ინკუბუსი

ინკუბუსი წარმოადგენს დემონს, რომელსაც მამაკაცის ფორმა აქვს და მძინარე ქალებთან ამყარებს სექსუალურ კავშირებს. ზოგჯერ ეს ხდება სიამოვნების მიღების მიზნით, ზოგჯერ დასაორსულებლად. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, რომ ინკუბუსთან ხანგრძლივ და მრავალჯერად ურთიერთობას მოჰყვება ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, ზოგჯერ კი სიკვდილიც. ამბები ადამიანისა და დემონის ურთიერთობის შესახებ ძირითადად შუასაუკუნეებს მიეკუთვნება, თუმცა დღესდღეობითაც არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იგივე რამ გადახდათ თავს.

ინკუბუსის წარმოშობაზე, გარდა პირდაპირი ახსნისა (რომ ქალებს მართლა დემონებთან ჰქონდათ სექსი), სხვა ვერსიებიც იყო. შეიძლება მსხვერპლებს ჰქონდათ ძილში პარალიზება ან ნახევრად ცნობიერი სიზმარი, რაც ადამიანში იწვევს ზებუნებრივი ძალების არსებობის შეგრძნებას. ასევე შეიძლება, ჩვეულებრივი დამნაშავეები აუპატიურებდნენ მათ ღამით და დანაშაულის დასაფარად ამგვარად ინიღბებოდნენ.

ინკუბუსის შესახებ ცნობები დასაბამს ჯერ კიდევ მესოპოტამიიდან იღებს. ქრისტეს შობამდე 2400 წელს მეფეთა სიაში გილგამეშის მამად ინკუბუსი დემონი, სახელად ლილუ არის აღრიცხული. ლილუ აქადური სიტყვაა და “სულს” ნიშნავს. ლილუ არ აძლევს ქალებს მშვიდად ძილის საშუალებას და სხვადასხვა ხერხებით აწვალებს, ზოგჯერ კი მათთან სექსიც აქვს. მისი მსგავსი, ოღონდ მდედრი დემონი იყო ლილიტუ, იგივე ლილითი. ის მამაკაცებს ეზმანებოდა ძილის დროს. კიდევ ორი მნიშვნელოვანი დემონია ცნობილი: არდატ ლილი – ის ღამით ეცხადება მამაკაცებს, ორსულდება მათგან და მოჩვენება-ბავშვებს აჩენს. ასევე ირდუ ლილი – უხეშად რომ ვთქვათ, არდატ ლილია, ოღონდ მამაკაცი. ანუ მოჩვენება-ბავშვების გასაჩენად ქალებს აორსულებს.

დემონებზე დავა ქრისტიანობის ადრეულ ხანაშივე დაიწყო. ნეტარი ავგუსტინე (IV-V სს.) მათზე საუბრობდა ნაშრომში “De Civitate Dei” (ღმერთის ქალაქი), სადაც წერს, რომ ინკუბუსების მიერ შეწუხებული ქალები მრავლად იყვნენ. “ბევრი ადამიანი აღწერს, რომ მათ შეხება ჰქონდათ ავ სულებთან. ამას ადასტურებენ სანდო ადამიანებიც. ტყიურ არსებებსა და ფავნებს ხშირად მიაქვთ იერიში ქალებზე ცოდვილი მიზნებით.” 800 წლის შემდეგ თომას აქვინელმა (XIII ს.) განაცხადა: “მართალია, ბევრი შემთხვევაა აღწერილი, რომ დემონებისგან დაორსულებულან, მაგრამ ნაყოფი არა კონკრეტულად დემონის შვილია, არამედ იმ კაცისა, რომლის სხეულსაც ამ ქმედებისთვის იყენებდნენ.” აქედან გამომდინარე, დამკვიდრდა აზრი, რომ ინკუბუსი და სუკუბუსი ერთი და იგივე დემონები იყვნენ, უბრალოდ საჭიროებისამებრ ხან ქალის ფორმას იღებდნენ, ხან მამაკაცისას. სუკუბუსი დაიძინებდა მამაკაცთან და შეაგროვებდა მის სპერმას, შემდეგ იქცეოდა ინკუბუსად და გაანაყოფიერებდა ქალს. მიიჩნეოდა, რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვები ზებუნებრივი ძალების მქონენი იყვნენ, თუნდაც მხოლოდ ადამიანური სპერმითა და კვერცხუჯრედით ყოფილიყვნენ ჩასახულნი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი, მაგალითად ჯეფრი ბარტონი (1972) წიგნში “შუასაუკუნეების მაგია” წერს, რომ ინკუბუსი ბისექსუალია, ეს აზრი უმეტესწილად უარყოფილია. ყოფილა შემთხვევები, რომ ინკუბუსი ან სუკუბუსი ადამიანის სხეულში ჩასახლებულა, რის გამოც ეგზორციზმის რიტუალების ჩატარება გახდა საჭირო. ზოგიერთ ინკუბუსს ჰქონდა უნარი, გაენაყოფიერებინა ქალი დამოუკიდებლად, მამაკაცის სპერმის გარეშე. ამ გზით გაჩენილ ბავშვებს კამბიონები შეარქვეს. ყველაზე ცნობილი კამბიონია მერლინი, არტურის ლეგენდიდან.

“მალეუს მალეფიკარუმის” მიხედვით, ეგზორციზმი ინკუბუსის მოსაგერიებელი ერთ-ერთი საშუალებაა 5-დან. დანარჩენი ოთხია: მღვდელთან მისვლა და აღსარება, რწმენით გადაწერილი პირჯვარი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ეკლესიიდან განკვეთა. ეს უკანასკნელი მეთოდი მაშინ გამოიყენებოდა, თუკი დანარჩენები არ იმუშავებდა.

თუმცა ფრანცისკანელი მღვდელი ლუდოვიკო მარია სინისტრარი (XVII ს.) წერდა, რომ ინკუბუსები არ ემორჩილებიან ეგზორცისტებს, არა აქვთ ეგზორციზმის რიტუალის შიში, არ მოქმედებს მათზე წმინდა ნივთები და არ ახდენენ რეაგირებას.

ინკუბუსის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს. გერმანულ ფოლკლორში ინკუბუსის ტიპის დემონია ალპი. ზანზიბარში პოპობავა ესხმის თავს მამაკაცებს. ჩილეში, ჩილოს პროვინციაში ჯუჯა, სახელად ტრაუკო ნადირობს ახალგაზრდა ქალებზე, ჰპირდება დაქორწინებას და აცდუნებს მათ. თქმულებებში მას მიაწერენ ბევრი ქალის დაორსულებას, განსაკუთრებით დაუქორწინებლებისა. მას ჩამოჰგავს ეკვადორელი ჯუჯა ტინტინი, რომლის ინტერესის სფეროა ხორცსავსე ქალები. ის დგება მათი სახლის ფანჯარასთან და გიტარაზე უკრავს. უნგრელებს ლიდერკი ჰყავთ. ის ღამით დაფრინავს და ცეცხლოვანი ნათების ფორმა აქვს. ბრაზილიაში, ამაზონის ტერიტორიის აბორიგენებს ბოტოზე აქვთ შემონახული ლეგენდები. ის ინკუბუსისა და ბერძნული სირენას ერთგვარი კომბინაციაა. ბოტო ახალგაზრდა, მიმზიდველი მამაკაცია, რომელიც ასევე ახალგაზრდა გოგონებს აცდუნებს და მდინარეზე მიჰყავს. მას მიაწერენ ბევრი ბრაზილიელი გოგონას გაუჩინარებას და ასევე დაორსულებას. ბოტოს დღისით ვერავინ ნახავს, რადგან მდინარის დელფინად იქცევა ხოლმე. ტრადიციულად, მას აღწერენ, როგორც ფართოფარფლებიანი ქუდით მოსიარულეს. ამ ქუდით ფარავს სასუნთქ ხვრელს, რომელიც თავზე აქვს. სამხრეთ აფრიკულ ინკუბუსს ტოკოლოში ჰქვია. ქალები მისგან თავდასაცავად ლოგინს აგურებზე დგამენ.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: