იბერიული ფოცხვერი


იბერიული ფოცხვერი ერთ-ერთია იმ სახეობათაგან, რომლებსაც კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მისი საბინადრო არეალია იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძული. წარსულში ეს სახეობა ევრაზიული ფოცხვერის ქვესახეობად იყო მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით გამოაცალკევეს. ორივე სახეობა ცენტრალურ ევროპაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში, შემდეგ კი საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით გაიყვნენ.

მე-19 საუკუნის შუახანებში იბერიული ფოცხვერი მოედო პირინეის ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიას, ამჟამად კი საბინადრო არეალი მკვეთრად შემცირებულია. შეჯვარების შემთხვევები ანდალუზიის (ესპანეთი) მხოლოდ ორ ადგილასაა დაფიქსირებული. იბერიული ფოცხვერი ამჯობინებს მრავალფეროვან არეალს – ფართო სათიბ-საძოვრებს, რომლებსაც ერწყმის ხშირი ბუჩქოვანი ველები, მათ შორის მარწყვი, დანამასტაკი და ღვია, ასევე ქვამუხისა და კორპის მუხის ხეები.

იბერიული ფოცხვერი ერთი შეხედვით სხვა სახეობებს ჩამოჰგავს მოკლე კუდით, თმიანი ყურებითა და ხშირი ბეწვით ნიკაპის ქვემოთ. თუმცა ევროპულ ფოცხვერს ფერმკრთალი ლაქები აქვს, იბერიულს კი მისგან განსხვავებით მკვეთრი, ლეოპარდის მსგავსი ხალები, ბეწვი კი ღია ნაცრისფერი ან მოყვითალო-მოყავისფროა. ბეწვი შესამჩნევად დაბალია სხვა სახეობის ფოცხვერებთან შედარებით, რომლებიც უფრო ცივ მიდამოებში ბინადრობენ.

სხეულის სრული სიგრძე 85-100 სმ-ია, რომელსაც 12-30 სმ სიგრძის კუდი მოსდევს. სიმაღლე მხრებამდე 60-70 სმ-ს აღწევს. როგორც წესი, მამრი უფრო მსხვილი და მძიმეა, ვიდრე მდედრი. მამრის საშუალო წონა 13 კგ-ია, მდედრისა კი – 9-10. ეს მაჩვენებელი ევრაზიულ ფოცხვერთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. სხვა კატების მსგავსად, იბერიულ ფოცხვერს ულვაშების 4 წყება აქვს – 2 ყურებზე და 2 ნიკაპზე. ყურებზე არსებული “ქოჩორი” ეხმარება დაადგინოს, საიდან მოდის ბგერები. მათ გარეშე სმენის სისტემა ძლიერ დაუქვეითდება. ტერფები ბეწვის სქელი ფენით აქვს დაფარული, რისი მეშვეობითაც უხმაუროდ გადაადგილებას ახერხებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ფოცხვერებთან შედარებით პატარაა, ეს სახეობა სანადიროდაც უფრო მცირე ზომის ცხოველებს ეტანება. საკვები დიეტა საბინადრო არეალზეა დამოკიდებული, თუმცა იშვიათად ნადირობს კურდღელზე დიდ ცხოველებზე. ძირითადი სამიზნეა პატარა ძუძუმწოვრები (მღრღნელები და მწერიჭამიები), ჩიტები, ქვეწარმავლები და ამფიბიები, რომელბსაც შებინდებისას უსაფრდება. ყველაზე ხშირად იბერიული ფოცხვერის საკბილო ხდება ევროპული ბოცვერი (79.5-86.7%), რომელსაც მოსდევს კურდღელი (5.9%) და მღრღნელები (3.2%). მამრს დღეში ერთი ბოცვერი ჰყოფნის, მდედრს კი, თუკი ნაშიერები ჰყავს, სამამდე.

ვირუსული დაავადების, მიქსომატოზის გამო ესპანეთსა და პორტუგალიაში ბოცვრების რაოდენობა შემცირდა, ამიტომ იბერიულ ფოცხვერს მოუწია ირემლაღზე, შველზე, მუფლონსა და იხვებზე გადასვლა. ნადავლის მოპოვებაში ძირითადი მეტოქეები არიან წითელი მელა და გარეული კატა. იბერიული ფოცხვერი მარტოსულია და სანადიროდაც მარტო დადის. მსხვერპლს ნელ-ნელა ეპარება, შეუძლია რამდენიმე საათიც იცადოს ბუჩქის ან ქვის უკან, რათა საკმარისად ახლოს მივიდეს და შემდეგ რამდენიმე ნახტომში დაეწიოს.

საკვების ძიებაში შეიძლება 100 კმ გაიაროს. მისი საბინადრო ტერიტორიის ზომა (10-20 კვ.კმ) დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია საკვების მხრივ. თუმცა დასაწყისში რა ზომისაც გინდა იყოს, წლების განმავლობაში მაინც იმატებს, საზღვრები ზოგჯერ საავტომობილო გზებამდე და ბილიკებამდე მიდის. იბერიული ფოცხვერი თავის საცხოვრებელს შარდით ნიშნავს, ასევე ფხაჭნის ხეებს.

შეწყვილების სეზონში მდედრი თავის ტერიტორიას ტოვებს და პარტნიორის ძებნას იწყებს. მაკეობა 2 თვე გრძელდება, ნაშიერები მარტსა და სექტემბერს შორის პერიოდში იბადებიან. ერთ ჯერზე დედა ფოცხვერი 2 ან 3 კნუტს აჩენს, იშვიათად 1-ს ან 4-5-ს. თითოეული კნუტი 200-დან 250 გრამამდე იწონის. 7-10 თვის ასაკში უკვე დამოუკიდებლები ხდებიან, 1 წელიწადში კი სექსუალურად მომწიფებულნი, მაგრამ 20 თვემდე მაინც დედასთან არიან. ველურ პირობებში სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 13 წელია.

30-60 დღის კნუტები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები ხდებიან. სასტიკ ბრძოლებში და-ძმებმა შეიძლება ერთმანეთიც დახოცონ. უცნობია, ამხელა აგრესიას რა იწვევს. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ჰორმონალურ ცვლასთან არის დაკავშირებული, როცა ნაშიერი დედის რძიდან ხორცზე გადაინაცვლებს ხოლმე. სხვებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი იერარქიაა, ანუ ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის – ე.წ. “ჯუნგლების კანონი”. თუმცა რა მიზეზიც გინდა იყოს, დატყვევებულებს ყოველთვის აცალკევებენ 60 დღემდე, შემდეგ კი ისევ ერთად ზრდიან.

კატისებრთა ოჯახიდან იბერიული ფოცხვერი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას, ასევე ევროპაში ყველაზე მეტად შემცირებული ხორცისმჭამელია. თუკი იბერიული ფოცხვერი გადაშენდება, ეს იქნება დიდი კატების სახეობიდან პირველი, რომელიც ამ ბედს გაიზიარებს ბოლო 10 000 წლის მანძილზე. 10 000 წლის წინ იგივე დაემართა ხმალკბილა კატას, სმილოდონს. 2005 წლის მარტში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ველურ ბუნებაში ამ სახეობის სულ რაღაც 100 წარმომადგენელი არსებობდა, რაც 2000 წელთან შედარებით 300-ით ნაკლებია. 1960 წელს კი მათი რაოდენობა 4000-ს აღწევდა. ნაციონალურ პარკებში 200-დან 300-მდე ეგზემპლარი ჰყავთ.

დღესდღეობით მაქსიმალურად იცავენ ამ არსებას და სრულიად აკრძალულია ნადირობა. იბერიული ფოცხვერის შემცირებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს საბინადრო არეალის შემცირება და დაზიანება, ადგილმდებარეობის მოწამვლა, გზაზე გადარბენისას ავტომობილის დაჯახება, გარეული ძაღლები და უკანონო ნადირობა. საბინადრო არეალის შემცირებას იწვევს ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქური დასახლების გავრცელება და კურორტების გაფართოება, ტყეების გაჩეხვა, რაც ამ ცხოველს გადარჩენის საშუალებას უსპობს. 1960-1990 წლებში საცხოვრებლის 80% გაუჩანაგეს.

პორტუგალიაში არსებობს საქველმოქმედო ფონდი “SOS Lynx”, რომელიც იბერიული ფოცხვერის გადარჩენაზე ზრუნავს. ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ იბერიული და სხვა სახეობის ფოცხვერების შემცირებას. იმავე მიზნისთვის იღწვიან სხვა წვრილ-წვრილი ორგანიზაციები.

P.S. უსამართლობაა, ასეთი ცხოველი გადაშენდეს და კოღო დარჩეს 😦

Advertisements

2 responses to “იბერიული ფოცხვერი

  1. faifuris angelozi 18/05/2011, 10:16 PM

    chvenc davaarsot ra msgavsi fondi romelic xels sheushlis jixvebis gadashenebas…

    Like

    • Charlius 13/06/2011, 8:39 PM

      ხალხს რა გააჩერებს, კალაშნიკოვებით ნადირობენ ჯიხვზე 😦 თორე საჭიროა ჯიხვზე ზრუნვა

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: