გასული კვირა მეცნიერებაში [18.11-24.11]


● ვითარდება შიზოფრენიის სამკურნალო ბიონიკური ხელსაწყო.
მეცნიერები ავითარებენ პირველ ბიონიკურ იმპლანტანტს, რომელიც ხელშემწყობი იქნება გონებრივი დაავადებების მკურნალობაში. შემდეგი სამი წლის განმავლობაში პროფესორი ქსუ-ფენგ ჰუანგი და მისი კოლეგები ავსტრალიის ვოლონგონგის უნივერსიტეტიდან იმუშავებენ იმპლანტანტზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს შიზოფრენიის სიმპტომებს. შიზოფრენია მსოფლიოს 1%-ს სჭირს, ამ დროს ტვინის სტრუქტურული ანომალიები ნეირონებს ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელს უშლის. მის ჩამოყალიბებაში თავისი როლი აქვს გენეტიკასა და გარემოს. მხოლოდ აშშ-ში შიზოფრენიის სამედიცინო ხარჯები წელიწადში 22 მილიარდ დოლარზე მეტია. იმპლანტანტი მოთავსდება ტვინის შუბლის წილში და მოახდენს ნეირონების სტიმულირებას. ის დამზადებული იქნება ორგანული პოლიმერებისგან, რომლის ეფექტურობაც კუნთებისა და ნერვული ქსოვილების სტიმულირებაში უკვე გამოცდილია.


 


● აშშ-ში მეგამტაცებელი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს.
ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად მეცნიერები წააწყდნენ გიგანტურ, მეგამტაცებელ დინოზავრს აშშ-ის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ის ზომით მესამე ყველაზე დიდი ხორცისმჭამელია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოუჩენიათ. ამ სახეობას Siats meekerorum ეწოდა ლეგენდარული კაციჭამია არსების, სიატსის პატივსაცემად. დინოზავრი 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა იურული და ცარცული ეპოქების გარდამავალ პერიოდში. ისინი დაახლოებით 30 მილიონი წლის განმავლობაში იყვნენ ტოპ მტაცებლები, მათი გადაშენების შემდეგ კი ეს ადგილი ტირანოზავრებმა დაიკავეს.

 


● „მეივენი” წარმატებულად გაეშვა მარსისკენ.
4 მილიარდი წლის წინ მარსზე უხვად იყო წყალი, რაც სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი ცვლილებები? ნასა ამის გარკვევას „მეივენის” მეშვეობით აპირებს. ის 18 ნოემბერს გაუშვეს და დანიშნულების ადგილს 2014 წლის სექტემბერში მიაღწევს. სენსორებით აღჭურვილი „მეივენი” გამოიკვლევს ატმოსფეროს ზედა ფენებსა და იონოსფეროს. მისი მწარმოებელია კომპანია Lockheed Martin. ზონდი მუშაობს მზის ენერგიაზე, სიგრძეში 11.4 მეტრია, წონაში კი – 2.5 ტონა. ის ელიფსურად შემოუვლის გარშემო მარსს, ზედაპირიდან 150-6000 კმ სიმაღლეზე და კვირაში ორჯერ დედამიწაზე ინფორმაციას გადმოაგზავნის.

 


● უცხოპლანეტელები შეიძლება ალისფერი ბაქტერიები იყვნენ.
თუკი მთვრალი ადამიანი ბარიდან გამოსვლისას გასაღებს დაკარგავს, სად დაუწყებს ძებნას? სადაც სინათლეა. შეიძლება გასაღები იქ არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ეს არეალი ხილვადია. ანალოგიურად, მეცნიერები ისეთ უცხოპლანეტურ სიცოცხლეს ეძებენ, რომელიც დედამიწაზე არსებულს ჰგავს, რადგან სხვანაირი ჯერჯერობით არ აღმოგვიჩენია. თუმცა ეს ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლე სხვაგანაც ასეთი იქნება. მკვლევარებმა აღწერეს ის პერიოდი, როცა დედამიწაზე სიცოცხლე ახალი წარმოშობილი იყო (3-4 მილიარდი წლის წინ): ფოტოსინთეტიკური მიკროორგანიზმები ხმელეთსა და წყლებში ფართოდ იყვნენ გავრცელებული. დედამიწის ერთ-ერთი პირველი მობინადრეები ალისფერი ბაქტერიები იქნებოდნენ, რომელთა შემჩნევა არ იქნებოდა ძნელი კოსმოსიდან, რადგან პლანეტასაც შესაბამისი შეფერილობა მიეცემოდა. შესაბამისად, არამიწიერი სიცოცხლის კვლევის პროცესში აქტიურად უნდა ვეძებოთ ალისფერი პლანეტები – შესაძლოა, ისინი უკვე გადიან იმ პროცესებს, რომლებიც დედამიწას რამდენიმე მილიარდი წლის წინ ჰქონდა.

 


● ნეანდერტალელები და დენისოველები ადამიანებთან ჯვარდებოდნენ.
ნეანდერტალელებისა და დენისოველების ძვლების ფრანგმენტების გენეტიკური ანალიზი გვაწვდის ახალ ინფორმაციას ჩვენს საერთო წარსულზე. შედეგები მიანიშნებენ, რომ ეს ორი სახეობა არამარტო ჯვარდებოდა ჰომო საპიენსთან, არამედ არსებობდა კიდევ ერთი ჰომინინი, რომელთანაც ასევე ხდებოდა შეწყვილება. ნეანდერტალელები 200 000 წლის წინ წარმოიშვნენ და მათი ნაშთები მთელ ევროპაში მოიპოვება, ზოგჯერ ცენტრალურ აზიამდეც კი ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელები არ იყვნენ ჰომო საპიენსივით მოწინავეები, მათ პირველებმა დაიწყეს ტანსაცმლის გამოყენება, მკვდრის დამარხვა და სასაუბრო ენების ჩამოყალიბება. თანამედროვე ადამიანების გარკვეულ პოპულაციებში არსებობს მტკიცებულება, რომ მათ დნმ-ის 4% მიიღეს დენისოველებისგან, ანალოგიურად სხვა პოპულაციებში – 2%-იანი მემკვიდრეობა ნეანდერტალელებისგან. ამჟამად კიდევ ერთი სახეობა გამოჩნდა, რომლის ვინაობაც გაურკვეველია. შესაძლოა, ისინი აზიიდან მოსულიყვნენ, მაგრამ დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით ძნელია.

 


● ფიზიკოსები პირველად დააკვირდნენ ფოტონებს მათი დაზიანების გარეშე.
ფოტონზე დასაკვირვებელი ტექნოლოგიის გამოყენებისას, როგორც წესი, ხდება თავად ფოტონზე ზემოქმედება და მისი შეცვლა. ახალი ტექნოლოგიით კი ეს ეფექტი თავიდან აიცილეს. აქამდე ყველაზე დიდი დაბრკოლება ის იყო, რომ დაზიანებების გამო ფოტონებზე მრავლობითი ექსპერიმენტები ვერ ტარდებოდა. გარდა ამისა, ფოტონების დაზიანება გავლენას ახდენდა ფორმასა და პოლარიზაციაზე, რის გამოც მეცნიერები ვერ აკვირდებოდნენ სინათლეს იმ ფორმით, როგორც ის ბუნებრივად არსებობს. დაკვირვების ახალი ფორმისას კი ხდება ფოტონის არეკვლა სენსორიდან, რაც ფოტონს კვანტურ სუპერპოზიციაში ტოვებს. მოწყობილობის წარმატება 66%-ია – სწორედ ამ რაოდენობის ფოტონებს ტოვებს შეუხებელს. ეს წინსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბევრ დარგს, განსაკუთრებით კი ოპტიკას.

 


● გამა-სხივების ერთ-ერთმა უდიდესმა აფეთქებამ შეიძლება ამჟამინდელი თეორიები შეცვალოს.
სუპერნოვას საწყის პერიოდში შესაძლოა მოხდეს გამა-სხივების აქტიური გამოტყორცნა, სანამ მასიური ვარსკვლავი კოლაფსს განიცდის და საბოლოოდ შავ ხვრელად იქცევა. ხოლო ერთ-ერთი უდიდესი გამა-სხივების აფეთქება, რომელიც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოშია, ასტრონომებს აქამდე უცნობი ინფორმაციით ამარაგებს. გამა-სხივებიდან წამოსული ნათება ჩვეულებრივ სინათლეს 500 000-ჯერ აღემატება. ჩვენამდე მოაღწევად მას 4 მილიარდი წელი დასჭირდა და მეცნიერთა თქმით, მისგან მიღებული ინფორმაცია შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამჟამინდელ თეორიულ წარმოდგენებს, თუ როგორ გამოიყოფა ენერგია გამა-სხივების აფეთქებიდან.

 


● ბაქტერია უძველეს დნმ-საც მოიხმარს.
ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ მისმა დნმ-მა შეიძლება ასობით ან ათასობით წელი გაძლოს. თუმცა ზოგჯერ დნმ-ი უბრალოდ კი არ იშლება, არამედ ბაქტერიის ორგანიზმში გადაინაცვლებს და ხდება მისი გაერთიანება ბაქტერიის გენომთან. ანუ ისინი გენებს არამარტო წინაპრებისგან იღებენ, არამედ გარშემო არსებული ორგანიზმებისგანაც. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიწის მიკრობებს დნმ-ის მოპოვება 43 000 წლის წინანდელი მამონტისგანაც კი შეუძლიათ. ამან შეიძლება მეცნიერებს ახალი ინფორმაცია მიაწოდოს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე. თუმცა დნმ-ების კომბინაცია იმას არ ნიშნავს, რომ ბაქტერიას მამონტივით ბეწვი გაეზრდება ან ეშვები გამოუვა, ის მხოლოდ გარკვეულ ნიშან-თვისებებს იღებს, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ისე საზიანო. რადგანაც ბაქტერია გაყოფით მრავლდება და არა შეწყვილებით, ახალი გენეტიკური ინფორმაცია მასში გენების ჰორიზონტალური გადაცემით შედის. ამ დროს ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. განსხვავებით ვერტიკალური გადაცემისგან, როცა გენები გადადის მშობლიდან შვილზე, „ზემოდან ქვემოთ” ანუ ვერტიკალურად.

Advertisements

2 responses to “გასული კვირა მეცნიერებაში [18.11-24.11]

  1. blintu 29/11/2013, 1:50 AM

    აი მესმის კვირა, ამდენი რამე ერთ კვირაში :დ

    Like

  2. Pingback: გასული კვირა მეცნიერებაში [2.12-8.12] | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: