აინშტაინის ტვინი

1955 წლის 18 აპრილს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი მათემატიკოსი და ფიზიკოსი, ალბერტ აინშტაინი. მის სხეულს კრემაცია გაუკეთეს, ტვინი კი 7 საათის შემდეგ, დილით, პრინსტონის უნივერსიტეტის პათოლოგანატომმა ტომას ჰარვეიმ ამოიღო და შეინახა. დროთა განმავლობაში XX საუკუნის გენიოსის ტვინი იქცა მრავალი კვლევისა და სპეკულაციის ობიექტად. მის ტვინში არსებულ ნორმებსა თუ გადახრებზე დაყრდნობით ცდილობდნენ, ეპოვათ გასაღები გენიოსობისკენ.

სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერი ავადმყოფობდა. მან უარი თქვა პროცედურებზე, რომლებსაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლო. ანდერძად კი შემდეგი დაიბარა: “რომ მოვკვდები, კრემაცია გამიკეთეთ. არ მინდა, ხალხი მოდიოდეს და ჩემს ძვლებს ეთაყვანებოდეს.” დადგა მომენტი, რომ შეესწავლათ უმნიშვნელოვანესი ორგანო. ორგანო, რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა ფორმულა E=mc², ფარდობითობის თეორია, სინათლის სიჩქარის აღქმა და იდეა, რომელმაც მოგვიანებით საფუძველი ჩაუყარა ატომური ბომბის შექმნას.

ტომას ჰარვეი მიიჩნევდა, რომ ტვინის ციტოარქიტექტონიკა (უჯრედთა განლაგება ორგანოს ქსოვილში) საინტერესო დეტალებს გამოავლენდა. მან 10%-იანი ფორმალინის ხსნარი შეუშვა შიდა საძილე არტერიების მეშვეობით და შემდეგ ხელუხლებელი ტვინი იმავე 10%-იან ფორმალინის ხსნარში ჩაუშვა. ჰარვეიმ ტვინს სხვადასხვა კუთხიდან გადაუღო სურათები. შემდეგ გაკვეთა და ორგანო დაყო 240 ნაწილად – თითო 1 კუბ. სმ. მოცულობის იყო. მიღებული ნაჭრები შეინახა კოლოდიუმის ხსნარში. ჰარვეიმ ასევე გამოაცალკევა აინშტაინის თვალები, რომლებიც ჰენრი აბრამს გადასცა.

ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ მეტყველებასა და საუბარზე პასუხისმგებელი უბნები ნორმაზე პატარა იყო, ხოლო რიცხვობრივ და სივრცულ პროცესებთან დაკავშირებული – დიდი. სხვა კვლევის დასკვნით, ტვინში დიდი რაოდენობით იყო გლიალის უჯრედები.

ჰარვეი მალევე გარიცხეს პრინსტონის უნივერსიტეტიდან, რადგან უარი განაცხადა ორგანოს დაბრუნებაზე. მას ისე სურდა აინშტაინის გენიოსობის საიდუმლოს ამოხსნა, რომ ამას თავისი კარიერა და რეპუტაცია შესწირა, გაიკიცხა მისი კოლეგების მიერ. ის ამტკიცებდა, რომ ტვინის შენახვის უფლება აინშტაინის ვაჟმა, ჰანს ალბერტმა მისცა, თუმცა ფიზიკოსის ოჯახი ამ განცხადებას უარყოფდა. ტვინის ადგილმდებარეობა უცნობი რჩებოდა რამდენიმე წელი, თუმცა 1978 წელს მიაგნეს ჟურნალისტ სტივენ ლევის მეშვეობით. 20 წლის განმავლობაში ტვინი ინახებოდა ალკოჰოლით სავსე ორ ქილაში.

ჰარვეიმ დაკვირვებისას მალევე შენიშნა, რომ აინშტაინის ტვინს არცერთ ნახევარსფეროში არ ჰქონდა თხემის საფარველი (parietal operculum). ტვინის ფოტოები აჩვენებს გაფართოებულ სილვიის ღარს. აშკარაა, რომ გენიოსის ტვინი სხვაგვარად იყო განვითარებული. 1999 წელს მაკმასტერის უნივერსიტეტის ჯგუფმა დამატებითი ანალიზი ჩაატარა და დაადგინა, რომ შუბლის ქვედა წილის რეგიონი ცარიელი იყო. მათი ვარაუდით, ეს ხელს უწყობდა ტვინის ამ ნაწილში ნეირონების უკეთ გადაცემასა და ურთიერთქმედებას.

თავად აინშტაინი ამტკიცებდა, რომ ვიზუალურად უფრო უადვილდებოდა აზროვნება, ვიდრე ვერბალურად. მეცნიერები დღემდე შეისწავლიან, რამდენად ახდენს სხვადასხვა უნარების განვითარებაზე გავლენას ტვინის გარკვეული უბნების ცვლილებები. შუბლის წილში არსებული რეგიონი – ბროკის ცენტრი – მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტყველების წარმართვაში. დასაკომპენსირებლად, აინშტაინის ტვინში თხემის ქვედა წილი 15%-ით დიდი იყო ჩვეულებრივ ადამიანისაზე. თხემის ქვედა წილი პასუხისმგებელია მათემატიკურ აზროვნებაზე, ვიზუალურ წარმოსახვაზე, მოძრაობის აღქმაზე.

80-იან წლებში ტვინზე დაკვირვების უფლება მოიპოვა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარიან დაიმონდმა. მისი ინტერესის სფერო იყო გლიალის უჯრედები. გლიალის უჯრედები უზრუნველყოფენ ტვინის შენახვასა და გამოკვებას, გამოიმუშავებენ მიელინს (ნერვული ბოჭკოს გარსის შემადგენლობაში შემავალი ლიპოიდური და ცილოვანი ნივთიერებების ნარევი), მონაწილეობენ სიგნალების გადაცემაში. დოქტორ დიამონდის ლაბორატორიაში ტვინი თხელ და პატარა ნაწილებად დაყვეს, თითო 6 მიკრომეტრის (0.006 მილიმეტრი) სისქისა იყო. უჯრედების დასათვლელად მიკროსკოპი გამოიყენეს. გლიალის უჯრედები ნორმაზე მეტი იყო ნეირონებთან შედარებით ყველა შესწავლილ არეალში, მაგრამ განსაკუთრებული სხვაობა იყო მარცხენა ქვედა უბნებში. სწორედ ამ არეალში ხდება სხვა უბნებიდან მიღებული ინფორმაციების გაერთიანება და სინთეზი.

როგორც ცნობილია, პატარა ალბერტის დედა გაოცებული იყო იმით, რომ ბავშვს განიერი და კუთხოვანი თავი ჰქონდა. თუმცა პარადოქსულად აღმოჩნდა, რომ მეცნიერის ტვინი ნორმაზე პატარა იყო – 1220 გრამი, როცა ზრდასრული ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი 1400 გრამია. დღესდღეობით მაინც არაა ბოლომდე ცნობილი, რა იყო აინშტაინის გენიოსობის საიდუმლო. ამ საკითხზე ჩატარებულ თითქმის ყველა კვლევას კრიტიკა შეხვდა, რადგან შედარება ხდებოდა ჩვეულებრივი ადამიანის და არა სხვა მეცნიერის ტვინთან. თუმცა კი ერთი რამ ცხადია: XX საუკუნის უჭკვიანესი ადამიანის ტვინი სხვაგვარად იყო მოწყობილი და არ ჰგავდა სტანდარტული ადამიანისას, რაც აისახა კიდეც მის აზროვნებაში.

Advertisements

3 responses to “აინშტაინის ტვინი

  1. Giorgi Dadeshqeliani 06/07/2011, 9:56 AM

    საინტერესო პოსტია 🙂

    Like

  2. სოფო 06/07/2011, 1:10 PM

    საინტერესოა ნამდვილად

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: