საქორწინო რიტუალები აფრიკაში


აფრიკაში ქორწინების ტრადიციული წესები თანდათან დავიწყებას ეძლევა თანამედროვე კულტურის გავლენის გამო, თუმცა ზოგიერთი ტრადიცია დღემდე ცოცხლობს. კეროლ ბეკვიტმა და ანგელა ფიშერმა 10 წელი იმოგზაურეს აფრიკაში ყველგანმავალი ავტომობილით, აქლემითა და ვირით, რომ სხვადასხვა ერების რიტუალები აღეწერათ.

სურათზეა აფარ სულთანის ქალიშვილი ჯიბუტიდან, რომელსაც ოქროს ვუალი ახურავს, თუმცა მისი სახის ნაკვთები მაინც არ იმალება. დღევანდელობაშიც კი არიან ოჯახები, რომლებიც წინასწარ საგულდაგულოდ ამუშავებენ საქორწინო დღესასწაულს, რაც ზოგჯერ დღეების განმავლობაში გრძელდება.

 


იმისთვის, რომ წყალობა გადასცეს, ბერბერის ტომელი დედა მუხლზე კოცნის ქალიშვილს, რომელიც მასზე ორჯერ უფროს მამაკაცს მიჰყვება ცოლად. დღის განმავლობაში ლხენაა და ქეიფი, ღამით კი სიმღერა და ცეკვა. ბერბერებში სასიყვარულო ორგანო ღვიძლია და არა გული, ამიტომ შეწყვილებისას ამბობენ, რომ პატარძლის ღვიძლი მის საქმროს ეკუთვნის.

 


მაროკოს მაღალ ატლასის მთებში ახალგაზრდა გოგონებს, როგორიც არის მაგალითად 12 წლის ჰ’და, პატარძლების ყოველწლიურ ბაზრობაზე შესაძლოა თაყვანისმცემელი გამოუჩნდეთ. თუკი მშობლები თანახმანი იქნებიან, ხანგრძლივი ურთიერთობაც დაიწყება. მაროკოს კანონმდებლობით, გოგონებს 16 წლამდე გათხოვება ეკრძალებათ, მაგრამ ბერბერები უმეტესად თავიანთი წესებით მოქმედებენ.

 


ეთიოპიის ომოს მდინარის ხეობაში არშიყობის სეზონის პერიოდში კაროს ტომელები იხატავენ სხეულს და ალუმინის სამაჯურებით ირთავენ მკლავებს, რათა ცეკვებს შეუერთდნენ. რიტმული ცეკვისა და სიმღერის საღამო ბევრისთვის გაგრძელდება დანიშვნით, ქორწინებითა და ოჯახური ცხოვრებით.

 


კაროს ტომელები აქტიურად მისდევენ სხეულის დეკორაციის ჩვეულებას, რათა გახდნენ უფრო მიმზიდველნი და საპირისპირო სქესიდან ბევრი თაყვანისმცემელი გადმოიბირონ. სურათზეა კაროს გოგონა, სახელად კავო, მან სახე იმგვარად მოიხატა, რომ გვინეის ინდაურის ბუმბულს დამსგავსებოდა.

 


მომხიბვლელობის გასაძლიერებლად ვუდაბის ტომში ძლიერ თილისმებს ატარებენ. ნიგერიის საჰელში მომთაბარე მწყემსებს შორის გავრცელებულია ასეთი ტრადიცია: თუ ბიძაშვილ მამაკაცებს საერთო ქონება აქვთ, შეუძლიათ, ცოლიც საერთო ჰყავდეთ.

 


ქცევის კოდექსი ხაზს უსვამს თავდაჭერილობასა და მოკრძალებას, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გათხოვებას. ვუდაბის წესით, პატარძლის გამომეტყველება ვუალში უნდა დაიფაროს.

 


კენიელი სვაჰილის ტომის ქალები ხშირად მზერით ამბობენ იმას, რისი თქმაც პირით ეკრძალებათ. ისლამის მკაცრი წესები მათ ბევრ რამეში ზღუდავს. შავ სამოსში – ბუი-ბუიში – ჩაცმული ქალი სახალხო ადგილებში გავლისას შეიძლება მამაკაცების ყურადღების ობიექტად იქცეს, თუმცა ქორწინებების უმეტესობა გარიგებით ხდება.

 


სვაჰილის ქორწინებას თან ახლავს მრავალი რიტუალი, რომლებიც პატარძლის გალამაზებასა და განწყობის ამაღლებას ემსახურება. გათხოვებამდე ფატიმა ხელებსა და ფეხებს იხატავს პატარა ტოტებით, რომლებიც ინაშია ამოვლებული.

 


სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიის ჩრდილოეთით, ნდებელის ტომის პატარძალი ზანელი გახვეულია საქორწინო საბანში, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა მნიშვნელოვან წვეულებებზე ჩაიცვამს ხოლმე. ნდებელის ქორწინება სამი ეტაპისგან შედგება, რაც მთლიანობაში შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს – მესამე ეტაპი ბავშვის გაჩენაა.

 


ახლად მოხატული ჭიშკრის ზღურბლთან, რომელიც ნათესავის ეზოს ეკუთვნის, ნდებელის პატარძალი ზანელი თავს ქოლგით იფარავს. ქოლგა ის ატრიბუტია, რომელიც დასავლეთიდან შემოვიდა და დღესდღეობით ქალები აქტიურად იყენებენ.

 


გულმოდგინედ დამუშავებული ნიღბის, ბურგას, მიღმა განმარტოებული პატარძლის მზერა იმალება. მუსლიმი რაშაიდები ბედუინი ვაჭრები და აქლემის მომშენებლები არიან, რომლებიც სათავეს საუდის არაბეთიდან იღებენ. ისინი არ ქორწინდებიან სხვაზე და მხოლოდ რაშაიდებთან ქმნიან ოჯახს.

 


რაშაიდების საქორწინო რიტუალში ქალები ცეკვას იწყებენ, სტუმრები კი აქლემების ჭენებით ერთობიან და თხის ხორცით, ხორბლის ფაფითა და ტკბილი ჩაით იტკბარუნებენ პირს.

 


ჰიმბას ტომელი დედა თავის 15 წლის ქალიშვილს, კევეჰაკას, თავზე აფარებს ეკორის, ტყავის საქორწინო თავსაბურავს, რომელიც დედიდან შვილს გადაეცემა თაობების მანძილზე. ამის შემდეგ მოდის უცნაური რიტუალი – გოგონას საქმრო და მისი ოჯახის წევრები იტაცებენ, ეკორი კი ამ დროს მის სახეს უნდა ფარავდეს.

 


სიმღერისა და ტაშის თანხლებით ქორწილის წინა დღეს იმართება ონდიონგოს ცეკვა. ჰიმბას ქალები სხეულს იფარავენ ჟანგმიწითა და რძის ცხიმით, რასაც ბალახსა და ფისს უმატებენ. შედეგად იღებენ მიწისა და სისხლის ფერ წითელს, რაც მათთან სიცოცხლის სიმბოლოა.

 


დამშვიდობებისას მძივებითა და ყელსაბამებით უხვად დატვირთულ სამხრეთ კენიელ მასაის ტომის პატარძალს, ნოსიანაის, ცრემლი სდის. ქორწინებისას წამოსული ცრემლების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ის, რომ გოგონები უმეტესად მათზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე თხოვდებიან, რომლებსაც წესიერად არც კი იცნობენ.

 


დედამთილის ქოხში მისული ნოსიანაი მიჰყვება მასაის ჩვეულებას და ფორმალურად უარს ამბობს შესვლაზე, სანამ ახალი ოჯახის წევრები მას საჩუქრებით არ მოხიბლავენ და შიგნით არ შეიტყუებენ.

Advertisements

One response to “საქორწინო რიტუალები აფრიკაში

  1. Emily Smith 12/02/2013, 5:21 PM

    აუ ჩარლი მიყვარს შენი ბლოგი ❤ ❤ ❤ ❤

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: