ყველა ძუძუმწოვარს აქვს საერთო ნიშნები: არიან თბილსისხლიანები, აქვთ თმოვანი საფარველი, კისრის შვიდი მალა, ფილტვებით სუნთქავენ ჰაერს და პატარებს რძით კვებავენ. ძუძუმწოვრების უმეტესობა ასევე ცოცხლადმშობია, თუმცა ერთგასავლიანების რიგის წევრი ცხოველები გამონაკლისები არიან. ეს რიგი შეიცავს იხვნისკარტებსა და იქედნებს. მათი კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ რძის გამოსაყოფად არ სჭირდებათ ძუძუს თავები. ბინადრობენ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში.
1974 წელს ავსტრალიის სახელმწიფო სამეცნიერო და კვლევითმა ორგანიზაციამ (CSIRO) გამოაქვეყნა „ლაქტაციის შედარებითი ბიოლოგია”, რომელშიც ასახული იყო პატარა ექიდნას კვერცხიდან გამოჩეკვის პროცესი. დედა ექიდნები განაყოფიერებულ კვერცხს ინახავენ მუცლის მხარეს მდებარე სპეციალურ ჩანთაში და ასე ჰყავთ 10 დღე გამოჩეკვამდე.
ზრდასრული ექიდნები ენით აგროვებენ ჭიანჭველებსა და ტერმიტებს საკვებად, ამიტომ კბილები დიდად არ სჭირდებათ. თუმცა დაბადებისას აქვთ სპეციალური კბილი, რომლითაც ამტვრევენ კვერცხის რბილ, ტყავის მსგავს ნაჭუჭს. ამ კბილის გამო დედას მოვლა ურთულდება, ამიტომ რძე პირდაპირ კანიდან გადმოდის გამონაზარდის (ძუძუს თავის) გარეშე.
დედა 45-55 დღე ატარებს პატარას ჩანთით, სანამ არ მოძლიერდება და დამცავი გამონაზარდები არ განუვითარდება. ამის შემდეგ სოროში მიჰყავს, სადაც 7 თვის განმავლობაში იზრდება, დედასთან კი კვირაში 1-2-ჯერ მიდის რძისთვის. როცა რძეს გადაეჩვევა, ექიდნა უკვე მზადაა, ცხოვრების ციკლი მარტომ განაგრძოს.