ერთგვარი იმედგაცრუება მათთვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ მეცნიერებმა უცხოპლანეტელების არსებობის ირიბი მტკიცებულება აღმოაჩინეს: ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოჩენილი „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურა” სავარაუდოდ სულაც არაა უცხოპლანეტური წარმოშობის და უფრო მიწიერი (თუმცა მაინც საინტერესო), ბუნებრივი ახსნა აქვს.
1500 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა KIC 8462852 მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჯეისონ რაითმა „The Atlantic”-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის მნიშვნელოვანი ნაწილის – დაახლოებით 20%-ის – დაბლოკვის მიზეზი შესაძლოა ხელოვნური წარმოშობის იყოს. ამან ხალხს უბიძგა, იმედები დაემყარებინათ დაისონის სფეროს არსებობაზე, უზარმაზარ თეორიულ სტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია, ვარსკვლავის მთელი ენერგია აითვისოს. განიხილებოდა ასევე სხვა ამაღელვებელი უცხოპლანეტური ნაგებობები.
კალიფორნიაში მდებარე სეტის (არამიწიერი ინტელექტის ძიება) ინსტიტუტმა გადაწყვიტა, ეს საკითხი უფრო ღრმად გამოეკვლია და სისტემისკენ მიმართეს 42 ანტენისგან შემდგარი ალენის ტელესკოპების ქსელი. 2 კვირიანი დაკვირვების შემდეგ მიღებულ შედეგზე განაცხადეს – და ეს შედეგი, ცოტა არ იყოს, გულდასაწყვეტია.
ტელესკოპები ეძებდნენ სიგნალს 1-დან 10 გიგაჰერცამდე სიხშირის ფარგლებში, რაც შეესაბამება უცხოპლანეტელთა მიერ მთელი ვარსკვლავის ენერგიის ათვისებისას გამოყოფილ სიხშირეს და ვერაფერს მიაგნეს. ასევე ეძებდნენ „მისასალმებელ სიგნალს”, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა ყოფილიყო გაგზავნილი, მაგრამ უშედეგოდ. „ეს გამორიცხავს ყველა მიმართულებით მოქმედი გადამცემების არსებობას, რომლებიც დედამიწაზე გამოსაყენებლად არსებულ მთელ ენერგიაზე 100-ჯერ მეტს იყენებენ სიხშირეთა ვიწრო სპექტრის მქონე სიგნალის გასაგზავნად, ხოლო 10 მილიონჯერ მეტს – ფართო სპექტრის სიგნალებისთვის”, ნათქვამია სეტის განცხადებაში.
„ასტრონომიის ისტორია გვასწავლის, რომ ყოველთვის, როცა გვეგონა, რომ უცხოპლანეტელთა აქტივობის შედეგად გამოწვეული მოვლენა აღმოვაჩინეთ, სინამდვილეში ვცდებოდით”, ამბობს სეტის ინსტიტუტის დირექტორი სეთ შოსტაკი. „მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის უცნაური ქცევები დიდი ალბათობით მისი ბუნების გამოა და არა უცხოპლანეტელების, მაინც გონივრული იქნება ყველა შესაძლებლობის გადამოწმება”.
იმედი ბოლომდე მაინც არ გადაწურულა. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ წინასწარგანზრახულად ჩვენი მიმართულებით გამოგზავნილი სიგნალი ბევრად დაბალი სიხშირის იქნება და ამ სპექტრში ჯერ არ უძებნიათ. „მარტო იმიტომ, რომ ვიღაც ვერტმფრენით აფრიკულ მინდორზე გადაგაფრენთ და იქ სპილოებს ვერ ნახავთ, არ ნიშნავს, რომ სპილოები არ არსებობენ”, განაცხადა შოსტაკმა. „ასე რომ ჩვენი კვლევა მხოლოდ იმ სიხშირის სიგნალებს გამორიცხავს, რომელთა მიღებაც შეგვეძლო”.
ასეა თუ ისე, მიკროტალღური სიხშირის შესწავლილ სპექტრში იმ სიგნალების არარსებობის გამო, რომლებიც შოსტაკის აზრით, უცხოპლანეტურ წარმომავლობაზე მიანიშნებს, ობიექტი სავარაუდოდ ბუნებრივი წარმოშობის უფროა, ვიდრე ხელოვნური. ყველაზე გავრცელებული თეორია, რომელიც გამოთქმული იყო ტაბეტა ბოიაჯიანის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულ ნაშრომში, მოვლენას ხსნის, როგორც ნამსხვრევების ღრუბელს, რომელსაც შესაძლოა, კომეტური წარმოშობა ჰქონდეს.
ჯერჯერობით „უცხოპლანეტელების” თეორია გამოირიცხა, თუმცა იმედის გადაწურვად არ ღირს. მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ასობით მილიარდი პლანეტაა და ეს ძლიერ ამცირებს იმის ალბათობას, რომ მათგან მხოლოდ დედამიწაა სიცოცხლის მასპინძელი. მზის სისტემაშიც კი არსებობს ეჭვები, რომ მარსი, იუპიტერის თანამგზავრი ევროპა და სატურნის ენცელადი შესაძლოა, დასახლებადი იყოს, მეცნიერები კი ამჟამინდელი თუ მომავალი, ჯერ კიდევ გეგმაში მყოფი კოსმოსური ხომალდების მისიების მეშვეობით მაქსიმუმს აკეთებენ იმის აღმოსაჩენად, არის თუ არა ამ ობიექტებზე ამ კუთხით რაიმე საინტერესო.
ვარსკვლავმა KIC 8462852-მა შეიძლება იმედები გადაგვიწუროს, მაგრამ სამყაროს სხვა რეგიონებში სიცოცხლის ძიება გრძელდება.