რა სიახლეები გველის მეცნიერებაში 2017 წელს

part-time-scientists-min
რადგან 2016 წელი უკვე გავიდა, დროა ვნახოთ, რას გვიმზადებს ახალი 2017 წელი. წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მოვლენებს, რომლებსაც წელს უნდა ველოდოთ.


 

კოსმოსის კვლევა

12 ამაღელვებელი წლის შემდეგ კასინი-ჰიუგენსის სატურნის მისია ღირსეულ დასასრულს მიუახლოვდება. ზონდს საწვავი უთავდება და მისიის მაკონტროლებლებისთვის მალე შეუძლებელი იქნება ორბიტული შესწორებების შეტანა.

ltfe6qxjm09icpgugsad

იმისთვის, რომ ბიოლოგიურად არ დააბინძუროს სატურნის თანამგზავრები, რომლებზეც შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმები არსებობდნენ, კასინი-ჰიუგენსი პლანეტაში ჩაეშვება. კოსმოსურ ზონდს უკვე დაწყებული აქვს რგოლების სიახლოვეს ორბიტების შემოვლა და 2017 წლის აპრილში გადავა „დიდ დასასრულზე”, პლანეტასა და მის რგოლებს შორის გავლის სერიებზე. ზონდმა თავისი სასიკვდილო კამიკაძე ჩაყვინთვა 2017 წლის 5 სექტემბერს უნდა განახორციელოს.

რადგანაც ნასას კოსმოსური ხომალდი იუნონა (Juno) იუპიტერის გარშემო ორბიტაზეა, მეცნიერული სიახლეების მოზღვავებას უნდა ველოდოთ. თითოეულ ორბიტაზე იუნონა ახლოს ჩაუვლის იუპიტერის ღრუბლების ზედა ფენას, ამიტომ მომდევნო თვეებში თვალწარმტაცი გამოსახულებები გველის.

j4y1h00m8kymp7w2radq

ინსტრუმენტების მწყობრით აღჭურვილი იუნონა ინფრაწითელ და მიკროტალღურ სკანირებას ჩაატარებს, რათა იუპიტერის ატმოსფეროში სიღრმიდან ამომავალი თერმული რადიაცია გაზომოს. იუპიტერის გრავიტაციისა და მაგნიტური ველების გაზომვით მეცნიერები შეძლებენ, შექმნან აირის გიგანტის შიდა სტრუქტურისა და უზარმაზარი მაგნიტური ველის 3D რუკა. იუნონა ასევე დააკვირდება პლანეტის ღრმა ატმოსფეროს შემადგენლობასა და ბრუნვას და გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას იმ ძალებზე, რომლებიც პლანეტის საოცარ პოლარულ ციალს ქმნიან.

თებერვალში ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) გაუშვებს ეგზოპლანეტებზე მონადირე თანამგზავრს, ხეოფსს (CHEOPS). ეს იქნება პირველი მისია, რომელიც მიეძღვნება ეგზოპლანეტების ძიებას იმ კაშკაშა ვარსკვლავების გარშემო, რომლებზეც უკვე ცნობილია, რომ სისტემაში პლანეტები ყავთ. ულტრამაღალი სიზუსტის კამერებით აღჭურვილი ხეოფსი შესაძლებელს გახდის, ცნობილ ციურ სხეულებზე სიღრმისეული ანალიზები ჩატარდეს.

მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენა 2017 წელს იქნება ნასას ტრანზიტული ეგზოპლანეტების საკვლევი თანამგზავრის (TESS) გაშვება, რაც დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. თანამგზავრის 4 კამერა მთელი ცის სკანირებას მოახდენს და მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტებს მოძებნის. დაუჯერებელია, მაგრამ ნასას მოლოდინით, TESS-მა სხვადასხვა ტიპის 3000-ზე მეტი ეგზოპლანეტა უნდა იპოვოს, აირის გიგანტებიდან პატარა კლდოვან სხეულებამდე.

jib0bmy6u9rcjj5lq13r

2017 არის გუგლის Lunar X პრიზის ბოლო წელი, შეჯიბრი, რომელიც კერძო დაფინანსების მქონე კოსმოსური ფრენის გუნდებს მოუწოდებს, მთვარეზე დასვან რობოტული კოსმოსური ხომალდი, ატარონ 500 მ და დედამიწას გადმოსცენ მაღალი გამოსახულების ვიდეო და ფოტოები (პირველი გუნდი, რომელიც ამას განახორციელებს, 20 მილიონ დოლარს მიიღებს). შეჯიბრისთვის 16 გუნდია რეგისტრირებული, თუმცა მხოლოდ 1 წელი დარჩა და დროც იწურება. იმედია ერთი ან რამდენიმე ასეთი გუნდი, როგორიცაა გერმანიის „PT Scientists”, შეერთებული შტატების „Moon Express” ან იაპონიის „HAKUTO”, მთვარემდე განსაზღვრულ დროში მიაღწევენ.

კერძო დაფინანსებით კოსმოსში მოგზაურობის სფეროში წელს სავარაუდოდ აქტიური დისკუსიები იქნება მთვარესა და ასტეროიდებზე სასარგებლო რესურსების მოპოვების მიზნით გათხრების ჩატარებაზე. და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, „Blue Origin-მა” შეიძლება სუბორბიტულ სივრცეში ადამიანების გაგზავნა დაიწყოს, თუმცა აჯობებს, ამ ყველაფერს დაველოდოთ.

 

ასტრონომია

2017 წლის 21 აგვისტოს შეერთებულ შტატებს ელის იშვიათი მოვლენა – მზის სრული დაბნელება, რომელიც კონტინენტის მთელ სიგანეზე გაგრძელდება ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე.

gd3bztg8b5shl2gply0v

ეს იქნება მზის პირველი სრული დაბნელება ამერიკის რევოლუციის შემდეგ, რომელიც მხოლოდ აშშ-დან გამოჩნდება და პირველი სრული დაბნელება ბოლო 99 წელიწადში, რომელიც ორივე სანაპიროს მოიცავს. სრული დაბნელების დანახვა შესაძლებელი იქნება 100 კმ სიგანის ზოლიდან და 2 წუთს ან უფრო მეტხანს გაგრძელდება. ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება მთელი ჩრდილო ამერიკიდან, ჰავაიდან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რეგიონიდან.

მუდმივად მზარდი მოვლენების ჰორიზონტის ტელესკოპების (EHT) ჯგუფის გამოყენებით ასტრონომები ჩვენი გალაქტიკის შიდა რეგიონების სკანირებას მოახდენენ. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შეიძლება ირმის ნახტომის გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის, იგივე მშვილდოსანი A*-ის პირველი ფოტოები ვიხილოთ.

KIC 8462852 ინტენსიური ასტრონომიული კვლევის ქვეშაა და შეიძლება საბოლოოდ ამოვხსნათ ამ უცნაური, მოციმციმე ვარსკვლავის საიდუმლო. ეს არის ციური სხეული, რომლის სიახლოვესაც ყველაზე დასაშვებად თვლიან უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის არსებობას, როგორიცაა დაისონის სფერო. თუმცა უფრო მოსალოდნელია, რომ რამე უცნობი მოვლენა იყოს. კალიფორნიის უნივერსიტეტის „Breakthrough Listen-ის” საქმეში ჩართვით იმედია, ეს საკითხი 2017 წელს გადაწყდება.

id6sr9ti6nc4esis2jc3

და ახლა, როცა ჩინეთმა აამოქმედა უცხოპლანეტელებზე მონადირე მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპი, არამიწიერი ცივილიზაციის ნიშნების აღმოჩენის შანსები უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე. ხოლო უფრო რეალისტურად რომ განვიხილოთ, ასტრონომები „FAST-ს” (500 მ აპერტურიანი სფერული ტელესკოპი) პულსარებისა და სხვა ციური მოვლენების დასაფიქსირებლად გამოიყენებენ.

 

ფიზიკა

ეს წელი დიდი წელი იქნება LIGO-სთვის (ლაზერულ-ინტერფერომეტრული გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია), პირველი ობსერვატორიისთვის, რომელსაც შეუძლია დრო-სივრცეში არსებული სუსტი ცვლილებები, იგივე გრავიტაციული ტალღები დააფიქსიროს.

cczmnycr8q0egqxapxid

2015 წლის სექტემბერში მეცნიერებმა LIGO გამოიყენეს შეჯახებული შავი ხვრელების წყვილისგან წამოსული გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად, ეს გმირობა კი მოგვიანებით დეკემბერში ისევ გაიმეორეს. რადგანაც მეცნიერებს უკვე გააჩნიათ იმდენად მგრძნობიარე ინსტრუმენტი, რომ დრო-სივრცეში არსებული ცვლილებები დაადგინონ, LIGO-ს შემდეგი დაკვირვებები ნაყოფიერი უნდა იყოს. ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ LIGO მინიმუმ 6 მსგავსი მოვლენის აღმოჩენას შეძლებს 2017 წლის პირველ ნახევარში. შესაძლოა მეტისაც.

NASA-ს ცივი ატომური ლაბორატორია (CAL) საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე უნდა ამოქმედდეს 2017 წლის ივნისში. ეს კომპაქტური აპარატურა გამოყენებული იქნება მიკროგრავიტაციულ გარემოში არსებული ულტრაცივი კვანტური აირების ქცევის შესასწავლად და შესაძლოა, მეცნიერებს ახალ კვანტურ მოვლენაზე დაკვირვებაში დაეხმაროს. CAL ასევე გამოყენებული იქნება ფიზიკის ზოგიერთი ფუნდამენტური კანონის გამოსაცდელად. მისი ექსპერიმენტებიდან მიღებული ინფორმაცია შეიძლება სუპერმგრძნობიარე კვანტური დეტექტორების შექმნის წინაპირობა გახდეს და მოწინავე ნავიგაციური მოწყობილობების შექმნას შეუწყოს ხელი.

2016 წარუმატებელი წელი იყო ვაშინგტონის უნივერსიტეტის ADMX-ისთვის (აქსიონის ბნელი მატერიის ექსპერიმენტი). ეს მექანიზმი ამჟამად ნადირობს აქსიონებზე – ჰიპოთეტურ ნაწილაკებზე, რომლებიც ბნელი მატერიის საოცრად მიმზიდველ კანდიდატს წარმოადგენენ. ADMX ნადირობას 2017 წელსაც განაგრძობს, ეცდება აღმოაჩინოს ეგზოტიკური ნაწილაკი, რაც ნათელს მოფენს უხილავ მოუხელთებელ მასალას, რომელიც სამყაროს მასის 85%-ს შეადგენს.

extreme-light-infrastructure-nuclear-physics

ევროპის ექსტრემალური სინათლის ინფრასტრუქტურის (ELI) მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. ELI იქნება მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ლაზერული კვლევის სისტემა, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ლაზერული სხივები უკიდურესი ინტენსივობით აგზავნონ. სამ სხვადასხვა ადგილზე (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და რუმინეთი) განთავსებული მოწყობილობების საშუალებით ფიზიკოსები დამუხტულ ნაწილაკებზე ზეგავლენას მოახდენენ ძლიერი ფოკუსირებული სინათლით. გარდა ფიზიკის სფეროში ახალი აღმოჩენების გაკეთებისა, ELI შეიძლება გამოყენებული იქნას ნივთიერებების კვლევასა და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელ მეცნიერებებში.

 

ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და ჯანდაცვა

ეჭვგარეშეა, რომ CRISPR-ის გენების რედაქტირების მექანიზმი დიდ ყურადღებას დაიმსახურებს მომდევნო თვეებში. პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს ბრძოლა პატენტისთვის, რომლის ვერდიქტიც წლის საწყის პერიოდში უნდა გამოვლინდეს. ამ ბრძოლაში ერთმანეთს უპირისპირდებიან ჰარვარდ/მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და ბერკლის გუნდები, გადაწყვეტილების მიხედვით კი გაირკვევა, როგორ იქნება ეს ტექნოლოგია გამოყენებული მომდევნო წლებში და ვინ მიიღებს ლიცენზიიდან შემოსულ თანხას.

mdeh6wuw5jim07m9l7ps

როგორც გინდა გადაწყდეს პატენტისთვის ბრძოლა, გენეტიკოსები უეჭველად განაგრძობენ CRISPR-ის გამოყენებას ნებისმიერი სახის მცენარისა და ცხოველის გარდაქმნისთვის და მოიძიებენ ახალ გზებს ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორიცაა კიბო და შიდსი.

2017 წელს ფლორიდა-კისში შეიძლება გაუშვან გენმოდიფიცრებული კოღოები, რომელთა საშუალებითაც გაკონტროლდება ზიკასა და დენგეს ცხელების მსგავსი ვირუსული დაავადებების გავრცელება. წინააღმდეგობის მიუხედავად არსებობს შანსი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება FDA-ის (სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) მსგავსი სამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გარკვეულ შეზღუდულ ექსპერიმენტებს ჩაატარებს. რაც გინდა მოხდეს, მომდევნო თვეებში აქტიურ დებატებს უნდა ველოდოთ – განსაკუთრებით თუკი კოღოების მიერ გავრცელებადი დაავადებები უფრო მეტად მოედება მოწყვლად რეგიონებს.

1195826

სამწუხაროდ 2017 წელს ზიკა ისევ აქტიური თემა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გლობალურ პრობლემას აღარ წარმოადგენს. მეცნიერები უფრო მეტს გაიგებენ ამ ავბედით ვირუსზე, როგორც მის მავნე ეფექტებზე, ისე გავრცელებაზე. კარგი სიახლე ისაა, რომ შეიძლება კლინიკური ცდები დაიწყოს ადამიანებზე ზიკას ექსპერიმენტული ვაქცინების გამოსაცდელად.

2017 წელს შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ ვუახლოვდებით იმ მომენტს, როცა ფერმის ცხოველებზე უფრო მეტი ანტიბიოტიკი იქნება გამოყენებული, ვიდრე ადამიანებზე. ამის შედეგი სავარაუდოდ იქნება სულ უფრო მეტად გამძლე (რეზისტენტული) ბაქტერიები, რაც ბაქტერიული ინფექციების მორჩენას გაართულებს.

ხელოვნური სიცოცხლის შექმნის მცდელობაში მეცნიერთა საერთაშორისო გუნდისგან მსოფლიოში პირველი სინთეზური საფუარის შექმნას ელიან, რომელსაც ახალი სახის წამლებისა და ბიოსაწვავის დასამზადებლად გამოიყენებენ. მეცნიერებმა ასევე შეიძლება მოახერხონ ბიოლოგიური კომპიუტერებისა და სენსორების შექმნა, რათა წყლის დამაბინძურებლები აღმოაჩინონ.

 

კლიმატი და გარემო

რადგანაც ელ-ნინიომ (თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში) უკვე ჩაიარა და მის ადგილს სუსტი ლა-ნინია (წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურა) იკავებს, რეკორდულად ცხელი თვეები დასასრულს უნდა მიუახლოვდეს. 1997-98 წლების ელ-ნინიო აღრიცხულებიდან ყველაზე ძლიერი იყო და ჩვენი პლანეტა წარმოუდგენლად გაათბო – რაშიც ცხადია, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებაც დაეხმარა. ჩვენ ამჟამად ლა-ნინიას, ელ-ნინიოს ოკეანური და ატმოსფერული შედეგის, საწყის ეტაპზე ვართ, რომელიც სითბოს ოკეანეში აბრუნებს, ნაცვლად გარეთ გამოშვებისა, რამაც შეიძლება მსოფლიო ტემპერატურა მცირეოდენად დაწიოს.

კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსები 2017 წელს შეიძლება ამ ამბით აღფრთოვანდნენ, მაგრამ ლა-ნინიასგან გამოწვეული ნებისმიერი აგრილება მხოლოდ დროებითი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში 2017 წელს კლიმატის ცლვილების კიდევ უფრო მეტ ნიშანს უნდა ველოდოთ, არქტიკული ზღვის ყინულის შემცირებიდან უკიდურეს გვალვებამდე და რეკორდული ტემპერატურის ტალღებამდე.

პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს იქნება, ამას მოყვება სენატის სხდომა საეჭვო ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსების, რიკ პერისა (ენერგეტიკის მინისტრი) და სკოტ პრუიტის (გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი) კანდიდატებად წამოყენებით ტრამპმა მკაფიოდ გამოხატა, რომ შემდეგი ხელისუფლებისთვის გარემო ნაკლებად იქნება ზრუნვის საგანი.

Gizmodo

One thought on “რა სიახლეები გველის მეცნიერებაში 2017 წელს

  1. მსოფლიო კი მიიწევს წინ მარა ღრუზია რომ ჭაობშია და უკან მიდის რაგვეშველება 😦

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s