გასული კვირა მეცნიერებაში [2.12-8.12]


● ახალი ეგზოპლანეტა ახალი ინფორმაციით.
300 სინათლის წლის მოშორებით, ჯვრის თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა HD106906b ზემასიურია – ის იუპიტერზე 11-ჯერ მძიმეა. გარდა ამისა, დედა-ვარსკვლავისგან საკმაო მანძილით, 650 ასტრონომიული ერთეულითაა (97 მილიარდი კმ) დაშორებული. ეს მზესა და მის უშორეს პლანეტას, სატურნს შორის არსებულ დისტანციაზე 70-ჯერ მეტია. ამ ორი ფაქტორის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რიგი საკითხები პლანეტებისა და ვარსკვლავების ფორმირების შესახებ.

ამჟამინდელი შეხედულებით, ახალშობილი ვარსკვლავის გარშემო კოსმოსური მტვრისა და ნამსხვრევების გროვა ტრიალებს და დისკოს ფორმის მორევს ქმნის. დროთა განმავლობაში ნაწილაკები ერთიანდებიან, იკვრებიან და ქმნიან სფეროსებრ სხეულებს, რომლებიც მოგვიანებით პლანეტის მახასიათებლებს იძენენ. ამ თეორიის მიხედვით, ვერ იქნება საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ამ ზომის პლანეტა ასეთ დისტანციაზე შეიქმნას. ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა ისაა, რომ HD106906b ვარსკვლავად ჩამოყალიბებას „ცდილობდა”, მაგრამ მეტოქის გამო საკმარისი მასალა ვერ მიიზიდა. თუმცა პრობლემა აქაც ჩნდება – ბინარული ვარსკვლავების სისტემაში ორი ვარსკვლავის მასების თანაფარდობა მაქსიმუმ 10:1-ზეა, აქ კი თითქმის 100:1-ზე გამოდის. პლანეტა 13 მილიონი წლისაა (რაც ბავშვურად გამოიყურება 4.5 მილიარდი წლის დედამიწასთან შედარებით), ხოლო ტემპერატურა 1500 გრადუსს აღწევს.

 


● ღეროვანი უჯრედები ფილტვის ქსოვილად გარდაქმნეს.
ფილტვის გადანერგვის შემდეგ პაციენტთა მხოლოდ 28% ცოცხლობს 10 წელი ან მეტხანს. შემთხვევათა 90%-ში ორგანიზმი შეუთავსებლად აღიქვამს დონორ ორგანოს და უარყოფს მას, რაც სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან ღეროვანი უჯრედების მეშვეობით მეცნიერებმა ფუნქციური ფილტვი შექმნეს. ეს წინსვლა მათ საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ ქსოვილებისა და ფილტვების დაავადებების წარმოშობის შესახებ. თავის მხრივ ეს მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს გააუმჯობესებს. ექიმები შეძლებენ, შეუთავსებლობის შემთხვევაში პაციენტის უჯრედებისგან შექმნან ახალი ორგანო, რაც გამორიცხავს როგორც ორგანიზმის მიერ მის უარყოფას, ისე გადანერგვის მსურველთა სიაში ყოფნასთან დაკავშირებულ სტრესს. თავდაპირველად მოხდება ფილტვის ამოკვეთა და მისგან მხოლოდ ხრტილოვანი მასალის დატოვება, შემდეგ კი ღეროვანი უჯრედებით ჯანმრთელი ქსოვილების ხელახალი გამოზრდა და სრულფასოვანი ორგანოს პაციენტის ორგანიზმში დაბრუნება.

 


● ფუტკრები და კრაზანები სახეზე გვცნობენ.
თუკი ოდესმე კრაზანას მოკვლას ეცდებით და ის გაფრენას მოასწრებს, ფრთხილად იყავით – მან იცის, როგორ გამოიყურებით. ახალი კვლევის დასკვნებით, ფუტკრები და კრაზანები ადამიანის სახის ინდივიდუალურ მახასიათებლებს იმახსოვრებენ. ამ აღმოჩენამ გააოცა მეცნიერები, რომლებიც არ ელოდნენ ასეთ განვითარებულ სოციალურ მახასიათებლებს ასეთი პატარა ტვინის მქონე არსებებში. ადამიანებს რომ ეს უნარი გვაქვს, ახალი ამბავი არაა, მსგავსი რამ ასევე შემჩნეულია სხვა არსებებშიც, მაგალითად ყვავში. მაგრამ ყვავი ერთ-ერთ უჭკვიანეს არსებად ითვლება და ამ მწერებზე განვითარებული ტვინი აქვს. ფუტკრები და კრაზანები სახეზე დაკვირვებისას თავიანთი მოზაიკური მხედველობით აანალიზებენ მის დეტალებს, შემდეგ კი მიღებულ ინფორმაციას ტვინში აერთიანებენ. ეს აღმოჩენა შეიძლება შთამაგონებელი გახდეს სახის ამომცნობი ახალი პროგრამების შექმნაში.

 


● გაშიფრეს 400 000 წლის დნმ-ი.
ესპანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები გასაოცარია – გამოიკვლიეს 400 000 წლის წინანდელი ჰომინინების (ადამიანთა წინაპრების) მიტოქონდრიული დნმ-ი. ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი დენისოველებს ენათესავებოდნენ. სიმა-დე-ლოს-უესოსი ნამარხებით მდიდარი ადგილია ესპანეთში და მას ბოლო 20 წელია, აქტიურად იკვლევენ. ამ დრომდე ნაპოვნია 30 ჩონჩხი, რომელთაგან თითოეული მინიმუმ 300 000 წლისაა. ისინი ჰაიდელბერგელი ადამიანის (Homo heidelbergensis) სახეობას მიაკუთვნეს, თუმცა არსებობს ფიზიოლოგიური მსგავსებები ნეანდერტალელებთან. ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს ამ ჯგუფებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ევოლუციურ კავშირზე. შესაძლოა, ეს ნამარხები ნეანდერტალელებისა და დენისოველების საერთო წინაპრებისაა ან ისინი იყვნენ აქამდე უცნობი სახეობის წევრები, რომლებიც მათთან წყვილდებოდნენ.

 


● ფოტოზე აღბეჭდეს 3 ახალი ეგზოპლანეტა.
ეგზოპლანეტების დაფიქსირება საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ამისთვის ისინი ხელსაყრელ პოზიციაში უნდა მდებარეობდნენ, ასევე მოხდეს გამოსახულების გარჩევა მათგან წამოსული სინათლის მიუხედავად. ახალი ტიპის ტექნოლოგიებითა და კომპიუტერული ალგორითმებით შესაძლებელი გახდა სინათლის ბლოკირება და პლანეტების უკეთ დანახვა. მეცნიერებმა 3 ახალგაზრდა ეგზოპლანეტის გადაღებაზე გაავრცელეს ინფორმაცია.

ROXs12b 390 სინათლის წლის მოშორებითაა და გარს უვლის წითელ ჯუჯა-ვარსკვლავს 31 მილიარდი კმ-ის დისტანციაზე, რაც დედამიწის მაჩვენებელს 215-ჯერ აღემატება. პლანეტა საკმაოდ დიდია – 12-20 იუპიტერის წონის. მეცნიერებმა მის გარშემო დისკო შენიშნეს, რაც სავარაუდოდ იმის ნიშანია, რომ ჯერ კიდევ იზიდავს ნამსხვრევებს და მასას იზრდის.

ROXs42Bb იუპიტერზე 6-15-ჯერ მძიმეა და ასევე 390 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ის გარს უვლის ორ ვარსკვლავს 22 მილიარდი კმ-ის დისტანციაზე. მისი ტემპერატურა 1900°C-ია.

FW Tau b ანალოგიურად ორ ვარსკვლავს უვლის გარშემო, თუმცა მათგან საკმაო მანძილით, 45 მილიარდი კმ-ითაა დაშორებული. მის ატმოსფეროში არის წყალბადი და აქვს ნამსხვრევების რგოლი. ის ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და მისი ტემპერატურა 1700° C-ს შეადგენს.

 


● ნიანგები სანადირო ხრიკებს იყენებენ.
სანადირო იარაღებისა და სტრატეგიის გამოყენება ცხოველთა სამყაროში უცხო ხილი არაა, თუმცა ამ დროს ძირითადად შიმპანზეები და სხვა მაიმუნები გვახსენდებიან. როგორც აღმოჩნდა, იგივე უნარი აქვს ნიანგის ზოგიერთ სახეობასაც. ბოლო წლებში ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ნიანგები და ალიგატორები საკმაოდ ჭკვიანი არსებები არიან. სხეულთან შედარებით ტვინის პროპორციული ზომა დიდია, ამ საკითხში ისინი ყველა რეპტილიას ჯობნიან. მათ შეუძლიათ პოტენციური მსხვერპლის ქმედებები შეისწავლონ, აქვთ სოციალური ურთიერთობები, ზოგჯერ დაობლებულ პატარებსაც კი იფარებენ ხოლმე. როგორც აღმოჩნდა, მათ სანადიროდ ხრიკების გამოყენებაც შეუძლიათ. ისინი თავსა და დინგზე ჯოხებს იწყობენ და ამგვარად ინიღბებიან, რაც წყლის ფრინველებისთვის, მაგალითად ყანჩებისთვის, კუნძივით ჩანს. კუნძზე დალაგებულ ჯოხებს ისინი ბუდისთვის იყენებენ, მაგრამ მიახლოებისთანავე „კუნძი” ხტება და მსხვერპლს ეცემა. უცნაურია ის, რომ ასეთი რამ მხოლოდ გაზაფხულზე ხდება – სწორედ მაშინ, როცა ფრინველები წყვილდებიან და ბუდეებს იშენებენ.

 


● მამრ კოალას ხმის იოგების მეორე წყება აღმოუჩინეს.
მამრი კოალები მდედრებისგან განცალკევებით ცხოვრობენ. პარტნიორების შერჩევის დროს გარდა სუნისა, გამოიყენება ხმოვანი ბგერებიც, რომლებიც მიაგავს ყიყინის, ღრუტუნისა და ხროტინის ნაზავს. ამან მკვლევარები გააოცა, რადგან ბგერები 20-ჯერ უფრო დაბალი ჟღერადობისაა, ვიდრე კოალას უნდა შეეძლოს წარმოქმნა, თუ გავითვალისწინებთ მის ზომას. მრავალჯერადმა კვლევამ დაადგინა, რომ ხმელეთის ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვრისგან განსხვავებით, კოალებს ხმის იოგების ორი წყება აქვთ. ხმის იოგები გიტარის სიმებივითაა – თხელი და მოკლე იოგები მაღალ ბეგერებს წარმოქმნიან, დაბალი კი სქელი და გრძელი იოგებიდან მოდის. კოალას წონა დაახლოებით 8 კგ-ია, რის გამოც მიაჩნდათ, რომ მათი იოგები თხელია და მაღალ ტონალობებს წარმოშობს. სხვა საქმე იქნებოდა, ისინი რომ სპილო ზომისანი ყოფილიყვნენ – მაშინ ეს აღმოჩენა გაკვირვებას არ გამოიწვევდა. მსგავსი სტრუქტურა აქვთ ვეშაპებსაც, მაგრამ ხმელეთის ძუძუმწოვრებში კოალები უნიკალურები არიან.

 


● 5 ეგზოპლანეტაზე ატმოსფერული წყალი აღმოაჩინეს.
ბოლო წლებში ასტრონომებმა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიიღეს ეგზოპლანეტებზე. შესაძლებელია მათი აღმოჩენა, იმის განსაზღვრა, არიან თუ არა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში, ამჟამად კი ზედაპირზეც შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მიღება. მკვლევარების განცხადებით, მათ 5 ეგზოპლანეტაზე აღმოაჩინეს წყალი. ამ პლანეტებს „ცხელ იუპიტერებს” უწოდებენ, რადგან აირის გიგანტები არიან და ვიწრო ორბიტაზე მოძრაობენ. წყლის არსებობა დადგინდა ინფრაწითელი სიგნალის გაზომვით, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, გამოეთვალათ, სინათლის რა ნაწილი დაიკარგა წყლის გამო.

WASP-12b მდებარეობს 800 სინათლის წლის მოშორებით და თავის ვარსკვლავს 1.1 დღეში უვლის გარშემო. მომდევნო 10 მილიონ წელიწადში მას სავარაუდოდ დედა-ვარსკვლავი შეისრუტავს. WASP-17b ღრიანკალის თანავარსკვლავედში მდებარეობს 1000 სინათლის წლის მოშორებით. აქვს იუპიტერზე ორჯერ დიდი რადიუსი და ორჯერ მცირე მასა. HD209458b-ს ყველაზე ძლიერი სიგნალი ჰქონდა წყალზე. ის 150 სინათლის წლის მოშორებითაა პეგასის თანავარსკვლავედში და ორბიტას 3.5 დღეში შემოწერს. WASP-19b-ს კი ამისთვის 19 საათი სჭირდება, რაც მას აქამდე აღმოჩენილი პლანეტებიდან ერთ-ერთი უსწრაფესის ტიტულს ანიჭებს. ის 815 სინათლის წლითაა დედამიწიდან დაშორებული და იალქნების თანავარსკვლავედში მდებარეობს. მისი რადიუსი იუპიტერისაზე 1.3-ჯერ დიდია, მასა კი დაახლოებით იგივე. XO-1b ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედშია 560 სინათლის წლის მოშორებით. ვარსკვლავს 4 დღეში უვლის გარშემო, იუპიტერს აღემატება რადიუსით, თუმცა ჩამორჩება მასით.

5 thoughts on “გასული კვირა მეცნიერებაში [2.12-8.12]

  1. “თავდაპირველად მოხდება ფილტვის ამოკვეთა და მისგან მხოლოდ ხრტილოვანი მასალის დატოვება, შემდეგ კი ღეროვანი უჯრედებით ჯანმრთელი ქსოვილების ხელახალი გამოზრდა და სრულფასოვანი ორგანოს პაციენტის ორგანიზმში დაბრუნება” ანუ, ავადმყოფს ამოაჭრიან ფილტვებს, მისგან ხრტილს დატოვებენ და მერე მისივე ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი ქსოვილებით შექმნიან ახალ ფილტვებს? და ეს ხომ ხანგრძლივი პროცესი იქნება და ვერ ვხვდები, ადამიანი უფილტვოდ ხომ ვერ გაძლებს და ვერხ მხოლოდ ხრტილოვანი მასალით… :დდ რაღაც გაურვკევლობაში ვარ…

    Like

    1. ცალი ფილტვით ცოცხლობენ, ოღონდ იმ ადგილს რაღაცით უვსებენ ხოლმე. და თითქმის ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას, ოღონდ დატვირთვა არ შეიძლება :დ

      დრო რამდენი დაჭირდება არ ვიცი, მაგრამ თაგვებზე რომ ცდიდნენ, 2-3 კვირა უნდოდა სრულყოფილად ფუნქციონირებამდე მიღწევას. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ალბათ ეგ დროც შემცირდება

      Like

  2. ჩარლი გთხოვ ეგზოპლანეტებზე დაწერე ცალკე სტატია ვერ დავამუღამე რა პონტია. მზისგან მილიარდი კილომეტრებით არიან დაშორებულები და მაინც 1000 ზემოთ არის ტემპერატურა და ზოგი ვაფშე საათებში უვლის მზეს კრუგს და რა პონტია ვერ მივხვდი.

    Like

    1. ახალგაზრდა პლანეტა როცაა, ცხელია, მერე გრილდება. საათებში თუ უვლის გარშემო, ესეიგი ძალიან ახლოსაა ვარსკვლავთან

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s