ადამიანური ატრიბუტები, რომლებიც ცხოველებშიც გვხვდება


ადამიანები არ არიან პლანეტის ყველაზე ძლიერი ან სწრაფი არსებები. ჩვენი შეგრძნებებიც კი არაა ისეთი ძლიერი, როგორიც სხვა ცხოველებისა. ფრინველებს უკეთესი მხედველობა აქვთ, ძაღლებს – უკეთესი ყნოსვა, ცხოველების ნაწილი კი ისეთ რაღაცებს აღიქვამს, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად, ზვიგენები გრძნობენ მაგნიტურ ველებს, კუები – ელექტროობას, ფუტკრები ულტრაიისფერ სხივებს აღიქვამენ. სპილოები ისევე შეიგრძნობენ სხეულში მარილის ნაკლებობას, როგორც ჩვენ – წყურვილს. კუს სიცოცხლის ხანგრძლივობამ შეიძლება ჩვენზე 100 წლით მეტი შეადგინოს. ობობასნაირი მაიმუნები (მირიკები) გარკვეული სახის მცენარეებს მიირთმევენ, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. თუთიყუშები სპეციფიკური შხამისგან განსაკურნებლად მიწას ჭამენ. ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ბევრ ადამიანს მხოლოდ ჰომო საპიენსისთვის დამახასიათებელი უნიკალური მოვლენა ჰგონია, სხვა არსებებშიც გვხვდება.


 


● კულტურა
კულტურა მოიცავს იმ ქმედებებსა და ქცევებს, რომლებიც ჩვეულებრივ არ გვხდება და გავრცელებულია ადგილობრივ მოსახლეობაში. ხელოვნება, რელიგიები, საერთო დამოკიდებულებები და ადათ-წესები კულტურის სხვადასხვა წახნაგებია. გასაოცრად მრავალფეროვანი ადამიანური კულტურები თავისთავად იწვევს დიდ ინტერესს. თუმცა ზოგიერთი კულტურა ადამიანის მიერ არაა შექმნილი. გარკვეული სახის მოქმედება რომ ჩაითვალოს კულტურულად, ამისთვის მისი მიზეზი არ უნდა იყოს გენეტიკა, გადაეცემოდეს თაობიდან თაობას მოსახლეობაში, დარჩეს მათ მეხსიერებაში და არ გაქრეს მისი გაჩენიდან მალევე. ბევრ პრიმატს აქვს დამახასიათებელი კულტურული რიტუალები, როგორიცაა შიმპანზეების ზოგიერთი ჯგუფის მიერ წვიმაში რიტმული ცეკვა. 1963 წელს ერთმა იაპონურმა მაკაკამ აღმოაჩინა, რომ ცხელ წყაროში ბანაობით დიდი სიამოვნების მიღება შეიძლებოდა. მას შემდეგ ეს პრაქტიკა გავრცელდა და მთელ ჯოგს მოედო, ისინი დღემდე ასრულებენ აბაზანის მიღების ტრადიციულ რიტუალს.

 


● ემოციები
ადამიანებს მრავალი სახის ემოცია გააჩნიათ – სიხარული, აღტაცება, გაბრაზება, მწუხარება, იმედგაცრუება, ეიფორია. ვისაც ოდესმე კატა ან ძაღლი ჰყოლია, ეცოდინება, რომ ჩვენი პატარა მეგობრებიც განიცდიან შიშს, ნდომას, პანიკას, სიყვარულს, შეცბუნებას და ა.შ. მდედრი დელფინები, რომელთაც პატარები ეღუპებათ, ძლიერი მწუხარების ნიშნებს ავლენენ, მოწყენილ რვაფეხებს კი შეიძლება დეპრესია დაეწყოთ. რეპტილიებში ადვილი შესამჩნევია ცნობისმოყვარეობა, დიდ მაიმუნებში კი მშობლის მიერ და-ძმის მიმართ გამოჩენილი ზედმეტი ყურადღებით გამოწვეულ ეჭვიანობასაც წავაწყდებით. ველურ ბუნებაში მცხოვრები მაიმუნები ხშირად იყვანენ შვილად დაობლებულ პატარებს, ტყვეობაში მყოფნი კი ზოგჯერ სხვა ცხოველებსაც უვლიან. ორ სხვადასხვა სიტუაციაში გორილებმა ალტრუიზმის ნიშნები გამოავლინეს – ორივეჯერ პატარა ბავშვი ღობის იქით აღმოჩნდა, გორილებმა კი ისინი დაამშვიდეს და ზოოპარკის მცველებს დაუბრუნეს. მსგავსად აწყნარებენ ერთმანეთს შიმპანზეები შეტაკებების შემდგომ. ასე რომ ემოციები ნაკლებად წარმოადგენს მხოლოდ ადამიანურ თვისებას.

 


● ენა
სასაუბრო ენა გამოიყენება მოთხოვნილებების, სურვილებისა და იდეების გამოსათქმელად. სხვადასხვა ჯგუფს თავისთვის დამახასიათებელი ენა აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ადამიანებში უამრავი სახის ენა არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ვერბალური არაა. ეკვატორულ გვინეაში მცხოვრები ბუბის ტომი უმეტესად ჟესტებს იყენებს კომუნიკაციისთვის, ისევე როგორც მუნჯები და ყრუები, კანარის კუნძულებზე კი სტვენითი ენა გვხვდება. ენას იყენებენ ცხოველებიც. პრიმატები, ვეშაპები, ფრინველები და კალმარები სიტყვის მსგავს ბგერებს გამოსცემენ, რათა მოახდინონ ობიექტების, მოქმედებებისა და ინდივიდუალური სახელების იდენტიფიცირება, ხოლო შიმპანზეებს სინტაქსი და გრამატიკაც კი აქვთ. კვლევის ფარგლებში შიმპანზე სახელად უოშო გაზარდეს, როგორც ყრუ ბავშვი. მან ისწავლა 350 ჟესტი მუნჯური ენიდან და შეეძლო მათი კომბინირება, რათა მიეღო ახალი სიტყვები და წინადადებები. თუმცა ველურ ბუნებაში შიმპანზეები უმეტესად 70-მდე ჟესტს ხმარობენ. უოშო ხშირად ესაუბრებოდა თავის სათამაშო თოჯინებს. ერთხელ მისმა ინსტრუქტორმა თავისი დიდი ხნით გაუჩინარების მიზეზი ჟესტებით აუხსნა: „ჩემი პატარა მოკვდა”. უოშომ ასევე ჟესტებით უთხრა: „ტირილი”, შემდეგ კი ლოყაზე შეეხო მას.

 


● იუმორი
ბევრი ადამიანისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია იუმორის გარეშე, თუმცა ამ სიტყვის განმარტება ზოგჯერ რთულია. მას მრავალი ფორმა გააჩნია, ახალისებს ადამიანს და იწვევს სიცილს. იუმორს ახასიათებს მოულოდნელობა, სეირი ან სასაცილო სიტუაცია. ადამიანების მსგავსად, არც შიმპანზეებისთვისაა სიცილი უცხო. ისინი ხშირად უღიტინებენ ერთმანეთს და შედეგად იცინიან. მიუხედავად იმისა, რომ იუმორს ხშირად მოჰყვება სიცილი, სიცილი ყოველთვის არ ნიშნავს იუმორით გამოწვეულს. თუმცა შიმპანზეებს ნამდვილად ახასიათებთ იუმორისტული შტრიხები. დაკვირვებამ აჩვენა, რომ სიცილის მსგავსი ემოცია ვირთხებსაც აქვთ. ტყვეობაში გაზრდილი დიდი მაიმუნები კი შემჩნეული არიან სიცილში, როცა მაგალითად მათი მოუქნელი თანამოძმე წაბორძიკდება ან სხვაგვარად შეირცხვენს თავს.

 


● იარაღის გამოყენება
ადამიანის მახასიათებლების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამუშაო თუ სხვა სახის იარაღების გამოყენებას. კაცობრიობამ დააარსა დიდი ქალაქები, დახვეწა მიწათმოქმედება, წერის გამოგონებით კულტურული ცოდნის შენახვას ჩაუყარა საფუძველი და მთვარეზეც კი გაფრინდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ადამიანები იყენებდნენ იარაღებს, თუმცა ამჟამად ვიცით, რომ ეს მოსაზრება არასწორია. ეს თვისება გააჩნიათ დიდ მაიმუნებს, ყვავებს, ყორნებს, დელფინებს, სპილოებს და რვაფეხებსაც კი. შიმპანზეები ქვას ჩაქუჩისა და გრდემლის მსგავსად იყენებენ, ხოლო ნადირობისთვის ერთგვარ შუბებსაც კი ქმნიან. გორილები ჯოხებს სასიარულოდ და წყლის სიღრმის გასაზომად იყენებენ, ყორანი სათამაშოებს ქმნის, დელფინები დიდი ნიჟარებით თევზებს იჭერენ, შიგნით ამწყვდევენ და შემდეგ ჭამენ, რვაფეხა ქოქოსის ნაჭუჭს თავშესაფრად იყენებს, სპილოები კი ერთგვარ ჭურჭელს ამზადებენ, წყლით ავსებენ და შემდეგ სვამენ.

 


● მეხსიერება
ადამიანებს აქვთ უნარი, გონებაში შეინახონ კონკრეტულ დროსა და პირობებში მომხდარი ამბავი ან მიღებული ინფორმაცია, რათა შემდგომ გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვნად გვეხმარება ცხოვრებაში. მაგალითად, იმის გახსენებით, თუ რა სახის ხილია ყველაზე გემრიელი, მარტივად ვირჩევთ საუკეთესოს. დამახსოვრების უნარი ცხოველებსაც გააჩნიათ, რაც ნებისმიერი შინაური ცხოველის პატრონმა იცის. მოშინაურებულ არსებებს ბრძანებებსაც აზეპირებენ, ოქროს თევზის მეხსიერება კი რამდენიმე თვეს გასტანს ხოლმე. შიმპანზეები რიცხვებსა და გამოსახულებებს სტუდენტებზე უკეთ იმახსოვრებენ, ყვავები კი მოხაზულობების დამახსოვრებით ზრდასრულ ადამიანებს ჯობნიან. ჩხიკვებსა და ციყვებს არაჩვეულებრივი სივრცული მახსოვრობა აქვთ, რისი მეშვეობითაც თვეების შემდეგ ათეულობით კვ. კმ.-ის ფართობის არეალში ადვილად აგნებენ იმ ადგილებს, სადაც ათასობით მარცვალი დამარხეს. კატის ხანმოკლე მეხსიერება ადამიანისას ათჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ მტრედს ცრურწმენებიც კი ახასიათებს – თუკი მას ორჯერ ან სამჯერ მიაწვდიან საკვებს იმ მომენტში, როცა გვერდით ბრუნდება, მომავალში შეიძლება აკვიატებული ტრიალი დაიწყოს იმის იმედით, რომ ვინმე გამოკვებავს.

 


● საკუთარი პიროვნების გაცნობიერება
საკუთარი თავის აღქმა და პიროვნების გაცნობიერება, იარაღების გამოყენების მსგავსად, დიდხანს მიიჩნეოდა უნიკალურ ადამიანურ თვისებად. მისი გამოცდა მარტივად შეიძლება სარკის ტესტით – აღიქვამს თუ არა ჩახედვისას საკუთარ თავს ცხოველი და რა რეაქცია ექნება ამ დროს. თუ ცხოველს აქვს ეს უნარი, მიხვდება, რომ სარკის ზედაპირზე გაჩენილი მოძრაობები მისას ემთხვევა და მიზეზი რეალურად თავადაა. თუკი ცხოველს სპეციფიკური ხალი ან ლაქა აქვს სახეზე, მასთან შეხებას შეეცდება, რათა შეიგრძნოს ან მოაშოროს. ადამიანებს საკუთარი თავის სარკეში აღქმა მხოლოდ 18 თვიდან შეუძლიათ. ცხოველებში ეს უნარი აქვთ დიდ მაიმუნებს, ზოგიერთ გიბონს, სპილოებს, კაჭკაჭებს და ვეშაპისნაირთა რიგის ზოგიერთ წარმომადგენელს.

 


● ინტელექტი
ჩვენ ბიოლოგიურად ჰომო საპიენსი, იგივე გონიერი ადამიანი გვეწოდება. გვაქვს ფიქრისა და მიზეზ-შედეგობრიობის აღქმის უნარი, რაც განვითარებაში დიდ დახმარებას გვიწევს. ცხადია, არსებობს ინტელექტის მრავალი სახე და მათი გამოყენების საშუალებები. თავად ინტელექტის განსაზღვრებებიც განსხვავდება, თუმცა უმეტესად ეს ნიშნავს ფიქრის, მსჯელობის, დაგეგმვის, შეფასების, სწავლისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარს. ადამიანები არ წარმოადგენენ ერთადერთ ინტელექტუალურ არსებებს და ინტელექტის ზოგიერთ საკითხშიც არ არიან საუკეთესოები. მტრედები გვჯობნიან ვიზუალური ძიებისა და გეომეტრიული ამოცნობის კატეგორიებში. ჭიანჭველები დიდ რიცხვებს საკმაოდ ზუსტად ანგარიშობენ, რათა წარსულში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მტრის ძალა ადეკვატურად შეაფასონ. სპილოებს კი არითმეტიკის გამოყენება შეუძლიათ. მიზეზობრივ მსჯელობაში არაჩვეულებრივები არიან ყვავები. ისინი აკვირდებიან ახალ და რთულ მექანიზმებს, შემდეგ მსჯელობის საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა, როგორ გაუმკლავდნენ, ნაცვლად უსაფუძვლო ცდებისა, რომლებსაც უმეტესად მარცხი მოჰყვება. მათ შეუძლიათ დაკეტილი კარების გახსნა და ხანმოკლე დაკვირვების შედეგად დამალული ობიექტების სწრაფად აღმოჩენა, რითაც ბევრ ადამიანს აღემატებიან.

 


● ფერმერობა
თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ადამიანის მიერ მიწათმოქმედების ათვისებამ. მიიჩნევა, რომ ფერმერობა და ცხოველების მოშინაურება 10 000 წლის წინ დაიწყო და ამან საშუალება მისცა ადამიანებს, დასახლებულიყვნენ ერთ ადგილას, ვიდრე მომთაბარეებად ეხეტიალათ საკვების ძებნაში. თავის მხრივ ამის შედეგად მეტი თავისუფალი დრო მიეცათ და ასე გაჩნდა და განვითარდა დამწერლობები, მათემატიკა, ბორბალი, ფერმერული მოწყობილობები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. გასაკვირია, მაგრამ ჭიანჭველები ფერმერობას უკვე მილიონობით წლებია, მისდევენ. ისინი იჭერენ და უვლიან მუხლუხებს, რომლებიც ბუდის სპეციალურ განყოფილებაში თავსდებიან და მათგან გამოყოფილი შაქრის ექსკრეციები საკვებად გამოიყენება, ისევე როგორც ჩვენს შემთხვევაში ძროხის რძე. ტერმიტები ახდენენ სოკოების დამუშავებას, რათა შემდეგ საკვებად გამოიყენონ. დამუშავების პროცესებში ეს სოკოები ისე გარდაიქმნება, რომ მის მსგავსს ვერსად შეხვდებით.

 


● მშენებლობა
სხვა თუ არაფერი, ადამიანები არაჩვეულებრივები არიან არქიტექტურაში. ამის მტკიცებულება ის ქალაქები, გზები და შენობებია, რომლებიც პლანეტას ამკობს. რომელ სხვა ცხოველს შეუძლია, ააგოს ცათამბჯენები, რომლებიც ასობით მეტრს აღწევენ სიმაღლეში? ან დააგოს გზები თუ გზატკეცილები, რომლებიც ათასობით კილომეტრს შეადგენენ? თუმცა მშენებლობის ნიჭი ცხოველებსაც აქვთ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ფრინველები ბუდეს იშენებენ, კურდღელი სოროს თხრის, ჭიანჭველები კი ფორმასაც უცვლიან ხეებს, რათა ისე გარდაქმნან, რომ მათთვის საცხოვრებლად ვარგისი იყოს. თუმცა ყველაზე გამორჩეული მშენებლები ნიგერიული ტერმიტები არიან. ისინი მიწისგან გასაოცრად დიდ ბუდეებს აგებენ და არ ავიწყდებათ შიდა ვენტილაცია და გათბობა-გაგრილების სისტემა, რაც სპეციალური არხების გათხრით ხორციელდება. შესაბამისად მათ წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნო კლიმატი აქვთ. გარდა ამისა, ასევე აქვთ საბავშვო ოთახები, ბაღები, სარდაფები, გზები და სანიტარული სისტემები. ტერმიტის სიგრძე ნახევარი სანტიმეტრია, მისი შექმნილი „შენობა” კი 4 მეტრს აღწევს. ეს იგივეა, ადამიანმა რომ 1.5 კმ სიმაღლის ცათამბჯენი ააგოს (ბურჯ ხალიფა 830 მეტრია).

 


● (ბონუსი) აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება
აბსტრაქტული აზროვნება არ წარმოადგენს შემთხვევით და შეუსაბამო ფიქრს, როგორც სახელი შეიძლება ერთი შეხედვით მიანიშნებდეს. აბსტრაქტული აზროვნება ნიშნავს საგანთა თვისებების გამოყოფას, გამოცალკევებას და შემდეგ განზოგადებას. მაგალითად კონკრეტული იდეის აღება, როგორიცაა ვაშლი, მისგან ერთ-ერთი თვისების არჩევა, როგორიცაა მიმზიდველი გემო და მისი განზოგადება ბევრ ობიექტზე. აბსტრაქტული აზროვნების ქვაკუთხედი თავის მხრივ ლოგიკაა. არც ისე ადვილია ამ თვისების ცხოველებში გაზომვა, მაგრამ აქამდე არცერთ მათგანს არ გამოუვლენია ის ისე ძლიერად, როგორც ადამიანს. აბსტრაქტული იდეების ლოგიკური და მსჯელობითი ანალიზი ადამიანის უდიდესი მიღწევაა. შუბლის წილის მოცულობით ადამიანები ცხოველებს აღემატებიან, ტვინის სხვა ნაწილებთან შედარებით ის პროპორციულად ყველაზე დიდია დედამიწაზე მობინადრე არსებებს შორის. სავარაუდოდ ის, რაც ადამიანებად გვაქცევს და დიდ უპირატესობას გვაძლევს, არის მსჯელობის უნარი, რაციონალური აზროვნება, საკუთარი მოსაზრების ეჭვქვეშ დაყენება და სხვისი აზრის განხილვა, იმის გამორჩევა, რაც ლოგიკისა და მსჯელობის კუთხით სწორია, რათა რეალობა შევიცნოთ.

Advertisements

6 responses to “ადამიანური ატრიბუტები, რომლებიც ცხოველებშიც გვხვდება

  1. shako 15/06/2012, 3:38 AM

    esec magari saintereso iko

    Like

  2. Jane 17/06/2012, 12:02 PM

    სასიამოვნოდ წასაკითხი პოსტი იყო 🙂
    საინტერესო და ბევრი რამ სულ მაინტერესებდა და პასუხებიც გავიგე…

    Like

  3. Pingback: ცხოველთა ინტელექტის უცნაური შემთხვევები | ჩრდილოეთის ციალი

  4. Pingback: გასული კვირა მეცნიერებაში [2.12-8.12] | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: