ცნობილი ფოტოები და მათი ისტორიები (+18)

ლანჩის დრო ცათამბჯენზე. შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც 11 მუშა როკფელერის ცენტრში, ნიუ-იორკის ცათამბჯენის 69-ე სართულის დირეზე ზის და ლანჩს მიირთმევს. ფოტო გადაღებულია 1932 წლის 29 სექტემბერს, მშენებლობის ბოლო თვეში. 2 ოქტომბერს დაიბეჭდა ყოველდღიურ გაზეთში “New York Herald Tribune”. ფოტოგრაფის, ჩარლზ ებეტსის აღიარება მხოლოდ 2003 წელს მოხდა, მანამდე კი ფოტოს ავტორი უცნობად რჩებოდა.


 

ქირურგის ფოტო. წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ ლოხ-ნესის ეს ფოტო რეალური იყო. ის პირველ და ერთადერთ ხელმოსაჭიდ ნივთს წარმოადგენდა შოტლანდიური მონსტრის არსებობასთან დაკავშირებით, რადგან თავი და კისერი მოჩანდა. ავტორი გახლდათ რობერტ ვილსონი და 1934 წლის 21 აპრილს “დეილი მეილშიც” დაიბეჭდა. თუმცა 1994 წელს გამოვლინდა მისი სიყალბე – ეს იყო პლასტმასის ფიგურა, მიბმული სათამაშო წყალქვეშა ნავზე.

 

გადასახლებული დედა. ეს ფოტო “დიდი დეპრესიის” სიმბოლოდ იქცა. 32 წლის ქვრივს 7 შვილი ახლავს თან. 40 წლის შემდეგ მოხდა ამ ადამიანის ამოცნობა – ის იყო ფლორენს ოუენს ტომპსონი. ფოტო გადაიღო დოროთი ლანგმა 1936 წელს. მარტის თვეში მარტოხელა დედა შვილებთან ერთად მიემგზავრებოდა უოტსონვილში (კალიფორნია) იმ იმედით, რომ სამუშაოს იშოვიდა. გზაში შეჩერება მოუწიათ და ბანაკში გაჩერდნენ. დოროთიც აქვე მუშაობდა და 10 წუთში 6 სურათის გადაღება მოახერხა.

 

დიდი სამეული იალტის კონფერენციაზე. ფოტო გვიჩვენებს მოკავშირე ძალების სამ ლიდერს – უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთი), ფრანკლინ რუზველტი (აშშ) და იოსებ სტალინი (სსრკ). ისინი 1945 წელს შეიკრიბნენ იალტაში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს და ევროპის ბედი განიხილეს. იალტის კონფერენციას მეორენაირად ერქვა ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი კი არგონავტთა კონფერენცია იყო. ფოტოს გადაღებიდან ორ თვეში რუზველტი გარდაიცვალა.

 

დროშის აღმართვა ივო ჯიმაზე. ფოტო გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში, 1945 წლის 23 თებერვალს ჯო როზენტალის მიერ. ამ დროს ივო ჯიმას კუნძულზე ერთმანეთს ეომებოდა აშშ და იაპონია. ამერიკელი სამხედროები ეროვნულ დროშას მართავენ სურიბაჩის მთაზე. ფოტოზე აღბეჭდილი 6 ჯარისკაციდან სამი შეტაკებისას დაიღუპა. ფოტო ძალიან პოპულარული გახდა და ათასობით პუბლიკაცია მოიარა.

 

იაპონიაზე გამარჯვების დღე თაიმზ სქვერში. ფოტო გადაღებულია ალფრედ აიზენშტატის მიერ ნიუ-იორკის თაიმზ სქვერში 1945 წლის 14 აგვისტოს, როცა ოფიციალურად გამოცხადდა მეორე მსოფლიო ომის დასასრული. შემდგომში ამ ფოტომ ჟურნალ “ლაიფის” (LIFE) გარეკანი დაამშვენა. მეზღვაურისა და ექთანის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა, თუმცა სხვადასხვა დროს რამდენიმე ვარიანტი წამოჭრილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, სურათზე რომანტიკული კოცნაა, სინამდვილეში ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის უცნობები იყვნენ. ფოტოგრაფის თქმით, მეზღვაური იმ არეალში ყველა ქალს კოცნიდა.

 

განდი სართავ ჯარასთან. ეს ფოტო განდის მკვლელობიდან რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. განდი ზის სართავ ჯარასთან, რომელსაც იყენებდა თავისთვის ტანსაცმლის მოსაქსოვად. ჟურნალ “ლაიფის” (LIFE) პირველი ქალი ფოტოგრაფი – მარგარეტ ბორკ უაითი – 1946 წელს ჩავიდა ინდოეთში სიტუაციის შესაფასებლად. მარგარეტს განდისთვის სურათის გადაღების უფლება არ მისცეს, სანამ ერთი უცნაური სურვილი არ აუსრულა მის მდივნებს – თავად ისწავლა ჯარას ხმარება. 1948 წელს ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ მესამედ მოახერხა ფოტოაპარატისთვის იმპულსური ნათების დარეგულირება და ფოტოც მზად იყო.

 

აინშტაინის დაბადების დღე. ფოტო გადაღებულია 1951 წლის 14 მარტს, ალბერტ აინშტაინის 72-ე დაბადების დღეზე. ფოტოგრაფმა არტურ სასმა გააფრთხილა მეცნიერი, რომ გაღიმებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ბევრჯერ გაეკეთებინა, გენიოსმა გადაწყვიტა, გახუმრებოდა და ენა გამოუყო. მალევე ეს ფოტო იქცა აინშტაინის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ. 2009 წლის 19 ივნისს სურათი აუქციონზე $74,324-ად გაიყიდა.

 

გმირი პარტიზანი. მარქსისტი რევოლუციონერის, ჩე გევარას ცნობილი ფოტო, რომელზეც შავ ბერეტას ატარებს და სახეზე საბრძოლო განწყობა ეტყობა. გადაღებულია 1960 წლის 5 მარტს კუბას დედაქალაქ ჰავანაში ალბერტო კორდას მიერ. კორდას თქმით, გადაღებისას ქარიზმატულ და მებრძოლ ლიდერს მხოლოდ ერთი რამ ეწერა სახეზე: ” არანაირი უკან დახევა!” რასაც თან ახლდა სიბრაზე და ტკივილი. ამ მომენტში ჩე 31 წლის იყო.

 

აალებული ბერი. ვიეტნამში ბუდისტმა ბერმა თავი დაიწვა, რაც საპროტესტო პასუხი იყო სახელმწიფოს მხრიდან ბუდისტების დევნაზე. ინციდენტი მოხდა 1963 წლის 11 ივნისს. ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ვიეტნამის მმართველობა ყურადღების ცენტრში მოექცა. გარდაცვალების შემდეგ ბერის სხეულს კრემაცია გაუკეთეს, გული კი ხელუხლებლად დატოვეს. ეს იყო თანაგრძნობის გამოხატულება და მოგვიანებით ბუდისტებმა მას ბოდჰისატვას ტიტული არგუნეს. ბერის სახელი იყო ტიჩ ქვან დუკი.

 

გენერალი ნგუიენ ნგოკ ლოანი სიკვდილით სჯის ვიეტკონგის ოფიცერს. გადაღებულია ვიეტნამის ომის დროს, 1968 წლის 1-ლ თებერვალს ედი ადამსის მიერ. ჯალათი გახლავთ პოლიციის ხელმძღვანელი, სიკვდილისმისჯილი კი ვიეტკონგის ორგანიზაციის წევრი, რომელმაც, ბრალდების მიხედვით, იმ დილას ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები დახოცა. ადამსის თქმით (1998 წ. ჟურნალი “TIME”), გენერალმა მოკლა ოფიცერი, ფოტოგრაფმა კი გენერალი, რადგან ფოტოს გავრცელების შემდეგ გენერალი ყველას შესძულდა. ფოტო სწრაფად გახდა პოპულარული და ომის არაჰუმანურობის სიმბოლოდ იქცა, ამერიკას კი ჩამოხსნა განმათავისუფლებლის ნიღაბი.

 

შავი ძალის სალუტი. ფოტო გადაღებულია 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხიკოში ჯონ დომინისის მიერ. ოქროს მედალის მფლობელი ტომი სმიტი (შუაში) და ბრინჯაოს მედალოსანი ჯონ კარლოსი (მარჯვნივ) კვარცხლბეკზე დგომისას მუშტს მაღლა სწევენ, რითაც გამოხატავენ ადამიანის უფლებათა შელახვის მიმართ პროტესტს. მოგვიანებით ათლეტები ოლიმპიური თამაშებიდან გარიცხეს პოლიტიკური ჟესტის გაკეთების გამო. ექსპერტთა უმრავლესობის მიერ ეს მოვლენა შეირაცხა ისტორიულად, თავად ჟესტი კი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ღია პოლიტიკურ მიმართვად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის აზრით, ეს “შავი ძალაუფლების” გამოხატულება იყო, სინამდვილეში სპორტსმენებმა სწორედ თანაბარუფლებიანობას დაუჭირეს მხარი.

 

დედამიწის ამოსვლა. ფოტო გადაღებულია მთვარიდან კოსმონავტ უილიამ ანდერსის მიერ, “Apollo 8”-ის მისიის დროს 1968 წლის 24 დეკემბერს და გახლდათ პირველი, სადაც კოსმოსიდან დანახული დედამიწა სრულად ჩანდა. მისი მეშვეობით უამრავმა ადამიანმა იხილა, რა ლამაზია ჩვენი მშობლიური პლანეტა.

 

Abbey Road. ეს ფოტო გამოყენებულ იქნა “ბიტლზის” ბოლო ალბომის გარეკანზე. Abbey Road არის ქუჩის, ალბომისა და იმ სტუდიის სახელი, სადაც პოპულარულმა ჯგუფმა სიმღერების უმეტესობა ჩაწერა. წლების განმავლობაში ფოტო უამრავი პაროდიის ობიექტი გახდა. გადაღებულია 1969 წელს იაინ მაკმილანის მიერ.

 

ნაპალმით შეტევა ტრანგ ბანგზე. 1972 წლის 8 ივნისს ნიკ უტის გადაღებულ ფოტოზე 9 წლის კიმ ფუკი გარბის, როცა სამხრეთ ვიეტნამზე ნაპალმით მიდის შეტევა. გადაღების მომენტში კიმი შიშველია და ზურგზე სერიოზული დამწვრობა აქვს მიღებული. გოგონა ამჟამად კანადაში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც ომის ახალგაზრდა მსხვერპლებს ეხმარება.

 

ცეცხლმოკიდებული ბინიდან გადმოხტომა. 19 წლის გოგონა დიანა ბრაიანტი და მისი 2 წლის ნათლული მეხუთე სართულიდან ხტებიან, რათა ხანძარს თავი აარიდონ. ბავშვი გადარჩა, დიანა – სამწუხაროდ ვერა. გადაღებულია ბოსტონში, 1975 წლის ივლისში სტენლი ფორმანის მიერ. ფოტომ აიძულა ბოსტონის თანამდებობის პირები, გადაეხედათ და ხელახლა დაეწერათ სახანძრო უსაფრთხოების წესები.

 

ავღანელი გოგონა. “ნეიშენალ გეოგრაფიკის” ჟურნალის გარეკანზე განთავსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო. სტივ მაკკურიმ 13 წლის ლტოლვილი შარბატ გულა გადაიღო. ისტორია ფოტოზე იხილეთ აქ.

 

ომაირა სანჩესი. 13 წლის კოლუმბიელი გოგონა, რომელიც დაიღუპა 1985 წელს. ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე 5 წუთით ადრე ფრანკ ფურნიეს მიერ. არმეროს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ომაირა სამი დღე ნანგრევების მახეში იყო მოქცეული. გოგონამ მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მუშებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მის გადარჩენას ვერ ახერხებდნენ. ომაირა რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა, დაემართა განგრენა და ჰიპოთერმია. 60 საათიანი ტანჯვის შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა, მანამდე კი კამერებს უღიმოდა და შიგადაშიგ ჟესტებს აკეთებდა. ფოტოს გამო დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ კოლუმბიის მთავრობას, რომ ამოფრქვევამდე გამაფრთხილებელ ნიშნებს არ მიაქცია ყურადღება და უსაფრთხოების ზომები არ მიიღო.

 

“ჩელენჯერის” აფეთქება. 1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური ხომალდი “Challenger” გაშვებიდან 73 წამში ნაწილებად დაიშალა და ეკიპაჟის შვიდივე წევრი იმსხვერპლა. ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ამბავი გახდა, მოვლენიდან 1 საათში ამერიკელთა 85%-მა უკვე იცოდა მასზე. ამ უბედურმა შემთხვევამ “შატლის” პროგრამის 32 თვით შეჩერება გამოიწვია. მოვლენას განიხილავენ ხოლმე ინჟინერულ უსაფრთხოებაზე საუბრისას.

 

უცნობი მეამბოხე ტიანანმენის მოედანზე. ჯეფ ვაიდნერის გადაღებული უცნობი მამაკაცი, რომელიც წინ აღუდგა ჩინური ტანკების რიგს. 1989 წელს ათასობით სტუდენტი და ინტელექტუალი გამოვიდა პეკინის ტიანანმენის მოედანზე და მშვიდობიანად გააპროტესტა ეკონომიკური ცვლილებები და რეფორმები. რამდენიმე კვირის შემდეგ სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაცალა ტერიტორია ხალხისგან, რასაც 2000 მსხვერპლი მოჰყვა. ამ ფოტოზე კი მეამბოხე მათ შეჩერებას ცდილობდა. დღემდე უცნობია, ცოცხალი გადარჩა ის თუ არა. ზოგიერთი ცნობით, ეს იყო 19 წლის სტუდენტი ვანგ ვეილინი, რომელიც შემდგომში პოლიტიკური ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს.

 

გოგონა და სვავი სუდანის შიმშილობის დროს. ფოტო გადაიღო კევინ კარტერმა 1993 წელს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ დროს გოგონას მშობლები გაეროს თვითმფრინავით ჩამოტანილ საკვებს იღებდნენ, კევინი კი თვითმფრინავის მგზავრი იყო. თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ფოტო 1993 წლის 26 მაისს დაიბეჭდა “New York Times”-ის ნომერში. უამრავი ადამიანი რეკავდა და გოგონას ბედით ინტერესდებოდა, რაც სამწუხაროდ არავინ იცოდა. პრესამ კარტერის საქციელი ასე შეაფასა: “ადამიანი, რომელმაც ლინზა გაასწორა, რათა გოგონას ტანჯვა კარგად აღებეჭდა, სცენაზე გამოსული მეორე სვავია.” მომდევნო წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, ფოტომ პულიცერის პრემია აიღო, 33 წლის ფოტოგრაფმა კი სინდისის ქენჯნას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.

 

მეხანძრე და ბავშვი ოკლაჰომას დაბომბვის შემდეგ. ჩარლზ პორტერის ფოტო – მეხანძრე კრის ფილდსი 1 წლის ბეილი ალმონთან ერთად (რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა) – იქცა ოკლაჰომას დაბომბვის მოვლენის სიმბოლოდ. მოიპოვა პულიცერის პრემიაც. მეხანძრეს უხეში ხელთათმანები აქვს გახდილი, რომ ბავშვის გადარჩენით გამოწვეული სიხარული უკეთ შეიგრძნოს. 1995 წლის ოკლაჰომას დაბომბვა 9/11-ის შემთხვევამდე ყველაზე ძლიერი ტერორისტული თავდასხმა იყო აშშ-ზე.

 

ლტოლვილები კოსოვოდან. სურათზე ჩანს 2 წლის აგიმ შალა, რომელიც ბებიასა და ბაბუას ეკლიანი მავთულის ღობის ერთი მხრიდან მეორეზე გადაჰყავთ. მეორე მხარეს არის ალბანური თავშესაფარი ბანაკი. ისინი კოსოვოში განვითარებულ კონფლიქტებს გამოექცნენ 1999 წელს. ფოტოგრაფი – კეროლ გუზი.

 

ბავშვი ეჭიდება ექიმის ხელს. მაიკლ კლენსის 1999 წლის ფოტოზე 21 კვირის ნაყოფი დედის საშვილოსნოდან ხელს ყოფს და ეჭიდება ექიმ ჯოზეფ ბრიუნერს ორსულობამდელი ოპერაციის დროს. ბრუნერის მიხედვით, ბავშვი ამ დროს ანესთეზირებული იყო. ოპერაცია მოიცავდა საშვილოსნოს დროებით გახსნას, სითხის გამოდენას, ნაყოფზე ქირურგიულ ჩარევას და შემდეგ მის უკან დაბრუნებას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მოგვიანებით ბავშვი სავსებით ჯანმრთელი დაიბადა და ქვეყნიერებას სამუელ არმასის სახელით მოევლინა.

 

კაცი, რომელიც ვარდება. რიჩარდ დრიუს ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი ადამიანი იმ 200-დან, რომლებიც სავაჭრო ცენტრიდან გადმოხტნენ 2001 წელს, ნიუ-იორკზე 9/11-ის ტერორისტული შეტევის დროს. სხვების მსგავსად, მანაც სწრაფი სიკვდილი არჩია კვამლში გაგუდვას და ცოცხლად დაწვას. არაოფიციალური ცნობით, ეს ადამიანი არის 43 წლის ჯონათან ბრაილი, რესტორან “Windows on the World”-ის თანამშრომელი.

Advertisements

17 responses to “ცნობილი ფოტოები და მათი ისტორიები (+18)

  1. თორნიკე 02/07/2011, 7:07 PM

    მაგარი ფოტოებია, ოღონდ მგონი სათაურში +18-ს ან NSFW-ს მიწერა კარგი იქნებოდა : )

    Like

  2. cucqira 02/07/2011, 7:23 PM

    მაგარი პოსტებს დებ ჩარლი, მალე კონკურენცას გაუწევ უცნაურს 😀

    ომაირა სანჩესზე მქონდა წაკითხული… ბავშვი რო ექიმს ეჭიდება ეგ ყველაზე ძალიან მომეწონა

    Like

  3. cucqira 02/07/2011, 8:02 PM

    ამბიცია არ გაქვს მაგრამ შენდაუნებურადაც ხო შეიძლება 😀

    Like

  4. Pingback: “მოწმის ეფექტის” ცნობილი შემთხვევები « ჩრდილოეთის ციალი

  5. ილიასბლოგი 11/09/2011, 5:10 PM

    sasiamovno potoebia

    Like

  6. Pingback: 2011 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  7. Pingback: ცნობილი შავ-თეთრი ფოტოები ფერად სტილში « ჩრდილოეთის ციალი

  8. Giorgi Dadeshqeliani 03/03/2012, 7:23 PM

    ძალიან საინტერესოა!

    Like

  9. ninka 29/04/2012, 1:24 AM

    dzzan magari iyooo sagool …. magari blogia dzzalian momewonaaaaa

    Like

  10. toka 09/04/2013, 12:11 AM

    ise ro icodet albertas daavadeba qonda – roca pirs agebda ena uvardeboda amitom man ar gaixumra fotos gadagebisas

    Like

  11. Nanka Giorgadze 23/10/2013, 3:10 PM

    yvelaze magari isaa rom potoebi tavisi istoriebitaa dadebuli…yochag

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: