ევროპაზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა იზრდება


ჰაბლის ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრ ევროპის ზედაპირზე მასიური გეიზერები ამოიფრქვა. წყლის ნაკადი 200 კმ-ის სიმაღლეზე აიჭრა.

ეს საკმაოდ სასიამოვნო სიახლეა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ევროპის შუაგულში თხევადი წყლის დიდი მარაგია, თუმცა ეს პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა. ეს ცვლის წარმოდგენებს იმაზეც, თუ როგორ ზემოქმედებენ ერთმანეთზე წყალი და ზედაპირი. ცხადია, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, დაცურავენ თუ არა ევროპის შუაგულში უცხოპლანეტელი თევზები, თუმცა ამ საკითხში წინსვლაა.

რაც შეეხება ევროპას – ის დაახლოებით ჩვენი მთვარის ზომისაა და საკმაოდ ნათელი (მოყვარულ ასტრონომებს მისი დანახვა არ უჭირთ). მისი ზედაპირი ამრეკლავია, ამიტომაც ითვლება, რომ ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. იუპიტერზე გაგზავნილმა ზონდებმა (როგორიცაა Voyagers 1 & 2 და Galileo) ეს მოსაზრება დაადასტურეს. თანამგზავრის დეტალური სურათები აჩვენებს, რომ მას ძალიან ცოტა კრატერი აქვს და მთელ ზედაპირზე ფართო და გრძელი ბზარებია.

ევროპის ორბიტა იუპიტერის გარშემო 3.5 დღის ხანგრძლივობისაა და ოდნავ ელიფსურია. როცა გიგანტ პლანეტას უახლოვდება, მისგან გრავიტაციის ზემოქმედებას მეტად განიცდის, დაშორებისას კი ნელდება. დაძაბულობა იზრდება მაშინაც, როცა სხვა დიდი თანამგზავრები უახლოვდებიან. ეს ყველაფერი ზემოქმედებს ევროპაზე და ცვლილებების შედეგად ხდება მისი შუაგულის გათბობა, ყინულის ლღობა. შედეგად ზედაპირი არის სქელი ყინული, რომელიც მასიურ ოკეანეს ფარავს ყველა მხრიდან. სავარაუდოდ ევროპას უფრო მეტი თხევადი წყალი აქვს, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანეშია.

გეიზერები ჰაბლის ტელესკოპიდან დაკვირვებით აღმოაჩინეს. ევროპიდან წამოსულ ულტრაიისფერ სინათლეზე დაკვირვებით თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე „ცხელი წერტილი” შენიშნეს. სინათლის ტალღების სიგრძე აჩვენებს, რომ ეს „წერტილი” შეიცავდა წყალბადსაც და ჟანგბადსაც – წყლის ორივე მთავარ კომპონენტს.

იუპიტერს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს და ამ ველში მოხვედრილი ელექტრონები მაღალ სიჩქარეს იძენენ. ისინი ეჯახებიან ევროპის წყლის მოლეკულებს და შლიან წყალბადისა და ჟანგბადის ცალკეულ ატომებად, რომლებსაც შემდეგ დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით აკვირდებიან.

ადრეულმა დაკვირვებებმა ამ სინათლის კვალს ვერ მიაგნო და ეს მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ სინათლე გეიზერისგან მოდის. რატომ? დაკვირვებები განხორციელდა მაშინ, როცა ევროპა იუპიტერთან ახლოს იყო, ამჟამად კი შორსაა. გრავიტაციის გამო ბზარები იკვრება იუპიტერთან მიახლოებისას და იშლება დაშორებისას. ამიტომ გეიზერს ამოფრქვევის საშუალება სწორედ ასეთ პერიოდში (დიდი დისტანციისას) აქვს.

მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გეიზერიდან ყოველ წამში 7 ტონა წყალი იფრქვევა. მისი მამოძრავებელი ძალა უზარმაზარია – ჭავლი 200 კმ-ზე ადის ზედაპირიდან, სიჩქარე კი წამში 700 მეტრია, ანუ 2500 კმ/სთ.


ცნობილია კიდევ ერთი თანამგზავრი, რომელზეც გეიზერები იფრქვევა – სატურნის ენცელადი. ევროპა მასზე ბევრად დიდია (3100 კმ vs 500 კმ) და შესაბამისად უფრო ძლიერი გრავიტაცია აქვს. ამიტომ იგივე სიჩქარის გეიზერი ენცელადზე უფრო მაღლა აიჭრება.

ენცელადზე ჭავლები მართლაც უფრო დიდია, ისინი სიმაღლეში 500 კმ-ს აღწევენ, მოძრაობენ უფრო ნელა – 300-500 მეტრი წამში სიჩქარით (1000-1800 კმ/სთ) და ყოველ წამს 200 კგ წყალს ამოტყორცნიან. ნაკლები გრავიტაციის გამო წყლის ნაწილი კოსმოსში იფანტება, ევროპაზე კი მთლიანად უკან ბრუნდება და იყინება.

ენცელადის გეიზერებიც სამხრეთ პოლუსიდან იფრქვევიან – პლანეტების გავლენა თანამგზავრებზე აქ უფრო ძლიერია. კოსმოსურმა ზონდმა „Cassini-Huygens”-მა, რომელიც თითქმის 10 წელი უვლიდა სატურნს გარშემო, მაღალი გამოსახულების ფოტოები გადაიღო, მათ შორის ენცელადზე არსებული ბზარებიც.

ახალი აღმოჩენა, ცხადია, დღის წესრიგში სვამს სიცოცხლის არსებობის საკითხს. სიცოცხლეს, რა ფორმითაც ჩვენ ვიცნობთ, აუცილებლად სჭირდება წყალი საარსებოდ. თანაც წყალი საოცარი ნაერთია – ტემპერატურის დიდ არეალში თხევადია, მასში იხსნება ბევრი რამ და კარგი სათავსოა მკვებავი ნივთიერებებისთვის, იცავს მყიფე ბიოლოგიურ მოლეკულებს მკვეთრი რადიაციისგან და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წყალი სიცოცხლის ელექსირია.

ამიტომ მხოლოდ წყლის არსებობაც კი ამაღელვებელია. მაგრამ ეს არაა საკმარისი – სიცოცხლის საარსებოდ საჭიროა ენერგია და ნედლი მასალა. ის ფაქტი, რომ მძლავრი გეიზერი არსებობს, ცხადად მიგვითითებს დიდი რაოდენობის ენერგიაზე. სხვაგვარად წყალი ასე სწრაფად და მაღლა ვერ ამოიფრქვეოდა. ასევე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზედაპირი და მის ქვეშ არსებული ოკეანე ურთიერთქმედებენ და შესაძლოა, სიცოცხლისთვის საჭირო ნედლი მასალა ხელმისაწვდომი იყოს. იუპიტერის მძლავრი მაგნიტური ველი წარმოქმნის რადიაციას, რომელიც ზემოქმედებს ევროპის ზედაპირზე არსებულ მოლეკულებზე და ქმნის მარტივ ორგანულ ნაერთებს, თიხის მსგავს მინერალებს. შესაძლოა, ეს ნივთიერებები წარსულში ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობითაც იყოს ევროპაზე მოხვედრილი. თუკი ისინი თხევად წყალში მოხვდებიან, უკვე სახეზე იქნება სიცოცხლის გასაჩენად საჭირო ყველა ინგრედიენტი.

გეიზერის აღმოჩენას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – წყალმდე მიღწევა ზედაპირიდანაც შეიძლება. თუკი მოვინდომებთ ევროპის ოკეანის გამოკვლევას სიცოცხლის აღმოსაჩენად, მოგვიწევს სქელი ყინულის ბურღვა ან მისი დნობა, რათა კილომეტრების სისქის საფარი გავარღვიოთ. მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ამდენი შრომა საჭირო არაა – გეიზერებმა უკვე შექმნეს გვირაბი ზედაპირსა და ოკეანეს შორის. ნებისმიერ კოსმოსურ ზონდს შეუძლია ამით ისარგებლოს და ენერგია დაზოგოს. ან სულაც ზედაპირიდან აიღოს წყლის ნიმუში.

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიზანი იმის დადგენაა, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში. ამ საკითხში ფეხი ახლა ავიდგით, ვეძებთ ხელსაყრელ ზონაში მყოფ პლანეტებს, ვიკვლევთ სიცოცხლის გაჩენისთვის საჭირო ქიმიასა და პირობებს, კოსმოსური ზონდებით ვათვალიერებთ ახლო კოსმოსს. ჩვენი მცდელობა, გამოვიკვლიოთ სამყარო, ვიპოვოთ მასში ჩვენი ადგილი და აღმოვაჩინოთ სიცოცხლე, არის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და კეთილშობილური მისია, რაც კი ოდესმე ადამიანებს გაგვიკეთებია.

იმის ალბათობა, რომ მხოლოდ დედამიწაზე არ გაჩენილა სიცოცხლე, მუდმივად იზრდება. უკვე ვიცით, რომ მარსზე ოდესღაც თხევადი წყალი იყო და დიდი ხნის წინ შეიძლება ცოცხალი ორგანიზმებიც ყოფილიყვნენ. ენცელადსაც გააჩნია თხევადი წყალი, თუმცა ის საკმაოდ შორსაა, რის გამოც მისი გამოკვლევა უფრო შორეული მომავლის საქმეა.

ევროპა შედარებით ახლოსაა. მომავალმა კლევებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაამყაროს მასზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა და ოდესმე მასზე უცხოპლანეტელებსაც წავაწყდეთ. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ევროპა საამისოდ მზის სისტემაში საუკეთესო კანდიდატია.

არც ისე დიდი ხნის წინ ევროპა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებების სფერო იყო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში შეიძლება სახელმძღვანელოებში დიდი ადგილი დაიკავოს.

Advertisements

7 responses to “ევროპაზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა იზრდება

  1. GR 15/12/2013, 10:13 PM

    kai posti iyo, neta uaxloes momavalshi tu iqneba shesadzlebeli gamokvleva

    Like

  2. Pingback: გასული კვირა მეცნიერებაში [9.12-15.12] | ჩრდილოეთის ციალი

  3. Pingback: სატურნის თანამგზავრ ენცელადზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს | ჩრდილოეთის ციალი

  4. Pingback: ნასა 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს | ჩრდილოეთის ციალი

  5. Pingback: ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ვარგისი 100 მილიონი პლანეტაა | ჩრდილოეთის ციალი

  6. Pingback: პირველი დაკვირვება „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის” მქონე ვარსკვლავზე | ჩრდილოეთის ციალი

  7. Pingback: როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს? | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: