ორშაბათს ნასამ განაცხადა ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი მტკიცებულების შესახებ, რომ მარსზე პერიოდულად თხევადი წყალი მოედინება.
პლანეტების მკვლევარი მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიებისას საჭიროა „მივყვეთ წყალს”, შესაბამისად მარსზე წყლის დინების აშკარა მტკიცებულების აღმოჩენა მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და შესაძლო ქვეტექსტებიც გააჩნია არამიწიერ სიცოცხლესთან დაკავშირებით.
და მაინც, რეალურად რას გვამცნობს ეს აღმოჩენა მარსზე ამჟამად ან წარსულში არსებული სიცოცხლის აღმოჩენის პერსპექტივებზე?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნასას არ უპოვია უზარმაზარი ტბა, ოკეანე, მდინარე ან თუნდაც წითელი პლანეტის ზედაპირზე მორაკრაკე ნაკადული. სინამდვილეში მათ აღმოაჩინეს მარსის სხვადასხვა დაქანებებზე არსებული ჰიდრატირებული მინერალები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არეალები სეზონულ ცვლილებებს განიცდიან. ტემპერატურული ცვლილებების შედეგად წყალი დაქანებებზე მიედინება და ქმნის მუქ ზოლებს, რომლებიც თბილ თვეებში კარგად ჩანს, ცივში კი მკრთალდება.
დედამიწაზე მიკრობული სიცოცხლის პოვნა ყველაზე მშრალ ადგილებშიც კი შეიძლება, თუმცა ის, რაც მართებულია ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე, შეიძლება არ მიესადაგოს მარსსა და მასზე არსებულ წყალს. „მარსის წყალი გაცილებით მარილიანია, ვიდრე სიცოცხლით სავსე ოკეანეები დედამიწაზე”, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალფრედ მაკევენი.
„მე რომ მარსზე მყოფი მიკრობი ვიყო, ალბათ ამ დაქანებებზე არსებული ზოლების სიახლოვეს არ ვიცხოვრებდი”, აღნიშნა პრეს-კონფერენციისას ჯონ გრანსფელდმა, ნასას სამეცნიერო მისიების ასოცირებულმა ხელმძღვანელმა.
შეიძლება მარსზე სიცოცხლე არსებობდეს?
ახალი აღმოჩენა სავარაუდოდ იმაზე უფრო მიანიშნებს, რომ თუკი მარსზე ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ მაშინ, როცა შორეულ წარსულში ის თბილი და ნოტიო პლანეტა იყო, გადაშენდებოდნენ არა მილიარდობით, არამედ მილიონობით წლების წინ.
„დედამიწის ყველაზე მშრალი ადგილების შესწავლის შედეგად ვიცით, რომ სიცოცხლე ძალიან შემოქმედებითია და მცირე მოცულობის წყალიც ყოფნის გადარჩენისა და გაფურჩქვნისთვისაც კი”, განაცხადა SETI-ს მკვლევარმა ალფონსო დავილამ, რომელსაც ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.
„აქედან გამომდინარე, ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ზრდის მხარდამჭერ მტკიცებულებებს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ მარსის სტუმართმოყვარეობის ფანჯარა დაიხურა არა მილიარდობით წლების წინ, ტბების გაქრობასთან ერთად, როგორც ხშირად ფიქრობენ ხოლმე, არამედ გაცილებით გვიან”.
ნასას მიხედვით, აღმოჩენა მეცნიერებს იმის გააზრებაში დაეხმარება, როგორ შეიძლებოდა სიცოცხლე გადარჩენილიყო, თუკი მას მარსის ამჟამინდელ გარემოში წააწყდებიან.
„თხევადი წყლის არსებობა, თუნდაც ის სუპერმლაშე და მარილიანი იყოს, აჩენს ალბათობას, რომ თუკი მარსზე სიცოცხლე არსებობს, იმის გაგებასაც შევძლებთ, როგორ გადარჩა”, ამბობს გრანსფელდი.
„ამჟამად ჩვენ ტექნოლოგიურად იმ დონეზე ვართ, რომ კოსმოსში წარმატებული 50 წლიანი მოგზაურობის შემდეგ დავსვათ კითხვა, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და პასუხი გავცეთ მას”.
უმჯობესია, არ ავჩქარდეთ
ეს ყველაფერი შეიძლება არც ისე ადვილი იყოს.
მინიშნება თხევადი წყლის არსებობაზე მნიშვნელოვნად ცვლის ამ რეგიონების სტატუსს კოსმოსის კვლევის გადმოსახედიდან. მეცნიერებს არ სურთ, დედამიწის მიკრობები მარსზე აღმოჩნდნენ.
თუკი მეცნიერები ზონდს ან მარსმავალს გაგზავნიან დაქანებებზე გაჩენილი ზოლების შესასწავლად, საჭირო იქნება სპეციფიკური სტერილიზაცია, რაც მანამდე მარსზე გაშვებულ ხომალდებს არ ჩატარებიათ. მსგავსი პროცესების შედეგად წითელი პლანეტა დედამიწის მიკრობებით არ დაბინძურდება, აღნიშნავს ნასას მარსის პროგრამების მთავარი მეცნიერი რიჩარდ ცურეკი.
„რადგანაც თხევადი წყლის არსებობა მტკიცდება, ამ რეგიონებს გამორჩეული სტატუსი ეძლევა და საჭიროა დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, რათა იქ დედამიწის სიცოცხლის ფორმები არ მოხვდნენ”, ამბობს ცურეკი. „ჩვენს ამჟამინდელ მარსმავლებს არ გაუვლიათ იმ დონის სტერილიზაცია, რომ თხევადი წყლის შემცველ რეგიონებში იმოგზაურონ”.
გამოხმაურება: პირველი დაკვირვება „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის” მქონე ვარსკვლავზე | ჩრდილოეთის ციალი
გამოხმაურება: როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს? | ჩრდილოეთის ციალი