ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი


1908 წლის 30 ივნისის დილას ცენტრალური ციმბირის ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი ფანტასტიკური სანახაობის მომსწრე გახდა – ცაზე რაღაც უზარმაზარმა განათებულმა ობიექტმა გადაიფრინა, რომელიც შიშინის მსგავს ხმას გამოსცემდა. თანდათან მისმა სიკაშკაშემ მზისას გადააჭარბა, შემდეგ კი აფეთქებების სერია დაიწყო. საშინელი სიმძლავრის ტალღამ დედამიწას ორჯერ შემოუარა გარშემო. რა იყო ეს მოვლენა?

დღესდღეობით ასზე მეტი ჰიპოთეზა არსებობს – მეტეორიტი, კომეტის ნაწილები, აფეთქებული აირის ნაკადი.. ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო პატარა შავ ხვრელთან ან ანტიმატერიასთან შეჯახება, გაჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნის ვერსიაც. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე მეტად შეუძლებელი ჩანს – ამ კატასტროფაში დამნაშავეა დედამიწაზე მობინადრე ადამიანი – მეცნიერი, რომელსაც ზოგიერთები უწოდებდნენ მისტიფიკატორს, სხვები – დიდ გამომგონებელსა და ყველა დროის უდიდეს გენიოსს, ზოგნიც – ზეადამიანს. მისი სახელია ნიკოლა ტესლა.

ტესლა გასაოცარი ადამიანი იყო, რომელმაც კაცობრიობისთვის საჭირო მრავალი რამ შექმნა. ის ითვლება ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერ-გამომგონებლად. ხშირად, როდესაც ადამიანთა განვითარების ისტორიაზე საუბრობენ, გამოყოფენ ორ უდიდეს პიროვნებას – ლეონარდო და ვინჩისა და ნიკოლა ტესლას. შეუძლებელია მათი შედარება, თუმცა აშკარაა, რომ ორივე დიდი გენიის პატრონი იყო.

ხორვატიაში დაბადებული სერბი ნიკოლა ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლობდა, მუშაობდა ბუდაპეშტში, პარიზში, პრაღაში, სტრასბურგში და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში. ფაქტობრივად, სწორედ მან შეუწყო ხელი მთელი პლანეტის ელექტრიფიკაციის დაწყებას. განავითარა ცვლადი დენის სისტემა (AC), შექმნა ელექტროძრავები და მაღალი სიხშირის ტრანსფორმატორები, რომლებზეც დაფუძნებულია მთელი მრეწველობითი სამყარო. მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენი სახლები, სოფლები და ქალაქები განათებულია. ტესლა ასევე გახლავთ რადიოს ნამდვილი შემქმნელი, არა ალექსანდრე პოპოვი ან გულიელმო მარკონი, რომლებმაც რეალურად მისი ნაშრომები და პატენტები გამოიყენეს. ტესლამ შექმნა პირველი მექანიზმი, რომელიც შორიდან კონტროლდებოდა, აღმოაჩინა რობოტიკისა და მზის ენერგიის ძრავის პრინციპები, ვილჰელმ რენტგენზე ადრე გადაუღო X სხივებით ფოტო საკუთარ ხელს, შექმნა ელექტროენერგიის მრიცხველი, ავტომობილის სპიდომეტრი, ფლუორესცენციული ლამპები, ელექტრული საათები, ელექტროთერაპიის მოწყობილობები და ა.შ. ეს სია საკმაოდ გრძელია.

მთლიანობაში ტესლას ეკუთვნის დაახლოებით 1000 გამოგონება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროებში. ბევრ მეცნიერთა გამოგონებები ჯერ კიდევ მათ ცხოვრებაში ძველდებოდა, რადგან ადამიანური პროგრესი ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ტესლა კი გამონაკლისი იყო, ის წარმოადგენდა იმ იშვიათ შემთხვევას, რომლის ნაშრომებიც 1 საუკუნის შემდეგ ისევ ისე მოქმედებს. მან მშვენივრად იცოდა, როგორ განვითარდებოდა მეცნიერება. მას ეკუთვნის იდეები ელექტრონულ მიკროსკოპსა და ლაზერებზე, ტელევიზორებსა და მობილურ ტელეფონებზე, ინტერნეტზე და სხვა მრავალ რამეზე, რომლებიც დღესდღეობით რეალობაა. მისი ზოგიერთი ექსპერიმენტი საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ შეგვიძლია თუ არა დავადანაშაულოთ ის ტუნგუსკის კატასტროფაში?

მეცნიერთა თქმით, ტუნგუსკის კატასტროფის სიმძლავრე 1000-ჯერ აღემატებოდა იმ ატომური ბომბის აფეთქებას, რომლებიც ამერიკელებმა ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. ეს მოვლენა უკიდურესად ძლიერი გახლდათ. ის თითქმის მთელი დღე გრძელდებოდა და უბრალო აფეთქებასთან ვერ გაიგივდება. ბევრი საიდუმლო უკავშირდება ამ მოვლენას და ათეულობით წლების განმავლობაში მკვლევარები წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ არ აღმოუჩენიათ რაიმე ობიექტის ნარჩენები, რაც ეჭვს ბადებს იმ ვერსიაში, რომ ეს მეტეორიტი იყო. არ წარმოშობილა კრატერი ან ღრმული, რასაც წააწყდნენ, იყო მოცლილი ტყე და მიწაზე დაწოლილი ხეები. არის კიდევ ერთი უცნაურობა – ხეები მთლიანად დამწვარი იყო, არამარტო ტანი, არამედ ყველა ნაწილი ფესვების ჩათვლით. უფრო სავარაუდოა, რომ მოხდა ელვის მსგავსი დიდი განმუხტვა. მცენარეებში გამოწვეული მუტაცია მიაგავს ძლიერი იონიზებული რადიაციის ან ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედებას. ეს ყველაფერი ატმოსფეროში მომხდარ ძლიერ განმუხტვაზე მიგვანიშნებს. შეეძლო თუ არა ამის განხორციელება ნიკოლა ტესლას?

ბავშვობაში ტესლა ხშირად ეფერებოდა კატებს და სიბნელეში ზოგჯერ პატარა გაელვებებს ხედავდა. ის დაინტერესდა ამ ნაპერწკლებით და აუხსნეს, რომ ეს იყო ელექტროობა. ზუსტად იგივე რამ, რაც ბუნებაში ხდება ელვის დროს. ეს ნიშნავს, რომ ბუნებაც კატაა, მაგრამ ვინ ეფერება მას? ღმერთი? რა არის ელექტროობა?

– მას შემდეგ 80 წელი გავიდა და ამ კითხვას ჯერ კიდევ ვუსვამ საკუთარ თავს, მასზე პასუხი კი არ გამაჩნია.

პარადოქსია და ეს ფრაზა ნიკოლა ტესლას ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც ღრმად ჩაწვდა ელექტროენერგიის საიდუმლოებებს და უფრო მეტი იცოდა ამ საკითხზე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. დიდი სერბის ცხოვრებას ორი ძირითადი იდეა წარმართავდა: შეექმნა ელექტროენერგიის იაფი წყარო და მოეხერხებინა მისი გადაცემა ნებისმიერ ადგილას სადენების გარეშე. „ჩვენი სამყარო ჩაძირულია ენერგიის თვალუწვდენელ ოკეანეში, ჩვენ უსასრულო სივრცეში დავფრინავთ წარმოუდგენელი სიჩქარით, გარშემო ყველაფერი ბრუნავს, ყველაფერი მოძრაობაშია, ყველაფერი ენერგიაა. ჩვენი ამბიციური მიზანია, ამ ენერგიის ექსპლუატაციის მეთოდები აღმოვაჩინოთ. ენერგიის ულევი წყაროს შექმნით კაცობრიობა მუდმივად წინ ივლის გიგანტური ნაბიჯებით.”

ტესლა მიიჩნევდა, რომ დედამიწა იყო დიდი მოცულობის კონდენსატორი, მაგნიტი, რომელიც ბრუნავს და ელექტრული ნაკადით ავსებს ატმოსფეროს, განსაკუთრებით კი მის ზედა ფენას – იონოსფეროს. ტესლას იდეა იყო მარტივი და ამავე დროს გლობალური – გამოეკვლია, როგორ უნდა შეერჩია ელექტროენერგია, გარდაექმნა და გადაეგზავნა უსადენოდ დედამიწის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში. ტესლამ თავისი იდეების რეალიზება 1899 წელს დაიწყო კოლორადო-სპრინგზის მთიან რეგიონში, რომელიც ცნობილია ქარიშხლებითა და ძლიერი ჭექა-ქუხილით. ცოტა ხანში, ტესლას თქმით, მან უფრო მეტი იცოდა ელექტროენერგიაზე, ვიდრე თავად ღმერთმა.


შემდეგი ნაბიჯი იყო ელექტროენერგიის დიდ მანძილზე უსადენოდ გადაცემის გამოცდა პრაქტიკაში. ამისთვის აიგო სპეციალური ლაბორატორია. მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროენერგია შეიძლებოდა გადაცემულიყო მიწის მეშვეობით, სადენებისა და რადიოტალღების გარეშე. ექსპერიმენტები იყო ძალიან ამბიციურიც და ძალიან საშიშიც. ტესლას მიერ ხელოვნურად შექმნილი ელვები სიგრძეში 40 მეტრს აღწევდნენ. ქუხილის ხმა ათეულობით კილომეტრით მოშორებულ ადგილებშიც კი ისმოდა, გადამცემი კოშკის გარშემო დიდი მანათობელი ბურთი ჩნდებოდა ხოლმე. დიდი მანძილით მოშორებულ ადგილებში მყოფ ხალხს შიში ეუფლებოდა, როცა ხედავდნენ, როგორ ხტუნავდნენ მათ ფეხებთან ნაპერწკლები. მეტალის ობიექტების თავზე მოლურჯო ორეოლი ჩნდებოდა. ტესლა შედეგებით კმაყოფილი იყო.

– როგორც იქნა, შევქმენი ელექტრული განმუხტვა, რომლის ძალა გაცილებით აღემატება ელვის სიმძლავრეს.
ნიკოლა ტესლა, 1899 წელი

1901 წელი. ბიზნესმენი ჯონ მორგანი მეცნიერს აფინანსებს რადიოკომუნიკაციის კოშკის ასაგებად, რომლის მეშვეობითაც ისტორიაში პირველად სიგნალი ატლანტის ოკეანის მეორე სანაპიროზე უნდა გადაიცეს. თუმცა ტესლას თავში გაცილებით ამბიციური საიდუმლო გეგმა ტრიალებს – მას გადაწყვეტილი აქვს 5 ასეთი კოშკის აგება, მათი მეშვეობით მთელი მსოფლიო უზრუნველყოფილი იქნება უსადენო კომუნიკაციის სისტემით.

– როცა პროექტი დასრულდება, ნიუ-იორკელი ბიზნესმენი შეძლებს, გადაგზავნოს ინსტრუქციები ლონდონში ან სხვა ქალაქებში მდებარე ოფისებში. მას სამუშაო ადგილიდან მსოფლიოს ნებისმიერ ტელეფონთან შეეძლება საუბარი. პატარა ინსტრუმენტი, რომელიც საათზე დიდი არ იქნება, მის მფლობელს ყველგან დაკავშირებას შეაძლებინებს – ზღვაზე, ხმელეთზე, მოისმენს მუსიკასა და პოეზიას, პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას, დიდი მეცნიერების თუ სასულიერო პირების ქადაგებებს, რომლებსაც მისგან დიდი მანძილი აშორებთ. მას ასევე შეეძლება, გაგზავნოს ნებისმიერი გამოსახულება, სიმბოლო, ნახატი თუ ტექსტი.

ფაქტობრივად, ტესლა დღევანდელი ინტერნეტის პროტოტიპზე საუბრობდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი მაინც ენერგიის უსადენოდ გადაცემა იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ იმისთვის, რათა მიიღო ელექტროენერგია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, სრულიად საკმარისია მიწაში ქინძისთავის ჩარჭობა და პატარა მოწყობილობის გააქტიურება, რომელიც კოშკის სხივების რეზონანსზეა მომართული. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. თავისი სისტემების მეშვეობით ის აპირებდა მოეყვანა წვიმა უდაბნოში, გაენათებინა ცა ღამით საზღვაო რეისების დროს, გადაეგზავნა ენერგია ავტომობილებსა და თვითმფრინავებში და უფრო მეტიც – შეექმნა საპლანეტათშორისო კომუნიკაციები.


ასეთი პროექტი გაცილებით მეტ თანხებს მოითხოვდა, ვიდრე მორგანისგან იღებდა, მაგრამ ტესლას ეს არ ანაღვლებდა. მალე ლონგ-აილენდზე, ნიუ-იორკიდან 60 კმ-ით ჩრდილოეთით, ჩნდება ლაბორატორია და უზარმაზარი კოშკი. ობიექტს დაარქვეს „ვარდენკლიფი”, ისევე როგორც იმ არეს. ჯერ კიდევ დაუმთავრებელ კოშკში მეცნიერი ფანტასტიკური ექსპერიმენტების განხორციელებას იწყებს. 1903 წლის ზაფხულში ლონგ-აილენდის კოშკმა ნიუ-იორკის მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო – შენობიდან რამდენიმე მიმართულებით ასობით კილომეტრზე გადაიჭიმა გიგანტური ხელოვნური ელვა. ატლანტის ოკეანის თავზე ცა იმდენად განათდა, რომ გაზეთების წაკითხვა თავისუფლად შეიძლებოდა.

მომდევნო დღეს გაზეთი „The Sun” წერს: „გუშინ ღამეს ჩვენ გავხდით უჩვეულო ფენომენის მოწმენი. უზარმაზარი ელვა, რომელიც ტესლას შემოქმედება გახლდათ.. ატმოსფეროს ფენები თითქოს იწვოდნენ და დიდი ტერიტორია ისეთი განათებული იყო, რომ ღამე დღედ იქცა. ჰაერი აივსო კაშკაშა ელექტროენერგიით, რომელიც გადაეცემოდათ ადამიანებს და იქ მყოფნი უჩვეულო მოლურჯო ალს ასხივებდნენ. ერთმანეთს ისე ვუყურებდით, როგორც მოჩვენებებს.”

ტესლას დიდება იწყებოდა. მისი ცხოვრების მთავარი ოცნება განხორციელების საწყის ეტაპზე იყო. „ჩემი გადამცემის მიერ შექმნილი ტალღები იქნება პლანეტის ყველაზე მასშტაბური სტიქიური მოვლენა”, ამბობდა ის.

 

ფაქტები

მიიჩნევენ, რომ ატმოსფერულ ელექტროობაზე ჩატარებული მისი ექსპერიმენტები იყო ტუნგუსკის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი. ამაში იმ პერიოდის ჟურნალისტებიც ადანაშაულებდნენ მეცნიერს. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო შეხედულებაც, რომ ტესლას იმ პერიოდში არ ჰქონდა ისეთი სისტემა, რომელიც მსგავს მძლავრ აფეთქებას გამოიწვევდა. ამ დროს მას შეწყვეტილი ჰქონდა დაფინანსება მორგანისგან, რადგან მან ტესლას გეგმებზე შეიტყო. 1903 წელს ვარდენკლიფიდან აპარატურა გაიტანეს და გაყიდეს, რომ ვალი დაეფარათ. მაგრამ ცნობილია სხვა რამეც – ტესლა არ ნებდებოდა.

1907 წლიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნიკოლა ტესლა ხელახლა მიუბრუნდა ექსპერიმენტებს. თავისი საკუთარი რესურსებით ტესლა მოწყობილობების დამონტაჟებას აგრძელებდა. „სადგურის მშენებლობა უნდა დავასრულო. უნდა გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც კაცობრიობის მთელ ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.” არსებობს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, 1907 წელს მეცნიერმა კომპანია „ვესტინგჰაუსისგან” ისევ მიიღო დიდი რაოდენობით აღჭურვილობა, რომელიც 1912 წლამდე იყო მის მფლობელობაში.

1908 წელს ტესლას ჰკითხეს, როდის დაასრულა ექსპერიმენტები ლონგ-აილენდზე, რაზეც მან განაცხადა, რომ ისინი არც შეწყვეტილა, რომ მისი ლაბორატორია ისევ იქაა „და ექსპერიმენტებს ძველებურად ვახორციელებ”. ფაქტები მიანიშნებენ, რომ 1908 წელს ტესლაცა და მისი კოშკიც სრული დატვირთვით მუშაობდნენ. უფრო მეტიც, შემორჩენილია სასამართლოს ჩანაწერები, სადაც აღწერილია, რომ ტესლამ, როგორც ბრალმდებელმა, ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ 1915 წელსაც კი, ტუნგუსკის მოვლენიდან 7 წლის შემდეგ, ვარდენკლიფი სრულ წესრიგში იყო და არაჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. ასე რომ როცა ტუნგუსკაში კატასტროფა მოხდა, ვარდენკლიფი ტექნიკურად გამართული გახლდათ. მაგრამ ჰქონდა თუ არა მას საკმარისი სიმძლავრე?

უფრო სავარაუდოა, რომ კი. გადამცემის თავზე მდებარე კონდენსატორს ჰქონდა საშუალება, 10 000 ამპერი ძალის ელექტროდენი შეექმნა, რომლის ძაბვაც მალე აღწევდა 100 მილიონ ვოლტს, სიმძლავრე კი – 1 ტერავატს (ტერავატი = 1 ტრილიონი ვატი). 1 ტერავატი – ეს იყო იმ რაოდენობის ენერგია, რომელსაც ტესლა 1 საუკუნის წინ უპრობლემოდ იღებდა და გამეორება ვერავინ შეძლო. დღემდე მაქსიმალური რაოდენობა ელექტროენერგიისა, რომლის გადაცემაც შეიძლება, არის 1 მილიონი კილოვატი, რაც ათასჯერ ნაკლებია. შეეძლო თუ არა ტესლას, გადაეცა ამ რაოდენობის ენერგია ტუნგუსკის რეგიონში?

ეს ვერსია ერთი შეხედვით სასაცილოც კი ჩანს, მაგრამ უფრო ღრმად გამოკვლევისას და დეტალების შესწავლისას თეორია არც ისე შეუძლებელია. ტუნგუსკის კატასტროფამდე ორი თვით ადრე, 1908 წლის მაისში, ევროპისა და რუსეთის თავზე სინათლის დიდი ნაკადები ჩნდებოდა, 9 დღით ადრე კი – უჩვეულო ფერის ხაზები. ღამეები ისე ნათდებოდა, როგორც პოლარული დღის პერიოდში. მოვლენამდე 3 დღით ადრე ნათება უჩვეულოდ გაიზარდა. რამდენიმე თვის წინ კი მოწითალო მანათობელი ბურთები ჩნდებოდა რუსეთის ცაზე ურალიდან ბალტიის ზღვამდე. რა იყო ეს? ვარდენკლიფის მოწყობილობების გამოცდა?


იმ პერიოდში სფერული ელვის საიდუმლო ბევრ ადამიანს შიშს გვრიდა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიზიკოსი, რომელიც მათ ახსნასთან ახლოს მივიდა, ნიკოლა ტესლა იყო. მან ლაბორატორიაში სფერული ელვის მოდელიც კი შექმნა. ამ წარმატებით გამხნევებულმა ტესლამ, რომელიც პლაზმურ ფიზიკას შეისწავლიდა, საკუთარ თავს ჰკითხა: შეიძლებოდა თუ არა, ეს ეფექტები განმეორებულიყო სივრცეში და უფრო ფართო მასშტაბებში? სფერული ელვის ჰიპოთეზა ყოველთვის აქტიურად გამოიყენებოდა ტუნგუსკის მოვლენის ასახსნელად, ის ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს უჩვეულო ობიექტის ნათებაზე. თუ ვენდობით ადგილობრივ გლეხებს, რომლებიც მოვლენას შეესწრნენ, ეს ობიექტი რამდენიმე მიმართულებით მოძრაობდა, რაც გამორიცხავს მეტეორიტის ვერსიას, რადგან მეტეორიტს მანევრირება არ ახასიათებს. კიდევ ერთი საკითხია პლაზმა, რომელსაც მძლავრი სფერული ელვები წარმოქმნიან. შესაძლოა, ტესლას ექსპერიმენტები ის სასხლეტი იყო, რომლებმაც გამოათავისუფლეს უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივი ენერგია.

მე-19 საუკუნის მიწურულში მცხოვრები გეოფიზიკოსები, რომლებიც სწავლობდნენ მაგნიტურ ანომალიებს, ამბობდნენ, რომ იონოსფეროსა და დედამიწას შორის გაურკვეველი ბუნების ძლიერი ნაკადები არსებობდა. ნაკადები, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ ველს ქმნიდნენ, რგოლის ფორმისანი იყვნენ. მარტივი გამოთვლები აჩვენებდა, რომ ასეთი რგოლი კვეთდა ტუნგუსკას. ვარდენკლიფის კოშკის გენერატორით ტესლა ქმნის დიდი სიმძლავრის განმუხტვას, რომელიც გადაიგზავნება „პოდკამენნაია ტუნგუსკას” რეგიონში. თუკი ტესლამ შენიშნა ამ რგოლის ფორმის უხილავი ნაკადების არსებობა, მას შეეძლო 1 გრადუსის სიზუსტით გამოეთვალა დედამიწის ზედაპირთან მდებარე ნაკადის შესვლის წერტილი.

ტუნგუსკის მოვლენიდან 7 წლის შემდეგ ტესლა ამბობს: „ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა და მისი მეშვეობით გამანადგურებელი ეფექტის მოხდენა უდავოდ შესაძლებელია. მე უკვე გამოვცადე უსადენო გადაცემა და ის მუშაობს. ჩემი ოსტატობა იმდენად გაიზარდა, რომ შემიძლია, დიდი სიზუსტით მოვახდინო დამანგრეველი ზეგავლენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე.”

მოგვიანებით მნიშვნელოვანი დეტალიც გაირკვა. აღმოჩნდა, რომ 1908 წლის პირველ ნახევარში ტესლამ რამდენჯერმე შეუკვეთა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკას ცენტრალური ციმბირის დეტალური რუკა. რატომ? შესაძლოა, მისი მიზანი იყო, შედარებით მცირე მოსახლეობის მქონე ტერიტორია ეპოვნა, სადაც ვარდენკლიფიდან სიგნალს გაგზავნიდა. დღესდღეობით შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ტესლას ჰქონდა მოტივიც და შესაძლებლობაც, ყოფილიყო ტუნგუსკის კატასტროფის მიზეზი.

 

ნიკოლა ტესლას საიდუმლო ცხოვრება

გენიოსმა სერბმა დიდი გარღვევა განახორციელა არამარტო ელექტროენერგიის საკითხში, არამედ სხვა სფეროებშიც. ბევრი მისი იდეა და ქმნილება დროს უსწრებდა, რადგან მათი მნიშვნელობის სრულად გაანალიზება ვერ ხერხდებოდა მეცნიერის სიცოცხლეში შესაბამისი ტექნოლოგიის არარსებობის გამო. რამდენიმე მათგანია: რადიოკონტროლირებადი ტორპედოები, მფრინავი აპარატები, ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების უნარის მქონე თვითმფრინავები, გემები საჰაერო ბალიშზე და მრავალი სხვა.

ტესლას ნამუშევრების ნაწილი სამხედრო სფეროს ეხებოდა, ამიტომ სხვადასხვა სახელმწიფოები დაინტერესებულნი იყვნენ მისი შემოქმედებით. გერმანელებმა მოახერხეს ტესლას ნაშრომების მოპოვება, გერმანელ მეცნიერებთან ტესლა 1930-იან წლებამდე თანამშრომლობდა. ამ ქვეყანაში მან ლექციები ჩაატარა და თავისი ლევიტატორის დემონსტრირებაც კი მოახდინა ჰერმან გერინგის წინაშე. ტესლას ამ პერიოდის საქმიანობის დეტალები უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი ნაშრომი, რომლის მეშვეობითაც გერმანიამ მიაღწია უზარმაზარ ტექნოლოგიურ პროგრესს 20-იანი წლებიდან 40-იან წლებამდე, საოცრად გვაგონებს ტესლას იდეებს. მესამე რაიხის დროს შექმნილი რაკეტები და მფრინავი დისკოები მიაგავს ტესლას მფრინავი მანქანის მოდელებს, რომლებზეც ის 1908 წელს საუბრობდა. „ეს იქნება სრულიად ახალი პრინციპით მოქმედი საფრენი აპარატები, მათ არ ექნებათ გაზის ცილინდრები, ფრთები ან პროპელერი. დიდი სიჩქარით ამოქმედებისას შესაძლებელი გახდება მათი გაშვება ნებისმიერი მიმართულებით მიუხედავად ჰაერის წინაღობისა და გრავიტაციისა.” ამას ემატებოდა ვიქტორ შაუბერგერის ე.წ. მორევის ძრავა და ტესლას მიერ 1906 წელს წამოყენებული იდეის განხორციელება სრულიად შესაძლებელი ხდებოდა.

ამ პერიოდში ტესლას ახლო და ზოგჯერ მეგობრული ურთიერთობაც კი ჰქონდა იმ გერმანელ მეცნიერებთან, რომლებიც აშშ-ში მუშაობდნენ და მოგვიანებით ჯაშუშები აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ ტესლა მათ არამხოლოდ თავის გეგმებს უზიარებდა, არამედ წარსულში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებსაც. იქნებ სწორედ ამიტომ იყო, რომ მესამე რაიხი დიდი ინტერესით ეკიდებოდა ტუნგუსკის კატასტროფის შემთხვევას?

1942 წელი, II მსოფლიო ომის პიკი. ტუნგუსკის რეგიონის მაცხოვრებლები ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს უყვებოდნენ საეჭვო პიროვნების შესახებ. გამოძიებისას გაირკვა, რომ ის ბერლინის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და მისტიციზმი აინტერესებდა. მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლეს – გერმანელმა თავი ჩამოიხრჩო. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ის იყო „ანენერბეს”, მესამე რაიხის ყველაზე იდუმალი ორგანიზაციის წევრი, რომელიც იკვლევდა მაგიასა და ახალი ტიპის ტექნოლოგიებს.

ტესლა მხოლოდ გერმანელებთან არ მუშაობდა. FBI-ს აგენტი იტყობინებოდა, რომ ის იყო საიდუმლო ორგანიზაციის წევრი, რომელსაც „საბჭოთა კავშირის მეგობრები” ერქვა და თავისი გამოგონებების მათთვის მიყიდვას ცდილობდა. 1934 წელს ტესლა თავის მეგობარს სწერდა: „რუსებს თავიანთი საზღვრის დაცვა სურთ, მე კი მათ წინადადება შევთავაზე, რომელიც ამჟამად განხილვის საგანია.” უცნობია, რა ტრიალებდა მეცნიერის გონებაში. თუმცა ცნობილია, რომ 30-იან წლებში ის მუშაობდა მრავალფუნქციური სადგურების პროექტზე, რომლებსაც ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრების დაცვა შეეძლოთ. ტესლა ამბობდა, რომ ელექტრონული ფარი იმუშავებდა ახალი პრინციპით და ახალი ტიპის ენერგიაზე. ენერგია არ გადაიცემოდა რადიოტალღებით, არამედ სხივის ფორმით, რომელიც ადამიანის თმაზე 100 მილიონჯერ თხელი იქნებოდა. ამ ენერგიით შესაძლებელი გახდებოდა „400 კმ-ის მოშორებით მდებარე თვითმფრინავების ძრავების დადნობა”.

FBI-ს დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ 1935 წელს საბჭოთა ჯაშუშის არშაკ ართანიანის მეშვეობით ტესლამ 25 000 აშშ დოლარი მიიღო საჰაერო იარაღების პროექტისთვის. ტესლა მოსკოვში ჩავიდა და მარშალ მიხაილ ტუხაჩევსკის წარუდგინა თავისი იარაღების პროტოტიპები.


1949 წელს ტოპ საიდუმლო სამხედრო ექსპედიცია, რომელიც გეოლოგიურ ორგანიზაციად იყო შენიღბული, მიემგზავრება ტუნგუსკის რეგიონში კატასტროფის ადგილას. ექსპედიციის ორგანიზება მოხდა საბჭოთა კავშირის მარშლის, ლავრენტი ბერიას ინიციატივით. მათ ჩანაწერებში საერთოდ არაა ნახსენები მეტეორიტის შესახებ. ექსპედიციის მომავალი მონაწილეების საიდუმლო შეკრებაზე ბერიამ განაცხადა:

– ჩვენ არ შევკრებილვართ იმისთვის, რომ მეტეორიტი ვეძებოთ. თქვენი დავალებაა, შეაფასოთ აფეთქების პარამეტრები და სხვა ფიზიკური მონაცემები. ტუნგუსკის მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ გამოყენებადი საკითხები გვაინტერესებს.

ექსპედიციის შედეგები და დასკვნები პრესაში არ გაშვებულა. ყველანაირმა ჩანაწერმა ადგილი დაიმკვიდრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) არქივებში. ტუნგუსკაზე სამხედრო სპეციალისტების გაგზავნა იმაზე მიუთითებს, რომ ბერიამ იცოდა, კატასტროფის მიზეზი მეტეორიტი არ იყო. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმაციის წყარო?

არც ისე დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა სენსაციური ფაქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო აშშ-ის სპეციალური სამსახურებისთვის. აღმოჩნდა, რომ 1939 წელს ცნობილი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი („ატომური ბომბის მამა”) საიდუმლოდ ესტუმრა საბჭოთა კავშირს და შინაგან საქმეთა მინისტრის, ლავრენტი ბერიას კოტეჯში დარჩა. როგორც მისი ვაჟი სერგო ბერია იხსენებს, ოპენჰაიმერი მათთან ორი კვირა ცხოვრობდა. ასევე ცნობილია, რომ 30-იან წლებში ოპენჰაიმერი მუშაობდა საიდუმლო პროექტზე, რომლის მიზანიც იყო, ამერიკული გემები უხილავი გაეხადა მტრის რადარებისთვის. ამავე პროექტში მონაწილეობდა ნიკოლა ტესლა. მისი გენერატორის გამოყენებით გემის გარშემო შეიქმნებოდა ელექტრომაგნიტური ბუშტები, რაც იქნებოდა ერთგვარი ეკრანი და გარე გამოსხივებას დაბლოკავდა.

ტესლასა და ოპენჰაიმერს საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები ჰქონდათ. სავსებით შესაძლებელია, ტესლას ოპენჰაიმერისთვის მოეყოლა თავისი ექსპერიმენტების შესახებ, რომლებიც 1908 წელს განახორციელა. ის კი ბერიას მიაწვდიდა ინფორმაციას. ენერგიის შორ მანძილზე გადაცემის იდეა ბერიას გულგრილს ვერ დატოვებდა. ეს მასობრივი განადგურების იდეალური იარაღი იყო. ბირთვული იარაღების სპეციალური კომიტეტის პრეზიდენტისთვის ტესლას განცხადება ტუნგუსკის კატასტროფაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „დღესდღეობით უკვე შესაძლებელია ელექტროენერგიის უსადენო გადამცემების აგება, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი შეიძლება სიცოცხლისთვის უვარგისად იქცეს.” შესაძლოა, მოვლენების ასეთი თანმიმდევრობა გახდა მიზეზი 1949 წელს ჩატარებული საიდუმლო ექსპედიციისა.

1912 წლიდან ტესლა უცნაური და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. როგორც აშშ-ის მოქალაქე, ის ჩართულია საიდუმლო კვლევა-ძიებაში და ამავე დროს თავის ნაშრომებს სთავაზობს ინგლისს, გერმანიასა და რუსეთს. თანამედროვე პოზიციიდან ტესლას გაგება რთულია – რატომ უნდა მისცე შენი გამოგონება პოტენციურ მტერს, მითუმეტეს თუკი ეს საკმაოდ ძლიერი იარაღია? რა ძალა წარმართავდა ტესლას? პირადი სარგებლის მოტივი? განადგურების მანიაკური სურვილი თუ მეცნიერის უპრინციპო ბუნება, რომლისთვისაც სულერთია, ვინ გამოიყენებს მის გამოგონებებს?

 

პარალელური სამყაროები

ტესლა ყოველთვის გლობალურად აზროვნებდა, სავარაუდოდ ამიტომ ტოვებდა თანამედროვეებზე გაცილებით განვითარებული ადამიანის შთაბეჭდილებას. არაჩვეულებრივი მოსაუბრე, საკმაოდ თავაზიანი და თავმდაბალი ურთიერთობებში, ადამიანი, რომელსაც 8 ენაზე შეეძლო საუბარი, კარგად ერკვეოდა მუსიკასა და პოეზიაში, მასში ერთდროულად იგრძნობოდა დახვეწილობა და უზარმაზარი შინაგანი ძალა. 19 წლის ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე მას დღე-ღამეში მაქსიმუმ 2 საათი ეძინა და სიფხიზლის პერიოდში მისი მუყაითობა ნორმალურ მაჩვენებელს გაცილებით აღემატებოდა.

– სრულიად გამოფიტული ვარ, მაგრამ მუშაობას ვერ ვწყვეტ. ჩემი ექსპერიმენტები ისეთი ლამაზია, ისეთი მნიშვნელოვანი, იმდენად გასაოცარი, რომ ძნელია, თუნდაც საკვების მიღების საჭიროების გამო შეწყვიტო ეს სიამოვნება. ხოლო როცა დაძინებას ვცდილობ, მუდმივად მათზე ვფიქრობ. ვფიქრობ, სიკვდილამდე ასე გავაგრძელებ.

ტესლას ფსიქოლოგიური ძალა შემზარავიც კი იყო, ის უბრალოდ გრგვინავდა. ხალხი ტესლაზე ამბობდა: „მას წინასწარმეტყველისა და შორსმჭვრეტელის თვალები აქვს”, ახლობელი ადამიანები კი მომავლის წინასწარ განსაზღვრის უნარს აღნიშნავდნენ.

1890 წელი, ფილადელფია. ტესლას ეუფლება წინათგრძნობა, რომ რაღაც ცუდი მოხდება. მან ფაქტობრივად ძალის გამოყენებით შეაჩერა მისი მეგობარი და არ აუშვა ღამის მატარებელში. ამით მისი სიცოცხლე იხსნა. მატარებელი ავარიაში მოყვა და რელსებიდან გადავარდა. 1912 წელს ტესლამ დაარწმუნა მორგანი, უარი ეთქვა „ტიტანიკით” მგზავრობაზე. მორგანი მთლიანად მიენდო ტესლას ინტუიციას, გაითვალისწინა მისი რჩევა და ბილეთი დააბრუნა. სამაგიეროდ ჯონ ჯეიკობ ასტორი, ტესლას კიდევ ერთი დამფინანსებელი და დიდი ხნის მეგობარი, აიგნორებს მეცნიერის რჩევას და იღუპება.

რამდენიმე წლით ადრე ტესლამ თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა I მსოფლიო ომის მოხდენა, 4 წლიანი ხანგრძლივობა და დასასრულის პერიოდი. მისი შეცდომა მხოლოდ 5-6 დღე იყო. ტესლამ ასევე განაცხადა, რომ I მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობიანი ხანა მხოლოდ 20 წლით გაგრძელდებოდა, ამის შემდეგ შესაძლოა II მსოფლიო ომი დაწყებულიყო.

მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ ანცვიფრებდათ ტესლას თანამედროვეებს – უსასრულო რაოდენობის ორიგინალური იდეები, რომლებიც გამომგონებლის გონებაში გასაოცარი სიმარტივით მუშავდებოდა. და შემდეგ შოკისმომგვრელი განაცხადი: „მე არ ვარ ამ იდეების ავტორი.”

ტესლა ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით გამორჩეული. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა მისი საყვარელი ძმა დანილო ცხენის ჭენებისას გადმოვარდა და მიყენებული ზიანის შედეგად გარდაიცვალა. ეს მისთვის საშინელი დარტყმა იყო, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალა ნიკოლას ცხოვრება. დაიწყო გაუსაძლისი კოშმარების სერია, თუმცა ძლიერი ნებისყოფის წყალობით ბიჭმა დაიწყო გონებაში არსებული საშიში სურათების შეცვლა. თავიდან ეს იყო იმ სამყაროს სურათები, რომელშიც ცხოვრობდა, მაგრამ ზოგჯერ მისდა გასაოცრად გონება მისთვის ცნობილ რეალობას სცდებოდა.

– ასე დაიწყო ჩემი გონებრივი მოგზაურობები. თავიდან ეს სუსტი სახით იყო, შემდეგ კი უფრო გარკვევით. ვხედავდი ახალ ადგილებს, ქალაქებს, ქვეყნებს, იქ ვცხოვრობდი, მყავდა მეგობრები, ვხვდებოდი ადამიანებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინი ისევე ძვირფასი და რეალური იყვნენ ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრები.

თანამედროვე სწავლულებმა გამოიკვლიეს ეს ფენომენი და რაიმე სახის პათოლოგიად არ ჩაუთვლიათ. ეს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც მის ცხოვრებაში არ ხდება, გადაიყვანოს საკუთარი თავი სხვა რეალობაში, სხვა ეპოქაში. ამ დროს ტვინში აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფეროს წინა და მარცხენა ნახევარსფეროს უკანა ნაწილები, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი პირიქითაა. ტესლას თანამედროვეები მას ზეადამიანს უწოდებდნენ. როგორ აკეთებდა ის თავის ცნობილ აღმოჩენებს? აი, რას წერდა მეცნიერი პირველ გამოცდილებაზე:

– ამ პრობლემას რამდენიმე წელი ვებრძოდი. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ვიცოდი, რომ თუ არ მოვაგვარებდი, შეიძლებოდა დავღუპულიყავი. ჩემმა ტვინმა დაძაბულობის პიკს მიაღწია და მოხდა ის, რასაც მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი – გავიგონე 3 ოთახის მოშორებით მყოფი საათის წიკწიკი, ბუზის მაგიდაზე სიარულის ხმა ჩაქუჩის დარტყმასავით ჩამესმოდა, სიბნელეში ღამურის მგრძნობიარობა მქონდა და შუბლზე გაჩენილი შეგრძნების მეშვეობით ობიექტებს აღვიქვამდი. მზის სხივები ისეთი ძალით მაწვებოდა ტვინზე, რომ ლამის გონებას ვკარგავდი. ახლომახლო ჩავლილი ეტლისგან წამოსული ხმაურისა და ვიბრაციისგან მთელი სხეული მიკანკალებდა. ამ დროს მოულოდნელად დავინახე სინათლის ნაკადი, რომელიც მინიატურულ მზეს ჰგავდა. ამ მომენტში აბსოლუტური ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა. თავში ფიქრები მუდმივად მენაცვლებოდა, ძლივს ვახერხებდი მათ ფიქსირებას.

ასეთი მდგომარეობა დროდადრო ბევრ გამომგონებელს ახასიათებს ხოლმე. როგორც წესი, ეს ხდება სპონტანურად, მოულოდნელად, როგორც ტესლას დაემართა პირველად. მაგრამ დროთა განმავლობაში მეცნიერმა მოახერხა მისი კონტროლი და როცა მოუნდებოდა, მაშინ გამოიწვევდა. როგორც თავად ირწმუნებოდა, შეეძლო მთლიანად გამოეთიშა თავისი ტვინი გარე სამყაროსგან და ამ დროს შინაგანი მხედველობა ჩნდებოდა. ამ გზით ტესლა ახერხებდა თავისი კონსტრუქციების სრულყოფას.

– მე არ მჭირდება ნახაზები, ნახატები, მოდელები, ექსპერიმენტები. როცა იდეა მიჩნდება, გონებაში ვაგებ მოწყობილობას, ვუცვლი სტრუქტურას და ვაუმჯობესებ. პირადად მე ნაკლებად მადარდებს, ხელსაწყო გამოცდილია თუ არა, რადგან გონებაში განხორციელებული ანალიზისა და ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების დასკვნები იდენტური იქნება. 20 წლის მანძილზე ამ წესს ერთი გამონაკლისიც კი არ ჰქონია.

ნიკოლა ტესლა არ იყენებდა მათემატიკურ გამოთვლებს, როგორც ეს დღესაა მიღებული. მას ეს უბრალოდ არ სჭირდებოდა. ტესლას უამისოდაც ესმოდა საგნის დედაარსი. დედააზრი და მოქმედების პრინციპები ყოველთვის მნიშვნელოვანი დეტალები იყო ტესლასთვის. სწორედ მათ აღიქვამდა პირველ რიგში, როდესაც ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში გადადიოდა და ამ გზით სამყაროს სულ სხვა კუთხით ხედავდა, აკვირდებოდა სხვა პოზიციიდან, რაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ. და რადგანაც ჩვეულებრივ მდგომარეობას ისევ მალე უბრუნდებოდა, იმახსოვრებდა მთლიან ინფორმაციას და შემდეგ სხვებს უზიარებდა. ტესლას ცოდნის უცნობი წყარო დღემდე ამოუხსნელი და გამოუკვლევი ფენომენია. ფრაზები „შესანიშნავი ინტუიცია”, „წარმოსახვის დიდი უნარი”, „განათლება” თითქოს დამაკმაყოფილებელ ახსნას არ იძლევა. საიდან ებადებოდა ეს იდეები?

– ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღებია. სამყაროში არსებობს ბირთვი, საიდანაც ვიღებთ ცოდნას, ძალას, შთაგონებას. მე ამ ბირთვის საიდუმლოებებში არ შემიღწევია, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს.


ბევრ ადამიანს სჯერა ღმერთის. ზოგისთვის ის იესო ქრისტეა, ზოგისთვის კრიშნა და ალაჰი, ხოლო ზოგიერთებისთვის ეს არის ინფორმაციული სამყარო, რომელმაც იცის ყველაფერი და გრძნობს კიდეც და ეხმარება ყველას, ვინც ცდილობს, სწორად იცხოვროს. ეხმარება ცხოვრების წარმართვაში, მძიმე სიტუაციებში, ასევე მეცნიერულ სფეროში. ტესლას შემოქმედებითი მეთოდი, როგორც ჩანს, ატარებდა იმ აზრს, რომ სამყაროში არსებობს გლობალური ინფორმაციის საცავი, რომელსაც ამჟამად „სამყაროს ენერგო-ინფორმაციულ ველს” უწოდებენ. ტესლამ კი, მისი თქმით, იცოდა, როგორ დაკავშირებოდა ამ წყაროს და მოეპოვებინა საჭირო ინფორმაცია. ის ოცნებობდა, რომ მსგავსი შესაძლებლობა ყველა ადამიანს ჰქონოდა.

– ჩვენი არსებობის უდიდესი საიდუმლო ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. მისი მეშვეობით შეიძლება დამტკიცდეს, რომ სიკვდილი სულაც არაა დასასრული.

– სახლიდან ორი კვარტლის მოშორებით ვიყავი იქ, სადაც ჩემი ავადმყოფი დედა იწვა. მოულოდნელად დავინახე ღრუბლის გამოსახულება, რომელსაც ანგელოზები ახლდნენ. ერთ-ერთი მათგანი დედაჩემის გარეგნულ ფორმას იღებდა. ამ დროს მოულოდნელად გავაანალიზე, რომ ის ცოცხალი აღარ იყო და ეს სიმართლე აღმოჩნდა.

ტესლას სწამდა, რომ სხეულის სიკვდილის მიუხედავად, ადამიანის სულიერი საწყისი ცოცხალი რჩებოდა და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო. ამისთვის სპეციალური მოწყობილობაც კი შექმნა. შენახულია ტესლასთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც ახლო მეგობარმა, ცნობილმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სერ უილიამ კრუკსმა მისწერა. წერილში კრუკსი მადლობას უხდის გამომგონებელს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გარდამქმნელის ჩუქებისთვის, რისი მეშვეობითაც სულებთან კავშირი გაუადვილდა.

„ეჭვის გარეშეა, რომ ტესლა ფლობს სულიერების ძალიან მაღალ დონეს”, ამბობდა ინდოელი ფილოსოფოსი სვამი ვივეკანანდა. ის ხშირად სტუმრობდა მეცნიერს ლაბორატორიაში და ამბობდა: „ტესლა ისე ექცევა ელექტროენერგიას, როგორც ცოცხალ არსებას, ესაუბრება და ბრძანებებს აძლევს მას”.

ტესლას აზრით, სამყაროში ყველაფერს – ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, ელექტრონებს – ჰქონდა გრძნობები, ხოლო კოსმოსი ერთი დიდი გონიერი ორგანიზმი იყო, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ნაწილებისგან. ეს ნაწილები ერთმანეთის მსგავსი იყო, თუმცა სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციები ახასიათებდათ. მეცნიერის მოსაზრებით, თითოეული ნაწილი პარალელურ სამყაროს წარმოადგენდა. სხვა სამყაროს რეზონანსულ სიხშირეში შესვლა პარალელური სამყაროს ფანჯრის გაღებას ჰგავდა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობა შესაძლებელი გამოდიოდა. ეს ფანტასტიკური ჩანს ჩვენი დროისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ტესლას პერიოდზე.

– უამრავმა ადამიანმა ფანტაზიორი მიწოდა, გზააბნეულმა ბრმა მსოფლიომ ჩემს იდეებს დასცინა. დრო განსჯის ყველას.

სერბი მეცნიერი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ოცნებობდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანებს უნდა გამოეყენებინათ დედამიწის ელექტროენერგია და მასში ფული არ ეხადათ, ისევე როგორც არაფერს ვიხდით ჰაერში. ცოტა ხანში ტესლამ გააანალიზა, რომ ეს მოუმწიფებელი და სასტიკი მსოფლიო ადრე თუ გვიან გამოიყენებდა მის აღმოჩენას – ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემას, როგორც მოკვლის საშუალებას. შესაძლოა, ტუნგუსკის კატასტროფის სიმძლავრემ ეს აზრები უფრო განუმტკიცა.

– ჩემი პროექტი იმაზე მეტად უსწრებდა დროს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

ტესლამ შეწყვიტა ვარდენკლიფში ექსპერიმენტების ჩატარება და გაანადგურა ჩანაწერები, რომლებიც აღმოჩენაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდა. სავარაუდოდ ტუნგუსკასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებმაც იგივე ბედი გაიზიარეს და ტესლას ბრალეულობის საკითხი დღემდე ღიად რჩება. უნიჭიერესმა მეცნიერმა თავის პიროვნებასთან დაკავშირებით მრავალი ამოუხსნელი საიდუმლო დატოვა. თუმცა ერთი რამ ცხადია: უზარმაზარი მეცნიერული პასუხისმგებლობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ამბიცია.

ტესლას თავისებური შეხედულება ჰქონდა ომზე: მას სჯეროდა, რომ ომის დაწყების მიზეზი იყო დიდი სხვაობა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალში. როცა რესურსები მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული, მშვიდობა ისადგურებს. პოტენციალებს შორის დიდი განსხვავება კი ომის დაწყების საბაბია. თავისი უცნაური ქმედებით ტესლა ლამობდა, სხვადასხვა ქვეყნების პოტენციალი დაებალანსებინა. ის მთელი ძალისხმევით ცდილობდა, აერიდებინა II მსოფლიო ომი.

– თუკი არ გაქვს საშუალება, რომელიმე ქვეყანაზე განახორციელო წარმატებული თავდასხმა, ომი არ იქნება.

ტესლა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას არ ემსახურებოდა. მას პირველ რიგში კაცობრიობის ბედი ანაღვლებდა. აღიქვამდა რა საკუთარ თავს სამყაროსეული ორგანიზმის ნაწილად, მეცნიერი ხშირად ამბობდა: „ყველაზე პატარა ქმნილების მოქმედებაც კი სამყაროში ცვლილებებს იწვევს.” წარმოუდგენელი ტექნოლოგიური ცოდნის მფლობელმა გენიოსმა ერთხელ განაცხადა:

– მე შემიძლია, დედამიწა ორად გავაპო, მაგრამ ამას არასდროს ვიზამ. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ახალი ფენომენების ჩვენება და იმ იდეების გავრცელება, რომლებიც ახალი კვლევების საწყის წერტილად იქცევიან.

ნიკოლა ტესლა, როგორც თავად ამბობდა, არ ყოფილა სასწაული ან სხვა სამყაროდან მოგზავნილი მაცნე. ის ერთი ჩვენგანი იყო, რიგითი ადამიანი, რომელიც ისევ და ისევ მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას საუკუნო კითხვებისკენ: ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვედით? რატომ? სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი?

მომზადებულია დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Advertisements

46 responses to “ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი

  1. Z E I T G E I S T 17/04/2012, 9:15 PM

    წინაწარმეტყველიც იყო კაცო?! 😀

    Like

  2. Luka Floyd 17/04/2012, 11:06 PM

    ჩარლი შენ მაგრად გევასება ეს კაცი 😀

    Like

  3. ვეფხვი 17/04/2012, 11:20 PM

    ეს ტესლას სარეკლამო რგოლია?

    Like

  4. glamtaia 18/04/2012, 10:00 PM

    ესეც ახალი ბლოგი აღმოვაჩინე. აქამდე უცნაურიდან გიცნობდი 🙂

    Like

    • Charlius 19/04/2012, 1:48 AM

      welcome 🙂 უცნაურზე იმდენია ხანია, აქტიური პოსტვა შევწყვიტე, მიკვირს ხოლმე, ისევ რომ ვახსოვარ ხალხს 😀

      Like

  5. bioblog.me 19/04/2012, 1:06 PM

    კიდევ დარჩა რამე საინტერესო ამ ადამიანის შესახებ? ))) ძალიან მაგარი იყო!

    Like

  6. michael 19/04/2012, 4:55 PM

    ტუნგუსკას კატასტროფა დიდად სავარაუდოდ იყო კომეტის გამოწვეული. კრატერი იმიტომ არ დატოვა მიწაზე რომ კომეტა ჩამოვარდნამდე აფეთქდა და კიდევ იმიტომაც რომ კომეტა ძირითადად ყინულისგან შედგება.აფეთქება ჰაერში რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე უნდა მომხდარიყო, რამაც წარმოშვა ჰაერში მძლავრი აფეთქების ტალღა. კომეტის ნაწილები ჰაერშივე დაიწვა აორთქლდა.

    Like

    • marie 19/01/2016, 3:58 AM

      garkvevit ewera, rom is raghac manevrirebda, kometas ki manevrireba ar axasiatebso..

      Like

      • michael 19/01/2016, 11:12 AM

        მანევრირებდა თუ არა ამის დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია, ტუნგუსკას რეგიონი ძალიან მეჩხერად დასახლებული ადგილია და ამ მოვლენას ძალიან ცოტა მოწმე ყავდა. პლუს “მოწმე” მეცნიერებაში არ არის სანდო მტკიცებულება. ადამიანი რომელიც ცაში მისთვის უცნაურ რამეს ხედავს ათასი რამე შეიძლება მოეჩვენოს, მითუმეტეს ციმბირელ გლეხს, თოხის ტყის და დათვის მეტი რომ არაფერი უნახავს, ამ მასშთაბის კომეტები და მეტეორიტები ძალიან იშვიათია.

        Like

  7. Tushi 25/04/2012, 2:11 PM

    tesla rom didi mecnieri iyo vicodi da isic vicodi rom edisonma bevri misi nashromi miitvisa. magram amdeni ram ar vicodi. martla kargi statiaa 😉

    Like

  8. ilia 25/05/2012, 5:47 PM

    geniosi iyo martla yvela drois.
    sagol magar ragaceebs wer. am adamianze kide dawere.

    Like

  9. ბუ 09/06/2012, 12:15 AM

    veli kidev statiebs am adamianze 🙂 warmetebebi saqmianobasi. gamaxarebt dzalian axali statiebit 🙂

    Like

  10. Pingback: ნიკოლა ტესლასა და ტომას ედისონის დაპირისპირების შემთხვევები « ჩრდილოეთის ციალი

  11. n01 21/06/2012, 1:47 PM

    am adamianze vicodi magram amdeni ara , charlius madlob kargi iyo

    Like

  12. Ika Jalaghonia 10/07/2012, 11:20 PM

    michael gasagebia magraM ratoM vercerti mecnieri iM DroidaN moyolebuli Dgemde veR adasturebS Shens variantS? mecniereba yoveltviS Yvelaze RealuR GzaS edzebS xolme da aM shemtxvevashiC eG Rom aseti Realuri da martivi Yofiliyo aucileblaD pirveL rigshi iqneboda… albat…

    Like

  13. გიორგი 11/07/2012, 2:57 PM

    მართლაც უნიჭიერესი მეცნიერი იყო.მისი გამოგონებების 90% დღეს ვიყენებთ ყოფა ცხოვრებაში.უსადენო ენერგიის გადაცემა რომელიც ბევრს ზღაპარი გონია დატესტილია და 100% -იანი წარმატებით მუშაობს.ჩემი ხელითაც კი გამიკეთებია მცირე სიმძლავრეზე და მანძილზე.

    Like

  14. Pingback: 2012 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  15. Moony 04/01/2013, 10:23 PM

    აქ შენი დადებულია, თუ ,მოგპარეს როგორც ყოველთვის? 🙂
    http://hand.ge/52-bbbbbb-bbbbb-bbbbbbbbbbb-bebbbbbbbb.html

    Like

  16. Maria Mateshvili 26/01/2013, 12:29 AM

    შემიყვარდა ეს ადამიანი ♡♥ , მის პირად ცხოვრებაზეც მოვისმენდი ბევრს

    Like

  17. asdasdasdassad 02/02/2013, 3:18 PM

    ეს თესლა დიდი თესლი ვინმე იყო.

    Like

  18. Pingback: ნიკოლა ტესლას წინასწარმეტყველებები 21-ე საუკუნეზე | ჩრდილოეთის ციალი

  19. gio 13/11/2013, 7:51 AM

    manhattan-ze ,2 otaxian sastumroshi [3327 otaxis nomeri ] mokvda 86 clis asakshi. meore dges ipoves. yvela ” nashromi ” gaaqres .

    Like

  20. ბესო 19/01/2016, 8:22 PM

    ჩარლიუს ამ ინფორმაციის წყარო მიუთითო იქნებ, კარგი იქნება..

    Like

  21. შმაგი 20/01/2016, 4:58 PM

    “Весь мир превратится в
    огромный мозг. Мы сможем
    общаться друг с другом
    практически мгновенно,
    невзирая на расстояния. Более
    того, с помощью телевидения и
    телефона мы сможем видеть и
    слышать друг друга так же
    прекрасно, как если бы мы
    сидели лицом к лицу, невзирая
    на дистанции в тысячи миль; и
    устройства, которые позволят
    нам это сделать, будутт
    поразительно простыми по
    сравнению с нашими
    сегодняшними телефонами.
    Человек сможет носить такое
    устройство в кармане. Мы
    сможем наблюдать и слушать
    события — инаугурацию
    президента, спортивный
    чемпионат, землетрясения или
    битвы — как будто мы
    находимся там” ….

    Никола Тесла. из интервью
    журнала Collier’s. 1926 год.

    Like

  22. მაკა 21/01/2016, 11:57 AM

    ტესლას შემთხვევაში დავრწმუნდით, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს….და მხოლოდ გამორჩეული ადამიანებისას….

    Like

  23. დივანი დივანი 21/01/2016, 2:04 PM

    mecniereba arasdros agiarebda imas rasac ver xsnida, magram gadio dro da agmochenebi romelmac dros gauswro, damtkicda. teslac aramgonia gamonaklisi iyos. leonardo davinchi gavixsenot da yvelaferi nateli gaxdeba. adamianma 4-5 saukunit gauswro dros da sheqmna planeri, javshantransportiori, akbalangis kostumi, vertmfrenis da sxva uamravi modeli. is tanamedroveebistvis sheshlili iyo da meti araferi. magram dges?

    Like

    • ლაზარე 27/01/2016, 9:02 PM

      …მის პლანერს არ უფრენია, ჯავშანტრანსპორტიორი მხოლოდ ფურცელზე დარჩა, მის მიერ შექმნილი აკვალანგით წყალქვეშ არავინ ჩაშვებულა, ვერტმფრენზე საუბარიც სასაცილოა… ლეონარდო მაშინდელი ელიავას „ყველაფერშჩიკი“ იყო, რომელიც ყველაფერს მიედ-მოედებოდა და საფუძვლიანად არაფერი იცოდა… ხატვა მაინც სცოდნოდა?!.. მისი საიდუმლო სერობა ნახაზია და არა ნახატი, მიქელანჯელოს, ჭეშმარიტად ღმრთის თითს კი „ებლატავებოდა“…

      Like

  24. Fridoni Sultanishvili 22/01/2016, 1:04 PM

    მართალი გითხრა ბოლომდე არ წამიკითხია, მაგრამ ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ დამეკარგა კითხვაზე დროის ხარჯვის ინტერესი, რადგან ჩემი აზრით ეს ფრაზა შეიძლება ან ეშმაკმა თქვას ან ეშმაკის მიერ გაბრუებულმა ადამიანმა (დააკვირდით):
    ცოტა ხანში, ტესლას თქმით, –,,მან უფრო მეტი იცოდა ელექტროენერგიაზე, ვიდრე თავად ღმერთმა”–.
    .

    Like

    • რეზო 22/01/2016, 2:33 PM

      ძალიან ცუდი… არადა რომ წაგეკითხათ ბოლომდე, კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ნახავდით. სავარაუდოდ ეგ ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ იყო ნათქვამი იმიტომ, რომ, როგორც ვიცი, ღმერთის არსებობის საერთოდ არ სწამდა. ყოველ შემთხვევაში მე მაგ ფრაზაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ტესლა ღმერთისგან განსხვავებით არსებობდა მაინც.

      Like

  25. Guka Guda 22/01/2016, 2:31 PM

    ციტატა:
    “1912 წლიდან ტესლა უცნაური და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. როგორც აშშ-ის მოქალაქე, ის ჩართულია საიდუმლო კვლევა-ძიებაში და ამავე დროს თავის ნაშრომებს სთავაზობს ინგლისს, გერმანიასა და რუსეთს. თანამედროვე პოზიციიდან ტესლას გაგება რთულია – რატომ უნდა მისცე შენი გამოგონება პოტენციურ მტერს, მითუმეტეს თუკი ეს საკმაოდ ძლიერი იარაღია? რა ძალა წარმართავდა ტესლას? პირადი სარგებლის მოტივი? განადგურების მანიაკური სურვილი თუ მეცნიერის უპრინციპო ბუნება, რომლისთვისაც სულერთია, ვინ გამოიყენებს მის გამოგონებებს?”

    პასუხი ხომ თავისთავად ცხადია: ტესლამ აღმოაჩინა სამყაროსთან ურთიერთობის ჩინებული გზა, მასზე მანიპულირება და უზარმაზარი შესაძლებლობები. დაახლოებით წარმოიდგინეთ თამაშობთ GTA San Andreas-ს. ერთ დღესაც შეძლებთ იპოვოთ თამაშის მოდიფიკატორი და თამაში წარმართოთ არა მოცემული წესებით, არამედ საკუთარი წესებით. ცუდი შედარებაა, მაგრამ ამას რეალურ ცხოვრებაში თუ გადავიტანთ, ტესლამ დედამიწის განადგურების იარაღს მიაგნო, რომელიც მხოლოდ მას შეიძლებოდა სცოდნოდა, რადგან ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მისი მტრული ხასიათიდან გამომდინარე ზუსტად რამდენიმე წუტში მტვრის ნაწილაკებად აქცევდნენ ჩვენს ლამაზ დედამიწას, შესაძლოა სამყაროსაც კი (როგორც ტესლა დასაწყისში ამბობს, რომ შეძლებს ნებისმიერ პლანეტასთან თუ კოსმოსურ სხეულთან კავშირს).

    რატომ დაიწყო ტესლამ მსგავსი ცხოვრება? დაფიქრდით როგორი ტიპის ადამიანი იყო, ამბობდა : “მე ხალხს მივცემ ამას” “საზოგადოება შესძლებს ამას” “ყველას შეეძლება ესა და ეს”. დიახ, იგი იყო ალტრუისტი იმავე დროს. მას არ სურდა სამყაროს ფერფლად ქცევა, ამიტომ ზღვაში წვეთი იმისა, რაც მან აღმოაჩინა ხან რუსეთს მიჰყიდა, ხან ამერიკასა თუ გერმანიას ხომ ასეა? იგი ესე რომ ვთქვათ დადის და ერთობა მცირე მონეტებით, როდესაც შეუძლია მონეტებით მთელი კონტინენტის დაფარვა შესძლოს…

    ჩემი აზრია, რომ მას არ სურდა ჩვენს ხელში აღმოჩენილიყო ამხელა იარაღი, როგორც ეინშტეინს, რომლის გამოგონებების რვეულები და დოკუმენტები, რატომღაც განადგურებულია როგორც მახსოვს :))

    Like

  26. Giorgi Vardosanidze 22/01/2016, 4:13 PM

    ამდენი სისულელე ერთად არასოდეს წამიკითხავს, მიუხედავად იმისა რომ დიდი ნაწილი მაინც არ წავიკითხე.

    Like

    • Guka Guda 22/01/2016, 5:28 PM

      Giorgi Vardosanidze რატო, რომელი ნაწილი მიგაჩნია აბსურდად სტატიის სათაური თუ პირველი წინადადება?

      Like

      • Guka Guda 22/01/2016, 5:37 PM

        ამას გეკითხები, იმიტომ რომ კრიტიკის უნარი დაკარგეთ შენც და სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა და ამას სოციალური ქსელები + ადამიანის სიზარმაცე უწყობს ხელს. დაგისაბუთებ არგუმენტებით რომ ნაწყენი არ დარჩე

        პირველ რიგში, სტატია ბოლომდე არ წაგიკთხავს და საკუთარ რეპლიკას წერ საჯაროდ საკუთარი სახელით გვარით, რომ არ წაგიკითხავს სტატია და გამოხატავ რომ “სისულელეა” შენი სიტყვების ციტატა. ჯანსაღი კრიტიკა, როგორც საერთაშორისო დონეზეა მიღებული მათ შორის საქართველოს გრამატიკული ნორმებიც ემხრობა (და საერთოდ ნორმებს რომ ტავი დავანებოთ ლოგიკურიცაა ჯერ რაღაც ბოლომდე აღიქვა და მერე გამოთქვა კრიტიკა) მისაღებია ნაშრომის თუ ინფორმაციის სრული წაკითხვის შემდეგ. ამდენ დროს იმიტომ ვკარგავ, რომ მარტო შენ კიარა ბევრმა გაითვალისწინოს განსაკუთრებით კი სტატიებზე კომენტარის წერის დროს, ესეც ხომ თქვენი მეგობრის პოსტი არაა და რაც მოგესურვებათ იმის წერა არ იქნება სამართლიანი: ჯერ ბოლომდე გაეცანით ინფორმაციას, მის წყაროს და სურვილის შემთხვევაშ გადაამოწმეთ სხვა წყაროების მეშვეობით სხვადასხვა ვებ-გვერდებზე თუ წიგნებში დარწმუნდით, რომ არ შეესაბამება სიმართლეს და მერე გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, P.S. სისულელეა, სიყალბეა, **ობაა, თქვენი დედა და ჩემი დედა – ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უვიცობაზე და ზრდილობაზე მეტყველებს და პირადად არავინ მიიღოს, სამწუხარო რეალობაა. ნუ გაგაზარმაცათ სოციალურმა ქსელმა, იკთხეთ გაიგეთ და მერე გააკრიტიკეთ ერთმანეთი

        Like

  27. ნაცარქექია 13/11/2016, 11:55 PM

    კარგი სტატიაა… ტესლა გენიოსი იყო.მან გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე გაამჟღავნა, რადგან ეშინოდა რომ ცუდი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ! ვფიქრობ სიმართლეა, რომ სამყაროს უდიდეს საიდუმლოს ეზიარა…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: