პოტენციურად დასახლებადი პლანეტა მზის უახლოეს ვარსკვლავს უვლის გარს

proximab
პატარა პლანეტები ხანდახან დიდი ხმაურის მიზეზი ხდებიან. რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებდნენ დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ პოტენციურად დასახლებადი პლანეტა გარს უვლის მზის უახლოეს ვარსკვლავს, წითელ ჯუჯას, სახელად პროქსიმა კენტავრს. ამჯერად კი ასტრონომებმა ოფიციალურად განაცხადეს ამ პლანეტის არსებობის შესახებ.

ჩილედან ტელესკოპით გაკეთებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ დედამიწის მსგავსი მასის მქონე პლანეტა მოძრაობს პროქსიმა კენტავრის გარშემო, რომელთანაც 4.24 სინათლის წელიწადი გვაშორებს. ხოლო თუ პირობები ხელსაყრელია, პლანეტა იმ ორბიტაზეა, სადაც ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის საკმარისი ტემპერატურა უნდა იყოს.

ფერმკრთალი მოწითალო შუქით განათებული ციური სხეული გარს უვლის ყველაზე პატარა ვარსკვლავს სამმაგ სისტემაში, რომელიც ალფა კენტავრის სახლითაა ცნობილი და ცის სამხრეთ ნახევარსფეროში, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

ალფა კენტავრის სისტემა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლებისთვის დიდი ხნის მანძილზე იყო საოცრებათა ქვეყანა, ხშირად განიხილება პირველ დანიშნულების ადგილად კაცობრიობის ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობისთვის, ასევე წარმოადგენს პოტენციურ თავშესაფარს მომავალი ცივილიზაციებისთვის, რომლებიც დედამიწისა და მზის გარდაუვალ განადგურებას გაექცევიან.

ვიდრე ამ აღმოჩენის შესახებ გახდებოდა ცნობილი, პროექტმა „Breakthrough Starshot-მა” გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, ალფა კენტავრის სიტემაში საუკუნის მეორე ნახევარში პატარა კოსმოსური ხომალდი გაეგზავნათ. თუმცა ახალი პლანეტიდან შეტყობინებების მიღების ლოდინი არ ღირს: წარმოუდგენლად სწრაფად, სინათლის სიჩქარის 20%-ით მოძრავ კოსმოსურ ხომალდს 20 წელზე მეტი დასჭირდება, რომ პროქსიმა კენტავრს მიაღწიოს, შემდეგ კი დამატებით 4.24 წელი გავა, ვიდრე რამე სახის ინფორმაცია იქიდან დედამიწამდე მოაღწევს.

ეგზოპლანეტების მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ალფა კენტავრის სისტემაში მდებარე პლანეტის აღმოჩენაზე გახდა ცნობილი. 2012 წელს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ დედამიწის მსგავსი მასის მქონე პლანეტა გარს უვლიდა მზის მსგავს ვარსკვლავს, ალფა კენტავრ B-ს, ეს აღმოჩენაც ასევე წინასწარ გახდა ცნობილი მოუთმენელი ჟურნალისტების გამო. თუმცა ცნობები გაქარწყლდა, როცა შემდგომმა დაკვირვებებმა ვერ დაადასტურა მისი არსებობა და წამოაყენეს მოსაზრება, რომ მზის აქტივობამ და მონაცემების არასწორმა განმარტებამ პლანეტის არსებობის შთაბეჭდილება შექმნა.

ამ ახალი აღმოჩენით ჩვენი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ისევ უერთდება იმ მრავალ სისტემას, რომლებშიც პლანეტებიც შედიან და ამჯერად საკმაოდ რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ეს პლანეტა რეალურად არ არსებობს.

54 ღამის განმავლობაში შეკრებილი მონაცემები აშკარად პლანეტის არსებობაზე მიუთითებს, ეს ხელწერა მაშინაც ჩანს, როცა ინფორმაციის შემოწმება ხდება თვალით და არა კომპიუტერული ალგორითმით.

პროქსიმას ძიებაში

პროქსიმა b-ის სახელით ცნობილი პლანეტა აღმოაჩინა მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც „ფერმკრთალი წითელი წერტილის” პროექტზე მუშაობდნენ, რაც მოგვაგონებს კარლ სეიგანის მიერ დედამიწისთვის შერქმეულ მეტსახელს – ფერმკრთალი ლურჯი წერტილი.

მეცნიერულად ეს აღმოჩენა სიურპრიზი არ ყოფილა. ბოლო ათწლეულში ეგზოპლანეტების აღმოჩენამ ცხადყო, რომ პროქსიმას მსგავს წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს ხშირად პლანეტებიც თან ახლავთ და ამ პლანეტების უმეტესობა, ახლადაღმოჩენილის მსგავსად, არის პატარა, ქვის და საკმარისად თბილი, რომ ზედაპირზე წყალმა იდინოს.

მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმას გარშემო პლანეტების ძიებამ წარსულში შედეგი ვერ გამოიღო, არსებობდა მინიშნებები, რომ იქ შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმუმ ერთი პლანეტა და უფრო გულმოდგინე დაკვირვებას საჭიროებდა.

rvgif2

როცა პლანეტა ორბიტაზე მოძრაობს, მისი გრავიტაცია ზემოქმედებას ახდენს ვარსკვლავზე და მის მცირეოდენ რყევას იწვევს. უფრო დიდი პლანეტები ბუნებრივად უფრო მეტ გავლენას ახდენენ. პატარა, დედამიწის მსგავსი პლანეტების გრავიტაციული კვალი კი თითქმის შეუმჩნეველია, რაც აღმოსაჩენად ხანგრძლივ დაკვირვებას და ძალიან მგრძნობიარე ხელსაწყოებს საჭიროებს.

გაიცანით ახალი მეზობელი პლანეტა

1988 წლიდან მოყოლებული მეცნიერებმა აღმოაჩინეს 3000-ზე მეტი პლანეტა, რომლებიც სხვადასხვა ვარსკვლავებს უვლიან გარს. ბოლო აღმოჩენაა პროქსიმა კენტავრი b, პატარა ქვის პლანეტა 4.25 სინათლის წლის მოშორებით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობდეს.

ჩილეში მდებარე ლა-სილას ობსერვატორიიდან HARPS-ი ვარსკვლავის მოძრაობას ყოველღამე აკვირდებოდა და მეცნიერები მონაცემების მიღებას მოუთმენლად ელოდნენ. ჯგუფმა თითქმის მაშინვე შენიშნა 11-დღიანი სიგნალის არსებობა. მონაცემები მიანიშნებს, რომ პროქსიმა b დედამიწაზე 1.3-ჯერ მასიურია და ვარსკვლავის გარშემო ორბიტის გასავლელად 11.2 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ იმ რეგიონშია, სადაც ვარსკვლავის სუსტი ენერგია საკმარისია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის.

პლანეტა თუ ვარსკვლავი?

რადგან წარსულში პლანეტა ალფა კენტავრი B-ის არსებობა არ დადასტურდა, ასევე სხვა მსგავსი შემთხვევების გამოც, ფერმკრთალი წითელი წერტილის ჯგუფი დაკვირვებით განიხილავდა ამ აღმოჩენას. პირველ რიგში მათ თავიდან გადაამუშავეს საუკუნის დასაწყისში გაკეთებული დაკვირვებებიდან მიღებული ინფორმაცია. ხელახლა და უკეთეს პირობებში გაანალიზებისას თავდაპირველი სიგნალი უფრო გაძლიერდა.

შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჯგუფს უნდა გამოერიცხა ის ვერსია, რომ 11.2 დღიანი სიგნალის წყარო თავად ვარსკვლავი იყო. პროქსიმა კენტავრის ჭირვეული ბუნების გამო ეს ადვილი არაა, მასზე პერიოდულად ხდება ამოფრქვევები და რადიაცია კოსმოსში იფრქვევა.

არსებობს რამდენიმე დიაგნოსტიკური ტესტი, რომლებიც აჩვენებენ, რომ რაც პლანეტად ჩანს, სინამდვილეში ვარსკვლავური აქტივობაა. მეცნიერებმა ეს ტესტები ჩაატარეს და პლანეტის ჰიპოთეზამ მას გაუძლო. ერთ-ერთი ასეთი ტესტი იყო უბრალოდ ვარსკვლავზე დაკვირვება, რადგან ნებისმიერი რეგულარული, შეცდომაში შემყვანი ვარსკვლავური აქტივობა დედამიწიდან ხილული იქნებოდა. თუმცა მრავალი ტელესკოპიდან დაკვირვებამ ვერაფერი გამოავლინა ისეთი, რაც 11-დღიან პერიოდს მიესადაგებოდა.

არსებობს ნიშნები, რომ პროქსიმა B შეიძლება მარტო არ იყოს: მონაცემებში არსებული კიდევ ერთი ხელწერა შესაძლოა 200-დღიან ორბიტაზე მოძრავ სუპერდედამიწას ეკუთვნოდეს. თუმცა ამ მეორე სიგნალის წარმომავლობის დასადგენად ჯგუფს დამატებითი კვლევების ჩატარება დასჭირდება.

სიცოცხლის არსებობის იმედები

მიუხედავად იმისა, რამდენად აღმაფრთოვანებელია ეს აღმოჩენა, გარკვეული დრო იქნება საჭირო, ვიდრე ასტრონომები დაზუსტებით გვეტყვიან, პროქსიმა b არის თუ არა კარგი მასპინძელი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმებისთვის. ჯერჯერობით პლანეტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არაა ცნობილი მისი რეალური ბუნების გასარკვევად, თუმცა ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დედამიწის ტყუპი ან მისი მსგავსი იყოს.

დავიწყოთ იმით, რომ ასაკის გარდა პროქსიმა კენტავრი არაფრით ჰგავს მზეს. ის მზის მასის დაახლოებით 12%-ია, აქვს 600-ჯერ ძლიერი მაგნიტური ველი და სინათლეს მეტწილად შედარებით გრილ ინფრაწითელ ტალღებად გამოყოფს. ასევე დაახლოებით იგივე რაოდენობის რენტგენის სხივებს აფრქვევს, რამდენსაც მზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლოს მყოფი პლანეტები, სადაც თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია, მუდმივად პოტენციურად მავნე ენერგეტიკული ნაწილაკებით იბომბებიან.

flare

ამას ემატება გიგანტური ამოფრქვევები, რომლებიც წითელი ჯუჯის კვალობაზეც კი მასშტაბურია. ასაკში შესვლისას ვარსკვლავი ნაწილობრივ დამშვიდდა, თუმცა ერთ დროს შემაშფოთებელი სიხშირით გამოყოფდა დიდი რაოდენობით ულტრაიისფერ რადიაციას, რაც სავარაუდოდ მოსპობდა ჩვილი პლანეტის ზედაპირზე არსებულ სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს.

ეს ყველაფერი არ არის, ვარსკვლავური ამოფრქვევები და სისტემატური რენტგენული დაბომბვები დიდ ზიანს მიაყენებდა ან მნიშვნელოვნად შეცვლიდა ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობას და ზედაპირი უფრო მეტად დაუცველი გახდებოდა სასიკვდილო რადიაციისადმი. თხელი ატმოსფერო უფრო მეტ ულტრაიისფერ რადიაციას ატარებს, ამიტომ ცოცხალ ორგანიზმებს მიწისქვეშ ან წყალქვეშ მოუწევდათ გადანაცვლება ან რამე სხვა მექანიზმით თავის გადარჩენა.

არსებობს დიდი ალბათობა, რომ რადგანაც პროქსიმა b დედა-ვარსკვლავისგან მხოლოდ 7 მილიონი კმ-ითაა დაშორებული, მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მიმართული, მეორე კი საუკუნოდ კოსმოსურ წყვდიადს მისჩერებია.

ეს უამრავი განსხვავება არ ამტკიცებს, რომ პროქსიმა b-ზე სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ის ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა.

National Geographic

Advertisements

3 responses to “პოტენციურად დასახლებადი პლანეტა მზის უახლოეს ვარსკვლავს უვლის გარს

  1. michael 25/08/2016, 3:29 PM

    თუმცა აღსანიშნია ისიც რომ თუ პროქსიმა b არის სუპერდედამიწა, ამ ტიპის პლანეტას შეიძლება დედამიწის ველზე გაცილებით უფრო ძლიერი მაგნიტური ველი ქონდეს რაც დაიცავდა წითელი ჯუჯის მაგნიტური ამოფრქვევებისგან, ასევე ქონდეს უფრო ხშირი ატმოსფერო და ა.შ.

    Like

  2. Paata 25/08/2016, 5:39 PM

    კაი სტატიაა, ყველაზე კარგ საქმეს აკეთებ.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: