გასული კვირა მეცნიერებაში [9.12-15.12]


● ჩინეთმა წარმატებულად დასვა როვერი მთვარეზე.
ჩინეთმა თავისი პირველი რობოტული მოდული დასვა მთვარეზე. აშშ-ისა და სსრკ-ის შემდეგ ის გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც მოახერხა დედამიწის ციურ თანამგზავრზე დაშვება. ხომალდმა Chang’e 3-მა და მისმა როვერმა Yutu-მ 37 წლიანი პაუზა დაარღვიეს. აქამდე ჩინეთს ორი მისია ჰქონა მთვარეზე გაშვებული, თუმცა ისინი მხოლოდ გარს უვლიდნენ მას. როვერი მუშაობს მზის ენერგიაზე, აღჭურვილია კამერებით, რადარული სისტემით და სამეცნიერო ხელსაწყოებით. ჩანგ’ი მთვარის ქალღმერთია ჩინურ მითოლოგიაში, მის პატივსაცემად ერქვა სახელი წინა ორ მისიასაც: Chang’e 1 და Chang’e 2. რაც შეეხება იუტუს, ის მთვარეზე მცხოვრები კურდღელია და ქალღმერთს ეკუთვნის.


 


● სამყარო სავარაუდოდ ჰოლოგრამაა.
ფიზიკოსთა ჯგუფმა წარმოადგინა ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმის მხარდასაჭერად, რომ სამყარო შესაძლოა, უბრალოდ დიდი პროექციაა. 1997 წელს თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა ხუან მალდაკენამ წამოაყენა თამამი მოსაზრება, რომ გრავიტაცია წარმოიქმნება უსასრულოდ მცირე და თხელი მოვიბრირე სიმებისგან. სიმების სამყარო, რომელიც არსებობს სივრცის 9 განზომილებაში, დამატებული დროის განზომილება, უბრალოდ ჰოლოგრამა იქნება. ნებისმიერი რეალური ქმედება ხორციელდება მარტივ, ბრტყელ სივრცეში, სადაც არ არსებობს გრავიტაცია. ამან დიდი აღელვება გამოიწვია, რადგან ამყარებდა სიმების თეორიას და ხსნიდა შეუთავსებლობებს კვანტურ მექანიკასა და ფარდობითობის თეორიას შორის. წლების განმავლობაში ეს იდეა განხილვის საგანი იყო, ამჟამად კი იბარაკის უნივერსიტეტის პროფესორებმა მისი მხარდამჭერი ნაშრომი წარმოადგინეს.

ნაშრომში განხილულია შავი ხვრელის შინაგანი ძალა, მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის არსებული საზღვარი, ენტროპია და სხვა მახასიათებლები, რაც ეფუძნება სიმების თეორიასა და იმ ე.წ. ვირტუალური ნაწილაკების ეფექტს, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან. ამის შემდეგ გამოთვლილია შესაბამისი ნაკლები განზომილებების მქონე უგრავიტაციო კოსმოსის ენერგია. ეს ორი ერთმანეთს ემთხვევა. გრავიტაციის 10 განზომილებიანი თეორია იგივეს წინასწარმეტყველებს, რასაც სტანდარტული კვანტური ფიზიკა ნაკლებ განზომილებებში. როცა საქმე შავ ხვრელს ეხება, ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკა თითქოს წინააღმდეგობაში არიან, მაგრამ პრობლემა გადაიჭრება, თუკი სამყაროს ჰოლოგრამულ პროექციად აღვიქვამთ.

 


● ევროპაზე გეიზერი შენიშნეს.
ჰაბლის ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრ ევროპის ზედაპირზე მასიური გეიზერები ამოიფრქვა. წყლის ნაკადი 200 კმ-ის სიმაღლეზე აიჭრა. დაწვრილებით იხილეთ აქ.

 


● ასტეროიდებმა შესაძლოა სიცოცხლე სხვაგან გაავრცელეს.
ამერიკელი მკვლევარების თქმით, ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრებს ბოლო მოუღო, ნაწილებად დაიშალა და შესაძლოა ზოგიერთი მარსსა და ევროპაზე მოხვდა, სადაც მარტივი ცოცხალი ორგანიზმებიც გადაიტანა. 3 მეტრი ის მინიმუმი ზომაა ნატეხისთვის, რომელიც საჭიროა მიკრობების დასაცავად მზის რადიაციისგან 10 მილიონი წლის განმავლობაში. ასტეროიდის ნაწილებიდან ზოგი დედამიწის ორბიტაზე მოხვდებოდა, ზოგი უკან ჩამოვარდებოდა, სხვებსაც მზე შთანთქავდა. მცირე, მაგრამ არც ისე უმნიშვნელო ნაწილი აღმოჩნდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იქნებოდა. მეცნიერთა გამოთვლით, ევროპაზე სავარაუდოდ 6, წითელ პლანეტაზე კი 360 000 ნატეხი მოხვდებოდა. ანალოგიური რამ განმეორდებოდა სხვა დიდი ასტეროიდების შემთხვევაშიც.

 


● მარსზე წარსულში მტკნარი წყლის ტბა იყო.
ამჟამად მარსი უსიცოცხლო უდაბნოა, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ მილიარდობით წლების წინ მასზე სქელი ატმოსფერო და თხევადი წყალი იყო. ნასას მარსმავალი „Curiosity” წააწყდა მტკიცებულებას, რომ მარსზე წყალი დიდი ხნის განმავლობაში იყო. იელოუნაიფის ყურეში არსებული მინერალებით მდიდარი თიხა კი სიცოცხლის არსებობისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა. დანალექ ქანებში აღმოჩნდა ისეთი ელემენტები, როგორიცაა წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადი, აზოტი, გოგირდი და ფოსფორი. მარსზე თავისუფლად შეიძლება ეარსებათ ისეთ ორგანიზმებს, როგორებიც იყვნენ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების ადრეულ პერიოდში.

 


● აღმოაჩინეს მტკნარი წყლის დიდი მარაგი.
ოკეანეების ქვეშ მეცნიერებმა უზარმაზარი მოცულობის სუფთა და დაბალი მარილიანობის მქონე წყალი აღმოაჩინეს. მისი სავარაუდო მოცულობა ნახევარი მილიონი კუბური კმ-ია და კონტინენტურ შელფებში, ოკეანეების ფსკერის ქვეშ მდებარეობს. რეზერვუარები ასობით ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა, როცა ზღვის დონე გაცილებით ნაკლები იყო. წვიმის წყალი სიღრმეებში გროვდებოდა და ზემოდან ნალექითა და თიხით იფარებოდა. 20 000 წლის წინ ოკეანეების დონემ აიწია და წყალი საიმედოდ დაცული აღმოჩნდა. მომავალში მისი სასმელად გამოყენება მოხდება, თუმცა მთავარი პრობლემა მეთოდია – ასეთი სიღრმიდან წყლის ამოქაჩვა ადვილი საქმე არ იქნება.

 


● ახალმა წამალმა შეიძლება ბევრი დაავადება განკურნოს.
უამრავი დაავადება წარმოიშობა იმის გამო, რომ პროტეინის მოლეკულები არასწორად განლაგდებიან ხოლმე. თაგვებზე ჩატარებულმა 13 წლიანმა ცდებმა აჩვენა, რომ ერთ წამალს შეუძლია მრავალი დაავადება დაამარცხოს და პოტენციურად იგივე მოხდეს ადამიანის შემთხვევაშიც – ებრძოლოს ისეთ განსხვავებულ დაავადებებს, როგორიცაა კისტური ფიბროზი, კატარაქტა და ალცჰაიმერი. უჯრედის სტრუქტურაში მცირეოდენი დარღვევაც კი შეიძლება ორგანიზმისთვის დიდი ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდეს. ასე ჩნდება კიბო, კატარაქტა, მეორე ტიპის დიაბეტი და ა.შ. უშვილო თაგვებში, რომლებსაც იგივე მუტაცია სჭირდათ, რაც ათობით მილიონ ადამიანს, ფარმაკოფერონის დახმარებით პრობლემა გამოსწორდა და მათ შთამომავლობა გაუჩნდათ. მართალია, დიდი დრო იქნება საჭირო, სანამ ადამიანისთვის შესაბამისი წამალი დამზადდება, მაგრამ მომავალი თაობისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობის მეთოდი ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა ალცჰაიმერი და სიმსივნე.

 


● 3D საბეჭდი კალმები ქირურგებს ოპერაციაში დაეხმარება.
ვოლონგონგის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნილი ბიოკალმები დაეხმარება ქირურგებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში. ეს თავის მხრივ დააჩქარებს ძვლებისა და ხრტილების შეხორცებას. კალამი გამოყოფს უჯრედებს, რომლებშიც შერეულია მასთან თავსებადი მასალები, როგორიცაა წყალმცენარეების ექსტრაქტი, გარედან კი დაცულია სპეციალური გელით. უჯრედების ფენების გამკვრივება შემდეგ ხდება დაბალი სიმძლავრის ულტრაიისფერი სხივებით. უჯრედები იყოფიან და გარდაიქმნებიან ნერვებად, კუნთებად ან ძვლებად, რაც აღადგენს დაზიანებულ მიდამოს და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: