როგორც იცით, გასული წლის დეკემბერში მეცნიერებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრ ევროპას სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები გააჩნია. ამჯერად მსგავსი აღმოჩენა გაკეთდა სატურნის თანამგზავრ ენცელადის შესახებ – მის სიღმეებში თხევადი წყლის ოკეანეა, რომელიც ზომით ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ზემო ტბის მსგავსია და მასში შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ.
რაც შეეხება ენცელადს, ის სატურნის სიდიდით მეექვსე თანამგზავრია და 1789 წელს აღმოაჩინა უილიამ ჰერშელმა. მისი გარშემოწერილობა 1584 კმ-ია.
ასტრონომები წლებია, სიცოცხლისთვის ვარგის პლანეტებს ეძებენ. ამჟამად კი ცნობილი გახდა, რომ სატურნის თანამგზავრ ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ წყლის ვრცელი ოკეანეა, რომელშიც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია.
ოკეანეს ზემოდან ფარავს 29-39 კმ სისქის ყინული, ზომით კი შეიძლება აღემატებოდეს ზემო ტბას, ჩრდილოეთ ამერიკის უდიდეს ტბას (შედარებისთვის, ზემო ტბა მოცულობით დაახლოებით 51-ჯერ აღემატება ფარავნის ტბას).
მეცნიერებმა ეს აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთეს, რაც გამოიკვლიეს „ნასას” კოსმოსურ ხომალდ „კასინის” მიერ დაფიქსირებული გრავიტაციული ანომალიები. კასინი 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდა სატურნსა და მის თანამგზავრებს. 2005 წელს მან გამოაგზავნა გასაოცარი ფოტოები, რომლებზეც ენცელადის ზედაპირიდან ამოფრქვეული წყლის ნაკადები ჩანდა.
მინერალებით მდიდარი ნაკადები იფრქვეოდა 483 კმ სიგანის თანამგზავრის ყინულიან ზედაპირზე არსებული ბზარებიდან, რომლებსაც „ვეფხვის ზოლებს” უწოდებენ. ექსპერტთა წინასწარი ვარაუდით, წყლის ჭავლების საზრდო მიწისქვეშა წყლების დიდი მარაგი უნდა ყოფილიყო. ახალმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ თანამგზავრის სამხრეთ პოლუსის რეგიონში ნამდვილად არის დაახლოებით 10 კმ სიღრმის წყლის მასიური რეზერვუარი.
„ეს წყლის ოკეანე… შესაძლოა ეკვატორისკენ სანახევროდ ვრცელდებოდეს ყველა მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ისევე დიდია, ან შეიძლება უფრო მეტადაც, როგორც ზემო ტბა”, განაცხადა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა დევიდ სტივენსონმა.
იუპიტერის გაცილებით დიდი თანამგზავრი ევროპაც ასევე ცნობილია ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მარაგით. მეცნიერები თვლიან, რომ ორივე მათგანზე შეიძლება იყოს პირობები მინიმუმ უცხოპლანეტური მიკრობების განვითარებისთვის. ოკეანეებს გაყინვისგან იცავს მიქცევა-მოქცევისას წარმოქმნილი სითბო, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, იმ გიგანტური აირის პლანეტების გრავიტაციაა, რომლებსაც ეს თანამგზავრები გარს უვლიან.
ენცელადის მიწისქვეშა ოკეანე სილიკატის ბირთვზე მდებარეობს, რაც ზრდის ალბათობას, განხორციელდეს რთული ქიმიური რეაქციები და მიღებულ იქნას იგივე პირობები, როგორიც დედამიწის ადრეულ პერიოდში იყო. ოკეანეში გავრცელებული იქნება ისეთი ელემენტები, როგორიცაა ფოსფორი, გოგირდი და კალიუმი. ამას დამატებული სითბოც, რაც ჯამში სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
„ენცელადი ევროპის – იუპიტერის უფრო დიდი თანამგზავრის – მსგავსია და მასაც, ენცელადის მსგავსად, აქვს ოკეანე, რომელიც კონტაქტში შედის მის ქვემოთ განლაგებულ ქანებთან”, განაცხადა პროფესორმა სტივენსონმა. „ამის გამო ეს ორი ციური სხეული განსაკუთრებული ინტერესის სფეროა, რათა მეტი გავიგოთ დასახლებადი გარემოების არსებობასა და თავისებურებებზე.”
„კასინის” ხომალდი ენცელადს 19-ჯერ მიუახლოვდა. 2010-2012 წლებში 3-ჯერ ჩაფრენის მიზანი გრავიტაციის შესწავლა იყო და ამ დროს წააწყდა მინიშნებებს თანამგზავრზე მიწისქვეშა წყლების არსებობის შესახებ. გაზომვებმა აჩვენა, რომ ენცელადის გრავიტაციული ველი სამხრეთ ნახევარსფეროში მოსალოდნელზე ძლიერი იყო (რამაც „კასინის” მოძრაობის სიჩქარეზე გავლენა მოახდინა – შეამცირა წამში მეტრის 20 მემილიონედით). მეცნიერები მიხვდნენ, რომ ზედაპირის ქვეშ იყო რაღაც, ყინულზე უფრო მეტად და ქვაზე ნაკლებად მკვრივი, რაც ამ ანომალიას იწვევდა. მხოლოდ წყლის დიდი მარაგით შეიძლებოდა მოცემული დილემის ამოხსნა.
წყლის ოკეანეები ასევე შეიძლება იმალებოდეს სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ტიტანის, და იუპიტერის თანამგზავრის, კალისტოს, სიღრმეებში.
ტიტანის ზედაპირზე ნახშირწყალბადის ტბები და ორგანული მოლეკულებით მდიდარი სქელი ატმოსფეროა. 2012 წელს „კასინიმ” აღმოაჩინა, რომ სატურნის ამ თანამგზავრზე უჩვეულოდ დიდი დინებები იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ყინულის ქერქის ქვეშ თხევადი წყალი ინახებოდა.
კალისტოს მაგნიტური მახასიათებლები ასევე მიგვანიშნებს, რომ მის სიღრმეებშიც შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი იყოს.
რა მანძილზეა დედამიწიდან დაშორებული? wiki -ში ვერ ვნახე სად წერია…
LikeLike
სატურნსა და დედამიწას შორის არის 1.2-1.7 მილიარდი კმ (უახლოესი და უშორესი მანძილები), ენცელადის ორბიტა არის სატურნიდან 240 000 კმ-ზე, ანუ რაც სატურნამდეა, დაახლოებით იგივე გამოდის, დიდ სხვაობას არ იძლევა
LikeLike
ოკ.მადლობა
LikeLike
გამოხმაურება: ნასა 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს | ჩრდილოეთის ციალი
გამოხმაურება: პირველი დაკვირვება „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის” მქონე ვარსკვლავზე | ჩრდილოეთის ციალი
გამოხმაურება: რა სიახლეები გველის მეცნიერებაში 2017 წელს | ჩრდილოეთის ციალი