ნასამ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის 32 წლისთავი ერთ კადრში მოქცეული 5 გალაქტიკის შთამბეჭდავი გამოსახულების გამოქვეყნებით აღნიშნა. გალაქტიკათა ამ ერთობლიობას „ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფი 40“ ეწოდება.
ეს ჯგუფი მოიცავს 3 სპირალურ გალაქტიკას, ელიფსურ გალაქტიკას და ლინზისებრ გალაქტიკას. ამ განსხვავებული ტიპის გალაქტიკების ევოლუციური გზა როგორღაც გადაიკვეთა და შედეგად გალაქტიკებით მდიდარი რეგიონი ჩამოყალიბდა.
გალაქტიკათა ჯგუფი ისე მჭიდროდაა განლაგებული, რომ ირმის ნახტომის ვარსკვლავურ დისკზე დაახლოებით ორჯერ მეტი დიამეტრის სივრცულ რეგიონში თავსდება (220 000 სინათლის წელი).
ასეთი მყუდრო დაჯგუფებები გალაქტიკათა უზარმაზარი გროვების ცენტრში გვხვდება, თუმცა „ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფი 40“ ასეთი გროვებისგან იზოლირებულია და განცალკევებით უჭირავს სამყაროს პატარა მონაკვეთი ჰიდრას თანავარსკვლავედის მიმართულებით.
ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ ამ გალაქტიკების სიახლოვეს დიდი რაოდენობით ბნელი მატერიაა (მატერიის უცნობი და უხილავი ფორმა). გალაქტიკების ერთმანეთთან მიახლოებისას ბნელი მატერია წარმოქმნის ფართო ღრუბელს, რომელშიც ისინი მოძრაობენ ორბიტაზე. ბნელ მატერიაში გზის გაკვლევისას გრავიტაციული ეფექტების გამო გალაქტიკები წინაღობის ძალას გრძნობენ. ეს მათ მოძრაობას ანელებს და თანდათანობით ენერგიას კარგავენ, ამიტომ ადგილი აქვს მათ თავმოყრას.
შესაბამისად, ამ კადრზე დაფიქსირებულია გალაქტიკების ევოლუციური გზის განსაკუთრებული მომენტი. დაახლოებით 1 მილიარდ წელიწადში ისინი ერთმანეთს შეეჯახებიან და გიგანტურ ელიფსურ გალაქტიკას წარმოქმნიან.
ასტრონომებს გალაქტიკების ეს კომპაქტური ჯგუფი არამარტო ხილული სინათლის, არამედ რადიო, ინფრაწითელი და რენტგენის ტალღებშიც აქვთ შესწავლილი. თითქმის ყველა გალაქტიკას ბირთვში რადიოგამოსხივების კომპაქტური წყარო აქვს, რაც შესაძლოა ზემასიური შავი ხვრელების არსებობის მტკიცებულება იყოს. რენტგენული დაკვირვებები აჩვენებს, რომ გალაქტიკებს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედებაა, რისი მიზეზიც მათ შორის რეგიონებში დიდი რაოდენობით ცხელი აირის არსებობაა. ინფრაწითელ სპექტრში დაკვირვება გარკვეულ მინიშნებებს იძლევა ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის ტემპზე.
ბოლო ათწლეულებში ცის გამოკვლევისას 100-ზე მეტი ასეთი კომპაქტური ჯგუფი შეიტანეს ციურ სხეულთა კატალოგებში, თუმცა „ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფი 40“ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროა. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ასეთი მჭიდრო ჯგუფები შესაძლოა უფრო ხშირი იყო სამყაროს ადრეულ პერიოდში და კვაზარად ცნობილი შავი ხვრელების ენერგიის წყაროს წარმოადგენდნენ, რა დროსაც ზემაღალ ტემპერატურაზე გახურებული მატერია კოსმოსის ყველა მიმართულებით ასხივებდა. ასეთი დაჯგუფებების დეტალური შესწავლა ასტრონომებს ეხმარება, მეტი გაიგონ, როდის და სად ჩამოყალიბდნენ გალაქტიკები და როგორია მათი შემადგენლობა.
ჰაბლი დედამიწის ორბიტაზე ნასას კოსმონავტებმა გაუშვეს კოსმოსური შატლის „დისკავერის“ გამოყენებით 1990 წლის 25 აპრილს. ტელესკოპმა დღემდე 50 000 კოსმოსურ ობიექტზე ჯამში 1.5 მილიონი დაკვირვება განახორციელა. ცოდნის ეს საგანძური საჯაროდ არის ხელმისაწვდომი კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიკულსკის სახელობის არქივში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში.
ჰაბლის უნიკალური შესაძლებლობა, სამყაროს დააკვირდეს ოპტიკურ და ულტრაიისფერ დიაპაზონში, მნიშვნელოვანი დანამატი იქნება ახლახანს გაშვებული ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელი დაკვირვებებისთვის. ეს უკანასკნელი კოსმოსზე დაკვირვებას ამ ზაფხულში დაიწყებს.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ნასასა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლობითი პროექტია. ტელესკოპს მართავს ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრი, რომელიც მერილენდის ქალაქ გრინბელტში მდებარეობს. კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტი ჰაბლის სამეცნიერო მუშაობას მეთვალყურეობს.
წყარო: NASA