ინტერვიუ მიჩიო კაკუსთან


თეორეტიკოსი-ფიზიკოსი და სიმების თეორიაზე მომუშავე მეცნიერი მიჩიო კაკუ გვიზიარებს თავის იდეებს დროში მოგზაურობაზე, მომავლის ტექნოლოგიებზე და ფილმზე „2001: კოსმოსური ოდისეა”.


 

● თუკი დროის მანქანები იარსებებს, არის იმის შანსი, რომ საკუთარ თავებს შევხვდებით წარსულში ან მომავალში მოგზაურობისას?
– ეს რთული საკითხია. მაგრამ იმის დაშვებით, რომ დროის მანქანა არსებობს, არის იმის იმედიც, რომ დროში მოგზაურობისას საკუთარ თავს შევხვდებით, თუმცა ისინი ზუსტად „ჩვენ” არ ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ დროის მდინარე შეიძლება გაიყოს ორ ნაკადად, როცა დროში მოგზაურობას დავიწყებთ. აქედან გამომდინარე, თუკი დროის ერთი ხაზიდან მეორეში გადავხტებით, ვნახავთ ჩვენს წარსულ ან მომავალ მეს, რომლებიც გენეტიკურად იდენტურები იქნებიან, მაგრამ უფრო ახალგაზრდები ან დაბერებულნი და ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. აქედან გამომდინარე, დროის პარადოქსები არ მიიღება. თუკი შეცვლით წარსულს, ამით შეიცვლება სხვა ადამიანის წარსული, რომელიც თქვენი გენეტიკური ასლია, მაგრამ არა „თქვენ”. თუმცა ცხადია, ეს საკითხი დაზუსტებით მანამ არ გვეცოდინება, სანამ დროის მანქანას არ ავაგებთ.

● ჩვენ არ გვინახავს მომავლიდან მოსული დროში მოგზაურები, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დროში მოგზაურობა ყოველთვის შეუძლებელი იქნება?
– არა. უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ მათი ინტერესის სფეროს არ წარმოვადგენთ. ჩვენ იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი თავი, რომ გვგონია, ისინი უნდა გვესტუმრონ, მაგრამ შესაძლოა, მათთვის ძალიან პრიმიტიულები ვართ. რას ვაკეთებთ, როცა ვხედავთ ჭიანჭველების ბუდეს? ჩავდივართ ჭიანჭველებთან და ვეუბნებით: „მოგიტანეთ მძივები და სამკაულები, წამიყვანეთ თქვენს უფროსთან” ? ცხადია, არა. ბევრი ჩვენგანი დააბიჯებს კიდეც ამ ბუდეს.

მაგრამ ჩვენსა და ჭიანჭველებს შორის არსებული ტექნოლოგიური განსხვავება ძნელად თუ შეედრება იმ უფსკრულს, რომელიც ჩვენსა და დროში მოგზაურ ცივილიზაციას შორისაა. ისინი ტექნოლოგიურ საკითხებში ათასობით ან მილიონი წლებით გვისწრებენ, აქედან გამომდინარე, არაფერში სჭირდებათ ჩვენთან ვიზიტი. მაგრამ თუკი ერთ დღეს კარებზე ვინმე მოგიკაკუნებთ და გეტყვით, რომ არის თქვენი შვილთაშვილთაშვილთაშვილი, კარებს ნუ მიუჯაუნებთ. შესაძლოა, შორეულ მომავალში ჩვენმა შთამომავლებმა გამოიგონონ დროის მანქანა და წინაპრების მონახულება გადაწყვიტონ.

● რამდენად ახლოა რეალობასთან იმის შიში, რომ ოდესმე რობოტები მსოფლიოს დაიპყრობენ „ტერმინატორის” სტილში?
– დიახ, შესაძლებელია, რომ საბოლოოდ მსოფლიო რობოტების ხელში აღმოჩნდეს. მაგრამ მანამდე უამრავი გამაფრთხილებელი ნიშანი გვექნება. ამ მომენტში რობოტებს ჩამორჩენილი, სულელი ტარაკნის მსგავსი ინტელექტი აქვთ. ყველაზე განვითარებულ რობოტსაც კი 6 საათი სჭირდება იმისთვის, რომ უცხო ოთახში იმოძრაოს. წლები ან ათწლეულებია საჭირო იმისთვის, რომ გახდნენ თაგვებივით ჭკვიანები, შემდეგ გაუტოლდნენ კურდღელს, ძაღლს, კატას, საბოლოოდ კი მაიმუნს. იმ დროს, როცა მაიმუნის ინტელექტი ექნებათ, საშიში გახდებიან, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებას დაიწყებენ. თუმცა მანამდე ადამიანები გაფრთხილდებიან და სავარაუდოდ მათ ტვინში ჩიპებს ჩადგამენ, რათა გაუთიშონ გონება იმ მომენტშივე, როცა აზრად ვინმეს მოკვლა მოუვათ. მთავარი ისაა, რომ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს მანამდე, სანამ ეს რობოტული ქმნილებები გახდებიან მგრძნობიარე და შეგნებული არსებები, სანამ ჩამოუყალიბდებათ თავიანთი მიზნები და მისწრაფებები.

● გადაწერდით თუ არა თქვენს ტვინს კომპიუტერში? ნიშნავს თუ არა ეს უკვდავებას? თუ ეს ლაბორატორიულ ქილაში გამომწყვდევას უფრო ჰგავს?
– ქილაში ცხოვრება არ ესადაგება „ცხოვრების” ჩემეულ განმარტებას. შორეულ მომავალში, შესაძლოა, უკეთესი ალტერნატივა იყოს ჩვენს რობოტულ ქმნილებებთან შერწყმა. ამ შემთხვევაში გვექნება ზეადამიანური შესაძლებლობები, გავხდებით უკვდავები და გამოვიკვლევთ სამყაროს თითქმის უვნებელი სხეულით. არ არსებობს ფიზიკის კანონი, რომელიც ამ დასკვნას ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, თუკი ოდესმე გვექნება კონტაქტი განვითარებულ ცივილიზაციასთან, არ უნდა გავოცდეთ იმის აღმოჩენით, რომ მათ ექნებათ ხელოვნურად შეცვლილი გენეტიკა და ორგანიზმი. მე მაშინ დავრჩები განცვიფრებული, თუკი ჩვენზე მილიონობით წლებით წინ მყოფ ცივილიზაციას არ ექნება განხორციელებული გენეტიკური და მექანიკური ცვლილებები სხეულში. ეს საჭიროა სამყაროს შორეულ წერტილებსა და უხეშ გარემოში არსებობისთვის. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ შორეულ მომავალში დედამიწის დატოვება მოგვიწევს, რადგან გვიახლოვდება გამყინვარება (დაახლოებით 10 000 წელიწადში), მეტეორების ცვენა (დაახლოებით 10 მილიონ წელიწადში) და მზის სიკვდილი (5 მილიარდ წელიწადში). როცა ეს მომენტი დადგება, აუცილებელი იქნება, რომ სხეულის მოდიფიკაცია შეგვეძლოს, სხვაგვარად გადავშენდებით. სხვა ვარიანტი არ არსებობს.

● მატერიის შემქმნელი მოწყობილობა რომ გქონდეთ, რას გააკეთებდით პირველ რიგში?
– ზოგი ადამიანი ალბათ ბრილიანტებს მოინდომებდა, ოქროს ზოდებს ან ფულით სავსე სატვირთო მანქანებს. თუმცა მე არასდროს მისურვია, მდიდარი ვყოფილიყავი. ფული არ მაინტერესებს. მე ისეთი რამ მსურს, რასაც რეპლიკატორი ვერასდროს შექმნის: იდეები. სიმდიდრე გაფუჭებს და შენთან ერთად კვდება, იდეები კი მუდამ ცოცხლობენ და მსოფლიოს ცვლიან.

● არსებობს თუ არა ისეთი სერიალი ან ფილმი, რომელიც თქვენი აზრით, მომავალთან ან დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ იდეებს სწორად გადმოსცემს?
– ფილმში „2001: კოსმოსური ოდისეა” აღწერილი სიტუაცია გადაღების პერიოდს 1 საუკუნით უსწრებს, მაგრამ ის ყველაზე რეალურად გადმოსცემს არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის სურათს. მოწინავე ცივილიზაცია არ გამოგზავნის უზარმაზარ და ძვირადღირებულ ხომალდს, რომელსაც კაპიტანი მართავს. ეს არაეფექტურია. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი გამოუშვებენ რობოტ ზონდებს, რომლებიც დაეშვებიან შორეულ ბუნებრივ თანამგზავრებზე (რადგან თანამგზავრები მილიარდობით წლების განმავლობაში არსებობენ). შემდეგ იქ შექმნიან რობოტების ქარხანას, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ახალი რობოტი დამზადდება. ისინი გაფრინდებიან სხვა შორეულ თანამგზავრებზე და კიდევ უფრო მეტ ქარხანას ააგებენ. ეს ყველაფერი იწყება ერთი რობოტით და საბოლოოდ ვიღებთ მის ტრილიონობით ასლს, რომლებიც ვრცელდებიან თითქმის სინათლის სიჩქარით და იკვლევენ გალაქტიკას. შეიძლება ეს აზრი ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ იგივე ხდება თქვენს სხეულშიც.

რობოტი ზონდი შეიძლება შევადაროთ ვირუსს, რომელიც სულ რაღაც 2 კვირაში თქვენი სხეულის ტრილიონობით უჯრედის კოლონიზაციას ახდენს და გემართებათ გაციება. ზუსტად იგივე მეთოდით, ზონდებს შეუძლიათ მთლიანი გალაქტიკის გამოკვლევა 100 000 წელიწადში. შემდეგ ისინი დაიცდიან, სანამ პირველყოფილი ჭაობიდან თანდათანობით განვითარდებიან ინტელექტუალური სახეობები. სწორედ ესაა ძირითადი გეგმა ფილმისა „2001: კოსმოსური ოდისეა” და სწორედ ამიტომაა ის ყველაზე მეტად რეალისტური.

თავიდან სტენლი კუბრიკი გაესაუბრა მეცნიერებს და აპირებდა, მათი ინტერვიუები ფილმის დასაწყისში ჩაესვა, რითაც ძირითად მოვლენებს ახსნიდა. თუმცა შემდეგ ბოლო მომენტში ეს ეპიზოდი ამოჭრა.

● როგორ დაამზადეთ სახლის პირობებში ატომის გამხლეჩი მოწყობილობა?
– 16 წლის რომ ვიყავი, წავედი „ვესტინგჰაუსში”, ვიშოვე 35 კმ სიგრძის სპილენძის მავთული და 181 კგ წონის ფოლადის ტრანსფორმატორი, შემდეგ კი დედაჩემის ფარეხში ავაგე 2.3 მილიონი ვოლტი ძაბვის მქონე ატომის გამხლეჩი მოწყობილობა. მაგნიტები ქმნიდნენ 10 000 გაუსის ტოლ მაგნიტურ ველს. ეს მაჩვენებელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მიახლოების შემთხვევაში კბილებზე გაკეთებული მეტალის პლომბი მთლიანად მოგაცალოთ. როცა ავამუშავე, მოწყობილობა მოიხმარდა 6000 ვატ ელექტროობას, რამაც სახლში არსებული ყველა დამცველის აფეთქება გამოიწვია. დედაჩემი საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რატომ არ შეიძლება, ისეთი შვილი მყავდეს, რომელიც კალათბურთს ითამაშებს? ან ბეისბოლს?” მაგრამ მე არასდროს მინანია ატომის გამხლეჩის აგება, რადგან ეს დამეხმარა, მომეპოვებინა სტიპენდია ჰარვარდისგან, სადაც ჩემი ოცნებების ასრულებას შევძლებდი.

● შეგიძლიათ, „ყველაფრის თეორიის” რეზიუმე გააკეთოთ?
– დღესდღეობით არსებული ყველანაირი ცოდნა ფიზიკაში შეიძლება განაწილდეს ორ თეორიაში: კვანტური თეორია (რომელიც აღწერს ელექტროობას, მაგნეტიზმსა და ბირთვულ ძალებს) და ფარდობითობის თეორია (რომელიც აღწერს გრავიტაციას). კვანტური თეორია აღწერს ატომში არსებულ ძალიან პატარა სამყაროს, როცა ფარდობითობა ეხება ძალიან დიდ მასშტაბებს (მაგალითად, გაფართოებადი სამყაროები და შავი ხვრელები).

ყველაფრის თეორიამ ეს ორი თეორია ერთ მთლიანობაში უნდა მოაქციოს. აინშტაინმა თავისი ცხოვრების 30 წელიწადი შეალია ყველაფრის თეორიის შექმნას, რაც დაეხმარებოდა, „წაეკითხა ღმერთის აზრები”, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. დღესდღეობით ამ საკითხში საუკეთესო (და ერთადერთი) კანდიდატია სიმების თეორია. თუკი მისი სისწორე დამტკიცდება, ეს იქნება უდიდესი მიღწევა მეცნიერების 2000 წლიან ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ბერძნებმა დასვეს კითხვა: „რისგან შედგება სამყარო?”

● წლების განმავლობაში დაგროვებულმა ცოდნამ დაგანახათ თუ არა სამყარო სხვანაირად იმასთან შედარებით, როგორც ხედავდით, მაგალითად, სტუდენტობის პერიოდში?
– დიახ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურის კითხვა. მაინტერესებდა დროში მოგზაურობა, პარალელური სამყაროები, ანტიმატერია, მეოთხე განზომილება და ა.შ. თუმცა შემდეგ გავაანალიზე, რომ თუ არ შევეშვებოდი ფსევდომეცნიერულ თეორიებს, შეიძლებოდა გავგიჟებულიყავი, ამიტომ საჭირო იყო, სერიოზულად მომეკიდა ხელი საქმისთვის – მესწავლა უმაღლესი მათემატიკა და ფიზიკა. დღეს, როცა უმაღლეს ფიზიკაში უკვე წლებია, ვმოღვაწეობ და კვლევებს ვაწარმოებ, შემიძლია, ზუსტი საზღვარი გავავლო, სად მთავრდება ფიზიკა და სად მთავრდება სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავწერე წიგნი „Physics of the Impossible”. ამ გზით ახალგაზრდებს ავუხსენი, შესაძლოა თუ არა, გარკვეული ტიპის ტექნოლოგიები მომავალში რეალობად იქცეს.

● როგორ უყურებს დანარჩენი მსოფლიო იმ ფაქტს, რომ აშშ ყველაზე მეტად დომინირებს მეცნიერებაში?
– მოდი, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ პოლიტიკა და მეცნიერებაზე ვისაუბროთ. მსოფლიოს გარშემო უამრავ ლექციას ვატარებ და სადაც მივდივარ, ყველგან მაოცებს ის ფაქტი, რომ ხალხი აღტაცებულია და ზოგჯერ შურითაც კი უყურებს ამერიკულ მეცნიერებას. ეს მე მაოცებს, რადგან მეცნიერული კუთხით, აშშ-ს ყველაზე ცუდი განათლების სისტემა აქვს. ამერიკელი ბავშვები მათემატიკასა და ფიზიკაში ძალიან დაბალ ქულებს იღებენ. ჩნდება კითხვა, რატომ არ ეცლება საძირკველი ამერიკულ საზოგადოებას და დღემდე არსებობს, როგორც მოწინავე ტექნოლოგიური ქვეყანა? საქმე იმაშია, რომ ამ სახელმწიფოს აქვს ორი საიდუმლო იარაღი, რაც სხვებს არ გააჩნიათ: პირველი არის H1B ვიზა, რისი მეშვეობითაც ტექნიკური ნიჭის მქონე ემიგრანტები ადვილად მოიპოვებენ ხოლმე მწვანე ბარათს და ჩადიან სილიკონის ხეობაში (მდებარეობს ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ეს რეგიონი ცნობილია მსოფლიოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციებით), სადაც სრულიად ახალი მრეწველობები იქმნება. სილიკონის ხეობაში დასაქმებულთა 50% უცხოელია. რაც შეეხება მეორე იარაღს – ჩვენი განათლების სისტემის მეშვეობით ხდება ნიჭიერი სტუდენტების გამორჩევა. აღმოსავლეთში ასეთი მიდგომა აქვთ: „თუკი ლურსმანი ამოიჩრება, უკან უნდა ჩააჭედო”, აშშ-ში კი ასეთი: „ჭრაჭუნა ბორბალს შეზეთვა სჭირდება”. ამერიკული განათლების სისტემა ახდენს ტალანტების გამოზრდას, რაც ბევრი აზიური საზოგადოების სუსტი წერტილია.

Advertisements

2 responses to “ინტერვიუ მიჩიო კაკუსთან

  1. Z E I T G E I S T 28/03/2012, 8:29 PM

    მაგარი კაცია!

    Like

  2. Diana Chikhladze 23/11/2013, 10:23 PM

    dzalian miyvars es kaci..bavshvobashi me mgavda 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: