანი ორგანიზმები
ისტორიაში პირველად სიცოცხლე აღარ შედგებოდა ერთი უჯრედისგან. უჯრედები ერთიანდებოდნენ, რათა შეექმნათ უფრო მსხვილი ორგანიზმები, რომელთაც ექნებოდათ პირი, კიდურები და გრძნობის ორგანოები. ძნელია იმის თქმა, ეს როდის მოხდა: არსებობს მსხვილი ორგანიზმების ნამარხები, რომელთა ასაკი 2.1 მილიარდ წელს ითვლის, მაგრამ ეს შეიძლება უბრალოდ ბაქტერიების კოლონიები იყოს. ორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფებმა მრავალუჯრედიანობა დამოუკიდებლად განავითარეს, ამ საკითხში მცენარეებმა აჯობეს ცხოველებს.

 

frozen world
850-635 მილიონი წლის წინ – გაყინული დედამიწა
დედამიწა ისევ გაიყინა, თანაც 200 მილიონი წლის განმავლობაში ორჯერ. ყინული შესაძლოა მთელ დედამიწაზე ყოფილიყო გადაჭიმული, პოლუსებიდან ეკვატორამდე. განმეორებითმა აციებამ კი შეიძლება პირველი რთული ცხოველების ევოლუცია დააჩქარა. მალევე გაჩნდნენ პირველი კომპლექსური ორგანიზმები, მილისა და ფოთლების მსგავსი არსებები, სახელად ედიაკარულები.

 

CAMBRIAN EXPLOSION
535 მილიონი წლის წინ – კამბრიული აფეთქება
ცხოველების წარმოშობიდან მალევე ევოლუციამ წინსვლის ტემპში გაიარა ორი ძირითადი ნახტომი. კამბრიულ აფეთქებაში თანამედროვე ცხოველების თითქმის ყველა ჯგუფი რამდენიმე ათეულ მილიონ წელში წარმოიქმნა. ამ ერთი შეხედვით „აფეთქების” მიზეზი ნაწილობრივ შეიძლება კარგი განამარხება იყოს, რადგან ცხოველების უმეტესობას უკვე მყარი გარსი ჰქონდა. შემდეგ კი, 489 მილიონი წლის წინ, ცხოველების თითოეული ჯგუფი გაფართოვდა დიდი ორდოვიკული ბიომრავალფეროვნების მოვლენისას.

 

PLANTS
465 მილიონი წლის წინ – მცენარეები ხმელეთს იპყრობენ
ზოგიერთი ცხოველი ხმელეთს ჯერ კიდევ 500 მილიონი წლის წინ ესტუმრა, თუმცა მხოლოდ ხანმოკლე ვიზიტით – ალბათ კვერცხების დასადებად მტაცებლებისგან თავისუფალ ადგილას. მცენარეები პირველები იყვნენ, რომლებმაც ხმელეთი მუდმივ საცხოვრებლად აირჩიეს. ხმელეთის პირველი მცენარეები ენათესავებოდნენ მწვანე წყალმცენარეებს, თუმცა სწრაფად გამრავალფეროვნდნენ.

 

Ordovician ordeal
460-430 მილიონი წლის წინ – პირველი მასიური გადაშენება
ორდოვიკულ პერიოდში სიცოცხლე ყვაოდა. თუმცა ეპოქის მიწურულს მსოფლიოში საკმაოდ აცივდა და პოლუსებიდან ყინულის საფარველმა დაიწყო გავრცელება. ამას მოყვა გამყინვარების პერიოდი, რომელსაც ანდურ-საჰარული უწოდეს, რადგან მისი მტკიცებულებები ანდების მთებსა და საჰარის უდაბნოში მოიპოვება. ძლიერმა ყინვამ გამოიწვია ისტორიაში მასშტაბით მეორე მასიური გადაშენება – ორდოვიკულ-სილურული. ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობა ისევ ზღვაში აღმოჩნდა, წყლის სახეობათა 85% კი ამოწყდა. შედეგად ყველაზე მეტად თევზები გავრცელდნენ.

 

From fins to legs
375 მილიონი წლის წინ – ხმელეთზე მოსიარულე თევზები
მცენარეები უკვე კარგად მოერგნენ ხმელეთს, ამიტომ ამჯერად ცხოველების ჯერი იყო, წყლიდან ამოსულიყვნენ. ერთ-ერთი პირველები იყვნენ მწერები, დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ. მათ მალე მიყვნენ დიდი, ხერხემლიანი ცხოველები, როგორიცაა ტიკტაალიკი, სალამანდრას მსგავსი თევზი. ტიკტაალიკის მსგავს თევზებს მოგვიანებით ოთხი კიდური განუვითარდათ და დასაბამი დაუდეს ამფიბიებს, რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებს. წყლის მიტოვება დროული და გონივრული ნაბიჯი იყო, რადგან მალევე გვიანმა დევონურმა გადაშენებამ მრავალი ზღვის ცხოველი გაანადგურა, მათ შორის საშიში გარეგნობის მქონე შეჯავშნული თევზები.

 

Reptilian evolution
320 მილიონი წლის წინ – რეპტილიების განთიადი
პირველი რეპტილიების გამოჩენისას დედამიწა ხანგრძლივი აციების, გვიანი პალეოზოური გამყინვარების პერიოდის შუაგულში იყო. რეპტილიები ტრიტონის მსგავსი ამფიბიებისგან წარმოიშვნენ. წინაპრებისგან განსხვავებით მათ უხეში, ქერცლიანი კანი ჰქონდათ და მყარი ნაჭუჭის მქონე კვერცხებს დებდნენ, ამიტომ მათი წყალში მოთავსება აღარ იყო საჭირო. ამ უპირატესობების შედეგად მალე იქცნენ ხმელეთის დომინანტ ცხოველებად. რეპტილიის მსგავსი დიმეტროდონი სიგრძეში 4.5 მეტრს აღწევდა – თუმცა მიუხედავად იმისა, რა გსმენიათ მასზე, ის დინოზავრი არ იყო.

 

PANGAEA
300 მილიონი წლის წინ – სუპერკონტინენტი პანგეა
დედამიწის კონტინენტები ბოლოჯერ გაერთიანდნენ ერთ გიგანტურ სუპერკონტინენტად. მას პანგეა ეწოდება და გარს ერტყა მსოფლიო ზომის ოკეანე პანთალასა. პანგეამ 125 მილიონი წელი იარსება და 175 მილიონი წლის წინ დაშლა დაიწყო, რაც ათობით მილიონი წელი გაგრძელდა. მისი დანაწევრებული ნაწილები ჩვენთვის ცნობილი თანამედროვე კონტინენტები არიან.

 

Permian extinction
252 მილიონი წლის წინ – დიდი კვდომა
რეპტილიების ბატონობის პერიოდში დედამიწაზე არსებული სიცოცხლე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. პერმული გადაშენება პლანეტის ისტორიაში უსაშინლესი მასიური გადაშენება იყო, ამ დროს განადგურდა ზღვის სახეობების 96% და ხმელეთის ცხოველების 70%. ზუსტად არ ვიცით, რა იყო მისი გამოწვევი მიზეზები, თუმცა მთავარ ფაქტორად სახელდება მასიური ვულკანური ამოფრქვევები, რის შედეგადაც ციმბირული ტრაპები წარმოიშვა. ამის შემდგომ პირველი დინოზავრები გაჩნდნენ.

 

FIRST MAMMALS
220 მილიონი წლის წინ – პირველი ძუძუმწოვრები
იმ დროს, როცა დინოზავრები ვრცელდებოდნენ და მრავალფეროვნდებოდნენ, გაჩნდნენ პირველი ძუძუმწოვრები. მათი წინაპრები იყვნენ რეპტილიები ცინოდონტები, რომლებიც ძაღლებს ჰგავდნენ და შესაძლოა ბეწვი ან ულვაშები ჰქონოდათ. ადრეული ძუძუმწოვრები, როგორიც იყო მორგანუკოდონი, პატარები და ბიგას (ფუღუ) მსგავსნი იყვნენ და სავარაუდოდ მხოლოდ ღამით აქტიურობდნენ. შესაძლოა სწორედ ამან შეუწყო ხელი თბილსისხლიანობის განვითარებას: სხეულის ტემპერატურის მუდმივად ერთ დონეზე შენარჩუნებას.

 

TRIASSIC EXTINCTION
201 მილიონი წლის წინ – ტრიასული გადაშენება
ხმელეთზე დინოზავრები აღზევდნენ, ზღვებში კი გიგანტური რეპტილიები იხტიოზავრები გახდნენ ტოპ მტაცებლები. ამას მოჰყვა მომდევნო კატასტროფა. დაზუსტებით ჯერაც არ ვიცით, ტრიასული გადაშენება რისი ბრალია, მაგრამ მან სახეობების 80% შეიწირა. ამის შედეგი ის იყო, რომ დინოზავრები ხმელეთის დომინანტი ცხოველები გახდნენ და საბოლოოდ ტიტანურ ზომებს მიაღწიეს. მათ შორის უდიდესი სახეობა, დრედნოუტუსი (Dreadnoughtus schrani), დაახლოებით 59 ტონას იწონიდა.

 

Feathered flight
160 მილიონი წლის წინ – პირველი ფრინველები
ფრინველები ბუმბულიანი დინოზავრებისგან წარმოიშვნენ – თანამედროვე ფრინველები არსებითად ველოცირაპტორები არიან, ოღონდ დინგის მაგივრად ნისკარტები, წინა კიდურების მაგივრად კი ფრთები აქვთ. ყველაზე ცნობილი ადრეული ფრინველი, არქეოპტერიქსი, 150 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. თუმცა ბოლო პერიოდში ჩინეთში აღმოაჩინეს ცოტათი უფრო ძველი ნამარხები, როგორიცაა ქსიაოტინგია და აურორნისი.

 

Plant revolution
130 მილიონი წლის წინ – ყვავილების გაფურჩქვნა
შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყვავილები გვიან გაჩნდნენ. ხმელეთის მცენარეების არსებობა 465 მილიონ წელს ითვლის, მაგრამ ამ პერიოდის 2/3 ყვავილების გარეშე გაატარეს. მოყვავილე მცენარეები მხოლოდ დინოზავრების ეპოქის შუახანებში გამოჩნდნენ. მათსავით გავრცელებული ბალახი კი უფრო მოგვიანებით წარმოიშვა. ბალახის უძველესი ნამარხები მხოლოდ 70 მილიონი წლისაა, თუმცა შესაძლოა, დასაბამი უფრო ადრეულ პერიოდში ჰქონდათ.

 

The fifth extinction
65 მილიონი წლის წინ – დინოზავრების სიკვდილი
65 მილიონი წლის წინ ღია კოსმოსიდან დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა უზარმაზარი ასტეროიდი და ამჟამინდელი ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. აფეთქების ტალღა გამანადგურებელი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომი ეფექტები კიდევ უფრო უარესი იყო. მტვერი აიჭრა ატმოსფეროს ზედა ფენებში და მზის სინათლე დაბლოკა, ამას მოჰყვა სიცივე და სიბნელე, რამაც დედამიწა მეხუთე და ბოლო მასიურ გადაშენებამდე მიიყვანა. მსხვერპლებიდან ყველაზე ცნობილი დინოზავრები არიან, თუმცა ასევე ამოწყდნენ პტეროზავრები და ზღვის გიგანტური რეპტილიები.

 

FIRST PRIMATES
60-55 მილიონი წლის წინ – პირველი პრიმატები
დინოზავრების განადგურებას თითქმის მაშინვე მოჰყვა ძუძუმწოვრებში ახალი თვისების განვითარება – ჩასახული ნაყოფი სხეულში რჩებოდა და პლაცენტის მეშვეობით დაბადებამდე მუდმივად კვებავდნენ, ისე როგორც თანამედროვე ადამიანებში ხდება. მალევე ამ ადრეული პლაცენტური ძუძუმწოვრების ნაწილი პირველ პრიმატებად ჩამოყალიბდნენ. შემდგომში მათგან წარმოიშვნენ მაიმუნები, ადამიანის მსგავსი მაიმუნები და ადამიანები. თუმცა პირველი ინდივიდები პატარები იყვნენ. უძველესი პრიმატის ჩონჩხი მიეკუთვნება სახეობა Archicebus achilles-ს, რომელიც სულ რაღაც 30 გრამს იწონიდა. ისინი აზიის ცხელ და ნოტიო ტროპიკულ ტყეებში ბინადრობდნენ.

 

C4 photosynthesis
32-25 მილიონი წლის წინ – სუპერდამუხტული მცენარეები
მცენარეები დაუღალავად ითვისებდნენ მზის სინათლეს და მისი მეშვეობით ასობით მილიონი წლის განმავლობაში ფოტოსინთეზად წოდებულ პროცესში შაქარს აწარმოებდნენ. მაგრამ მოგვიანებით მცენარეების ნაწილმა საამისოდ უკეთეს გზას მიაგნო. C4 ფოტოსინთეზი ჩვეულებრივზე ბევრად ეფექტურია და საშუალებას აძლევს C4 მცენარეებს, უხეშ გარემოს შეეგუონ. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ, ბრინჯი გარდაქმნან და C4 ფოტოსინთეზის უნარი მისცენ, რათა მოსახლეობის ზრდასთან ერთად საკვების რაოდენობამაც იმატოს.

 

FIRST HOMININS
13-7 მილიონი წლის წინ – პირველი ჰომინინები
ადამიანის მსგავსი მაიმუნები პირველად აფრიკაში გამოჩნდნენ 25 მილიონი წლის წინ. შემდეგ რაღაც მომენტში ჯგუფი გაიყო ადამიანებისა და თანამედროვე მაიმუნების წინაპრებად. ძნელია თქმა, ზუსტად როდის მოხდა, თუმცა თანამედროვე გენეტიკისა და ნამარხების აღმოჩენის წყალობით გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს. უძველესი ჰომინიდი იყო საჰელანტროპი (Sahelanthropus tchadensis), რომელიც დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

 

thinking ape
200 000 წლის წინ – ადამიანთა რასა
ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი, გასაოცრად ახალგაზრდაა. ჩვენი არსებობა მხოლოდ მილიონი წლის მეხუთედს ითვლის. ამ პერიოდში ჩვენ გავვრცელდით აფრიკული აკვნიდან ყველა კონტინენტზე და კოსმოსშიც კი შევქმენით დასახლებული ადგილი. ჩვენმა ქმედებებმა დააჩქარა მეექვსე მასიური გადაშენება და საფუძველი ჩაუყარა კლიმატის უსწრაფეს ცვლილებას დედამიწის ისტორიაში. გარდა ამისა, ერთადერთი სახეობა ვართ, რომელმაც შეძლო და დედამიწის ისტორია თავიდან ბოლომდე შეისწავლა.

BBC

Advertisements

4 responses to “25 უმნიშვნელოვანესი მომენტი დედამიწის ისტორიაში

  1. Zaza Chaganava 10/12/2015, 11:54 PM

    Pirveli kontinenti vaalbara iyo da ara uri,

    Like

  2. ლაშა 11/12/2015, 10:32 PM

    წარმომიდგენია უძველესი ადამიანისთვის რა ძნელი იქნებოდა ცხოვრება დედამიწაზე ცეცხლის დანთებაც რომ პრობლემა იყო და ცხოველებზე ქვებით და ჯოხებით ნადირობა არ ვიცი არ ვიცი თუ დარვინის ევოლუცია ჭეშმარიტია მაშინ მკიდია როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ მაგრამ მაშინ ამ იესო ქრისტემ რაღას გამოაცხადა თავი ღმერთად და დაგვიწყო რწმუნება სასუფეველზე თუ აბრაამის წიაღზე სიკვდილის შემდეგ იქ მოხვდებით ვისაც ჩემი ჯერა და მომყვებაო ეს საიდან მოვიდა ერთ მხარეს გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული და დამტკიცებული დარვინის ევოლუცია მეორე მხარეს კიდევ რაღაც ზებუნებრივის გამოვლინება რომელიც 2000 წლის წინ იყო

    Like

  3. რეზო 17/01/2016, 3:11 PM

    ან არსებობდა საერთოდ იესო ქრისტე ან არა. თან ვერ ვხვდები რატომ უნდა მივანიჭთ ამდენ რელიგიაში უპირატესობა მაინც და მაინც ქრისტეს მოძღვრებას. ევოლუციის თეორია ჭეშმარიტია, მაგრამ ეგ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ღიღებულებები რაც გაგვაჩნია დავკარგოთ. ესეიგი თუ ზედამხედველი არ გყავს, რომელიც გაკონტროლებს შენი ღირებულებები არაფერს წარმოადგენს?

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: