სამყარო საოცრად დიდია და მრავალ მასიურ ობიექტს მოიცავს. ადამიანთათვის ზოგჯერ დედამიწის ზომების აღქმაც კი რთულია და რაოდენ უსიამოვნო შეიძლება იყოს იმის გააზრება, რომ ჩვენს ფეხქვეშ მდებარე პლანეტა ნამცეცია მზესთან, იმ ვარსკვლავთან შედარებით, რომლის გარშემოც მოძრაობს. თუმცა ეს ყველაფერი არაა: მზე მხოლოდ საშუალო ზომის ვარსკვლავია. სამყაროში არსებული ზოგიერთი ვარსკვლავის მასშტაბები ერთდროულად შემაძრწუნებელიცაა და გასაოცარიც.
მაშ ასე, რომელია ვარსკვლავების იმპერატორი, ვარსკვლავური კოლოსი, ცათა ლევიათანი? მისი სახელია…
ჯერჯერობით ეს არ ვიცით. თუმცა არსებობს რამდენიმე ვარიანტი.
პირველი კანდიდატია „NML გედი”. ეს ვარსკვლავი კლასიფიცირდება წითელ ჰიპერგიგანტად (სუპერგიგანტის მომდევნო ეტაპი, რომელიც თავის მხრივ გიგანტის შემდგომია). წითელი ჰიპერგიგანტი მთავარი მიმდევრობის (ანუ მზის მსგავსი) ვარსკვლავის მომდევნო ეტაპია, თუმცა ამ დროს მისი მასა მზისას 40-ჯერ აღემატება. როცა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავს საწვავი ამოეწურება, მის ბირთვში წნევა იზრდება მანამ, სანამ ზეახლად არ აფეთქდება, ვარსკვლავური მატერია კი ცარიელ სივრცეში იფანტება. NML გედის შემთხვევაში ამ ვარსკვლავმა მზის რადიუსს 1605-ჯერ გადააჭარბა. მზის ადგილას რომ მოვათავსოთ, მისი საზღვრები იუპიტერის ორბიტას გაცდება.
შემდეგ მოდის ასტრონომიული კოზირი „UY ფარი”. ვარაუდობენ, რომ მისი რადიუსი მზისას 1708-ჯერ აღემატება, ანუ NML გედზე დიდიცაა, თუმცა ცდომილების ალბათობა შეადგენს ±192 მზის რადიუსს. ეს ცდომილება არც ისე უმნიშვნელოა UY ფარისთვის, რამეთუ ხელს უშლის მას, თამამად განაცხადოს პრეტენზია სამყაროს უდიდესი ვარსკვლავის სტატუსზე.
თუკი UY ფარის ზომა ცდომილების ალბათობის უმცირესი ზღვარია (1516 მზის რადიუსი ნაცვლად 1708-ისა), მაშინ მასზე დიდი 4-5 ვარსკვლავი არსებობს (ისევ და ისევ, გასათვალისწინებელია გაზომვის ცდომილება). ამ კანდიდატებში შედიან ზემოთ ნახსენები NML გედი, ჰიპერვარსკვლავი სახელად „RW ცეფევსი”, რომელიც ნარინჯისფრად ანათებს და ცნობილი ჰიპერგიგანტი „WOH G64″.
ამ ობიექტთა ზომებთან დაკავშირებული გაურკვევლობა დაუძლეველ დაბრკოლებას წარმოადგენს კოსმოსის უცნობი სიღრმეების კვლევისას. ზოგჯერ ვარსკვლავები კოსმოსური მტვრის გროვების მიღმა იმალებიან და მათზე დაკვირვება რთულდება (ამ მატერიის გაფანტვა, ცხადია, ისეთი ადვილი არაა, როგორც ძველი წიგნის ზედაპირიდან მტვრის სულის შებერვით მოცილება). კიდევ ერთი გადასალახავი წინააღმდეგობა ისაა, რომ რაც უფრო შორს ვიხედებით სივრცეში, მით უფრო მკრთალად ჩანან ვარსკვლავები – ზოგიერთი შეიძლება ისე ფერმკრთალდება, რომ დანახვა შეუძლებელი ხდება. და ბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა: სინათლის სფერო, რომლის ფარგლებშიც ობიექტების დანახვა შეგვიძლია – ჩვენ მხოლოდ 13 მილიარდი სინათლის წლის რადიუსზე შეგვიძლია გახედვა. შესაძლოა, უფრო დიდი მონსტრები სამყაროს იმ რეგიონებში იმალებიან, რომელთა აღმოჩენაც მომავლის საქმეა.
საბედნიეროდ, ჩემპიონის ძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მეცნიერთა მიერ ტექნოლოგიის საზღვრების გაფართოებასთან ერთად ტელესკოპები სულ უფრო მეტად იმატებენ ზომაში და ხარისხშიც უმჯობესდებიან. ჯერ კიდევ ახლო წარსულში მეცნიერთა საზოგადოებაში „VY დიდ ქოფაკზე” დიდ ვარსკვლავებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. გამოთვლების საკითხში განხორციელებული გაუმჯობესებებისა და კოსმოსზე უფრო მასშტაბური დაკვირვების შედეგად ის ყველაზე დიდი ვარსკვლავების სიიდან ამოიღეს. ამჟამად ვარსკვლავურ მოედანზე „დიდი ბიჭების” სტატუსი სულ სხვა ობიექტებს უკავიათ.
ვინ იცის, რომელი ვარსკვლავური ტიტანების ფონზე იქცევიან ჯუჯებად ამჟამინდელი ჰიპერგიგანტები?
წარმოდგენაც არ მინდა რამხელა მანძილია 13 მილიარდი სინათლის წელი 😦
LikeLike
13 მილიარდი სინათლის წელი დაახლოებით 122 სეპტილიონი კილომეტრია
LikeLike