ცხოვრობს თუ არა თქვენში სხვა ადამიანი?


შეიძლება ფიქრობთ, რომ სხეული და გონება თქვენი საკუთრებაა. მაგრამ სინამდვილეში თქვენ მრავალი ორგანიზმის გაერთიანება ხართ – მათ შორის კი შესაძლოა, სხვა პიროვნებაც იყოს.

ერთ დროს თქვენი წარმოშობა ადვილად აიხსნებოდა. მამათქვენი შეხვდა დედათქვენს, დაიწყეს ურთიერთობა და პატარა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან გამოიჩეკეთ თქვენ. ნახევრად დედათქვენი ხართ, ნახევრად მამათქვენი და 100%-ით თქვენ.

თუმცა ეს მარტივი ისტორია ამჯერად გაცილებით ჩახლართულია. მშობლებიდან მემკვიდრეობით მიღებული გენების გარდა თქვენ ვირუსების, ბატერიებისა და შესაძლოა სხვა ადამიანების მოზაიკასაც წარმოადგენთ. მართლაც, თუკი ტყუპისცალი ხართ, დიდი ალბათობით სხეულსა და ტვინში თქვენი დედმამიშვილის ნაწილაკები გაქვთ. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ისინი შეიძლება თქვენს ქცევაზე ახდენდნენ გავლენას.

„ადამიანები არა ცალკეული ინდივიდები, არამედ სუპერორგანიზმები არიან”, ამბობს პადუას უნვიერსიტეტის მეცნიერი პიტერ კრამერი. „ჩვენში კონტროლის მოსაპოვებლად მუდმივად იბრძვის მრავალი სხვადასხვა ადამიანი და არაადამიანური ინდივიდი”. პაოლა ბრესანთან ერთად მან ჟურნალში „Perspectives on Psychological Science” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მოუწოდებს იმის შეფასებისკენ, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ქცევებზე.

შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერს, მაგრამ დიდი ხანია, ცნობილია, რომ ჩვენი სხეული მრავალი განსხვავებული ორგანიზმისგან შემდგარ დომხალს წარმოადგენს. თქვენს ნაწლავებში არსებული მიკრობები ქმნიან ნეიროგადამცემებს, რომლებიც თქვენს განწყობაზე მოქმედებენ. მეცნიერთა ნაწილი იმასაც კი ფიქრობს, რომ მიკრობები მართავენ თქვენს მადას, რათა მათი საყვარელი საკვებით დანაყრდეთ. სამაგიეროდ პარაზიტმა ტოქსოპლაზმამ (Toxoplasma gondii) შეიძლება სიცოცხლე მოგისწრაფოთ. ბუნებაში მიკრობები ტვინს ურევენ ვირთხებს, რათა კატებისადმი მიდრეკილი გახდნენ, რის შემდეგაც ეს მიკრობები კატის სხეულში აღმოჩნდებიან და მყუდროდ მოკალათდებიან გასამრავლებლად. გონების კონტროლისა და მსგავსი ინფიცირების ობიექტი ადამიანიც შეიძლება გახდეს: მიკრობმა შეიძლება რისკიანი გახადოს და შიზოფრენიით ან სუიციდური დეპრესიით დაავადების შანსი გაუზარდოს. ამჟამად ბრიტანეთში არსებული ხორცის მესამედი შეიცავს ამ პარაზიტს.

ზემოხსენებულის ფონზე ნათელია, რომ ჩვენი ქცევების ნაწილი მაინც ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს საკმარისია იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ჩვენი იდენტობა, მაგრამ ინფილტრაციის (ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში უცხო ნივთიერებათა შეჭრა) იდეა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ხდება, როცა იგებთ, რომ თქვენი ტვინი მარტო პაწაწინა მიკრობებით კი არა, სხვა ადამიანების მიერაც იმართება.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ სიამის ტყუპები არიან, რომელთაც საერთო ტვინი აქვთ, თუმცა სხვა ტყუპებსაც შეიძლება ჰქონდეთ საერთო ორგანოები და ამაზე არაფერი იცოდნენ. განვითარების ადრეულ სტადიაზე ტყუპებმა და სამეულებმა შეიძლება უჯრედები გაცვალონ. წარსულში ეს იშვიათობა ეგონათ, მაგრამ საოცრად ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. მაგალითად, არაიდენტური ტყუპების 8%-სა და სამეულების 21%-ს სისხლის ორი ჯგუფი აქვს: ერთს მათი უჯრედები წარმოქმნიან, მეორეს კი ტყუპისგან შეწოვილი „უცხო” უჯრედები. სხვა სიტყვებით, ისინი ქიმერას – ორი სხეულის გაერთიანებას – წარმოადგენენ და მსგავსი რამ შეიძლება ბევრ ორგანოში, მათ შორის ტვინში მოხდეს.

ქიმერა-ტვინს შეიძლება სეროზული შედეგები ჰქონდეს. ვიცით, რომ ტვინის სხვადასხვა რეგიონების განლაგება შეიძლება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს მისი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ უცხო ქსოვილების არსებობამ, რომელთაც მართავენ უცხო გენები და შეიცავენ უცხო ინფორმაციას, შეიძლება ეს დახვეწილი დიზანი არიოს. შესაძლოა ეს ხსნიდეს იმას, თუ რატომ არიან ტყუპებში უფრო მეტი ცაციები – ეს შტრიხი დამოკიდებულია ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების შეფარდებით მოწყობასთან. შეიძლება ქიმერიზმი ბალანსს არღვევს.

თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ტყუპისცალი არასდროს გყოლიათ, ბევრი სხვა გზით შეიძლება შემოჭრილიყვნენ თქვენს ორგანიზმში სხვა ადამიანთა უჯრედები. მაგალითად, შეიძლება მუცლადყოფნის დროს ორი ნაყოფი იყო, განვითარების ადრეულ სტადიაზე კი გაერთიანდნენ. რადგან საწყის პერიოდში ხდება, უჯრედები ქსოვილებს უერთდებიან და ნორმალურად ვითარდებიან, თუმცა სხვა ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას ატარებენ. „გამოიყურებით ისე, როგორც ერთი ადამიანი, თუმცა სხვა ადამიანის უჯრედებს შეიცავთ – სინამდვილეში კი თქვენ ყოველთვის ორი ადამიანი იყავით”, ამბობს კრამერი. ერთ-ერთ შემთხვევაში ქალი განცვიფრდა, როცა გაიგო, რომ საკუთარი ორი შვილის ბიოლოგიური დედა არ ყოფილა:

ლიდია ფეირჩაილდის მიერ მამობის ტესტის მოთხოვნას უბრალო მიზეზი ჰქონდა: სასამართლოსთვის იმის დამტკიცება, რომ მისი ორი ვაჟის მამა ის იყო, ვიზეც აცხადებდა. მაგრამ ტესტის შედეგებმა თავად ლიდიაც გააოცა: მის შვილებში მისი დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა. სასამართლო მას უკანონო სუროგატობის გამო დასჯით დაემუქრა – ჩათვალეს, რომ სარგებლის ნახვის მიზნით თაღლითობდა. თუმცა საბედნიეროდ ამ დროს გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი მსგავს შემთხვევაზე, როცა ქალი თავისი სამი შვილიდან ორის ბიოლოგიური დედა არ აღმოჩნდა. მიზეზი ის იყო, რომ ქიმერა გახლდათ: ორი ტყუპი მუცლადყოფნისას ერთ სხეულად გაერთიანდა. ამის გამო კვერცხუჯრედების ნაწილი სხეულის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებულ გენომს შეიცავდა.

ალბათ იმის თქმა საჭირო არაა, რომ ამ აღმოჩენამ ფეირჩაილდი საკუთარ ინდივიდუალურობაში დააეჭვა. „ყველაზე რთული ამ ამბის ჩემი ვაჟებისთვის გამხელა იყო, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემს ნაწილს არ წარმოადგენდნენ. ვფიქრობდი, იქნებ მართლაც გრძნობენ, რომ მათი ნამდვილი დედა არ ვარ, რადგან გენები, რომლებიც მათთვის უნდა გადამეცა, არ გადამიცია-მეთქი”, ამბობს ლიდია.

ანალოგიურად, უფროსი დის ან ძმის უჯრედები შეიძლება დედის ორგანიზმში დარჩეს რაღაც პერიოდით, თქვენი ჩასახვის შემდეგ კი თქვენს სხეულში მოთავსდებიან.

როგორც გინდა ხდებოდეს, სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ადამიანის ქსოვილი ტვინს სხვა მიმართულებით ავითარებდეს, აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ლი ნელსონი. ის ამჟამად იკვლევს, შესაძლებელია თუ არა, დედის უჯრედები ბავშვის ტვინში აღმოჩნდეს. „სხვაობები რაოდენობაში, უჯრედის ტიპში ან განვითარების ის სტადია, როცა უჯრედების მიღება მოხდა, შეიძლება დისფუნქციის მიზეზი გახდეს”, ამბობს ის.

ნელსონმა აღმოაჩინა, რომ ამ პრობლემისგან ზრდასრულებიც არ არიან დაცულნი. რამდენიმე წლის წინ ნელსონმა და ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერმა უილიამ ჩანმა ქალების ტვინის ქსოვილის ნაჭრები გამოიკვლიეს და გენომში Y ქრომოსომას დაუწყეს ძებნა (ქალებს მხოლოდ X ქრომოსომები აქვთ, კაცებს – X და Y). მათი 63% მამაკაცურ უჯრედებს შეიცავდა. „ზოგადი დაკვირვებით უბრალოდ მამაკაცების დნმ კი არ აღმოვაჩინეთ ქალების ტვინში, არამედ ტვინის ბევრ რეგიონში წავაწყდით მათ”, ამბობს ჩანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი ტვინები დაწინწკლული იყო მამაკაცური უჯრედებით. ერთ-ერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ მათი სათავე ბავშვის ორგანიზმია. მათი ვაჟების ღეროვანი უჯრედები პლაცენტას დაუსხლტნენ და ტვინში აღმოჩნდნენ. უცნაურია, მაგრამ ამის შედეგად შემცირდა იმის ალბათობა, რომ დედა ალცჰაიმერით დაავადდებოდა – თუმცა რატომ, ჯერ კიდევ გამოცანაა. მეცნიერთა ნაწილი იმასაც ეჭვობს, რომ ეს უჯრედები ორსულობის პერიოდში დედის ქცევებზე ახდენენ გავლენას.

ადამიანური „სუპერორგანიზმის” შესახებ ჩვენი ცოდნა ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია, ამიტომ ბევრი დასკვნა დღემდე წმინდა თეორიულია. კრამერისა და ბრესანის ნაშრომის მიზანი არა განსაზღვრული პასუხების გაცემა, არამედ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ინფორმირების სურვილი იყო იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც პიროვნებად გვაყალიბებენ. „ადამიანთა ქცევას მხოლოდ ერთი ინდივიდის გათვალისწინებით ვერ გავიგებთ”, ამბობს კრამერი. „უნდა გავითვალისწინოთ ყველა მათგანი, რათა გავიგოთ, როგორ ვიქცევით ჩვენ”.

მეცნიერები ხშირად ადარებენ ერთმანეთს ტყუპებს, რათა ქცევის საწყისები ახსნან, მაგრამ ის ფაქტი, რომ არაიდენტურ ტყუპებსაც კი შეიძლება ტვინის უჯრედები ჰქონდეთ ერთმანეთში გაცვლილი, კვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დავიცვათ ტყუპების შესწავლისას ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, როგორიცაა შიზოფრენია, რომლის მიზეზიც შესაძლოა ტვინის არასრულფასოვანი ორგანიზება იყოს, აღნიშნავენ ბრესანი და კრამერი.

ზოგადად კი ამ დაუპატიჟებელი სტუმრებისადმი მტრობა საჭირო სულაც არაა – მათ იმად გაქციეს, ვინც ხართ. „ვფიქრობ, ნათელია, რომ ჩვენი ბუნებრივი ემიგრანტები დიდი ხნით რჩებიან ჩვენთან, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ”, ამბობს ნელსონი. „მე მიმაჩნია, რომ სარგებელი ზიანს გადასწონის”.

BBC

Advertisements

3 responses to “ცხოვრობს თუ არა თქვენში სხვა ადამიანი?

  1. Rode 14/10/2015, 1:27 AM

    ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ერთი არ ვარ :დ

    Like

  2. zaza 14/10/2015, 4:08 PM

    ჩვენში სხვა ადამიანი არ ცხოვრობს, როგორ იცხოვრებს ჩვენში სხვა როცა ჩვენ ვცხოვრობთ ” “სხვაში” ანუ სხეულში, რომელშიც მუდმივად ბრძოლა გვიწევს, ან სხეულმა უნდა დაგვიმორჩილოს და გაგვაკეთებინოს ის რაც მას სურს ან ჩვენ, სულმა უნდა დავიმორჩილოთ სხეული?.. :)))
    სხეული, მართალია ხორცია, მაგრამ ამ ხორცს თავისი ვნებები და სურვილებიც გააჩნია და ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოგვიყენოს, რასაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ახერხებს ხოლმე…
    ზოგადად, თუ ვიკითხავთ რომ ვინა ვარ მე? ჩემი აზრით, მე ვარ ღმერთისგან შექმნილი გონი, სული რომელიც სხეულთან ერთად ვარ გაერთიანებული ერთ ადამიანად და ჩემი მიზანია მე ვმართო ჩემი სხეული და არა პირიქით, რაც სამწუხაროდ ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც…

    Like

  3. ვაიბი 15/10/2015, 3:42 PM

    ორი დღეა ამაზე ვფიქრობ :დ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: