სტალინის ომი გენეტიკის წინააღმდეგ

Soviet Poster
1922 წელს შექმნილი საბჭოთა პლაკატი.
წარწერა ზემოთ: „გაუმარჯოს დიდი პროლეტარული რევოლუციის ხუთ წლისთავს!“
წარწერა მარჯვნივ: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“
წარწერა მარცხნივ: „კომუნისტური ინტერნაციონალის მეოთხე ყრილობა“

1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ახალმა პოლიტიკურმა სისტემამ იდეოლოგია და პრაქტიკული შედეგები ყველაფერზე, მათ შორის მეცნიერულ ფაქტებზე, მაღლა დააყენა. ყველაზე კარგად ეს გამოჩნდა სოფლის მეურნეობაში, სადაც მნიშვნელოვანი იყო მეტი საკვების წარმოება ნებისმიერი საშუალებით. ამას ტრაგიკული შედეგი მოყვა საბჭოთა მოსახლეობისა და ნიკოლოზ ვავილოვისთვის, რომელიც რუსეთის უდიდესი გენეტიკოსი გახლდათ. ვავილოვის ბედის გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა ტროფიმ ლისენკომ, რომელმაც პოლიტიკური მანიპულაციებითა და ინტრიგებით მოახერხა საბჭოთა გენეტიკის სათავეში ჩადგომა.

ვავილოვი 1887 წელს დაიბადა შეძლებულ ბურჟუაზიულ ოჯახში. 1906 წელს პეტროვსკაიას სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (შემოკლებით პეტროვსკა) დაიწყო სწავლა. ეს აკადემია ერთ-ერთი იყო იმ მრავალ სამეცნიერო დაწესებულებას შორის, რომლებიც 1892 წლის გამანადგურებელი შიმშილობის შემდეგ დაარსდა. რუსეთი თავისი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით ბევრად ჩამორჩებოდა ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რეფორმის მცდელობები კი წარუმატებლად სრულდებოდა. ვავილოვმა მიზნად დაისახა, ემუშავა „ღარიბების, ჩემი ქვეყნის დამონებული კლასის, სასარგებლოდ, რათა მათი ცოდნის დონე ამაღლებულიყო“. ამ პირობას ვავილოვი სიცოცხლის მანძილზე მტკიცედ იცავდა.

Vavilov
ნიკოლოზ ვავილოვი

 სწავლის დასრულების შემდეგ ვავილოვი 1 წლის განმავლობაში იკვლევდა ხორბალს რობერტ რეგელთან ერთად სანქტ-პეტერბურგში მდებარე გამოყენებითი ბოტანიკის ბიუროში, შემდეგ კი 2 წელი გაატარა სხვადასხვა ევროპული ლაბორატორიების მონახულებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია უილიამ ბეტსონთან სტუმრობა კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში. ბეტსონი გრეგორ მენდელის შრომების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო შტრიხების მემკვიდრეობით გადაცემაზე, რაც 10 წლით ადრე ხელახლა აღმოაჩინეს კარლ კორენსმა და ჰუგო დე ფრიზმა. ბეტსონის პირველი წიგნი „მენდელის პრინციპები მემკვიდრეობაზე“ 1909 წელს გამოქვეყნდა. ბეტსონის ენთუზიაზმი გადამდები აღმოჩნდა: ვავილოვმა თავისი ცხოვრებისეული შრომა დააფუძნა მენდელის პრინციპებსა და მათ განვითარებაზე, რაშიც მანამდე სხვა მეცნიერებთან ერთად დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი ტომას ჰანტ მორგანს. ბეტსონმა მანამდე, 1886 წელს, რუსულ სტეპებში ექსპედიცია ჩაატარა, რათა გამოეკვლია გარემოსა და სახეობების ცვალებადობას შორის კავშირი. შესაძლოა, სწორედ ეს იყო შთაგონება ვავილოვისთვის, ჩაეტარებინა მსგავსი ექსპედიციები მარცვლეული კულტურების ისეთი სახეობების აღმოსაჩენად, რომლებიც თავიანთი შტრიხების გამო კარგად მოერგებოდნენ ამა თუ იმ გარემოს, როგორიცაა მაგალითად მშრალი ან ცივი რეგიონები.

რუსეთში, პეტროვსკაში დაბრუნების შემდეგ ვავილოვს დაავალეს, გამოეკვლია, რატომ ავადდებოდნენ ჯარისკაცები სპარსეთის ფრონტზე პურის ჭამის შედეგად. ვავილოვმა ეს შემთხვევა გამოიყენა და პამირის მთების მკაცრ კლიმატს შეგუებული სხვადასხვა მცენარეების შეგროვება დაიწყო იმის იმედით, რომ შესაძლებელი გახდებოდა ამ ამტანი მცენარეების გამოზრდა ჩრდილოეთ რუსეთში, რათა მოსახლეობას მეტი საკვები ჰქონოდა. ვავილოვს მრავალი სიძნელის გადატანა მოუწია ასეთ შორეულ რეგიონში მოგზაურობისას. დღესდღეობით მსგავსი რამ წარმოუდგენელია დათბუნებული ქურთუკების, მობილური ტელეფონებისა და თანამგზავრული ნავიგაციის გარეშე.

პამირებიდან 1916 წელს დაბრუნებულ ვავილოვს რუსეთი პოლიტიკურ ალიაქოთში დახვდა გახვეული. 1917 წლის მარტში ტახტიდან გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II, ოქტომბრის რევოლუციისას კი ბოლშევიკებმა ჩამოაგდეს დროებითი ხელისუფლება, რასაც სამოქალაქო ომი მოყვა. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, ვავილოვის კარიერა ნაყოფიერად ვითარდებოდა — მას სრული პროფესორის სტატუსი მიენიჭა სარატოვის უნივერსიტეტში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 700 კმ-ში, მდინარე ვოლგის სანაპიროზე მდებარე დიდ ქალაქში. 1929 წელს ლენინის სახელობის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის პრეზიდენტად დაინიშნა და მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში.

ვავილოვი მხარს უჭერდა მოსაზრებას, რომ მცენარეთა ყველა სახეობას გააჩნდა თავისი წარმოშობის ადგილი და სწორედ ამ ადგილებშია მათი ყველაზე დიდი მრავალფეროვნება.  ხორბლისთვის ეს რეგიონი იქნებოდა ახლო აღმოსავლეთი, ყავისთვის – ეთიოპია, სიმინდისთვის – ცენტრალური ამერიკა და ა.შ. ამის გამო ვავილოვმა წლების მანძილზე მრავალი ექსპედიცია ჩაატარა ავღანეთში, ეთიოპიაში, ერიტრეაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეძებდა დაავადებებისადმი მედეგ და არასახარბიელო გარემო პირობებთან შეგუებულ მცენარეებს, რომელთა საშუალებითაც რუსეთში სასოფლო-სამეურნეო მოსავალი გაიზრდებოდა. ამას განსაკუთრებულ აუცილებლობად თვლიდა საბჭოთა სოფლის მეურნეობის კატასტროფული მარცხის შემდეგ, რაც 1929 წელს დაწყებულ მიწისა და მეურნეობების გაერთიანებას, ე.წ. კოლექტივიზაციას მოჰყვა.

ვავილოვმა 5 კონტინენტის 50 ქვეყანაში იმოგზაურა და თავი მოუყარა კულტურული მცენარეებისა და მათი მონათესავე სახეობების 250 000-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის თესლს, რაც იმ დროს მსოფლიოში უდიდეს კოლექციას წარმოადგენდა. მუყაითად მშრომელი ვავილოვი სხვა ახალგაზრდა მეცნიერებსაც აქეზებდა, აქტიურად ჩართულიყვნენ საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დაპურების საქმეში. მისი, როგორც ქვეყნის წამყვანი მცენარეთა გენეტიკოსის სტატუსისა და საერთაშორისო რეპუტაციის გათვალისწინებით, ვავილოვი 1930 წელს დანიშნეს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორად. სულ რაღაც 6 წლის შემდეგ ვავილოვის სახელი ლაფში ამოისვარა.

ვავილოვის მეტოქე ტროფიმ ლისენკო 1898 წელს დაიბადა გლეხების ოჯახში. განათლება სოფლის მეურნეობისა და მეხილეობის პროფესიულ სკოლაში მიიღო, რაც იმ დროს ღარიბი ფენისთვის უჩვეულო გახლდათ. წერა-კითხვის არასათანადოდ განვითარებულ უნარებს ძლიერი მეხსიერებით აბალანსებდა. ამბიციურ ლისენკოს მიზნად ჰქონდა დასახული, საბჭოთა მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეეტანა. მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1927 წელი, როცა გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც განხილული იყო მისი შრომა, თუ როგორ იცვლებოდა თესლის გაღვივების დრო, თუკი მანამდე გარკვეული პერიოდით ცივი ტემპერატურის გარემოში იქნებოდა. ამას იაროვიზაცია ეწოდება. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ ლისენკო ხალხისთვის შრომობდა განსხვავებით სხვა მეცნიერებისგან, რომლებიც გასართობად იკვლევდნენ „ბუზების თმიან ფეხებს“, მისი პროგრესული მეთოდით კი ნათესები ნაყოფიერდებოდა სასუქებისა და ნებისმიერი დანამატების გარეშე. ლისენკო თავის თავს უწოდებდა იაროვიზაციის აღმომჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა 1858 წლიდან იყო ცნობილი და ხაზს უსვამდა, რომ ამით აღმოიფხვრებოდა საბჭოთა კავშირის საკვების ქრონიკული უკმარისობა.

Lysenko
ტროფიმ ლისენკო ზომავს ხორბლის ზრდის ტემპს კოლექტიური მეურნეობის მიწაზე უკრაინის ქალაქ ოდესაში.

ლისენკო საბჭოთა მარქსისტულ იდეოლოგიას უსადაგებდა მცენარეებსა და ცხოველებს და აცხადებდა, რომ მათ მხოლოდ გარემო აყალიბებდა. მისი რწმუნებით, შესაძლებელი იყო მცენარეების ისე „გაწვრთნა“, რომ რამდენიმე თაობის იაროვიზაციის შემდეგ გაღვივების შემცირებული პერიოდი მემკვიდრეობით შტრიხად იქცეოდა. ეს შეხედულება გახლდათ ლამარკიზმის ერთ-ერთი ფორმა, ანუ შეძენილი მახასიათებლის მემკვიდრეობით გადაცემა. ლამარკიზმს საფუძველი გამოეცალა გენეტიკის ფუძემდებლის გრეგორ მენდელის შრომებით, გადამწყვეტი კი ის მომენტი აღმოჩნდა, როცა ავგუსტ ვაისმანმა ერთმანეთისგან მკვეთრად განასხვავა სასქესო და სომატური უჯრედები. გენეტიკის გადმოსახედიდან ლისენკოს ეს ხმაურიანი განცხადებები ისეთივე უსაფუძვლო იყო, როგორც მაგალითად კატას რომ კუდი მოკვეთოთ და იმის მოლოდინი გქონდეთ, რომ უკუდო კნუტებს გააჩენს. 1948-1953 წლებში, როცა საბჭოთა ბიოლოგიაზე სრული ძალაუფლება ჰქონდა, ლისენკო იმასაც კი ამბობდა, რომ სათანადო გარემო პირობებში გაზრდილი ხორბალი გარკვეული პერიოდის შემდეგ ჭვავს გამოისხამდა. ეს იმის თქმის ტოლფასია, რომ ველურ ბუნებაში მობინადრე ძაღლმა შეიძლება მელა გააჩინოს. მეტი დამაჯერებლობა რომ ჰქონოდა, ლისენკომ თავის თეორიას „მიჩურინიზმი“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი მეცნიერის, ივან მიჩურინის, ძირითად იდეებთან ამას საერთო არაფერი ჰქონდა.

ლისენკოს ფსევდომეცნიერული აზრები ამით არ ამოიწურებოდა – ის ასევე უარყოფდა დნმ-ისა და გენების არსებობას, ირწმუნებოდა, რომ მცენარეები ცხოველების მსგავსად ირჩევენ პარტნიორებს და რიგ შემთხვევებში სხვა მცენარეების გადასარჩენად თავსაც წირავენ. არცერთი ეს დასკვნა მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. მისი ექსპერიმენტები განმეორებადი არ გახლდათ (არსებობს ეჭვი, რომ შედეგებს აყალბებდა), შესაბამისად მის თეორიებს მეცნიერული საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავისი კარიერის მანძილზე პოლიტიკური ვითარების დახვეწილი მანიპულაციებით ლისენკო თანდათან დაწინაურდა საბჭოთა სამეცნიერო იერარქიაში. ის ორჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, გახდა ლენინის სახელობის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის პრეზიდენტი, მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს წევრი. ღარიბული ბავშვობის გამო ხალხი ლისენკოს „ფეხშიშველა მეცნიერს“ ეძახდა, რამაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა კომუნისტურ პარტიაში. მისი პორტრეტი ეკიდა საბჭოთა კავშირის სამეცნიერო დაწესებულებებში და სიტყვით გამოსვლამდე მომღერალთა გუნდი მის პატივსაცემად დაწერილ სიმღერას ასრულებდა სასულე ინსტრუმენტების თანხლებით.

1920-იანი წლების მიწურულს და 1930-იანი წლების დასაწყისში იოსებ სტალინმა ლისენკოს მხარდაჭერით აამოქმედა სოფლის მეურნეობის „მოდერნიზაციის“ სქემა. ხელისუფლებამ მილიონობით ადამიანს აიძულა, გაწევრიანებულიყვნენ კოლექტიურ, სახელმწიფოს მიერ მართვად მეურნეობებში. ამის შედეგი იყო მასიური მოუსავლიანობა და შიმშილი. სტალინმა კურსის შეცვლაზე უარი თქვა და ლისენკოს უბრძანა, მის რადიკალურ იდეებზე დაყრდნობით ახალი გეგმა შეემუშავებინა. ლისენკომ მეურნეები აიძულა, თესლები ძალიან ახლოს დაერგათ, რადგან მისი „სახეობათა სიცოცხლის კანონის“ თანახმად, ერთი და იგივე „კლასის“ მცენარეები ერთმანეთს არ ეჯიბრებოდნენ რესურსებისთვის ბრძოლაში. ასევე აკრძალა ყველანაირი სასუქისა და პესტიციდების გამოყენება.

ხორბალი, ჭვავი, კარტოფილი, ჭარხალი — ლისენკოს მეთოდებით გამოზრდილი მცენარეების დიდი ნაწილი კვდებოდა ან ლპებოდა. მასიურ შიმშილობაში, რომელმაც მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მთავარი დამნაშავე სტალინია, თუმცა ლისენკოს მეთოდებმა საკვების უკმარისობა გაახანგრძლივა და გააუარესა, რაზეც შემდეგი ფაქტი მიუთითებს: შიმშილობისგან ყველაზე მეტი ადამიანი დაიხოცა 1932-1933 წლებში, თუმცა 4 წლის შემდეგ, როცა 163-ჯერ მეტი სამეურნეო ფართობი მუშავდებოდა ლისენკოს მეთოდებით, მოსავალი კიდევ უფრო შემცირდა.

ლისენკოსა და „მენდელისტ-მორგანისტებს“ შორის კონფლიქტმა კულმინაციას მიაღწია 1936 წელს ლენინის სახელობის აკადემიაში გამართულ კონფერენციაზე. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკოსებმა მეცნიერული კრიტიკით გაანადგურეს ლისენკო, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა პრესამ გამარჯვებულად მაინც ლისენკო გამოაცხადა. გაძლიერდა ვავილოვზე პიროვნული თავდასხმები, ლისენკოს ავტორიტეტი კი კიდევ უფრო გამყარდა. საბჭოთა ადმინისტრაციის წევრი უფროსი მეცნიერები სტალინის დიდი წმენდის მსხვერპლთა რიგებში აღმოჩნდნენ. ზოგი დახვრიტეს, ზოგი საპატიმროში ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოამწყვდიეს, ზოგიც უბრალოდ „გაუჩინარდა“. დიდ წმენდას 1936-1938 წლებში შეეწირა დაახლოებით 1 მილიონი კონტრრევოლუციონერი და ე.წ. „ხალხის მტერი“, მათ შორის ლენინის სახელობის აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ მურალოვი და მისი ორი მოადგილე, რომლებიც დახვრიტეს. იგივე ბედი ეწია ამ დაწესებულების 9 სხვა აკადემიკოსს. მურალოვის ადგილი ლისენკომ დაიკავა და ვავილოვის ხელმძღვანელი გახდა. 1939 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კიდევ ერთი კონფერენცია გამართა გენეტიკის საკითხებზე. გამარჯვებულად ამჯერადაც ლისენკო გამოცხადდა.

ლისენკოიზმისგან საბჭოთა კავშირის მოკავშირე ქვეყნებიც დაზარალდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1950-იანი წლების ბოლოს დანერგა ლისენკოიზმი და შედეგად უარესი შიმშილობა მიიღო. სასოწარკვეთილი გლეხები ხის ქერქსა და ფრინველების განავალს ჭამდნენ, ბოლოს კი კანიბალიზმზეც გადავიდნენ. შიმშილისგან გარდაიცვალა ათობით მილიონი ადამიანი (სხვადასხვა შეფასებებით, ეს რიცხვი მერყეობს 15 მილიონიდან 55 მილიონამდე).

საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ ლისენკოს აქტიურად აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ბრიტანელი ბიოლოგი სიდნი ჰარლანდი აღნიშნავდა, რომ ლისენკო „ვერ ერკვევა გენეტიკისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ელემენტარულ პრინციპებში… ლისენკოსთან საუბარი იგივეა, დიფერენციალური კალკულუსის ახსნა სცადო იმ ადამიანისთვის, რომელსაც 12-ზე გამრავლება არ შეუძლია“. უცხოელთაგან წამოსულ კრიტიკას ლისენკო, ცხადია, უარყოფითად შეხვდა. ის აძაგებდა დასავლური სამყაროს „ბურჟუა“ მეცნიერებს და იმპერიალისტი მჩაგვრელების მსახურებად მოიხსენიებდა. განსაკუთრებით ვერ იტანდა დროზოფილების (ერთგვარი ბუზი) შესწავლის ამერიკულ პრაქტიკას, რამაც დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე გენეტიკის განვითარებაში. ასეთ გენეტიკოსებს ის „ბუზების მოყვარულებს და ხალხის მოძულეებს“ უწოდებდა. 1930-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის გენეტიკოსთა საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილს იკავებდა, ლისენკომ კი ამ პროგრესს ბოლო მოუღო და ზოგიერთი ცნობით, საბჭოთა ბიოლოგიის განვითარება 50 წლით შეაფერხა.

Lysenko Stalin
ტროფიმ ლისენკო კრემლში სიტყვით გამოსვლისას, 1935 წელი. მარჯვნივ იოსებ სტალინი.

რატომ ეპყრა საბჭოთა სოფლის მეურნეობის სადავეები ხელთ შარლატანს, რომლის გადაწყვეტილებებსაც კატასტროფული შედეგები მოჰქონდა? ლისენკოს იმიტომ ჰქონდა ამხელა მხარდაჭერა, რომ სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების პირობას დებდა, რაც გულზე მალამოდ ედებოდა საბჭოთა ხელისუფლებას იმ დროს, როცა ათასობით მოქალაქე შიმშილით იხოცებოდა. ლისენკო სტალინს პირდებოდა, რომ სასურველი ნიშან-თვისებების მქონე ხორბლისა და სხვა მარცვლეულების ახალი სახეობების გამოსაყვანად საკმარისი იყო 3 წელიწადი, რაც ვავილოვის მეთოდებისთვის საჭირო 10-12 წელზე ბევრად ნაკლები გახლდათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ლისენკოს შეხედულებები გენეტიკაზე სრულ თანხმობაში იყო სსრკ-ში იმ დროს გაბატონებულ დოგმასთან – მარქსი და ენგელსი მგზნებარე ლამარკისტები იყვნენ.

ექსპერტები თავიანთი განათლებისა და საზოგადოებრივი როლის გამო ბურჟუაზიას წარმოადგენდნენ და სახელმწიფო მათ ეჭვის თვალით უყურებდა. ამ დროს დომინირებდა პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანიც იყო ინტელიგენციის ჩანაცვლება დაწინაურებული გლეხებითა და პროლეტარიატის სხვა წევრებით, თუნდაც ისინი უსწავლელები და ახალი თანამდებობისთვის შეუფერებლები ყოფილიყვნენ. ლისენკო ამის მაგალითს წარმოადგენდა. ვავილოვი კი პირიქით, ღრმად განათლებული, მრავალ ქვეყანაში ნამყოფი მეცნიერი და მეწარმის შვილი იყო, რის გამოც ითვლებოდა, რომ უცხოური გავლენის ქვეშ ადვილად მოექცეოდა.

რატომ არ შეეწინაღმდეგა ვავილოვი ლისენკოს უფრო ადრე და უფრო აქტიურად? ვავილოვი მოქმედებდა სტუდენტობის დროინდელი პრინციპით, რომ მთავარი მიზანი საბჭოთა მოსახლეობის დახმარება იყო, ამიტომ მზად იყო, განეხილა ყველა შესაძლებლობა, თუნდაც ერთი შეხედვით არასარწმუნო, რასაც შეიძლებოდა სურსათის წარმოება გაეზარდა. ვავილოვი მოუწოდებდა მეცნიერებს, მათ შორის ლისენკოსაც, სხვადასხვა მიდგომა გამოეცადათ. ვავილოვი არ მოელოდა, რომ ლისენკო არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური წესებით იმოქმედებდა.

1948 წელს ლენინის სახელობის აკადემიაში ჩატარდა მორიგი სხდომა, რომელსაც მკვლევარები, აგრონომები, შინაური საქონლის სპეციალისტები, სამეურნეო დანადგარებზე მომუშავე ადამიანები და ეკონომისტები ესწრებოდნენ, ჯამში დაახლოებით 700 პირი. სტალინს იმდენად სურდა ლისენკოს გამარჯვება, რომ თავად შეადგინა სიტყვა, რომლითაც ლისენკო უნდა გამოსულიყო და ამ სიტყვაში ხაზი გაუსვა ლამარკისეული მსჯელობის სისწორეს. ოფიციალურ მოხსენებაში თანდართული წერილი ასე სრულდებოდა: „დიდება დიდ სტალინს! … პროგრესული მეცნიერების კორიფეს!“ ლისენკომ პირობა დადო, რომ მოსავალი 1 ჰექტარზე 15 ტონა იქნებოდა, როცა სტანდარტულად 1 ჰექტარი მიწა 700-800 კგ ნაყოფს იძლეოდა, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში კი 2 ტონას აღწევდა. ლისენკომ უარყო 1 სახეობის მცენარეებს შორის რესურსებისთვის ბრძოლის არსებობა, ასევე ყველანაირი იდეა, რაც „მენდელიზმ-მორგანიზმ-ვაისმანიზმს“ მიეკუთვნებოდა. აქვე გადაწყდა საბოლოოდ, რომ საბჭოთა მეცნიერები ე.წ. „ეროვნული მეცნიერების“ ერთგული უნდა ყოფილიყვნენ და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისგან იზოლირებულად განეგრძოთ საქმიანობა. მოგვიანებით ლისენკო და მისი მხარდამჭერები გენეტიკოსებს და მათ დარგს ამკობდნენ მეცნიერული დისკუსიებისთვის შეუფერებელი ეპითეტებით, როგორიცაა „ბუზების შემჯვარებლები“, „რეტროგრადები“, „იდეალისტური ფსევდობიოლოგია“, „ხალხის მტერი მეცნიერება“, „პრაქტიკაში მავნე თეორია“.

1f2 (1)
ტროფიმ ლისენკო (მარცხნივ) და სხდომაზე დამსწრე საზოგადოება (მარჯვნივ).
წარწერა ტრანსპარანტზე: „უკანასკნელი საბჭოთა მოქალაქე, რომელიც კაპიტალის ბორკილებისგან გათავისუფლდა, ერთი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი უცხოელი მაღალჩინოსანი, რომელსაც ჯერ კიდევ ადევს კისერზე კაპიტალისტური მონობის უღელი.“

ამ სხდომაში ცხადია, ვავილოვს არ მიუღია მონაწილეობა და არც მისი ნაშრომები განუხილავთ. მიზეზი შემდეგია: 1939 წლის კონფერენციის შემდგომ ლისენკომ თანდათანობით გამოუთხარა ძირი ვავილოვის რეპუტაციას და მისი კრიტიკა სულ უფრო გესლიან ფორმას იღებდა. 1940 წლის 6 აგვისტოს საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურმა უკრაინაში დააკავა ვავილოვი, რომელიც ამ დროს მცენარეებს აგროვებდა და მოსკოვში გადაიყვანეს. 11 თვიანი გამოძიების შემდეგ ვავილოვს ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა, რის არგუმენტადაც ის მოიშველიეს, რომ მეცნიერი წარსულში მოგზაურობდა ინგლისსა და აშშ-ში და სსრკ-ის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გენეტიკოსებთან აქტიური მიმოწერა ჰქონდა. ვავილოვის დაპატიმრების შემდეგ გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორად ლისენკო დაინიშნა, ხოლო იოჰან ეიხფელდი, რომელიც ვავილოვის სტუდენტი იყო, მაგრამ ლისენკოს მხარეს გადავიდა, მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში და ვავილოვის თანამოაზრეები დაითხოვა. აღსანიშნავია, რომ მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში რაოდენობრივად უფრო მეტი ბიოლოგი აღმოჩნდა რეპრესიის მსხვერპლი, ვიდრე ნაცისტურ გერმანიაში. მესამე რაიხის პერიოდში ორი ბიოლოგი დახვრიტეს, ხოლო 39 გაათავისუფლეს პოლიტიკური ან რასობრივი მოტივით, მემცენარეობის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებიდან კი 10 წამყვანი მკვლევარი დააპატიმრეს, რომელთაგან ზოგი დახვრიტეს, ზოგი ციხეში გარდაიცვალა, 12 მეცნიერს ხანგრძლივი პატიმრობა ან გადასახლება მიესაჯა, ხოლო მინიმუმ 26 გაათავისუფლეს.

1941 წლის ივლისში ვავილოვი და მისი ორი კოლეგა გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ვავილოვმა განაჩენი სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში გაასაჩივრა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს პირადად სთხოვა მისი საქმის გადახედვა. ამან შედეგი გამოიღო და განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. მისი კოლეგები დახვრიტეს. ვავილოვი 1943 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა შიმშილისგან სარატოვის ციხეში, სწორედ იმ ქალაქში, სადაც 26 წლით ადრე ნაყოფიერი კარიერა დაიწყო.

ამავე პერიოდში ლენინგრადი (და შესაბამისად მისი კოლექცია) 900 დღიან ალყაში იყო ნაცისტებისგან. თესლების, ნაყოფებისა და ფესვების მდიდარი ნაკრები მისმა კოლეგებმა დაიცვეს, მშიერ მოსახლეობასა და ვირთხებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ფრონტთან ახლოს კარტოფილის მოსავალი მოჰყავდათ, რათა გორგლების სიცოცხლისუნარიანობა დიდხანს შეენარჩუნებინათ. ზოგიერთი მეცნიერი ამ ალყისას შიმშილით დაიღუპა, რადგან თესლების საკვებად გამოყენებაზე უარი თქვეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირში შიმშილით კიდევ 2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ლისენკო პირობას იძლეოდა, რომ მისი მეთოდებით 2-3 წელში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლებოდა, რის გამოც მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელთა აქტიური პროტესტის მიუხედავად სტალინმა ისევ ლისენკოს მხარე დაიჭირა. 1948 წელს ლენინის სახელობის აკადემიამ გამოაცხადა, რომ ლისენკოიზმი უნდა ესწავლებინათ, როგორც ერთადერთი სწორი თეორია და ეს ტენდენცია 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა.

1f1
სტალინისა და ლისენკოს ძეგლი, რომელიც ქალაქ სტავროპოლში გახსნეს 1952 წელს და დემონტაჟი გაუკეთეს 1961 წელს. სტალინს ხელში ხორბლის თავთავი უჭირავს.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ თანდათანობით შემცირდა ლისენკოსა და მისი თეორიის ავტორიტეტი. საბჭოთა სამეცნიერო საზოგადოებაშიც აშკარად ხედავდნენ, რომ ლისენკოს პრაქტიკა არამარტო ბიოლოგიის დარგს ვნებდა, არამედ ქვეყნის რეპუტაციასა და თავდაცვას. დნმ-ის ორმაგი სპირალური სტრუქტურის აღმოჩენამ არაბიოლოგებისთვისაც კი ნათელი გახადა, რომ ლისენკოიზმი აბსურდი იყო. 1955 წელს სხვადასხვა დარგის 300-ზე მეტმა მეცნიერმა ერთობლივი წერილით მიმართა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმს და ლისენკოს ბატონობის დასრულება მოითხოვეს. წერილს ხელს აწერდნენ მომავალი ნობელიანტები –  ლევ ლანდაუ, იგორ ტამი და ვიტალი გინზბურგი, ასევე ბირთვული და კოსმოსური პროგრამების ხელმძღვანელები მსტისლავ კელდიში, იაკობ ზელდოვიჩი და იული ხარიტონი. ამავე წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ვავილოვის შეწყალების ბრძანება გამოსცა (გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ), 1960-იან წლებში კი ვავილოვის საჯარო რეპუტაცია აღდგა და საბჭოთა კავშირის გმირად გამოცხადდა. ლისენკოს თანამდებობა ჩამოართვეს, თუმცა ხრუშჩოვის მრჩევლად განაგრძო საქმიანობა და მისი კრიტიკა ისევ იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, 1956-1957 წლებში საბჭოთა კავშირში გენეტიკისა და ციტოლოგიის ინსტიტუტები აღდგა. 1958 წელს მეცნიერებათა აკადემიამ ვავილოვის სახელობის მედალი დააწესა მის პატივსაცემად. ვავილოვის სახელს ატარებს მემცენარეობის წამყვანი ინსტიტუტი რუსეთში, ასევე სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. გარდა ამისა, მისი სახელი ეწოდა ასტეროიდს, მთვარის კრატერსა და ორ მყინვარს.

1964 წელს ცენტრალურმა კომიტეტმა ხრუშჩოვი გადააყენა და ლისენკომ ხელისუფლების მხარდაჭერა დაკარგა. ლისენკოისტები კიდევ რამდენიმე წელი დარჩნენ სამეურნეო სკოლებისა და ზოგიერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებად, სადაც თანამოაზრეთა ახალ თაობებს ზრდიდნენ. ლისენკო 1976 წელს გარდაიცვალა ისე რომ რეპუტაციის აღდგენა ვეღარ მოახერხა.

საერთაშორისო საზოგადოება „ბიოვერსითი ინტერნეშნლი“ 1993 წლიდან ვავილოვ-ფრანკელის (ავსტრიელი მეცნიერის ოტო ფრანკელის პატივსაცემად) სახელობის სტიპენდიით აჯილდოვებს განვითარებადი ქვეყნების ახალგაზრდა მეცნიერებს, რათა მცენარეთა გენეტიკაზე ინოვაციური კვლევების ჩატარება შეძლონ.

21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად ლისენკო თანდათან ისევ პოპულარული გახდა რუსეთში. სხვადასხვა გამოცემები ცდილობენ, ის დიდ მეცნიერად წარმოაჩინონ და 1948 წლის სხდომას განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცენ. ლისენკოს სტუდენტმა პიოტრ კონონკოვმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის მფლობელია,  2014 წელს გამოსცა წიგნი „ორი სამყარო, ორი იდეოლოგია“, რომელშიც ლისენკოს ქვეყნის გადამრჩენ გმირად წარმოაჩენს. კონონკოვის თქმით, ლისენკოს ის თვისებები ჰქონდა, რაც თანამედროვე რუსეთში ფასდება:  მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებებისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ერთგულება. ამის საპირისპიროდ, გენეტიკოსებს ახასიათებს, როგორც მოღალატეებს, ფსევდომეცნიერებსა და შარლატანებს. წიგნი რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

მეცნიერული საზოგადოებისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ასევე 2014 წელს გამოცემული წიგნი „უცნობი ლისენკო“, რომლის ავტორია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის ბიოსტატისტიკოსი ლევ ჟივოტოვსკი. ის ირწმუნება, რომ ლისენკო მცენარეთა განვითარების ბიოლოგიის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ეპიგენეტიკის პიონერი იყო, ლისენკოს თანამოაზრეთა ღვაწლი კი გენეტიკოსებისას გაუთანაბრა. ლისენკოს მხარდამჭერი სტატიების გამოქვეყნება გრძელდება კონსერვატორულ და პატრიოტულ გაზეთებში, როგორიცაა „ლიტერატურნაია გაზეტა“, „კულტურა“ და „ნოვი პეტერბურგ“. საპასუხო კრიტიკული წერილები კი იბეჭდება გამოცემებში „როსიისკაია გაზეტა“, „ნოვაია გაზეტა“ და „ტროიცკი ვარიანტ“. მსგავსი სიტუაციაა სატელევიზიო არხებზეც.

ლისენკოიზმი მეცნიერების ისტორიის ერთ-ერთი შავბნელი მოვლენაა, როცა ძალაუფლებაში მყოფმა ადამიანებმა ფაქტებზე წინ იდეოლოგია დააყენეს. ლისენკო თამამად შეგვიძლია იმ მეცნიერთა რიცხვში შევიყვანოთ, ვისმა იდეებმაც უამრავი ადამიანი შეიწირა. სხვა სახიფათო გამოგონებებმა, როგორიცაა დინამიტი, მომწამლავი აირები და ატომური ბომბები, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეამოკლა, თუმცა ლისენკომ თავის საეჭვო კვლევებზე დაყრდნობით მილიონობით ადამიანი გაწირა თვალის დახამხამების გარეშე. ამ სასაკლაოს თავისი მასშტაბურობით ალბათ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღები და დენთი დაუდგება გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ლისენკოს „მეცნიერებამ“ დამსახურებულად დაიკავა ადგილი ისტორიის ნაგავსაყრელზე, ლისენკოიზმი კარგ გაკვეთილად რჩება იმის შესახსენებლად, თუ რამხელა საფრთხის მომტანია მეცნიერებაში პოლიტიკური ჩარევა.

გამოყენებული ლიტერატურა:

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s