● სიახლე დაბერებასთან ბრძოლაში.
ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა მეტაბოლური ნაერთი, რომელიც თაგვებზე გამოიცადა. ექსპერიმენტის ობიექტებს არამარტო გაუუმჯობესდათ კუნთების მოქმედება, აგრეთვე შეუბრუნდათ დაბერების ეფექტები. ასაკში შესვლასთან ერთად, როგორც წესი, კუნთები სუსტდებიან და ჰარმონიულობას კარგავენ, ზოგჯერ ვეღარ მოიხმარენ ინსულინს და გლუკოზის ნაკლებობის გამო გადადიან პასიურ მდგომარეობაში. ათლეტებიც კი რაღაც დროის შემდეგ ფორმას კარგავენ და მდგომარეობა უუარესდებათ. მეცნიერები თაგვებზე იმ იმედით ატარებდნენ ცდებს, რომ ჩონჩხის კუნთებში დაბერებას შეაფერხებდნენ. შოკისმომგვრელი იყო იმის ნახვა, რომ მათმა მეთოდმა დაბერება შეაბრუნა და თაგვებმა გაახალგაზრდავება დაიწყეს. დასუსტებული მუსკულატურის მქონე თაგვი ერთ კვირაში აქტიურ და მოძრავ არსებად იქცა. 2014 წელს ცდები უკვე ადამიანებზე დაიწყება. თუკი შედეგები ანალოგიურად წარმატებული იქნება, 60 წლის ადამიანს დაახლოებით 40 წლით გააახალგაზრდავებენ.
● ჩვენს გალაქტიკას 4 მკლავი აქვს.
1950-იანებში რადიოტელესკოპებით დაკვირვებიდან მიღებული ინფორმაციით ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ „ირმის ნახტომს” ოთხი მკლავი აქვს. 2008 წელს „ნასას” სპიცერის ტელესკოპით მივიდნენ სხვა დასკვნამდე, რომ გალაქტიკას მხოლოდ ორი მკლავი აქვს. ამჟამად კი 12 წლიანი კვლევა დასასრულს მიუახლოვდა და მისი დასკვნით, წინანდელი ვერსია მართებული იყო. მკვლევარებმა შეისწავლეს 1650 მასიური ვარსკვლავი და დაადგინეს, რომ 4 მკლავი არსებობს. სპიცერის შეცდომა ის იყო, რომ სრული სურათი ვერ დაინახა. ის ინფრაწითელი სხივებით მოქმედებს და ჩვენი მზის მსგავს ვარსკვლავებს ხედავს. უკანასკნელი კვლევა კი ფოკუსირებას ახდენდა ცხელ, მასიურ ვარსკვლავებზე, რომელთა მიმართ სპიცერი ბრმა იყო. ასეთი ვარსკვლავები იშვიათია და 10 მილიონ წლამდე ცოცხლობენ. იბადებიან და იხოცებიან ერთსა და იმავე მკლავში, როცა მზე გალაქტიკის გარშემო მოძრაობს. იმ ორ მკლავში, რომლებიც დავის საგანი გახდა, საკმარისი რაოდენობის შეკუმშული აირია მასიური ვარსკვლავების ფორმირებისთვის.
● აფრიკული ნიანგი 7 სახეობისაა.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არსებობდა აფრიკული ნიანგის 3 სახეობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი მინიმუმ შვიდია. ნიანგები 220 მილიონი წელია, დედამიწაზე ბინადრობენ და მათ შესახებ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ უცნობია. მწირი ინფორმაციაა იმაზე, როგორ იცვლებოდა პოპულაციები დროთა განმავლობაში ან როგორია ამჟამინდელი ბიოგეოგრაფია. სახეობების აღწერის შემდეგ კონსერვაციონისტები ჩაერთვებიან საქმეში და განსაზღვრავენ, თითოეულს როგორი მზრუნველობა სჭირდება, რათა პოპულაციები დაცული იყოს. ისინი თავიანთ საბინადროში წამყვანი მტაცებლები არიან და მათი შემცირება ცუდად იმოქმედებს აფრიკულ ეკოსისტემებზე.
● ნეანდერტალელებში ხშირი იყო ინცესტი.
50 000 წლის ნეანდერტალელის ძვლის ანალიზით მოხერხდა ამ სახეობის გენომის ყველაზე სრული გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ამ ინდივიდს მონათესავე მშობლები ჰყავდა. ციმბირში, ალტაის მთებში აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტი ეკუთვნოდა ქალს, რომლის მშობლებიც ინცესტს მიმართავდნენ. შესაძლოა მათ საერთო მშობელი ჰყავდათ, ან იყვნენ ბიძა-ძმიშვილი/დიშვილი, ან ბებია/ბაბუა-შვილიშვილი. მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ეს ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მათი წინაპრებიც ანალოგიურად იქცეოდნენ. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ნეანდერტალელების პოპულაცია სიუხვით არ გამოირჩეოდა. კვლევისას შეადარეს ანატომიურად თანამედროვე ადამიანის, ნეანდერტალელებისა და დენისოველების გენები. ადამიანი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამ ორი სახეობისგან და შეიძლება ეს დაგვეხმაროს იმის ამოხსნაში, რატომ განვითარდა ჰომო საპიენსი და რატომ გადაშენდნენ სხვები. კვლევამ ასევე დაადასტურა ადრინდელი დასკვნა, რომ ნეანდერტალელები წყვილდებოდნენ ადამიანებთან, დენისოველებთან და ჯერჯერობით უცნობ კიდევ ერთ ჯგუფთან.
● მიაგნეს ყვავილების დასაბამს.
მოყვავილე მცენარეები 160 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, თუმცა უცნობი იყო, როგორ განვითარდნენ გვიმრებისგან. ამბორელას, ღრმა ევოლუციური ფესვების მქონე ბუჩქის, ახალმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 200 მილიონი წლის წინ ადგილი ჰქონდა გენომურ დუბლიკაციას. დღესდღეობით 300 000 სახეობის ყვავილი არსებობს, მაგრამ მათი წარსულის კვლევა ძნელია – ისინი იშვიათად რჩებიან ნამარხების სახით. ამბორელა გავრცელებულია ახალ კალედონიაში, ის პირველი ყვავილის ყველაზე ახლო ნათესავია და წარმოშობის შემდეგ მხოლოდ მცირეოდენი ევოლუციური ცვლილება განიცადა. მისი გენომის გაშიფრვის შემდეგ მეცნიერებმა მონაცემები შეადარეს სხვა მცენარეებისას. აღმოჩნდა, რომ 200 მილიონი წლის წინ ზოგიერთ მცენარეს გენების რაოდენობა გაუორმაგდა და ამ გზით გაჩნდა პირველი ანგიოსპერმა, რომლისგანაც შემდეგ დანარჩენი ყვავილები წარმოიშვნენ. დროთა განმავლობაში მათ მიიღეს 1179 უნიკალური გენი, რომლებიც არაყვავილოვან მცენარეებში არ მოიპოვება.
● ნამარხმა ძვლებმა ევოლუციური ნაპრალი შეავსო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარდა სხვა სახეობებიც იყენებენ იარაღებს, ადამიანები ყველაზე მეტად ვართ ამ საკითხში დახვეწილი. ამაში არამარტო განვითარებული ტვინი, არამედ ხელის უნიკალური აგებულებაც გვეხმარება. ჩვენს ევოლუციურ წარსულში არსებობდა ინფორმაციული ნაპრალი, თუ როგორ ჩამოყალიბდა იარაღის გამოყენებაზე მორგებული ხელის ზოგიერთი თვისება, მაგრამ 1.42 მილიონი წლის წინანდელი ძვლის აღმოჩენამ ცარიელი ადგილი შეავსო. ის კენიაში აღმოაჩინეს, ჰომო ერექტუსს ეკუთვნოდა და ჰქონდა ძვლოვანი გამონაზარდი, რომელიც ამყარებდა მაჯასთან კავშირს და იძლეოდა მუშტზე მეტი წნევით დაწოლის საშუალებას. ეს კი დამხმარე ფაქტორი იქნებოდა ქვის იარაღების ჭერისას. ამ მახასიათებლით იზრდებოდა იარაღების დამზადებასა და გამოყენებაში მათი ეფექტურობა. აღმოჩენა ამ ძვლოვანი გამონაზარდის წარმოშობის თარიღს 600 000 წლით უკან წევს.
● მარსზე შესაძლოა წყალი ისევ მიედინება.
ატმოსფეროს დაკარგვამდე მარსზე თხევადი წყალი იყო. ახალი აღმოჩენა კი მიანიშნებს, რომ წლის ზოგიერთ პერიოდში შესაძლოა წყალი ისევ თავისუფლად მოძრაობდეს წითელ პლანეტაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მარსის ატმოსფერო ძალიან სუსტია თხევადი წყლის შესანარჩუნებლად, ეს აღმოჩენა განმაცვიფრებელია. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ მარსის გეოლოგიის არასათანადო ცოდნის გამო მეცნიერებს უჭირთ თქმა, წყალი საიდან იღებს სათავეს. შეიძლება მიწისქვეშ ყინულის გროვები იყოს და სითბოში დნებოდეს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ასევე შეიძლება, მიზეზი ატმოსფერო იყოს და ზედაპირზე დაგროვილი წყალი დინებას იწყებდეს. წყალი ამჟამად ცნობილი სიცოცხლის ფორმების არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომ ის აზრი, რომ მარსზე ჯერ კიდევ არის თხევადი წყალი, საკმაოდ ამაღელვებელია.
● წყალმცენარეები ნავთობად გარდაქმნეს.
დაახლოებით 65 მილიონი წელია საჭირო, რომ მცენარეული მასალა ბუნებამ ნედლ ნავთობად გარდაქმნას, თუმცა მეცნიერულმა მეთოდმა ეს პერიოდი უკიდურესად შეამცირა და 1 საათამდე დაიყვანა. პროცესში თავდაპირველად ურევენ წყალმცენარეების მასას და წყალს, რეაქტორში ხდება ნარევის გახურება 350 გრადუს ცელსიუსზე და ყოველ კვ. სმ-ზე 200 კგ წნევით დაწოლა. ამით უახლოვდებიან იმ პირობებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირის ქვეშ მილიონობით წლების განმავლობაში იყო. 1 საათზე ნაკლები დროის შემდეგ წყალმცენარეები სრულად გარდაიქმნებიან ნედლ ნავთობად, ასევე რჩება წყალი და შუალედური პროდუქტები. ნავთობის გამოცალკევების შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა მისგან ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის მიღება შეძლო. შუალედური პროდუქტები ძირითადად კალიუმი და აზოტია, რომლებსაც ისევ გარდაქმნის პროცესში აბრუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით მიღებული ნავთობი გამორიცხავს მიწის ბურღვის პროცედურებს, მისი მიღება ტრადიციულ მეთოდზე უფრო ძვირია. თუმცა მუშაობა გრძელდება იმის იმედით, რომ მომავალში მოხდება ხარჯების შემცირება და დაიწყება ნავთობის მასიური წარმოება.
hah benjamin buttoni gaichita 😀
LikeLike
dzalian saintereso iyo
LikeLike
charli ra minda gtxovo, mgoni kvantur meqanikas svrclad ar shevxebivart blogze, xoda rame kargi, didi 😀 saintereso posti dade ra.
LikeLike
ბრაიან გრინის კაი დოკუმენტური ფილმი ვნახე კვანტურ მექანიკაზე და დავდებ ამ დღეებში
LikeLike
😉
LikeLike