წარმოსახვითი ექსპერიმენტები

წარმოსახვითი ექსპერიმენტები ფართოდ გამოიყენება მრავალ დისციპლინაში. მათი მეშვეობით ხდება კომპლექსური სიტუაციების გამოკვლევა, კითხვების დასმა და რთული იდეების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენა. ზოგი მათგანი უბრალოდ მორალურ თავსატეხს წარმოადგენს, ზოგიერთი კი გვიჩვენებს, რამდენად არასრულყოფილია ჩვენი წარმოდგენა სამყაროსა და რეალობაზე.

არცოდნის საბურველი

ეს ექსპერიმენტი ჯონ როულსმა შეიმუშავა 1971 წელს, რათა თავის წიგნში „სამართლიანობის თეორია“ გამოეკვლია სამართლიანობის პრინციპები.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანთა ჯგუფთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, ახალი საზოგადოება რა პრინციპებზე უნდა იდგეს. თუმცა არცერთმა თქვენგანმა არ იცით, ამ საზოგადოებაში ვინ იქნებით. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თქვენი რასა და ეროვნება, შემოსავლის დონე, სქესი, გენდერი, რელიგია და მსოფლმხედველობა, ასევე თქვენი ან სხვისი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორია კარგი ცხოვრება, თქვენთვის უცნობია. პრინციპების გადაწყვეტის შემდეგ შესაბამისად მოწყობილ საზოგადოებაში აღმოჩნდებით. როგორი იქნება ეს საზოგადოება? რას გვეუბნება ეს იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ?

ჯონ როულსი თვლიდა, რომ რადგან ასეთ სიტუაციაში ვერ გვეცოდინება ჩვენი პირადი ინტერესები, მათზე დაყრდნობით ვერ ვიმოქმედებთ. ამ საყრდენის გამოცლით ყველანი ვეცდებით, შევქმნათ სამართლიანი საზოგადოება თანასწორი უფლებებითა და ღარიბებზე ორიენტირებული ეკონომიკით, რაც ერთი მხრივ მორალური მსჯელობის შედეგი იქნება, მეორე მხრივ კი თავის დაზღვევა, რათა არცოდნის საბურველიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. სხვა მოაზროვნეები არ ეთანხმებიან როულსის მსჯელობას და ამტკიცებენ, რომ გარკვეული უთანასწორობები ბუნებრივად ჩნდება, რადგან ზოგი ადამიანი მეტს იმსახურებს მუყაითი შრომის ან საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.

ეს ექსპერიმენტი აჩენს კითხვებს ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელი წყობის შესახებ, რადგან როულსის დასკვნით, საკუთარ ინტერესებს საჭიროზე დიდ როლს ვანიჭებთ, რაც  სამართლიან საზოგადოებად ჩამოყალიბებაში ხელს გვიშლის.

გამოცდილების მანქანა

ეს ექსპერიმენტი მოიფიქრა რობერტ ნოზიკმა და ვხვდებით მის წიგნში „ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“.

წარმოიდგინეთ, რომ ნეირომეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სასიამოვნო განცდების სტიმულირება თქვენი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. სიმულაცია უკიდურესად რეალისტურია და სინამდვილისგან ვერ განასხვავებთ. მას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და სპეციფიკური სასიამოვნო განცდების პროგრამირებაც კია შესაძლებელი. დანადგარი გთავაზობთ უფრო მეტი სიამოვნების გამოცდას, ვიდრე რამდენიმე ცხოვრების მანძილზე იქნებოდა შესაძლებელი. არსებობს მიზეზი, რის გამოც უარი უნდა თქვათ?

ნოზიკი მსჯელობს, რომ თუკი გაგვაჩნია მიზეზი, რის გამოც უარს ვიტყვით ჰედონისტურ უტილიტარიანიზმზე, მაშინ მცდარია იდეა, რომ ერთადერთი მიზანი სიამოვნებაა და მისი მაქსიმიზაციისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ბევრი ადამიანი ამაზე წინ აყენებს რეალურ შთაბეჭდილებებსა და რაღაცის კეთებას ნაცვლად ამ რაღაცაზე ფანტაზიების ქონისა. თუკი ამ მანქანის გამოყენებაზე უარს იტყვით (ნოზიკის აზრით, ადამიანთა უმეტესობა სწორედ ასე მოიქცეოდა), არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, ვეღარ იტყვით, რომ სიამოვნება ერთადერთი მიზანია.

არსებობს კონტრარგუმენტებიც. ჰედონისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანთა უმეტესობა მანქანას გამოიყენებდა, ან ჩვენ მიდრეკილი ვართ სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ, რის გამოც არსებულ რეალობას შესაძლო და უკეთეს რეალობებზე უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ექსპერიმენტი თავსატეხს აჩენს მათთვის, ვისი აზრითაც ადამიანის მთავარი საზრუნავი სიამოვნებაა.

მერის ოთახი

ეს ექსპერიმენტი, რომელიც ცოდნის ბუნებაზე აჩენს კითხვებს, ფილოსოფოსმა ფრენკ ჯექსონმა 1982 წელს ჩამოაყალიბა.

მერი შავ-თეთრ ოთახში ცხოვრობს, შავ-თეთრ წიგნებს კითხულობს და იმ ცოდნის მისაღებად, რაც ფერების აღქმის შესახებ არსებობს ფიზიკასა და ბიოლოგიაში, იყენებს ეკრანებს, რომლებზეც მხოლოდ შავ-თეთრი გამოსახულებები ჩანს. ერთ დღეს მისი კომპიუტერის ეკრანი წყობიდან გამოდის და წითელ ფერს აჩვენებს. მერი პირველად ხედავს ფერს. ისწავლა თუ არა მერიმ რაღაც ახალი?

თუკი პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ქვალია არსებობს. ქვალია ისეთ ცნობიერ შეგრძნებებს აღნიშნავს, როგორიცაა თავის ტკივილი, ღვინის გემო, ცის სილურჯის აღქმა. ქვალია ვერ დაიყვანება ფიზიკურ ინფორმაციაზე, შესაბამისად ადამიანს, რომელიც გემოს რეცეპტორების გარეშე დაიბადა, ვერ აუხსნით, როგორი გემო აქვს ღვინოს. ანალოგიურად, მერის აქამდე ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა წითელი ფერის არსებობის შესახებ და მისი დანახვით მაინც რაღაც ახალი ისწავლა.

ეს ექსპერიმენტი ცოდნისა და გონებრივი მდგომარეობის შესახებ აჩენს კითხვებს. თუკი მერის ცოდნას რაღაც შეემატა, გამოდის, რომ ფერის აღქმა და მსგავსი სუბიექტური განცდები მართლაც ვერ დაიყვანება ვერბალურ დონეზე და ვერც მსჯელობითა და ფიზიკური ფაქტების მოშველიებით მოხდება მათი დემონსტრირება. უნდა არსებობდეს კიდევ რაღაც, რაც სუბიექტური ბუნებისაა და შეგრძნებაზეა დამოკიდებული.

თუკი მერის ახალი არაფერი უსწავლია, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ მოვლენის შესახებ ფიზიკური ფაქტების ცოდნა ამ მოვლენის შეგრძნების იდენტურია. მაგალითად, ექოლოკაციაზე ამომწურავი ცოდნის ფლობა მსგავსი იქნება ცოდნისა, თუ როგორია ექოლოკაციის გამოყენება რეალობაში.

ამ ექსპერიმენტის განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ ავტორმა მოგვიანებით აზრი შეიცვალა და დაასკვნა, რომ მერის მიერ წითელი ფერის დანახვა ქვალიას არსებობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. თუმცა ექსპერიმენტის მიერ წამოჭრილი პრობლემები დღემდე დავის საგნად რჩება.

ბურიდანის ვირი

ამ ექსპერიმენტის ზოგიერთი ვარიანტი დასაბამს ანტიკურ ხანაში იღებს. ექსპერიმენტს სახელი ეწოდა მე-14 საუკუნის ფილოსოფოსის ჟან ბურიდანის მიხედვით, რომლის დეტერმინისტული ხედვის სატირასაც წარმოადგენს.

წარმოიდგინეთ, რომ ვირისგან ზუსტად თანაბარი მანძილებითაა დაშორებული თივის ორი იდენტური ზვინი. ვირს თავისუფალი ნება არ გააჩნია და ყოველთვის ყველაზე რაციონალურ არჩევანს აკეთებს. თუმცა, რადგან ორივე ზვინი ერთნაირად შორს არის და საკვები ღირებულებით არ განსხვავდებიან, არცერთი არჩევანი არ წარმოადგენს მეორეზე უპირატესს. როგორ უნდა მიიღოს ვირმა გადაწყვეტილება? საერთოდ მიიღებს კი გადაწყვეტილებას, თუ უძრავად იდგება, ვიდრე შიმშილით არ მოკვდება?

თუკი გადაწყვეტილება იმაზე დაყრდნობით მიიღება, რომელი ქმედება უფრო რაციონალურია, ან სხვა გარემო ფაქტორზე დაყრდნობით, ვირი შიმშილით ისე მოკვდება, რომ ვერ გადაწყვეტს, რომელი ზვინის თივა შეჭამოს – ორივე ვარიანტი თანაბრად რაციონალური და მეორისგან განურჩეველია. თუკი ვირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ შედეგზე გავლენას მხოლოდ ფაქტები არ ახდენენ და საქმეში ერთვება შემთხვევითობის ან თავისუფალი ნების ფაქტორი.

ეს ექსპერიმენტი დეტერმინისტული თეორიების პრობლემურ მხარეს აჩვენებს, რადგან აბსურდული ჩანს იმის დაშვება, რომ ვირი სამუდამოდ უძრავად იდგება. დეტერმინისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სპინოზა სერიოზულად არ განიხილავდა, ხოლო სხვების მოსაზრებით, ვირი ნამდვილად შიმშილით მოკვდება. სხვა შეხედულების თანახმად, არჩევანში ყოველთვის არსებობს რაღაც ფაქტორი, რაც მას ალტერნატივებისგან განასხვავებს.

სიცოცხლე, რომელიც შეგიძლია იხსნა

ეს ექსპერიმენტი ცნობილმა უტილიტარისტმა მოაზროვნემ, პიტერ სინგერმა ჩამოაყალიბა 2009 წელს.

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ და უცებ დაინახეთ, როგორ იხრჩობა ტბაში ბავშვი. ცურვა იცით და საკმარისად ახლოს ხართ იმისთვის, რომ დროული მოქმედების შემთხვევაში ბავშვი გადაარჩინოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ძვირადღირებული ფეხსაცმელები გაგიფუჭდებათ. ვალდებული ხართ თუ არა, რომ ბავშვი სიკვდილს გადაარჩინოთ?

სინგერი ამბობს, რომ დიახ, თქვენ ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ და უმნიშვნელოა, რის ფასად აკეთებთ ამას. თუკი სინგერს ამაში ეთანხმებით, ის შემდეგ კითხვას სვამს: თუკი გასაჭირში მყოფი ბავშვის სიკვდილისგან გადარჩენის ვალდებულება გაქვთ, არის თუ არა ფუნდამენტური განსხვავება თქვენ წინ მყოფ და მსოფლიოს მეორე მხარეს მცხოვრებ ბავშვებს შორის?

წიგნში „სიცოცხლე, რომელიც შეგიძლია იხსნა“ სინგერი აცხადებს, რომ არ არსებობს მორალური განსხვავება იმ ბავშვს, რომელიც თქვენ წინ იხრჩობა და იმ ბავშვს შორის, რომელიც რომელიმე შორეულ ქვეყანაში შიმშილობს. წარმოსახვით ექსპერიმენტში ნახსენები ძვირადღირებული ფეხსაცმელები შემოწირულობის ანალოგიას წარმოადგენს და თუკი ფეხსაცმლის ფასი უმნიშვნელოა, მაშინ ქველმოქმედებისთვისაც არ უნდა გენანებოდეთ ფული. სინგერის მსჯელობით, თუკი თქვენ წინ გასაჭირში მყოფ ბავშვს გადაარჩენდით, უნდა გადაარჩინოთ თქვენგან მოშორებით მყოფი ბავშვებიც. საამისოდ მან საქველმოქმედო ორგანიზაციაც შექმნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარება.

ცხადია, არსებობს საპირისპირო არგუმენტებიც. მათი უმეტესობა დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ ტბაში დახრჩობისთვის განწირული ბავშვი სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე მოშიმშილე ბავშვი და მათი ვითარებები განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, რაც შესაბამისად განსხვავებულ ვალდებულებებს გვაკისრებს.

ჭაობის ადამიანი

1987 წელს დონალდ დევიდსონმა მოიფიქრა წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელიც იდენტობაზე აჩენს კითხვებს.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თავის გზაზე მიმავალ ადამიანს მეხი დაეცა და მისი სხეული ნაწილებად დაშალა. იმავდროულად მეხი დაეცა ჭაობს და შედეგად მოლეკულები სპონტანურად აეწყვნენ იგივე კანონზომიერებით, როგორც ცოტა ხნის წინ დაღუპული ადამიანის სხეულში იყვნენ. ამ „ჭაობის ადამიანს“ აქვს იდენტური ტვინი, მეხსიერება, ქცევის თავისებურებები. ის აგრძელებს თავის საქმეს, დადის სამსახურში, ურთიერთობა აქვს მეგობრებთან და დაღუპული ადამიანისგან მისი გარჩევა შეუძლებელია. არის თუ არა ჭაობის ადამიანი და დაღუპული ადამიანი ერთი და იგივე პიროვნება?

დევიდსონის აზრით, არა. მისი მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად იდენტურები არიან და ვერავინ შეამჩნევს განსხვავებას, მათ არ აქვთ ერთნაირი წარსული და ამიტომ ერთი და იგივე პიროვნება ვერ იქნებიან. მაგალითად, ჭაობის ადამიანს ახსოვს გარდაცვლილის მეგობრები, თუმცა მათ აქამდე არ შეხვედრია. მათთან სხვა ადამიანს ჰქონდა ურთიერთობა და ჭაობის ადამიანს უბრალოდ მისი მოგონებები აქვს.

ზოგი არ ეთანხმება იმ დასკვნას, რომ ეს ორი ადამიანი სხვადასხვა პიროვნებაა. მათი აზრით, იდენტური გონების არსებობა ნიშნავს, რომ ეს ორი პიროვნებაც იდენტურია. სხვები, როგორიცაა მაგალითად ფილოსოფოსი დენიელ დენეტი, თვლიან, რომ მთელი ეს ექსპერიმენტი მოწყვეტილია რეალობას და ამიტომ მსჯელობას აზრი არ აქვს.

ეს ექსპერიმენტი პრობლემებს აჩენს ტელეპორტაციასთან მიმართებაში, რასაც ვხვდებით მაგალითად „ვარსკვლავურ გზაში“, და კომპიუტერში საკუთარი ტვინის ციფრული ასლის შექმნასთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში იქმნება ახალი „მე“ და ნადგურდება ძველი. მაგრამ არის თუ არა თქვენი მეორე ვერსია ისევ თქვენ?

თომსონის მევიოლინე

ამ ექსპერიმენტს ვხვდებით ჯუდით თომსონის 1971 წელს დაწერილ ესეში „აბორტის დაცვა“. ის წერს:

„დილით იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ საწოლში გვერდით გიწევთ უგონოდ მყოფი მევიოლინე. უგონოდ მყოფი ცნობილი მევიოლინე, რომელსაც თირკმლის მომაკვდინებელი დაავადება სჭირს. მუსიკის მოყვარულთა საზოგადოებამ თავი მოუყარა ყველა ხელმისაწვდომ სამედიცინო არქივს და აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ სისხლის ის ჯგუფი, რომელიც მას უშველის. შესაბამისად მათ გაგიტაცეს და გასულ ღამეს მევიოლინეს გულსისხლძარღვთა სისტემა თქვენსას დაუკავშირეს, რათა თქვენმა თირკმლებმა მისი სისხლიდან მომწამვლელი ნივთიერებები გამოდევნონ, ისევე როგორც თქვენი სისხლიდან. თუკი თქვენი სხეულები გაცალკევდება, ის დაიღუპება. თუმცა 9 თვეში ამ დაავადებისგან გამოჯანმრთელდება და თქვენს გარეშე არსებობას შეძლებს.“ ვალდებული ხართ, მუსიკოსს სიცოცხლე შეუნარჩუნოთ თუ შეგიძლიათ, მასთან კავშირი გაწყვიტოთ და სასიკვდილოდ გაწიროთ, რადგან ასე გსურთ?

თომსონი, რომელმაც რამდენიმე შესანიშნავი წარმოსახვითი ექსპერიმენტი მოიფიქრა, ამბობს, რომ არა. არა იმიტომ, რომ მევიოლინეს უფლებები არ გააჩნია, არამედ მას უფლება არ აქვს, გამოიყენოს თქვენი სხეული და მისი მეშვეობით შეინარჩუნოს სიცოცხლე. ამის შემდეგ თომსონი მსჯელობას აფართოებს და ამბობს, რომ ჩანასახსაც არ გააჩნია სხვა ადამიანის სხეულის გამოყენების უფლება და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მოშორება.

თუმცა თომსონი დელიკატურად მსჯელობს. ის არ ამბობს, რომ მევიოლინეს მოკვლის უფლება გაქვთ, არამედ შეგიძლიათ შეაჩეროთ ის თქვენი სხეულის გამოყენებისგან, რისი მეშვეობითაც ინარჩუნებდა სიცოცხლეს. შედეგი ანუ მევიოლინეს გარდაცვალება ცალკეული, თუმცა კავშირში მყოფი მოვლენაა, რომლის აცილების ვალდებულებაც არ გაგაჩნიათ.

შეუძლებელი დალაქი

დალაქს, რომელიც ამ საქმეში ერთადერთია, ერთგვარი თავისებურება ახასიათებს: ის პარსავს ყველა იმ ადამიანს, ვინც თვითონ არ იპარსავს და არ პარსავს მათ, ვინც თავად იპარსავს. პარსავს თუ არა დალაქი თავის თავს? დიდი დრო არ ჭირდება წინააღმდეგობის დანახვას: თუკი თავისით იპარსავს, მაშინ თავის თავს არ უნდა პარსავდეს. თუ თავისით არ იპარსავს, უნდა პარსავდეს. ასეთი დალაქი ვერ იარსებებს.

შეუძლებელი დალაქის პარადოქსს ხშირად იყენებენ უფრო აბსტრაქტული თავსატეხის საილუსტრაციოდ, რომელიც რასელის პარადოქსის სახელით არის ცნობილი. 1901 წელს მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ბერტრან რასელი იკვლევდა სიმრავლეთა თეორიას, რომელიც ნებისმიერ ობიექტთა ნაკრების განსაზღვრასა და თვისებებს შეისწავლის. იმ პერიოდში სიმრავლეთა თეორიის ერთ-ერთი მთავარი იდეა ის იყო, რომ ყოველ განსაზღვრულ თვისებას შეესაბამება სათანადო სიმრავლე. მაგალითად, არსებობს მწვანე საგანთა სიმრავლე და 4-ისგან განსხვავებულ რიცხვთა სიმრავლე. ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ სიმრავლეთა სიმრავლე: მაგალითად, ყველა იმ სიმრავლეთა სიმრავლე, რომლებიც ზუსტად ორ ელემენტს შეიცავენ. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა განვიხილავთ სიმრავლეთა ისეთი სიმრავლის არსებობას, რომელიც თავის თავს არ შეიცავს — დალაქის მსგავსად, ეს შეუძლებელი ჩანს.

პარადოქსმა იმ პერიოდის მათემატიკური მსჯელობის წინააღმდეგობები გამოააშკარავა, რამაც რასელსა და სხვებს აიძულა, მათემატიკისთვის უფრო რთული ლოგიკური საფუძველის შექმნა ეცადათ. რასელის მიდგომა ის იყო, რომ მათემატიკური ობიექტები სხვადასხვა „ტიპების“ იერარქიას მიეკუთვნებიან, სადაც თითოეული ტიპი მხოლოდ უფრო დაბალი ტიპის ობიექტებისგან შედგება. ტიპთა თეორია შემდგომში გამოიყენეს კომპიუტერული პროგრამირების ენების შესაქმნელად და ამის შედეგად შეცდომების (ბაგების) წარმოქმნის ალბათობა შემცირდა. თუმცა ეს არ წარმოადგენს პრობლემის საბოლოო გადაჭრას – 1 საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მათემატიკოსები ისევ კამათობენ რასელის პარადოქსის პასუხზე.

გალილეოს ბურთები

გალილეო შესაძლოა სულაც არ აგდებდა ბურთებს პიზის კოშკის სახურავიდან, როგორც ამას ლეგენდა გვიამბობს. თუმცა მან ნამდვილად მოიფიქრა მარტივი წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელმაც გრავიტაციის შესახებ მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანა. აიღეთ სხვადასხვა წონის მქონე ორი საგანი, ერთი მსუბუქი და ერთიც მძიმე. არისტოტელეს თანახმად, მძიმე ობიექტი უფრო სწრაფად დაეცემა, ხოლო მსუბუქი უნდა ჩამორჩეს. მაშინ თუკი ამ ორ საგანს გადავაბამთ, უფრო ნელა დაეცემიან, ვიდრე მხოლოდ მძიმე სხეული, რადგან მსუბუქი სხეული მისი ვარდნის პროცესს შეანელებს. მეორე მხრივ, ერთად უფრო მეტს იწონიან, ამიტომ უფრო სწრაფად უნდა ეცემოდნენ. საბოლოოდ, უფრო სწრაფად დაეცემიან თუ უფრო ნელა?

გალილეო მიხვდა, რომ გრავიტაციული ველით გამოწვეული აჩქარება საგნის მასაზე არ არის დამოკიდებული. ეს გადამწყვეტი აღმოჩენა გახლდათ ფიზიკის მეცნიერებისთვის, რომელიც ამ დროს იწყებდა განვითარებას. მის გარეშე ნიუტონიც ვერ ჩამოაყალიბებდა მოძრაობისა და მსოფლიო მიზიდულობის კანონებს. უფრო მეტიც, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ეფუძნება ექვივალენტობის პრინციპს, ანუ იდეას, რომ გრავიტაცია და აჩქარება არსებითად ერთნაირ ეფექტებს იწვევენ.

ნიუტონის ქვემეხი

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ გიგანტური ქვემეხი, რომელიც დადგით მაღალი მთის წვერზე, ისე რომ ატმოსფეროზე მაღლა დგას და ჰორიზონტალურად გაისროლეთ. შესაძლოა უპასუხისმგებლო, თუმცა ყურადსაღები ქმედებაა. თუკი გასროლა დაბალი სიჩქარით მოხდა, გრავიტაცია ჭურვს მიიზიდავს და რკალის ფორმის ტრაექტორიით დედამიწის ზედაპირზე დააგდებს. თუკი დენთს დაამატებთ, ბირთვი სწრაფად გავარდება წინ და რკალურ ტრაექტორიაზე მოგვიანებით გადავა, დაცემის ადგილიც უფრო შორს იქნება. საკმარისად სწრაფად გასროლის შემთხვევაში ჭურვის ტრაექტორია მიწას საერთოდ არ დაუკავშირდება – დედამიწას გარს შემოუვლის და უკნიდან დაგეჯახებათ.

ეს წარმოსახვითი ექსპერიმენტი დაეხმარა ნიუტონს, ეჩვენებინა, რომ გრავიტაცია უნივერსალური ძალაა: ძალა, რომელიც ქვემეხის ჭურვებსა და ვაშლებს დედამიწის ზედაპირისკენ ექაჩება, ასევე ხსნის, რატომ მოძრაობს მთვარე დედამიწის გარშემო და დედამიწა მზის გარშემო.

დღესდღეობით უნივერსალური ძალების ცნება ჩვენთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. უკვე ვიცით, რომ შორეული ვარსკვლავები ბირთვული ძალებიდან იღებენ ენერგიას და ეგზოპლანეტები შეიძლება მაგნიტური იყოს. მაგრამ ნიუტონამდე არ ჰქონიათ იმის მოლოდინი, რომ ციური სამყარო იგივე კანონებით იმართებოდა, როგორითაც დედამიწა. ნიუტონის ქვემეხმა ამ წარმოდგენებს ბოლო მოუღო.

აქილევსი და კუ

25 საუკუნის წინ ბერძენი ფილოსოფოსი ზენონ ელეელი შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ მოძრაობა ილუზიაა. მის ერთ-ერთ პარადოქსში ფეხმარდი აქილევსი მისდევს კუს, რომელსაც მცირე ფორა ჰქონდა. ზენონი ირწმუნებოდა, რომ აქილევსი ვერასდროს დაეწევა კუს, რადგან თავდაპირველად უნდა მიაღწიოს იმ მიჯნას, საიდანაც კუმ დაიწყო მოძრაობა. თუმცა ამასობაში კუმ გარკვეული მანძილი გაიარა და ახალ ნიშნულს მიაღწია. ამიტომ აქილევსს შემდეგ ამ მანძილის დაფარვა მოუწევს, რა დროსაც კუ ისევ მოშორებით იქნება ახალ პოზიციაზე. „დიქოტომიის პარადოქსი“ უფრო ზოგადია: ნებისმიერი მანძილის დასაფარად ჯერ ამ მანძილის ნახევარი უნდა გაიაროთ, შემდეგ დარჩენილის ნახევარი, კიდევ დარჩენილის ნახევარი და ასე შემდეგ უსასრულოდ. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს დანიშნულების ადგილს ვერასდროს მიაღწევთ, მიუხედავად იმისა, რამხელაა დასაფარი მანძილი ან რამდენად სწრაფად მოძრაობთ.

მას შემდეგ მათემატიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ თუმცა ამ პარადოქსზე მსჯელობას უსასრულო დრო ჭირდება, მოძრაობის შემთხვევაში სულაც არაა ასე საქმე. მაგალითად, ვიცით, რომ უსასრულო მწკრივები შეიძლება სასრულ რიცხვამდე იკრიბებოდეს. თუკი გაქვთ წილადთა უსასრულო მწკრივი, რომელიც იწყება ½-ით და ემატება წევრები, რომელთაგან ყოველი მათგანი წინაზე ორჯერ ნაკლებია (½ + ¼ +⅛+1⁄16…), მისი ჯამი იქნება 1. მათემატიკის გამოყენებით დავინახავთ, რომ აქილევსის მიერ ყოველ ჯერზე გავლილი მანძილი უსასრულო გეომეტრიული მწკრივის წევრებს წარმოადგენს და სასრულ შედეგამდე იკრიბება. ასე რომ მოძრაობა სულაც არ ყოფილა ილუზია.

ჩინური ოთახი

შეიძლება კომპიუტერს ცნობიერება ჰქონდეს? კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ სიორლი ასეთ ექსპერიმენტს გვთავაზობს: დავუშვათ, ხელოვნური ინტელექტის კვლევა იმ დონეზე განვითარდა, რომ შეიქმნა კომპიუტერი, რომელიც ჩინური ენის მცოდნე ადამიანივით იქცევა. ჩვენ მიერ შეყვანილი ჩინური იეროგლიფების საპასუხოდ, პროგრამის ინსტრუქციის გამოყენებით, გვიჩვენებს სხვა იეროგლიფებს. ვთქვათ, კომპიუტერი ისე დამაჯერებლად აკეთებს ამას, რომ ტიურინგის ტესტის ჩაბარებაც შეუძლია: ჩინურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს დაარწმუნებს, რომ კონტაქტი აქვს სხვა ადამიანთან, რომელიც ასევე ფლობს ჩინურ ენას. ყველა კითხვაზე სათანადო პასუხს იძლევა, ისე რომ ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჩნდება.

სიორლი სვამს კითხვას: ესმის თუ არა რეალურად ამ მანქანას ჩინური ენა? თუ უბრალოდ ჩინურის გაგების სიმულაციას ახდენს? სიორლის აზრით, პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს „ძლიერ ხელოვნურ ინტელექტთან“, ხოლო მეორე შემთხვევაში „სუსტ ხელოვნურ ინტელექტთან“.

ამის შემდეგ სიორლი ასეთ სიტუაციას წარმოგვიდგენს: ის ჩაკეტილ ოთახში ზის და ხელთ აქვს ზემოთხსენებული კომპიუტერული პროგრამის ინგლისური ვერსიის სახელმძღვანელო, ასევე საკმარისი რაოდენობის ქაღალდები, ფანქრები, საშლელები და დოკუმენტების შესანახი კარადები. კარში არსებული ღრიჭოდან სიორლი ქაღალდზე დაწერილ ჩინურ იეროგლიფებს იღებს, პროგრამის ინსტრუქციის გამოყენებით ამუშავებს ინფორმაციას და საპასუხოდ წერს შესაბამის იეროგლიფებს, თან ისე რომ არცერთი იეროგლიფის მნიშვნელობა არ ესმის. თუკი კომპიუტერმა შეძლო ამ გზით ტიურინგის ტესტის გავლა, ადამიანმაც უნდა მოახერხოს იგივეს გაკეთება პროგრამის სახელმძღვანელოს გამოყენებით, ამბობს სიორლი.

სიორლი ასკვნის, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანისა და კომპიუტერის როლებს შორის არსებითი განსხვავება არ არის. ორივე მათგანი პროგრამის ინსტრუქციებს მიყვება ნაბიჯ-ნაბიჯ და ისე იქცევა, რომ მომხმარებელი ამას მოაზროვნე მოსაუბრის მტკიცებულებად იღებს. მაგრამ რადგან სიორლს საუბრის აზრი არ ესმის ჩინური ენის არცოდნის გამო, არც კომპიუტერს უნდა შეეძლოს გაგება. ხოლო გააზრებისა და განზრახვის გარეშე მანქანის ქმედებას არ უნდა ვუწოდოთ „ფიქრი“, რადგან მას არ გააჩნია გონება. ამ მსჯელობის საფუძველზე სიორლი მიდის დასკვნამდე, რომ „ძლიერი ხელოვნური ინტელექტის“ ჰიპოთეზა მცდარია.

სიორლის დასკვნებს ბევრი არ ეთანხმება. ზოგი თვლის, რომ თუმცა სიორლმა ჩინური არ იცის, ის ხდება უფრო დიდი სისტემის ნაწილი, რომელშიც შედის სახელმძღვანელოები და ამ სისტემას ესმის ჩინური. სხვა ინტერპრეტაციის თანახმად, სიორლის იდეები უბრალოდ ხაზს უსვამს „სხვათა გონების“ საიდუმლოებას: რომ დაზუსტებით ვერ გეცოდინებათ, კომპიუტერს, პინგვინს ან თქვენი კარის მეზობელს ისეთივე ცნობიერება აქვს თუ არა, როგორც თქვენ. თუნდაც ჩინური ოთახის ექსპერიმენტი ვერ გამორიცხავდეს ძლიერი ხელოვნური ინტელექტის არსებობას, მასზე ფიქრი შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში, რა არ ვიცით ცნობიერების შესახებ.

მოგზაურობა სინათლის სხივით

თავის ავტობიოგრაფიულ შენიშვნებში ალბერტ აინშტაინი გვიამბობს, როგორ წარმოიდგენდა ხოლმე 16 წლის ასაკში სინათლის სხივთან ერთად მოგზაურობას. თუკი ფეხის აყოლებას შეძლებთ, სინათლე უძრავად უნდა გამოჩნდეს. მისი მერხევი ელექტრული და მაგნიტური ველები უმოძრაო გახდება. მაგრამ ეს შეუძლებელი ჩანს. ჯეიმს კლარკ მაქსველის განტოლებები, რომლებიც ელექტრომაგნიტური ველების რხევებს აღწერს, ამას გამორიცხავს. ამასთან, უძრავი სინათლე ნამდვილად არასდროს გვინახავს.

„ამ პარადოქსში ფარდობითობის სპეციალური თეორიის მარცვლის დანახვა ადვილია“, წერდა აინშტაინი 1947 წელს. ის მიხვდა, რომ სინათლე ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს მიუხედავად იმისა, რა სიჩქარით გადაადგილდებით. სინათლის სიჩქარეს ძალიანაც რომ მიუახლოვდეთ, სხივი თქვენგან ისევ სინათლის სიჩქარით გავრცელდება. ამ იდეამ საბოლოოდ აინშტაინს უბიძგა, სამყარო ახლებურად დაენახა და სპეციალური ფარდობითობის განტოლებები ჩამოაყალიბა. ამას მოყვა გასაოცარი აღმოჩენები, რომ დრო ფარდობითია და უძრავი მატერია უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას შეიცავს.

ლაპლასის დემონი

წარმოიდგინეთ არსება, რომელმაც სამყაროში ყველა ნაწილაკის ადგილმდებარეობა და მოძრაობა იცის. მან ასევე იცის ფიზიკა და მისი გონება ისე სწრაფად მუშაობს, რომ შეუძლია გამოითვალოს, ეს ნაწილაკები რა ძალებით მოქმედებენ ერთმანეთზე და როგორ ცვლიან ერთმანეთის მოძრაობას. შეუძლია თუ არა ამ გონიერ არსებას, რომელიც პიერ ლაპლასმა აღწერა 1814 წელს, ყველაფრის მომავალი დაინახოს?

„ლაპლასის დემონი“, როგორც ეს ექსპერიმენტი გახდა ცნობილი, დეტერმინიზმის იდეას იკვლევს. მიზეზშედეგობრივი დეტერმინიზმის თანახმად, ყველა მოვლენა მანამდე მომხდარი მოვლენების ლოგიკური შედეგია. წარსული ქმნის აწმყოს და აწმყო მომავლის მიზეზი ხდება. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, წინასწარგანსაზღვრულია და თავისუფალი ნება არ გაგვაჩნია. ყველა მოვლენა დროის დასაწყისშივე იყო განსაზღვრული.

კლასიკური ფიზიკის ფარგლებში დემონს ხელს ვერაფერი შეუშლის. მას აქვს ცოდნა სამყაროს ყველა ნაწილაკზე და ბუნების ყველა ძალაზე ერთ კონკრეტულ მომენტში, შესაბამისად ფიზიკის კანონების ცოდნის საფუძველზე ნებისმიერ მოვლენას იწინასწარმეტყველებს წარსულსა და მომავალში. თუმცა ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ფიზიკის დარგში ბევრი ფუნდამენტური აღმოჩენა გაკეთდა და სამყაროზე წარმოდგენაც შეიცვალა, შესაბამისად ლაპლასის დემონის სერიოზული კონტრარგუმენტებიც გაჩნდა.

1986 წელს წიგნში „ზრდა და განვითარება“ პროფესორმა რობერტ ულანოვიჩმა აღნიშნა, რომ ლაპლასის დემონს ბოლო მოეღო მე-19 საუკუნეში, როცა შეუქცევადობისა და ენტროპიის ცნებები დამკვიდრდა. თერმოდინამიკის მეორე კანონმა შემოიტანა ენტროპიის კონცეფცია. ეს არის უწესრიგობის ზომა და სამყაროს ენტროპია ყოველთვის იზრდება. შესაბამისად, უწესრიგობის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ნებისმიერი სიზუსტით წინასწარმეტყველება. ლაპლასის დემონს ასევე უნდა შეეძლოს აწმყოზე დაფუძნებით წარსულის განსაზღვრა. თუმცა თერმოდინამიკური შეუქცევადობის ცნება ამას გამორიცხავს. თერმოდინამიკური შეუქცევადობა ნიშნავს, რომ სისტემა და მისი გარემო პირვანდელ მდგომარეობაში ვერ დაბრუნდება და სამყაროში მომხდარ მოვლენათა უმეტესობა სწორედ ასეთია. შეუძლებელი ხდება, ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაყრდნობით ზუსტად განსაზღვროთ, როგორი იყო საწყისი პირობები.

ლაპლასის დემონის კიდევ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე კვანტური მექანიკაა, რომელსაც სამყაროს არადეტერმინისტული ხედვა აქვს. კვანტური ფიზიკის კანონების თანახმად, სუბატომური ნაწილაკები კლასიკური მექანიკის კანონებს არ ემორჩილებიან. თქვენ მათ ქცევას ვერ იწინასწარმეტყველებთ, მხოლოდ გარკვეული ალბათობით შეგიძლიათ პროგნოზის გაკეთება. ჩვენი დემონი კი ზუსტ ცოდნას უნდა ფლობდეს, ამიტომ პრობლემა თვითცხადია. ყველაზე დიდ დარტყმას კი ამ პარადოქსს ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი აყენებს: ჩვენ ვერ გვეცოდინება ერთდროულად ნაწილაკის პოზიციაც და სიჩქარეც. არა იმიტომ, რომ სათანადო ტექნოლოგია არ გაგვაჩნია, არამედ ეს თავად ბუნების მიერ დაწესებული შეზღუდვაა, რადგან კვანტურ დონეზე ყველაფერს ტალღის თვისებები აქვს. შესაბამისად, ვერც დემონს ექნება ზუსტი ცოდნა, რათა რამე იწინასწარმეტყველოს.


______________________
გამოყენებული ლიტერატურა:

Big Think

Science ABC

New Scientist

One thought on “წარმოსახვითი ექსპერიმენტები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s