მოსაზრება, რომ „გეი გენი” არსებობს, ჯერ კიდევ დავის საგანია, თუმცა მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ სექსუალური ორიენტაცია, სულ მცირე მამაკაცებში მაინც, მეტწილად (თუმცა არა სრულად) გენეტიკითაა განპირობებული. ახალი კვლევა პირველ მტკიცებულებას წარმოადგენს მანამდე წამოყენებული იდეის სასარგებლოდ: სექსუალურ მიდრეკილებასა და დნმ-ს შორის არსებობს კავშირი, რომელზეც შეიძლება გარემომ მოახდინოს გავლენა. აღმოჩენის პრეზენტაცია მოხდა 8 ოქტომბერს ადამიანის გენეტიკის ამერიკული საზოგადოების შეხვედრაზე ქალაქ ბალტიმორში.
მოსაზრება, რომ ორიენტაცია არჩევანია, საკმაოდ ძველი გახლავთ. მოგვიანებით გაჩნდა ჰიპოთეზაც, რომ ჰომოსექსუალობის გენეტიკური ელემენტიც არსებობს. გეი ტყუპების არსებობა საკმარისი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვის გასაჩენად. თუმცა დამაჯერებელი მტკიცებულების ზედაპირზე ამოტივტივებას მაინც დიდი დრო დასჭირდა. მაგალითად, გასულ წელს გეი ძმებზე ჩატარებულმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ მხარი დაუჭირა 20 წლის წინ წამოყენებულ მოსაზრებას: X ქრომოსომასა და მერვე ქრომოსომაში დნმ-ის შტრიხები მჭიდრო კავშირშია სექსუალურ ორიენტაციასთან.
თუმცა ცხადია, საქმეში მარტო გენები არ ერთვებიან. იდენტური ტყუპების შესწავლამ აჩვენა, რომ თუკი ერთი დედმამიშვილი გეია, დაახლოებით 20%-ია იმის შანსი, რომ მისი ტყუპისცალიც იგივე სექსუალური ორიენტაციის იყოს. ხოლო რამდენჯერაც ქალი ბიჭზე ორსულდება, ბავშვის ჰომოსექსუალობის ალბათობა 33%-ით იზრდება. ეს პროცენტები აშკარად მიუთითებენ სხვა ფაქტორის არსებობაზე.
მსგავს თემებზე საუბრისას კამათი ძირითადად ეხება „გენეტიკა vs გარემოს”, მაგრამ იქნებ საქმე ეხება ამ ორის შუალედურ ფაქტორს? სწორედ აქ ერთვება საქმეში ეპიგენეტიკა. ეპიგენეტიკა ეხება იმ დეტალებს, რომელთა დნმ-ში დამატება ან ამოცლა კონკრეტული გენის გამოხატვაზე ახდენს გავლენას. თქვენი დნმ-ის მიმდევრობა მანამდე უნდა გაიშიფროს, სანამ ცილები ჩამოყალიბდება. დნმ-ის დეტალები ხელს უშლიან სკანირების მექანიზმს და შესაბამისად გენის გამოხატვას. თანაც მასზე გავლენა შეიძლება გარემო ფაქტორებმა მოახდინოს, თუმცა იდენტურ ტყუპებში ეს პროცესი ყოველთვის ერთნაირად არ მიმდინარეობს.
იმის დასადგენად, ეპიგენეტიკა თავის როლს თამაშობს თუ არა ჰომოსექსუალობაში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეპიგენეტიკური შტრიხების ნიმუშები – უფრო კონკრეტულად კი ქიმიკატები, სახელად მეთილის ჯგუფები – გამოიკვლიეს 37 იდენტური ტყუპების წყვილში, რომლებშიც მხოლოდ ერთი მათგანი იყო გეი. ასევე გამოიკვლიეს 10 ჰეტეროსექსუალი ტყუპების წყვილი, როგორც საკონტროლო ჯგუფი.
მათი გენომების საგულდაგულო შემოწმების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხუთი ნიშანი, რომლებიც გეი მამაკაცებში მათ ჰეტეროსექსუალ ტყუპ ძმებთან შედარებით მაღალი სიხშირით ხვდებოდათ. აღმოჩენილ რეგიონებს შემდეგ მიუსადაგეს ალგორითმი და აღმოჩნდა, რომ ამ ნიშნებით 67%-იანი სიზუსტით შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, ინდივიდი გეი იყო თუ არა. მათი თქმით, ეს არის ბიოლოგიურ ნიშნებზე დაფუძნებული პირველი მოდელი, რომლითაც სექსუალური ორიენტაციის წინასწარმეტყველება შეიძლება.
რომელ გენებზე ახდენს ეს ნიშნები გავლენას და რა გარემო ფაქტორები მოქმედებს მათზე? სამწუხაროდ ეს კვლევა ამ კითხვებს ვერ პასუხობს, თუმცა საინტერესო საწყის წერტილს წარმოადგენს, რომელსაც იმედია, მომავალი კვლევები სრულყოფენ.
რა კარგია ვინმე მართლმადიდებელი არ გამოხტა თავის ჩვეული დემაგოგიით
LikeLike