ადამიანებზე ჩატარებული შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები


ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება ალბათ მუდმივად საკამათო თემა იქნება. ერთი მხრივ, ამ გზით ადამიანის სხეულზე მეტ ინფორმაციას ვიღებთ, რაც მომავალში გამოგვადგება, მეორე მხრივ კი ეთიკური საკითხების პრობლემა წამოიჭრება. როგორც ცივილიზებულ ადამიანებს, გვიწევს ამ ორის დაბალანსება და ოქროს შუალედის პოვნა. შესაბამისად, ექსპერიმენტები მის ობიექტებს მინიმალურ ან ნულოვან ზიანს უნდა აყენებდნენ. თუმცა საქმე ყოველთვის ასე იდეალურად არაა და ხშირად სრულიად საწინააღმდეგო რამეებიც ხდება. ქვემოთ მოყვანილ სადისტურ ექსპერიმენტებში ადამიანებს მხოლოდ ლაბორატორიის თაგვის ფუნქცია ჰქონდათ იმათგან, ვინც გადაწყვიტა, ღმერთის როლი ეთამაშა.


 

***

სიგიჟის განკურნება ქირურგიით

დოქტორ ჰენრი კოტონს სჯეროდა, რომ სიგიჟეს გარკვეულ ადგილებში გავრცელებული ინფექციები იწვევდა. 1907 წელს ის ტრენტონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელი გახდა და დაიწყო პროცედურები, რომლებსაც „ქირურგიულ ბაქტერიოლოგიას” უწოდებდა. კოტონი და მისი ჯგუფი პაციენტებზე ათასობით ოპერაციას ატარებდნენ, ხშირად მათი თანხმობის გარეშეც. თავდაპირველად ისინი კბილებს აძრობდნენ და ნუშისებრ ჯირკვალს იღებდნენ. თუ ეს საკმარისი არ იქნებოდა, უფრო შორს მიდიოდნენ და იმ შინაგანი ორგანოების ამოკვეთას იწყებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, პრობლემის სათავე იყო. კოტონი იმდენად იყო დარწმუნებული თავის მეთოდებში, რომ ანალოგიური რამ საკუთარ თავსა და ოჯახი წევრებზეც კი განახორციელა. ჯერ თვითონ ამოიძრო კბილები, შემდეგ იგივე გაუკეთა ცოლსა და ორ ვაჟს (ერთ-ერთ მათგანს მსხვილი ნაწლავის ნაწილიც მოკვეთა).

კოტონი ირწმუნებოდა, რომ მის მეთოდებს ხშირად მოჰქონდა წარმატება და ბევრი პაციენტი იკურნებოდა. მალე ის კრიტიკის ობიექტად იქცა, ხალხი მის ქმედებას შემაძრწუნებლად თვლიდა. ერთხელ კოტონმა 49 პაციენტის კოლექტომიით (მსხვილი ნაწლავის ძირითადი ნაწილის ამოკვეთა) სიკვდილი გაამართლა და დაიწყო მტკიცება, რომ ეს მისი მიზეზით არ მომხდარა. დამოუკიდებელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ კოტონი მნიშვნელოვნად აზვიადებდა შედეგებს. მისი სიკვდილის (1933 წ) შემდეგ საავადმყოფოში შეწყდა ექსპერიმენტები და კოტონის იდეები წარსულს ჩაბარდა. კრიტიკოსები თვლიან, რომ მას მართლაც გულწრფელად სურდა პაციენტების დახმარება, თუმცა ამისთვის არაადამიანურ მეთოდებს იყენებდა.

 

***

ოპერაციები ვაგინაზე ანესთეზიის გარეშე

ჯეიმს მერიონ სიმსს ბევრი ქირურგიის სფეროს პიონერად და თანამედროვე გინეკოლოგიის მამად თვლის. 1840-იანებში მან მრავალი ქირურგიული კვლევა განახორციელა აფროამერიკელ მონა ქალებზე. 3 წლის განმავლობაში მისი კვლევის სფერო იყო ვეზიკო-ვაგინალური ფისტულის (დარღვევა, როცა სა­შარ­დე ბუშ­ტი ვაგინას უერთდება) მკურნალობის მეთოდები. ქირურგიულ ოპერაციებს ის ყოველთვის ანესთეზიის გარეშე ატარებდა. ერთ-ერთ ქალს, სახელად ანარქას, მოუწია 30 სერიოზული ოპერაციის გადატანა, სანამ სიმსმა არ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო.

ეს არ იყო ერთადერთი სასტიკი ექსპერიმენტი, რომელსაც სიმსი ატარებდა. ის ასევე ცდილობდა, განეკურნა მონების ჩვილი ბავშვები, რომლებიც ტრიზმით (საღეჭი კუნთების სპაზმი) იტანჯებოდნენ. ამისთვის ის მეწაღის სადგისს იყენებდა და თავის ქალის ძვლების გადაადგილებას ცდილობდა.

 

***

შავი ჭირი

რიჩარდ სთრონგი, ექიმი და ფილიპინების მეცნიერების ბიუროს ბიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მანილას ციხის მობინადრეებს აცრებს უკეთებდა იმის დასადგენად, რომელი იყო ქოლერის საუკეთესო ვაქცინა. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, 1906 წელს, მან პატიმრებს შეცდომით შავი ჭირი შეუყვანა სხეულში, ნაცვლად ქოლერის ვაქცინისა. შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის მითითებით წარმოებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ჭირის შრატი ნამდვილად ქოლერის ვაქცინის სანაცვლოდ გაუკეთეს პაციენტებს და დამნაშავე სთრონგი იყო.

დეპრესიაში ჩავარდნილმა სთრონგმა საქმეს თავი მიანება და მომდევნო 6 წელი პასიურ პოზიციაში იყო, თუმცა შემდეგ ისე განაგრძო საქმე და ამჯერად პატიმრების ბერი-ბერით დასნებოვნება დაიწყო. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილებს საკომპენსაციოდ მხოლოდ რამდენიმე კოლოფი სიგარეტი მისცეს. სთრონგის ექსპერიმენტები იმდენად ამაზრზენი იყო, რომ ნიურნბერგის პროცესზე ნაცისტები თავის მართლებისას ამ შემთხვევებს იხსენებდნენ, რათა თავიანთი ქმედებები გაემართლებინათ.

 

***

მონების დამდუღვრა

1840-იან წლებში, იმ პროცესებში, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ წამება და არა მკურნალობა, დოქტორი უოლტერ ჯონსი მდუღარე წყალს იყენებდა ტიფის დასამარცხებლად. „მკურნალობის” მეთოდები მან გამოსცადა უამრავ მონაზე, რომლებსაც ეს დაავადება რამდენიმე თვე აწუხებდათ. ჯონსმა დეტალებში აღწერა, თუ როგორ გააშიშვლეს ერთ-ერთი პაციენტი, 25 წლის ბიჭი, და მიწაზე მუცლით დააწვინეს. ამის შემდეგ ჯონსმა მას ზურგზე 18 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხა.

საბრალო მონის წამება ამით არ დასრულებულა – უოლტერი ირწმუნებოდა, რომ კარგი შედეგის მისაღებად პროცედურა ყოველ 4 საათში უნდა გამეორებულიყო. ამის შედეგად, მისი რწმენით, სისხლის მიმოქცევა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებოდა და ორგანიზმი ინფექციებისგან დაიცლებოდა. მოგვიანებით ჯონსი ამტკიცებდა, რომ მან მრავალი პაციენტი განკურნა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ეს არასდროს დადასტურებულა.

 

***

ტვინზე დენით ზემოქმედება

იმ დროს, როცა ელექტროშოკის გაგონებაც კი ბევრისთვის ტკივილთან ასოცირდება, ცინცინატში მოღვაწე ქირურგმა დოქტორმა რობერტს ბართოლოუმ ეს ახალ ეტაპზე აიყვანა და პაციენტებში ტვინზე ელექტროდენით ზემოქმედება დაიწყო. 1847 წელს ბართოლოუ მკურნალობდა პაციენტ მერი რაფერტის, რომელსაც თავის ქალის მიდამოში წყლული ჰქონდა. წყლულს იმდენად ამოეჭამა მიმდებარე არეალი ძვლების გავლით, რომ ტვინის ქსოვილები გარედან ხილული გახდა 5 სმ-იანი ღრმულის მეშვეობით.

მისი თანხმობის შემდეგ ბართოლოუმ ტვინს ელექტროდები მიუერთა და სხვადასხვა სიმძლავრის ელექტრონაკადები მიუშვა, რომ რეაქციებს დაკვირვებოდა. 4 დღის განმავლობაში მან ეს ექსპერიმენტი 8-ჯერ გაიმეორა. საბოლოოდ რაფერტის უკეთესობა ეტყობოდა. თუმცა ტესტების შემდგომ ეტაპზე მას ძლიერი კანკალი დაეწყო და მალე კომაში ჩავარდა. ცოტა ხანში კი გარდაიცვალა.

საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია იმდენად დიდი იყო, რომ ბართოლოუს ცინცინატის მიტოვება და სხვაგან გადაბარგება მოუწია. მოგვიანებით ის ფილადელფიაში დასახლდა და ჯეფერსონის სამედიცინო სკოლაში მაღალ თანამდებობაზე მოეწყო. რეალურად, ბართოლოუს პროფესიულ ქმედებას ხელი არ შეშლია, მას მხოლოდ ლოკაციის შეცვლა მოუწია.

 

***

საკვერცხეების გადანერგვა

ლეო სტენლიმ, სან-ქუენტინის საპატიმროს მთავარმა ქირურგმა 1913-1951 წლებში, გიჟური თეორია მოიფიქრა: მას სჯეროდა, რომ მამაკაცები, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ, ტესტოსტერონის ნაკლები დონით გამოირჩეოდნენ და შესაბამისად მისი ზრდა შეამცირებდა კრიმინალისკენ მიდრეკილებას.

ამ იდეის გამოსაცდელად სტენლიმ ჩაატარა უცნაური ოპერაციების სერია, რომლის დროსაც მან ქირურგიული გზით მოახდინა სიკვდილით დასჯილი კრიმინალების საკვერცხეების გადანერგვა ცოცხალ პატიმრებში. ადამიანების შემდგომ ცხოველებზე გადავიდა და ამჯერად თხების, ცხვრებისა და ღორების საკვერცხეებს უნერგავდა პატიმრებს. ზოგჯერ მათ სითხედ აქცევდა და ასე შეჰყავდა პაციენტების კანში.

1922 წლისთვის, სტენლის თქმით, ოპერაციები 600 ადამიანზე ჰქონდა ჩატარებული. ასევე ირწმუნებოდა, რომ ოპერაციები წარმატებით სრულდებოდა. მაგალითისთვის აღწერდა შემთხვევას, როცა ხანშიშესული თეთრკანიანი პატიმარი ენერგიული და ცოცხალი გახდა მას შემდეგ, რაც სიკვდილით დასჯილი აფროამერიკელის საკვერცხეები გადაუნერგა.

 

***

შოკური თერაპია და LSD ბავშვებისთვის

ლორეტა ბენდერი ალბათ ყველაზე მეტად ბენდერ-გეშტალტის ტესტითაა ცნობილი – ეს ტესტი აფასებს ბავშვის მოტორულ და კოგნიტურ უნარებს. თუმცა ის მონაწილეობას იღებდა ისეთ კვლევებშიც, რომლებიც მოგვიანებით საკამათო გახდა. 1940-იანებში ის ბელევის საავადმყოფოს ფსიქიატრი იყო და 98 მცირეწლოვან პაციენტზე ყოველდღიურ ელექტროშოკს უკვეთავდა, რათა განეკურნა იმ მდგომარეობისგან, რომელსაც თავად „ბავშვურ შიზოფრენიას” უწოდებდა.

ლორეტას მიხედვით, შოკური თერაპია წარმატებული იყო და მხოლოდ მცირე ნაწილში არ ჰქონდა მას ეფექტი. მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ იყო და ბავშვებს აძლევდა გონებაზე მოქმედ წამლებს, როგორიცაა LSD და ფსილოციბინი (ჰალუცინოგენური სოკოების ერთ-ერთი ქიმიკატი), თანაც ზრდასრულთა დოზას. ზოგჯერ ეს რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. მართალია, არასდროს დამტკიცებულა, მაგრამ დადიოდა ხმები, რომ ბენდერი დაფინანსებას იღებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაციის (CIA) ცნობილი პროგრამიდან „მაკულტრა”.

 

***

გვატემალის სიფილისის ექსპერიმენტი

2010 წელს გახმაურდა სიფილისთან დაკავშირებული არაეთიკური ექსპერიმენტის შესახებ. პროფესორმა, რომელიც ტასკიგის ცნობილ კვლევას სწავლობდა, აღმოაჩინა, რომ ჯანდაცვის იგივე ორგანიზაცია გვატემალაშიც ატარებდა ექსპერიმენტებს. ამის გამო თეთრი სახლის მითითებით დაიწყო გამოძიება და აღმოჩნდა, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებულმა მკვლევარებმა 1946 წელს წინასწარ გამიზნულად სიფილისით დააავადეს 1300 გვატემალელი.

კვლევა ორი წელი გაგრძელდა და მისი მიზანი იმის დადგენა იყო, რამდენად ეფექტურად გაუმკლავდებოდა ამ დაავადებას პენიცილინი. მკვლევარები მეძავებს ფულს უხდიდნენ იმაში, რომ სიფილისი ფართოდ გაევრცელებინათ – განსაკუთრებით ჯარისკაცებში, პატიმრებსა და გიჟებში, რომლებსაც ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ექსპერიმენტის შედეგად 83 ადამიანი გარდაიცვალა. პრეზიდენტმა ობამამ პირადად მოუხადა ბოდიში გვატემალის პრეზიდენტსა და მოსახლეობას მიყენებული ზიანის გამო.

 

***

კანის გამაგრების ექსპერიმენტი

დერმატოლოგი ალბერტ კლიგმანი 1960-იანებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტულ პროგრამას, რომელიც ჰოლმსბურგის ციხის პატიმრებზე ხორციელდებოდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაფინანსებით ტარდებოდა კვლევა იმის დასადგენად, როგორ შეიძლებოდა კანის გამაგრება. თეორიულად, უფრო მყარი კანი დაიცავდა ცხელ ზონაში მყოფ ჯარისკაცებს ქიმიური გამღიზიანებლებისგან. კლიგმანი პატიმრებზე იყენებდა სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის კრემებსა და საშუალებებს, მაგრამ ერთადერთი შესამჩნევი ეფექტი იყო საშინელი ტკივილი და სამუდამო ნაიარევები.

ფარმაცევტული კომპანიები ასევე აფინანსებდნენ კლიგმანს, რათა პატიმრებზე მათი პროდუქტები გამოეცადა. კვლევის ობიექტებს მონაწილეობაში გარკვეულ თანხას უხდიდნენ, მაგრამ არ უმხელდნენ სრულ ინფორმაციას მოსალოდნელ გვერდით ეფექტებზე. ბევრი ქიმიური ნაერთი კანს აღიზიანებდა, ბებერებს წარმოქმნიდა და წვავდა. კლიგმანი შეუბრალებელი იყო პაციენტების მიმართ და თავადაც აღნიშნავდა, რომ მათ აღიქვამდა, როგორც რამდენიმე აკრ (0.4 ჰექტარი) კანს.

საბოლოოდ საზოგადოების მხრიდან აღშფოთებამ და მომდევნო გამოძიებებმა აიძულა კლიგმანი, შეეწყვიტა ოპერაციები და ექსპერიმენტების შესახებ არსებული ინფორმაცია გაენადგურებინა. მონაწილეებს მიყენებული ზიანის გამო არასდროს მიუღიათ კომპენსაცია, კლიგმანი კი მოგვიანებით გამდიდრდა ფერიმჭამელების სამკურნალო „Retin-A”-ს გამოგონებით.

 

***

წელის პუნქტურა ბავშვებზე

წელის პუნქტურა წარმოადგენს პროცედურას, როდესაც ზურგის ტვინის სითხე ამოიღება ზურგის ტვინის არხიდან. ზოგჯერ ეს საჭირო პროცედურაა, განსაკუთრებით ნევროლოგიური დარღვევებისა და ხერხემლის დაზიანების დროს. თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ზურგში გიგანტური ნემსის შერჭობა აუტანელი ტკივილის გარანტიაა. მაგრამ 1896 წელს პედიატრმა არტურ უენტვორთმა გადაწყვიტა, ზემოთხსენებული გადაემოწმებინა. ახალგაზრდა გოგონაზე დაკვირვებისას არტურმა შენიშნა, როგორ მოიკუნტა ის ძლიერი ტკივილისგან პროცედურის დროს. მან იეჭვა, რომ ოპერაცია მტკივნეული იყო (მაშინ საპირისპირო ეგონათ), თუმცა ბოლომდე ვერ დარწმუნდა. ამიტომ იგივე გაიმეორა 29 ჩვილსა და ახლად ფეხადგმულ ბავშვზე.

საბოლოოდ უენტვორთმა დაასკვნა, რომ მიუხედავად დროებითი ტკივილისა, პროცედურა ძალიან სასარგებლო იყო ავადმყოფობების დიაგნოზის საკითხში. კოლეგებისგან უენტვორთმა სხვადასხვა სახის რეაქციები მიიღო – ზოგი ხოტბას ასხამდა ახალ აღმოჩენას, ზოგიც კრიტიკულად აღნიშნავდა, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ადამიანის ვივისექცია. საზოგადოების გულისწყრომის ზრდამ აიძულა არტური, მიეტოვებინა ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, სადაც ის მანამდე ლექციებს კითხულობდა.

_____________________________________________________
მსგავსი პოსტები:
ძველი ქირურგიული იარაღები
ნაცისტთა ექსპერიმენტები ადამიანებზე
ოვიცების ოჯახი და ნაცისტთა ექსპერიმენტები
10 ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

Advertisements

5 responses to “ადამიანებზე ჩატარებული შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები

  1. დათა 17/12/2013, 6:00 PM

    რატომ არაპერი წერია იმ რაზმზე (სიკვდილის რაზმი N 731), რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ამაზრზენ და არაეთიკურ ექსპერიმენტებს ატარებდა იაპინიის მთებში.

    Like

  2. bioblog.me 26/12/2013, 9:30 AM

    შოკური თერაპია და LSD ბავშვებისთვის – ამ საკითხზე არის გამახვილებული ყურადღება სერიალ Fringe-ში, როდესაც მსგავსი ექსპერიმენტების შედეგად ადამიანებს ზებუნებრივი ძალები განუვითარეს.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: